პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი რეფორმის მთავარი მოკავშირეა. რეფორმა მისი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე უპასუხებს.

 

ბატონო ბერიკა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ხშირად საუბრობენ განათლების მნიშვნელობაზე, ხაზს უსვამენ მის პრიორიტეტულობას. ითქვა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ექვსი პროცენტი განათლებისთვის უნდა დაიხარჯოს. რას ფიქრობთ ამაზე და როგორ გესმით ეს?

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად საქართველოს მთავრობამ გასცა თანხით გამოსახული კონკრეტული დაპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მთავრობას აღარ შეეძლება ამ ნიშნულის ქვემოთ თამასის ჩამოწევა.

ამას, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ამ დაპირების უკან დგას კონკრეტული ფინანსური გათვლა, რომელზეც საკმაოდ დიდხანს მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად.

რაც შეეხება განათლების პრიორიტეტად გამოცხადებას: საქართველო მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანაა – ჩვენ არ გვაქვს ძვირად ღირებული წიაღისეულის მდიდარი საბადო, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. ერთადერთი, რაც ნამდვილად გაგვაჩნია, ადამიანური რესურსია. ჩვენი ქვეყნის განვითარებაც ამ რესურსის განვითარებაზეა დამოკიდებული.

ეს აზიის ვეფხვების ხუთეულის ცნობილმა მაგალითმაც დაადასტურა: სწორედ ადამიანური რესურსის განვითარებაში ჩადებულმა კაპიტალმა გამოიწვია ამ ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ სხვა გამოსავალი, გარდა განათლების პრიორიტეტად დასახვისა, არ გვაქვს.

ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ისედაც შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება, თუნდაც ანაკლიის პორტის ხარჯზე. ასეც რომ იყოს, თუ აქედან მიღებული შემოსავალიც განათლებაში არ დავაბანდეთ, დავრჩებით სტაბილურად ერთი და იმავე შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ, რომლის ირგვლივ ქვეყნები ეკონომიკურად ძალიან სწრაფად განვითარდებიან, თვითონ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

 

პრიორიტეტები განათლებაში, დამეთანხმებით, გლობალურ ტენდენციებს უნდა ეხმიანებოდეს, მაგრამ ჩვენს სინამდვილესაც ითვალისწინებდეს. რას ელით ახალი სკოლისგან და, საზოგადოდ, სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისგან?

– ოცდახუთი წელია, განათლების სისტემაში ვმუშაობ. ვთანამშრომლობდი საერთაშორისო ექსპერტებთან. ბევრ ისეთ ქვეყანაშიც ვყოფილვარ, სადაც კარგი განათლების სისტემებია. პრაქტიკა მოწმობს, რომ თუ არსებული სიტუაცია არ შევისწავლეთ, მის შესაცვლელად ეფექტიანი მექანიზმის მოგონება შეუძლებელი იქნება. აი, მარტივი მაგალითი: ექიმთან ხომ იმისთვის მივდივართ, რომ დიაგნოზი დაგვისვას და მკურნალობა დაგვინიშნოს. ასეთივეა ახალი სკოლის პროექტიც. ის დაგვანახებს, სად ვართ, სად არიან ჩვენი მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და საზოგადოება.

ცხადია, ერთი სკოლის მაგალითის განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ, მოდელი დაგვენერგა და მისი ეფექტიანობა გაგვეზომა არა ერთდროულად 2083, არამედ ჯერ მხოლოდ 65 სკოლაში. დავაკვირდებით, რა მოხდება, მიღებულ შედეგს ზაფხულის განმავლობაში გავაანალიზებთ და შემოდგომაზე 200 სხვა სკოლას მოვიცავთ. ასე თანდათანობით შევაგროვებთ მონაცემებს. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ საერთაშორისო გამოცდილებასაც, რომელიც გონიერ მსოფლიოს უკვე დაუგროვდა, თუმცა ჯერ მაინც ის უნდა ვნახოთ, ჩვენს რეალობაში რა და როგორ მუშაობს. ეს იქნება რეფორმის ქართული მოდელი. მას წარმატების მეტი შანსი აქვს. პედაგოგებს ხშირად ვეუბნები, რომ ეს იქნება მათი აღმოჩენებით, მათი მიღწევებით, მათი აზრის გათვალისწინებით ჩატარებული რეფორმა. მასწავლებელი ჩვენი მოკავშირეა. რეფორმა მისი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. მასწავლებელს ეძლევა უნიკალური შანსი გააცნობიეროს, რომ ის ისტორიული მომენტის მონაწილეა.

 

განათლების პოლიტიკის შემფასებლებისგან ხშირად გვესმის კითხვები: „რა უჯდება საზოგადოებას, სახელმწიფოს ესა თუ ის პოლიტიკა? რამდენად ეფექტიანი და სამართლიანი იქნება შემოთავაზებული რეფორმა? რით ვზომავთ ამა თუ იმ პოლიტიკის წარმატებას?“ რას უპასუხებთ მათ?

– ყოველგვარ საქმეში არსებობს სწრაფი ან ხანგრძლივი ეფექტი. განათლებას ნაყოფი გვიან გამოაქვს, მაგრამ როდესაც ამ სფეროში რამდენიმე მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ, საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვა უჩნდება: რა შედეგს მივიღებთ და როდის?

განათლებაში მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს დავხარჯავთ, არამედ ის, როგორ დავხარჯავთ. თუ ამერიკაში ვაუჩერის მოცულობა ერთ მოსწავლეზე წლის განმავლობაში 9700 დოლარია, ხოლო ქვეყანამ დახარჯა, ვთქვათ, 11 000 დოლარი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესდება, მაგრამ განვითარებად ქვეყანაში, სადაც ვაუჩერის მოცულობა 500 ლარია, 550 ლარად შეიძლება საგრძნობლად უკეთესი შედეგი მივიღოთ. ამიტომ ჩვენი, ამ რეფორმაში ჩართული ადამიანების მთავარი მოვალეობა ის არის, რომ ყოველი თეთრი, რომელსაც ბიუჯეტი განათლებისთვის მოგცემს, ეფექტიანად დავხარჯოთ. ამიტომაც ვნერგავთ სკოლებში პროექტს ეტაპობრივად, რათა, როგორც კი რაიმე ხარვეზი გამოჩნდება, ვიმსჯელოთ და გამოვასწოროთ.

ეროვნულმა და კატის გამოცდებმა აჩვენა, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის ბავშვი არათანაბარ პირობებშია უკეთესი შემოსავლის მქონე ოჯახის ბავშვთან შედარებით. სოციალური უთანასწორობა გამოცდების შედეგებზეც აისახება.

რით ვაპირებთ შეფასებას? ჩვენ გვაქვს ეთნიკური უმცირესობების და მაღალმთიანი რეგიონების სკოლები. გვაქვს განსხვავებული მოცემულობა ამ სკოლებსა და ქალაქის სკოლებს შორის როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ცოდნის ხელმისაწვდომობის კუთხით. მაგალითად, შეუძლებელია იორმუღანლოს სკოლასთან თბილისის 51-ე სკოლის შედარება, მაგრამ იორმუღანლოს სკოლა ამისთვის კი არ უნდა დავსაჯოთ, არამედ უნდა გავიგოთ, რა სჭირდება მას და ახალი სკოლის პროექტში როგორ პროგრესს განიცდის.

განათლების სამინისტროს ახლანდელი პოლიტიკა ასეთია: სახელმწიფო სკოლას კი არ უნდა სჯიდეს, არამედ ფინანსურად თუ მეთოდოლოგიურად უნდა ეხმარებოდეს. როგორც კი სკოლა გახდება უნარიანი, ეყოლება თანამედროვე და კვალიფიციური პედაგოგები, კარგი დირექტორი, ექნება გამართული ინფრასტრუქტურა, ის სისტემის ყველა გამოწვევას გაუმკლავდება.

სკოლებში უნდა შევაფასოთ სწავლა-სწავლების პროცესი, გარემოს უსაფრთხოება, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასკოლო კულტურა. თითოეულ ამ კომპონენტში სახელმწიფო სკოლას რამდენიმედონიან სტანდარტს უწესებს. თუ სკოლა რომელიმე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, სახელმწიფო მიზანმიმართულად ხარჯავს ფინანსებს იმისთვის, რომ სკოლამ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლოს. ლოჯისტიკურად ეს რთულია, მაგრამ ძირითადი პრინციპი მარტივია.

სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის ხარისხი დღეს უკვე მაღლია. მათ ერთად შეიმუშავეს ახალი სკოლის პროექტი, რომელიც, ცხადია, ხელშეუხებელი დოკუმენტი არ არის და დროდადრო შეიძლება ცვლილება განიცადოს. ახალი სკოლის პრინციპებია ცნებების პედაგოგიკა, პროექტული სწავლება, თემატური სწავლება, მასწავლებლის მიმართ მაღალი ნდობა, ტექნოლოგიების მაქსიმალური ჩართულობა, ასისტირება ადმინისტრაციისთვის.

 

ხარისხიან განათლებასა და კარგ სკოლაზე საუბრისას ყველაზე ხშირად მის მთავარ მოთამაშეზე – მასწავლებელზე ვდებთ ფსონს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ არცთუ იშვიათად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი პროფესიული კომპეტენცია. ცხადია, ისიც უნდათქვას, რომ პროფესიის რეგულირების პროცესში ასეთ ხშირ ცვლილებებს მათთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. არც იმის უთქმელობა შეიძლება, რომ საუკეთესო მასწავლებლებიც გვყავს. რა როლს შეასრულებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში ცენტრი?

– უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება მასწავლებელზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ეტაპობრივად არ დავაკვირდით, რა შეუძლია სკოლას დამოუკიდებლად, ვერც ერთი სტანდარტიზებული ტესტი, სქემა თუ საგნის გამოცდა ამას ვერ დაგვანახებს.

კარგი ფეხბურთის მწვრთნელი ტაქტიკას მეტოქე ფეხბურთელებისა და თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობების მიხედვით აგებს, ამიტომ, მოდი, წინასწარ ნუ განვაცხადებთ, რომ რეფორმა ასეთი ან ისეთი იქნება; საქმეში ვნახოთ ადამიანი, საქმეში გამოვცადოთ მასწავლებელი, ვნახოთ, რით შეგვიძლია მისი დახმარება, რომ უკეთესი მასწავლებელი გახდეს.

 

ვინ დაადგენს მასწავლებლის საჭიროებებს?

– თითოეულ სკოლას ეყოლება ოთხი ქოუჩი: კურიკულუმის, ადმინისტრაციის, ასისტენტი და აი-ტი მიმართულებით. შეფასება მოხდება ყოველი ციკლის დასრულების შემდგომ. შეფასების კრიტერიუმები და ფორმები უკვე შემუშავებულია.

 

თითქმის ყველა წარმატებული ქვეყნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელები მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობაზე ზრუნავს

– ჩვენც ვაპირებთ, მასწავლებლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ, ვკითხოთ, რა სჭიდებოდათ ახალი მოდელით მუშაობის პროცესში, რომ მერე სხვა სკოლებში უფრო მომზადებულები შევიდეთ. შემდგომში ამაზე ავაგებთ მასწავლებლების მომზადებისა თუ  გადამზადების პროგრამებს.

 

მასწავლებლებისთვის, რომლებიც კარიერული წინსვლის სქემაში არიან ჩართულები და გარე დაკვირვებებზე დადიან, ეს პროცესი საპილოტე სკოლებისთვის როგორ გაგრძელდება?

– საპილოტე სკოლები, რომლებშიც ეს პროგრამა ამოქმედდება, პარალელურად აღარ დაიტვირთებიან სქემით გათვალისწინებული აქტივობებით და კრედიტქულები ამ პროექტით გათვალისწინებული აქტივობებისთვის მიენიჭებათ.

მაშასადამე, სურათი ასეთია: ადგილზე გვყავს ქოუჩები; ისინი აკვირდებიან მასწავლებელთა საქმიანობას, მათთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ, სწავლობენ მათ შესაძლებლობებს და ისინივე აფასებენ მასწავლებელს?

– შეფასება არის ჩვეულებრივი მონიშვნა. არანაირი მონიტორინგი არ ხორციელდება. მასწავლებლის საქმიანობის ხარისხს შეამოწმებს პროგრესის ტესტი, რომელსაც მოსწავლეებს ჩაუტარებენ. ჩატარდება დიაგნოსტიკური ტესტები მე-4, მე-6, მე-10 კლასებში.

არსებობს სკოლები, სადაც ეს პროექტი არ მიმდინარეობს და სკოლები, სადაც პროექტი მიმდინარეობს. ჩვენი საზომი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებაა. ვზომავთ, სად განიცადა მან პროგრესი.

დღევანდელ საგაკვეთილო რეალობაში მოსწავლის დაინტერესება ძნელია და, პრინციპში, ჩვენს ცხოვრებასა და განათლებაში ერთ – ერთი არსებითი ცვლილებაც ის არის, რომ სწავლებაში ტექნოლოგიების როლი გაიზარდა. მასწავლებლის პროფესიული განვითარება და ტექნოლოგიები – ამ მიმართულებით რა ხდება?

– როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთია აიტი ქოუჩი. ის ეცდება, მაქსიმალურად გაზარდოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობა, ტექნოლოგია კი ამის საშუალებას იძლევა.

„ჩვენ არ გვაქვს წარსულში ინვესტირების ფუფუნება“ – ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება მომავალში. ინვესტირება მომავალში კი სწორედ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს. ტექნოლოგიები ჩვენთვის ხსნაა და არა საშიშროება. ისინი მოგვცემენ საშუალებას, მასწავლებელი და მოსწავლე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

პროფესიაში მასწავლებლის შემოსვლაზე და ამაში ცენტრის როლზეც მინდა გკითხოთ…

– ცენტრს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მასწავლებლის პროფესიას უკავშირდება. როდესაც მასწავლებლის პროფესიას ვაფასებთ ასაკობრივ, რეგიონულ თუ საგნობრივ ჭრილში, ვხედავთ, რომ მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ – ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან, რათა არ დავუშვათ მძიმე დეფიციტი, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში დადგეს. ახლავე უნდა მოვამზადოთ პროფესიისთვის მაღალკვალიფიციური კადრები ყველა საგანში, განსაკუთრებით კი სტემში.

 

რას გვეტყვით პროფესიაში შემოსვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე?

– მუშავდება რამდენიმე ინიციატივა, თუმცა ისინი დაეფუძნება ერთ ძირითად პრინციპს: სკოლაში დეფიციტი რაც შეიძლება სწრაფად შეივსოს ხარისხიანი მასწავლებლებით.

ყველაფერს აქვს სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი: სკოლას, მასწავლებელს, ოჯახს… თუ მასწავლებლის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს ავწევთ, ეს პოპულარობას შემატებს ამ პროფესიას, მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ სკოლაში ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან პროფესიის პრესტიჟს და სკოლისადმი როგორც ინსტიტუტისადმი ნდობას.

 

პროგრამებთან ერთად, რომლებსაც ცენტრი უკვე ახორციელებს, ხომ არ იგეგმება ახალი ინიციატივების ამოქმედებაც?

– ახალი სკოლის პროექტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ნელ-ნელა ითავსებს წამყვან როლს. მუშავდება პროექტი მაღალმთიანი რეგიონების სკოლებისთვის, იგეგმება ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მეთოდოლოგიური დახმარება, მათთვის საგანგებოდ მზადდება წიგნები. საცდელ ლაბორატორიასაც კი ვქმნით სკოლების ტექნოლოგიებით აღჭურვის რაციონალის გამოსათვლელად, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს სწავლით ბავშვების დაინტერესებას, მათ ჩართულობას. უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ციფრული მოქალაქეობის მიმართულებით, რათა უფრო ნაკლები ბავშვი გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი. ცენტრს აქვს დემოკრატიული ღირებულებების სწავლებასთან, ინკლუზიურ განათლებასა თუ საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსებთან დაკავშირებული არაერთი ღირებული პროგრამა. ის ახალი საბავშვო ბაღის ინიციატორიც გახდება.

 

თითქმის ექვსი თვეა, ცენტრის დირექტორი ბრძანდებით. ვინმემ რომ გკითხოთ, რასტყოდით  რისი გაკეთება შეძელით ამ ხნის განმავლობაში?

პირველი – განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ცენტრის თანამშრომლებს მივეცი საშუალება, წვლილი შეეტანათ იმის მოდიფიცირებაში, რაც მორალურად მოძველებული იყო. სადაც კი მიმუშავია, არასოდეს არავისთვის ჩემი აზრი თავს არ მომიხვევია – პატივს ვცემ ადამიანის პროფესიონალიზმს.

მეორე, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა და მეამაყება, ის არის, რომ პროგრამულ მართვაზე გადავედით. ყველა პროგრამას აქვს კონკრეტული თორმეტთვიანი გეგმა, რომელშიც ჩართულნი არიან იურიდიული და ფინანსური სამსახურები.

მესამე – ყველა პროგრამას ჰყავს სამეურვეო საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოში მოქმედი არასმთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. ისინი ეხმარებიან პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებს, უფრო ეფექტიანად განახორციელონ დაგეგმვა და თვითონვე მოახდინონ მონიტორინგი. ჩვენ ღია კარის პრინციპით ვმუშაობთ და მე ჩემს თანამშრომლებს ვენდობი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი