პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ინტერტექსტუალური გადაძახილი – ილიას „განდეგილი“ და  იუკიო მიშიმას „საგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“

ილია ჭავჭავაძესა და იუკიო მიშიმას არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივენი მწერლები არიან, თავიანთ ქვეყნებში პოპულარულნი და მკითხველთაგან გამორჩეული სიყვარულით დაჯილდოებულნი. სხვადასხვაა მათი მოღვაწეობის დრო, თვალსაზრისები და ის კულტურები, რომელთა წიაღიდან საზრდოობენ და ძალას იკრებენ.  თუმცა, მხატვრული ტექსტი მკითხველს ინტერპრეტაციის სრულ თავისუფლებას აძლევს, რომ რომელიმე სხვა ნაწარმოებთან „ნათესაური“, ხილული და უხილავი კავშირები დაინახოს და მათი საშუალებით უფრო ღრმად გაიაზროს. ამჯერად, მკითხველის თვალთახედვით შენიშნულ ინტერტექსტუალურ გადაძახილს წარმოვაჩენთ ილიას „განდეგილსა“ და  იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას მოთხრობას – „საგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“ – შორის. ორიოდე სიტყვას იუკიო მიშიმაზეც მოგახსენებთ. ის მეოცე საუკუნის გამორჩეული იაპონელი მწერალია, მსოფლიოში კარგად ცნობილი თავისი რომანებითა და ეპატაჟური გამოსვლებით. მან არა მხოლოდ თავისი სიცოცხლე, არამედ სიკვდილიც სანახაობად აქცია, როდესაც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა,  მეთაური მძევლად აიყვანა და ჯარისკაცებს ამბოხისკენ მოუწოდა, შემდეგ პროტესტის ნიშნად საჯაროდ გაიკეთა ხარაკირი. ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები და მოთხრობები, მაგრამ ქართველი მკითხველი მას უფრო იცნობს შესანიშნავი მოთხრობით „პატრიოტიზმი“,  რომელშიც მთავარი გმირი რთულ, მაგრამ ღირსეულ არჩევანს აკეთებს. ის არ ღალატობს არც მეგობრებს, არც სამშობლოს და თავს იკლავს, რათა ცხოვრებამ არ აიძულოს სასწორის რომელიმე მხარის გადახრა და იძულებითი გადაწყვეტილების მიღება.

ილიას „განდეგილის“ შესახებ არაერთი შესანიშნავია წერილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოვარჩევთ აკაკი ბაქრაძის წერილს „გზა ხსნისა“, რომელშიც მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის კონტექსტში წარმოჩენილია განდეგილის პრობლემატიკა. ამ და სხვა წერილებში მთავარი გმირის რეალური და სიმბოლური მნიშვნელობების გასააზრებლად კი პარალელები გავლებულია ისეთ ტექსტებთან, როგორებიცაა: ლევ ტოლსტოის „მამა სერგი“, გუსტავ ფლობერის „წმინდა ანტონის ცდუნება“, ანატოლ ფრანსის „სილვესტერ ბონარის ცდუნება“ და სხვ.

ჩვენ ამჯერად პარალელი გვინდა გავავლოთ იუკიო მიშიმას მოთხრობასთან „საგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“. ჟანრობრივი, სტილური და სხვა ტიპის განსხვავებათა მიუხედავად, ამ ორ ნაწარმოებს, ამ შემთხვევაში, აკავშირებს არა მხოლოდ მსგავსი თემა, არამედ პერსონაჟთა სულში მიმდინარე ბრძოლის ხატვა, ის ფსიქოლოგიური ნიუანსები, რომლებიც სულისა და ხორცის ჭიდილისას მჟღავნდებიან. ორივეში კარგად წარმოჩნდება იდეალებისაკენ სწრაფვის გზაზე განცდილი ბრძოლით გამოწვეული ტანჯვა.

იუკიო მიშიმა მოთხრობაში ხატავს ბუდისტ ბერს, განდეგილს, თავის სამყაროში ჩაკეტილს, რეალური, მატერიალური სამყაროსგან მოწყვეტილს. ეს ჩაკეტილი სივრცე მხოლოდ გარედან ჩანს შემოზღუდული, ნამდვილად კი მკითხველი რწმუნდება, რომ, პირიქით, გარესამყაროსგან ზურგშექცევით ბერმა სულ სხვა, მატერიალურ სამყაროზე უსაზღვრო, დიდებული, მშვენიერი სამყარო აღმოაჩინა. აქ ის ბედნიერია, თავისუფალი და შემეცნების უამრავ გზაზე სულიერად ერთდროულად მოსიარულე. ყოველგვარ ხორციელ საზრუნავს განრიდებული მისი სული იშვებს და ყვავის.

როგორც ილიას პოემაში, აქაც მოულოდნელი გადაკვეთა ხდება ორი სრულიად განსხვავებული სამყაროსი. გადამკვეთ წერტილში გაჩენილ გადამბუგავ ხანძარში უნებლიე  „დამნაშავე“  აქაც ქალია. ზოგადად, რა თქმა უნდა, ქალის სახე, როგორც მაცდუნებლისა, შაბლონურია, მაგრამ ამ მოთხრობაში მნიშვნელოვანია ის განცდები, რომლებიც განდეგილის გულში, სულსა და გონებაში აღიძვრება. საგას მონასტრის ბერი სრულიად შემთხვევით მოჰკრავს თვალს ქალს.

ორივე მწერლისთვის ლეგენდა იქცა შთაგონების წყაროდ. „მე დამაინტერესა არა იმდენად ამ ამბის სასიყვარულო პერიპეტიებმა, რამდენადაც მისმა ფსიქოლოგიურმა შინაარსმა, თუმცაღა, საკმაოდ მარტივმა: ეს არის იგავი რელიგიისა და ვნების ბრძოლის შესახებ.  დასავლურ ლიტერატურაში მსგავსი კონფლიქტი უამრავჯერ აღუწერიათ, თუმცა ძველი იაპონიისთვის ეს კოლიზია ჭეშმარიტად უჩვეულოა“, – წერს იუკიო მიშიმა მოთხრობის დასაწყისში.  მის მიერ დახატული ბუდისტი ბერის პორტრეტი სრულად წარმოაჩენს განდეგილის შინაგან სამყაროს: „გარემომცველი სინამდვილე მას ქაღალდის ფურცელზე დახატულ სურათად ესახებოდა, რუკად რაღაც უცხო ქვეყნის გამოსახულებით.  ეგზომ მაღალი მადლის მიღწევის შემდეგ ბერმა დაივიწყა, რა იყო შიში… ამა სოფლის ამაოების ცდუნებებს  წმინდანზე არავითარი ძალაუფლება არ ჰქონია… ბერის ხორცი ბოლოს სულ გამოხმა და ძლივს იკავებდა თავის გარსში სულს… ღამღამობით ბერი სამოთხის ნეტარებაზე ხედავდა სიზმრებს“. ილიას განდეგილის სულიც „სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა“:

„სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი

სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,

და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,

შარავანდედი გადაჰფენოდა“.

საგულისხმოა, რომ ამ ბერსაც ილიას განდეგილივით იტაცებს ბუნების მშვენიერება. ერთ საღამოს იგი კელიიდან გამოვიდა და დაისის ფონზე ტბის ჭვრეტით ტკბებოდა. აყვავილებულ ხეთა სანახავად ხალხიც შემოკრებილიყო, თუმცა მათი ხილვა სრულიად არა აღელვებდა მის სულს. აქ იმპერატორის ხარჭაც მოსულიყო ეტლით მშვენიერი პეიზაჟის საცქერლად და როდესაც მან ფარდა გადასწია, „ჰოი, საოცრებავ, მაინცდამაინც იმ წამში ბერის მზერა უნებურად ქალისკენ მიემართა. ბერი გააოგნა მისმა სრულქმნილმა სილამაზემ. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ვეღარ მოსცილდა. ბერი მზერას ვეღარ სწყვეტდა“. რამდენიწამიანი „შეხვედრა“ ფარდის დაშვებით დასრულდა. ბერი მზერით აცილებდა ოთხთვალას, სანამ სულ არ მიეფარა თვალს. მაგრამ ეს იყო დასასრულის დასაწყისი.

ორივე განდეგილისთვის გრძნობად, მატერიალურ, წარმავალ, მაგრამ „უთვალავფერიან“ სამყაროში ღვთის სახე ცხადდება. შემქმნელი შექმნილში ამჟღავნებს თავს, ამიტომაც ვერ მოუწყვეტიათ თვალი მათ „მშვენიერი სანახავისაგან“:

„მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად

მთისა გადაღმა არ დასულიყო

და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,

ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.

ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,

და განმსჭვალული მისით ღრუბელი

შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.

ამა უბიწო დიადის ხილვით

წარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული“.

ილიას  განდეგილი შემდეგაც ასეთივე ძალით „წარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული“, როდესაც სენაკში მოულოდნელად ესტუმრა უცხო ქალი. პოემაში მწყემსი ქალის სილამაზე უნაკლოა: „თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა/ ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა“.  გურამ ასათიანი ამ ეპიზოდის ანალიზისას შენიშნავს: „მწირის სულში გაღვიძებული ლტოლვა ქალისადმი ილიას დახასიათებული აქვს არა როგორც მდაბალი, ხორციელი ინსტინქტი, არამედ, პირიქით, როგორც უაღრესად პოეტური, თავისებურად ამაღლებული განცდა: „და უცოდველის გულისტკივილით/ ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი“. ილია აქ არსებითად მოულოდნელ ფსიქოლოგიურ ვითარებას გვიხატავს.  იმის ნაცვლად, რომ ქალთან პირისპირ დარჩენას საბოლოოდ დაეკარგვინებინა მწირისთვის სულის სიმშვიდე, აქ იგი მოულონელად თვინიერდება, „დაუწყნარდება“ მშვენიერების ძალას“.  შემდეგ კი იწყება გულის ჭიდილი, ისეთი შინაგანი ბრძოლა, რომელიც, როგორც არტურ რემბო იტყოდა, „კაცთა ომებზე სასტიკია“.

მიშიმას მოთხრობის ბერის სამყაროშიც ქალისთვის ამ წამიერი თვალშევლების შემდეგ იწყება ბრძოლა: „რამდენიმე წამი და მიწიერმა სამყარომ ბერს ჭეშმარიტად დამანგრეველი  სიძლიერის დარტყმა მიაყენა. სულიერი სიმშვიდე, სიმდაბლე ფერფლივით გაიფანტა. ქოხში დაბრუნებული ბერი ბუდას ქანდაკებასთან დადგა, სურდა წმინდა სახელი ეხმო, მაგრამ ვერ შეძლო – ცოდვილი სახეები უფარავდნენ თვალსაწიერს“.

მას შემდეგ, რაც ვერ გაუძლო ცდუნებას და მშვენიერი მძინარე ქალის საკოცნელად დაიხარა, ილიას განდეგილიც  იტანჯება:

„პირჯვარი უნდა,  ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა – ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს და იგივ…იგივ…
ქალი წყეული თვალთ ელანდება!“

ილიას განდეგილსა და ქალს შორის მეტი ძაფია გაბმული, რადგან  იმ მტკივნეულ თემებზე ისაუბრეს, რომელთაც განდეგილის სული შეარყიეს  და „თვითმკვლელი სიტყვები“: „ხსნა ყველგან არის… ხოლო გზა ხსნისა /ესეთი მერგო მე …უბედურსა…¨- წამოაცდენინეს.

მიშიმას მოთხრობის გმირმა კი მხოლოდ თვალი შეავლო ქალს, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მის დასატყვევებლად: „ბერი ცდილობდა საკუთარი თავისთვის შეეხსენებინა, რომ ქალის სილამაზე – წარმავალი ქიმერაა, განწირული ხორცი. თუმცა ეს ქიმერა ისეთი  სიძლიერის აღმოჩნდა, რომ ერთადერთმა წამმაც კი შეძრა: იგი ბერის სულს დაეუფლა. ეჩვენებოდა, რომ ასეთ იშვიათ ძალას უეჭველად სადღაც ძალიან შორს უნდა ეარსება, თვით მარადისობაში“.

მსგავს სულიერ რხევას განიცდის ილიას განდეგილიც:

„ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?“

იუკიო მიშიმა შთამბეჭდავით სიმძაფრით აღწერს ბერის სულში მიმდინარე ცვლილებებს: „ბერის სული საბედისწერო სწრაფმოქმედი შხამით მოიწამლა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბერს არასდროს დაურღვევია უბიწოების აღთქმა. ახალგაზრდობის წლებში ხორციელ ცდუნებებთან სასტიკმა ბრძოლამ მას აიძულა, ყველა ქალისთვის ისე შეეხედა, როგორც ხორციელი არსებებისთვის… ხორციელ სამყაროს მხოლოდ გონების ჭვრეტით იცნობდა და ყოველთვის მიაჩნდა, რომ მასთან გასამკლავებლად სულიერი ძალა საკმარისი იქნებოდა. უწინ ეს გამოსდიოდა კიდეც და ვერც ერთი ადამიანი, ვინც იცნობდა ბერს სიგას ტაძრიდან, ვერ შეიტანდა ეჭვს მისი სულის სრულ გამარჯვებაში სხეულზე. მაგრამ იმ ქალის სახე, რომელმაც ოთხთვალის ფარდა ასწია და ტბას მიანათა მზერა, ისეთი ბრწყინვალე იყო, ისეთი ჰარმონიული! ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხორცის ჩვეულებრივი თამაში – ბერმა არ იცოდა, რა ეწოდებინა მსგავსი მოვლენისათვის. იმ დაუვიწყარმა წამმა მის სულში რაღაც შეუცნობელი შობა, შორეული ხანიდან მიჩქმალული მის სიღრმეებში. და იგი მიხვდა, რომ ეს მიწიერი ცხოვრება იყო. ეს შეუცნობელი რამ დიდხანს იცდიდა, უძრავ სურათად აჩვენებდა თავს, მაგრამ, აი, უცებ  მომენტი დაიჭირა და ჩარჩოები გამოარღვია… ბერი, რომელმაც ყველა ძაფი გაწყვიტა, რაც ამ ქვეყნის ამაოებას აკავშირებდა, ისევ შეუკავშირდა“.

ილიას „განდეგილსაც“   არ შეუძლია სიტყვიერად აუხსნას და  დაუსაბუთოს ყმაწვილ ქალს,  რატომ ცხოვრობს „ამ ყინულებში“, რატომ არის სული „წუთისოფლის ტყვე“ და რატომ არის სულისთვის ბორკილები ღვთის მიერ შექმნილი სამყარო. განდეგილს რაღაც შეუცნობელი ემართება, დიდი ხნის წვალებითა და ტანჯვით შექმნილი შვებისა და ნეტარების სავანე უცებ ქვიშის სასახლესავით იშლება და ახალი ძალით მოვარდნილ დათრგუნულ ფიქრთა ნაკადებში  იფანტება:

„და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა

თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?

ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?

მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი

რად ეურჩება და არ ჰნებდება?!“

როგორც ილიას „განდეგილის“ ფიქრთა სამყარო დაიპყრო ქალმა, ასევე დაემართა სიგას ბერსაც, მის არსებაში შეიჭრა იმპერატორის ხარჭა: „სამყარო შეიკუმშა ვიწრო წრემდე, რომლის ერთ ნაპირში თვითონ იყო, მეორეში – ის ქალი“. „ბერი სიგას ტაძრიდან სასოწარკვეთილი ებრძოდა თავის სიყვარულს“.

ილიას განდეგილსაც უჭირს ბრძოლა და ავტორიც მის მხარესაა, როცა წერს:

„იმა ღიმილის გრძნეული ჯადო

ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა

და იმა წვევის მაცდურებასა

ზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა…

და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც…“

ილიას განდეგილი ლამის ჭკუიდან შეშალა ამ მოულოდნელმა ვნების ტალღამ, რომელსაც ვერ გაუძლო. როცა მან სენაკში ღვთის შეწევნისა და მოწყალების დასტურად მზის სხივზე ლოცვანი ვეღარ დააყრდნო:

„დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული“.

„შეშლილი მეუდაბნოეს უკანასკნელი სასოწარკვეთილი „შებღავლება“ ისე გაისმის, როგორც დამასრულებელი აკორდი და ნაწარმოებიც სწორედ ამ მაღალი ტონალობით მთავრდება, რაც მკითხველის აღქმაში გამორიცხავს დამშვიდების, წინააღმდეგობის დაძლევის შთაბეჭდილებას. ჩვენს სმენაში ყველაზე დიდხანს სწორედ ეს სასოწარკვეთილი ხმა რჩება“, – წერს გურამ ასათიანი. მისივე აზრით, ილიასთვის ეს არის მთავარი: „ცხოვრება სავსეა უმძაფრესი წინააღმდეგობებით. იგი ანტაგონისტური ძალების, ვნებების, იდეების სამკვდრო-სასიცოცხლო  ურთიერთშეჯახების სარბიელს წარმოადგენს“.

გერონტი ქიქოძის აზრით, „ეს თითქოს რკინისგან ჩამოსხმული  პიროვნება ადამიანთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც იდეალი სავსებით ფლობს, რომელსაც იდეალი იმდენად აქვს ხორცსა და სისხლში გამჯდარი, რომ მისი დაკარგვა ინდივიდუალური არსებობის მოსპობას იწვევს“.

საგულისხმოა ილიას  „განდეგილის“ დიმიტრი უზნაძისეული ფსიქოლოგიური ახსნა. ამ პოემის ანალიზისას იგი  წერს: „მისი ნება იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი არცერთმა ჩვეულებრივმა ადამიანურმა ღირებულებამ არ დააკმაყოფილა და მწვავედ იგრძნო, რომ მთელი ხროვა იმ ღირებულებათა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ხორციელდება, ამაოა, რომ იგი მხოლოდ თავის მოტყუებაა და აი, სწორედ ამიტომ მოსცილდა იგი ამ ღირებულებათა სამკვიდროს – ჩვეულებრივ სოფლის ცხოვრებას და თავისი ძლიერი ნებით მხოლოდ ზეციურისკენ იწყო ლტოლვა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ადამიანის ნება მაინც ადამიანისაა და მისი აბსოლუტური სრულყოფა შეუძლებელია, რომ იგი რაკი ერთხელ დაიწყებს მოქმედებას, მუდამ ჩვეულებრივ პასიურ გრძნებათა და გრძნობათა საშუალებით მოქმედებს. განდეგილის ნებაც ასეთ გრძნობათა ზეგავლენით შემოიფარგლა და ადამიანის ნებამ ვერა და ვერ იქნა, აბსოლუტურ ყოფას ვერ მიაღწია და მაინც პასიურ ელემენტთა ბრჭყალებში დალია სული“ .

განდეგილის სიკვდილმა დაასრულა მისი ტანჯვა. აქ იყრება ჩვენს წარმოსახვაში დაკავშირებული ამ ორი პერსონაჟის გზები. მიშიმას მოთხრობაში კი დახატულია, როგორ მძაფრდება ბერის გრძნობა ქალის მიმართ. მწერალი არაჩვეულებრივი ოსტატობით ხატავს სულიერი ბრძოლის ნიუანსებს. იგი გრძნობს, რომ „ცოდვის ჭანჭრობმა“ ღრმად ჩაითრია, მაგრამ დანებებას არ აპირებს. რადგან ქალის სახება ვერ მოიშორა, გადაწყვიტა მსგავსი მსგავსითვე  განეკურნა და წარმოსახვას სრული თავისუფლება მისცა. ამ სულიერმა ბრძოლამ და ცოდვის არსში ჩაძიებამ ბერი მიახვედრა, რომ იმპერატორის ხარჭა მისთვის არ იყო „ხორცის ბარძიმი“, არამედ „საგნების არსი“. უცნაური იყო, მაგრამ მან „საგნების არსის გასაღები“ იპოვა ქალის სახით. მისი სახე „სამოთხის ლოტოსისეულ ხატს“ შეერწყა. ბერმა გადაწყვიტა ქალი კიდევ ენახა და ამ გზით გათავისუფლებულიყო მისგან. მართლაც, მივიდა ქალის ბაღში და უსიტყვოდ, დღეების განმავლობაში ელოდა მის გამოჩენას. შემდეგ ქალმა როცა ფარდა გადასწია და ხელი გაუწოდა, იგრძნო, „რამდენიმე ცხელი წვეთი დაეცა“, „მის ხელს თვით ბუდა ეხებოდა“. ბერს არ შეუხედავს მისთვის, ისე წავიდა. მკითხველი ხვდება ავტორის სათქმელს: ეს სიყვარულიც „ღვთისაგან იყო“. რამდენიმე დღეში ქალის ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ „წმინდანი სიგას ტაძრიდან მშვიდად გარდაცვლილიყო თავის კელიაში. მაშინ იმპერატორის ხარჭა კიოგოკუს სასახლეში განმარტოვდა და მშვენიერი ხელწერით დაიწყო გრაგნილებზე წმინდა სუტრების გადაწერა: მარადიული სიყვარულის სუტრა, სუტრა ბუდის ყვავილის დიდებულების შესახებ…“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი