პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გეოგრაფია და მოდა

ფრანგები ყოველთვის ითვლებოდნენ მოდის კანონმდებლებად და ახლაც ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას თავისი ნოუ–ჰაუთი. მათ სალონებსა თუ ატელიეებში მუდამ იბადება ყველაზე კრეატიული, უნიკალური იდეები. მხატვარ ელიზაბეთ ლეკურტისაც მოუვიდა ერთი ასეთი ფანტასტიკური იდეა – ტანსაცმლის შეკერვა გეოგრაფიული რუკებისგან. და ამ მიზნით იგი სწორედაც რომ ნამდვილ გეოგრაფიულ რუკებს იყენებს.

ფრანგმა მხატვარმა ელიზაბეთ ლეკურტიმ (Elisabeth Lecourt) სკოლის კაბინეტებში, ოფისებსა თუ ბინებში გაკრულ კედლის გეოგრაფიულ რუკებს ნატიფი და კრეატიული დანიშნულება მოუძებნა. საკუთარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი წარმოსახვის გამოყენებით დიზაინერმა მათგან საკმაოდ სიმპათიური კაბები და ბლუზები შეკერა. სავაროდოდ კოლექციას სახელწოდებით „Les Robes Geographiques” ბევრი მყიდველი გამოუჩნდება, განსაკუთრებით კი გეოგრაფიის მასწავლებლები და ზოგადად გეოგრაფიის მოყვარულები.

ტანსაცმელი რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ელიზაბეთი ყველაზე მკვეთრ და მრავალფეროვან რუკებს იყენებს. ამიტომაც რეალური ქვეყნებისა თუ ქალაქების რუკების გვერდით გვხვდება გამოგონილი, ფანტასტიური ადგილების რუკებიც, რომლებსაც სხვადასხვა ფილმებში, კომპიუტერულ თამაშებში, წიგნებში, კომიქსებსა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში იყენებენ.

გარდა გამოგონილი ქალაქებისა, მხატვარი თავისი მოდელების შესაქმნელად ასევე ლონდონის, ჩელსის, პარიზის, ნიუ–იორკის და სხვა მეგაპოლისების რუკებსაც იყენებს. შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალური გეოგრაფიული პრინტი ამ არტობიექტებს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.

ელიზაბეთის ეს ექსკლუზივები არც თუ ისე იაფია თვით ევროპული საზომითაც კი. თანაც ქუჩებში მათი ტარება არც თუ ისე კომფორტულია, მაგრამ მხატვრის ატელიეში მოდის მიმდევრები მუდამ რიგში დგანან, რათა მისი უნიკალური ნამუშევრები დაათვალიერონ.

რა თქმა უნდა, ამ გეოგრაფიული კაბების ტარება შეუძლებელია. მათი ყურებით მხოლოდ უნდა ვისიამოვნოთ მხატვრის გამოფენაზე ან მის ინტერნეტ საიტზე: https://www.elisabethlecourt.com/.
ელიზაბეთ ლეკურტის კრეატიული ტანსაცმელი გეოგრაფიული რუკებისაგან

ინგლისელი სუზან სტოკუელიც (Susan Stockwell) თავის მოდელებს გეოგრაფიული რუკებისგან ქმნის, ოღონდ მათ ვიქტორიანული ეპოქის კაბების შესაქმნელად იყენებს. ეს ის ეპოქაა, როცა ბრიტანეთის იმპერია დიდების ზენიტში იყო, ხოლო მისი კოლონიები აჭმევდნენ, ასმევდნენ და აცმევდნენ მეტროპოლიას. სწორედ ამ მოვლენას ეხმაურება სიმბოლური ქაღალდის კაბები. სუზანის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებგვერდზე: https://www.susanstockwell.co.uk/
სუზან სტოკუელის გეოგრაფიული კაბები

იტალიელი დიზაინერის ალვიერო მარტინის ( Aliviero Martini) ნამუშევრები – საათები, ქოლგები, ლოგინის თეთრეული, საფულეები და უპირველისა ჩანთები –მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი „კარტოგრაფიული „თემატიკით. მათზე დატანილია ძველი რუკების სტილში შესრულებული კონტინენტები, კუნძულები, ზღვები და ოკეანეები. თუ დაგაინტერესებთ მარტინის შედევრები, მათი გაცნობა მის ვებგვერდზე შეგიძლიათ: https://www.alvieromartini.it/it/

ავსტრალიური ბრენდის My Bearded Pigeon–ის ბალიშების კოლექცია გეოგრაფიული პრონტებით Map Cushions, როგორც უფროსებს ისე ბავშვებსაც გამოადგებათ გეოგრაფიის გახსენებასა თუ სწავლაში. მით უმეტეს რომ თითოეულ ბალიშზე რუკის ფრაგმენტია გამოსახული – მსხვილი მეგაპოლისი, მთელი ქვეყანა, ოკეანე, კუნძულები და სხვა გეოგრაფიული ობიექტები.

სასკოლო გეოგრაფიული კურსის გამეორება არც უფროსებს აწყენდათ. არც თქვენ და არც თქვენი სტუმრები მოიწყენენ თუ დივანზე გეოგარფიული რუკების პრინტით დამშვენებულ ბალიშები გექნებათ: გინდათ ათვალიერეთ, გინდათ ისაუბრეთ , გინდათ ვიქტორინა მოაწყეთ.
გეოგრაფიული რუკების გამოიყენება ინტერიერის დეკორშიც (დიზაინშიც) შესაძლებელია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა კრეატიული და საინტერესო ინტერიერი მიიღება გეოგრაფიული ელემენტებით. მათ დასამზადებლად ნებისმიერი სახის რუკის გამოყენება შეიძლება.

გეოგრაფიული რუკებისა და გლობუსების გამოყენებით შესაძლებელია სხვა ნივთების დამზადებაც: მაგალითად მოსაწვევების, კონვერტების.

იდეა ოთახის კედლების გეოგრაფიული რუკებით დამშვენება ახალი არაა, მაგრამ ბოლო დროს გეოგრაფიული რუკების გამოყენებამ დეკორში მნიშვნელოვნად შეცვალა საერთო დიზაინი და ინტერიერის არაჩვეულებრივ სამკაულად იქცა. ნებისმიერი რუკას – ფიზიკურს, პოლიტიკურს, ტურისტულს და სხვას შეუძლია გაალამაზოს თქვენი შვილების ოთახი, და ამავე დროს გაუღვიძოს მათ გეოგრაფიისადმი ინტერესი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი