პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

განხიბვლა აუკრძალავი ხილით

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზების შესახებ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კანონპროექტის კონცეფცია, რომელიც, საზოგადოდ, ადამიანის და, კერძოდ, ნარკომომხმარებელთა მიმართ ჰუმანური მიდგომის იდეას ემსახურება, კითხვებსაც ბადებს, მათ შორის – ასეთს: ხომ არ გახდის ეს ყველაფერი ნარკოტიკულ საშუალებებს უფრო ხელმისაწვდომს ახალგაზრდა თაობისთვის და პროვოცირებას ხომ არ გაუწევს მოხმარების გააქტიურებას?

საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია და, ცხადია, ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ მეტყველებს.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს დეკრიმინალიზაციის შესახებ თან ახლავს სერვისების განვითარების გარდამავალი გეგმაკონცეფცია. მასზე წამყვანმა ნარკოლოგებმა, სერვისის მიმწოდებლებმა და დამოკიდებულ ადამიანთა თემმა არაერთი თვე იმუშავეს უცხოელ ექსპერტებთან ერთად. კანონპროექტი მხოლოდ კანონის შერბილებას კი არ ითვალისწინებს, არამედ, პარალელურ რეჟიმში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სისტემების გამართვასაც, რაც ახალგაზრდა თაობას მოსალოდნელი რისკისგან დააზღვევს.

გარდამავალი გეგმა-კონცეფცია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მათში დეტალურად არის             გაწერილი, რა გველის დეკრიმინალიზაციის შემდეგ, რას ნიშნავს, პორტუგალიის მოდელის მსგავსად, შეფასებისა და გადამისამართების კომისიების ამოქმედება, რას ნიშნავს კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების ქსელისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება. თუმცა გეგმის უმთავრეს კომპონენტად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართული სისტემის ამოქმედება მიიჩნევა.

რას მოიცავს ის? საქართველოში შეიქმნება ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პრევენციული ტიპის პროგრამები, რომლებიც გრძელვადიან რეჟიმში იმუშავებს. სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე – როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ისე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში – დაინერგება პრენციული განათლება. ეს ყველაფერი ერთიანი ანტინარკოტიკული აღზრდის სისტემის შექმნის საფუძვლად იქცევა.

ეჭვგარეშეა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან ჰუმანურ ლიანდაგზე გადასვლა ხანგრძლივი და საზოგადოებისთვის მტკივნეული პროცესია, მაგრა ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს. ნარკოდამოკიდებულებას ციხეში განწესება არ კურნავს და თუ არ შეიქმნა უფრო ლოიალური სამართლებლივი გარემო, ამ მხრივ სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდება. ნარკომანიასთან როგორც დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების თანამედროვე გამოცდილებაც სწორედ პრობლემასთან და არა ადამიანებთან ბრძოლას გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკების წარმოება, გასაღება, მათი ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვა და სხვა ქმედებები, რომლებმაც შეიძლება სხვას მიაყენოს ზიანი, კვლავ დასჯადი იქნება.

ამჯერად პარალელს ჰოლანდიასთან გავავლებთ და მის გამოცდილებას გაგიზიარებთ, რადგან, ალბათ, მრავალ თქვენგანს გასჩენია კითხვა, როგორ შეიძლება, ბავშვი ჯანმრთელ მოქალაქედ აღიზარდოს იმ ქვეყანაში, სადაც კანონით ნებადართულია ჰომოსექსუალური ქორწინება, ევთანაზია, პროსტიტუცია და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება. ასეთია ჰოლანდია.

ჰოლანდიის მთავრობას სჯერა – სქესობრივი პარტნიორის არჩევისას თუ სიკვდილ-სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულებაში ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. მას არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს, ამაზე თავადაა პასუხისმგებელი.

ჰოლანდიამ შეძლო ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების აღიარება, მერე კი რამდენიმე მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება. ლეგალიზაციით ხელისუფლებამ მოახერხა კონტროლის დაწესება ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პროცესებზე. მაშინ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ თუ მარიხუანა სპეციალურ კაფეებში გაიყიდებოდა, მომხმარებლები აღარ იქნებოდნენ დამოკიდებული კრიმინალურ ელემენტებზე. ჰოლანდია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კურსს გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულიდან ატარებს.

ჰოლანდიაში ნარკოტიკები ყველგან არ იყიდება. რამდენიმე ქალაქში, მაგალითად, მაასტრიხტში, უცხოელებისთვის ნარკოტიკების მიყიდვა აკრძალულიც კია. სხვაგვარი მდგომარეობაა ამსტერდამში, სადაც შოფების კლიენტები უმეტესად უცხოელები არიან. ამჟამად ჰოლანდიაში მარიხუანით მოვაჭრე 700-მდე სპეციალიზებული კაფეა.

თუმცა საქართველოში არავინ აპირებს ნარკოტიკების ლეგალიზაციას. ლეგალიზაციის წინააღმდეგია საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებელთა თემიც, რომელიც აცხადებს, რომ ნარკოტიკი არ უნდა იყოს ადამიანებზე ზემოქმედებისა და დევნის იარაღი.

ჰოლანდიაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საგანმანათლებლო პრევენციულ მუშაობას. მაგალითად, 2014 წელს ამოქმედდა ეროვნული პრევენციული პროგრამა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი მოქალაქე სანდო, ხელმისაწვდომი ინფორმაციით ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანის შესახებ. პრიორიტეტი მოწყვლად ჯგუფებსა და ახალგაზრდებს ენიჭებათ.

ჰოლანდიაში ერთმანეთისგან გამიჯნულია მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები. მძიმე ნარკოტიკებად აქ აღიარებენ კოკაინს, მორფინს, ჰეროინს, ჰალუცინოგენურ სოკოს, რომელიც ჰოლანდიაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ აიკრძალა. ნარკოტიკების შენახვა-გასაღება 12-წლიან პატიმრობას ან 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ნარკოტიკების მომხმარებლებს მედიკამენტურ მკურნალობას არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების ბაზაზე სთავაზობენ. მკურნალობა ფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე ადგილობრივ დონეზე. დეტოქსიკაცია და სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება დაზღვევითაც შესაძლებელია.

ჰოლანდიაში ნარკომანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა. ნარკომომხმარებელი განიხილება მსხვერპლად, რომელსაც დახმარება სჭირდება.

ჰოლანდია განვითარებული ქვეყანაა და აქ სულაც არ ცხოვრობენ თავზე ხელაღებული ადამიანები, რომლებიც ლოიალური კანონების გამო თავისუფალ დროს ნარკოტიკებით თრობაში ატარებენ. ჰოლანდიის კანონმდებლობით, ნებადართულია ერთ ჯერზე 5 გრამამდე მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, თუმცა აკრძალულია შენახვა, კულტივირება, ულიცენზიოდ გაყიდვა და რეკლამირება. დასჯადია ნარკოტიკული თრობის დროს ტრანსპორტის მართვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოწევა (ისევე როგორც თამბაქოსი).

საყურადღებო რამ: ჰოლანდიელები საკმაოდ გვიან იწყებენ ნარკოტიკების დაგემოვნებას. 28 წლამდე ასაკის ჰოლანდიელების მხოლოდ 16%-ს აქვს გასინჯული მარიხუანა.

ჰოლანდიელებსაც ჰყავთ შვილები და ისინი ჩვენზე არანაკლებ უყვართ. ჰოლანდიელ მშობლებსაც უწევთ ბავშვებთან ნარკოტიკების თემაზე საუბარი, მათაც აქვთ პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არის გარემო, სადაც შეიძლება მოხვდეს ბავშვი და ნარკოტიკების მოხმარებით დაინტერესდეს. რისკის შესამცირებლად აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

დღეს საქართველოში 55 ათასი ინექცური მომხმარებელია, ყოველი მესამე პატიმარი კი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის.

ჰოლანდიაში 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელებისა და ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარება. მათ ეკრძალებათ მარიხუანის მოწევაც. თუ 18 წლის ჯერ არ ხართ, არავინ მოგყიდით სიგარეტს, ლუდს, მოსაწევს.

ჰოლანდიაშიც არიან დილერები, რომლებიც ბავშვებს დაკვეთით აწვდიან „აკრძალულ ხილს“. დილერებს მოზარდები მობილურით ურეკავენ ან SMS-ით უკავშირდებიან. ეს სქემა ბევრ ქვეყანაში მუშაობს და არც ჰოლანდიაა გამონაკლისი.

ზოგჯერ ბავშვების ხელში ნარკოტიკი უფროსი და-ძმისგან ხვდება. მოზარდები მარიხუანას ეწევიან მეგობრულ შეხვედრებზე, დღეობებზე, მეგობრის სახლებში, იშვიათად – ქუჩაში და ზოგჯერ – სკოლების საპირფარეშოებსა და ეზოებში.

ჰოლანდიაში მართლაც არიან ერთეული ოჯახები, სადაც ვახშმის შემდეგ მარიხუანის მოწევა ჩვეულებრივი რიტუალია. მშობლები ამას ზრდასრულ შვილებთან ერთად აკეთებენ. თუმცა ჰოლანდიაში ნარკოტიკების მოხმარება არ მიიჩნევა გმირობად. შეიძლება, ნარკოტიკს გემო გაუსინჯო, მაგრამ გულის შეღონებამდე მოწევა აქ ცუდი ტონია და მხოლოდ „თავისუფლებას“ დახარბებული ტურისტების ხვედრი. ჰოლანდიელ მოზარდებს არ სურთ, იყვნენ ბანალურები, მარიხუანის მოხმარება კი მათ ქვეყანაში ბანალურია. აუკრძალავი ხილი არავის იზიდავს.

დაბალანსებული ნარკოპოლიტიკისა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობაზე პოლემიკა საქართველოში დღემდე გრძელდება. კანონპროექტის შემქნელები ამბობენ, რომ ინიცირებული რეფორმა განათლებას, მომავალი თაობისა და საზოგადოების დაცვას, უსაფრთხოებას, ჯანდაცვის სერვისების დანერგვასა და განვითარებას, სისხლით გადამდები ინფექციების პრევენციას, ზიანის შემცირებას, დანაშაულის პრევენციას, კონტრაბანდასა და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლას, ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის ხელის გაწოდებას, რეაბილიტაციის შეთავაზებას და სოციალურ რეინტეგრაციას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი