შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ცოდნის საზომი

  • ადექი, მომიყევი გაკვეთილი! – მიძახებს დაფასთან მასწავლებელი. ვდგები, მთელი კლასი მე შემომყურებს, ამხელა ბიჭმა რომ დავდგე და მოყოლა დავიწყო, რა გაუძლებს თანაკლასელების დამცინავ მზერას და რეპლიკებს: – პროფესორა მოდის! გზა დაუთმეთ, ნასწავლი კაცი გაატარეთ! და ა.შ. ამიტომ ვარ ჩუმად, თორემ გაკვეთილი როგორ არ ვიცი?! გუშინ მთელი საღამო შევალიე, ბოლო ფურცლამდე ჩავიკითხე უტასა და კოლონკელიძის ქალის დიალოგი, გამოვიტირე დიდოსტატის მარჯვე მარჯვენა, ხვლიკისფერი სვეტიცხოველი მესიზმრებოდა მერე… გაკვეთილი ვიცი, თანაც ,,ტექსტთან ახლოს“, როგორც მასწავლებელს უყვარს. ძალიან მინდა, ვინმეს ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარო. ერთი წუთითაც არ ვიყოყმანებდი, ბოლო მერხზე სოფლის გამგებელივით მედიდურად წამოჭიმული გოგია ასე რომ არ მიბრიალებდეს თვალებს.
  • დაჯექი, ორიანი! – გამოაქვს მოსალოდნელი განაჩენი ჩემი დუმილით თავგაბეზრებულ მასწავლებელს, რომელსაც კუდიანების წერით დაღლილი ხელი ახლა სხვა საკბილოსკენ მიუმართავს და ეძახის:
  • ახლა შენ ადექი და მომიყევი გაკვეთილი!

ეს ისტორია ალბათ ძალიან მოუხდებოდა მეოცე საუკუნის ქართულ სკოლებზე დაწერილ ნებისმიერ მოთხრობას, მაგრამ მსგავსი სცენარით მოვლენები დღესაც არაერთ სკოლაში ვითარდება. საგანმანათლებლო რეფორმებისა და მეთოდოლოგიური სიახლეების მიუხედავად, მოსწავლეების ცოდნა უმეტესად ისეთი პრიმიტიული ინსტრუმენტებით იზომება, როგორიცაა გაკვეთილის მოყოლა, ლექსების, ციტატების, წესების გაუაზრებლად დაზეპირება, საკონტროლო წერისთვის სტანდარტული თემების (,,მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“-ს მსგავსი) შედგენა-დაზუთხვა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფაქტობრივი ცოდნის დამახსოვრებაზე ორიენტირებული ქმედებები, რომელთა გამოუსადეგარობაც საკუთარ თავზე ალბათ ყველას გამოგვიცდია. სამწუხაროა, რომ მოსწავლის შეფასების ეს ,,ტრადიციული“ მეთოდი მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის დღესაც ყველაზე მოსახერხებელ შეფასების ინსტრუმენტებს წარმოადგენს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში საფუძვლიან ცვლილებებს ხელს ბევრი რამ უშლის, მათ შორის, კლასში მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა, რაც შეფასების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. დროთა განმავლობაში თვითგამოვლენის სურვილიც იკლებს და აღსაზრდელები ხშირად მიმართავენ ,,მასაში ჩაკარგვის“ სხვადასხვა ხერხს. თუ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას კლასი აწეული ხელებით ეგებებოდა, საბაზო საფეხურზე დაუმორჩილებელ, თავისუფლების მოპოვებისთვის მებრძოლ მოზარდებს გამოკითხვის მეთოდით ვეღარ შეაფასებ. თან ფაქტობრივი ცოდნის გამოვლენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომელიმე სასწავლო უნარის სათანადოდ ფლობას. მთავარია მოსწავლეებს თვითსწავლის უნარი გამოვუმუშაოთ და შემეცნების სურვილი გავუღვივოთ. დავიწყებას უნდა მიეცეს ის დრო, როცა გამოცდის გადაბარება იმის გამო გიწევდა, რომ რომელიღაც ლექსი ზეპირად ვერ გაიხსენე. არავინ შეგეკითხებოდა, გესმოდა თუ არა მტკვრის პირას ჩაფიქრებული პოეტის ტკივილი. შენ მხოლოდ მისი ეპოქის მთავარი პრობლემის – გარეული მტრის შესახებ ინფორმაციით იყავი შეიარაღებული და ეს საკმარისი იყო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

პირველ რიგში, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რას ვაფასებთ. მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესი და მათ შორის, შეფასების სისტემაც მოსწავლის წინაშე მდგომ გამოწვევებსა და საჭიროებებს უნდა ერგებოდეს. სკოლაში მიღებული გამოცდილება მას დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირების საშუალებას უნდა აძლევდეს (კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო კონცეფცია) და რადგან მოსწავლის შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ისიც ზემოხსენებულ კონცეფციას უნდა ეფუძნებოდეს. ამას გარდა, შეფასება მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს უნდა აღწერდეს.

ცოდნის აგების (ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების სინთეზი) პროცესი წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახლის შემეცნებასა და გამოყენებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მოსწავლის შეფასების ძირითად მიზანს თავად სწავლის პროცესის მიმდინარეობისა და ,,ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ჩვენება“ (ესგ 2017-23) წარმოადგენს. განახლებული მოთხოვნების საპასუხოდ, სკოლამ მოსწავლეს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა უნდა შესთავაზოს.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულებას ვითხოვთ. მოსწავლეთა დაინტერესებას უფრო ადვილად კომპლექსური და მკაფიო კონტექსტის მქონე დავალებებით (ესე, პროექტი, კვლევა, პრობლემის გადაჭრა, დისკუსია, შემეცნებითი ექსკურსიები, დებატები და სხვ.) შევძლებთ. დავალება უნდა იყოს მნიშვნელოვანი (საგნობრივი კრიტერიუმების შესაბამისი), გასაგები (მკაფიო ინსტრუქციით შეიარაღებული), მიუკერძოებელი (ყველა მოსწავლეს, მის ხელთ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, თანაბრად უნდა შეეძლოს მასზე მუშაობა), დაძლევადი (სასწავლო საფეხურის შესაბამისი), შეფასებადი (უნდა შეიძლებოდეს მისი გაზომვა შეფასების რუბრიკის დახმარებით) და მოსწავლის მაღალ ჩართულობას მოითხოვდეს. მოსწავლე თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თანამშრომლობდეს, შეეძლოს ახალი პრობლემის წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაჭრდა და სხვ. მრავალფუნქციური დავალებები საინტერესოსთან ერთად გაცილებით ნაყოფიერი და გრძელვადიანი შედეგის მომცემია. საკამათო თემაა ისიც, თუ რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ განმსაზღვრელი შეფასება. განათლების მკვლევარები ასევე საუბრობენ  განმავითარებელი შეფასების უპირატესობაზეც, რადგან პროცესის შეფასების დროს  ინდივიდუალური პროგრესი უფრო ნათლად ჩანს.

შეფასების სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მოსწავლისთვის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ჩვენებაა. ჩვენ ის უნდა შევაფასოთ, თუ რამდენაც ნაყოფიერ და კარგად გააზრებულ ნაბიჯებს დგას მოსწავლე თვითგანვითარების მიზნით. სწავლების შედეგის გაზომვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით კი მოსწავლეს ცოდნისა და უნარების სხვადასხვა გზით გამოვლენის საშუალებას მივცემთ. მოკლედ რომ ვთქვა, შეფასებადი დავალება შეფასების მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს და ღირებული ცოდნის შეძენა-განმტკიცებას ემსახურებოდეს.

ყველა საგანს მიზნის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტები ესაჭიროება. მასწავლებელს ეძლევა მიმართულება, კრიტერიუმთა (სასწავლო უნარ-ჩვევათა ერთობლიობა) ჩამონათვალი, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. თითოეული შეფასების რუბრიკა დავალების მიზნის შესაბამის ინდიკატორებზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას (ნიმუშების ნახვა შეგიძლიათ ესგ-ში). შეფასების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, შეფასების რუბრიკაზე ხელი მოსწავლეებსაც უნდა მიუწვდებოდეს. მეტიც, მათ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ შეფასების რუბრიკის გამოყენება, სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და შესრულების მიზნით.

შეფასებადი დავალების შედგენამდე ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა ვუპასუხოთ: რას ვაფასებთ? არის თუ არა ფასეული ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლისგან ვითხოვთ? გაზომვადია თუ არა სწავლის შედეგები? სწორად არის თუ არა შერჩეული დავალების/აქტივობის ფორმა? შეესაბამება თუ არა დავალების სირთულეს ქულების სისტემა? თუ ფაქტობრივი ცოდნა არა, მაშინ რა უნდა შევაფასო ყოველი თემის დასასრულს? თუ ერთ წერილობით ნაშრომში მიღებული ქულა მოსწავლის წერით უნარ-ჩვევას მხოლოდ ამ კონკრეტულ დროსა და მომენტში ზომავს, მაშინ რატომ აქვს ერთნაირი წონა მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებებს?.. მოკლეთ, კითხვები უამრავია,  მათზე პასუხის გაცემა კი არც ისე ადვილია.

რაც შეეხება შეფასებადი დავალების სტრუქტურას, რაც უფრო მრავალფეროვანი და არასტანდარტული თავსატეხებითაა აგებული, მით უფრო რთულდება ჯამური ქულის გადანაწილება. უნდა შევეცადოთ და დავალებებს ქულები სირთულის მიხედვით მივანიჭოთ. მოსწავლემ ადვილი და რთული დაბრკოლების გადალახვისთვის სხვადასხვა ჯილდო უნდა მიიღოს, ამ გზით ის საკუთარი ნაშრომის ადეკვატურად შეფასებასაც ისწავლის. მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის დავალების ინსტრუქციის წაკითხვა და გაგება პრობლემას წარმოადგენს, არადა, ამაზეა დამოკიდებული დავალების შესრულების ხარისხი. ჩემი აზრით, შეფასების რუბრიკა ამ მიმართულებითაც უნდა ასახავდეს მოსწავლის პროგრესს.

აქვე გაგიზიარებთ ჩემ მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეების წერითი აზროვნების უნარებს ვაფასებ.

არგუმენტირებული ესეს შეფასების რუბრიკა (დაწყებითი საფეხური, VI კლასი)

 

 

კრიტერიუმი  
კრიტერიუმის აღწერა
ჯამური ქულა შეფასება ქულა
არგუმენტირება/მსჯელობის დასაბუთება
ესეში გამოთქმული მოსაზრება/ თეზისი დასაბუთებული უნდა იყოს თემატური არგუმენტებით, საჭირო-ებისამებრ გაანალი-ზებული უნდა იყოს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

 

 

4 ესეში გამოთქმული მოსაზრება დეტალურად დასაბუთებულია თემატური არგუმენტებით (მინიმუმ 3 არგუმენტი), გაანალიზებულია მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირები. 4

 

 

 

ესეში გამოთქმული მოსაზრება დასაბუთებულია ორი თემა-ტური არგუმენტით, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ზოგადადაა მიმოხილული. 3

 

 

ესეში მოყვანილია ერთი თემატური, დასაბუთებული არგუმენტი, მეორე კი ნაწილობრივ უკავშირდება სამსჯელო საკითხს. 2
თეზისი დასაბუთებულია ერთი თემატური არგუმენტით. 1
ესეში გამოთქმული მოსაზრება არ არის გამყარებული თემატური არგუმენტებით. მსჯელობა არადამაჯერებელია.  0
თხრობის ორგანიზება/ სტრუქტურა

 
ნაშრომი უნდა პასუხობდეს დავალებას (დავალების პირობის გაგება); იგი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრობრი-ვად თანმიმდევრული და გამართული; აბზაცები ერთმანეთს ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს.

 
2 დავალების პირობა ადეკვა-ტურადაა გაგებული; ნაშრომი ორგანიზებული, აზრობრივად გამართული და თანმიმ-დევრულია. აბზაცები ლოგიკუ-რადაა გამოყოფილი და ერთმანეთთან დაკავშირე-ბული.  2
ნაშრომი ნაწილობრივ პასუხობს დავალებას;  ნაწილობრივ ორგანიზებული და თანმიმდევრულია, ცალკეული მონაკვეთი გასამართია აზრობრივად. 1
დავალების პირობა არაადეკვატურადაა გაგებული; დარღვეულია სტრუქტურა; თხრობა არათანმიმდევრული და აზრობრივად გაუმართავია. 0
სტილი და ლექსიკა

 
აზრები ნათლად და თანმიმდევრულად უნდა იყოს გადმოცემული, ნაწერი – სტილისტურად გამარ-თული; ნაშრომში მიზან-მიმართულად უნდა იყოს გამოყენებული მდიდარი ლექსიკური მარაგი. 2 მოსწავლის ნააზრევი ნათლადაა გადმოცემული, ნაშრომი სტილისტურად გამართულია, მოსწავლის ლექსიკა მდიდარია და იგი მას ადეკვატურად იყენებს. 2
ნაშრომში ცალკეული მოსაზრება ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, რამდენიმე მონაკვეთი სტილისტურად გაუმართავია. გამოყენებულია მწირი ლექსიკა. 1
ლექსიკა მწირია, ხშირ შემთხვევაში ჭირს აზრის გაგება, ნაშრომი სტილისტურადაც გასამართია. 0
გრამატიკა
ნაშრომში დაცული უნდა იყოს თანამედროვე სალი-ტერატურო ენისა და გრამატიკული ნორმების საფეხურის შესაბამისი მოთხოვნები. მასში არ უნდა იყოს დაშვებული წინასწარ განსაზღვრულ რაოდენო-ბაზე (ნაშრომის სიდიდისა და მიზნის შესაბამისი) მეტი ისეთი   ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქ-სური და  პუნქტუაციური შეცდომა, რომელთა დაცვაც მოსწავლეებს ესგ-ის მიხედ-ვით მოეთხოვებათ.

 

შენიშვნა: შეცდომების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით, თითოეულ კრიტერიუმში შესაძლოა დაიწეროს  შეფასების გრა-ფაში მოცემულ ქულებზე დაბალი შეფასებები, ან წახალისდეს მოსწავლის ძალისხმევა და პროგრესი.

 
2 სალიტერატურო ენის სპეციფიკა და გრამატიკული ნორმები დაცულია. მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომების რაოდენობა არ აღემატება წინასწარ განსაზღვრულ დასაშვებ რაოდენობას. 2
  სალიტერატურო ენის სპეციფიკა და გრამატიკული ნორმები ნაწილობრივ დაცულია; მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომების რიცხვი რამდენიმე ერთეულით (საფეხურისა და კონკრეტული დავალების მიზნის შესაბამისად განისაზღვრება) სცდება დასაშვებ რაოდენობას 1
წერითი ნაშრომი ენობრივ-გრამატიკულად გაუმართავია. 0

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი