სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სიცილის დადებითი გავლენა სწავლის პროცესზე

განათლება სერიოზული საქმეა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიგვაჩნია ჩვენ. სკოლებში ბავშვებს სთხოვენ, ზრდილობიანად ისხდნენ და სერიოზულად, ყურადღებით უსმინონ გაკვეთილს. მაგრამ იქნებ ვცდებით? იქნებ სწავლება გასართობი უნდა იყოს? იქნებ მათემატიკისა და ისტორიის გაკვეთილებს შორის ღიმილია საჭირო?

სიცილი სერიოზული საქმეა, განსაკუთრებით – პატარებისთვის

ამას წინათ ფრანგი ფსიქოლოგების ჯგუფმა, რომელიც პარიზის უნივერსიტეტ Ouest Nanterre La Defense–ში მუშაობს, აღმოაჩინა, რომ იუმორი, გარდა იმისა, რომ სულისა და სხეულის შესანიშნავი წამალია, ბავშვებს სწავლაშიც ეხმარება. ამისთვის მათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს: 18 თვის ბავშვებს აყურებინეს, როგორ ცდილობდა ზრდასრული ადამიანი მიუწვდომელი სათამაშოს აღებას ხელსაწყოს დახმარებით. ერთ ჯგუფში უფროსი უბრალოდ თამაშობდა მოპოვებული სათამაშოთი, მეორეში კი სათამაშო ძირს დააგდო და დაიჭყანა, რამაც ბავშვების ნახევარი გააცინა.

მოგვიანებით ბავშვებს საშუალება მისცეს, ეს სათამაშო თვითონვე აეღოთ. გაირკვა, რომ იმ ბავშვების 93,7%-მა, ვინც უფროსის მანჭვაზე იცინოდა, მოახერხა მისი ქმედების გამეორება და საჭირო ხელსაწყოს დახმარებით სათამაშოს მოპოვება, ხოლო იმ ბავშვებიდან, ვინც არ იცინოდა ან იმ საკონტროლო ჯგუფის წევრი იყო, სადაც არ შექმნილა სასაცილო სიტუაცია, მხოლოდ 25% მისწვდა ნივთს.

რატომ უწყობს ხელს სიცილი სწავლას?

სავარაუდოდ, ახსნა ტვინში უნდა ვეძებოთ. პოზიტიური ემოციები, მათ შორის – სიცილიც, ზრდის ტვინში დოფამინის დონეს და ააქტიურებს წახალისების სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცილი მოტივაციას გვმატებს, რაც დადებით გავლენას ახდენს სწავლაზე.

გაირკვა ისიც, რომ სიცილი აუმჯობესებს მეხსიერებას, რადგან ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის ინტეგრაციას, აადვილებს მის დამახსოვრებას. ჩვენ, ზრდასრულებიც, სასაცილო ფორმით გადმოცემულ ახალ ამბებს უკეთ ვიმახსოვრებთ, ვიდრე ჩვეულებრივი ფორმით მიღებულს.

ეს სემ ჰიუსტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა. ახალგაზრდა სტუდენტები უკეთ ახერხებდნენ სტატისტიკური მონაცემებისა და სასწავლო მასალის დამახსოვრებას, როცა პროფესორს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.

გარდა ტვინზე ზემოქმედებისა, იუმორის გრძნობა იმითაც უწყობს ხელს სწავლას, რომ დადებით ატმოსფეროს ქმნის, აქრობს სტრესს და დაძაბულობას გაკვეთილის მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ცოტა რამ თუ იპყრობს ყურადღებას ისე, როგორც კარგი ხუმრობა.

 

ბავშვებს იუმორის გრძნობა მშობლებისაგან დაჰყვებათ

გართობის თანხლებით სწავლა მხოლოდ მასწავლებლის სამუშაო არ არის, მშობელებსაც ეკისრებათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა. ნიუ–ჰემფშირის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვები მშობლების რეაქციებზე დაკვირვებით სწავლობენ სასაცილოსა და არასასაცილოს გარჩევას.

6 თვიდან ბავშვები იწყებენ მშობლებზე დაკვირვებას, რათა გაიგონ, როგორ იმოქმედონ სხვადასხვა სიტუაციაში. ამის შემდეგ მშობლები შვილებისთვის ემოციური ინფორმაციის წყაროდ, იუმორის ერთგვარ კონსულტანტებად იქცევიან. როცა მშობლები ხშირად იცინიან და წარუმატებლობას ღიმილით ხვდებიან, მოსალოდნელია, შვილებმაც ისწავლონ ასეთივე რეაგირება.

ყველაფერი ზომიერად

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლები “კომედიის უნივერსიტეტებად” უნდა ვაქციოთ. იუმორის სიჭარბე შესაძლოა ყურადღების გაფანტვის მიზეზადაც იქცეს და ბავშვებმა ვერ მოახერხონ მნიშვნელოვანისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა, მაგრამ თუ იუმორს საჭირო დოზით გამოვიყენებთ, სწავლა ნამდვილად სახალისო გამოცდილებად იქცევა.

წყარო:

https://psychology-spot.blogspot.com/2016/05/early-child-education-apprenticeship.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი