შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

პრობლემა: დღეს მშობლები ისე არიან დაკავებული სოციალური პრობლემებით ,რომ არ  ან ვერ არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ჩემს კლასში საშუალო და დაბალი მიღწევებით უმეტესწილად გამოირჩევიან ის მოსწავლეები, რომელთა მშობლები  საერთოდ არ არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში ან ნაკლებად არიან ჩართული და ნაკლებად  ინტერესდებიან შვილების შედეგებით. სამწუხაროდ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა  არც ისე ცოტაა.   ეს კი სერიოზული პრობლემაა  როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ჩემი დაკვირვებისა და გამოცდილებიდან შემიძლია აღვნიშნო, რომ  მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

ყველა ქვეყანაში სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა, მოსწავლის სასიკეთოდ მშობლის, როგორც საუკეთესო რესურსის, გამოყენება უკვე დიდი ხანია დანერგილია.  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც, როგორც კვლევები ადასტურებს, მოსწავლეთა და სკოლის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.

მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სკოლისათვის მოსწავლის კოგნიტური მზაობა აღმოჩნდა. ამასთან, კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის თვითშეფასებაზე, მოტივაციასა და მიღწევებზე. განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელს  მეტად ესმის საკუთარი შვილის;  უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;  ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს;  ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;   თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას;  მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას;წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ნათელია, რომ სკოლამ და ოჯახმა ერთობლივად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

პრობლემების ანალიზის გათვალისწინებით მიზნად დავისახე განმეხორციელებინა პროექტი და მშობლებისთვის მიმეცა საშუალება, აქტიურად ჩართულიყვნენ მათი შვილების   სასკოლო ცხოვრებაში . მით უმეტესს , რომ პირველ კლასში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩართულობა საშუალებას მისცემდა გაცნობოდნენ სასკოლო ცხოვრებას. დაკვირვებოდნენ საკუთარ შვილებს როგორც  სასწავლო გარემოში, ასევე  პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში, ასევე გამომეყენებინა მათი შესაძლებლობები როგორც საუკეთესო  რესურსი.

პროექტი  ერთი წელი მიმდინარეობდა , კვირის ყოველ სამშაბათს.

მოვიწვიე მშობლები, გავაცანი მიზნები , რა სახის აქტივობებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ვის რა წვლილის შეტანა შეეძლო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. შედგა მონაწილეთა სია და შეხვედრების  განრიგი.

სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით  დავგეგმე და განვახორციელე  სხვადასხვა სახის აქტივობები:

  1. ,,ექიმის რჩევები’’-მშობლები, რომლებიც სამედიცინო სფეროში არიან დასაქმებულები საკონფერენციო ოთახში შეხვდნენ ბავშვებს, ესაუბრნენ კბილების მოვლაზე, პირადი ჰიგიენის დაცვასა და ჯანსაღ კვებაზე.  პრეზენტაცია ერთობლივად მოვამზადეთ power point-ში, რათა უფრო ეფექტური და ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო ბავშვებისთვის. პროდუქტების უკეთ დამახსოვრების მიზნით წინასწარ გავამზადე გასაფერადებელი მასალა და პლასტელინები. მშობლებიც მათთან ერთად იყვნენ ჩართულები პროცესში.  კლასში მოვაწყვეთ გამოფენა. ბავშვები უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და ერთმანეთის  ნამუშევრებს ვაფასებდით ერთობლივად შემუშავებული შეფასების რუბრიკებით.
  2. საბანკო სფეროში დასაქმებული მშობლები ბავშვებს მათ გასაგებ ენაზე  ესაუბრნენ

ბანკის ფუნქციებზე, ფულის შეგროვების დადებით მხარეებზე ( ყულაბაზე),  მათემატიკის სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე .  მათთან ერთად შეასრულეს სახალისო მათემატიკური დავალებები , რომელიც  ერთად მოვუმზადეთ და დასახეს მიზნები, რისთვის შეაგროვებდნენ ყულაბაში ფულს.

3.პედაგოგიური გამოცდილების მქონე მშობლებთან  ერთად დავგეგმე   გაკვეთილები, რომლებიც წარვმართეთ ერთობლივად.  მშობლების გარკვეული ნაწილი კი მოვიწვიე წიგნების წასაკითხად. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ წაკითხულის ირგვლივ. გააცოცხლეს პერსონაჟები და მოირგეს სხვადასხვა როლი.

  1. ასევე საინტერესო და სახალისო იყო ხელოვნების გაკვეთილზე მშობლების მოწვევა. ერთობლივად ვიმუშავეთ საახალწლო თემატიკაზე . მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული მშობლების დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს მათი საყვარელი პერსონაჟების ხატვა.

იმუშავეს აპლიკაციებზე. კლასში მოვაწყვეთ გამოფენა.  ბავშვებმა ისაუბრეს მათი ნამუშევრებზე.  ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

შეხვედრების დროს  დაგეგმილ ყველა აქტივობაში ბავშვები თავად ირჩევდნენ მათთვის სასურველ აქტივობებს. დაწერდნენ, დახატავდნენ, გამოძერწავდნენ თუ აკვარელით იმუშავებდნენ.

აქტივობები ისე იყო შერჩეული, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეძლებოდათ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები, რათა შვილის თვალში  მეტი ნდობა მოეპოვებინათ და ასევე თვალყური ედევნებინათ საკუთარი შვილების უნარ-ჩვევებზე, შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები. ყოველი შეხვედრის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები. ბავშვებს ჰქონდათ კითხვის დასმისა და აზრის გამოხატვის საშუალება. მათთვის საინტერესო კითხვებზე  მშობლები დაუზარებლად სცემდნენ პასუხებს.

უნდა აღინიშნოს მშობლების ჩართვა სკოლის  საახალწლო ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებით. შევარჩიეთ სცენარი, მათთან შეთანხმებით გავუნაწილეთ ბავშვებს როლები, სიმღერები, მათი შესაძლებლობებისა და სურვილების მიხედვით. მშობლებმაც  მოირგეს  გარკვეული როლები (ყინულის დედოფალი, თოვლის ბაბუა). რეპეტიციები იგეგმებოდა  წინასწარ შეთანხმებულ დღეებში.

მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი ძალისხმევით წარმოვადგინეთ საახალწლო ღონისძიება ,,ელფები, ფერიები და  ყინულის დედოფალი“, რომელიც გაიმართა  სკოლის სააქტო დარბაზში 26 დეკემბერს.

ბოლო დღეს შევაფასეთ პროექტი.  მოსწავლეებმა და მშობლებმა  გამოთქვეს თავიანთი აზრი პროექტის შესახებ. რა მოეწონათ? რითი იყო დასამახსოვრებელი ეს პროექტი? რა ისწავლეს? რომელი აქტივობა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად. რითი იყო მნიშვნელოვანი? შევთანხმდით , რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდებოდა მომავალშიც და შეიძენდა პერმანენტულ ხასიათს , რაც იყო   პროექტის მიზანიც.

მიღებული შედეგი- პროექტი განხორციელდა წარმატებით. დასახულ მიზანს მივაღწიე.                             მოსწავლის სასიკეთოდ მშობლის, როგორც საუკეთესო რესურსის, გამოყენება იყო სწორი მიგნება. მშობლები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში, უფრო მეტად ინტერესდებოდნენ სკოლის ცხოვრებით. საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ, დაენახათ და აღმოეჩინათ შვილების ძლიერი და სუსტი  მხარეები . უკეთ გაეცნოთ და დაახლოებოდნენ  როგორც შვილის კლასელებს , ასევე ერთმანეთს და  სკოლას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://edu.aris.ge/news/ganatlebis-saministro-skolis-moswavleta-msoblebis-konsultirebistvis-emzadeba.html განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეთა მშობლების კონსულტირებისთვის ემზადება
  2. https://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf -მშობელთა ჩართულობა.
  3. https://edu.aris.ge/news/skola-da-mshobeli-ras-nishnavs-mshoblis-chartuloba-da-rogor-unda-gadzlierdes-mshoblis-roli-saskolo-cxovrebashi.html -მშობლის რაობა სასკოლო ცხოვრებაში
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=2113 – სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი