ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თუ შვილს ან მოსწავლეს ძალადობას შევნიშნავთ

ბულინგი, რაც ჩაგვრას და დაშინებასაც ნიშნავს, როგორც წესი, წინასწარ განზრახული, განმეორებადი და აგრესიული ქმედებაა. მჩაგვრელს ყოველთვის ჰყავს სამიზნე და მასზე ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბულინგის მსხვერპლი უმეტესად ნაკლებად თავდაჯერებული, ფიზიკურად სუსტი ბავშვია, სხვებთან შედარებით მორიდებული, მგრძნობიარე ან ჩაკეტილი. ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ბულინგის სამიზნე შეიძლება გახდეს ჯგუფიდან უარყოფილი ბავშვიც, რომელსაც არ ჰყავს ახლო მეგობრები.

ასეთი შემთხვევების შესახებ ბევრი რამ გაგიგონიათ. ალბათ კარგი იქნებოდა გცოდნოდათ, როგორ უნდა მოიქცეთ, როცა თქვენი შვილი ან მოსწავლე არა ბულინგის მსხვერპლი, არამედ მისი ინიციატორი ან თანამონაწილეა.

იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი საყვარელი შვილი ან არცთუ ურიგო მოსწავლე სხვაზე ძალადობს, შესაძლოა ნამდვილ ტრამვად იქცეს. თავდაპირველად ზრდასრულებს უჭირთ ამის დაჯერება და ფიქრობენ, რომ რაღაც გაუგებრობასთან აქვთ საქმე, მერე კი ამ უსიამოვნო ფაქტთან შეგუება და მოქმედება უწევთ.

ცნობილია, რომ ბულინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გარემო დეზორგანიზებული სკოლაა. ყველაზე ხშირად ბულინგის შემთხვევები სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ნაკლებად მოძრაობენ უფროსები. უფროსებიც ბულინგს საკმაოდ გვიან ამჩნევენ, მაშინ, როდესაც სიტუაცია გართულებულია. მოსწავლეებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე და ვერ მართავენ ბულინგს. მისი აღკვეთის შესახებ ცოდნაც არ გააჩნიათ. ზრდასრულების ახლოს ყოფნის შემთხვევაშიც კი ბულინგის ინიციატორები კარგად ახერხებენ შენიღბვას და ზრდასრულებისგან დისტანცირებას.

როგორ დავეხმაროთ მოძალადე ბავშვს მისი ნეგატიური ქმედებების გააზრებასა და იდენტიფიცირებაში?

უპირველეს ყოვლისა, ამ დროს საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე. სასურველია, ვიპოვოთ ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც ამ შემთხვევას შეესწრნენ.

ბულინგი განსხვავდება რიგითი კონფლიქტისა და ერთჯერადი შეხლა-შემოხლისაგან. როგორც აღვნიშნეთ, ის სისტემურ, განმეორებად და აგრესიულ ქმედებას წარმოადგენს და მას ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. ბავშვი შეიძლება გალახონ, შეურაცხყონ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის – სიტყვიერად, ატირონ, დაამცირონ, გაუწიონ იგნორირება ან სხვა სახით მიიტანონ მასზე იერიში.

თუ ბულინგი დადასტურდა, მშობელს ან მასწავლებელს ჯერ ბრაზი ერევა, მერე კი უნდა, დამნაშავე დასაჯოს. ხშირად მშობელი მასწავლებელს ადანაშაულებს, რომ ეს სიტუაცია „გამოეპარა“ ან პირიქით, მასწავლებელი ხელს მშობლისკენ იშვერს და შვილის ცუდად აღზრდის გამო კიცხავს.

ასეთ ემოციებში ჩაღრმავება არ ღირს. ეს ემოციები და ეჭვები შეიძლება ახლობლებს გავუზიაროთ, მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვაგვარ, პრაგმატულ და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

დავსვათ კითხვა: რატომ მოხდა ასე? რატომ მოირგო ჩვენმა შვილმა/მოსწავლემ მოძალადის როლი? გვახსოვდეს, რომ ბავშვთა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ რაიმე ჯგუფის წევრები. თუ მათ შორის დასაჯგუფებელი კავშირი არ არსებობს, ბავშვებმა შესაძლოა ის ხელოვნურად შექმნან და ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

განსაკუთრებით სწრაფად ჯგუფებად გაერთიანება ხდება აგრესიითა და ქსენოფობიით დამუხტულ საზოგადოებაში. გაერთიანებულ ჯგუფს ერთეულებზე ნადირობისა და ეიფორიის აზარტი იპყრობს. ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამართლიანად იქცევა და არ ცნობს ბულინგს.

ძალადობაში აქტიურ ბავშვებს, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ. მათ ან გადაიტანეს ძალადობა, ან სხვისი გავლენის ქვეშ მოხვდნენ. სიტუაცია უმართავი ხდება, როდესაც მასწავლებელი ან მშობელი პატარ-პატარა ძალადობაზე თვალს ხუჭავენ, ყურადღებას არ აქცევენ. ბავშვები კი უფროსების ჩარევის გარეშე სიტუაციას ვეღარ არეგულირებენ. ამიტომ არ ღირს ლოდინი, სანამ „ყველაფერი თავისთავად დალაგდება“.

უფროსები უნდა ეცადონ, აღკვეთონ ძალადობა. ბულინგში მონაწილე ყველა ბავშვს სჭირდება დახმარება – მოძალადესაც და ძალადობის მსხვერპლსაც, მაგრამ რადგან ძალადობა სკოლაში ლამის სოციალური პროცესის ნაწილად არის ქცეული, აუცილებელია ბავშვთა ჯგუფთან მუშაობა და არა მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება. თვალსაჩინო ზიანის გარდა, რომელიც ძალადობას მსხვერპლისა და მოძალადისთვის მოაქვს, ბულინგი აზიანებს ბავშვთა ჯგუფისა და მისი ყველა მონაწილის პროდუქტიულობას სკოლაში და სკოლის მიღმა.

მოძალადე ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური რესურსი უარყოფით განცდებზე იხარჯება. ამიტომ ამბობენ, რომ ბულინგი არ არის ინდივიდუალური ან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. ის აზარალებს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მონაწილეებს, ხოლო შორეული შედეგებით – მთელ საზოგადოებას.

დაუსჯელობისა და საკუთარი ძალის დემონსტრირების ილუზიური გამოცდილება განსაკუთრებით ცუდად აისახება მოძალადეზე. თუ ზრდასრულებმა დროულად არ ვიმოქმედეთ, მას ჩამოუყალიბდება ასოციალური პიროვნების თვისებები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

როგორ არ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ძალადობაზე? არ შეიძლება ყვირილი, ჩხუბი, ცემა. ამით კიდევ ერთხელ განვუმტკიცებთ ბავშვს რწმენას, რომ სამყარო ძლიერებისა და სუსტებისგან შედგება, რომ ძლიერს შეუძლია, სუსტი დაჩაგროს. არ შეიძლება ბავშვის შერცხვენა, მას არ უნდა აღვუძრათ დანაშაულის განცდა. სწორედ სირცხვილი, შიში და დანაშაულის განცდა უბიძგებს მოძალადეს, იძალადოს და თავისი უპირატესობა ამ გზით დაამტკიცოს. ასევე არ შეიძლება მასთან საუბარი ძალადობის მსხვერპლის განცდებზე. ამ დროს ნებისმიერ აგრესორს უჩნდება ზიზღი უსუსურობის მიმართ.

როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს ისე, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ? საკმაოდ მკაცრად შეიძლება ვუთხრათ: „ის, რასაც აკეთებ, ძალადობაა“. საქმე ის არის, რომ ბევრი ბავშვი ვერ აცნობიერებს ძალადობას. მისთვის ეს თამაშია, აზარტული გასართობი ან იმის გამოხატვა, რომ ვიღაც არ მოსწონს. ბავშვები სიტუაციას სისტემურად ვერ ხედავენ.

შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს მსხვერპლის როლში. აღწერეთ კონკრეტული ქმედებები, მაგალითად: „წარმოიდგინე, შეხვედი კლასში და არავინ მოგესალმა, ყველა დაგცინის, ყველა შენს ზურგს უკან ქირქილებს. შენს ნივთებს შეგნებულად ყრიან იატაკზე, წერის დროს ხელს გიშლიან და თუ არაფერს ამბობ, უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიან. შესვენების დროს დერეფანში ყველა მხარს გკრავს, არ გაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას, გკეტავენ საპირფარეშოში, გიმალავენ ჩანთას, შენს რვეულებს კი სანაგვე ურნაში პოულობ“.

მიუთითეთ ძალადობის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე: „ეს სერიოზული პრობლემაა, არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ჯგუფისა (კლასისა). არსებობს პრობლემები, დაავადებები, რომლებიც აქვთ არა ადამიანებს, არამედ კოლექტივს. თქვენთანაც იგივე მოხდა. ჩვენ სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ, თქვენ დახმარება გჭირდებათ“.

თქვენ შეგიძლიათ აყურებინოთ ბავშვებს ფილმები ბულინგზე. ასე უფრო უკეთ დაინახავენ შორიდან საკუთარ თავს.

როგორ დაველაპარაკოთ დაზარალებული ბავშვის მშობლებს? ბულინგის მართვა შესაძლებელია, თუ უფროსები აღიარებენ მას როგორც პრობლემას, შეძლებენ მის ამოცნობას და არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ ბულინგის შემსრულებლის დახმარებასაც ეცდებიან.

თავის მართლების გარეშე მოუსმინეთ დაზარალებული ბავშვის მშობლებს, ნუ შეაწყვეტინებთ. აცადეთ შიშის და უკმაყოფილების გამოხატვა. მათ უყვართ შვილი და მისი დაცვა უნდათ. თქვენც ასე მოიქცეოდით. ამიტომ აჩვენეთ, რომ მათი გესმის, რომ ეს სერიოზული შემთხვევაა და თქვენ მზად ხართ, ამ პრობლემის მოგვარებაში მიიღოთ მონაწილეობა.

მოუყევით დაზარალებულის მშობლებს, რა გააკეთეთ უკვე და რას აპირებთ მომავალში – რომ აპირებთ, იპოვოთ ვინმე, ვინც შეძლებს ჯგუფთან მუშაობას. ეს შეიძლება იყოს სკოლის ფსიქოლოგი, დირექტორი, დამრიგებელი, მოწვეული სპეციალისტი. შეგიძლიათ შექმნათ მშობლების ჯგუფი, რომელიც ამის მოგვარებას იკისრებს.

როგორ ვიმუშაოთ მთელ გუნდთან და ვინ უნდა გააკეთოს ეს? არსებობს ნაცადი და ეფექტიანი მეთოდები ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობისთვის ბავშვთა იმ ჯგუფთან, რომელმაც ბულინგი განახორციელა. უმჯობესია, თუ ჯგუფთან იმუშავებს პროფესიონალი, კომპეტენტური პირი, რომლის რეკომენდაციები არ გააუარესებს სიტუაციას.

თუ ასეთი პროფესიონალი ვერ იპოვიეთ, უნდა მოიძიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მზად იქნება იკისროს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს კლასს, შეისწავლოს ბულინგთან ბრძოლის ინსტრუქციები და ჩაატაროს რამდენიმე გასაუბრება. თემა ძალიან სერიოზულია, ამიტომ კლასთან ერთი შეხვედრა არ იქნება საკმარისი. შუალედებში მან სიტუაციის შემდგომ განვითარებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.

კლასთან მუშაობა იწყება შემდეგი ნაბიჯებით: სიტუაციაში გარკვევა, დაზარალებული ბავშვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის მოთხოვნა, იმის გამოცხადება, რომ ძალადობა მიუღებელია.

მომდევნო ეტაპები:

  • სთხოვეთ ბავშვს, ქულებით შეაფასოს ძალადობაში მონაწილეობა.
  • შესთავაზეთ, განიხილონ და მიიღონ ჯგუფის ახალი წესები, ჩამოწერონ და კედელზე თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდონ.
  • ყოველდღიურად ჩაინიშნონ ჯგუფში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები.
  • ორგანიზება გაეწიოს ღონისძიებებს, რომლებიც ჯგუფის წევრთა ენერგიას სხვა კალაპოტში გადააგდებს და მათი ნიჭის ჩვენებას მოხმარდება, მათთვის, კლასისთვის, სკოლისთვის სასარგებლო და ღირებული იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი