შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საკლასო წესები და დისციპლინის დაფა

ყოველგვარ თამაშს აქვს წესები. ამ წესების მიხედვით ვითარდება თამაში, ვლინდება გამარჯვებული თუ დამარცხებული. ბავშვები გაუცნობიერებლად პატარაობიდანვე ეჩვევიან წესების დაცვას, თავიანთივე შედგენილი წესების დაცვა კი განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის.

წლის დასაწყისში მოსწავლეებს ყოველთვის ვესაუბრები იმაზე, როგორ გარემოში ისურვებდნენ ყოფნას, რა მოსწონთ და რა – არა. მათთან ერთად ვადგენ საკლასო წესებს. გონებრივი იერიშის გამოყენებით დაფაზე ვწერთ იმ წესების ჩამონათვალს, რომელთა დაცვასაც ისურვებდნენ წლის განმავლობაში. ეს წესები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:

* სკოლაში მოვდივართ დროულად;

* საკლასო ოთახში ვიცავთ სისუფთავეს;

* როცა აზრის გამოთქმა გვინდა, ვიწევთ ხელს;

* ყოველთვის გვაქვს გაკვეთილისთვის საჭირო ნივთები;

* სხვისი ნივთის ასაღებად ვითხოვთ ნებართვას;

* ვუფრთხილდებით საკუთარ და ერთმანეთის ნივთებს;

* პატივს ვცემთ ერთმანეთს;

* ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს და მასწავლებელს.

ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რას გულისხმობს ესა თუ ის წესი, მათ სათითაოდ განვიხილავთ, მერე ლამაზ ფორმატზე გადაგვაქვს და საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას ვაკრავთ. ვცდილობ, ისინი ბავშვებს ყოველდღიურად შევახსენო.

წესები ყველა კლასში სხვადასხვაა, რადგან მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით დგება.

დაწყებით კლასებში მოსწავლეებისთვის მოტივაცია უმთავრესია, მათ შორის – დისციპლინის დასაცავადაც, ამიტომ მას შემდეგ, რაც საკლასო წესები შევიმუშავეთ, გადავწყვიტე,  ისეთი რამ მომეფიქრებინა, რაც მათ ამ წესების დაცვის მოტივაციას აუმაღლებდა. შევადგინე დისციპლინის ემოციების დაფა. ფორმატზე დავაკარი სამი სხვადასხვა ფერის ემოცია:

მწვანე – გახარებული;

ყვითელი – უკმაყოფილო;

წითელი – მოწყენილი.

თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი დავწერე მუყაოს პატარა ნაჭრებზე, რომლებიც ემოციების გვერდით მიმაგრებულ კონვერტებში ჩაეტეოდა. დღის ბოლოს თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი იმის შესაბამის ემოციასთან აღმოჩნდებოდა, როგორც დაიცავდა საკლასო წესებს. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ემოციების დაფაზე მხოლოდ მათ დისციპლინას ვაფასებდი და არა აკადემიურ მიღწევებს.

კლასში არიან მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ სწავლა, მაგრამ დისციპლინით გამოირჩევიან. ეს დაფა მაძლევს საშუალებას, ასეთი მოსწავლეები კლასის წინაშე დადებითი კუთხით წარმოვაჩინო.

მას შემდეგ, რაც კლასში ემოციების დაფა გამოჩნდა, მოიმატა მოსწავლეებს მოტივაციამ, დღის ბოლოს მათი სახელი გვარი მწვანე კონვერტში მოხვედრილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში ისინი იცავდნენ საკლასო წესებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი