მეთორმეტეკლასელი მასწავლებელი – კარლო ხუციშვილი

გამომგონებელ კარლო ხუციშვილს უკვე იცნობენ საქართველოში და მის მიღმაც. ახალციხელი მოსწავლის წარმატებებმა საზოგადოების და სპეციალისტთა ყურადღება ერთბაშად მიიქცია. კარლო სასწავლებლად ჯერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადმოვიდა, ახლა კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მეთორმეტეკლასელია. კოლეჯი თავად აფინანსებს მის განათლებას. პარალელურად კარლო კომაროვის სკოლაში რობოტექნიკას ასწავლის. ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა კარლოს 18 წელი შეუსრულდა და 25 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“, ნომინაციაში – “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში” გამარჯვება მოიპოვა.

მოსწავლე მასწავლებელი კარლო ხუციშვილი

_როგორ გახდით გამომგონებელი?

 _ერთ-ერთი სქემის დაშლა-აწყობის დროს გამიჩნდა სურვილი კარგად შემესწავლა მისი ყველა კომპონენტი.   შემდეგ შევიძინე ნაწილები,  ზოგი ძველ ტექნიკას ამოვაცალე და ასე ავაწყვე პირველი მარტივი სქემა. ძალიან დავინტერესდი.   ვატარებდი ექსპერიმენტებს, გამიჩნდა ამბიცია შევჭიდებოდი უფრო რთულ სქემებს. ინტერნეტმა მომცა საშუალება, ბევრი რამ ვიდეომასალით გამეგო, წამეკითხა უცხოური წიგნები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე; თანდათან დამიგროვდა  ცოდნაც და გამოცდილებაც. გამოგონებებზე ფიქრი არ მასვენებდა. შევიტყვე გამომგონებელთა კონკურსის შესახებ, გავეცანი პირობებს. უნდა შემექმნა  პროექტი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს აღწერდა. ავაწყე  ,,იაკობის კიბე“ – რომლის საშუალებითაც  მასწავლებელს შეეძლო აეხსნა  სხვადასხვა ფიზიკური მოვლენები: იონიზაცია,  ნაპერწკლური განმუხტვა.  კონკურსზე მოპოვებულმა პრიზმა ჩემი მოტივაცია გაზარდა. ამას მოჰყვა სხვა გამოგონებები, კონკურსები, წარმატებები.

კარლოს პორტფოლიო უკვე უამრავი დიდ-პატარა შედეგითაა ,,გაბერილი“, მათ შორის, გამორჩეული მიღწევებიც  დაგროვდა: ლეონარდო და ვინჩის კონკურსში წარდგენილი და გამარჯვებული მულტიკლიმატიზატორი, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მოიპოვონ ინფორმაცია მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, მცენარისათვის აუცილებელი ნივთიერებების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია მოსალოდნელ ამინდზე, სეტყვაზე… ამ გამოგონებამ საერთაშორისო ოლიმპიადაზეც (აშშ) მოწონება დაიმსახურა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვება და NACA-ს   კენედის ცენტრში მოგზაურობა ისევ მულტიკლიმატიზატორს და ,,დრონს“ მოაქვს. უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც აიპადით იღებს კოორდინატებს და  უპილოტო ,,დრონის“ საშუალებით   დაფრინავს.  ,,დრონი“ მიდის მითითებულ ადგილზე და  ჰაერიდან ახდენს ნაღმის გაუვნებელყოფას. მას გადაადგილების მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს: ტანკისებრი მუხლუხები, ბორბლები, პროპელერები, ასევე  გადაადგილდება წყალში და იქაც აღმოაჩენს ნაღმებს.  ამ გამოგონებას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იპოს  ოლიმპიადაზე  მე-2 ადგილი,  ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადაზე _პირველი ადგილი და  ოქროს მედალი მოაქვს.

_ახლა რაზე მუშაობთ?

_შშმ პირების საჭიროებათა გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მუშაობს  ,, Non_stop“-ზე, რომელიც  არის ინოვაციური ეტლი. ეს სიახლე შშმ პირებს გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტულ  შესაძლებლობებს გაუზრდის. ეტლი სხვისი დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად იმოძრავებს, იოლად გადალახავს დაბრკოლებებს, უსაფრთხოებისთვის ექნება ღვედი, ციმციმა და დამცავი კამერა(აირბაგი), ექნება ქოლგა უამინდობისთვის, გათვალისწინებული იქნება ხელის მტევნის პრობლემის მქონეთა საჭიროება, ექნება გააქტიურებული GPS სისტემა და სპეციალური აპლიკაცია პარკირებისთვის. მეორე გამოგონება პარკირების პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული სიახლეა, რომელიც გულისხმობს პარკირების ადგილას ისეთი დაბრკოლების შექმნას, რომლის გადალახვაც მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირს შეეძლება სპეციალური ბარათის საშუალებით.

ეს ორი პროექტი წარვადგინეთ  ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში,  სადაც 85 გუნდი მონაწილეობდა და საუკეთესო ხუთეულში  მოვხვდით, მოვიპოვეთ დაფინანსება მოდელის სრულყოფისათვის. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც თავად ეტლით მოსარგებლენი არიან, მნიშვნელოვანია ფინალში გასვლა, რადგან ფინალისტი NACA-ს  კენედის ცენტრში გაემგზავრება და ამჯერად,  რაკეტით გაფრენის შესაძლებლობა ექნება.

ახლა ვმონაწილეობ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“ . ამ კონკურსში 2015 წელს მოვიპოვე ,,წლის საუკეთესოს“ წოდება მეცნიერებასა და ინოვაციაში.

 _მასწავლებლობას როგორ შეუდექით?

როგორც გითხარით, უკვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რადგან  არ მყავდა შესაბამისი მიმართულების მასწავლებელი, არ მქონდა ლიტერატურა. ძალიან მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადამეცა ჩემი თანატოლებისთვის, უმცროსებისათვის და ეს გზა გამეიოლებინა. ახალციხეშიც ვუზიარებდი ჩემს ცოდნას თანატოლებს, ჩემს დას, მაგრამ როცა ,,კომაროვში“ გადმოვედი 2014 წელს, იქ ჩემს ოთახში პატარა ,,ლაბორატორია“ მოვაწყვე.  ბევრს აინტერესებდა ჩემი საქმიანობა. თავისუფალ დროს შემყავდა ბავშვები და ვუხსნიდი სხვადასხვა საკითხებს. თანდათან გაიზარდა მსურველთა რიცხვი და ოთახი ძლივსღა იტევდა მსმენელებს. გასუსულები მიგდებდნენ ყურს.  ამ პროცესმა სისტემატური სახე მიიღო. ერთ დღეს დირექტორმა შემოგვიღო კარი. ეს ფორმატი ეწინააღმდეგებოდა სკოლის შიდაგანაწესს და  ამის თაობაზე გაგვაფრთხილა. ბავშვებმა გადაწყვიტეს  მიემართათ თხოვნით, რომ რობოტექნიკის გაკვეთილები მე  ჩამეტარებინა. დირექტორმა გაითვალისწინა მათი ინტერესი და მეც მოხალისეობრივად შევუდექი მასწავლებლობას.

რობოტექნიკის გაკვეთილზე

 რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?

არანაირი სირთულე არ მქონია,  ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ცოდნას სხვებს ვუზიარებ, ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრები. მე მათი უფროსი მეგობარი ვარ. რა შეიძლება იყოს რთული? ისინი იძულებით არავის მოუყვანია, საკუთარი სურვილით მოვიდნენ. ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ. მერე პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებენ, თავადაც ქმნიან სქემებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, ჩვენი გვერდიც გვაქვს. ყველაზე მეტად დროის პრობლემა მაქვს, არ მყოფნის.

 რას ნიშნავს სკოლა თქვენთვის, როგორც მოსწავლისთვის?  როგორც მასწავლებლისთვის?

სკოლა ის ადგილია, სადაც ვისწავლე  ბევრი რამ,  მივიღე   ცხოვრებისეული გამოცდილება,  როგორც სწავლაში,  ასევე კლასგარეშე აქტივობებში ….   როგორც მასწავლებლისთვის ის ადგილია, სადაც თავს  ვგრძნობ ძალიან ბედნიერად. ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები  უსაზღვროდ ნიჭიერები და მონდომებულები არიან.

როგორი უნდა იყოს დღევანდელი მასწავლებელი?

მოსწავლეზე ორიენტებული, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს სხვადასხვა საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეს,  თვითგანვითარებაზე იზრუნოს. თანაც მასწავლებელს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ერთ ცნობილ და ნაამაგარ მასწავლებელს ვკითხე, რატომ არ არის საქართველოში განათლების მაღალი დონე მეთქი, მან მიპასუხა, როცა შენ ყველაფერს აკეთებ, რომ კარგად ასწავლო, მაგრამ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებ და იძულებული ხარ, შვილს სთხოვო დახმარება, დროთა განმავლობაში ხალისი გეკარგებაო. ვფიქრობ, ეს ადამიანი მართალია. სკოლას კარგი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს და მას კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

კარლო, როგორი იქნებოდა შენი სკოლა?

რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა. ყველანაირად მორგებული იქნებოდა მომხმარებელზე, ანუ მოსწავლეზე. სკოლაში იქნებოდა წესები, რომელსაც თანაბრად დაემორჩილებოდა ყველა. შეიქმნებოდა ისეთი გარემო, რომელშიც  ყველა ბავშვს გაუხარდებოდა ყოფნა, სწავლა  იქნებოდა სასურველი და არაიძულებითი. სწავლის პროცესი იქნებოდა ღია და გამჭვირვალე პირდაპირი გაგებით: მშობელს და ნებისმიერ პირს შეეძლებოდა ,,ლაივში“ ენახა, რა ხდება საკლასო ოთახში. აუცილებლად შევცვლიდი კლასის მოწყობას: ოთახი  აღჭურვილი იქნებოდა სენსორებით. რაც მთავარია, ხშირად შეიცვლებოდა საკლასო გარემო, რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო.  შევიმუშავებდი პროგრამებს, რომ მასწავლებელს ნახევარი გაკვეთილი  არ დაეკარგა  ცხრილების შევსებაზე,  ნიშნების დაწერას და გამოყვანას თავად პროგრამა შეასრულებდა.  მასწავლებლის როლი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და პროცესის მართვა იქნებოდა. სკოლაში ჩატარდებოდა   გასართობი გაკვეთილებიც, რომელიც მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმებოდა. მათი სურვილით შეირჩეოდა შაბათ-კვირის აქტივობებიც.  სკოლაში გვექნებოდა გაკვეთილები სხვადასხვა პროფესიების არსსა და მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეს თავისი ინტერესებისთვის მიეგნო.  სკოლაში აუცილებლად იქნებოდა რობოტექნიკის ლაბორატორია და სხვა საგნების ლაბორატორიები, რომლებიც  ექსპერიმენტების, აღმოჩენების სასწავლო მიზნით გამოყენებას შეუწყობდა ხელს.

რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი თაობა?

ნიჭიერი თაობაა.  ვფიქრობ, თუ სახელმწიფოსგან, ქველმოქმედებისგან  ხელშეწყობა გვექნება, დიდ წარმატებებს მივაღწევთ. წინსვლა პირდაპირ კავშირშია რესურსებთან. გამომგონებელს მასალებზე ფიქრი და მოპოვება უწევს, ამას ფული ესაჭიროება და დროს და ენერგიას მოითხოვს. ხარისხიან სწავლას რესურსი სჭირდება, რობოტექნიკა მასალებს საჭიროებს. აქ გვჭირდება დახმარება. ჩვენ, წინა თაობებისგან განსხვავებით, ციფრული ტექნოლოგიების თაობა ვართ, ტელეფონებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული თაობა, თუმცა მონდომების და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიების საშუალებით ფართო შესაძლებლობა გვეძლევა, შევიძინოთ ცოდნა და ეს ცოდნა საჭირო მიმართულებით  გამოვიყენოთ.

ჩვენი საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო, კარლოს სპორტული შედეგებიც აქვს, კარატეში შავი ქამრის მფლობელია, თუმცა ცხოვრებაში ეს  არასდროს გამოუყენებია, კარლოს გამოგონებების თანაავტორი ხშირად მისი და ანა ხუციშვილია. მოსწავლე მასწავლებელს უყვარს კონკურსები და უყვარს გამარჯვებები, ახალ ძალას მატებს აღიარება. პროფესიული არჩევანი ელექტროინჟინერიას უკავშირდება. არ უყვარს უსამართლობა. ოცნებობს ახალ გამოგონებებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, სიყვარულის ამბავი არ გაგვიმხილა, ის კი გვითხრა, რომ მისი რჩეული განათლებული და ორიგინალური ადამიანი იქნება.

კომენტარები

comments