შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროექტებით სწავლა – ეფექტური მაკრომეთოდი პროფესიულ განათლებაში

მოდით, ცოტა ხნით ტიპური სცენარი დავივიწყოთ:

დაფასთან მდგარი, დამწკრივებულ მერხებთან მიმსხდარ მოსწავლეებს „მასალას ვუხსნით“. ინფორმაცია სტრუქტურირებულია თემატური  პრინციპით და ეს აბსტრაქტული ცოდნა რამდენადმე მოწყვეტილია სტუდენტთა საჭიროებებს. შესაძლოა, არც არის მოწყვეტილი, მაგრამ ფორმულირებულია ისე, რომ მსმენელები თავიანთ პროფესიულ გამოწვევებთან ამ ნარატივს ვერ აიგივებენ, ვერ ხედავენ აღნიშნული ცოდნის გამოყენების უახლოეს და შორეულ შესაძლებლობებს.

ვაგრძელებთ. ვსვამთ ფრონტალურ კითხვებს. აქტიური სტუდენტები, ცხადია, პასუხობენ ხმამაღლა, რაც საშუალებას არ გვაძლევს გავერკვეთ, რამდენად მიაღწია ინფორმაციამ დანარჩენ ადრესატებამდე. მათ ჩამქრალ თვალებში არ იკითხება ინტერესი, სამაგიეროდ, ჩანს ფრუსტრაცია, რასაც, საბოლოოდ, რამდენიმე ახსნას ვუძებნით: უინტერესო თაობა მოდის / სუსტი კონტინგენტი შეგვხვდა.

რას ფიქრობენ ისინი? ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ პროფესიულ კოლეჯში სწავლა უინტერესო და უპერსპექტივოა.

ასე „გავივლით მასალას“ და ხშირად არც ისე მკაფიო წარმოდგენა გვაქვს, ჩვენ მიერ გადაცემული ინფორმაცია გარდაიქმნება თუ არა სტუდენტების პრაქტიკულ კომპეტენციებად.

ალტერნატიული, ქმედებაზე ორიენტრებული (action oriented)  სცენარი, რომელმაც დიდი ხანია, განათლების არაერთ წარმატებულ სისტემაში დაიმკვიდრა ადგილი, ტრადიციული მოდელისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ეს სხვაობა ყველა დონეზე ვლინდება – სასწავლო გარემოს დიზაინიდან, მასწავლებლის ფუნქციის გააზრებამდე.

პრაგმატიზმი – პროექტებით სწავლის ფილოსოფიური კონტექსტი. პრაგმატიზმი, როგორც განათლების ფილოსოფია ჯონ დიუისა და უილიამ ჯეიმსის ნაშრომებში იძენს გამოკვეთილ სახეს. პრაგმატიზმის ქვაკუთხედი ადამიანია – მისი გამოცდილება, საჭიროებები და პრობლემები. საგანმანათლებლო პროცესიც სწორედ ამ გამოწვევების პასუხისგებას ემსახურება.

პრაგმატიზმი ცნობს ექსპერიმენტს, ემპირიას, შესაბამისად, ამტკიცებს, რომ სწავლა მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, როცა მოსწავლე თავად ამდიდრებს საკუთარ გამოცდილებას, თუნდაც, შეცდომების საშუალებით და საკუთარ საგანმანათლებლო პროცესზე თავადაა პასუხისმგებელი. ის სტუდენტს ინიციატორის, გადაწყვეტილების მიმღების როლში განიხილავს და არა როგორც ინფორმაციის პასიურ ჭურჭელს. ამიტომ მისი საყრდენი საგანმანათლებლო მიდგომებია ქმედებაზე ორიენტირებული განათლება, კეთებით სწავლა, ფავორიტი მაკრომეთოდი კი – პროექტებით სწავლა.

პრაგმატიზმი წაახალისებს ინდივიდუალურ, წყვილებს შორის და გუნდურ კვლევებს, რაც საუკეთესოდ მოქმედებს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის გაზრდაზე. კვლევა აღმოჩენის სიხარულთან და თვითრწმენის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. ის ყოველგვარი შესაძლებლობისა და აკადემიური მოსწრების სტუდენტს აძლევს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, რასაც ვერ ვიტყვით ფრონტალურ აქტივობებზე, სადაც, როგორც წესი, მთელ კლასს აქტიური მოსწავლეების თამაშის წესების მიღება უწევთ. რაც უნდა სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული იყოს კურიკულუმი, ჩვენი გადასახედიდან, თუ მისი დიზაინის პროცესში აზრს სტუდენტებს არ დავეკითხებით და მათგან უკუკავშირს არ მივიღებთ, ჩვენი მცდელობა მათი მხრიდან მაინც თავსმოხვეულ ძალისხმევად განიხილება.

პროექტი, როგორც დასრულებული ქმედება, ფაზლის პრინციპით აერთიანებს არამხოლოდ პროფესიულ, არამედ – მთელ რიგ სოციალურ და პერსონალურ კომპეტენციებს. დაგეგმვის ეტაპზე სტუდენტები ცდილობენ საკუთარი პრობლემებისა და საჭიროებების რეფლექსიას და სახავენ მათი მართვის ეფექტურ გზებს; წყვილთან ან გუნდური მუშაობისას სტუდენტები სწავლობენ კოლაბორაციას, დისკუსიას, კონფლიქტების მართვას, პროექტის დასრულების შემდეგ უმაღლდებათ თვითშეფასება და უვითარდებათ გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პროექტებით სწავლას მსოფლიოში მიმართავენ განათლების ყველა საფეხურზე – საბავშვო ბაღიდან – უნივერსიტეტებამდე. პროფესიულ განათლებაში ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია; უფრო კი, იმგვარი პროექტებისა, რომლებიც რაიმე ნივთიერი პროდუქტის  შექმნას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში კონკრეტულ დროში მიღწეული მატერიალური შედეგი სტუდენტებს შორის სწავლისადმი მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს.

პროექტებით სწავლა, როგორც ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომის ინსტრუმენტი. პროექტებით სწავლის მეთოდი, გლობალურად, ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომის (action oriented approach) ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ მიდგომას ტრადიციული საგანმანათლებლო გამოცდილებებისგან განასხვავებს ორი მთავარი გარემოება: ქმედებაზე ორიენტირებული განათლების პროცესს არსებითად გამოხატავს ტერმინი „სწავლა“ და არა – „სწავლება“, რადგან მთავარი ფოკუსი აქ მოსწავლეა და არა – მასწავლებელი; შესაბამისად, სასწავლო პროცესი აქ ავტონომიურად (მოსწავლის მიერ) არის ორგანიზებული.

პროექტი, როგორც ნებისმიერი, ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდი, ექვს ძირითად ეტაპს ითვალისწინებს:

  1. ინფორმაციის შეგროვება

მოსწავლეები განსაზღვრული საკითხის გარშემო სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებენ ინფორმაციას. ეს პროცესი ახლო დგას გონებრივი იერიშის მიკრომეთოდთან, როდესაც საკითხში გარკვევის, მის გარშემო ცნობიერების განვითარების საშუალებით ხდება მეხსიერებაში დალექილი გამოცდილებების სტიმულირება და პროექტის მიმართ მოტივაციის გაზრდა.

  1. დაგეგმვა

დაგეგმვის ფაზაში, უპირველეს ყოვლისა, პროექტის იდეის, კონცეფციის განვითარება მოიაზრება – რა კეთდება, რისთვისა და ვისთვის კეთდება, ასევე, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს გარემოება თვით სტუდენტებმა განსაზღვრონ. ეს დაეხმარება მათ გარემო და შინაგანი პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის სტრატეგიების შემუშავებაში.

დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრება, რა ტიპის პროექტების განხორციელება იგეგმება. იქნება ეს მარტივი პროექტები, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ერთი სამუშაო შესრულდება, თუ კომპლექსური – მრავალგანზომიებიანი პროექტი, რომელიც სხვადასხვა ამოცანებსა და შესაბამის აქტივობებს მოიცავს. პროექტი შესაძლოა მიზნად ისახავდეს რაიმე ნივთიერის შექმნას, პრობლემის გადაჭრას ან რომელიმე ცალკეული უნარის განვითარებას.

  1. გადაწყვეტილების მიღება

ზოგადი მონახაზის შემუშავების შემდეგ სპეციფიკური დეტალების განსაზღვრის დრო დგება. პროექტის განმახორციელებელი ჯგუფები / ინდივიდები ინაწილებენ ამოცანებს და ქმნიან შესაბამის ფუნქციურ სქემას, მაგ. გამოკითხვის ჩატარება, პროდუქტის კონცეფციის ჩამოყალიბება, პროდუქტის დიზაინი და სხვ. აქტივობათა სქემის განვითარების პრინციპი შეიძლება იყოს დრო, რა შემთხვევაშიც  პროექტი ჩაიშლება თანმიმდევრულ აქტივობებად – დღეების / კვირების / თვეების მიხედვით. შესაძლოა სამუშაო პაკეტები დაიყოს სივრცულად – განსახორციელებელი ადგილების (საწარმო, სარეალიზაციო ობიექტი, სკოლა და სხვ) მიხედვით. განისაზღვრება თითოეული სამუშაო ჯგუფის მოქმედებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსები, აგრეთვე სამუშაო პაკეტებზე პასუხისმგებელი სტუდენტები.

დაგეგმვის ფაზა, სასურველია, დასრულდეს, პროექტის გეგმის ვიზუალიზაციით, სამუშაო პაკეტებად ჩაშლილი მატრიცის სახით.

  1. განხორციელება

პროექტი სრულდება გეგმის შესაბამისად, თუმცა სტუდენტები, ამასთანავე, უნდა იყვნენ განხორციელების თანამდევი გამოწვევების ადეკვატურები, შეძლონ მათზე სპონტანური რეაგირება და არ მოექცნენ გეგმის, როგორც თავისთავადი მოცემულობის ტყვეობაში.

  1. მონიტორინგი

პროექტის მსვლელობისას საგანგებოდ შერჩეული სტუდენტები აკვირდებიან საკუთარი / სხვა ჯგუფების საქმიანობას – რამდენად შეესაბამება პროექტის ამოცანებსა და საბოლოო მიზნებს მისი განხორციელების პროცესი; რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს გუნდის თითოეული წევრი; რამდენად შედეგიანად მიმდინარეობს კოლაბორაცია;

პროექტის მონიტორინგის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს მასწავლებელიც, თუმცა ეს უკანასკნელი იმ გეგმითა და პრინციპებით იხელმძღვანელებს, რომლებიც წინასწარ სტუდენტებს ექნებათ შემუშავებული. პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში, მონიტორის მითითებით, პროექტის შემსრულებლები შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრაზე მიმართულ სტრატეგიებს.

  1. შეფასება

შეფასება ნებისმიერი საგანმანათებლო აქტივობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ამ ეტაპზე შესაძლებელი ხდება პროექტის პროცესისა და შედეგების რეფლექსია – ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი.

მნიშვნელოვანია, რომ შეფასების წესი და კრიტერიუმები სტუდენტებმა თავად განსაზღვრონ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე. კარგი იქნება, თუ სასურველი შედეგების კონკრეტული ინდიკატორების სქემას გაწერენ, რაც შეფასების პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.

მასწავლებელს შეუძლია, შესთავაზოს საკუთარი მოსაზრება პროექტის შედეგების გაზომვის, მისი ეფექტიანობის შეფასების თაობაზე. სასურველია, თუ აქცენტი არამხოლოდ შედეგზე გაკეთდება (რა გაკეთდა), არამედ – საკუთრივ მუშაობის პროცესზეც (როგორ გაკეთდა), რადგან პროექტებით სწავლის მთავარი მიღწევა არამხოლოდ ტექნიკური და პროფესიული ცოდნითა და უნარებით აღჭურვაა, არამედ სწორედ საკვანძო (სოციალური, მეთოდოლოგიური და ინდივიდუალური) კომპეტენციების განვითარებაა არანაკლებ მნიშვნელოვანი.

სასწავლო გარემო და საათებრივი ბადე. როგორც აღვნიშნეთ, პროექტებით სწავლის შემთხვევაში, აუდიტორიის დიზაინიც განსხვავებულია – მერხები, როგორც წესი, არა მწკრივებადაა განლაგებული, არამედ შეესაბამება პროექტის სოციალური ორგანიზაციის ფორმას – ინვივიდუალურს, ჯგუფურსა თუ გუნდურს.

მასწავლებელი თავის უცვლელ პოზიციას (დაფის მიმდებარედ, მასწავლებლის მაგიდასთან) თმობს და მუდმივად გადაადგილდება აუდიტორიაში. ის ყურადღებას აქცევს სტუდენტების მუშაობას და კითხვების შემთხვევაში, მუდმივ მზადყოფნაშია, უპასუხოს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

პროექტები, ცხადია, მხოლოდ კონტაქტური საათებითა და ერთი აუდიტორიით არ შემოიფარგლება. ის შეიძლება გაგრძედეს ლაბორატორიაში, საწარმოში, სახლში, მეურნეობაში და სხვ. საგანმანათლებლო სიტუაციების ხშირი ცვლა, რუტინის დარღვევა სტუდენტების  დაინტერესებას ზრდის და ეხმარება მათ სასწავლო მიზნებზე კონცენტრირებაში.

პროექტების მეთოდის მთავარ სისუსტედ განიხილება ის გარემოება, რომ მას სასწავლო საათებრივი ბადიდან საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ზოგიერთი მასწავლებელი მისი გამოყენებისგან თავს იკავებს, მიიჩნევს რა, რომ იმავე ცოდნის გადაცემა სტუდენტებისთვის უფრო ლაკონური ფორმით – 1-2 დეფინიცითაც შეიძლება, გაცილებით მოკლე დროში.  თუმცა არაერთი მტკიცებულება მოწმობს, რომ საგანმანათლებლო შედეგების ეფექტურობის, პროფესიული, სოციალური, პერსონალური და მეთოდოლოგიური კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, პროექტების მაკრომეთოდს ტრადიციული სამკუთხედი თავისი მზა ფორმულირებული ნარატივებითა და რუტინული გარემოებებით ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს.

მასწავლებლის როლი. იმისათვის, რომ პროექტებით სწავლა არ დარჩეს ფორმალურ, იდეას მოწყვეტილ, მოდურ მეთოდად, არამედ გახდეს შედეგზე ორიენტირებული აქტივობა, ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობაა მასწავლებლის მიერ საკუთარი როლისა და ფუნქციის სწორი ხედვა. მასწავლებელი ამ მოდელში არა ექსპერტის, არამედ – ფასილიტატორის საქმეს ასრულებს. ის  არის იმ გარემოს შემოქმედი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ დამოუკიდებლები, მკვლევარები, გადაწყვეტილების მიმღებნი და გარკვეულწილად, მასწავლებლის თანამშრომლები.

ბევრი თვლის, რომ რადგან ქმედებაზე ორიენტირებულ მეთოდებში მასწავლებლის აქტივობის ხარისხი მცირდება, თითქოს, მისი ფუნქცია ამით რამენაირად კნინდებოდეს. პირიქით, სტუდენტზე ორიენტირებული, მის ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული დემოკრატიული გარემოს შექმნა, მოსწავლის არჩევანის პატივისცემა გაცილებით მეტ ცოდნასა და პერსონალურ კომპეტენციებს ითხოვს, ვიდრე საგანმანთლებლო რესურსების, დროსივრცისა და ინფორმაციის საკუთარი შეხედულებების ყალიბში მოქცევა. ამდენად, პროექტების – ამ უაღრესად ეფექტური მაკრომეთოდის წარმართვას, ალბათ, მხოლოდ განსაკუთრებით უნარიანი მასწავლებლები შეძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი