შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თანამედროვე ქართული რომანი სკოლაში

ფილოლოგიურზე რომ ვსწავლობდი, უახლესი ქართული ლიტერატურის შესწავლა, სადღაც ჭაბუა ამირეჯიბთან მთავრდებოდა. და რა გასაკვირია, რომ სასკოლო პროგრამაშიც ძალიან ცოტა მეგულება თანამედროვე ავტორის ტექსტი. მხოლოდ თანამედროვე კი არა, ცოცხალი ავტორის ტექსტი, აი, იმის განცდას რომ დაუტოვებს ბავშვს, შეიძლება, ოდესმე სადმე გადაეყაროს თავის საყვარელ ავტორს, ან ის მივიდეს რომელიმე შეხვედრაზე, ან თავად მწერალი მოვიდეს მის კლუბში, მის სკოლაში… კიდევ დაწეროს რაიმე ახალი და თვითონ ჩაუსაფრდეს ამ სიახლეს… ამიტომ მგონია, რომ კიდევ სხვა გულისფანცქალები ახლავს ცოცხალი ავტორის ტექსტს. სასკოლო პროგრამიდან სულ რამდენიმე ავტორი მახსენდება: აწ უკვე „ხატზე გადაცემული“ შატაიძე,  ბესიკ ხარანაულის ორიოდე ლექსი მეგულება, საბედნიეროდ, ჯერ ისევ პროგრამაში, მაგრამ მგონია, რომ სათანადოდ ვერდაფასებული გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები, დოჩანაშვილის ერთი მოთხრობაც შევიტანეთ და მის კლასიკოსობაზე მაინც არ ვკამათობთ, მადლობა ღმერთს! ამ ჩამონათვალს რამდენიმე თანამედროვე პოეტიც ემატება, თითო- თითო ლექსით რომ არიან წარმოდგენილნი. ვფიქრობ, ეს არსებული სახელმძღვანელოების თვალშისაცემი, ქართული ლიტერატურის სრულფასოვნად სწავლების ხელის შემშლელი და სასწრაფოდ გამოსასწორებელი ნაკლია.

პატარა ადამიანის მკითხველად ჩამოყალიბება, რომ ურთულესი საქმეა, ამის აღნიშვნა არასდროს მომბეზრდება. საიდანაც ჩემი მასწავლებლობის ისტორია იწყება, იქიდანვე იწყება ჩემი ამ  საკითხში მისიონერობაც. ორ პოლარულ ფრონტზე მიწევს ხოლმე ბრძოლა: კლასიკისა და კლასიკოსების დაგემოვნებას მივაჩვიო პატარა და ჯერ კიდევ გამოუცდელი მკითხველი და ქართული უთანამედროვესი მწერლობაც შევაპარო, რათა მისი არსებობა ირწმუნოს. ან კითხვის გაკვეთილებზე, ან კლუბში, აუცილებელ საკითხავად გვექცა უკვე აკას ,,ქართულის რვეულები“, ნაირა გელაშვილის,  კოტე ჯანდიერის არაჩვეულებრივი მოთხრობები, თამთა მელაშვილის ,,გათვლა“, ლია ლიქოკელის ლექსებიც და პროზაც…(ამ და კიდევ რამდენიმე ნაწარმოებზე მოკლედ ვისაუბრე სხვა სტატიაშიც  – ,,უთანამედროვესი ქართული ლიტერატურა“) აქ შევჩერდები – კლასს, პატარა მკითხველების მზაობას, გაკვეთილზე შემთხვევით თუ წინასწარგანზრახვით ამოტივტივებულ საჭიროებას, თემასა და განწყობას გააჩნია…

მოთხრობების ან ნოველების წაკითხვა უფრო ადვილია ამ ფორმატში, ძირითადად, წაკითხვისა და განხილვის დროის გამო. მაგრამ ამ სტატიაში ქართულ რომანზე უნდა ვისაუბრო.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან იხილა სამზეო, ამ ნაწარმოებზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს წერენ და ლიტერატურული პრიზებიც საკმარისად დაიმსახურა.

ვეცდები, ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რის გამოც ჩავთვალე, რომ არჩილ ქიქოძის რომანი ,,სამხრეთული სპილო“ საინტერესო ტექსტია უფროსკლასელთათვის.

  1. მწერლის ენა აქ მთავარი პერსონაჟის ენაა, ახალგაზრდა თბილისელი მამაკაცი ყვება თავის ამბებს, მთელი რომანი შინაგანი მონოლოგია. მისი მონოლოგი არის ძალიან ბუნებრივი, სადა, თავისუფალი ზედმეტი სტილიზაციისაგან, ჟარგონებისგან, უხამსი სიტყვებისგან, თბილისური კილოს მახასიათებლებისაგან, მაგრამ არც ძალიან მხატვრულ- ლიტერატურულია. თან გასდევს მსუბუქი იუმორი, ისე, შენთვის რომ ჩაგაცინებს. ამიტომაც ძალიან ადვილად იღებს და უშინაურდება მკითხველი პერსონაჟს.

2.მრავალფეროვანი თემატიკა: წარმოიდგინეთ, რამდენი ფიქრი და დარდიან – სიხარულიანი მოგონება, რამდენი მოსაყოლი ამბავი შეიძლება  აუფუთფუთდეს გონებაში კაცს, რომელსაც დიდი ხნის უნახავი, უკვე გაუცხოებული  უახლოესი მეგობარი ეწვევა დილით და მან, უბრალოდ, ოთახი უნდა დაუთმოს და მეტი არაფერი.

რამდენი ნაცნობი ახლობელი ან უცნობი ახლობელი ადამიანი შეიძლება შეხვდეს  თუ საკუთარ ქალაქში საკუთარ ფიქრებსა და ემოციებს აყოლილი დილიდან საღამოომდე იხეტიალებს?

მერე იმ შეხვედრილ ნაცნობ- უცნობებს როგორი ერთმანეთისგან განსხვავებული აურა, ბედი, ცხოვრება და შეხედულებები ექნებათ?

თან უკლებლივ ყველა ადამიანი და ყველა ამბავი ერთნაირად საინტერესოა. ზოგი სევდიანი, ზოგი სახალისო, ზოგი შთამბეჭდავი, ზოგი საინტერესო, ზოგი ყველაფერი ერთად… ყველა ამბავს ცალკე სიცოცხლე აქვს თითქოს და ამავე დროს რომანის ორგანული ნაწილია:

ძალიან სევდიანი და მნიშვნელოვანი, ლამის ჩვენს ყოველდღიურ რეალობად ქცეული ამბავი   პატარა ბიჭის მიერ უფრო პატარა ბიჭის მკვლელობა, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლი ხდება და ამის საკუთარი თავისთვის ვერმპატიებელი თაზოს ამბავი…

სვანი რეჟისორი როზეტას და უცნაური ენერგოყაჩაღის ამბები, საოცრად ნამდვილი სევდითა და იუმორით მოთხრობილი მარტოკაცის ომი ან თემიდან მოკვეთილი მკვდარი მოძალადის დედის ამბავი, რომელიც ნაწარმოებშივე იქცა კინოდ. ჩემთვის, მაგალითად, არც ერთი სვანებზე გადაღებული ფილმი არ ყოფილა ისეთი ღრმა და შთამბეჭდავი, როგორც ამ რომანში მოთხრობილი სვანების ამბები.

მეტისმეტად საინტერესო პერსონაჟია მთავარი გმირის დედა – პროფესიით არქეოლოგი ( თავისთავად ძალიან საინტერესო და უჩვეულო პროფესია ქალისთვის) მარტოხელა დედაა (პრობლემა, რომელზეც ყოველგვარი ზედმეტი დრამატიზებით საუბრობს მწერალი), რომელიც ,,ზვიადისტია“ (უახლესი ისტორიის თანმდევ ამ უცნაურ ფენომენზე ასე მსუბუქად და ემოციურად დაწერილი მე, პირადად, მხატვრულ ლიტერატურაში არაფერი და ზოგადად, მხოლოდ უარყოფითი წამიკითხავს).

,,მაგარი ვინმე“ ლეოს და ანგელოზივით, ,,სხვანაირი დასტოინი“, პროფესორის შვილი მედიკოს უცნაური სიყვარულის ამბავი – ,,ნეტა მსოფლიოს კიდევ რომელ ქალაქში შეიძლება მოხდეს ეგეთი რამ? უფრო სწორად, არაფერიც არ მოხდეს. ერთმანეთისგან ას ნაბიჯში მცხოვრებმა ორმა ადამიანმა, რომლებსაც სრულიად არაფერი აქვთ საერთო, მთელი ცხოვრება ერთმანეთზე უხილავი ძაფით გადაბმულებმა გაატარონ.“ და ლეოს ნაჩუქარი მანქანის ყველაზე რომანტიკული ისტორია…

ან კიდევ მედიკოს მამა, გაუცხოებულ ქალაქს თვითონაც რომ გაუუცხოვდა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, გაჯახუნებული კარი არასოდეს გამოეღო და მხოლოდ მუსიკის სამყაროში ეცხოვრა… გაუცხოების დიდი სევდაა მედიკოს მამის ისტორია.

ისეთი ამბებიც ბევრია, მკითხველისთვის რომ ძალიან ნაცნობი და მარადსაინტერესოა – ისე ცოცხალია ბერიასა და მიხეილ ჯავახიშვილის საბედისწერო ,,ურთიერთობის“ სურათები… 13 ივნისის ტრაგედიის გულისმომკვლელი ამბებიც და არა მხოლოდ ადამიანების, ცხოველების სევდა…

3.კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც საინტერესოს ხდის რომანს ახალგაზრდებისთვის ( და არა მხოლოდ მათთვის), ჩემი აზრით, არის ის, რომ მასში ცოცხლობს სხვა ხელოვნებაც: კინო, მუსიკა, მხატვრობა…

მხოლოდ ერთგან, თითქოს „შემთხვევით“ ახსენებს თენგიზ მირზაშვილს, მაგრამ შეუძლებელია, გულგრილად გააგრძელო კითხვა და არ დაინტერესდე მისით: ,,კედელზე თენგიზ მირზაშვილის რამდენიმე ნახატი, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს სახლიც, ისევე, როგორც თავად თაზოს სახლი, ნაწილია ქალაქის შიგნით მეორე ქალაქისა, რომელიც ამ მხატვარმა თავისი უანგარო საჩუქრებით მონიშნა… შეიძლება ის ქალიც, თაზოს რომ ელოდება, „ ჩუბჩიკას“ ქალაქიდან არის. მარტოობა ხომ ორივე ქალაქში ერთნაირად აუტანელია.“

კინო საერთოდ სუნთქავს ტექსტის პარალელურად და მკითხველი მაშინვე გრძნობს, რომ მწერლისთვის ეს სფერო ძალიან ნაცნობი და ახლობელია. ისე საინტერესოდ საუბრობს ოთარ იოსელიანზე, ბერგმანზე … ვისთვისაც უცნობია ეს სახელები, შეუძლებელია, მათი შემოქმედების გაცნობა არ მოუნდეთ: ,, … ხმა კიდევ, არასოდეს ყოფილა ჩვენი კინოს ძლიერი მხარე. იოსელიანი არ თვლება – ის მანიაკური გულმოდგინებით თავად ქმნიდა საკუთარი კინოს ხმას. მისი ფილმების გასაოცარი ხმაურები მხოლოდ მისი დამსახურებაა და არა ხმის რომელიმე სპეციალისტის. ხმისთვის მიძღვნილი მისი ლექციაც გვაქვს მოსმენილი მე და თაზოს და ეგეთი რამე თქვა მაშინ: ნიაგარის ჩანჩქერის ხმაური მაქვს ჩაწერილი და ცოტაოდენს ყოველთვის ვადებ ქუჩის ხმაურსო. სრული სიგიჟე- ვიღებთ ნიაგარის ხმას და ვამატებთ გემოვნებით. სიგიჟეა, მაგრამ მჯერა.“

ასე რომ მივყვე, ან მთელი რომანის გადაწერა მომიწევს, ან ამ რომანისხელა ნაშრომის დაწერა.

დასაწყისზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას და დავასრულებ. „კადრი“ ასეთია: ორი ახალგაზრდა კაცი დილით ადრე ხიდზე დგას და უყურებს, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ პოლიციელები მდინარიდან გვამის სხვა ადგილას გადაცურებას. იქმნება განცდა, თითქოს ჩვეულებრივია პოლიციელთათვის ეს საქმე, მათი რუტინის ნაწილია, რომ ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად რომელიმე თვითმკვლელის თუ მოკლულის გვამი ჭოკებით გაადააცურონ ერთი ადგილიდან მეორეზე და ერთმანეთს სიყოჩაღეში ეჯიბრებიან…ისეთი უსუსურების, სასოწარკვეთის განცდა გეუფლება კითხვისას… ამ დაძაბულ მომენტს თაზოს სიზმარიც უერთდება თავისი ფინალით, ერთადერთი უხამსი სიტყვით მთელ რომანში და ქმნის ერთგვარ თანამედროვე ტრაგი – კომედიას: პოლიციელები ხიდზე ამჩნევენ ორ მოხარხარე კაცს, რომელთა სიცილი ტრაგიკულ  კონტრასტს ქმნის მათ საქმიანობასთან.

მოკლედ, ბევრი განსაცდელი ამბავია ამ წიგნში და ვფიქრობ, მოსწავლეებმაც უნდა განიცადონ მასწავლებლების დახმარებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი