პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოდი, გამოვიგონოთ…

მგონია, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ფანტაზიისა და წარმოსახვის განვითარებაა. თუ ჩვენს მოსწავლეებს მივაჩვევთ, იფიქრონ, წარმოისახონ და საკუთარი სამყაროები შექმნან, სამომავლოდ აუცილებლად მოუნდებათ რაღაც ახლის გამოგონება, აღმოჩენა ნებისმიერი მიმართულებით, მათემატიკა იქნება ეს, ქიმია, ფიზიკა თუ ლიტერატურა.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ბავშვებმა არსებული, დაწესებული ჩარჩოების მიღმა დაიწყონ ფიქრი, არ დასჯერდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს, ამოცანებს, თეორიებს, ფაქტებს – მოიძიონ, იფიქრონ, შექმნან საკუთარი. რატომ არ შეიძლება, დავალებად არა წიგნში დაბეჭდილი რომელიმე ავტორის ტექსტი მივცეთ, არამედ კლასშივე შექმნილი საკუთარი მოთხრობა და საკუთარი პერსონაჟები თავადვე დავახასიათებინოთ, საკუთარი ტექსტების დასასრული შევაცვლევინოთ და ალტერნატიულ გზებზე დავაფიქროთ?

წლის ბოლოს კი კლასის სახელმძღვანელო შევქმნათ და პრეზენტაციაც გავმართოთ.

მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა და რესურსი, რომელთა დახმარებით თქვენი ბავშვები მიეჩვევიან ახლის შექმნას, გახდებიან გამბედავები, დაამარცხებენ მორცხვობას და შიშს, მკითხველებიდან, მსმენელებიდან ავტორებად და გამომგონებლებად იქცევიან.

 

ა ს ო ც ი ა ც ი ო ბ ა ნ ა

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო რამაა, რისი კეთებაც გაკვეთილზე შეიძლება. მისი იდეა ასოციაციებით და სახეებით აზროვნებაა. ავითარებს შემოქმედებით ხედვას და წარმოსახვას.

მასწავლებელი ყოველგვარი შესავლის გარეშე ეუბნება ერთ-ერთ მოსწავლეს: „მითხარი სიტყვა, რომელიც, აი, ამ წამს გაგახსენდა“. მოსწავლე ამბობს, მაგალითად: „მზე“. მასწავლებელი ამ სიტყვას დაფაზე წერს ფერადი ცარცით ან მარკერით. მერე მეორე მოსწავლეს ეკითხება: „რა გაგახსენდა სიტყვა მზეზე?“ მოსწავლემ შესაძლოა თქვას: „კოსმოსი“. შემდეგ სხვა მოსწავლეს ვთხოვთ გვითხრას, რა გაახსენდა კოსმოსზე. ასე პროცესში მთელი კლასი ჩაერთვება და თითოეული მოასწავლე დაასახელებს იმ სიტყვას, რომელიც კონკრეტული სიტყვის გაგონებისას უცებ, ასოციაციურად მოუვიდა თავში. არ არის აუცილებელი, სიტყვებს შორის ლოგიკური კავშირი იყოს. შესაძლოა, ისინი საერთოდ არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საბოლოოდ სიტყვების მთელ ჯაჭვს ვიღებთ, მაგალითად, ასეთს:

მნიშვნელოვანია, თამაშში ყველა ბავშვი ჩაერთოს და ყველას ნათქვამი სიტყვა დაიწეროს დაფაზე. ბავშვებს ვთხოვთ, ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინონ პატარა ამბავი, რომელსაც ექნება ორიგინალური დასაწყისი, საინტერესო სათაური და ლოგიკური დასასრული. მათ უნდა გამოიყენონ ყველა სიტყვა და, რა თქმა უნდა, სხვა სიტყვების შეუზღუდავი რაოდენობა.

როდესაც ბავშვები წერას დაასრულებენ, ავტორის სკამზე კითხულობენ, მერე კი ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება ერთი და იმავე სიტყვებით სხვადასხვა ამბის მოფიქრება.

 

„კარგი სკოლას“ რესურსი

https://kargiskola.ge/dawere/ – შევდივართ მითითებულ ლინკზე და ვწერთ მოთხრობას. შესაძლოა, ბავშვებმა ინდივიდუალურად გამოთქვან მოსაზრებები და საბოლოოდ ტექსტი კლასის საერთო ნამუშევრად იქცეს. თუ ამბავი საინტერესო გამოვიდა და ბავშვებმაც გამოთქვეს სურვილი, საინტერესო იქნება ხელნაკეთი წიგნის დამზადება, რომელსაც მერე პრეზენტაციაზეც წარადგენთ, მოიწვევთ მშობლებს, ბავშვები წინასწარ იმუშავებენ წიგნის რეკლამაზე, დაამზადებენ სარეკლამო ბროშურებს და სხვ.

 

მათემატიკა როგორც ამბავი

ვამზადებთ სამ ქისას: რიცხვებისას, მოქმედებებისას და სიტყვებისას. ერთ ქისაში სიტყვები ყრია, მეორეში – რიცხვები, მესამეში – მოქმედებები. ბავშვები მუშაობენ წყვილებად. თითოეულმა წყვილმა ქისებიდან უნდა ამოიღოს: ხუთი სიტყვა, ორი რიცხვი და ერთი მოქმედება (რაოდენობა შეიძლება მიზნის შესაბამისად ცვალოთ) და მათი მეშვეობით შეადგინოს ამოცანა. საკუთარ ამოცანებს წყვილები ერთმანეთს უცვლიან და ხსნიან.

 

გამოიგონე თამაში

სამაგიდო თამაშის გამოგონება ის აქტივობაა, რომელიც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. ამ დროს პროცესში ყველა ბავშვია ჩართული. სამაგიდო თამაშის შექმნა შეიძლება მათემატიკასაც მოარგოთ, ქართულსაც და ისტორიასაც. თავდაპირველად ბავშვებს თამაშის იდეისა და კონცეფციის მოფიქრებაში დაეხმარეთ, შემდეგ შეადგინეთ თამაშის წესები (ამ გზით მოსწავლეები, საზოგადოდ, წესების მნიშვნელობასა და საჭიროებასაც გაიაზრებენ), მოიფიქრეთ თამაშის შინაარსი, მაგალითად, მონაწილემ უნდა გადალახოს დაბრკოლებები და დავალებები მიიღოს ბარათებით ან სათამაშო დაფაზე იპოვოს დამალული გამოცანები. აღნიშნული აქტივობა შეგიძლიათ თემის შესაჯამებლადაც გამოიყენოთ. მაგალითად დავალებები ერთი კონკრეტული ტექსტიდან იყოს ან გამრავლება/გაყოფას ეხებოდეს. შეიძლება ცნობილი „მონოპოლიის“ სტილის თამაშის მოფიქრებაც. დიდ ფორმატზე ბავშვები ხატავენ თამაშის შინაარსის შესაფერის ფონს, ნაპირებს კი ყოფენ უჯრებად, რომლებიც დანომრილია ან სხვადასხვა სიმბოლოთია მონიშნული. ცალკე მზადდება ბარათები. ისინიც დანომრილია ან თამაშის დაფის იდენტური სიმბოლოებითაა გაფორმებული. მონაწილე აგორებს კამათელს. თუ ორიანი შეხვდა, დასაწყისიდან ორი უჯრით გადაადგილდება (გადაადგილებისთვის შეიძლება გამოიყენოთ ფიგურები, რომლებსაც ასევე ბავშვები დაამზადებენ) და რომელ ნომერზეც/სიმბოლოზეც მოხვდება, მის შესაბამის ბარათს მიიღებს, რომელზეც დავალება წერია. თუ ამოხსნა, უფლება აქვს, გააგრძელოს თამაში, თუ ვერა – ერთი უჯრით უკან იხევს (ამ წესსაც თამაშის შექმნისას ადგენენ). იმარჯვებს ის, ვინც თამაშის დასასრულამდე პირველი მივა.

შეიძლება ლაბირინთის დახატვაც. მოთამაშეებმა უნდა გაიარონ ლაბირინთი და გზადაგზა მასში მითითებული დავალებები შეასრულონ. სათამაშოდ შეიძლება სტუმრებიც მოვიწვიოთ. ასე მიღებული ინფორმაცია ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ.

აღნიშნული აქტივობები ავითარებს შემოქმედებითობას, გამომგონებლობას, აღვივებს პოზიტიურ განწყობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სწავლის დაწყებით საფეხურზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი