სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

შვილების ადვოკატები

 

ადრე რამდენიმე გამორჩეული მამა გაგაცანით (https://mastsavlebeli.ge/?p=10727), ახლა კი იმ ქართველ დედებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც გარემოებების გამო შვილების ერთგვარ ადვოკატებად იქცნენ. მეტყვით, ყველა დედა მზრუნველია და ამაში არაფერია განსაკუთრებულიო, მაგრამ რადგან ჩემი სტატიის გმირები დროთა განმავლობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი შვილების უფლებადამცველებადაც ჩამოყალიბდნენ და სხვა დაბნეული, გნებავთ თავზარდაცემული, მშობლების გზამკვლევებადაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ საზოგადოება უფრო კარგად უნდა იცნობდეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებმა ამ დედებს საკუთარ თავში დიდი პოტენციალი აღმოაჩენინეს და უბიძგეს სულ სხვა სფეროში გამოევლინათ ნიჭი.

 

*

დაუნის სინდრომის მქონე ირაკლის (აკლის) დაბადებამ პროფესიით ფილოლოგი დედის  საქმიანობის სფერო რადიკალურად შეცვალა. ნინო ცინცაძემ 2006 წელს დააფუძნა „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი“, ასევე საქართველოს „პორტიჯის“ ადრეული განვითარების პროგრამა და მას შემდეგ ზრუნავს ბაღებში ინკლუზიური სწავლების გაფართოებისათვის. ბოლო წლებში მისი ინიციატივით ქართულად ითარგმნა ამ დარგისათვის ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, როგორიცაა „დაუნის სინდრომი – ნათელი მომავლისაკენ“, „მსხვილი მოტორიკა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში“, „როგორ ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კითხვა“; მომზადდა დაუნის სინდრომის მართვის სამედიცინო მეთოდური რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფომ აღიარა და ახლა მათ რეგიონების სამედიცინო პერსონალს აცნობენ. 2012 და 2017 წლებში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ადრეული ინტერვენციის პროგრამა დააფუძნა ლაგოდეხსა და ახალციხეში. ამჟამად ილიას უნივერსიტეტთან ერთად „პორტიჯი“ ავითარებს ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამას, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა იმ ბავშვისათვის, ვისაც მეტყველების განვითარების დარღვევა აქვს.

 

*

 

 

„ვფიცავ, ვიქნები მისი ადვოკატი, მისი ხმა და მხარდამჭერი ყველგან, სადაც საჭირო გახდება. თავს შევაკლავ ყველას, ვინც მას დამიჩაგრავს!“ – ეს სიტყვები ხშირად გამიგონია მარი კორკოტაძისგან, აუტიზმის მქონე დათას დედისგან, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მოახერხა აქტიურად ჩაბმულიყო შშმ პირების უფლებების დაცვის საქმეში და გამხდარიყო ბევრი მშობლისათვის მაგალითი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)“ ერთი წლის წინ დააარსა და უშურველად უწევს კონსულტაციას დედებს, როცა მათ შშმ შვილებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ. მაგალითად მისი დახმარებით უკვე რამდენიმე ბავშვს დაენიშნა სპეცმასწავლებელი ბაღსა თუ სკოლაში; მისი ინიციატივით განათლების სამინისტრომ დააფინანსა პროექტი „მასწავლებლების სუპერვიზია საჯარო სკოლებში“, რისი საშუალებითაც მასწავლებლები შეისწავლიან იმ მოსწავლეებთან მუშაობის ტექნიკას, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები. ეს კი ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების განვითარებას საქართველოში. „FAD“-ის მოთხოვნით თბილისის მერიამ საკრებულოს დადგენილებიდან ამოიღო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აუტიზმის აბილიტაციის პროგრამაში მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც 2015 წლის პირველ ივლისამდე იყვნენ თბილისში ჩაწერილი. ახლა ამ დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ნებისმიერ თბილისელ თუ თბილისში გადმოწერილ პირს ეძლევა საშუალება გარკვეული დროის შემდეგ მიიღოს უფასო მომსახურება.

*

 

„ლევანის სიყვარული მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ცვლილებებისთვის. სწორედ მან ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. როცა ვიღლები, ის მეხუტება. დაღლა მალევე ქრება და მე ისევ განვაგრძობ ბრძოლას. ჩემი საქმიანობით რეალურად მე ჩემი შვილის მომავალს ვქმნი.“ – ეს მაია შიშნიაშვილის სიტყვებია. ანგელმანის სინდრომის მქონე ლევანის დედა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის განათლების მეცნიერებათა მაგისტრია. შვილის მომავალზე ფიქრმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, დაეფუძნებინა სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“, რომელიც მიზნად დაისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას, დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და დასაქმებას. პირველი საოჯახო ტიპის სახლი საკუთარი მშობლების სახლში, გურჯაანში, 2011 წელს გახსნა. ახლა უკვე ამ ტიპის ექვსი სახლი არსებობს (სამი გურჯაანში, სამიც თბილისში), რისი მეშვეობითაც ოცდახუთი ადამიანი დაუბრუნდა საზოგადოებას. „ხელი ხელს“ ძირითადად იმ ადამიანებს სთავაზობს საოჯახო საცხოვრისს, ვინც ინსტიტუციებში ცხოვრობდა. პრიორიტეტი ენიჭებათ ინტელექტუალური შეზღუდვებისა და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს, როგორც ყველაზე მეტად უგულებელყოფილ და სტიგმატიზებულ ადამიანებს. ორგანიზაციის დამფუძნებელი მუდმივად ზრუნავს შშმპ თემებზე ცნობიერების ამაღლებისა და საოჯახო ტიპის სახლების მოდელის ადვოკატირებისთვის.

*

 

ცნობილი ტელეწამყვანის – ნინო მეუნარგიას შემთხვევა სხვა დედების ამბებისგან ოდნავ განსხვავებულია, რადგან ის იმავე სფეროში, ჟურნალისტიკაში, დარჩა. ცერებრული დამბლის მქონე დაჩის დაბადების შემდეგ იგი ოთხი წლის განმავლობაში მოწყდა თავის საქმიანობას, თუმცა შემდეგ ისევ აქტიურად დაბრუნდა რადიოში პირველი ქართული სოციალური პროექტით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ერთგვარ ხმად იქცა. „ჩვენ აქ ვართ“ რადიო „იმედის“ გადაცემაა, რომელიც თითქმის 5 წელია აშუქებს შშმპ თემებს. ნინო მეუნარგია წამყვანია მეორე სოციალური გადაცემისაც – „ვუსმენთ ერთმანეთს“. ის აქტიურად იყენებს თავის პროფესიას და ტრიბუნას შშმ პირთა შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად; არის ამ თემებზე არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი მედიის მიმართულებით. მისი საქმიანობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ პარალიმპურ კომიტეტსაც დაუკავშირდა, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს და ცდილობს ის დიდი შედეგები, რაც ჩვენს პარასპორტსმენებს აქვთ, სათანადოდ წარმოაჩინოს, რითაც ხელს უწყობს როგორც სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოებაში, ისე სხვა შშმ პირების სპორტით დაკავების წახალისებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი