პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

IChO-48  -ექსტრაორდინარული ოლიმპიადა ქიმიაში

2012 წლის 21 ივლისს პირველად გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე და ფეხი დავდგი ამერიკის კონტინენტზე. იმ წელს ვაშინგტონში ქიმიის საერთაშორისო 44-ე ოლიმპიადა ტარდებოდა. ეს ჩემი (და ზოგადად ჩვენი ქვეყნის) პირველი შეხება იყო ამ უაღრესად გრანდიოზულ ღონისძიებასთან –  ოლიმპიადის წესების თანახმად ახალ წევრს წინა წლის დეკემბერში  დამკვირვებლის სტატუსი მოგვანიჭეს.

გუშინდელი დღესავით მახსოვს ოლიმპიადის ბოლო დღე. ორგანიზატორებმა დელეგატებს კითხვარი დაგვირიგეს ჩვენი შეხედულებების დასაფიქსირებლად. ანკეტა მეტად სტანდარტულ და მარტივ კითხვებს შეიცავდა, თითოეულზე დიდი ფიქრის გარეშე და მიღებული განცდების შესაბამისად  რომ უნდა უპასუხო კალმის ერთი მარტივი მოსმით. თუმცა ბოლო კითხვამ ძალიან ჩამაფიქრა. „შესაძლებელია თუ არა თქვენმა ქვეყანამ უმასპინძლოს მომავალში IChO-ს“ – დაახლოებით ასე ჟღერდა კითხვარის ბოლო აკორდი. ალბათ ხუთ წუთზე მეტი მოვანდომე პასუხის გაცემას. პასუხზე, ფიქრთან ერთად, მცირე ხნით ფიქრებმა გამიტაცა, მაგრამ თვით ოცნებაშიც კი შეუთავსებლად მომეჩვენა ჩვენი  პატარა ქვეყანა და ასეთი დიდი ღონისძიება. და ის იყო, რომ აღნიშვნის ნიშანი უნდა დამესვა “NO”-ს წინ დახატულ პატარა კვადრატში, რომ თითქოს ყურში ვიღაცამ ჩამჩურჩულა: „სამყაროში თეორიულად შეუძლებელი არაფერია!“. მართლაც, თეორიულად ხომ ყველაფერი შესაძლებელია. ზოგადად, მომავალში გვეკითხებიან… მომავალშიო… არა ხვალ, არა შემდეგ წელს ან იმის იქით… სადღაც ბუნდოვან მომავალში… ოდესღაც.. და ასე ღრმა ფიქრებში ჩაძირულმა გულდასმით დავსვი რომაული ხუთიანის მსგავსი ნიშანი “YES”-ის წინ.

მას შემდეგ მხოლოდ ოთხმა წელმა განვლო და ის მისტიური მომავალი რეალობად იქცა – საქართველო ექსტრაორდინარული IChO-2016-ს მასპინძელ ქვეყნად გამოცხადდა!.

რატომ ექსტრაორდინარული? ზოგადად, ოლიმპიადის წესდების თანახმად,  მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ განაცხადი მინიმუმ  სამი წლით ადრე უნდა შეიტანოს ოლიმპიადის სამეთვალყურეო კომიტეტში. განაცხადის შეტანას მოსდევს განხილვები, კენჭისყრა, გადაწყვეტილება, შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში მუდმივი მოხსენებები ოლიმპიადისათვის მზადების შესახებ… სწორედ ამიტომ დღეს უკვე 2021 წლამდეა ცნობილი მასპინძელი ქვეყნები.

2016 წლის ოლიმპიადა პაკისტანში იყო დაგეგმილი, მაგრამ სამეთვალყურეო კომიტეტის თებერვლის თვის დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ ოლიმპიადა ჩაშლილად გამოცხადდა. ოლიმპიურმა კომიტეტმა სასწრაფო წესით დააგზავნა კითხვა-მოწოდება წევრ ქვეყნებში – რომელიმე მათგანი ხომ არ ითავებდა ოლიმპიადის ჩატარებას. ცხადზე ცხადი იყო, რომ 2016 წლის ოლიმპიადა ჩავარდნის პირას იყო. წერილის გაგზავნასაც ფორმალური დატვირთვა უფრო ჰქონდა, ვიდრე რეალური მოლოდინი. მაგრამ ამ ქვეყნად მოულოდნელობას  რა დალევს. როგორც ოლიმპიადის ჩავარდნა იყო წარმოუდგენელი (1968 წლიდან მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა), ისე ოლიმპიადის ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება ისეთი პატარა ოლიმპიადის ახალი წევრი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა. მაშინდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილება პრაქტიკულად გმირობის ტოლფასი იყო.

ოლიმპიადის დაწყებამდე სამი თვე იყო დარჩენილი. საბედნიეროდ, პატარა ქვეყნებს, მდიდარ და დიდ ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები ბიუროკრატია აქვთ.  ჩვენ მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოგვაჩნდა ბიუროკრატია და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ასე მცირე დროში ოლიმპიადის ორგანიზებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სასწრაფოდ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო თამაზ მარსაგიშვილის თავმჯდომარეობით, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ პრაქტიკულად ყველა სამინისტროს წარმომადგენლები. ოლიმპიადის ორგანიზება უამრავ ვალდებულებას აკისრებს ქვეყანას სავიზო რეჟიმის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის   და ა.შ.  კუთხით. ამიტომ აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრაქტიკულად მთლიანად ოლიმპიადის ორგანიზებაში ჩაერთო  (ლ. საღინაძე, ი. ტუსკია, დ. მოდებაზე, ზ. ხუციშვილი…). შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეიქმნა საორგანიზაციო  კომიტეტი (თავმჯდომარე გიორგი ჟღენტი, ფინანსური მენეჯერი მალხაზ ხოფერია, კოორდინატორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, სამეცნიერო ნაწილის სუპერვაიზერი გია ხატისაშვილი, მდივანი ნათია ოჩხიკიძე და სხვები), რომელმაც იტვირთა უშუალოდ ოლიმპიადის ორგანიზების პრაქტიკული ღონისძიებები. ჩამოყალიბდა ყოველდღიური საინფორმაციო ბიულეტენის სარედაქციო ჯგუფი (ნ. ინგოროყვა, ნ. მაჭარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი).

პარალელურად საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შეიქმნა მრჩეველთა საბჭო გაბორ მაგიარფალვი (უნგრეთი), ალექსანდრ გლადილინი (რუსეთი), მანფრედ კერჩბაუმერი (ავსტრია), ვოლფანგ ჰამპე† (გერმანია), გია ხარისაშვილი (საქართველო), კიაპისი (აშშ), იგრარ ნაზაროვი (აზერბაიჯანი), პიტერ ვოთერსი (დიდი ბრიტანეთი) და ელიზბარ ელიზბარაშვილი (საქართველო) შემადგენლობით,    რომელსაც დაევალა თეორიული და პრაქტიკული ამოცანების შედგენა, ტესტირება და საგამოცდო სივრცის მომზადებაზე კოორდინირება. სამწუხაროდ, ამ შემადგენლობას ქიმიის ოლიმპიადის ერთ-ერთი პატრიარქი პროფ. ვოლფანგ ჰამპე მოულოდნელად გამოაკლდა.

სამეცნიერო კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ პეტერ ბოლგარი (უნრეთი), მარტონ ბოროსი (უნგრეთი), კახა დიდებულიძე (საქართველო), ნატალია დიაჩენკო (რუსეთი), პერტ ჰოლჟაუსერი (ჩეხეთი), დმიტრო კანდასკალოვი (უკრაინა), რევაზ კორაშვილი (საქართველო), ბერტალან კოვაჩი (უნგრეთი), სავიტა ლადაგე (ინდოეთი), გაბორ ლენტე (უნგრეთი), ელენე ლუკოვსკაია (რუსეთი), ანდრეი მარინჩუკი (რუსეთი), კატალინ ოჟი (უნგრეთი), დორა პალია (უნგრეთი), ანდრეი შვედი (ბელარუსი), ნადინე ჟეპანსკი (აშს), თომას ვოროსი (უნგრეთი).

მრჩეველთა საბჭოში განსახილველად შემოვიდა 28 ამოცანა, რომელთა შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ სამი კონტინენტის წარმომადგენლები. მოცემული ამოცანებიდან თეორიული ტურისათვის დავალებები შეირჩა ფარული კენჭისყრით ავტორთა ვინაობის გარეშე.

10-12 მაისს საქართველოს ესტუმრა სამეთვალყურეო საბჭოს დელეგაცია გაბორ მაგიარფალვის (IChO-48-ის თავმჯდომარე, უნგრეთი), ალექსანდრ გლადილინი (IChO-48-ის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე), დუკვან ლი (IChO-47-ის თამვჯდომარე) და იგრარ ნაზაროვი (IChO-47-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე). მათი ვიზიტის მიზანი იყო ქვეყნის მზადყოფნის, ოლიმპიადის მზადების პროცესის შემოწმება და მასპინძელი უნივერსიტეტის შერჩევა ოლიმპიადის სტანდარტების შესაბამისად. გაიმართა მრავალმხრივი საქმიანი შეხვედრები.  მასპინძელ უნივერსიტეტად შეირჩა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. მათ ვიზიტს მოუთმენლად ელოდა პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ხომ არ განმეორდება ყარაჩის ვიზიტის შედეგები? რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი? ამიტომ სტუმართა დელეგაციამ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა აქვე ჩაატარა და ოლიმპიადის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა ოფიციალური ნოტა, რომლითაც დაადასტურა, რომ საქართველო აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს და ასე ნანატრი ოლიმპიადა 2016 წელს შედგებოდა. გაბორ მაგიარფალვი არაოფიციალურ წერილში აღნიშნავდა, რომ ჩვენ ყველას გვქონდა ექსტრაორდინალური ოლიმპიადის მოლოდინი და 2016 წელს მართლაც ექსტრაორდინალური იქნება, ოღონდ კარგი გაგებითო. ქართულმა მხარემ დაუჯერებელი რამ ჩაიდინა, რაც დაუღალავი და კოორდინირებული შრომის შედეგი იყო.

ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე საქართველოში ჩამოვიდნენ სამეცნიერო კომიტეტის წევრები.  კომიტეტის ქართულ მხარესთან ერთად მათ  უნდა მოემზადებინათ საგამოცდო საკითხები და ოთახები. კომიტეტის ქართული მხარის უმეტესობას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ოლიმპიადის სათანადოდ ორგანიზებაში – საგამოცდო ოთახებისა და ლაბორატორიების მომზადებაში თუ ტესტირებაში. პარალელურად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შეირჩა 80-მდე გიდი, რომელთა მეთვალყურეობის ქვეშ ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებმა გაატარეს მთელი 10 დღე საქართველოში. მათ, სხვა ოლიმპიადებიდან განსხვავებით, სტუმრებისათვის მოამზადეს პატარა ვიდეო მიმართვებიც, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ოლიმპიადის ისტორიაში სიახლედ იქნა აღიარებული.

ოლიმპიადა 23 ივლისს გაიხსნა საზეიმო ვითარებაში რუსთაველის ეროვნულ თეატრში და მასში 69 ქვეყნის 516 წარმომადგენელი (67 მთავრი მენტორი, 66 მენტორი, 62 სამეცნიერო დამკვირვებელი, 264 მოსწავლე, 24 სტუმარი და 33 სამეცნიერო კომიტეტის მოწვეული წევრი) იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, ავსტრიამ, ბელგიამ, კანადამ, კუბამ, ირლანდიამ, პორტუგალიამ, თურქეთმა, ვენესუელამ და მონტენეგრომ ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება. ზოგიერთ ქვეყანას ცნობილმა ტერაქტების სერიამ შეუშალა ხელი, ზოგმა კი ფინანსების მოძიება ვეღარ მოასწრო, რადგან პაკისტანში ოლიმპიადის ჩაშლის შემდეგ ჩათვალეს, რომ ოლიმპიადა 2016 აღარ შედგებოდა.

ოლიმპიადა ძირითადად დაფინანსებულ იქნა სახელმწიფოს მიერ, თუმცა ჰყავდა კერძო ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპონსორებიც ლიბერთი ბანკის, ნავთობ კომპანია “Gulf Georgia”-ს,  IUPAC-ის, იაპონიის ქიმიური საზოგადოების, კორეის ქიმიური საზოგადობის, ფარმაცევტული კომპანიების Gedeon Richter Co -სა და  Servier Co.-ს, CAS-ის, Intel-ის, UGT-ის, HP-ის, Hewlett Packard Enterprise-ის სახით, ხოლო ოლიმპიადის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (ოლიმპიადის მასპინძელი).

ოლიმპიადამ 10 დღე გასტანა. ამ  მოსწავლეებმა პრაქტიკული და თეორიული ტურის ამოცანები შეასრულეს, ხოლო თავისუფალ დროს მოინახულეს  საქართველოს ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები. ოლიმპიადის წესებიდან გამომდინარე 170 მოსწავლე დაჯილდოვდა მედლებითა (30 ოქრო, 57 ვერცხლი, 83 ბრინჯაო) და 9 სპეციალური სიგელით. პრიზიორებს შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი, კომაროვის სახელობის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე საბა თავდგირიძე, რომლის ბრინჯაოს მედალი სამი წლის სტაჟის მქონე ქვეყნისათვის უდავოდ დიდი წარმატებაა.

ყველა მედალოსანმა მიღწეული წარმატების შესახებ უშუალოდ დაჯილდოებაზე შეიტყო. ამიტომ ყოველი გამოცხადებული გვარის შემდეგ დარბაზში ოვაციების და ტაშის ხმა ისმოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მედლის გამოცხადებაზე მთელი დარბაზის ყიჟინა გაისმა, ნიშნად ერთგვარი მადლიერებისა მასპინძელი ქვეყნისადმი. დახურვის ცერემონიალზე სტუმრებს სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ოლიმპიადის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ოლიმპიადის მუშაობაში ქვეყნის პირველი პირი იღებდა მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, იყო ჩავარდნებიც… ასეთი მასშტაბის ღონისძიება სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ მთლიანობაში ოლიმპიადა შედგა. შედგა სტანდარტების სრული დაცვით. იმას, რასაც სხვა ქვეყნები სამ წელში აკეთებენ, აქ სამ თვეში მოხერხდა.

დაბოლოს, ალბათ, ოლიმპიადის შესაფასებლად ეს ერთი პატარა ჩანაწერიც გამოდგება, რომელიც საუდის არაბეთის ნაკრების წევრმა მოსწავლემ ომარ ალშანგითმა ოლიმპიადის ვეგ-გვერდზე დაწერა სახლში დაბრუნების შემდეგ:

„ამ წლის დასაწყისში ძალიან შეძრწუნებული და დაბნეული ვიყავი, რადგან მეგონა რომ 2016 წელს ოლიმპიადა აღარ ჩატარდებოდა და ჩემი ბოლო სამი წლის დაუღალავი შრომა წყალში მეყრებოდა. მაგრამ მოგვიანებით სასიხარულო ინფორმაცია მოვიდა, ოლიმპიადა საქართველოში ტარდებაო. თუმცა გულახდილი ვიქნები და ვიტყვი,  არ მქონდა გაგებული, როდესმე ოლიმპიადა რამდენიმე თვეში  ორგანიზებულიყო, მაგრამ რაც შემდეგ ვიხილე, დაუჯერებელი და მოულოდნელი აღმოჩნდა. უმნიშვნელო წვრილმანიდან დაწყებული, მთელი ოლიმპიადით დამთავრებული, ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული. მე ზედმიწევნით  ვიგემე სასტუმროს, უნივერსიტეტის, საავადმყოფოს  ატმოსფერო. თქვენ ბიჭებო, ყველაფერი  პროფესიონალურად გააკეთეთ  და სულ მცირე, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ,  რომ  მაჩუქეთ  ჩემი ცხოვრების  ლამაზი, გამოწვევებით სავსე და მხიარული პერიოდი.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი