პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვისწავლოთ ბავშვის ნახატის წიგნივით წაკითხვა

ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც საკუთარი შვილის ნახატის „წაკითხვას“ და იქიდან მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას არ ცდილობდეს. საკუთარი რესურსების „ამოწურვის“ შემდეგ ასეთი მშობელი ბავშვის ნახატით ხშირად ფსიქოლოგს მიმართავს დასახმარებლად და სთხოვს აუხსნას, რას შეიძლება აღნიშნავდეს მისი შვილის პატარა თითებით ფურცელზე გამოსახული საგნები და ფიგურები. გამომდინარე იქიდან, რომ ხატვა ბავშვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, მისი ნახატები შეიძლება მართლაც ძალიან ინფორმაციული იყოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ისინი ჩვენ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, რა დამოკიდებულებაშია საკუთარ თავთან, რა აწუხებს, ვინ და რა უყვარს. ბავშვის ნახატები განსაკუთრებით ღირებული მასალაა იმ შემთხვევაში, როცა პატარას პრობლემები აქვს –  შიშები, შფოთიანობა, აგრესიულობა. ბავშვებს ძალიან ხშირად ეშინიათ, ან უბრალოდ არ შეუძლიათ თავიანთი  განცდების სიტყვებით გამოხატვა, ნახატი კი ზუსტად ასახავს პატარას შინაგან სამყაროს, მის დამოკიდებულებას გარშემომყოფ ადამიანებთან. საჭიროა უბრალოდ ვისწავლოთ ბავშვის ნახატის „წაკითხვა“ და მაშინ ჩვენ უკეთესად შევძლებთ იმის გაგებას, თუ რით ცხოვრობს ჩვენი პატარა. თუმცა, ნახატის წაკითხვამდე აუცილებელია რამდენიმე პირობის გათვალისწინება:

  • ხუთ წლამდე ასაკის ბავშვის ნახატები ნაკლებად ინფორმაციულია იმის გამო, რომ ხელის თითები და, აქედან გამომდინარე, წვრილი მოტორიკა სუსტად არის განვითარებული და ნახატები სქემატურია. აღნიშნულის გამო, ნახატის „წაკითხვისას“ ამ პერიოდში დომინანტურ როლს ხატვისას გამოყენებული ფერები ასრულებს;
  • მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნახატი ბავშვის წამიერი განწყობის ასახვაა. ამიტომ, მხოლოდ ერთი ნახატით მის ხასიათზე მსჯელობა არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტული ნახატის შესრულებისას ბავშვი ცუდ ხასიათზე იმყოფებოდა, დათრგუნული იყო. ასეთ შემთხვევაში პატარას ნამუშევარი არ იქნება ზოგადად მისი ხასიათისა და შინაგანი სამყაროს თავისებურებების მაჩვენებელი. გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად სხვადასხვა დროს დახატული 5-6 ნამუშევარი მაინც უნდა გაანალიზდეს;
  • საერთოდ, ბავშვის რეალური ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად უკეთესი იქნება შევარჩიოთ დრო, როცა ის კარგ ხასიათზეა და ვთხოვოთ დახატოს რაიმე – ადამიანი, ხე, თავისი ოჯახი და ა.შ.;
  • თუ ჩვენ ბავშვს მივეცით დავალება, დახატოს რაღაც კონკრეტულ თემაზე, ნუ ჩავერევით ხატვის პროცესში, ნუ შევახსენებთ, რომ ადამიანს აქვს ყურები, მას კი დაავიწყდა დახატვა. შევეცადოთ ვიყოთ მის გვერდით, მაგრამ მივიღოთ ისეთი გამომეტყველება თითქოს ჩვენი საქმით ვართ დაკავებული. ამ დროს თვალ-ყურს უნდა ვადევნებდეთ, ვუკვირდებოდეთ მაგ. იმას, თუ რას ან ვის ხატავს ბავშვი პირველ რიგში;
  • თუ ნახატის საშუალებით ბავშვის, მისი მდგომარეობის შესახებ გვინდა ინფორმაციის მიღება, ხატვისას ფანქრები შევთავაზოთ, ვინაიდან ფანქრით შესრულებული ნამუშევარი ბევრად უფრო მეტს გვეუბნება პატარას სულიერი, შინაგანი მდგომარეობის შესახებ, ვიდრე საღებავებით ან ფლომასტერებით შესრულებული ნახატი.

ბავშვის ნახატის ინტერპრეტაცია – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ნახატის „წაკითხვისას“:

  • გამოყენებული ფერები – ის, თუ რა ფერებს იყენებს ბავშვი ხატვისას, შეიძლება ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლეოდეს პატარას ემოციური მდგომარეობის, მისი გრძნობების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ფერი ადამიანის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მატარებელია – ყვითელი ან იისფერი ბავშვის ნახატებში მეტყველებს მის სულიერ სიმშვიდეზე, ოპტიმიზმსა და კარგ ფანტაზიაზე; წითელი ფერის სიჭარბე მის აქტიურობასა და ადვილად აგზნებადობაზე გვაძლევს ინფორმაციას; მწვანე ფერი მიგვანიშნებს, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სიმშვიდე და განმარტოება. თუ ის დასახატად მხოლოდ ერთი ფერის უბრალო ფანქარს ირჩევს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას აკლია დადებითი ემოციები. მართალია, ფერთა გამა ადამიანის ემოციურ მდგომარეობას ასახავს და, ნახატის გაანალიზებისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ფერი ჭარბობს ნამუშევარში, მაგრამ, თუ დავინახავთ, რომ ბავშვი შავი ფერის ფანქრით ხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფერის სიჭარბე ნახატში აგრესიაზე ლაპარაკობს, არ ღირს ამის გამო განგაშის ატეხვა, უმჯობესი იქნება გავარკვიოთ, რატომ აირჩია მან ეს ფერი – შესაძლოა მაგიდაზე მხოლოდ შავი ფანქარი აღმოჩნდა;
  • ხაზების სიმკვეთრე და შტრიხები ნახატში – თუ ნახატი შესრულებულია მკვეთრი, მკაფიო, ნათელი ხაზებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გახსნილია სამყაროს წინაშე, დარწმუნებულია საკუთარ თავში, ან უბრალოდ ნათლად, ცხადად აქვს წარმოდგენილი, რასაც ხატავს. როცა ხაზები მკრთალია, ძლივს შესამჩნევი, არათანაბარზომიერი, წყვეტილი, სასურველი იქნება დავფიქრდეთ, ბავშვს საკუთარი თავისადმი უნდობლობა ან შიში ხომ არ აწუხებს. „აგრესიული“, „მჩხვლეტავი“ ხაზები ბავშვის ნახატში შეიძლება გაჩნდეს ჩვენი, უფროსების ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულების პასუხად. ყურადღება მისაქცევია ისიც, თუ როგორ იყენებს ბავშვი შტრიხებს ნახატში, როგორია მისი რაოდენობა ფურცელზე, თუ შტრიხები ძალიან ბევრია და განსაკუთრებით თუ ის შესრულებულია ძლიერი ზეწოლით, თუ ბავშვი იყენებს შტრიხებს არა მხოლოდ დახატული ფიგურის შიგნით, არამედ მთელ სივრცეში მის გარშემო, თუ დაშტრიხვა გამოდის საგნების საზღვრებიდან და ჩნდება იქ, სადაც სრულიად გაუმართლებელია, შეიძლება ეს გვაძლევდეს საშუალებას ვიმსჯელოთ ბავშვის აწეულ შფოთიანობაზე, მასში შიშის არსებობაზე ან ცუდ გუნება-განწყობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, ნახატის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობა, გარშემომყოფ ადამიანებთან დამოკიდებულება, პიროვნული თავისებურებები. გავითვალისწინოთ, რომ პატარას არ შეუძლია ყველაფრის სიტყვებით გამოხატვა, ახსნა უფროსისათვის. თავის მდგომარეობას ის ძირითადად ნახატებში ასახავს;
  • დახატული ობიექტების განლაგება ფურცელზე – გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც წესი, განთავსებულია ფურცლის ცენტრში, ყველაფერი დანარჩენი, ნებისმიერი რამ მის გარშემო ბრუნავს. თუ ბავშვის მიერ დახატული ობიექტი მხოლოდ ფურცლის ცენტრშია განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა საკუთარ თავში დარწმუნებულია. ნახატი ფურცლის ქვედა ნაწილში და თანაც ისე, რომ სივრცის 2/3 ზემოთ ცარიელია, ბავშვის დაქვეითებულ თვითშეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს;
  • ადამიანი ბავშვის ნახატში – ბავშვებს ძალიან უყვართ ადამიანის ხატვა. ის, თუ როგორ არის გამოსახული ადამიანი ბავშვის ნახატზე, ასევე ბევრს გვეუბნება პატარას სულიერ მდგომარეობაზე. დიდი, მრგვალი თვალები ნახატზე გამოსახული ადამიანის სახეზე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვში შფოთვის დონე მომატებულია და ის დახმარებას ელის. სახეზე გამოსახული ზედმეტად პატარა თვალები კი – პირიქით, გვეუბნება, რომ ბავშვს უჭირს თავის შიშებზე საუბარი და არ სურს, რომ ამის შესახებ გაიგონ. თუ ბავშვი ადამიანის სახეს ხატავს პირის, ყურების, ცხვირის გარეშე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ურთიერთობა გარშემომყოფებთან. ადამიანი ზედმეტად გრძელი კისრით ნახატზე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვს უჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი. გრძელი თითები პირიქით – პატარა „მხატვრის“ შინაგან ძალასა და ნიჭიერებაზე მიუთითებს. განზე ფართოდ გაშლილი ხელები გვეუბნება, რომ ბავშვს აქვს მისწრაფება მოქმედებისაკენ, ზემოთ აწეული ხელები კი აგრესიაზე მეტყველებს. გრძელი ფეხები ნახატზე დამოუკიდებლობის ნიშანია, ფართოდ გაშლილი ფეხები აღნიშნავს, რომ ბავშვი საკუთარ თავში დაჯერებულია, მოკლე ფეხები ბავშვის უსუსურობაზე და სისუსტეზე მიუთითებს. თუ ბავშვი საჭიროებს დაცვას, ის აუცილებლად ქუდით შემოსავს დახატულ ფიგურას. ღია პირს კბილებით ხატავენ აგრესიულად განწყობილი ბავშვები. დიდი, გრძელი ხელები გვიჩვენებს, რომ პატარა მოხერხებული და ფიზიკურად კარგად განვითარებულია. პატარა ხელებს ხატავს ფიზიკურად სუსტი ბავშვი. თუ ის არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, ნახატზე გამოსახულ ადამიანს ხელებს ზურგს უკან ან ჯიბეებში დაუმალავს. კვადრატულ ტანს ჩვეულებრივ ბიჭები ხატავენ – მათთვის ის მამაკაცურობის ნიშანია. თუ დახატული ადამიანის ტანი არაპროპორციულად პატარაა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დამცირებულად გრძნობს თავს. პროფილში გამოსახული ფიგურა ურთიერთობის პრობლემებზე და შფოთიანობაზე მიუთითებს. ბავშვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ნახატზე გამოსახული ადამიანის მიმართ მეტყველებს ყურადღების გამახვილება დეტალებზე – სამკაულები, ფეხსაცმელი, ღილები,  ჯიბეები, სამკერდე ნიშნები და ა.შ. ტანსაცმელს, სამკაულების მრავალფეროვნება საყვარელი ადამიანის გამოსახულებაზე  ბევრად მეტია, ვიდრე იმ ადამიანის გამოსახულებაზე, რომელიც პატარას არ უყვარს. ადამიანის თავი ბავშვის ნახატში ინტელექტის სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი თავი მეტყველებს განვითარებულ გონებრივ უნარებზე, პატარა თავი კი მისი ასაკისათვის არასაკმარის გონებრივ უნარებზე;
  • სახლი და ხე ბავშვის ნახატში – ადამიანების გარდა, ბავშვს უყვარს სახლისა და ხეების ხატვა. თუ ბავშვი ხშირად ხატავს სახლს კარ-ფანჯრის გარეშე, ეს მეტყველებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, ჩაკეტილობაზე. რაც უფრო პატარაა ფანჯრები, მით უფრო მორიდებული და მორცხვია ბავშვი. დიდი ხე ნახატზე აღნიშნავს, რომ ბავშვს დიდი ცხოვრებისეული ენერგია აქვს. თუ ხის ტოტები მიმართულია ზევით, თავად ხეს კი აქვს სქელი ღერო და მყარად დგას მიწაზე, ფესვებიც კია გამოსახული – ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარ თავში დარწმუნებულ, ხალისიან ბავშვთან;
  • ოჯახი ბავშვის ნახატში – ყველა ბავშვი ადრე თუ გვიან იწყებს თავისი ოჯახის ხატვას. ოჯახის ნახატის ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ გამოსახულებების რიგითობას, ფიგურების ზომებს და ადამიანებს შორის მანძილს. ოჯახის დახატვას ბავშვი ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრით იწყებს. მას მოჰყვება სხვა წევრები იმ თანმიმდევრობით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ბავშვისთვის. თუ ბავშვი საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად თვლის ოჯახში, პირველ რიგში საკუთარ თავს დახატავს. ხოლო, თუ თვლის, რომ არ უყვართ და არასაჭიროა – ბოლოში დახატავს. თუ ოჯახში ყველაფერი წესრიგშია და ბავშვი იქ კარგად გრძნობს თავს, მის ნახატში ყველაზე მაღალი მამაა, მას მოჰყვება დედა, რომელიც ოდნავ დაბალია, შემდეგ ბავშვები, რომლებიც უფრო პატარა ზომისანი არიან. თუ ბავშვი თავის თავს ყველაზე დიდად ხატავს, ის საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვნად, ოჯახის მთავარ წევრად აღიქვამს. თუ პატარა ზომისად ხატავს – ზედმეტად არასაჭიროდ გრძნობს  თავს. თუ ასაკით მასზე უმცროსი და-ძმა უფრო დიდი ზომისად არიან დახატული, ვიდრე ნახატის ავტორი, ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება ექცევათ. პატარა მანძილი ფიგურებს შორის ნახატზე აღნიშნავს ხელსაყრელ ატმოსფეროს ოჯახში. თუ ბავშვი თავისი ოჯახის წევრებს ძალიან აცილებს ხატვისას, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა. თუ ბავშვი თავის თავს ოჯახის სხვა წევრებისაგან განცალკევებულად ხატავს ან საერთოდ არ ხატავს, დიდი ალბათობით ის ოჯახში არასაჭიროდ, მარტოდ, ზედმეტად, გარიყულად, იზოლირებულად გრძნობს თავს და ფიქრობს, რომ ახლობლებს, ოჯახის წევრებს ის არ უყვართ. როცა ბავშვი დარწმუნებულია, რომ ის ახლობლებისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელია, თავის თავს მშობლების გვერდით ხელჩაკიდებულს გამოსახავს. თუ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთთან  ხელჩაკიდულია, ოჯახი მეგობრულია. თუ ხატვის პროცესში ის ტოვებს და არ ხატავს ოჯახის რომელიმე წევრს, ეს შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანთან მას ფარული კონფლიქტი აქვს. თუ ნახატზე ოჯახის თითოეული წევრი თავის საქმით არის დაკავებული, ოჯახი გათიშულია. თუ ადამიანებს შორის საგნებია დახატული, რომლებიც მათ ერთმანეთისაგან გამოყოფს, სავარაუდოდ, ოჯახში ურთიერთობის პრობლემებია. თამაშით დაკავებული ოჯახის წევრები ნახატზე მათ შორის არსებულ მეტოქეობაზე მიუთითებს. ხშირად ბავშვები ხატავენ წარმოსახულ ოჯახს – მამას, რომელიც არ ცხოვრობს მათთან ერთად; დას, რომელიც საერთოდ არ ჰყავს; გარდაცვლილ ნათესავს ან საერთოდ უცხო ადამიანს. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი განიცდის დისკომფორტს თავის ოჯახში და მისი შეცვლა სურს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია ბავშვის ნახატი საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაძლევს მისი ავტორის ემოციური და სულიერი მდგომარეობის, მისი ურთიერთობების და განწყობების შესახებ, მაგრამ, არ იქნება გამართლებული მხოლოდ ნახატის საფუძველზე ამა თუ იმ ფსიქოლოგიური დიაგნოზის დასმა. ის უბრალოდ გვეხმარება დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება პატარა ადამიანის გულში და გავერკვეთ არსებული პრობლემების მიზეზებში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი