ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სტუდენტები მოჯადოებულ წრეში

როცა სკოლაში ვასწავლიდი, სოციალურ უთანასწორობასთან მაშინაც მქონდა შეხება: ვიღაცას ფეხსაცმელი არ ჰქონდა, სკოლაში ევლო; ვიღაცას ძვირადღირებული მანქანით აკითხავდნენ. თუმცა სკოლაში პატარები მყავდნენ და ეკონომიკური გავლენა იმდენად მძიმედ არ ჩანდა, რამდენადაც ზოგადად ოჯახური სიტუაციისა: ვიღაცას ურტყამდნენ (ოჯახში ძალადობა, ბავშვზე ძალადობა მაშინ კანონით არ ისჯებოდა), ვიღაცას არასდროს უშვებდნენ ექსკურსიაზე (მშობლები ასაკში იყვნენ და ზედმეტად ღელავდნენ ყველაფერზე), ვიღაცას კი ნორმალური, ადეკვატური დედ-მამა ჰყავდა. ამ ტიპის ოჯახური სიტუაცია უფრო თვალნათლივ აისახებოდა ბავშვების ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე ის, ვინ რამდენად იყო უზრუნველყოფილი.
დღეს მე პატარებს აღარ ვასწავლი, სტუდენტებთან მაქვს საქმე. სოციალურ უთანასწორობას აქაც ვაწყდები. თან უფრო მძიმედ, რადგან გამკლავება ამ უთანასწორობასთან უკვე თავად უწევთ, თავად ეძებენ გზებს, საშუალებებს ქვეყანაში, სადაც ძალიან ძნელია, იყო სტუდენტი და გამოიმუშაო მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც ან საკვებზე გეყოფა, ან ბინაზე, ან სწავლის ფულის გადახდას შეძლებ, ან უცხო ენაში მოემზადები, იმიტომ, რომ ზოგჯერ შენი უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს უცხო ენის ისეთ სწავლებას, როგორიც მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ან თუნდაც ელემენტარული სამეცნიერო კვლევისთვის, ან უბრალოდ წარმატებისთვის გჭირდება. მოკლედ გინდა ან იძულებული ხარ მშობლებს რაღაცით შეუმსუბუქო შენი შენახვა, თორემ მთლიანად რომ ვერ უზრუნველყოფ საკუთარ თავს, თავისთავად ცხადია!
შედიხარ აუდიტორიაში და იმათგან, ვინც ლექციებზე დადის, ორ ძირითად ჯგუფს ხედავ:

თვალებამოღამებულები, ფერი რომ არ ადევთ და ძილს რომ ებრძვიან; და მეორენი: სახეზე ღიმილითა და ჩვეულებრივი მზერით.

თვალებამოღამებულებს შორისაც ორი ჯგუფია: ერთნი ჩვილბავშვიანები არიან, მეორენი – მუშაობენ.
სხვათა შორის, ჩემი სტუდენტობის დროს ბავშვიანების მიმართ გაცილებით კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. ისინი უფრო მეტად არ სწავლობდნენ და ნიშნებს მათხოვრობდნენ, ან შეიძლება მე ვუყურებდი ასე. დღეს ჩვილბავშვიანებიც სწავლობენ და ჯერ არ შემხვედრია, ვინმეს შეღავათი მოეთხოვოს შვილის ყოლის გამო. თუმცა ფაქტია, რომ ან ძალიან უჭირთ, ან სხვები უზრდიან შვილებს. ერთხელ იყო, წერით გამოცდაზე უცებ გოგონა ატირდა, წამოხტა და გამომიცხადა, მივდივარო. რა გჭირს-მეთქი, რომ ვკითხე, 3 თვის ბავშვი ბიძაშვილთან დავტოვე და ვერ აჩუმებს, ტირისო. კარგი ნაწერი ჰქონდა, ნახევარი მოესწრო, მაგრამ იმ ნახევარშიც ეტყობოდა, ბევრი ეშრომა და გონებაც გამჭრიახი ჰქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ჩვილბავშვიანობა ცუდად აისახება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. თუმცა ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა, უფრო მეტადაა მისი არჩევანი, ვიდრე ის, იმუშაოს კაბალურ პირობებში და ვეღარ შეძლოს შესაბამისი განათლების მიღება, ან შეძლოს, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

სულ ახლახან „ბიბლუსში“ დასაქმებულ სტუდენტთა მიმართვის შემდეგ ფეისბუქზე აგორდა ტალღა და უამრავმა დაწერა, როგორ და რაში აიღო პირველი ხელფასი. მე მგონი, უბრალოდ რომანტიკული აღტკინება იყო, ყველას გადაედო სურვილი, გაეხსენებინა ახალგაზრდობა. თუმცა პირდაპირი მოწოდებებიც ჩანდა: ჩვენ ასე ვიტანჯებოდით და თქვენ რა გახმაურებთ, გაუძელით და თქვენც იქნებით მომავალში ჩვენსავით წარმატებულებიო.

ამ კომპანიის გარეშეც ვიცი, როგორ უჭირთ ჩემს სტუდენტებს. სხვათა შორის, შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ყველაზე ნიჭიერების, მონდომებულების, შრომისმოყვარეების ნახევარი მაინც ფინანსურად უზრუნველყოფილი არაა და იძულებულია იმუშაოს.

„იძულებული“ – ეს სიტყვა, სამწუხაროდ, ძალიან ადეკვატურად გამოხატავს დღევანდელ სინამდვილეს, რადგან ხშირად მათი შრომა იმდენად მძიმეა, არ შეიძლება, დაერქვას ნებაყოფლობითი, სწორედ რომ იძულებაა.

აქ არ დავიწყებ იმ მონურ პირობებზე საუბარს, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ასეთი შრომა ხშირად სავალალოდ აისახება სტუდენტის (საუკეთესო მონაცემების მქონე სტუდენტისაც) აკადემიურ მოსწრებასა და ზრდა-განვითარებაზე.

ზის თვალებამოღამებული, შეიძლება უსმელ-უჭმელიც კი და ცდილობს, არ ჩაეძინოს. ზის იმიტომ, რომ ელემენტარული პატივისცემა გამოხატოს შენ მიმართ და ხანდახან მაინც მოვიდეს, თორემ, თავისთავად ცხადია, დასწრებით არ გამოირჩევა.

არადა, წინა კვირას რომ საწერი დავალებები მიეცი, ყველაზე საინტერესო ესე გადმოგიგზავნა. ელაპარაკები და რწმუნდები, რომ მისი ნამუშევარია. გიხარია, მაგრამ ეკითხები, ამდენს რატომ აცდენს და იწყებს მოყოლას 12-საათიანი სამუშაოს შესახებ, რომელიც ძლივს იშოვა.

მერე დგება ფინალური გამოცდის დროც, რაღაცები მაგრად იცის, ყველაზე მაგრადაც, სააზროვნო დავალებებში არ უჭირს, მაგრამ რაღაც ტექსტები საერთოდ არ აქვს წაკითხული. გინდა დაუწერო უმაღლესი ქულა და გაატანო უმაღლესი ცოდნა, რისი მიცემაც შეგიძლია. სთხოვ, შემდეგ კვირაში მოვიდეს. ატყობ, სულ არ უნდა შემდეგ კვირაში მოსვლა, მინიმალური ქულა და თავისუფლება ურჩევნია. ახლა არდადეგები ეწყება და ორმაგი დატვირთვა აუღია, ორ ცვლაში უნდა იმუშაოს. ისიც არ იცის, როდის შეძლებს მოსვლას. საბოლოოდ თანხმდებით, რომ დარეკავს, მეტ გზას რომ არ უტოვებ, რეკავს და მოდის ბოლომდე მომზადებული, ისეთი, როგორსაც მისგან ელოდი. მაგრამ რას იზამს სხვა საგნებში? ბოლომდე ეყოფა ჯანმრთელობა და გამძლეობა?!

განსაკუთრებით მძიმეა ასეთი ამბები, როცა შენ თვითონაც სტუდენტის დედა ხარ. შენ შეძელი, შენი შვილი საკუთარ შრომაზე არ იყოს დამოკიდებული და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, იმუშაოს თუ არა, მაგრამ როგორც მოქალაქემ ვერ შეძელი, შენი სტუდენტებისათვის შეგექმნა უკეთესი ქვეყანა, სადაც მათი შრომითი უფლებები უფრო მეტად იქნებოდა დაცული.

ამიტომ აწყდები ხოლმე აშკარა უსამართლობას. გულისამაჩუყებელი სულაც არ უნდა იყოს სტუდენტის შრომა. ნორმალურ პირობებში არც არის. აქაც ახერხებენ ზოგიერთები, შედარებით მისაღები გზით გამოიმუშაონ რაღაც თანხები. ზოგჯერ შენც ცდილობ რაღაცას, ვთქვათ მოსწავლეების ან შესაბამისი სამუშაოს შოვნას, თუმცა ყოველთვის შეუძლებელია. ამიტომ ზოგიერთი შრომობს, რომ ისწავლოს, მაგრამ სწავლისთვის ძალა აღარ რჩება. ნამდვილად არიან ისეთებიც, შრომით თვალებამოღამებულებს სწავლით თვალების ამოღამებაც რომ შეუძლიათ, მაგრამ ეს ძალზე ინდივიდუალურია და არა მგონია, მათ ჯანმრთელობაზე კვალს არ ტოვებდეს.

ასეა თუ ისე, საკუთარი ახალგაზრდობის გახსენება მეც მომინდა, თუმცა გახსენების გარეშეც ვიცი, რომ მიუხედავად მძიმე ოთხმოცდაათიანებისა, მიუხედავად უშუქობისა, მიუხედავად საინტერესო ალტერნატივისა, გაყინულიყავი უნივერსიტეტის აუდიტორიაში თუ მის ეზოში, ჩვენ მაინც სადღაც დავაშავეთ, სადღაც ვიზარმაცეთ, მეტი შეგვეძლო და ვერ შევძელით, არ უნდა დავრჩენილიყავით აქციებზე უიმედოდ დგომის ამარა და თავი არ უნდა გვენუგეშებინა – „ცუდად მაინც ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთებაო.“

უკეთესი ქვეყანა უნდა აგვეშენებინა და ჩვენთვის თუ არა, სტუდენტებისთვის მაინც შეგვექმნა ნორმალური, უსაფრთხო, ადამიანური შრომის პირობები.

ხანდახან საკუთარი უძალობისგან სასოწარკვეთილი ვფიქრობ ხოლმე, იქნებ ყველას იურიდიულზე უნდა გვესწავლა, რომ უსამართლობას კანონის ენაზე შევწინააღმდეგებოდით.

რასაც ახლა დავწერ, იქნებ სწორედ იურისტები გამოეხმაურონ. თავისთავად ცხადია, საკანონმდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს და მართლაც მონური შრომა აიკრძალოს. მაგრამ იქნებ შესაძლებელია, ცოტა შევზღუდოთ სტუდენტის მუშაობის საათები. შეიძლება დასაშვები საათების რაოდენობა პირველ კურსზე ყველაზე მცირე იყოს და მერე იზრდებოდეს. თავიდან მაინც უფრო მეტად უჭირთ. ამან შეიძლება სტუდენტებშიც გამოიწვიოს უკმაყოფილება, მაგრამ ვფიქრობ, შრომითი უფლებების უკეთ დაცვასთან ერთად ესეც უნდა მოწესრიგდეს. არ შეიძლება ვიღაცა ჯანმრთელობის ხარჯზე სწავლობდეს, ხოლო ვიღაცა სწავლობდეს უხარისხოდ და საბოლოოდ რჩებოდეს დაბალანაზღაურებად სამსახურში, ანუ თავს ვერ აღწევდეს ჯადოსნურ წრეს.

კარგად მახსოვს, პირველი ფული რაში ავიღე, კიდევ უფრო კარგად მახსოვს რაში ავიღე ბოლო ჰონორარი! ეს თითქმის მექანიკური და რაღაცნაირად დამამცირებელი სამუშაო იყო. იმ ფულით ჩემი სტუდენტი გოგოს სწავლის საფასური დავფარე. არც მე მილხინს, მაგრამ ჩემს შვილს რაღაცნაირად უზრუნველვყოფ, არ დათანხმდეს კაბალურ პირობებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს შვილს. ამიტომ აუდიტორიიდან გამოსულს ხშირად მომყვება უსამართლობისა და დანაშაულის განცდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი