ორშაბათი, ივლისი 6, 2026
6 ივლისი, ორშაბათი, 2026

მე, ფემინისტი

0
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთერთი ყველაზე კარგი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შევხვდი _ ქალებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ირანელ ნობელიანტ შირინ ებადიზე და მის წიგნზე სალაპარაკოდ მიმიწვიეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტები საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილად მიმაჩნია და მგონია, რომ მათთან ურთიერთობის შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ ღირს.

განრიგის მიხედვით, ჩემამდე სტუდენტებს ერთი ძალიან ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ქალი ესაუბრა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, სიტყვა გაუგრძელდა, ამიტომ მომიხდა, შეხვედრის ნაწილს მეც დავსწრებოდი. მან ბევრი საინტერესო რამ თქვა, კარგი აქცენტებიც გააკეთა, გულახდილად მოყვა თავისი ცხოვრების შესახებ, ილაპარაკა, რა პრობლემები ხვდებათ გზაზე ქალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში წარმატების მისაღწევად იბრძვიან, საინტერესო ფაქტორებსა და გარემოებებს გაუსვა ხაზი, არც ქალთა მკვლელობებისთვის აუვლია გვერდი. ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, იქამდე, სანამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ გაისმა სიტყვები: “არა, ფემინისტი კი არ გეგონოთ, არა ვარ ფემინისტი”. ამ სიტყვებმა უამრავი რამ დაიტია: თავის მართლება, უკან დასახევი გზა,  აუდიტორიის კეთილგანწყობის მოპოვების სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ფემინიზმის მიმართ. ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, რომელსაც ათასობით ადამიანი უყურებს და უსმენს, ისე იუკადრისა ფემინისტობა, თითქოს ვინმეს რაღაც საშინელი დანაშაული დაებრალებინოს.

მე იქვე ვიდექი, აუდიტორიის კართან, ხელში ებადის წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემა და ჩემი თარგმანი მეჭირა, ვიდექი საკუთარი და სხვების უფლებებისათვის მებრძოლი ქალის ისტორიით მკლავებდამძიმებული და საშინლად მინდოდა, ნაბიჯი წინ გადამედგა და ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ქალისთვის მეთქვა, რომ ის ფემინისტია, რომ ყველაფერი, რაც მან ილაპარაკა, იყო ძალიან ფემინისტური, რომ ფემინიზმი საკუთარ ოთახში ჩაკეტილი, გაბრაზებული ქალების ნაძალადევი გამოგონება არ არის, რომ ფემინიზმი, თავისი არსით, სიკეთის მომტანია არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ის არა კაცების ჩაგვრას, არამედ ქალთა გააქტიურებას და ამით ქალებისა და მამაკაცების თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს.

ჩვენ, ადამიანებს, ორი ძალიან დიდი მტერი გვყავს: არცოდნა და შიში. ხშირად ვერ ვხვდებით, ვინ ვართ სინამდვილეში, უფრო ხშირად კი, ვიცით, მაგრამ საკუთარი ცოდნის გვეშინია. გვეშინია გაკიცხვის, საზოგადოებრივი აზრის, ოჯახის, მეზობლების, გარშემომყოფების უცოდინრობის და შიშების გვეშინია. სწორედ შიშის და არცოდნის წყალობით ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეში, რომელიც, სამწუხაროდ არსად წყდება. ვტრიალებთ და ვხოცავთ ერთმანეთს, მერე კი გვამებს საგულდაგულოდ ვმალავთ და ვივიწყებთ. შიშისა და არცოდნის ბრალია, რომ ჰომოფობებითა და სექსისტებით სავსე ქვეყანაში, სალანძღავი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, „ფემინისტი” ჰგონიათ.

რა თქმა უნდა, ჩემს ლექციას გაცილებით ნაკლები სტუდენტი დაესწრო, ვიდრე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისას. რა თქმა უნდა, ჩემს წიგნებს, თარგმანებს და ბლოგპოსტებს გაცილებით ნაკლები ადამიანი კითხულობს, ვიდრე მის გადაცემას უყურებს. მათი რიცხვი, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ფემინისტია, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ისინი, ვისაც ხალხი უსმენს, შიშით შეჰყვირებენ სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში: „არა, მე ფემინისტი არა ვარ!”

თქვენ კი, ვისაც უბრალოდ, თანასწორობის გჯერათ, ვინც თვლით, რომ არჩევნებზე წასვლის უფლება ქალებს და მამაკაცებს ერთნაირად აქვთ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება თავისა და კისრის როლის თამაში კი არა, ურთიერთგაგება და პატივისცემაა, შეგიძლიათ, თამამად თქვათ, რომ ფემინისტები ხართ. სცადეთ, ძალიან ადვილია.

მე ფემინისტი ვარ.

კარგი სკოლა

0

ბავშვი – ინდივიდი

0
დღეს ჩემი ტრადიციული პროფილიდან გადახვევას ვაპირებ. ორ წელიწადზე მეტია რაც ამ გვერდზე ვწერ, პუბლიკაციების ძირითადი თემა ყოველთვის მუსიკა გახლდათ, თუმცა ამჯერად ისეთ საკითხზე მსურს საუბარი, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებასა და მომავალს ეხება.

მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემს საკლასო ოთახში დაკიდებულ გაკვეთილების ცხრილს ერთი საგანი დაემატა ძალიან უცნაური და აქამდე გაუგონარი სახელით – ‘‘კონვენცია’’. გაკვეთილზე კლასის დამრიგებელმა აგვიხსნა, რომ რამდენიმე წლით ადრე, 1989 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რაღაც დოკუმენტი მიიღო, რომელიც ყველა ბავშვს (განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, კანის ფერისა და ასე შემდეგ, როგორც არის ხოლმე) გარკვეულ უფლებებს ანიჭებდა.. დოკუმენტს ‘‘ბავშვის უფლებათა კონვენცია’’ ერქვა და მასში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ეწერა. საგანი ძალიან მოგვწონდა – საინტერესო თემებზე ვმსჯელობდით, ჯგუფურ სამუშაოებს ვასრულებდით, საკუთარი აზრის პრეზენტირებას ვახდენდით, რაც მაშინდელი განათლების სისტემისთვის ნამდვილად დიდი სიახლე გახლდათ. 8-9 წლის ბავშვებმა პირველად სწორედ აქ გავიგეთ, რომ თურმე ხარისხიანი განათლების მიღების, დაცულ და არაძალადობრივ გარემოში ცხოვრების, აზრის გამოთქმისა და საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება გვქონდა.

ისიც მახსოვს, რომ მშობლების თაობაში ამ წამოწყებამ თავიდან ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ უფროსებისთვის ცოტათი რთული მისაღები გახლდათ ბავშვი, რომელიც სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მათ იმაზე ელაპარაკებოდა, თუ რისი უფლება ჰქონდა და რა ვალდებულებები ეკისრებოდათ უფროსებს ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად. საზოგადოებას ცოტათი ეუცხოვა ბავშვი – ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად საუბრობდა ამა თუ იმ თემაზე და საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავდა.

სამწუხაროდ, ამ ტიპის საგანს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდით, თანაც ისე, რომ თუკი რომელიმე სხვა საგანს დამატებითი საათები დასჭირდებოდა, სწორედ ‘‘კონვენციის’’ გაკვეთილის ხარჯზე ხდებოდა მათი აღდგენა. შემდეგ, უფროს კლასებში, ბავშვის უფლებებზე თითქმის არ გველაპარაკბოდნენ. გამონაკლისი სამართლის გაკვეთილები გახლდათ, სადაც ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა ადამიანის ფუნდამენტურ, კონსტიტუციურ უფლებებზე.
 

გავიდა წლები, გავიზარდე, ეროვნული გამოცდები წარმატებით გავიარე და სტუდენტიც გავხდი. ახალი მეგობრები შევიძინე, ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება დავიწყე და ღირებულებების გადაფასების პროცესიც დადგა. ჩემ თვალწინ ნელ-ნელა დაიშალა საზოგადოებაში გამეფებული ყველა დოგმა და ფსევდოტრადიციული შეხედულება, რომელიც მეუბნებოდა, რომ ქალი და კაცი თანასწორი ვერასდროს იქნება, რომ ადამიანი, რომელიც რელიგიური არ არის, კეთილ საქმეს ვერ გააკეთებს და თუნდაც ის, რომ შვილი თუ მკაცრად არ აღზარდე, ‘‘ხელიდან წაგივა’’. 

ხელიდან წასვლაზე სულ ეს გამოთქმა მახსენდება, რომელსაც სკოლაში მასწავლიდნენ: ‘‘შვილი მტრულად აღზარდე, მოყვრულად გამოგადგებაო’’. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ  ძალადობის ამაზე მეტად პირდაპირი, ‘‘ხალხური სიბრძნის’’ სახელით შეფუთული ლეგიტიმაცია პირდად მე არასდროს მსმენია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ტიპის გამოთქმები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. შედეგიც სახეზეა – ქართული საზოგადოება, რომელსაც ძალადობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს და ხშირ შემთხვევაში ცდილობს მოძალადე ამა თუ იმ მიზეზით გაამართლოს. 

ბავშვებზე ძალადობას, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% ამართლებს. 60% კი ფიქრობს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე არაძალადობრივი აღზრდა. ამას ემატება ისიც, რომ ძალადობა, ზოგადად, ციკლური მოვლენაა. მსხვერპლი, დიდი ალბათობით, თავადაც მოძალადე გახდება, იძალადებს მისი მსხვერპლიც და გაგრძელდება ასე დაუსრულებლად მანამ, სანამ ეს ჯაჭვი არ გაწყდება. მისი გაწყვეტა კი რთულია. ამისთვის საზოგადოებრივი სოლიდარობაა საჭირო – ერთადერთი აზრის დაფიქსირება, რომ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. 
 

საზოგადოებრივი სოლიდარობის მიღწევა შეუძლებელია ხარისხიანი განათლების გარეშე. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვებმა სკოლა მეტ-ნაკლები წარმატებით დაამთავრონ. აუცილებელია სისტემამ მათ მისცეს მკაფიო ინფორმაცია როგორც კონკრეტული მეცნიერებების, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. სახელმწიფო უნდა ეცადოს ბავშვებში ანალიტიკური უნარების განვითარებას, რათა მათ თავად გადააფასონ ყველა ის ღირებულება, რომლებსაც აწვდიან და გააანალიზონ, თუ რა არის სასარგებლო როგორც მათთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის და რა – არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოცა და ეს ბავშვებიც მუდმივად ერთ წრეზე ტრიალისთვის იქნებიან განწირულნი.

დღეს მე 24 წლის ვარ და ბავშვის უფლებებზე ზრუნვა ჩემი როგორც მოქალაქეობრივი, ასევე უკვე პროფესიული მოვალეობაცაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვის უფლებათა კონვენცია 25 წლის წინ მიიღო. ამ 25 წელიწადში, მართალია, უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ პროგრესის უწყვეტობისთვის აუცილებელია თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება შეიცვალოს და ყველამ ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ, რომ ბავშვი დამოუკიდებელი ინდივიდია, რომელსაც საკუთარი პირადი სივრცე, უფლებები და თავისუფლებები გააჩნია და რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო, ამ ბავშვის საზოგადოების ღირსეულ წევრად გადასაქცევად.

6… 8… 10…

0
ჩაფიქრებული მივდივარ. მიყვარს ზოგჯერ ასე სიარული. ამ დროს თან არაფერზე ფიქრობ და თან თითქოს სამყაროს ყველა პრობლემა შენ აგკიდესო, ისე ხარ სხვა მხარეს ჩაძირული. ასე კი მივდივარ, მაგრამ ის მახსოვს, რომ საქართველოში ვარ და ქუჩის მწვანეზე გადაკვეთისასაც კი ყურადღებით უნდა ვიყო. რა ვიცი, ვინ რა ხასიათზეა გამოსული. დაიწყე მერე (თუ რამის თავი გექნება) მტკიცება, გზა ჩემი იყო, მწვანე ფერი ენთოო…

ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ თუ არა, ბოშა ქალის მზერის ქვეშ ვხვდები. მხარზე პატარა მწვანე თუთიყუში ჰყავს და ორივენი მარჩიელობენ. ჩემკენ შეუპოვრად მოდის, ჩემივე ბედზე მნიშვნელოვანი რამ  აქვს სათქმელი. მათ მოსვლას გვერდითი მხედველობით ვაფიქსირებ და მყისვე მობილიზებული ვხდები, ვცდილობ მარჯვედ ავუქციო გვერდი. ვინ გაცდის. ის ორნიც წამსვე სხვა რეჟიმში გადადიან და ბოშა ქალი ჩემ წინ ჩნდება. 

– არც კი იცი რა უნდა გითხრა, – იდუმალი ხმით მეჩურჩულება.
– არ მინდა ქალბატონო, მადლობა, – ვპასუხობ და ნაბიჯს ვუჩქარებ.
ვინ ჩამოგეხსნება, კარგ ფორმაშია და ფეხდაფეხ მომდევს.
– შვილებზე გეტყვი…
– არ მყავს ქალბატონო, არ მინდა…
– მაშინ ცხოვრების მეგზურზე, – არ მეშვება,
– არც ეგ მყავს ქალბატონო, ეგეც არ მაინტერესებს, – უკვე სირბილზე გადავდივარ.
არაა, მშვენიერ ფორმაშია, ისიც სირბილზე გადმოდის და ტოლს სულაც არ მიდებს.
 ქუჩაში სახელდახელოდ გათხრილ თხრილს მარჯვედ ვახტები.
 კვლავ მომდევენ, თუთიყუში და ბოშა. 

მაშინ იმას მაინც  გეტყვი, მომდევნო ათი წელი იცოცხლებ თუ არა, – მგონი უკვე  აზარტში შევიდა და რაღაც მაინც უნდა რომ მითხრას.

აქ უკვე სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იქვე გაჩერებული ტაქსის კარებს ვაღებ და ვეუბნები სწრაფად დაძარი–მეთქი. მდიე ახლა შენი თუთიყუშით…

ათი წელი ვიცოცხლებ თუ არა, ეგ თავადვე ვიცი და თქვენც გეტყვით. აქ საქმე ბოშა ქალის მარჩიელობაზე მარტივად არის და ყველაფერი სათაურად გამოტანილ  სამ მაგიურ ციფრზეა დამოკიდებული…

6… 8… 10…

მაშ ასე, თუ ეს მაჩვენებელი 6-ზე ნაკლები მექნება, მომდევნო ათი წელი ვიცოცხლებ.  რაზე ვსაუბრობ?…

იმ ჰემოგლობინზე, რომელიც „დაშაქრულია”, ანუ მასთან დაკავშირებულია გლუკოზის მოლეკულები. თუ ასეთი ჰემოგლობინის რაოდენობა 6%-ზე მაღალი მექნება, მაშინ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი  ჩემს ორგანიზმში 5-6-ჯერ მოიმატებს და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფონზე მომდევნო ათი წელი ვერ ვიცოცხლებ…  ბიოქიმიურ ენაზე, ასეთ ჰემოგლობინს გლიკო ჰემოგლობინი (HbA1c) ეწოდება და სისხლში შაქრის საერთო დონის ანალიზთან ერთად მისი ანალიზიც აუცილებელია. ეს მაჩვენებელი ასახავს ბოლო სამი თვის განმავლობაში სისხლში შაქრის შემცველობის სურათს. გლიკოჰემოგლობინი, ე.წ. მაიარის რეაქციის შედეგად წარმოიქმნება სისხლის გლუკოზასა და ჰემოგლობინს შორის. შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული რაოდენობა ამ რეაქციას მნიშვნელოვნად აჩქარებს. რაც შეეხება მაიარის რეაქციას (Maillard reaction), ქიმიური რეაქციაა ამინომჟავასა და შაქარს შორის. 

ზოგადად, რეაქცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

1.შაქრის კარბონილის ჯგუფი ურთიერთქმედებს ამინმჟავას ამინო ჯგუფთან და წარმოქმნის არამდგრად N-ჩანაცვლებულ გლიკოზილამინს და წყალს. 

2.გლიკოზილამინი განიცდის გადაჯგუფებას და კეტოზამინად გარდაიქმნება.

3.კეტოზამინს კი შეუძლია სხვადასხვა გარდაქმნებით წარმოქმნას მოკლეჯაჭვიანი პროდუქტები ან ნიტროგენური პოლიმერები და ა.შ. 

ახლა მეორე ციფრი… 8… 
თუ  ჩვენი სამუშაო დღე  8-საათიანია… და თან მჯდომარედ მიედინება, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულები კვლავ მჯდომარე ცხოვრებას ვაგრძელებთ… ჰო, ჩვენი მომდევნო ათი წელიც საეჭვო იქნება. ასეთი მჯდომარე ცხოვრებით ჩვენივე კუნთების ჩვენივე ნებით ცხიმით გარშემორტყმას და ატროფიას უწყობთ ხელს. გარდა ამისა, ცხიმი ჰორმონალურად აქტიური გახლავთ, ანუ ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავების მაინიცირებელია, რომელთა მოჭარბებული რაოდენობა სიმსივნის განვითარების პროვოცირებას იწვევს. მოკლედ, ვარჯიშია საჭირო, ფეხით სიარული და მოძრაობა.

დაგვრჩა მესამე ციფრი… ათიანი…

10 კილოგრამით წონის გადაჭარბება იმ ნორმასთან შედარებით, რომელიც ჩვენივე ორგანიზმისთვის იდეალურად ითვლება. ზედმეტ წონასთან ერთად აქ ათეროსკლეროზული  ფოლაქების განვითარების საფრთხეც მატულობს. 
ლიპოპროტეინებზე თუ გსმენიათ რამე? რთული ცილა გახლავთ და ცილოვანი ნაწილის გარდა ლიპიდურ ნაწილსაც შეიცავს. ეს ნაწილი, წარმოდგენილია ფოსფოლიპიდებით, ქოლესტეროლით, ქოლესტეროლის ეთერით, ტრიაცილგლიცეროლებით და ცხიმოვანმჟავებით. 

ლიპოპროტეინებში ცილასა და ლიპიდურ კომპონენტს შორის ბმა არაკოვალენტურია. იგი შეიძლება იყოს იონური ან ჰიდროფობური.  მიაჩნიათ, რომ ლიპოპროტეინებში ფოსფოლიპიდები იონური ბმით უკავშირდება ცილას და თავის მხრივ, მათზე სხვა ლიპიდები არაპოლარული ჰიდროფობური ურთიერთქმედების შედეგად ადსორბირდება. ამრიგად, ფოსფოლიპიდები ერთმანეთს უკავშირებს ლიპოპროტეინების ცილოვან და ლიპიდურ კომპონენტებს. 

სიმკვრივის მიხედვით,  ლიპოპროტეინების რამდენიმე ფრაქციას ასხვავებენ: ქილომიკრონები (d<0,95), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები VLDL ( very low density lipoproteins) d=0,95- 1,006, შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინები IDL (Intermediate density lipoproteins) d=1,006-1,019, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები LDL (low density lipoproteins) d=1,09- 1,063  და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები HDL (High density lipoproteins) d=1,063-1,210.

ჩვენს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმომქმნელი  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია, რომლებსაც საშიში, „ბოროტი”, დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი გადააქვთ. 

თუმცა ქოლესტეროლზე ასე ხელაღებით უარს ვერ ვიტყვით და მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლი ძალიანაც გვჭირდება. მისი გადამტანი კი მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებია. 

სიტყვამ მოიტანა და ქოლესტეროლის აღმომჩენ  ექსპერიმენტებს გაგიზიარებთ. 

1.სინჯარაში ასხამენ ქოლესტეროლის ქლოროფორმიანი (ქლოროფორმში კარგად იხსნება) ხსნარის 1მლ-ს და ფრთხილად, დახრილ სინჯარაში, კედლის ჩაყოლებაზე დაამატებენ კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. ორი სითხის ზღვარზე წარმოიქმნება წითელი ფერის რგოლი.

2.სინჯარაში ათავსებენ 1-2 მლ ქოლესტეროლის ქლოროფორმიან  ექსტრაქტს, 10 წვეთ ძმრის ანჰიდრიდს და 2 წვეთ კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. სითხეს ინტენსიურად შეანჯღრევენ და აკვირდებიან ფერების წარმოქმნას. ჯერ წარმოიქმნება მოიისფრო, შემდეგ მუქი იისფერი, ლურჯი, რომელიც მუქ ლურჯში გადადის და საბოლოოდ მწვანე ფერი მიიღება. ეს რეაქცია საფუძვლად უდევს ქოლესტეროლის რაოდენობრივ განსაზღვრას.

ქიმიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ზემოაღწერილ სამ სინჯარაში, ერთმანეთის მსგავსია. გოგირდმჟავას მოქმედების შედეგად მიმდინარეობს ქოლესტეროლის დეჰიდრირება და დაჟანგვა. შედეგად, ქოლესტეროლის ორი მოლეკულა (რომლებიც კარგავენ ორ მოლეკულა წყალს) ერთმანეთს უკავშირდებიან მესამე ნახშირბადის ატომის მიხედვით და წარმოიქმნება ნივთიერებები, რომელთა ჯამური ფორმულები შემდეგია: C54H86  და  C54H88. ეს უჯერი ნახშირწყალბადებია, რომელთაც ორმაგი შეუღლებული ბმები აქვთ და გოგირდმჟავას და ძმრის ალდეჰიდთან მოქმედების შედეგად წარმოქმნიან სხვადასხვა ფერად  წარმოებულებს.

3.სინჯარაში ქოლესტეროლის ქლოროფორმიანი ხსნარის 2მლ-ს ამატებენ ტოლი მოცულობის ფორმალინის და გოგირდმჟავას ნარევს, შეანჯღრევენ. ხსნარი ორ ფენად იყოფა: ზედა ფენა-ალუბლის ფერისაა, ქვედა ფენა-რუხი-წითელი ფერის ინტენსიური მწვანე ფლუორესენციით. ზედა ფენას გადმოასხამენ (ქლოროფორმიანი ფენა) მეორე სინჯარაში და ამატებენ 2-3 წვეთ ძმრის ანჰიდრიდს. ალუბლის ფერი  ლურჯ შეფერილობაში გადადის.

სულ სამ ფაქტორზე დავწერე და საქმე ასეა – ორგანიზმში შაქარს მუდმივი კონტროლი ესაჭიროება (ისე, რაფინირებულ შაქარზე თუ უარს იტყვით, ურიგო სულაც არ იქნება), ვარჯიში, მოძრაობა, სირბილი აუცილებელია (ეს მგონი ბოშა ქალმაც იცოდა და ისეთ ფორმაში გახლდათ, მშვენივრად დარბოდა). და ბოლოს, ზედმეტ წონასაც თუ ომს გამოვუცხადებთ, კიდევ უკეთესი. 

მომდევნო ათი წელი მე სიცოცხლეს ვაპირებ, თუ მისი უდიდებულესობა „შემთხვევა” არ ჩაერია და რაიმე ხაფანგი არ დამიგო. ყოველ შემთხვევაში, მე, ჩემი მხრიდან, სიცოცხლის მცდელობა მექნება… რადგან…

„ზევით ცა მხურავს, კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდგაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,

ზედ საამური ხარობს ჯეჯილი…” (ლადო ასათიანი)

განსხვავებული ხედვა ჩრდილოეთის ხალხების შესახებ

0

ალბათ თქვენც წაგიკითხავთ უმაღლესი კლასის ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ახალი ამბები, რომლებიც იდუმალი და შიშისმომგვრელი სათაურებით გამოირჩევიან  – „ჩეჩნები საქართველოში ვაჰაბიტ მებრძოლებს წვრთნიან ?!”, „კავკასიის ემირატი პანკისში შემოჭრას გეგმავს”, „საქართველოს საზღვარი შესაძლოა „ბოევიკებმა” გადმოლახონ”. ამგვარი წინადადებებისა და დაუდასტურებელი ცნობების ტირაჟირებით ჩვენს საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული მანკიერი სტერეოტიპები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან. შედეგად, ნაკლებად გათვითცნობიერებული მოქალაქეებისათვის ვაინახები და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სხვა ხალხები, მხოლოდ და მხოლოდ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან და რადიკალურ ისლამისტურ ორგნიზაციებთან ასოცირდებიან. ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ყოველთვის მცდარი დასკვნის გამოტანისკენ გვიბიძგებს ხოლმე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხსაც განსხვავებული პერსპექტივიდან, სხვა რაკურსიდან შევავლოთ თვალი. შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებისა და საინტერესო ამბის გამოკვეთას, რომლებიც ისლამოფობიის გამოვლინებათა შესასუსტებლად ალბათ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებშიც უნდა ხვდებოდეს.

დავიწყოთ რომანტიკული თავგადასავლით. ხანდახან ეშლებათ და ამტკიცებენ, რომ ქართული ემიგრაციის ისტორიის კვლევის დაწყება პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდგომი პერიოდიდან არის უმჯობესი. არადა, მნიშვნელოვანი მოღვაწეების ქვეყნიდან მოსობრივი გადინება გაცილებით ადრე დაიწყო.  ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. შეიძლება ითქვას, რომ პირველად მსოფლიო პოლიტიკის ლიდერ სახელმწიფოებთან და მათ უმაღლეს წარმომადგენლებთან  სერიოზული კავშირი ვასო დუმბაძემ და გიორგი მაჩაბელმა დაამყარეს. ისინი ქართველი ნაციონალისტები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის იბრძოდნენ. მაჩაბელი გერმანიის რაიხთან და ჰოჰენცოლერებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დუმბაძე კი რუსეთის იმპერიის დასასუსტებლად არ იშურებდა ძალ-ღონეს (მასზე ამბობენ, რომ სამხედრო სამინისტროს რუსული ზარბაზნებისთვის შეუფერებელი ზომის ჭურვები მიჰყიდაო). რა იყო მათი მიზანი? პირველ მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში დუმბაძე და მაჩაბელი კავკასიის გათავისუფლებასა და საერთო კავკასიური სახელმწიფოს დაარსებას  გეგმავდნენ.  სახელმწიფო ქართული, სომხურ-თათრული და მთიელთა თანასწორუფლებიანი ერთეულებისგან უნდა ჩამოყალიბებულიყო. სახელმწიფოს მეთაურად გერმანიის კაიზერის ვაჟი და მასზე დაქორწინებული ქართველი არისტოკრატი უნდა გამოეცხადებინათ. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი მოაზროვნეები მხოლოდ თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის არ იბრძოდნენ, მათ არალოგიკურად და შეუძლებლად მიაჩნდათ კავკასიის დანაწევრება, მისი სხვადასხვა ნაწილის დამოუკიდებლად განვითარება. მათთვის ჩრდილოეთის ხალხები ერთიანი კავკასიური სივრცის  განუყოფელ და თანასწორ მდგენელებს წარმოადგენდნენ. რომანტიკული გეგმა გერმანიის ომში დამარცხებამ სამუდამოდ დაასამარა.

 

თუმცა, კავკასიის გადაღმა მცხოვრებმა ერებმა მაინც მოახერხეს მობილიზება, ორგანიზება და დემოკრატიული საპარლამენტო სახელმწიფოს დაფუძნება. 1918 წლის 11 მაისს კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.  კავკასიელ ხალხთა პოლიტიკური ლიდერებისგან შემდგარი მთავრობა ოფიციალურად  საქართველოში, ბათუმში ჩამოყალიბდა და წარსდგა ზღვისპირა ქალაქში გამოგზავნილი თურქული და გერმანული დელეგაციების წინაშე. ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, თუ რომელმა სახელმწიფომ აღიარა ერთ-ერთმა პირველმა მთიელთა რესპუბლიკის სუვერენიტეტი. მაშინდელი ქართული დიპლომატიის მთავარი ვარსკვლავი, ზურაბ ავალიშვილი ბათუმში შეკრებილ დელეგაციებთან მოლაპარაკებების დროს ჩრდილოელთა მთავარი კონსულტანტი და გულშემატკივარი იყო. იმიერკავკასიელთა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიდარ ბამატოვიც თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა, საქართველოს დედაქალაქიდან ცდილობდა თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ასე უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყო.

 

მთიელთა რესპუბლიკამ უამრავი ქარტეხილი გადაიტანა საკუთარ თავზე. „წითელ” და „თეთრ” არმიებს შორის ყველაზე სისხლიანი შეტაკებები სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე წარიმართა. ლტოლვილთა და მთავრობის რეპრესირებულ წარმომადგენელთა მთავარი მასპინძელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. რატომ ? ქართველმა სოციალისტებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობას, რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩენილიყო ჩეჩნურ-დაღესტნური ნავთობის სარეწები საერთო საქმისათვის, რამდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მეორე სახელმწიფოს თავისუფლებასთან.

საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე თანამედროვე ჩეჩნების შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. თუ ხარისხიანი ბიბლიოთეკებისა და წიგნთსაცავების ახალი გამოცემების თაროს დააკვირდებით აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ საინტერესო, შავყდიან წიგნს- „აბრაგები”. წიგნის ავტორი გახლავთ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ბატონი ხასო ხანგოშვილი, რომელიც განსაკუთრებული ოსტატობით ახერხებს ხალხთა შორის სოლიდარობის მაგალითების ზედმიწევნით ზუსტად აღწერას. წიგნში აღწერილი თანადგომისა და თანაგრძნობის პრეზენდენტები ალბათ მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო მაგალითებად უნდა მივიჩნიოთ.
დღეს ჩვენი რეგიონი საბედისწეროდ დანაწევრებულია, კავკასიელი ხალხები ურთიერთგანსხვავებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში ვაგრძელებთ არსებობას. არავინ ვიცით წინ რა მოგველის. რაც არ უნდა მოხდეს ერთი რამ დღესავით ნათელია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ერთიანი კულტურული სივრცისთვის ზრუნვის მიზანი და ძველებურად შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემის გრძნობა. აღნიშნულ გზაზე პირველი ნაბიჯი კი სტერეოტიპების დამარცხება და ნებისმიერი საკითხის მრავალფეროვანი პერსპექტივიდან აღქმა გახლავთ.

მასწავლებლების შეფასება -საერთაშორისო გამოცდილება (პირველი ნაწილი)

0
ნებისმიერი სისტემის, მათ შორის განათლების, წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სისტემაში ჩართულის ადამიანების ანაზღაურების ინდივიდუალიზაციაა. ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს, არც თუ შორეულ წარსულში ერთნაირ ხელფასს რომ იღებდნენ ისინი, ვინც მთელი დღის განმავლობაში სამსახურში, უარეს შემთხვევაში „ქალაქობანას”, უკეთეს შემთხვევაში, ჭადრაკს თამაშობდა და ისინი, ვის საქმიანობაზეც იდგა მთელი სამსახური. ამ მხრივ  სკოლა თითქოს  გამონაკლისი იყო. აქ ჭადრაკის სათამაშოდ არავის ეცალა, თუმცა ვინ როგორი მასწავლებელი იყო, რამდენად ეფექტიანად მუშაობდა და როგორ აისახებოდა ეს მოსწავლეთა მიღწევებზე, ფაქტობრივად, მხოლოდ სკოლაში მუშაობის ხანგრძლივობით (პედაგოგიური სტაჟით) იზომებოდა. მასწავლებელთა ატესტაციის პირველი ცდაც ხანმოკლე და არაეფექტური აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამ ატესტაციის შედეგების კვლევა არ განხორცილებულა, მაგრამ ამის გარეშეც შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება: ეს შედეგები არ ასახულა სწავლება-სწავლის ხარისხზე. 

დღეს, როცა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა” დადგა დღის წესრიგში, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილების გაცნობა, რომლებმაც შექმნეს და დანერგეს მასწავლებლის ანაზღაურების ახალი სისტემა, დაკავშირებული საქმიანობის ხარისხთან და რომელსაც საფუძვლად ამ საქმიანობის შეფასება უდევს. 

საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული ანაზღაურების სისტემის შეფასება საზღვარგარეთ არაერთგვაროვანია. მაგალითად, აშშ-ში, სადაც ასეთი სისტემა მრავალ შტატში მოქმედებს, არ არის მონაცემები იმის შესახებ, რა გავლენა მოახდინა მან მოსწავლეთა სასწავლო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, „ხარისხზე მიბმული” ანაზღაურების სქემის საშუალებით სკოლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის კოლოსალური თანხები იხარჯება. მაგალითად, ტეხასის შტატში 2006-2009 წლებში განხორცილდა ორი პროექტი საუკეთესო მასწავლებელთა წახალისებისათვის. მხოლოდ ერთმა პროგრამამ  1148 სკოლის 50 000-ზე მეტი მასწავლებელი მოიცვა, რაზედაც დაიხარჯა 300 მილიონი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ტეხასი მოელოდა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესამჩნევ ზრდას, ექსპერიმენტის შედეგებმა სხვა სურათი აჩვენა. სტატია, რომელიც  ამ ექსპერიმენტის შედეგებს ეხება, ასეა დასათაურებული: „კვლევა: ტეხასში მასწავლებელთა დამატებით ანაზღაურებას შედეგად  მოსწრების გაუმჯობესება არ  მოჰყოლია”. სათაურშივეა ყველაფერი ნათქვამი. იყო ჰიპოთეზები, რომ თითქოს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ მომდევნო ციკლში კიდევ უფრო სოლიდურ თანხაზე გაკეთდა განაცხადი… დასკვნა ასეთია: დანახარჯები არ არის შედეგის ადეკვატური, ამიტომ ხარისხის მიხედვით ანაზღაურების იდეას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ნამდვილი მასწავლებლის მოტივაცია შინაგანი უნდა იყოს: მას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ამოძრავებდეს  საკუთარი საქმის სიყვარული, ინტერესი. მათი აზრით, დამატებითი ანაზღაურება  ვერ იქნება სტიმული იმ მასწავლებლისათვის, რომელთაც ასეთი შინაგანი მოტივაცია არა აქვს. ხელფასის გაზრდით ადამიანი, რომლისთვისაც მასწავლებლობა შინაგანი მოწოდება არ არის, საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას არ / ვერ შეცვლის (განსხვავებით ტეხასელი მასწავლებლებისაგან, ქართველ მასწავლებლებს, საბაზო ხელფასიდან  გამომდინარე, ეს გარეგანი მოტივაციაც არ აქვთ).  

მიუხედავად ასეთი თვალთახედვისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს მასწავლებლის წარმატებული საქმიანობისათვის დამატებითი ანაზღაურების პრაქტიკა, მაგრამ ამას ძირითადად სკოლის დირექტორი / დირექცია განსაზღვრავს. ერთია გასათვალისწინებელი: ამგვარი მიდგომა მაშინ არის ეფექტიანი, როცა სკოლაში არსებობს ხარისხის მართვის მწყობრი სისტემა, რომელიც სკოლის განვითარების კონცეფციის ორგანული ნაწილია. ამგვარ სისტემაში ყველაზე რთული მასწავლებლის საქმიანობის ობიექტური შეფასების მექანიზმების შემუშავებაა. „მასწავლებლის შეფასება – ეს არის პრობლემა, რომელიც დღემდე არ გადაჭრილა დამაკმაყოფილებლად, – წერდნენ მასწავლებლის საქმიანობის ექსპერტიზის  სპეციალისტები – რ. პფაიფერი და მ. მაგლაუგლინი (McLauglin M.W., Pfeifer R.S. 1988. წერილში გამოყენებულია ვ.ზაგვოზდკინის სტატია „მასწავლებლის საქმიანობის ექსპერტიზა საზღვარგარეთ”, ჟურნალი „Образовательная политика,” N1, 2011). მათ მხედველობაში ჰქონდათ ის, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მასწავლებლის შეფასების ინსტრუმენტების შექმნით არ მოხერხდება. უპირველეს ყოვლისა, სკოლაში უნდა დამკვიდრდეს ურთიერთობების თანამშრომლობითი კულტურა, რომლის არსიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული გარემოს შექმნაა.  ამ სიტყვებს ხაზი იმათ საყურადღებოდ გავუსვით, ვისაც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს. სწორედ თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება მოხსნის იმ ბარიერს, რომელიც ზემდგომი ორგანოების, მათ შორის დირექციის, მიერ შემუშავებულ შეფასების კრიტერიუმებსა თუ პროცედურებსა და მასწავლებლების მოლოდინებს, წარმოდგენებს შორის შეიძლება არსებობდეს. ხელმძღვანელობას სურს, რომ მასწავლებელმა დაადასტუროს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, მასწავლებლების სურვილი კი ავტონომიის შენარჩუნება და ისეთი შეფასების არსებობაა, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური საქმიანობის სრულყოფას შეუწყობს ხელს. სანამ ე.წ. განმსაზღვრელ შეფასებას მიიღებდეს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება დაადგინოს საკუთარი პროფესიული საჭიროებები, დაგეგმოს თვითგანვითარება, გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმა (იქნება ეს ტრენინგი, პროფესიული ლიტერატურის დამუშავება, გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება და სხვა), გადაიტანოს მიღებული ცოდნა და უნარები გაკვეთილზე, გაუკეთოს რეფლექსია, მიიღოს უკუკავშირი კოლეგებისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასონ. თანამშრომლობითი ურთიერთობების არსებობა სკოლაში სწორედ მასწავლებლის ამ სურვილის დაკმაყოფილებას უწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში იზრდება ნდობის ხარისხი შეფასების მიმართ, რაც, თავის მხრივ, ამცირებს უკმაყოფილებისა და კონფლიქტების რისკს. არაერთხელ თქმულა, რომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის” უპირველესი მიზანი მასწავლებელთა საქმიანობის შემოწმება კი არა, მათი პროფესიული განვითარებაა, რაც, თავის მხრივ, სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პირობაა. მიუხედავად ამისა, მასწავლებლების დამოკიდებულება ხშირად სქემის მიმართ  ნეგატიურია. მე ამას უფრო შფოთის მაღალ დონეს დავარქმევდი და ეს არც არის გასაკვირი.  

მასწავლებლების მაღალ შფოთიანობას მათი საქმიანობის შეფასების მიმართ ორი უმთავრესი მიზეზი განაპირობებს: 

1.ეჭვი, რამდენად კვალიფიციური იქნება სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი იმისათვის, რომ ობიექტურად შეაფასოს მასწავლებლის საქმიანობა.

2.და ისევ ეჭვი: შესაძლებელია თუ არა ერთი ან თუნდაც ორი გაკვეთილით მასწავლებლის საქმიანობის ობიექტური გარე შეფასება.  

ამ შფოთიანობის გადალახვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ისევ და ისევ სკოლაში თანამშრომლობითი ატმოსფეროს არსებობაა. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა მასწავლებლები ერთობლივად გეგმავენ და შემდეგ ესწრებიან ერთმანეთს გაკვეთილებზე, იყენებენ სხვადასხვა დაკვირვების (ზოგადი, ფოკუსირებული, ჩართული და ა.შ.)  ფორმებს, აძლევენ ერთმანეთს კონსტრუქციულ უკუკავშირს. ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგად ჩანს თითოეულის პიროვნული მახასიათებლებიცა და კვალიფიკაციაც. ასეთი ურთიერთობების შედეგად მასწავლებლებმა იციან, ვის შეიძლება ენდონ, ვისი საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას, ამავდროულად პროფესიულად ვითარდებიან. საზღვარგარეთის გამოცდილება ადასტურებს, რომ მასწავლებლის საქმიანობის შეფასებას მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტიანი, როცა ამ შეფასების შედეგები აღიარებული და გაზიარებულია მთელი სკოლის, ამ სკოლის მასწავლებელთა საზოგადოების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ მოტივაციის ფაქტორებს შორის მასწავლებლების დიდი ნაწილი ასახელებს არა იმდენად ანაზღაურებას, რამდენადაც აღიარებას სასკოლო საზოგადოების მხრიდან. აღიარება შეფასების გარეშე არ მოდის, ამიტომ მას შემდეგ, რაც მასწავლებლები იზრუნებენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ლოგიკურია შეფასდეს, რამდენად ახერხებენ ისინი საკლასო ოთახში პროფესიული განვითარების საქმიანობებით შეძენილი ცოდნისა და უნარების გადატანას. 
როგორია მასწავლებლების შეფასებისადმი მიდგომები და რა ინსტრუმენტები არსებობს საზღვარგარეთ? ამ კითხვაზე პასუხს წერილის გაგრძელებაში შემოგთავაზებთ.

სკოლებში პასუხიმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უპირატესობა

0
სერ მაიკლ ბარბერი ცნობილი ბრიტანელი განათლების სპეციალისტია. ის განათლების რეფორმის საკითხებში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ტონი ბლერის მრჩეველი იყო. იყო „McKinsey”-ში (https://en.wikipedia.org/wiki/McKinsey_%26_Company) ერთ-ერთი მმართველი. დღეს ისეთი საგანმანათლებლო კომპანიის მთავარი მრჩეველია, როგორიცაა „Pearson”(https://en.wikipedia.org/wiki/Pearson_PLC). ამ სფეროში ის უკვე 20 წელია მოღვაწეობს. თქვენ წინაშეა ბოსტონის უნივერსიტეტში 2004 წლის 4 ნოემბერს მის მიერ წაკითხული ლექცია. 

დღეს ჩვენს ქვეყანაში, განათლების სისტემისათვის ყველაზე აქტუალური, სადისკუსიო თემა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება და მისი შედეგების გამოყენებაა. ფაქტობრივად დღეს საჯარო სკოლების უმრავლესობაში ასეთი ოფიციალური სისტემა არ არსებობს. ამ საკითხით დაინტერესებული მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლებისათვის, ეს წერილი ვფიქრობ საინტერესო იქნება, რადგან აქ სკოლის წარმატებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები განიხილება. 

სამწუხაროდ, ამ თემაზე დისკუსია, ხშირად მოკლებულია არგუმენტებს და სიღრმისეულ მსჯელობას. მასწავლებლების დაბალი ანაზღაურებისა და სოციალური სტატუსის პრობლემა იმდენად მძაფრია, რომ დისკუსიაში ჩართული მხარეების მსჯელობა ამ საკითხებს არ სცდება. გადის წლები და ჩვენი შვილების უმრავლესობა „განწირულია” უხარისხო განათლებისთვის და დამოუკიდებელ ცხოვრებაში მოუმზადებელი შესვლისთვის. მხოლოდ მცირე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ მატერიალური საშუალება კერძო რეპეტიტორობის სისტემის დახმარებით დაეხმაროს საკუთარ შვილებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ან მიმართონ, სულ რამდენიმე, მაღალი დონის კერძო სკოლას. 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპების გამო, ვფიქრობ თვალი უნდა  გავუსწოროთ მძიმე რეალობას, გვეყოს გამბედაობა, ნება და პასუხისმგებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ გზა ეფექტური სასკოლო განათლების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. სისტემის, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს. 
 
კახა ჟღენტი  

„სკოლებში პასუხისმგებლობისა  და  ანგარიშვალდებულების სისტემის  უპირატესობა”

პირველი ნაწილი

მაიკლ ბარბერი
 ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენადაა  დამოკიდებული სასკოლო განათლების სისტემაზე საზოგადოების მომავალი  განვითარების პროცესი და ეკონომიკა. ჩემთვის  ცნობილი  თითქმის  ყველა  პედაგოგის  ერთადერთი მიზანია სამართლიანობის  პრინციპის  დაცვასთან ერთად გააუმჯობესოს მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები. მაიკლ ფულანის (https://en.wikipedia.org/wiki/Michael_Fullan) განმარტება რომ  გამოვიყენოთ, ჩვენ  გვინდა  სისტემა, რომელიც  ერთდროულად  მაღლა სწევს მოთხოვნების დონეს და ამცირებს   დაშორებას.  XX ს. 80–იანი წლებში  დიდ  ბრიტანეთში, აშშ–სა  და  ბევრ  სხვა  ქვეყანაში –  ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, კანადაში, შვედეთსა და რუსეთში – განათლების  სფეროში  პირველ  პლანზე   პასუხისმგებლობის  და  ანგარიშვალდებულების   სისტემის  შექმნა და განვითარება  დადგა, რამაც  განსაზღვრა  განათლების  სფეროში  სახელმწიფო  პოლიტიკის  შემდგომი  მიმართულება. მისი მთავარი  აზრი  ის გახლავთ, რომ კარგად  მოფიქრებული და ფუნქციონირებადი  გარეანგარიშვალდებულების   სისტემა  შეიძლება  ამ  მაღალმორალური  ამოცანის  რეალიზაციის  საფუძველი გახდეს.   

    წინა  საუკუნის  80–იან  წლებში  მრავალი  ქვეყნის  ხელმძღვანელებმა  გააცნობიერეს  განათლების ხარისხის მნიშვნელობა მათი ქვეყნების მომავალი ეკონომიკისათვის. ამასთან  ერთად  ესმოდათ, რომ გადასახადის გადამხდელები არ იყვნენ მზად ეხადათ იმ  მომსახურებისთვის, რომლის შედეგებიც გაურკვეველი იქნებოდა. ამ რთულ  მდგომარეობაში  გაჩნდა  მოთხოვნა  პასუხისმგებლობის  და  ანგარიშვალდებულების  ახალ   ხარისხიან  სისტემაზე.

      იმ  მომენტისთვის  თეორეტიკოს–პედაგოგებს  უკვე  დაგროვილი ჰქონდათ  საკმარისი  ინფორმაცია  სკოლების  ეფექტური  მუშაობის  შესახებ – და ყველა მონაცემი  ადასტურებდა, რომ  ძალიან  ბევრი  რამაა  დამოკიდებული  სკოლებსა  და  მის  კოლექტივზე.  60–70–იან  წლებში გაბატონებული იყო პასიური ფილოსოფია, რომლის თანახმადაც განათლების  შედეგებს განსაზღვრავდა სოციუმი, განათლების  სისტემას  კი  შეეძლო საზოგადოებაში  არსებული უთანასწორობის აღდგენა. ბოლოსდაბოლოს დადგა ამ ფილოსოფიასთან  დამშვიდობების დრო. ასე რომ, გარეპასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების   სისტემამ  თეორიული  დასაბუთება მიიღო სწორედ იმ მომენტში, როდესაც მომწიფდა მისი დანერგვის მაკროპოლიტიკური სიტუაცია. ანგარიშვალდებულების საკითხმა პედაგოგები თავიდანვე დააფიქრა. ეს დილემა დღემდე მოგვყვება. როდესაც ფიქრობ, რომ  შენზეა დამოკიდებული ბავშვის  მომავალი, მისი  ცხოვრებისეული  პერსპექტივები, ეს  აზრი  ფრთებს  გასხამს – მაგრამ  მასთან  ერთად  მოდის  უდიდესი  პასუხისმგებლობის  გრძნობა.

    ჩემი  შეხედულებები  ხუთ  პუნქტითაა გადმოცემული:  

·პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების  სისტემის  უპირატესობა;
·პასუხისმგებლობა და  სისტემის ცვლილება;
·პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და საინსპექციო მოქმედება (ინსპექცია);
·საინსპექციო  შემოწმება  დღეს  და  ხვალ;
·სტიმულირება,  ლიდერობა  და  ინფორმირებული  პროფესიონალიზმი
      
                                      პასუხისმგებლობის  სისტემის  უპირატესობა

       წიგნებში  ბიზნესის  შესახებ  ბევრს  ლაპარაკობენ  იმაზე, თუ რა  უპირატესობას  ანიჭებს  პასუხისმგებლობის სისტემა ორგანიზაციებსა და კერძო პირებს. ამ უპირატესობის  რეალიზებისთვის საჭიროა მკაფიოდ ხედავდე მიზანს; აუცილებელია, ფასდებოდეს ამ მიზნისკენ  მოძრაობა; წარმატება იყოს დაფასებული; შეცდომებზე კი გაკეთდეს სათანადო  დასკვნები. საქმის ასე დაყენების შემთხვევაში ნათელია, რომ უმჯობესდება საბოლოო  შედეგი. ეს –  ანბანური ჭეშმარიტებაა. 

     პასუხისმგებლობის სისტემის ცალსახა უპირატესობის მიუხედავად, განათლების  სისტემაში მის დანერგვას არ შეხვდნენ დადებითად – ამას ორი მიზეზი აქვს. ომის შემდგომ  პერიოდში პოლიტიკოსები მომხრე იყვნენ განათლების შინაარსისა და სასწავლო პროცესის  მართვის სადავეები პროფესიონალი პედაგოგებისთვის ჩაებარებინათ. შემდეგ, როდესაც  გააცნობიერეს გარეპასუხისმგებლობის აუცილებლობა, შეეცადნენ ამ კონტროლის  დაბრუნებას, რამაც პროფესიონალებთან კონფლიქტი გამოიწვია. დიდ ბრიტანეთში მსგავსი  კონფლიქტური სიტუაციები იყო არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ სახელმწიფო  სექტორის სხვა სფეროებშიც. ირონია ის გახლავთ, რომ პასუხისმგებლობისა და  ანგარიშვალდებულების  არქონა  თვითონ  პროფესიონალებისთვისაც  არაა  სასარგებლო  და  გრძელვადიან  პერიოდში  ზიანს  აყენებს მათ  ინტერესებს.

      მეორე მიზეზი, რომლის გამოც პასუხისმგებლობის იდეა არაერთგვაროვნად იყო  მიღებული, იმაში  მდგომარეობს, რომ  სადავოა  თვითონ  დაგეგმვის  იდეა. ბევრი  მიიჩნევდა  და  მიიჩნევს  კიდეც, რომ  სასკოლო  განათლების  შედეგები  ძალიან  რთული  და  არაერთგვაროვანია საიმისოდ, რომ  მისი  გაზომვა  შეიძლებოდეს. ამ  შეხედულებას  ემხრობა მაგ. ფილოსოფოსი ონორა ონილი, (https://en.wikipedia.org/wiki/Onora_O'Neill,_Baroness_O'Neill_of_Bengarve), რომელიც  დამაჯერებლად გამოდის სასკოლო განათლებაში მკაცრი პასუხისმგებლობის წინააღმდეგ. მისი  არგუმენტები  ბურუსში  ხვევს  საზოგადოების  წარმოდგენებს განათლების  ამოცანებზე  და ეჭვს  უჩენს  გადასახადის  გადამხდელებს იმის თაობაზე,  ეფექტური  იქნება  თუ  არა   მათი  ინვესტიცია  განათლების  სისტემაში. მსგავსი ისტორია მოხდა 70–80–იან წლებში  ინგლისში, როდესაც ერთი მუჭა ნახევრადშეშლილმა, მაგრამ  დამსახურებულმა  მარგინალებმა  შეძლეს  თავიანთი  ნებისთვის  დაემორჩილებინათ  პედაგოგების  უმრავლესობა,  და  ეს უკანასკნელები უუნაროები აღმოჩნდნენ  არა მარტო  წინააღმდეგობის   გასაწევად, არამედ საზოგადოებისთვის იმის დასანახებლად, რომ შეშლილები  სინამდვილეში  უმცირესობაში  არიან.

რასაკვირველია, განათლებაში არსებობს ნიუანსები, რომლებიც რთულად  ექვემდებარება შეფასებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ითქვას იმ უმთავრესი  შედეგების შეფასებაზე, რომლების გაზომვაც ადვილადაა შესაძლებელი:  წიგნიერება, მათემატიკური უნარები, დასწრება, გაცდენები, წარმატებები აკადემიურ დისციპლინებში, საერთო  მოსწრება, მიღწეული პროგრესი და  ა.შ.

      ამერიკაში  წიგნის  „ერი  საფრთხეშია” (1983) (https://en.wikipedia.org/wiki/A_Nation_at_Risk)  და ინგლისში „სწავლების ხარისხის” (1984) პუბლიკაციიდან ათი წლის შემდეგ  პასუხისმგებლობის გაძლიერების მომხრეებმა ამ კონფლიქტში გაიმარჯვეს, თუმცა  პროფესიონალების  და  მეგობრული  კავშირების  დაკარგვის  ფასად.  მიუხედავად ამისა, ეს  ღირდა ამად, რადგან პასუხისმგებლობის გაზრდამ სკოლებს სარგებლობა მოუტანა. სახელმწიფო სასკოლო პროგრამის საფუძველზე შემუშავდა ტესტები და პროგრამები  მოსწავლეთა ცოდნის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. მშობლებმა  გაცილებით  ხარისხიანი  ინფორმაციის  მიიღეს  არა  მარტო თავიანთი  ბავშვის  მოსწრებაზე, არამედ  იმ სკოლის მუშაობაზეც, რომელშიც შვილი  სწავლობდა,  და  ასევე  მთლიანად  სისტემაზე, რომლის  ნაწილსაც  სკოლა  წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია  ისიც, რომ  ეს  ინფორმაცია  მშობლებს  საშუალებას  აძლევს  დაკავდნენ  არა  მარტო  თავიანთი  ბავშვის, არამედ  სკოლის  პრობლემებითაც.

      პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით ყველაზე მეტად  ბავშვებმა და მთლიანად სისტემამ მოიგეს. წარმატების პარამეტრებმა წინ წამოიწიეს. მოლოდინები  გაიზარდა, მასწავლებელთა  ძალისხმევა  კი  კონცენტრირდა  სწავლების  ხარისხზე. სასკოლო განათლების ხარისხი ახალ დონეზე  ავიდა. მაგ. 90წ.–ში 50–წლიანი  სტაგნაციის შემდეგ ინგლისის დაწყებითი სკოლების მოსწავლეებში შესამჩნევი გახდა წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სისტემა  იძულებული  გახდა  ეღიარებინა  შეცდომები – როგორც  თითოეული  მოსწავლის, ისე  ჯგუფების  თუ  მთლიანად  სკოლის  დონეზე. სხვა  სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ცალკეული კრიტიკოსები, პასუხისმგებლობის გაძლიერება სამართლიანობის  პრინციპის  შესრულების  გარანტად იქცა. აქამდე  ჩვენ  მხოლოდ  ვმსჯელობდით  სამართლიანობაზე  და  თანაბრობაზე  –  სისტემის  გამჭვირვალობამ  ჩვენ გვაიძულა საქმით მიგვეღწია ამ  მიზნებისთვის. აი რატომაა, რომ ფინანსირების და რეალიზაციის ხარვეზების მიუხედავად, მე მთლიანად ვემხრობი  ამერიკულ კანონს, რომელმაც ასეთი დასახელება მიიღო „არცერთი ჩამორჩენილი  ბავშვი” (https://en.wikipedia.org/wiki/No_Child_Left_Behind_Act).

     ხანდახან, ცალკეული  ექსპერტები, რომლებიც  სკოლებში  მკაცრი  პასუხისმგებლობის  აუცილებლობას აღიარებენ, მიუთითებენ იმაზე, რომ ის პედაგოგთა  ინტერესების გათვალისწინების გარეშე რეალიზდება და მათ გარკვეულ სირთულეებს უქმნის. მართლაც, ყოველთვის ყველაფერი უმტკივნეულოდ არ ხდება. მძაფრი ცვლილებების პერიოდი იწვევს  სტრესულ სიტუაციებს. მაგრამ საკმარისია გავიხსენოთ, რომ მასწავლებლებს ნამდვილი დეპრესიის პერიოდი 80–იან წლებში ჰქონდათ, როცა  შემცირდა  ხელფასები, გაიზარდა  შიდა  დაპირისპირება. სხვა  სიტყვებით  რომ  ვთქვათ,  დემორალიზაციის  პერიოდი  არსებობდა გარე  პასუხისმგებლობის  სისტემის  შემოღებამდე  და  არა  მის  მერე. 

     სკოლებში  პასუხისმგებლობისა  და  ანგარიშვალდებულების  სისტემის  განვითარებამ  პედაგოგებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, მაგ. ინგლისში. ნათელი გახდა  მასწავლებლის მთავარი ამოცანა; მათ აღარ არიან საზოგადოების  სოციალური  და  ეკონომიკური  პრობლემების  მოგვარების  ინსტრუმენტები. ყველასთვის, ერთხელ  და  სამუდამოდ გახდა ნათელი, რომ  პედაგოგებზე ბევრი  რამაა  დამოკიდებული, ეს  ხომ  ადრე  ხანდახან ავიწყდებოდათ. იშვიათად თვლიან, რომ განათლების ორგანოების ჩარევა დაბალი  მაჩვენებლების სკოლის მუშაობაში, პედაგოგების დაბალი ხარისხის მუშაობაზე  მიუთითებს. სინამდვილეში პირიქითაა. მსგავსი ჩარევა იმაზე მიანიშნებს, რომ  კარგ  მასწავლებლებსა და  სკოლებს ყოველთვის მაღალი შეფასება აქვთ. რაც ყველაზე დამაზიანებელია პედაგოგის  იმიჯისთვის საზოგადოების წინაშე. ეს დაბალი შედეგებისადმი გულგრილი   დამოკიდებულებაა.

      კიდევ  ერთი  მნიშვნელოვანი  მომენტი. ინფორმაცია, რომელსაც  პასუხისმგებლობის  სისტემა  გვაძლევს, მკაფიო  წარმოდგენას  იძლევა  იმის  შესახებ, თუ რა უნდა ჩაითვალოს  „საუკეთესო  პრაქტიკად”, ანუ მოწინავე გამოცდილებად და მიბაძვის  საგნად  პედაგოგიურ  საქმიანობაში. ამგვარად, პასუხისმგებლობის გაძლიერებამ „პროფესიონალიზმის „გაგება  უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. ჩვენ სტანდარტიზაციით სკოლებს არა მარტო მათი  ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის საშუალებას ვაძლევთ, არამედ თვითონ სისტემას მივეცით საშუალება გამოემუშავებინათ „საუკეთესო პრაქტიკება”, მიემართათ ძალისხმევა და რესურსი მათი სისტემატური გავრცელებისკენ. ასე ყალიბდება ახალი პროფესიონალური დონის ფუნდამენტი, რომელსაც მე „ინფორმირებულ  პროფესიონალიზმს”  ვეძახი.

     თემიდან გადავუხვევ  და  ვიტყვი, რომ  სხვა  ეფექტური  სისტემების  მუშაობის  შესწავლა – მაგ. ჯანდაცვის  და  მართლმსაჯულების სისტემები – მხოლოდ ადასტურებს ზემოთ  ნათქვამს. სამედიცინო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ, როდესაც ქირურგი პაციენტს ოპერაციას  უკეთებს, რომელიც ასეთ  ოპერაციას  წელიწადში  150–ჯერ  აკეთებს, მაშინ ავადმყოფს გადარჩენის მეტი  შანსი  აქვს, ვიდრე იმ ქირურგის შემთხვევაში, რომელიც  იმავე  ოპერაციას წელიწადში  50–ჯერ აკეთებს. აი, რატომაა, რომ მედიცინაში  პროფესიონალიზმი შედეგებით განისაზღვრება. მრავალი წლის მანძილზე ამ პრინციპების იგნორირება  პედაგოგიური პროფესიის  დიდი სისუსტე და ხარვეზი იყო. დიდი ხნის განმავლობაში  მასწავლებლებს თვითონ უხდებოდათ თავიანთი პროფესიონალური მოღვაწეობის განსაზღვრა. არსის ბუნდოვანებას ისინი იქამდე მიჰყავდა, რომ რეალური  პროფესიონალური  ცოდნის  დაგროვება  უძნელესი  და  თითქმის  დაუძლეველი  ხდებოდა; შეუძლებელი იყო საბაზო, მინიმალური ხარისხის გარანტირება. დაწყებით კლასებში  წიგნიერებისა და  მათემატიკური  უნარების  დონის  ასამაღლებელი გაკვეთილები  ხელს  უწყობს ამ ხარვეზის აღმოფხვრას, თუმცა ეს შეუძლებელი იქნებოდა ეფექტური  პასუხისმგებლობის სისტემის გარეშე.

            

    პედაგოგებისთვის, პასუხისმგებლობის სისტემის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი  უპირატესობა ის გახლავთ, რომ  მან შექმნა, ეგრეთ წოდებული, „სუფთა  წრე”, რომელიც  პედაგოგებს საზოგადოებასთან აკავშირებს. 70–80–იან წლებში – ინგლისში მაინც – იქმნებოდა  შთაბეჭდილება, რომ  მასწავლებლები  და  დანარჩენი  საზოგადოება  სხვადასხვა  სამყაროში ცხოვრობდნენ. მასწავლებლები თავიანთ თავს „საზოგადოებისგან მიტოვებულად”  თვლიდნენ, საზოგადოებას კი ფიქრობდა: „ნეტა  რითი არიან ისინი იქ, სკოლაში,  დაკავებულები?” ერთხელ  ჩემმა  მეგობარმა  და  დამრიგებელმა ალან ევანსმა  აღნიშნა, თუ ავტორიტეტული პედაგოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებულმა  პუბლიკაციამ  არ  დაიმსახურა  დადებითი  გამოხმაურება  ან  არ  მოხვდა  ცენტრალური  გაზეთის  რედაქტორის  სვეტში, მაშინ  ეს პუბლიკაცია განწირულია, როგორც  არ  უნდა  აქონ  ის  „თავისიანებმა”,  ანუ  პედაგოგიურმა  საზოგადოებამ. ასე  ხშირად  ხდებოდა  იმ  80–იან წლებში. პასუხისმგებლობის სისტემამ ყველაფერი შეცვალა. სწორედ ის ადგენს  საზოგადოებისთვის გასაგებ მიზნებს, რომლის ნდობაც შეიძლება. ის უზრუნველყოფს  საზოგადოებასთან უკუკავშირს, რითაც გადასახადის გადამხდელებს უჩვენებს, რომ  მათი  ფული  უაზროდ  არ იკარგება. იმით, რომ  აიძულებს  სისტემას  საკუთარ  შეცდომებზე  იმუშაოს, პასუხისმგებლობის  სისტემა  ქმნის  საფუძველს  მუდმივი  სრულყოფილებისთვის, რომელიც  საზოგადოებას  იმედს  და  რწმენას  აძლევს.

       შემთხვევითი  არაა, რომ  ბრიტანეთის განათლების სფეროში კაპიტალდაბანდებების და  ბიუჯეტური თანხების შემოდინების ყველაზე სტაბილური პერიოდი სკოლებში  პასუხისმგებლობის  სისტემის  შემოღებას  უკავშირდება. 80–იან  წლებში მე და ალან ევანსი  განათლების პროფკავშირებში ერთად  ვმუშაობდით. მათი დევიზი ასე ჟღერდა: „ყველაფერი  იშლება, ჩადეთ თანხები და ჩვენი წევრები იზრუნებენ განათლების ხარისხის  ამაღლებაზე”. ეს მცდარი ლოზუნგია. საზოგადოებას საფუძვლიანად უკვირდა: “რატომ  უნდა  ჩავდოთ  ფული  უიმედო  საქმეში?” უკვე  მაშინ  მე,  ალანს  და   ჩვენს  მეგობრებს უკეთესი ლოზუნგის იდეა მოგვივიდა, რომელიც საპირისპიროს ამბობდა: “ჩვენ  ავამაღლებთ  განათლების  ხარისხს  და  თქვენ  დარწმუნდებით, რომ  მასში  ღირს  თანხის  ჩადება”.

       პასუხისმგებლობის განმტკიცებასთან  ერთად  შემოდიან  სერიოზული  სტრატეგიული  ინვესტორები  და  მაშინ  სკოლის  ხელმძღვანელობისა  და  პედაგოგების  ინტერესებში მის ინტერესებზე ზრუნვაა და არა განათლების  სისტემის ლანძღვა, რაც ადრე ხშირად  ხდებოდა. საჭიროა, რომ   თანხები  იხარჯებოდეს  პროგრამებზე, რომლებიც  თვალსაჩინო  შედეგებს  იძლევა. იმის  ნაცვლად, რომ  დაარწმუნონ  ადამიანები,  განათლებაში  ჩადონ  თავიანთი  ასე  ძნელად  ნაშოვნი  ფული, სახელმწიფო  მოხელეები  აგრძელებენ იმ  სისტემაზე ცუდად  ლაპარაკს, რომელშიც მუშაობენ. და ამით,  მიუხედავად  ინვესტიციების  სტაბილური  შემოდინებისა,  ისინი გადასახადების გადამხდელებს ეუბნებიან: “თქვენ მიერ ჩადებული  ფული  დაიკარგა”. დიდ  ბრიტანეთში  სახელმწიფო  მოხელეები  ახლა თანდათან ეგუებიან ახალ  რეალობას. უკვე  მეექვსე  წელი  მიდის  განათლებასა  და  ჯანდაცვაში  დანახარჯების   ზრდის   სტაბილური   ათწლეულიდან – როგორც  ბიუჯეტური  ისე  კაპიტალდაბანდების. 

      ობიექტური  მონაცემები  გვიდასტურებენ, რომ ინვესტიციები რეფორმებთან ერთად  მნიშვნელოვან შედეგებს არა მარტო განათლების სფეროში, არამედ ჯანდაცვასა და  მართლმსაჯულებაშიც იძლევა. ამასთან ერთად, როდესაც, თანამშრომლების აზრით,  ჯანდაცვის სფეროს რეფორმით დაინტერესდნენ, მათ აღიარეს, რომ ახლობლებთან  საუბრისას  ისინი  რეფორმებს  უარყოფითად  აფასებდნენ, თუმცა  კერძო  საუბრისას  მათ  სარგებლობას ამტკიცებდნენ. ზუსტად ასევე იქცევიან  სახელმწიფო  დაწესებულების  ხელმძღვანელები: იმის  ნაცვლად, რომ  იამაყონ   მიღწეული  შედეგებით, ისინი  საჯაროდ  აკრიტიკებენ თავიანთ სამსახურებს – შედეგად კი დემორალიზაციას უკეთებენ  თანამშრომლებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ ცინიზმს საბოლოო ჯამში მივყავართ სახელმწიფო  მომსახურების  სფეროს  ნელ, მაგრამ უდავო  მოხრჩობამდე იმ ადამიანების  ხელით, რომლებიც საკუთარ თავს მის დამცველებად წარმოგვიდგენენ. ასეთი  პარადოქსული  სიტუაციაა.
     თუ  მოსახლეობის  შემოსავლები  იზრდება  და  უფრო  მეტ  ოჯახს  შეუძლია  ბავშვის  კერძო  სკოლებში  მიყვანა, ისმის  კითხვა, რატომ ჩადებენ ისინი თანხებს სახელმწიფო  განათლებაში, როდესაც თვითონ თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მდგომარეობა  უარესდება? ასეთ სიტუაციაში მივლენ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო განათლება  განწირულია. აქედან  გამომდინარე, ისინი, ვისაც ამის საშუალება აქვს, წავლენ კერძო  სექტორში, სახელმწიფო სექტორი კი ღარიბებისთვის დარჩება. თანაბარი უფლებების  შესაძლებლობის მიცემა კი შეიძლება დავივიწყოთ კიდეც. სახელმწიფო სფეროს  მომსახურების და მათში მომუშავე პროფესიონალის გადარჩენა პასუხისმგებლობის  სისტემის დანერგვას შეუძლია, მაგრამ ეს როგორც ყოველთვის, რადიკალური ცვლილებების  დროს  ხდება. წარმატება აქ ეფექტურ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული, როგორც  სახელმწიფო  სასწავლო  დაწესებულებებში,  ისე  თვითონ  ხელისუფლებაში.      

 

 შესაბამისი წერილის მიხედვით თარგმნა და გაარედაქტირა კახა ჟღენტმა:       https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268030643/Barber.pdf

ავტორის მიერ მითითებული ლიტერატურა:

1.Barber M. The Learning Game: Arguments for an Education Revolution. Indi_
go 1997.
2. 2. Barber M. The Next Stage for Large Scale Reform in England: From Good
to Great. Federal Reserve Bank of Boston, 47th Economic Conference Education
in the 21st Century: meeting the challenges of a changing world. Cape Cod,
Massachusetts, June 2002.
1. 3. Barber M. Courage and the Lost Art of Bicycle Maintenance. Speech to the
Primary Consultant Leaders’ Conference, Birmingham, February 2004.
4. Department for Education and Employment. Excellence in Schools. White Pa_
per, 1997.
5. Department for Education and Employment. Teachers: meeting the challenge
of change. Green Paper, 1998.
6. Department for Education and Employment. Schools Building on Success.
White Paper, 2001.
7. Department for Education and Skills and Ofsted. A New Relationship with
Schools. June 2004.
8. Department for Education and Skills. Five Year Strategy for Children and Le_
arners: Putting people at the heart of public services. July 2004.
9. Fullan M. The Moral Imperative of School Leadership. Corwin Press, 2003.
10. Miliband D. Personalised Learning: Building A New Relationship With Scho_
ols. North of England Education Conference. Belfast, 8 January 2004.
11. O’Neill O. Justice and Intelligent Accountability. 2004.
12. Sammons P., Matthews P. Improvement through inspection. An evaluation of
the impact of Ofsted’s work. Institute of Education/Ofsted, July 2004.
13. United States Department of Education. No Child Left Behind Act, 2002.

ალტერნატიული განათლების მიღების შესაძლებლობები ჩინეთში

0
გაისად, როცა ხუთი წლის ხაო ჯი სკოლაში შევა, მკაცრი სასკოლო დისციპლინის დამორჩილება და ულევი დავალების შესრულება არ მოუწევს. მისი ჩინელი თანატოლებისაგან განსხვავებით, ხაოს სასკოლო დღეები ხელოვნებით, მუსიკითა და სწავლების შემოქმედებითი მიდგომებით იქნება აღსავსე. ხაო ვალდორფის სკოლაში შედის. 
გოგონას დედ-მამა მშობელთა იმ მზარდ რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ზურგს აქცევენ ჩინეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემას, რომლის მთავარი პრინციპი ვეებერთელა მასალის გაზეპირებაა და არა კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩინელი მშობლები კერძო სკოლებს ირჩევენ. სკოლებს, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა აქვთ. მათ სურთ, რომ თავიანთი შვილების სასწავლო პროცესი არ იყოს დაძაბული და ინფორმაციის დაზეპირებაზე ორიენტირებული, არამედ ჰუმანური, ხალისიანი და შედარებით მცირე ინფორმაციის ხარისხიანად მიღებაზე გათვლილი. 
„კერძო სკოლაში ჩემი შვილი უკეთეს განათლებას მიიღებს და პარალელურად ძალიან ბედნიერად იგრძნობს თავს”, – ამბობს ლუ დანი, ხაოს დედა. 

გლობალური ყურადღება

უკვე დიდი ხანია ჩინეთმა თავისი მოსწავლეების განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (PISA) 2013 წლის საერთაშორისო გამოცდების შედეგების მიხედვით, 15 წლის ბიჭუნა შანხაიდან სიის პირველი ნომერია მათემატიკაში, მეცნიერებებსა და კითხვაში. 

ქალაქში მცხოვრები ჩინელების უმრავლესობა მთელ თავის ინვესტიციას შვილების განათლებაში დებს. დონ სტარს, დურჰემის უნივერსიტეტის ლექტორს მაგალითად თავისივე კვლევა მოაქვს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩინელი ოჯახები ყოველთვიური შემოსავლის 30%-ს შვილების სწავლა-განათლებაში ხარჯავენ, როცა ბრიტანელები შვილების განათლებისათვის თვიური შემოსავლის 2%-ს სჯერდებიან. 

სამაგიეროდ, კარგ ნიშნებთან ერთად, ჩინელი მოსწავლეები ღრმა დეპრესიას განიცდიან და საოცრად დაბალი თვითშეფასება აქვთ, ვიდრე მათ დანარჩენ თანატოლებს მთელ მსოფლიოში. გასულ შემოდგომას 10 წლის ბიჭუნამ ქალაქ შენგდუდან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1000–სიტყვიანი თვითკრიტიკული ესეს დაწერის შემდეგ ბიჭუნა 30-ე სართულიდან გადმოხტა.  

ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩინეთში ალტერნატიული განათლების კერების გახსნის ტენდენციამ იხეთქა. კერძო სკოლები აქ დასავლური სწავლების მეთოდებს იზიარებენ და პირველკლასელებს ზუსტად იმდენივე დავალებას აძლევენ, რასაც, მაგალითად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. 

ამ დროისათვის ჩინეთში მოქმედი კერძო, ალტერნატიული სკოლებისა და საბავშვო ბაღების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. ვალდორფის სკოლის დირექტორი ვეი ვარაუდობს, რომ სკოლების რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 40-ს, საბავშვო ბაღებისა კი 500-ს აღწევს. ვეი დაწყებით სკოლასა და სამ საბავშვო ბაღს ფლობს, სადაც დაახლოებით 300-მდე მოსწავლე დადის. თითოეული მათგანი სკოლასა და საბავშვო ბაღში წელიწადში 6,500 დოლარს იხდის. 

განათლება მთელი ოჯახისათვის

კერძო სკოლა „ვალდორფთან” მშობლებმა დასახლება შექმნეს. იმისათვის, რომ სკოლასთან ახლოს ყოფილიყვნენ და ცხოვრების სტილი შეეცვალათ, პირველ რიგში, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ხაოს მშობლებისათვის, ლუ დანისა და მისი ქმრისათვის, კერძო სკოლაზე არჩევნის გაკეთება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავიანთი ქალიშვილის განათლება. ლუ დანი ამბობს, რომ ამ სკოლაში ის აღმოაჩინა, რამაც მისი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. სკოლამ ჰუმანურობა და თავისუფალი აზროვნება ასწავლა, მისი ფიქრები მატერიალურ ღირებულებებს მოსწყდა.

პირველი ცვლილება მათ ოჯახში ტელევიზორსა და კომპიუტერულ თამაშებზე უარის თქმა იყო. „ამან ნამდვილი ცხოვრება, რეალური არსებობა გამომაცდევინა”, – ამბობს ლუ.

დღეს ისინი გარესამყაროსგან მოწყვეტილად ცხოვრობენ. მათთან ერთად კიდევ 40 ოჯახი სახლობს, რომლებიც სპეციალურად სკოლის სიახლოვეს გადმობარგდნენ. ვეიმ სცადა შეექმნა გარემო ადამიანებისათვის, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, ერთნაირი სურვილები აქვთ. ბევრი მშობელი სკოლაში მოხალისედ ეწევა სამუშაოს. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვა კერძო სკოლებთან და ხშირად უცხოელი მასწავლებლებიც ჩამოჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

თავად სკოლის დირექტორი ვეი ვალდორფის პედაგოგიკას 2007 წლიდან შეისწავლიდა. ოთხი წლის წინ მან თავისი პროფესია – ფოტოკორესპონდენტობა მიატოვა და საბავშვო ბაღი გახსნა. ვეის უხარია, რომ მის სკოლაში ბევრი ბავშვი მოდის. კიდევ უფრო დიდი სიხარულით მშობლები მოდიან. ისინი, ვისაც სურვილი ჰკლავთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, თუმცა  არ იციან – როგორ. 

„აქ ისეთი მშობლები მოდიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ეთამაშონ შვილებს. ისინი ბავშვებს ტელევიზორის ეკრანებთან სვამენ და სულ ესაა. ხშირად, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ჩინელი მამები შინ ისეთ დროს მიდიან, რომ შვილებმა არც კი იციან მამების არსებობის შესახებ. ამ სკოლაში მოსვლის შემდეგ, ისინი სწავლობენ თავიანთ შვილებთან თამაშს, საუბარსა და გართობას. ცხოვრებას თავიდან იწყებენ”, – ამბობს ვეი.

წყარო: https://edition.cnn.com/2014/03/26/world/asia/china-alternative-education/

„მწვერვალზე ასვლა არჩევითია, ჩამოსვლა – გარდაუვალობა“

0

სპორტის უამრავი სახეობა არსებობს. ზოგი ისტორიულად მოგვყვა, ზოგიც ჩვენ გამოვიგონეთ… მავანნი კი კვლავაც აგრძელებენ ფიქრს ახალის მოსაფიქრებლად…

რატომ არის სპორტი ასე პოპულარული?

მას შემდეგ რაც ადამიანთა ყოფა შედარებით უსაფრთხო გახდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ იყო საჭირო მუშტისა თუ სატევრის ქნევა ლუკმა-პურის მოსაპოვებლად თუ თავის გადასარჩენად, საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისათვის სპორტი გამოვიგონეთ. ჯერ კიდევ დიდი რომის დროს, განცხრომაში მაცხოვრებელი მოქალაქეებისათვის კოლიზიუმები  ააშენეს  და გლადიატორების შერკინებებით დაატკბეს. მოგვიანებით გლადიატორთა ბრძოლამ ცივილური ფორმა მიიღო და არენებსა და მოედნებზე სისხლი აიკრძალა… სპორტიც კიდევ უფრო პოპულარული გახდა და არაერთი მომდევარი გამოუჩნდა. გაიზარდა მისი არეალიც და რომის იმპერიის საზღვრებს ბევრად გასცდა. დრო მიდის, მაგრამ კაცობრიობის ინტერსი სპორტის მიმართ, არათუ ნელდება, არამედ სულ-უფრო და უფრო იზრდება. იგი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის, ამ ერთი პატარა უსუსური არსების, სიძლიერის, მოხერხებულობის, ეშმაკობის თუ გონიერების დემონსტრირებისათვის. გარდა ამისა, იგი ადამიანს ცნობადს და ხშირად შეძლებულსაც ხდის. არის აზარტიც – შენი ეს წლობით ნაწვალები შესაძლებლობები ასეულობით,  ათასეულობით და ზოგჯერ ათეულათასობით მაყურებლის წინაშე გამოფინო და ექსტაზში შესული თაყვანისმცემელ-გულშემატკივრების ყიჟინას ჩამოაქცევინო თანამედროვე კოლიზეუმების თაღები.  ამიტომ დღევანდელ პაექრობებში სპორტულთან ერთად სანახაობრივი ელემენტებიც უხვადაა. სპორტული კლუბების მეპატრონენი, მწვრთნელ-მენეჯერები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მიიზიდონ თავიანთი გაწვრთნილი შევარდნების  საცქერლად. მათაც ძალიან უჭირთ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ასპარეზობა. ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა მაყურებელთა ოვაციების გარეშე ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, კრივი, ჭიდაობა… კომფორტული სკამებით შემოსაზღვრულ პატარა სივრცეს მოკლებულ ავტორალსა და ბეატლონსაც ჰყავს თავისი მაყურებელი. ჭადრაკსაც კი, რომელშიც თვალით უხილავი გონებისა და ნერვების ჭიდილია,  სრულ მდუმარებაში უამრავი თვალი მისშტერებია  არაერთი საათის განმავლობაში…

მაგრამ არის ერთი სპორტის სახეობა, რომელსაც მაყურებელი პრაქტიკულად არ ჰყავს… მისი მიმდევარნი არ არიან განებივრებულნი მრავალათასიანი ყიჟინით. ისინი უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან პაექრობენ, საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან „სიცოცხლის ზღვარზე”…. ეს სპორტი ალპინიზმია! ალპინიზმი – ყველაზე გუნდური სპორტის სახეობა, რომლის „მოთამაშეებიც” ყველაზე დიდი ინდივიდუალისტები არიან!

ბევრს უკვირს, ბევრს კი არაფრით არ ესმის, თუ რა უბიძგებთ მავანთ ამ სპორტისაკენ… მაგრამ თუ ვინმეს ერთხელ მაინც დაუდია ფეხი თუნდაც პატარა ბორცვაკზე, მისთვის ადვილი წარმოსადგენი იქნება, თუ რას წარმოადგენს ევერესტზე ფეხის დადგმა… „მე შემიყვარდა მთები, რადგან მათ მაგრძნობინეს თუ რა პატარა ვარ” ამბობს მარკ ობმასიკი თავის წიგნში „Halfway to Heaven” – „ისინი დამეხმარნენ შემეფასებინა ცხოვრებაში, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი”.

დიახ, მთა ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელია. მას ბევრი რამის სწავლება შეუძლია. ერთი კია, მეტად პირქუში მასწავლებელია. ურჩ და გაუგონარ მოსწავლეებს მკაცრად სჯის…

კაცთა მსგავსად, ალპინიზმით მოლეკულათა ქვეყანაშიც არიან დაინტერესებულნი ზოგიერთები. ჰელიუმი, ერთი უკარება, განდეგილი ნივთიერებაა, თუმცა მეტად საინტერესო ჩვევა აქვს…

თხევადი ჰელიუმი მსუბუქი, უფერო გამჭვირვალე სითხეა. ჯერ კიდევ 1936 წელს კეეზმა შენიშნა, რომ 2.172 K-ზე  ნაჯერი ორთქლის წნევის ქვეშ (37.80 მმ ვერცხლისწყლის სვეტი) თხევად ჰელიუმში  ადგილი აქვს ფაზურ გადასვლებს. მან  ამ ტემპერატურის ზემოთ ჰელიუმს უწოდა ჰელიუმ I, ხოლო ქვემოთ – ჰელიუმ II. ეს ტყუპი ძმები ჰელიუმ I და  ჰელიუმ II მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სხვა კრიოგენური სითხეების მსგავსად ჰელიუმ I მთელ მოცულობაში დუღს გაცხელებისას და იკუმშება, როდესაც ტემპერატურა ლამბდა წერტილის ქვემოთაა.

ჰელიუმ II კი  მშვიდი სითხეა. იგი ლამბდა წერტილის ქვემოთ იწყებს მისთვის არაჩვეულებრივი ხასიათის გამომჟღავნებას. ჰელიუმ II-ს დუღილი შეუძლებელია მაღალი სითბოგამტარობის გამო. გაცხელებისას იგი შთანთქავს ენერგიას და იწყება სითხის აორთქლება. ჰელიუმ II-ის სითბოგამტარობა ყველა ცნობილ ნაერთზე დიდია, იგი მილიონჯერ აღემატება ჰელიუმ I-ის  და რამოდენიმე ასეულჯერ  სპილენძის სითბოგამტარობას. ამიტომ ჰელიუმ II-ში ადგილი აქვს თერმომექანიკურ (შადრევანის) ეფექტს.

ჩვეულებრივი სითხეებისაგან განსხვავებით ჰელიუმ II ცოცდება ზედაპირზე ერთიანი დონის მისაღწევად. თუ ჰელიმიუმ II-ით შევსებულ წურჭელში მოვათავსებთ მეორე ჭურჭელს, მცირე ხნის შემდეგ დონეები გათანაბრდება. გარდა ამისა ჰელიუმი აცოცდება გარე გახშული კონტეინერის შიგა კედლებზეც. თუ იგი დახშული არ იქნება, ჰელიუმი გარეთაც გამოაღწევს და გაუჩინარდება.

 

ჰელიუმისაგან განსხვავებით, ჩვენთვის მთისა თუ კარიერის მწვერვალზე ასვლას ცნობილი ამერიკელი მთასვლელის ედ ვიესტურის  „კანონი” აწესრიგებს: „მწვერვალზე ასვლა არჩევითია, ჩამოსვლა – გარდაუვალობა”

სიტყვათა მარაგის შეძენაზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები და პრაქტიკა

0
კითხვის სწავლების 5 კომპონენტიდან ერთ-ერთი ლექსიკური მარაგის შევსებაა. 

ცნობილია, რომ ნებისმიერი საგნის სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საგნისთვის დამახასიათებელი  სპეციალური  ლექსიკური  ერთეულების სწავლებას. კითხვის სწავლების კომპონენტებს შორის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  მაგრამ  კიდევ უფრო  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება „სიტყვის გამტკიცებისკენ” მიმართულ სწავლებას, რომლის დროსაც მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს სიტყვის ფორმაზე, მნიშვნელობასა და კონტექსტში მის გამოყენებაზე, რათა მოსწავლეებს გაუმდიდროს სიტყვათა მარაგი და შესძინოს კითხვისთვის საჭირო სხვა ჩვევები. 
სიტყვათა მარაგის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს შეუძლია სიტყვათა მნიშვნელობების  ზუსტი განსაზღვრა. ეს არის უნარი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა მათთვის საინტერესო სიტყვების შეზღუდულ რაოდენობასთან მუშაობისას ამჟღავნებს. სიტყვათა მარაგის ზრდა გონებრივ ლექსიკონში მხოლოდ ახალი სიტყვის დამატებას არ ნიშნავს, არამედ ეს იმ ცოდნის დახვეწა და გაღრმავებაა, რომელიც  საშუალებას გვაძლევს ფართო მნიშვნელობით და კონტექსტის შესაბამისად გამოვიყენოთ ნასწავლი სიტყვა. 
ახალი  სიტყვების, ცნებების შესწავლისა და  უკვე ნასწავლის გამტკიცების   საშუალებაა „ტექსტის გარჩევა”.  ამ დროს ტექსტიდან რამდენიმე  რთული სიტყვის განხილვა და, ე.წ. სიტყვის „სამუშაო განსაზღვრების” ჩამოყალიბება მოსწავლეებს ეხმარება გამოიყენონ სხვადასხვა სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში. ამგვარად ისინი სწავლობენ სიტყვების სხვადასხვა კონტექსტსა (მაგალითად, დაუკავშირონ სიტყვა სურათს, მოძებნონ სინონიმი) და სხვადასხვა აქტივობაში გამოყენებას  (მაგალითად, წერისას, თამაშისას და ა.შ. ).
ზოგადად  ახალი  სიტყვისა და ახალი ცნების შესწავლა ერთდროულად ხდება. ის გულისხმობს მოსწავლეებისაგან ახალი ცნებების უკვე ნაცნობი  სიტყვების  გამოყენებით შესწავლას და ასევე ახალ სიტყვებს, რომლებიც უკვე ნაცნობი ცნებებია. ამიტომაა, რომ სიტყვასთან  დაკავშირებული ტერმინების ცოდნა სიტყვის ცოდნის ახალ ასპექტს მიეკუთვნება. სწავლება მაშინ მიმდინარეობს წარმატებულად, როდესაც ცნებების და სიტყვების სწავლება მისი მრავალი გამოვლინებით ხდება. აქ იგულისხმება: 

·კომპოზიტები, ანალოგიები, სინონიმები, ანტონიმები, მეტაფორები, იდიომები და ა.შ; 

·ასევე ის სიტყვები, რომლებიც წინადადებაში შეიძლება ამ სიტყვას ახლდეს, მაგალითად, გამარჯვება, დამარცხება, ტრიუმფი და ა.შ. (მაგ. გუნდი იგებს თამაშს, მაგრამ ამარცხებს მოწინააღმდეგე გუნდს, ან ტრიუმფს აღწევს, ან იმარჯვებს).  
სასწავლო პროგრამის შედგენაზე, რომელიც სიტყვათა მარაგის შეძენას ითვალისწინებს, გავლენას ახდენს ის წასაკითხი ტექსტები, სასწავლო თემები და სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც სტანდარტითაა გათვალისწინებული. ისინი შეიძლება შეირჩეს გამოყენების სიხშირის და სხვადასხვა საგანში საჭირო ლექსიკის მიხედვით (თუმცა ჯერჯერობით უცნობია სიტყვათა საუკეთესო ნაკრები ან მათი არჩევისა და დაჯგუფების საუკეთესო პრინციპი).   
აღსანიშნავია,  რომ  სიტყვების  სწავლებისა და გამტკიცებისთვის არსებობს სპეციალური   პრაქტიკული ნაწილი – კითხვამდე, კითხვის დროს და კითხვის შემდეგ სწავლება.  ეს დაეხმარება მოსწავლეებს სიტყვების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში, სხვა მნიშვნელობებისა და ფორმალური განსაზღვრების მოფიქრებაში, ასევე სინონიმების, ანტონიმების, იდიომებისა და მეტაფორების აღმოჩენაში და საბოლოო ჯამში – კონკრეტული საგნის შესწავლაში.  
ზოგადად ამ ტიპის  სწავლებისას მასწავლებლები მოსწავლეებს ორ ძირითად გზას ურჩევენ: 

·იკითხონ ბევრი;
·და ჩამოწერონ მთელი კვირის განმავლობაში ნასწავლი სიტყვები ტესტის დასაწერად. 
მაგრამ ეს არაა საკმარისი. სიტყვათა ფორმების ზუსტი სწავლება სიტყვათა მარაგის ზრდის  საწინდარი მხოლოდ მაშინაა, როდესაც ის პრაქტიკაში სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხდება. ამიტომ აუცილებელია კარგად დაიგეგმოს სასწავლო პროგრამა და მოსწავლეები  ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში ისე, რომ მათ შეძლონ ახალი სიტყვების გამოყენება და თვითონ დააკავშირონ ისინი ნაცნობ სიტყვებთან (ზოგიერთ სასწავლო პროგრამაში პირდაპირაა ჩამოთვლილი სხვადასხვა  მეთოდით ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვები). ასეთი სწავლებისას მოსწავლეები ხშირად იყენებენ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: ლექსიკონი, განმარტებითი ლექსიკონი და სხვა;  სასწავლო პროგრამა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, იპოვნოს ტექსტში ის საჭირო სიგნალები (სინტაქსური, პუნქტუაცია და ა.შ.), რომლებიც  მიუთითებენ, რომ ახალი სიტყვების მნიშვნელობა ამავე პარაგრაფშია ახსნილი. ამის პრაქტიკული ღირებულება ძალიან დიდია, რადგან კონტექსტში დამალული სიტყვის მნიშვნელობის პოვნის სწავლება მოსწავლეებს დააზოგვინებს დროს, რომელსაც ისინი ხარჯავენ კითხვაზე.  შედეგად კი სასწავლო პროცესი  წარმატებული  და ეფექტური გახდება. 
საჭირო და ეფექტური შედეგების მისაღებად მასწავლებლებმაც უნდა განივითარონ  მეტყველების უნარი, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ დამწყები მასწავლებლები, რათა შესაბამისი სიტყვათა მარაგით შეძლონ თვალყური ადევნონ მოსწავლეთა  მეტყველებას, აუხსნან მათ ახალი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც თემატური განხილვებისას შეხვდათ.  
     
არსებობს  მთელი  რიგი  სავარჯიშოებისა, რომლებიც ხელს უწყობენ სიტყვათა მარაგის  შევსებას  და  გაფართოებას.  ასეთი  ტიპისაა  ის დავალებები, რომლებიც:

·კომუნიკაციური ხასიათისაა, ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეადგინონ და წაიკითხონ მონოლოგი;

·გამოიყენება ტექსტის სტილისტური  ანალიზისთვის;

·გვეხმარება სიტყვათა მარაგის შევსებაში;

·ტექსტის ლოგიკური სტრუქტურის გაგების დავალებები;

·დავალებები, რომელთა შესრულებისას მოსწავლეები თანმიმდევრულად ალაგებენ სხვადასხვა ცნებებს (მაგალითად, ცხენი, გზა, ხიდი, თელავი, და ა.შ.).
განვიხილოთ კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც  გამოიყენება სიტყვათა მარაგის გამდიდრებისთვის, „სიტყვათა გამტკიცებისათვის”, ახალი სიტყვების,  მათი მნიშვნელობისა და კონკრეტული საგნისათვის დამახასიათებელი ენის ლექსიკური შემადგენლობის სწავლებისთვის:  
სტრატეგია „არ გაუშვა”
დავალება: მოვუსმინოთ ტექსტს და დავალაგოთ სიტყვები  თემატურად. 
სტრატეგია „საოცრებათა ქვეყანა”
დავალება: განაგრძეთ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული მოთხრობა ისე, რომ შედეგად მიიღოთ გასართობი ხასიათის ისტორია (მაგალითად, საზღვაო თავგადასავლებზე, დაკარგული ქალაქების ძიებაზე, გამქრალ ცივილიზაციებზე, ჩამარხულ განძზე და ა.შ.
სტრატეგია „ლინგვისტური ლოტო”

დავალება: განვსაზღვროთ, ე.წ. ძველებური სიტყვა-თქმები, რომლებიც დღესაც გამოიყენებიან, თუნდაც სახეცვლილი ფორმით.

სიტყვა

დებიუტი

ვოიაჟი

რეპერტუარი

გალანტერეა

 

 ——–

მნიშვნელობა

 ————-

——–

————–

—————

 

———-

 
სტრატეგია  „ყველაზე  გრძელი  მოთხრობა”

დავალება: შეადგინეთ ტექსტი, სადაც ყველა სიტყვა ერთ ასო-ბგერაზე დაიწყება. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე გრძელ ტექსტს შეადგენს. 
სტრატეგია „ასოციაცია”

დავალება: გააგრძელეთ ასოციაციური რიგი შესაბამისი ანალოგიების გამოყენებით. (მაგალითად, წელიწადის დრო – ზაფხული, გაზაფხული, თვე, თოვა, ბარაქიანი შემოდგომა… ასევე: გეროიზმი -….; გართობა – …; კონფლიქტოლოგია – …)
სტრატეგია „შეადგინეთ განსაზღვრება” 

დავალება: შეადგინეთ სტატია ფრაზეოლოგიური გამოთქმებით, განსაზღვრეთ შემდეგი გამოთქმების აზრი:  „კარგი მეისტორიე”, „მეფე ერეკლეს დროს”, „არქიმედეს კანონის მიხედვით” და სხვა.
 
სტრატეგია „ერთი ზედმეტი”

დავალება: ამოიწერეთ ერთი ზედმეტი სიტყვა, სიტყვათწყობა, წინადადება და ჩამოთვალეთ იმავე პრინციპის გამოყენებით: 

oენგური, იორი, რიწა, მტკვარი, ალაზანი, ალავერდი, ყინწვისი, შატბერდი და ა.შ.
სტრატეგია  „ინფორმაციის აგება ალგორითმის გამოყენებით”

დავალება: შეადგინეთ მაქსიმალური რაოდენობა ერთმანეთთან დაკავშირებული წინადადებებისა, რომელთა სტრუქტურა და შინაარსი  შეესაბამება ალგორითმს: „ფაქტი (რა მოხდა კონკრეტულად) – მიზეზი – საბაბი – ანალოგია და შედარება – შედეგები;   ან „ ვინ – რა – სად – რატომ – რისთვის – როგორ – როდის”.
სტრატეგია „სცენარების შედგენა”

დავალება: წარმოიდგინეთ თქვენი თავი კინოოპერატორის რანგში და ტექსტი აზრობრივად ნაწილებად ისე  დაყავით, რომ  მან მიიღოს ცხრილის ფორმა : 
 

 

საერთო გეგმა

 

შუალედური გეგმა

მსხვილი პლანით

 

 

 

 

 

 
სიტყვათა  მარაგის  შეძენაზე  ორიენტირებული  სწავლების  სტრატეგიების გამოყენებისას გაკვეთილები ხალისიანად და ნაყოფიერად  მიმდინარეობს,   მასწავლებლებს   უადვილდებათ დასახული მიზნების მიღწევა და  მაღლდება მათი ცოდნის დონე. ამიტომ, მათი გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში სასურველი და მიზანშეწონილია. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...