შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და რა როლი აკისრია ოჯახს ადრეული განათლების მხარდაჭერაში? რა არის სასკოლო მზაობა? როგორ წავახალისოთ ბავშვში სწავლის მოტივაცია, როგორ დავეხმაროთ მას სკოლასთან ადაპტაციასა და სასკოლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, აუცილებელი სოციალური თუ ემოციური უნარების განვითარებაში? ასაკითხებზე გვესაუბრა საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ტექნიკური პროგრამის კოორდინატორი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური და ადრეული განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია.

 

რა მნიშვნელობა  აქვს ადრეულ განათლებას?

ადრეული განათლება ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა და დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვების ხარისხიანი ადრეული განათლება.

რვა წლის ჩათვლით სწავლისა და განვითარების წამყვანი სტრატეგია თამაშია. ეს არის წამყვანი ქცევა, რომლითაც ბავშვი შეისწავლის, შეიგრძნობს და ითვისებს სამყაროს.

მშობლები, აღმზრდელები, დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხშირად ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ ბავშვი „ამეცადინონ“, სიტყვებით ასწავლონ. ბავშვისთვის კი ეს სიტყვები არაფრისმთქმელია და თუნდაც ამ დროს ჩუმად იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვისმენს, ესმის და ამ ერთფეროვანი დიდაქტიკით რამეს სწავლობს ან ვითარდება.

თამაშით სწავლა ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. იმავდროულად, თამაშის დროს ბავშვებს უვითარდებათ მსხვილი და წვრილი მოტორიკა, კოორდინაცია; თამაში ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებით განვითარებას და ავითარებს მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარებს.

შემეცნებითი განვითარების კუთხით არსებითია, ხელი შევუწყოთ ბავშვის, მაგალითად, მეხსიერების განვითარებას, თუნდაც ლექსების სწავლებით, მაგრამ ლექსებიც უნდა იყოს სახალისო, რიტმული, შინაარსობრივად ბავშვის ასაკის შესაბამისი – ცხოველებზე, ფრინველებზე, წელიწადის დროებზე, იმაზე, რაც ბავშვს აინტერესებს.

ადრეულ ასაკში პრიორიტეტულია სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური განვითარება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება იაპონელი არქიტექტორი ტაკაჰარუ ტეძუკა, რომელმაც ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებზე დაყრდნობით შექმნა პროექტი და ააშენა საბავშვო ბაღი. ბაღი წრიული ფორმისაა, სივრცეებადაა დაყოფილი და აქცენტი დასმულია ბავშვის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობაზე. როცა ბაღში ბავშვების მოძრაობას დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, რომ პატარების უმეტესობა დღეში საშუალოდ 4000 მეტრს გაივლის. ქართულ ბაღებში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ბავშვები უმეტესად სხედან, ძერწავენ, ხატავენ და უსმენენ მასწავლებელს. ასეთ დროს ბავშვი არის არა სუბიექტი, რომელიც ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში, არამედ ობიექტი, პასიური პირი, რომელშიც ვცდილობთ „ჩავდოთ“ ცოდნა, ინფორმაცია.

ბავშვის ადრეული განათლების პროცესში ჩართულმა პირებმა იმდენად ცოდნაზე არ უნდა დასვან აქცენტი, რამდენადაც გაკეთდეს უნარებზე (თუმცა, ცხადია, ცოდნის, ინფორმაციის მიღებაც საშუალებაა უნარების განვითარებისა). ემოციურად და სოციალურად განვითარებული ბავშვი შფოთვის გარეშე ფუნქციონირებს, ნაკლებად ეშინია სკოლაში წასვლის.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, თამაში ბავშვის განვითარების წამყვანი სტრატეგია იყოს. რაც უფრო ხალისიანია თამაში და რაც უფრო მეტადაა ბავშვის ინტერესებზე დაფუძნებული, მით უფრო ცნობისმოყვარეა ბავშვი.

 

რა არის სასკოლო მზაობა?

სასკოლო მზაობა არ ნიშნავს წერა-კითხვის ცოდნას. სასკოლო მზაობაა, როდესაც ბავშვი სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად მზად არის, შევიდეს სრულიად ახალ გარემოში, რომელიც უფრო ფორმალურია, ვიდრე სკოლამდელი დაწესებულება ან სახლი, დამოუკიდებლად შეუძლია თავის მოვლა (ტუალეტით სარგებლობა, თავის მოწესრიგება და ა.შ.). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან დროულად უნდა მოხდეს ამ საჭიროებათა იდენტიფიცირება და უზრუნველყოფა მათი სასკოლო მზაობის ხელშესაწყობად.

კვლევები მოწმობს, რომ იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დადიოდნენ საბავშვო ბაღში და რომლებიც არ დადიოდნენ, სასკოლო მზაობის თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა, თუმცა აქ არსებითია, სკოლამდელი განათლება იყოს ხარისხიანი. თუ ბავშვი ბაღში დადიოდა, მაგრამ ასაკის შესაბამის, ხარისხიან განათლებას ვერ იღებდა, სასკოლო მზაობის კუთხით (და არამხოლოდ) განსხვავება დიდი არ იქნება.

სოციალური და ემოციური მზაობა ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების გამომჟღავნება, ერთმანეთისგან გარჩევა და სახელდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს უხარია, გამოხატავს ამას და, ამასთან, იცის რომ ეს არის სიხარული. ის ამბობს: „მე მიხარია, მომწონს, მსიამოვნებს“, – და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვისა და სახელდების შესაძლებლობაც. მაგალითად, რა ეწყინა, რაზე გაბრაზდა… სოციალური უნარები გულისხმობს ინიციატივიანობას, ზრდასრულთან ურთიერთობას, არანაკლებ ერთი მეგობრის ყოლას.

ზოგიერთი ბავშვი უფრო ექსპრესიულია, ზოგიერთი – შედარებით მორცხვი. მიუხედავად ამისა, შვიდი წლის ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი სურვილების გამოხატვა. თუ ბავშვი არ არის ინიციატივიანი, უნდა დავეხმაროთ თავისი საჭიროებების გამოხატვაში. ასეთ დროს მშობელს, აღმზრდელს, მასწავლებელს მართებს, იყოს ძალიან მომთმენი და ბავშვზე ორიენტირებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წიგნიერების უნარების განვითარებაც, რაც გულისხმობს კითხვამდელ და წერამდელ პროცესს, როდესაც ვუკითხავთ, მერე კი წაკითხულის შესახებ კითხვებს ვუსვამთ. ამ დროს ბავშვი გაიაზრებს ტექსტის შინაარსს და ავითარებს თავის აზრს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ფანტაზიის განვითარებისთვის.

ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით ბავშვს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მოძრაობის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს კავშირშია შემეცნებითი უნარების განვითარებასთან. თუ ბავშვს ადრეულ ასაკში არ მიეცა მოძრაობის, ემოციების გამოხატვის, ინიციატივისა და დამოუკიდებლობის გამომჟღავნების შესაძლებლობა, მას სკოლაში გაუჭირდება საკუთარი ქცევის მართვა, მასწავლებლისა და თანაკლასელების ყურადღებით მოსმენა, კომუნიკაცია და სასკოლო აქტივობებში სათანადოდ ჩართვა.

სკოლაში წასვლამდე აუცილებელია, ხელი შევუწყოთ თავის მოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას. ბავშვი, რომელმაც იცის, როგორ ჩაიცვას, მოიწესრიგოს თავი, დაიბანოს ხელები საპირფარეშოს შემდეგ და ა.შ., ნაკლებად შფოთავს.

ამ ყველაფრის სწავლება სკოლაში წასვლის პირველ დღეს კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ გაცილებით ადრე, თანაც საღამოობით, როცა ბაღში ან სამსახურში არ გვეჩქარება. შეიძლება ვურჩიოთ ბავშვს, მოამზადოს ტანსაცმელი, რომლის ჩაცმაც ხვალ სურს, შევთავაზოთ სეზონის შესაბამისი სამოსი, ოღონდ ორი ან სამი, საიდანაც ის სასურველს აარჩევს. ამით ის მიეჩვევა დამოუკიდებლობას და საკუთარ თავთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა, სკოლაში წასვლამდე ბავშვი გაეცნოს იქაურ გარემოს, მაგრამ ჩვენთან ეს პრაქტიკა უფრო სპონტანურია, ვიდრე გეგმაზომიერი.

მნიშვნელოვანია სხვა უნარებიც: ნებისყოფა, მოთმინება, ნივთის გაზიარება, ზრუნვა, ემპათია, მოსმენა, ყურადღება… ბავშვს უნდა დავაკვირდეთ და მივყვეთ მის ინტერესებს: რა მოსწონს? როგორ აინტერესებს? ხშირად ბავშვისგან ელიან, თვალებში შესციცინებდეს ზრდასრულს. შესაძლოა, ის რაღაცას ინიშნავდეს, ხატავდეს, ან სულაც იატაკს ჩასცქეროდეს, მაგრამ ყურადღებით ისმენდეს ყველაფერს. საერთოდ, ქცევის მართვის ლოკუსი ბავშვშია – მან იცის თავისი ქცევის მართვა, აცნობიერებს სწავლის მნიშვნელობას და აქვს სურვილი და მოტივაცია, ისწავლოს. რაც უფრო ნაკლებია დიდაქტიკური სწავლება და მეტია ბავშვის მიერ სწავლის ხელშეწყობა, მით უფრო საინტერესო და ნაყოფიერია საგანმანათლებლო პროცესი, მით უფრო ცნობისმოყვარეა და მოტივირებული ბავშვი.

 

რას გვეტყვით გარემოზე, უსაფრთხოებაზე, საკუთარი სხეულის უფლებების დაცვაზე?

გარემო უსაფრთხო და ჰიგიენური უნდა იყოს. საპირფარეშოში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. ხშირია, როდესაც სკოლის ტუალეტის კარი არ იხურება ან საპირფარეშო არ არის მოწესრიგებული და ბავშვი, რბილად რომ ვთქვათ, გრძნობს დისკომფორტს. მან უნდა იცოდეს, რომ აქვს უფლება, გამოხატოს ამის თაობაზე თავისი აზრი. ამ დროს ის გარკვეულწილად საკუთარ საჭიროებებს უწევს ადვოკატირებას.

ასევე მნიშვნელოვანია, ჩაცმის, გახდის, მოვლა-დაბანის პროცესში მშობელმა ბავშვს საკუთარი სხეულის უფლებების დაცვა ასწავლოს. უთხრას, რომ არავის აქვს უფლება, ზედმეტად შეეხოს მის სხეულს (მით უმეტეს – სხეულის იმ ნაწილს, რომელიც საცვლითაა დაფარული). წინათ ბავშვს ასწავლიდნენ: უცხო ადამიანს არ გაჰყვე, არ დაელაპარაკო, თუმცა, სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოძალადე, როგორც წესი, ნაცნობი და ახლობელი ადამიანია. ამიტომ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არავინ, უცხოა თუ ნაცნობი, არ უნდა შეეხოს მისი სხეულის განსაკუთრებულად დაფარულ ნაწილს.

ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს მშობლების ტელეფონის ნომერი. ის უფრო ნაკლებად შფოთავს, როცა იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკავშირდეს დედას ან მამას.

 

როგორ მოემზადოს მშობელი? რა უნდა გაითვალისწინოს?

მშობელს შესაძლოა ჰქონდეს პირადი არასასიამოვნო გამოცდილება სკოლასთან მიმართებით, მაგრამ მან უნდა შეძლოს და საკუთარი შიში არ გადასდოს ბავშვს. სკოლისადმი ბავშვის პოზიტიური დამოკიდებულება დიდწილად არის დამოკიდებული მშობლის მხარდაჭერაზე.

სკოლაში მისვლამდე ბავშვს, როგორც წესი, ერთი სული აქვს, როდის გახდება მოსწავლე. უფროსებისგან კი ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები: „შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ/დიდი გოგო ხარ, ეს შენი სამსახურია“, – და ა.შ. მე მომხრე ვარ, ბავშვებს სიმართლე ვუთხრათ: სკოლა სამსახური არ არის, სკოლა ადგილია, სადაც მან უნდა ისწავლოს. როგორც აღვნიშნეთ, ახალ გარემოში მოხვედრა იწვევს სტრესს. სტრესი ყოველთვის ცუდი არ არის. ის აძლევს ადამიანს სიგნალს, რომ ახლა განსხვავებულად უნდა მოიქცეს. თუმცა სტრესი არ უნდა გადაიზარდოს ტოქსიკურ სტრესში ან დისტრესში. ამ დროს ფუნქციონირება ძლიერი შფოთვის ფონზე მიმდინარეობს, რაც არ არის კარგი ბავშვის განვითარებისთვის.

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან, სკოლასთან დაკავშირებით გარკვეული წარმოდგენები და მოლოდინები აქვთ. კარგი იქნება, ერთი წლით დავიწყოთ მასთან სკოლაზე საუბარი, ერთად გავაკეთოთ ჩანაწერები, ვხატოთ, პატარა დღიური ვაწარმოოთ. კარგი იქნება, ბავშვთან იყვნენ ნაცნობი ნივთები და ადამიანები, მაგალითად, დღიურში ჩაკრული მშობლების ფოტოები. როგორც კი ბავშვი ცუდად იგრძნობს თავს, დახედავს ფოტოს და შფოთვა გაუნელდება.

კარგი იქნება, სწავლის დაწყებამდე ბავშვი რამდენჯერმე მივიყვანოთ სკოლაში, გავაცნოთ მომავალი მასწავლებელი.

ამრიგად, სკოლისთვის მომზადება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს სკოლამდელი განათლების უკანასკნელ წელს და პირველი კლასის პირველ რამდენიმე თვეს. ეს პროცესი მაქსიმალურად მოქნილი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს ბავშვისთვის მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

 

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა?

დაწყებითი კლასის მასწავლებელი პირველი ადამიანია, ვისაც უშუალო შეხება აქვს მშობელსა და ბავშვთან. მათი თანამშრომლობითი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებელი მზად უნდა იყოს, ბავშვს დაახვედროს ემოციურად უსაფრთხო გარემო, ესმოდეს და პატივს სცემდეს მის ასაკობრივ თავისებურებებს და მონაწილეობა მიიღოს დომინანტურად თამაშზე დაფუძნებული გარემოდან დომინანტურად აკადემიურ გარემოსკენ გარდამავალი პროცესის – ტრანზიციის უზრუნველყოფაში. ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს, შესაძლოა დაიბნეს. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ამისთვის. მან კი არ უნდა უსაყვედუროს ბავშვს, პირიქით, უნდა აგრძნობინოს, რომ მისი დამხმარეა, რომ შეუძლია, ნებისმიერი რამ გაუზიაროს და მისგან მხარდაჭერა მიიღოს.

 

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?

ამისთვის უნდა წავახალისოთ, ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ საკითხს, დავაინტერესოთ სხვადასხვა თემით, მაგრამ არ უნდა ვაიძულოთ იმ ინფორმაციის ათვისება, რომელიც არ აინტერესებს.

მნიშვნელოვანია, სწავლასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს ასაკის შესაბამისი და ბავშვის ინტერესებს მორგებული, აკმაყოფილებდეს ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს. ბავშვს უნდა მივცეთ დრო და საშუალება, თავად გადაჭრას პრობლემები, იპოვოს გამოსავალი. ამ პროცესში შესაძლოა მას ზრდასრულის დახმარება დასჭირდეს, მაგრამ ეს არ გულისხმობს დავალების მის მაგივრად შესრულებას. ხშირად მინახავს, „მაკდონალდსში“ როგორ აწყობენ მშობლები შვილებისთვის „ჰეფი მილის“ სათამაშოებს. ეს ბავშვმა თვითონ უნდა გააკეთოს. როცა დაინახავს, რომ მას ეს შეუძლია, თავდაჯერება მოემატება და თანდათან უფრო დიდი გამოწვევებისაც აღარ შეეშინდება – ეცოდინება, რომ ან თავად, დამოუკიდებლად დაძლევს სირთულეს, ან, თუ დასჭირდა, ვინმე დაეხმარება.

ასევე მნიშვნელოვანია წახალისებაც, თუმცა ბავშვმა უნდა იცოდეს, რატომ აქებენ და რატომ საყვედურობენ. მაგალითად: „ჩვენ შევთანხმდით, რომ კომპიუტერთან დაჯდომამდე იმეცადინებდი, მაგრამ პირობა არ შეასრულე და მე ეს ძალიან მეწყინა“. თუ მივმართავთ ასე: „შენ ცუდი ადამიანი ხარ, პირობას არასდროს ასრულებ, რა უნდა გელაპარაკო!“ – ამით ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ დავთრგუნავთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწავლა არ არის მხოლოდ აკადემიური, მხოლოდ შემეცნებითი პროცესი; სწავლა ემოციური პროცესიცაა და, რაც მთავარია, ეს არის თანატოლებს შორის და ბავშვსა და ზრდასრულს შორის სასიამოვნო, საინტერესო და მამოტივირებელი კომუნიკაციის შედეგი.

 

რას გვეტყვით ბულინგსა და მის პრევენციაზე?

ბულინგი დიდი გამოწვევაა საქართველოში, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამის დანახვას და აღიარებას. რა ამცირებს ბულინგის რისკს? უპირველეს ყოვლისა, ემოციური ინტელექტის განვითარების ადრეული ასაკიდანვე ხელშეწყობა, ემპათიის განვითარება, მრავალფეროვანი ემოციების სათანადოდ გამოხატვის წახალისება. ეს აძლევს ბავშვს შესაძლებლობას, დაინახოს სხვისი განცდები. ასევე მნიშვნელოვანია ბულინგის პრევენციის სისტემური ხელშეწყობაც. თუ მასწავლებელი და ოჯახი არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რათა შეაჩერონ ბულინგი, თუ ეტყვიან ბავშვს, რომ ბულინგის მხილებას „დაბეზღება“ ან „,ჩაშვება“ ჰქვია ან მხოლოდ გააშველებენ დაპირისპირებულ მხარეებს და მეტს არაფერს იღონებენ, ბავშვი ვერ ისწავლის პოზიტიურ ინტერაქციას და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან სტრატეგიებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი