პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ავთო მასწავლებელი

ავთო უკვე 21 წელია სკოლაში სპორტს ასწავლის. ადრე მის საგანს ფიზიკური აღზრდის კულტურის სწავლება ერქვა, ახლა კი უბრალოდ სპორტი ჰქვია. სწავლების მეთოდიკაში ბევრი რამ მართლაც შეიცვალა. მაგრამ არ შეცვლილა ადამიანების დამოკიდებულება. მისი სკოლის მოსწავლეებსაც და განსაკუთრებით კი მათ მშობლებს სპორტისადმი უცნაური, ირონიული დამოკიდებულება აქვთ და ამ საგანს დიდად არ წყალობენ.

ავთო ძალიან ჯიუტი კაცია და არასოდეს ნებდება. წლების მანძილზე ასი წერილი მაინც მისწერა სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგრამ ვერა და ვერ ეღირსა ახალ სპორტულ ინვენტარს და მის ბავშვებს კვლავ ძველ ტაიჭზე და ორძელზე უწევთ ვარჯიში, თუკი ამას საერთოდ ვარჯიში შეიძლება დაერქვას, რადგან სპორტის გაკვეთილებს მოსწავლეების უმეტესობა ტრადიციულად აცდენს და ვინც არ აცდენს, მაინცდამაინც არც ისინი გამოირჩევიან დიდი ენთუზიაზმით.

ორი წლის წინ სკოლაში კაპიტალური რემონტი ჩატარდა და ავთოს ძველ და დაბზარულ სპორტდარბაზსაც დაადგა საშველი. გამოიცვალა საკალათბურთო ფარები, მაგრამ მხოლოდ გარემონტებული დარბაზი საკმარისი ნამდვილად არაა, როდესაც საგანს ამბიციური სახელი „სპორტი“ ჰქვია და ხშირად იმის პირობებიც კი არაა, რომ ბავშვებმა ნორმალური ბურთით ითამაშონ.

ავთო ერთ-ერთ პატარა ქალაქში სკოლის სპორტის მასწავლებელია და მან კარგად იცის, რომ მისი ქალაქის შემოგარენის სოფლის სკოლებში კიდევ უფრო მეტად რთულადაა სპორტის სწავლების საქმე.

„აი გუშინ ვიყავი აქვე ახლოს სოფელში და მათ მასწავლებელს იქით დავეხმარე. მე რომ სხვას დავეხმარები, ხომ ხვდებით, ისინი რა დღეშიც იქნებიან… ხელბურთის ბურთი ვაჩუქე, ძალიან კარგი გამოცემა მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატებზე – ისიც წავუღე. ასეთი წიგნებით სწავლება არ გვევალება, მაგრამ ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებთ და მე იმითაც კმაყოფილი ვიქნები, რომ ჩემმა მოსწავლეებმა (გოგო იქნება ეს თუ ბიჭი) გარინჩაც იცოდნენ, მიხეილ მესხიც და ეუსებიოც. მარტო სირბილითა და აზიდვებით ბავშვებს სპორტს ვერ შეაყვარებ“, – ამბობს ავთო მასწავლებელი და ტუჩმოტეხილი ჩაიდნიდან ჩაის ასხამს.

ავთო მასწავლებელი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის უგულვებელყოფაზეც წუხს და ამბობს, რომ სიგარეტის მწეველი ბავშვის დანახვაზე წლების სიცოცხლე აკლდება.

„რამდენჯერმე დავადექი ჩემს ბავშვებს, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ. ეს ჩემთვის ყველაზე რთულად გადასატანი ამბავი იყო. მშობლებიც დამიბარებია ამის გამო, ბავშვებთან სპეციალური გაკვეთილიც ჩამიტარებია, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ ასეთი პრობლემები პირველ რიგში ოჯახში უნდა გადაიჭრას. თან, ვის რაში ადარდებს სპორტის ერთი მასწავლებლის სიტყვები, როდესაც ამ ქვეყანაში ყველას ჰგონია, რომ სხვაზე მეტი იცის და არაფერი ეშლება“.

როდესაც ავთო მასწავლებელს დავემშვიდობე, ჩამოსართმევად გაწვდილ ხელში უცნაური მედალი ჩამიდო. ახალგაზრდობაში ბატონი ავთო საკმაოდ ცნობილი მძლეოსანი იყო და ბევრი მედალი და ტიტულიც აქვს მოპოვებული. ეს ჩემი საჩუქარიაო, მითხრა. თუ გაინტერესებს მსგავსი რამეები, კიდევ ბევრ მედალს გაჩვენებო.

მედალზე ახალგაზრდა ლენინის გამოსახულება იყო დატანილი და სრულიად ჩვეულებრივად ეწერა, რომ მისი მფლობელი ახალგაზრდული სპარტაკიადის პირველადგილოსანი იყო. საქართველოში, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ძალიან ჩვეულებრივად ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი