პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა საჭიროებანი და მიზნები მათემატიკის სწავლის დროს

ნებისმიერ სასკოლო საგანში სასწავლო პროცესის შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და სასურველი შედეგების დადგენაში, როგორც წესი, მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები – მასწავლებლები, მშობლები, საგნის ექსპერტები, სწავლების მეთოდოლოგიის ექსპერტები, განათლების მენეჯერები და ადმინისტრატორები. როდესაც ზრდასრულები ადგენენ საგნობრივ სასწავლო გეგმას მოსწავლეებისთვის, ისინი საკუთარი გამოცდილებიდან, ისტორიული ტრადიციებიდან და უახლოესი (ჭვრეტადი) მომავლის პერსპექტივებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ  – რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა ამა თუ იმ საგანში. ამასთან, გადაწყვეტილებას ზრდასრულები ერთპიროვნულად იღებენ – მოსწავლეთა ჩარევის და მათ მიერ გაჟღერებული სწავლის საჭიროებების (როგორ სწავლობენ ისინი და რა სჭირდებათ, რომ უკეთ ისწავლონ) და მიზნების გათვალისწინების გარეშე.

სასწავლო შინაარსთან მიმართებაში ეს მიდგომა შესაძლოა გარკვეულწილად გამართლებულიც იყოს, თუმცა არა აბსოლუტურად, რადგან ჩვენს ეპოქაში ზრდასრულებისთვისაც ძალიან ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა – რა ცოდნა და უნარჩვევები იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი და წარმატების გარანტიის მომცემი თუნდაც ოცი წლის შემდეგ. რაც შეეხება სწავლების მეთოდოლოგიის შერჩევას, საკლასო მენეჯმენტს, სასურველი შედეგების დადგენას სწავლების წლების მიხედვით და ამ შედეგების მიღწევისთვის საჭირო გარემოს ფორმირებას – ამ საკითხებში მოსწავლეთა სწავლის საჭიროებების თუ მიზნების იგნორირება მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის მოსწავლეებსაც და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის წარმართვასა და დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევაში.

მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება სწორედ იმით განსხვავდება ტრადიციული განათლებისგან, რომ ზემოჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ამოსავალ წერტილად მიიჩნევა მოსწავლეთა საჭიროებები და მიზნები, რომლებიც ზედმიწევნით ჩაღრმავებული და ობიექტური პედაგოგიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სოციოლოგიური კვლევების შედეგად არის დადგენილი. ამ მიმართულებით კაცობრიობამ საგრძნობლად წაიწია წინ, ისევე როგორც მატერიალური კეთილდღეობის მხრივ. შეიქმნა იმის შესაძლებლობა, რომ კვლევის შედეგად დადგენილი კანონზომიერების შესაბამისი პედაგოგიკური პრინციპები რეალურად განხორციელდეს ყოველდღიურ სასწავლო პროცესში მასობრივი განათლების პირობებში. მსოფლიოს გამოჩენილ პედაგოგთა (მათ შორის, ქართველ მეცნიერ-პედაგოგთა – გოგებაშვილის, უზნაძის, ამონაშვილის და სხვათა) გენიალური ინტუიტური მიგნებები პრაქტიკულად დადასტურდა თანამედროვე კვლევების საშუალებით. მათ მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველებანი ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის აუცილებლობის შესახებ განმტკიცდა ამ პრინციპების რეალიზაციისთვის საჭირო სტრატეგიების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების შექმნით.

ასე რომ მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება ახალი „მოდა“ კი არ არის პედაგოგიკაში, არამედ დიდი ხნის ნანატრი შესაძლებლობაა იმისა, რომ მასობრივ განათლებაში მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიზნებს გაეწიოს ანგარიში; რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ძალისხმევის შედეგად ამა თუ იმ საგანში აშკარად გამოკვეთილი მიდრეკილებების მოსწავლეებმა მიაღწიონ მაღალ შედეგებს ისე, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა საბაზო ცოდნის გარეშე არ დარჩეს (როგორც ეს რამდენიმე ათეული წელია დაიკვირვება ჩვენს ქვეყანაში); რომ ყოველმა მოსწავლემ დაძლიოს და აითვისოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საბაზო მინიმუმი სკოლაში ისე, რომ გამორჩეული შესაძლებლობების მოსწავლეებს ხელი არ შეეშალოთ საკუთარი სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი მიზნების  მიღწევაში.

როგორ უნდა განვასხვაოთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება სხვა ტიპის სწავლებისგან? ერთი შეხედვით ეს ძალიან ადვილია ზედაპირული დაკვირვების დონეზეც კი. მაგალითად, მასწავლებლები ხშირად ატარებენ გაკვეთილს ისე, რომ „ერთ ზომაზე ჭრიან ყველასთვის“ და ამით იადვილებენ საქმეს. ცხადია, რომ ეს არ არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რადგან მოსწავლეები განსხვავებული მზაობით, ინტერესებითა და სასწავლო პროფილით მოდიან გაკვეთილზე და, შესაბამისად, განსხვავებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს საჭიროებენ. ეს „მასწავლებელზე ორიენტირებული“ სწავლებაა, რადგან იგი მისი ინტერესების, მისი საჭიროებებისა და მიზნების მიხედვითაა წარმართული.

როდესაც მასწავლებლები ცდილობენ „გაიარონ პროგრამა“, არც ესაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რადგან სხვადასხვა მოსწავლე განსხვავებული ტემპით ითვისებს სასწავლო მასალას. ეს „სასწავლო გეგმის დაფარვაზე ორიენტირებული“ სწავლებაა და განათლების ადმინისტრატორთა ინტერესების მიხედვითაა წარმართული.

იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილს ესწრება დირექტორი, კოლეგა ან სტუმარი, მასწავლებლები, როგორც წესი, „სპექტაკლს დგამენ“, სადაც მოსწავლეები წინასწარ გაზეპირებულ ფრაზებს წარმოთქვამენ ან მასწავლებელთან წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებებს ასრულებენ. ცხადია, ისინი ამ დროს თავიანთ მომზადებას და ცოდნას ამჟღავნებენ, მაგრამ არც ესაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რადგან სიყალბეს ეჩვევიან. ეს „დამსწრეზე ორიენტირებული“ სწავლებაა.

იმისთვის, რომ უფრო ზუსტად გავარკვიოთ, მაინც რით გამოირჩევა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება სხვა ტიპის სწავლებისგან და რატომ უნდა ვეცადოთ მის განხორციელებას (რით იქნება ცუდი, თუ არ განვახორციელებთ და რით იქნება კარგი, თუ განვახორციელებთ), საჭიროა, ჩავუღრმავდეთ საკითხს: როგორ სწავლობს ბავშვი, რა საჭიროებები და მიზნები აქვს მას სწავლის დროს და რა უქმნის და უმაღლებს სწავლის მოტივაციას.

ადამიანის საჭიროება არის მისი ქცევის წარმართვის პოტენციის გარკვეული ნაირსახეობა. იგი შინაგანი უკმარისობის შეგრძნების სახით გაცნობიერდება ადამიანის მიერ. ადამიანი ცდილობს განთავისუფლდეს რაღაცის უკმარისობის მტანჯველი განცდისგან და იწყებს ისე ქცევას, რომ მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს, რაც დაეხმარება საჭიროების დაკმაყოფილებაში.

საგანმანათლებლო გარემოში ხშირად წარმოჩნდება მოსწავლეთა სამგვარი ფსიქოლოგიური საჭიროებანი: კომპეტენტურობის, სოციალური მიკუთვნებისა და ავტონომიურობის. ეს ის საჭიროებანია, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ადამიანის პიროვნული ზრდისთვის ისევე, როგორც აუცილებელია თუნდაც მინიმალური სასიცოცხლო მატერიალური პირობების შექმნა  – ადამიანის ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. ამდენად, აღნიშნულ საჭიროებათა დაკმაყოფილება უაღრესად მნიშვნელოვანია (გაიხსენეთ მასლოუს პირამიდა), ხოლო მათი პერმანენტული დაუკმაყოფილებლობა ფრუსტრაციისა და სტრესის მექანიზმების ამოქმედების საშუალებით იწვევს პიროვნების განვითარების შეფერხებას, არასრულყოფილების კომპლექსის ჩამოყალიბებას, დაბეჩავებას ან არაადეკვატურად აგრესიულ ქცევას და საბოლოო ანგარიშით (უკიდურესად მძიმე შემთხვევებში, როდესაც საჭიროებათა დაუკმაყოფილებლობას თან ახლავს მიზნების ტოტალური მიუღწევლობით გამოწვეული იმედგაცრუება და ინდიფერენტულობა, გულგრილობა, შური ან ბოღმა) – პიროვნების გადაგვარებასა და დეგრადაციას, მაგალითად, ალკოჰოლურ ან ნარკოდამოკიდებულებას, პარაზიტულ არსებობას, თაღლითობას, ავაზაკობას და სხვა.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილი სამი საჭიროებიდან თითოეული:

  1. კომპეტენტურობის საჭიროება ეხება ინდივიდის მიერ ეფექტურობის განცდას სოციალურ გარემოსთან ურთიერთობაში და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენაში;
  2. სოციალური მიკუთვნების საჭიროება ეხება ინდივიდის სხვებთან დაკავშირებულობის გრძნობას (მაგალითად, სხვებზე ზრუნვასა და სხვების მხრივ მასზე მზრუნველობას, რომელიმე თემის/ერთობის წევრობას). იგი დაკავშირებულია სოციალურ სტატუსთანაც იმ ჯგუფში, რომელშიც გაწევრიანებულია ინდივიდი;
  3. ავტონომია ეხება ინდივიდის მიერ საკუთარი თავის აღქმას მისივე ქცევის პირველწყაროდ, პირველსაწყისად. ამასთანავე, ავტონომია მოიცავს საკუთარი ქცევის კონტროლსაც და ამგვარად, ინდივიდის თვითდეტერმინებულობას განსაზღვრავს.

მიზნები იმით განსხვავდება საჭიროებებისგან, რომ საჭიროებანი მიმართულია საგანთა შედარებით ვრცელ კატეგორიებზე, მაშინ როდესაც მიზნები მიმართულია საკმაოდ სპეციფიკურ, კონკრეტულ ობიექტებზე. მაგალითად, კომპეტენტურობის საჭიროება შესაძლოა გამოვლინდეს „კარგი ნიშნის მიღების“ მიზნის სახით; სოციალური მიკუთვნების საჭიროება შეიძლება წარმოჩინდეს „მასწავლებლის მხრივ აღიარებისა და პატივისცემის მიღწევის“ მიზნის სახით; ავტონომიურობის საჭიროება კი „მასწავლებლისგან განსხვავებული მოსაზრების ჩამოყალიბების“ მიზნის სახით გამოვლინდეს.

მოსწავლეთა საჭიროებები  მათ ემოციებშიც და ქცევებშიც ვლინდება. მაგალითად, კომპეტენციის საჭიროება ვლინდება შემეცნებით გამოწვევებზე მოსწავლეთა მხრივ პოზიტიურ რეაგირებაში; მოსწავლეთა ავტონომიურობის (და გარკვეულწილად, კომპეტენტურობის) საჭიროება ვლინდება მოსწავლეთა შინაგან მოტივაციაში საგნის შესწავლის მიმართ.

საზოგადოდ,  მოსწავლეთა (და ზრდასრული ადამიანების) მიზნები რთულია და მრავალრიცხოვანია. ხშირად მიზნები დაკავშირებულია ერთმანეთთან და ერთი მიზნის მიღწევა მეორეს მიღწევის წინაპირობაა; ხანდახან მიზნები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავიც კია. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები (და არანაკლებ ხშირად, ზრდასრულებიც) ძნელად და მცირედ აცნობიერებენ საკუთარ საჭიროებებს, მიზნებს და მათ შორის არსებულ მიმართებებს, მოსწავლეებს ეს საჭიროებანი და მიზნები ნამდვილად აქვთ და ისინი ზეგავლენას ახდენენ მოსწავლეთა სასწავლო (და არა მხოლოდ სასწავლო) ქცევაზე –  განსაკუთრებით კი სწავლის მოტივაციაზე, ათვისების ეფექტურობაზე, შედეგების მიღწევაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ზუსტად განისაზღვროს, როგორ უნდა დაეხმარონ ზრდასრულები, კერძოდ კი, მასწავლებლები და სხვა სასკოლო პერსონალი, მოსწავლეებს მათი ნაწილობრივ გაცნობიერებული, მაგრამ რეალურად არსებული და მათ ქცევაზე და სწავლის შედეგებზე მძლავრი ზეგავლენის მქონე საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მიზნების მიღწევაში. სწორედ ასე ეყრება საფუძველი მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მხოლოდ სკოლის პასუხისმგებლობაა მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვა სკოლებში. ცხადია, თავისი წვლილი ამ საქმეში განათლების სისტემის ყველა რგოლმა უნდა შეიტანოს, მშობლებმა და საზოგადოებამ,  მაგრამ უშუალოდ მოსწავლეებთან შეხებაში არიან მასწავლებლები და მშობლები. ამიტომ მათ მიერ მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპების, სტრატეგიების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების ფლობაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად განხორციელდება ჩვენი ქვეყნისთვის ასე  მნიშვნელოვანი  საქმე. განათლების სისტემის ყველა რგოლის მოვალეობაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვას,  რადგან საქართველოს არ ჰყავს არც ერთი „დასაკარგავი“ ბავშვი და სწორედ ადამიანური პოტენციალი არის ქვეყნის ერთდაერთი პერსპექტიული საფუძველი გადარჩენისა და განვითარებისთვის.

ადვილი წარმოსადგენია, რა მოსდის ამ პოტენციალს, როდესაც სასწავლო პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ, მაგალითად:

  • მოსწავლეს არ ეძლევა ან მეტისმეტად იშვიათად და არასრულფასოვნად ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება;
  • შესაბამისად, მოსწავლე არასდროს არ იღებს კარგ ნიშნებს არცერთ სასწავლო საგანში;
  • მოსწავლე არ გრძნობს პირადად მასზე ზრუნვას და არც თვითონ ეძლევა შანსი, რომ დაეხმაროს სხვებს;
  • მოსწავლეს არ ეძლევა მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური სტატუსი რომელიმე ჯგუფში და არც არავინ ასწავლის, სოციუმში მისაღები გზებით როგორ დაიმკვიდროს თავი;
  • მოსწავლე არ გრძნობს აღიარებას და პატივისცემას ზრდასრულთა მხრიდან;
  • მოსწავლე არ აღიქვამს საკუთარ თავს საკუთარივე ქცევის პირველწყაროდ, რადგან ზრდასრულები გამუდმებით მანიპულირებენ მისით;
  • მოსწავლეს არ ეძლევა ზრდასრულებისგან განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება;
  • მოსწავლე არ ახორციელებს საკუთარი ქცევის კონტროლს, რადგან ზრდასრულები ტოტალურად აკონტროლებენ მის ქცევას.

როგორი მოზარდი იქნება ასეთი სასწავლო პროცესის პროდუქტი, თუ მას თვითონ არ აღმოაჩნდება ძალები, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად,  ყველა ზრდასრულის ნების საწინააღმდეგოდ იპოვოს  პიროვნული განვითარების ოპტიმალური კალაპოტი და გეგმაზომიერად და მიზანდასახულად მიჰყვეს მას?

საკვირველი და საოცარი იქნებოდა ყოველ მოსწავლეს რომ შეეძლოს ეს და რა იქნებოდა მაშინ სკოლის დანიშნულება?

როგორ უნდა გაუძლოს პიროვნულად ჯერ კიდევ მოუმწიფებელმა  და გამოუცდელმა მოსწავლემ იმ საოჯახო, სასკოლო თუ საზოგადოებრივ წნეხს, რომელშიც მოაქციეს ზრდასრულებმა?

და თუ თვითონ მოზარდები ვერ ახერხებენ თვითდეტერმინირების, კომპეტენტურობისა და მიკუთვნების საჭირობების დაკმაყოფილებას,  რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მიზნების მიღწევაში?

საბედნიეროდ, პასუხებს ბოლო შეკითხვაზე  მრავლად იპოვით თანამედროვე პედაგოგიკურ ლიტერატურაში, მათ შორის ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, თუმცა მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვის საწყის ეტაპზე მთავარი მიღწევა მაინც ის იქნება, რომ, როგორც მედიცინაშია დამკვიდრებული – „არ ავნო“ – ანუ არ წარმართო სასწავლო პროცესი ისე, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი.

ახლა განვიხილოთ კერძოსაგნობრივი შემთხვევა, მაგალითად, მათემატიკის სწავლება და სწავლა. როგორ სწავლობს ბავშვი მათემატიკას? რა საჭიროებები და რა მიზნები ამოძრავებს მოსწავლეს მათემატიკის სწავლის პროცესში? როგორ უნდა დაეხმარონ ზრდასრულები მათემატიკის შესწავლაში ბავშვს მისი სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მისი სპეციფიკური საგნობრივი მიზნების მიღწევაში?

საზოგადოდ, მათემატიკა უაღრესად შედუღაბებული სასწავლო საგანია, რომელიც უხვად მოიცავს ცნებებისა  და მათ შორის კავშირების შესახებ მსჯელობას. მათემატიკა არ და ვერ შეისწავლება ფენა-ფენა, ერთი ფენიდან მომდევნო ფენაზე სწორხაზოვანი წინსვლით. იგი საჭიროებს ნაცნობ იდეებთან მრავალჯერად დაბრუნებას და მათ განვრცობასა თუ მათში ჩაღრმავებას.  სწორედ ამიტომ მათემატიკური კომპეტენციების (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა, მათემატიკის საგნობრივი პროგრამა და სტანდარტი) განვითარებისთვის მოსწავლე საჭიროებს, მაგალითად:

  • მათემატიკური კავშირების გაცნობასა და გააზრებას;
  • მათემატიკური იდეების ამოცნობასა და აკუმულირებას;
  • მრავალმხრივ და მრავალჯერად გამოცდილებას მათემატიკურ იდეებთან დაკავშირებით;
  • დროს იმისთვის, რომ განუვითარდეს საკუთარი ძალების რწმენა და თვითდაჯერებული გახდეს უჩვეულო მათემატიკური დავალებების შესრულებაში.

შესაბამისად, მათემატიკის შესწავლისთვის მოსწავლე საჭიროებს, მაგალითად:

  • „სპირალურ“ სასწავლო გეგმას;
  • სახელმძღვანელოს, რომელიც ორიენტირებულია უფრო მეტად ცნებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე და მათემატიკის გამოყენებაზე, ვიდრე წმინდად პროცედურული ცოდნის მიწოდებაზე ინსტრუქციებისა და მზა „რეცეპტების“ სახით;
  • შეფასების სიტემას, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მათემატიკურ კომპეტენციას ამოწმებს (და არა მხოლოდ იმ კომპეტენციებს, რომელთა შემოწმებაც ადვილია ტესტირებით) და ხელს უწყობს პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას მათემატიკისადმი.

მათემატიკის გაკვეთილები რომ მიმზიდველი გახდეს, ამისთვის მოსწავლე საჭიროებს, მაგალითად:

  • წარმატების ინტენსიურ განცდას;
  • ახალი სასწავლო მასალის ისეთ ახსნა-განმარტებებს, რომლებიც მის წინარე ცოდნას ეფუძნება;
  • აბსტრაქტული მათემატიკური იდეების კონტექსტუალიზაციას;
  • თანამშრომლობით სწავლას და სწავლებას;
  • პრაქტიკული სამუშაოების მრავალფეროვნებას;
  • მასწავლებელს, რომელიც მის ცნებობრივ აზროვნებას გააფართოვებს და გააღრმავებს.

გამოკვეთილად მათემატიკური მიდრეკილებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა – ასეთია მოსწავლეთა მაქსიმუმ 5-10 % და ეს სავსებით ნორმალური, სტანდარტული და მისაღები მაჩვენებელია ყველა ქვეყნისთვის. შესაბამისად, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს რამდენადმე გამორჩეული მათემატიკური ნიჭი. თუ მათი ფსიქოლოგიური თუ სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებები და მიზნები სასწავლო პროცესში იგნორირებულია, ისინი ვერ დაეუფლებიან მათემატიკურ კომპეტენციებს დამაკმაყოფილებლად და ვერ განივითარებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას მათემატიკის მიმართ თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათემატიკის შესწავლის ყოველ მომდევნო ეტაპზე ისინი იძულებული იქნებიან „სიცარიელეზე დადონ“ მასწავლებლის მოწოდებული ახალი ცოდნის „აგური“, რომელიც მაშინვე მტკივნეულად „დაეცემათ ფეხზე“, რადგან წინარე ცოდნის მტკიცე „საყრდენი კედელი“ არც არასდროს ამოშენებულა. მასწავლებლის მიერ წარმოჩენილი, მაგრამ ამ მოსწავლეებისგან განყენებულად მდგომი მათემატიკის „გრანდიოზული შენობა“ მათთვის ფუტურო და დამთრგუნველი იქნება.

ასეთ პირობებში ვერც მათემატიკური ნიჭის მქონე მოსწავლეები  გაიხარებენ და ისინიც იძულებული იქნებიან ასპარეზი ეძიონ და დაიმკვიდრონ იმ მეტისმეტად მცირერიცხოვან და შევიწროებულ სოციალურ ჯგუფში, სადაც მათემატიკა უყვართ და აფასებენ; ან, კიდევ უარესი, ისინი  იძულებული იქნებიან საერთოდ გაეცალონ მათემატიკის არმცოდნე და მოძულე მოსახლეობას. ნებისმიერ შემთხვევაში მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ბედი სულაც არ აღმოჩნდება მათი მოწოდებისა და ღირსების შესაფერისი, ხოლო მათი ნიჭი დაკარგული იქნება ქვეყნისთვის.

და თუ ყველაფერ ზემოთქმულს ვაცნობიერებთ, მაშინ ამ უბედურების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვაა, მათ შორის მათემატიკის სწავლებაში.

თქვენ რას იტყვით, მკითხველო?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი