თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია საგანმანათლებლო პრაქტიკის კვლევა სკოლის ბაზაზე. ცნობილია, რომ იაპონია ამ გამოწვევებს შესანიშნავად ართმევს თავს და როგორც კვლევებმა აჩვენა, იაპონური მოდელის დანერგვამ დიდ ბრიტანეთშიც მაღალი შედეგები აჩვენა. „Japanese Lesson Study“-ის მოდელი, პირველად სკოლის საავტორიზაციო სამზადისში მომხვდა ყურში, თუმცა დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. მას შემდეგ, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ვცდილობდი, ცოდნა გამეღრმავებინა რამდენჯერმე კიდევ შევხვდი ამ მოდელს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება. მეთოდის სასკოლო ცხოვრებაში გამოყენებამ კი სრულიად სხვა თვალით დამანახა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმაც განსხვავებული ხასიათი მიიღო.
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს მოდელი დაინტერესებული პირებისათვის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდება და დაინერგება სასკოლო პრაქტიკაში. მოდელი კომპლექსური ხასიათისაა. სწორედ მისი კომპლექსური და თანმიმდევრული ხასიათის გამო, იგი ქართული სკოლებისათვის კურიკულუმის განვითარების კარგი საშუალება იქნება. ასევე, მასწავლებლის პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ მოდელის მიხედვით კვლევას ატარებს მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც ორიენტირებული არიან მოსწავლეთა მიღწევების ზრდაზე და ამ მიზნით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე. იაპონურად გაკვეთილის შესწავლის სახელია jugyokenkyu. „იუგიო“ ნიშნავს სწავლებას და სწავლას. „კენკიუ“ – შესწავლას ან კვლევას. ასე რომ, ამ მეთოდის დედააზრი სწავლებისა და სწავლის შესწავლა გამოდის.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი?
მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. შესაძლოა, მათ მოსწავლეებს უჭირთ წილადების შეკრება. შემდეგ, მასწავლებლები აკეთებენ კვლევას იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წილადების შეკრება. ისინი კითხულობენ უახლეს საგანმანათლებლო ლიტერატურას და აკვირდებიან გაკვეთილებს, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა ჩაატარეს. როგორც წესი, მათ ჰყავთ „გარე მრჩეველი“. ეს ადამიანი, როგორც წესი, არის ექსპერტი ან მკვლევარი, რომელიც არ მუშაობს სკოლაში. იგი მოწვეული სტატუსით ჯგუფს ურჩევს და ეხმარება თეორიული მასალის დამუშავებაში და კვლევის პროცესზე დაკვირვებაში. კვლევის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის გეგმა ჰიპოთეზური ხასიათისაა და თითოეული ჯგუფის წევრი გამოთქვამს მოსაზრებას და ხდება მისი ანალიზი. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს ჯგუფთან ერთად შექმნილი გეგმის მიხედვით, ხოლო ჯგუფის დანარჩენი მასწავლებელი აკვირდება პროცესს. იაპონური მოდელის თანახმად, ხშირად სკოლის ჯგუფის არაწევრი მასწავლებლებიც აკვირდებიან პროცესს და ზოგ შემთხვევაში – სხვა სკოლის პედაგოგებიც. ამას ჰქვია საჯარო კვლევის გაკვეთილი. ვფიქრობ, ვერიფიკაციის პროცესში ეს მიდგომა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამაში კი დაგვეხმარება „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა.
მოდელი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნაბიჯებად:
საკვლევი საგნის იდენტიფიცირება
მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. მასწავლებლები მოსწავლეთა სწავლის გრძელვადიან მიზნებს ადარებენ მიმდინარე სასწავლო მიღწევებს, რათა დაადგინონ სკოლის მასშტაბით საკვლევი თემა. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფი დაკომპლექტებული იყოს კათედრის ყველა წევრი მასწავლებლით, რაც საშუალებას გვაძლევს მომიჯნავე საგნობრივ ჭრილში შეფასდეს პროცესები.
დაგეგმვა
მასწავლებლები მუშაობენ ერთობლივად ჯგუფებში და შეისწავლიან საკვლევი თემის შესაბამის მასალას. ერთობლივად ადგენენ გაკვეთილის გეგმას. შესაძლოა, ამას რამდენიმე შეხვედრაც კი დაეთმოს. ჯგუფი ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს მოსწავლეთა პასუხები, მცდარი წარმოდგენები და მისაღწევი შედეგები.
გაკვეთილზე დაკვირვება
ჯგუფიდან ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს, სხვა წევრები კი უსიტყვო დამკვირვებლების როლს ასრულებენ. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა სწავლის მტკიცებულებების შეგროვებაზე და არა სწავლების განსჯაზე. როგორ რეაგირებენ მოსწავლეები გაკვეთილზე? რას აკეთებენ სწორად ან არასწორად? მიზანი გაკვეთილისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვებისაგან განსხვავებით ფოკუსირებული დაკვირვება ხდება მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე.
გაკვეთილის შემდგომი სამუშაო შეხვედრა
ჯგუფი იკრიბება, რათა ოფიციალურად განიხილონ დაკვირვების შედეგები. აქცენტი კეთდება დაკვირვებებისას აღმოჩენილ მიგნებებზე. ფასდება სწორი იყო თუ არა დაგეგმვისას გამოთქმული პროგნოზები. ჯგუფის წევრები გასცემენ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ემსახურება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვების პრაქტიკიდან განსხვავებით, ორიენტირებული არ ვართ მასწავლებლის უნარებზე. მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეთა უნარებსა და მათ განვითარებაზე.
საკვლევი გაკვეთილის განმეორებით ჩატარება
თავიდან ტარდება გაკვეთილი რომელიც დაიგეგმა დისკუსიის პროცესში და ეყრდნობა გაკვეთილის შემდგომი დისკუსიის შედეგებს. ეს არის ახალი გაკვეთილი და არა წინა კვლევის ხელახალი ჩატარება. უბრალოდ იგეგმება ახალი გაკვეთილი მიგნებების გათვალისწინებით. გაკვეთილის შესწავლა ფოკუსირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პრაქტიკის თანდათანობით ცვლილებაზე, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევის შედეგებსაც.
გარე ექსპერტიზა
პროცესში შესაძლოა ჩართოს გარე ექსპერტი, რომელიც დააკვირდება გაკვეთილს და გასცემს უკუკავშირს. ასევე მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვის პროცესში. ჩემი დაკვირვებით და ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაძლებელია „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა ან სამინისტროს ექსპერტების მოწვევა.
გაზიარება
მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იყოს კათედრის ყველა წევრისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისათვის.
სასურველია სკოლამ დასკვნები გამოაქვეყნოს ვებგვერდზე, რაც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს გამოიყენონ ერთმანეთის პრაქტიკა და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა სწავლებისა და სწავლის შესახებ სხვა ჯგუფების კვლევის გაკვეთილებზე დაკვირვებით.
იაპონიაში შესაძლებელია გაკვეთილის პროცესის გადაღება და შემდგომ ამ ვიდეომასალის დამუშავება სამუშაო შეხვედრებზე. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვფიქრობ, შესაძლებელია მსგავსი პრეცედენტის დანერგვა სამომავლოდ და სპეციალური საკვლევი გაკვეთილების ჩატარება.
სასკოლო პრაქტიკაში ამ მეთოდის დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა სკოლას: გაუმჯობესდება სასწავლო კურიკულუმი, სკოლაში განვითარდება თანამშრომლობით კულტურა, გაუმჯობესდება სწავლა სწავლების შედეგები, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მუდმივ განვითარების პროცესს და დანერგავს სკოლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
წარმოიდგინეთ, რომ შიგნიდან იწვით, ყელში ბურთი გაქვთ გაჩხერილი, გარშემო კი ყველა მხოლოდ თქვენს ცუდ ნიშნებზე, დაგვიანებებზე ან უხეშობაზე საუბრობს. სწორედ ასე გამოიყურება მოზარდობა პერიოდი, როცა ის უკვე აღარ არის პატარა ბავშვი, მაგრამ არც დიდია. ის სადღაც შუაშია გაჭედილი, სადაც ჰორმონები, გაურკვევლობა და საკუთარი თავის ძიება ერთმანეთშია არეული. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ის უბრალოდ უზრდელია“, „ყველაფერს აპროტესტებს“, „არავის პატივს არ სცემს“. ჩვენ ვხედავთ ნიღაბს აგრესიას, ხმამაღალ პასუხებსა და გაჯახუნებულ კარებს, მაგრამ იშვიათად ვიხედებით რა ხდება ამ ნიღბის მიღმა. სინამდვილეში, მოზარდის აგრესია თითქმის არასდროს არის მიმართული პიროვნულად ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის მისი შინაგანი ქაოსის, შიშისა და მარტოობის გამოძახილი, რომელსაც სკოლის დერეფნებში სხვა სახელი ვერ მოუძებნეს.
ყოველი გაკვეთილი ხშირად პატარა ომს ემსგავსება, ყოველი შენიშვნა კი აფეთქებულ ნაღმს. თუ თქვენს გვერდით არის მოზარდი, რომელიც ყოველ სიტყვაზე „ბრძოლისთვის“ არის მზად, იცოდეთ ის თქვენი მტერი არ არის, უბრალოდ დიდ ქარიშხალშია მოყოლილი და ემოციების მართვა ჯერ არ უსწავლია. აგრესია მისი „ჯავშანია“, რომლითაც ის საკუთარ დაუცველობას მალავს. ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა და უსიტყვო ყვირილი, რომლითაც ბავშვი დახმარებას გვთხოვს, ოღონდ ისე, რომ სუსტი არ გამოჩნდეს.
სკოლის ყოველდღიურობაში ეს ბრაზი ათასნაირ ფორმას იღებს. ერთისთვის ეს ღია პროტესტია, სადაც მოსწავლე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს წესებს. მეორისთვის აგრესია უფრო შეფარულია ის ირონიაში, თანაკლასელების დაცინვაში ან დემონსტრაციულ ქცევაში ვლინდება. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. თუმცა, ამ ყველაფრის უკან ყოველთვის რაღაც სხვა ამბავი იმალება.
მაგალითად, 13 წლის გიორგის შემთხვევა ავიღოთ: მისი მუდმივი მზადყოფნა კონფლიქტისთვის ერთი შეხედვით დისციპლინურ პრობლემას ჰგავდა, თუმცა რეალურად ეს იყო სახლში არსებული დაძაბულობისგან გამოწვეული შინაგანი ქაოსის გამოძახილი. გიორგის ქცევა არ იყო მიმართული მასწავლებლის წინააღმდეგ ეს მისი სულის ყვირილი იყო, მცდელობა, სადმე მაინც მოეხდინა იმ ბრაზის რეალიზება, რომელსაც შინ ვერ გამოხატავდა. ანას შემთხვევაში კი, რომელიც მუდმივად კონფლიქტში შედიოდა გარშემომყოფებთან, აგრესია თავდაცვის ერთგვარ „ჯავშნად“ იქცა. მას ეშინოდა, რომ გარიყავდნენ და ამიტომ თავად გახდა „შეუვალი“, რათა პირველს მას არ სტკენოდა. მოზარდი ყველაზე მეტად მაშინ იქცევა აუტანლად, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.
აგრესიის მიღმა თითქმის ყოველთვის დგას შიში, ტკივილი, დაბალი თვითშეფასება ან იმის განცდა, რომ მას ვერავინ იგებს. მოზარდს უჭირს ამ მძაფრი და წინააღმდეგობრივი ემოციების გააზრება, ამიტომ ირჩევს ყველაზე სწრაფ გზას – ქმედებას. სწორედ ამ კრიზისულ მომენტში ხდება გადამწყვეტი ჩვენი, ზრდასრულების რეაქცია. მკაცრმა ტონმა, საჯარო შენიშვნამ ან მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომამ შეიძლება ეს ცეცხლი კიდევ უფრო გააღვივოს. მოზარდი, რომელიც სამყაროსგან მხოლოდ თავდასხმას ელის, ასეთ დროს უფრო მეტად იკეტება საკუთარ ნაჭუჭში.
ბევრად ეფექტურია მშვიდი, თანმიმდევრული და ემპათიური პოზიცია. როდესაც ჩვენ არ ვამცირებთ მოზარდს სხვების წინაშე, არამედ ვპოულობთ დროს მასთან პირისპირ სასაუბროდ, ჩვენ მას ვუბრუნებთ ღირსების განცდას. უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისგან გავმიჯნოთმიუღებელი ქცევა და ბავშვის პიროვნება. უბრალო, მაგრამ გულწრფელი ფრაზაც კი – “ვხედავ, რომ ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ და მინდა გითხრა, რომ შენი მესმის, მოდი ერთად ვცადოთ ამის მოგვარება“ – ხშირად უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე ნებისმიერი დირექტივა თუ საყვედური. იმისათვის, რომ სკოლა და ოჯახი გახდეს სივრცე, სადაც ემოციებს „მართავენ“ და არა „ახშობენ“, საჭიროა სისტემური მიდგომა. ეს გულისხმობს სიმშვიდის შენარჩუნებას კრიზისულ მომენტში, მოზარდისთვის არჩევანის უფლების მიცემას (რაც მას პასუხისმგებლობის გრძნობას უღვიძებს) და მისი თუნდაც მცირე, პოზიტიური ნაბიჯების დანახვას. ემოციებზე მუშაობა იქნება ეს კლასის საათი, ოჯახური ვახშამი თუ გულახდილი დისკუსია – ეხმარება მათ, ისწავლონ ბრაზის გარდაქმნა კონსტრუქციულ ენად.
საბოლოო ჯამში, ემპათია არ ნიშნავს წესებზე უარის თქმას ან დათმობას, ის ნიშნავს გაგებას. თუ ჩვენ ვისწავლით მოზარდის აგრესიის „წაკითხვას“, დავინახავთ არა „რთულ ბავშვს“, არამედ ადამიანს, რომელიც დახმარებას, აღიარებასა და უსაფრთხოებას ითხოვს. ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ ის საყრდენი, რომელიც მას ამ ქარიშხლიან პერიოდში გადარჩენაში დაეხმარება.
თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასწავლო პროცესის ავთენტურობა. ინფორმაციის მიწოდება აღარ არის საკმარისი. აუცილებელია ცოდნა იქცეს გამოცდილებად, ხოლო გამოცდილება – გააზრებად და მოქმედებად. პროექტი „ქალაქი როგორც ცოცხალი წიგნი“ გვთავაზობს მოდელს, სადაც ქალაქი აღქმულია არა მხოლოდ როგორც შენობების ერთობლიობა, არამედ როგორც ადამიანური ისტორიების, კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული კონტექსტის სისტემა. როდესაც მოსწავლე ამ სივრცის აღიქვამს, როგორც „წასაკითხ ტექსტს“, სწავლა ავტომატურად იცვლის ბუნებას. ის აღარ არის გარედან მოწოდებული ცოდნა ის ხდება აღმოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქალაქის ქუჩები დიდი ბიბლიოთეკის თაროებია, შენობები – გადაშლილი ფურცლები, ხოლო ადამიანების მოგონებები – ქვეტექსტები. პროექტი „ქალაქი როგორც ცოცხალი წიგნი“ გვთავაზობს რევოლუციურ I-F-I (არაფორმალური – ფორმალური – არაფორმალური) მოდელს, რომელიც მოსწავლეს პასიური მსმენელიდან აქტიურ ცოდნის შემქმნელად გარდაქმნის.
მეთოდური საფუძველი: I-F-I (არაფორმალური – ფორმალური – არაფორმალური) მოდელი – პროექტი ეყრდნობა სწავლების სამ ურთიერთდაკავშირებულ ფაზას, რომელიც ეფუძნება კონსტრუქტივისტულ თეორიებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს (ბრუნერი, დიუი, კოლბი, ვიგოტსკი). ქვემოთ მოცემულია თითოეული ფაზის სტრუქტურული აღწერა:
ფაზა
დასახელება
მთავარი პედაგოგიური
მიზანი
ძირითადი აქტივობები
I – Informal
არაფორმალური გამოცდილება
ემოციური ჩართულობა, კვლევითი ცნობისმოყვარეობისა და კითხვების გაჩენა.
გარემოში გასვლა, ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, დაკვირვების რუკების შევსება, ინტერვიუები.
F – Formal
ფორმალური გააზრება
ემპირიული გამოცდილების
კონტექსტუალიზაცია და აკადემიური ანალიზი.
საარქივო წყაროებთან მუშაობა, ინფორმაციის გადამოწმება, რუკების დამუშავება.
I – Informal
არაფორმალური გამოყენება
ავტორობის გაცნობიერება და ცოდნის საზოგადოებრივ სივრცეში რეალიზება.
საავტორო ტურების დაგეგმვა, ვიდეოგიდების, პოდკასტებისა და გამოფენების შექმნა.
ფაზების შინაარსობრივი აღწერა
პირველი ფაზა: არაფორმალური გამოცდილება (Informal Experience) ამ ეტაპზე სწავლა იწყება უშუალო გარემოზე დაკვირვებით. მოსწავლეები ტოვებენ საკლასო ოთახს და შედიან კონტაქტში იმ სივრცესთან, რომელსაც ყოველდღე ხედავენ, მაგრამ იშვიათად აკვირდებიან. მასწავლებლის როლი აქ ფასილიტაციაა. მან არ უნდა გასცეს მზა პასუხები, არამედ უნდა დასვას კითხვები, რომლებიც მოსწავლეს შენობის ან ადგილის მიღმა არსებული მნიშვნელობის დანახვაში დაეხმარება.
მეორე ფაზა: ფორმალური გააზრება (Formal Comprehension) კლასში დაბრუნებული მოსწავლეები ახდენენ მოპოვებული მასალის დაკავშირებას ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტებთან. ეს არის ეტაპი, როდესაც ემპირიული გამოცდილება უკავშირდება მეცნიერულ ცოდნას. აქ მოსწავლე აცნობიერებს, რომ ცოდნა არ არის ერთმნიშვნელოვანი, ის მოითხოვს ინტერპრეტაციას და სხვადასხვა ვერსიის შედარებას.
მესამე ფაზა: არაფორმალური გამოყენება (Informal Application) სწავლის ციკლი სრულდება ტრანსფორმაციით: მოსწავლე ინფორმაციის მიმღებიდან ხდება ავტორი და შემქმნელი. როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ტექსტს, რუკას ან ვიდეოს, ის საკუთარ აღმოჩენებს უზიარებს სხვებს. ცოდნა აღარ რჩება კლასში – ის იწყებს მოძრაობას საზოგადოებაში.
ინტერდისციპლინური კავშირები –პროექტი თავისი ბუნებით ინტერდისციპლინურია და მოითხოვს სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენციის სინთეზს:
ისტორია: წყაროების კვლევა, ქრონოლოგიური ანალიზი.
ქართული ენა და ლიტერატურა: ინტერვიუს ჩაწერა, ტექსტის სტრუქტურირება, ნარატივის შექმნა.
გეოგრაფია: სივრცითი აღქმა, რუკაზე მუშაობა.
ICT: ციფრული პროდუქტების შექმნა (ვიდეო, აუდიო, ინტერაქტიული რუკა).
ხელოვნება: ვიზუალური ანალიზი და ეპოქალური არქიტექტურის ესთეტიკური აღქმა.
ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური ჩარჩოს უკეთ საილუსტრაციოდ, განვიხილოთ ინტერდისციპლინური პროექტის ნიმუში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ქალაქის კვლევა ხდება ცოდნის კონსტრუქტირების მთავარი ინსტრუმენტი.
ინსტრუმენტი: „მკვლევრის დღიური“ და დაკვირვების ბარათები.
ფაზა II (Formal): „გაშიფრე კოდი“
აქტივობა: მუშაობა ბიბლიოთეკასა და არქივში. მოპოვებული ფოტოების შედარება ძველ მასალებთან. მასწავლებლების და სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები (მაგ: არქიტექტურული სტილების გარჩევა ხელოვნების მასწავლებელთან).
ინსტრუმენტი: ვენის დიაგრამა (ძველი vs ახალი), ანალიტიკური ცხრილები.
ფაზა III (Informal Application): „გახდი ავტორი“
აქტივობა:პროდუქტის შექმნა. მოსწავლეები ქმნიან ციფრულ გიდს (QR კოდები შენობებზე) ან მართავენ საავტორო ტურს მშობლებისა და თანატოლებისთვის.
პროდუქტი: ვიდეო-ბლოგი, პოდკასტი ან კულტურული მარშრუტის ინტერაქტიური რუკა.
პროექტის შეფასება უნდა იყოს კომპლექსური და ორიენტირებული პროცესზე. რეკომენდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება: შინაარსობრივი სიზუსტე და წყაროების მართებული გამოყენება, ტექსტისა და საბოლოო პროდუქტის სტრუქტურა, შემოქმედებითი მიდგომა, პრეზენტაციის უნარი და თანატოლთა უკუკავშირი.
პროექტის შეფასების რუბრიკა
ეს რუბრიკა დაეხმარება მასწავლებელს ობიექტურად შეაფასოს მოსწავლის მიერ გავლილი გზა ინფორმაციის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნა-გაზიარებამდე
კრიტერიუმი
მაღალი დონე (9-10)
საშუალო დონე (5-8)
დაბალი დონე (1-4)
კვლევა და წყაროები (I-F ფაზა)
იყენებს მრავალფეროვან წყაროებს (ინტერვიუ, არქივი); კრიტიკულად აანალიზებს ინფორმაციას.
იყენებს მხოლოდ სტანდარტულ წყაროებს; ინფორმაცია მოწოდებულია ზედაპირულად.
წყაროები მწირია; ვერ ახდენს ინფორმაციის ვერიფიკაციას.
ინტერდისციპლინური კავშირები
ნაშრომში ორგანულად ჩანს ისტორიის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის ცოდნის სინთეზი.
ჩანს ცალკეული საგნების ცოდნა, თუმცა მათი კავშირი სუსტია.
საგნობრივი ცოდნა ფრაგმენტულია და არ უკავშირდება ერთმანეთს.
შემოქმედებითი პროდუქტი (I ფაზა)
პროდუქტი (პოდკასტი, ტური, რუკა) არის ორიგინალური, გამართული და საინტერესო აუდიტორიისთვის.
პროდუქტი სტანდარტულია; ტექნიკურად გამართულია, მაგრამ აკლია კრეატიულობა.
პროდუქტი დაუსრულებელია ან სუსტად ასახავს კვლევის შედეგებს.
რეფლექსია და ავტორობა
მოსწავლე მკაფიოდ აცნობიერებს საკუთარ როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.
მოსწავლე საუბრობს ფაქტებზე, თუმცა უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ვერ ხსნის პროექტის მნიშვნელობას საკუთარი გამოცდილებისთვის.
ამ სასწავლო პროექტის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი გარემოს სხვაგვარად დანახვას. ქალაქი ხდება ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარ როლს აცნობიერებს. ასეთი სწავლა აღარ არის იზოლირებული, ის უკავშირდება ცხოვრებას და თავად ხდება მოტივატორი.როდესაც მოსწავლე სწავლობს გარემოს „წაკითხვას“, ის წყვეტს ქალაქში უბრალო გამვლელად ყოფნას. ის ხდება მკვლევარი და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მცველი. სწორედ ამ დროს სწავლა ტოვებს საკლასო ოთახს და ბონუსად გადადის რეალურ ცხოვრებაში.
სტატიაში გამოყენებული სქემა გენერირებულია AI მიერ ავტორის მიერ მიცემული კონცეფციის საფუძველზე
განათლების ტრადიციული მოდელები დიდი ხანია სტრუქტურირებულია საგნებზე დაფუძნებული სწავლების გარშემო, რაც ხშირად იწვევს ფრაგმენტულ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც ვერ ასახავს ცოდნის ურთიერთდაკავშირებულ ბუნებას. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე პედაგოგიური პარადიგმები ხაზს უსვამს ინტეგრაციას, კონტექსტუალიზაციას და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს. ამ ჩარჩოში, თემატურმა სწავლებამ მზარდი ყურადღება მიიპყრო, როგორც მეთოდმა, რომელიც შეესაბამება განვითარების ფსიქოლოგიას და კონსტრუქტივისტულ სწავლის თეორიებსაც.
თემატური სწავლების გამოყენებისას, მასწავლებელი განზრახ ავითარებს სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მრავალ საგანს მოიცავს და ძირითადი აქცენტი კეთდება კონრეტული თემის უფრო ღრმა გაგებასა და განვითარებაზე; ასევე, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაამყრონ კავშირები და ჰოლისტურად აღიქვან სხვადასხვა საგანში შესასწავლი მასალა, საბოლოოდ ამ მიდგომით მასწავლებელი შეგნებულად ქმნის საგნებს შორის კავშირებს და სასწავლო გამოცდილებას.
თემატური ერთეულებით სწავლება განსაკუთრებით საინტერესოა დაწყებით საფეხურზე, რადგან ამ საფეხურზე მასწავლებელთა უმეტესობა ყველა საგანს ასწავლის და უფრო მარტივად შეუძლია საგნებს შორის კავშირების დანახვა და დამყარება. ამასთანავე, დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეები, როგორც წესი, სამყაროს ჰოლისტურად აღიქვამენ და არა იზოლირებული აკადემიური დისციპლინების მეშვეობით. ამგვარად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სასწავლო მიდგომები, რომლებიც ასახავს ამ ბუნებრივ კოგნიტურ ორიენტაციას, წარმოქმნის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ სასწავლო შედეგებს.
ნაბიჯი 1: ძირითადი კონცეფციის განსაზღვრა
თემატური ერთეულის დაგეგმვის საწყის ეტაპზე მასწავლებელი განსაზღვრავს ცენტრალურ კონცეფციას ან დიდ იდეას, რომელიც აერთიანებს სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტს. აღნიშნული კონცეფცია უნდა იყოს მნიშვნელობით დატვირთული, მოსწავლეთათვის რელევანტური და ინტერდისციპლინური კავშირების შექმნის პოტენციალის მქონე. სწორედ ეს კონცეფცია წარმოადგენს სასწავლო ერთეულის შინაარსობრივ ბირთვს და განსაზღვრავს შემდგომი აქტივობების მიმართულებას.
ნაბიჯი 2: მრავალფეროვანი რესურსების შერჩევა
მეორე ეტაპზე ხდება ისეთი რესურსების შერჩევა, რომლებიც ხელს უწყობს კონცეფციის მრავალმხრივ გააზრებას. ეს რესურსები შეიძლება მოიცავდეს ტექსტებს, ვიზუალურ მასალებს, ვიდეოებს, ციფრულ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ რესურსები იყოს ასაკობრივად შესაბამისი, მრავალსენსორული და სხვადასხვა საგნობრივი პერსპექტივის მატარებელი, რაც უზრუნველყოფს ცოდნის ინტეგრირებულ განვითარებას.
ნაბიჯი 3: ფონური ცოდნის გააქტიურება
მესამე ეტაპზე მასწავლებელი გეგმავს აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენასა და გააქტიურებას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის აგებისათვის, რადგან კონსტრუქტივისტული მიდგომის მიხედვით, სწავლა ეფუძნება უკვე არსებულ გამოცდილებას. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს დისკუსიას, ასოციაციურ რუკებს, კითხვების დასმას ან მცირე კვლევით დავალებებს.
ნაბიჯი 4: კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზება
მეოთხე ეტაპზე სასწავლო პროცესი გადადის აქტიურ, კვლევაზე დაფუძნებულ ფაზაში, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჯგუფურად იკვლევენ საკითხს, სვამენ კითხვებს, აგროვებენ ინფორმაციას და ქმნიან ახალ ცოდნას. ამ ეტაპზე მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს და უზრუნველყოფს პროცესის მართვას ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება.
ნაბიჯი 5: ცოდნის სინთეზი და შეფასება
ბოლო ეტაპზე ხდება მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, გააზრება და შეფასება. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორმით (პრეზენტაცია, პროექტი, პორტფოლიო და სხვ.), რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც შინაარსობრივი ცოდნა, ასევე პროცესში განვითარებული უნარები და დამოკიდებულებები. შეფასება უნდა იყოს, როგორც ფორმატული, ასევე შემაჯამებელი და ორიენტირებული მოსწავლის პროგრესზე.
თემატური ერთეულის გეგმა
სახელწოდება
ჯადოსნური სათამაშოების შემქმნელი
მიზნები
პროექტის მიზანია თამაშის და სწავლა კეთების მეთოდით, შემოქმედებითი, კვლევა-ძიებისა და ტექნიკური უნარების განვითარება.
საგნობრივი ინტეგრაცია
ქართული ენა და ლიტერატურა
ბუნებისმეტყველება
ტექნოლოგია
ფიზიკური აღზრდა და სპორტი
კომპიუტერული ტექნოლოგიები
მე და საზოგადოება
მათემატიკა
ხელოვნება
სწავლის შედეგები საგნების მიხედვით
ქართული ენა და ლიტერატურა/ისტორია
მოსწავლეები შეძლებენ:
მოვლენების და ობიექტების თანმიმდევრობით აღწერასა და დალაგებას.
საკუთარი და ადრე მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შედარებასა და მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენას.
სხვადასხვა საინფორმაციო ტექსტის დამუშავებას.
კომპიუტერული ტექნოლოგია
მოსწავლეები შეძლებენ:
მითითებული კომპიუტერული პროგრამის მიზნობრივად გამოყენებას;
ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას;
ციფრული ინფორმაციის დამუშავებას.
მე და საზოგადოება
მოსწავლეები შეძლებენ:
განსხვავებული კულტურის, ეროვნების, რელიგიის, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემისა და მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენას;
ფიზიკური აღზრდა
მოსწავლეები შეძლებენ:
სახალისო მოძრავი თამაშების აქტივობების პროცესში ემოციების მართვას, დისციპლინის გამოვლენას, თვითკონტროლსა და კოორდინაციის დაცვას.
ბუნებისმეტყველება
მოსწავლეები შეძლებენ:
პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობას და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
სხვადასხვა მასალების თვისებებსა და გამოყენებაზე მსჯელობას;
მასალების მსგავსებისა და განსხვავებების აღწერას;
მასალების დახარისხებას ჯგუფებად მათი თვისებების მიხედვით.
მათემატიკა:
მოსწავლეები შეძლებენ:
გეომეტრიული ფიგურების იდენტიფიკაციას;
გეომეტრიული ფიგურების კლასიფირებას;
გეომეტრიული ფიგურების გამოსახვასა და გამოყენებას.
ხელოვნება:
მოსწავლეები შეძლებენ:
თოჯინებისათვის შესაბამისი მასალისა და ტექნიკის შერჩევასა და გამოყენებას;
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის I საფეხურის II-III კლასის მოსწავლეები
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა
სამი კვირა
პროექტის საბოლოო პროდუქტი
მატერიალური პროდუქტი:
სხვადასხვა ტიპის სათამაშოების, მათ შორის თოჯინების დამზადება ჩრდილების თეატრისთვის;
თეატრალური სივრცისა და სათამაშოების მუზეუმის მოწყობა;
შეძენილი ცოდნა და უნარები:
საგნებს შორის ჰოლისტური კავშირების დანახვა;
კვლევითი უნარების გააქტიურება;
ტექნოლოგიური წიგნიერების მიზნობრივად გამოყენება;
კულტურული იდენტობის გამოხატვა;
გუნდურობის უნარების გამომუშავება და თანამშრომლობა.
პროექტის საკვანძო შეკითხვები
პროექტის აქტივობები და სამუშაო მასალები
აქტივობები
თემის გახსნა – კლასში სათამაშოების შემქმნელის (მეთოჯინის) ჯადოსნური კუთხის მოწყობა.
წინასწარ შერჩეული რესურსით/მასალით, ჯგუფების მიერ სათამაშოების შექმნა.
სათამაშოების ისტორიის გაცნობა.
ბებიას, დედას, ჩემი და მომავლის სათამაშოები.
სათამაშოების მუზეუმი/გამოფენა.
პიტერ ბლეიკის სათამაშოების მაღაზია (1962)
სხვადასხვა სათამაშოს დახარისხება ერთი რომელიმე ნიშნით (მასალა, მოძრაობა, მექანიზმი), ჯგუფური სამუშაო.
ოპტიკურ ილუზიაზე აგებული თამაშები.
თოჯინები – თოჯინების თეატრისთვის.
თოჯინები – ჩრდილების თეატრისთვის.
ვიზიტი თოჯინების თეატრში.
ვიზიტი სათამაშოების საწარმოში, მაგალითად: კოდალა.
მიბაძვა: როგორ მოძრაობენ თოჯინები? მოძრაობა, მუსიკა, რიტმი.
მაკნატუნა – თოჯინების თეატრის მზადება და წარმოდგენა.
აქტივობა #1 – თემის გახსნა – კლასში სათამაშოების შემქმნელის (მეთოჯინის) ჯადოსნური სახელოსნოს მოწყობა.
აქტივობის აღწერა:
თემის გახსნამდე კარგი იქნება მშობლები დავიხმაროთ და ბავშვებს სიურპრიზი მოვუწყოთ, კლასი გავაფორმოთ ისე, თითქოს სათამაშოების შემქმნელის სამუშაო სახელოსნო იყოს(გასათვალისწინებელია საკლასო ოთახის ზომა).
სახელოსნოსთვის შესაძლებელია, გამოიყენოთ:
სხვადასხვა ფერის ლენტები – ცისარტყელასავით, რომლებიც თითქოს იღვრება კედელზე დამაგრებული ყუთიდან ან მოვათავსოთ სათამაშო ქილაში, საიდანაც ამოხტება, როცა მას გავხსნით;
„ჯადოსნური მტვერი“ – სპეციალური კვერთხი, მორთული მბზინვარე მტვერით, ბრჭყვიალებითა და ვარსკვლავებით;
ჯადოსნური საფოსტო ყუთი – სწორედ აქ განთავსდება ახალი სათამაშოების შეკვეთები, დალუქული წერილების სახით;
სათამაშოების კუთხე – ძველი და ახალი სათამაშოების გამოფენა.
აქტივობა #2 – წინასწარ შერჩეული რესურსით/მასალით, ჯგუფების მიერ სათამაშოების შექმნა.
აქტივობის აღწერა:
ვაღებთ ჩვენი კლასის კარს, სადაც დეკორაციებთან ერთად გვხვდება მაგიდებზე ყუთები. ყუთებში სხვადასხვა მასალა, რესურსია: ნაჭრის ნაკუწები, მძივები, ლენტები, ქაღალდები, ღილები, ბამბა და ასე შემდეგ.
ბავშებს ვეუბნებით, რომ ისინი, ახლა, სათამაშოების შემქმნელებად იქცევიან და შექმნიან სათამაშოებს. ბავშვები იწყებენ მუშაობას, (წყვილში, ჯგუფურად, ინდივიდუალურად, თქვენი გადასაწყვეტია). თუ იდეა შემოაკლდებათ იდეების მანქანასთან მიდიან და იღებენ იდეებს.
როდესაც სათამაშოების შექმნას დაასრულებენ, წარადგენენ და საუბრობენ მასზე. თუ დრო არ გეყოფათ, სხვა დროსაც შესაძლოა მიუბრუნდნენ ბავშვები ამ საქმიანობას.
დამსახურებული ჯილდო!
სთხოვეთ კოლეგა მასწავლებელს შემოვიდეს კლასში დალუქული ყუთით და კონვერტით. გაკვირვებულმა გახსენით ყუთი და წაიკითხეთ წერილი:
გილოცავთ! თქვენ დაამტკიცეთ, რომ სათამაშოების შექმნა შეგიძლიათ!
ახლა ჩვენ უკვე თანამშრომლები ვართ!
იმედი მაქვს, დამეხმარებით, რადგან მე შვებულებაში ვარ!
სიყვარულით, სათამაშოების შემქმნელი.
აქტივობა #3 – სათამაშოების ისტორიის გაცნობა
მიაჩნიათ, რომ თოჯინები სათამაშოების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა. პრეისტორიული დროიდან ადამიანები ქმნიდნენ „პერსონაჟებს“ თიხის, ბეწვისა და ხის გამოყენებით. ზოგიერთ მათგანს რელიგიური რიტუალების დროს იყენებდნენ. ქმნიდნენ ღმერთებს, სულებსა და სხვა ჯადოსნურ არსებებს. თიხისა და ხისაგან დამზადებული თოჯინები უძველეს ეგვიპტურ სამარხებშია აღმოჩენილი.
ძველ რომშიც ვხვდებით თოჯინებს, – ბავშვებს ჰქონდათ ცნობილი გლადიატორების თოჯინები.
1800-იან წლებამდე თოჯინები ძირითადად მზადდებოდა ნაჭრის, ხის და ცვილისგან. დიდი ბრიტანეთი და გერმანია იყვნენ ცვილის თოჯინების მწარმოებლები.
XIX საუკუნის დასაწყისში, ახალშობილთან მიმსგავსებული თოჯინა, პირველად ინგლისში დაამზადეს, ცვილისგან.
1800-იანი წლების შუა პერიოდისთვის პოპულარული გახდა ფაიფურის და ჩინური თოჯინები. ამ დროს ნაჭრის თოჯინებიც ძალიან პოპულარული იყო. მათი დამზადება შედარებით იაფი ჯდებოდა და ადვილი გასაკეთებელი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ნაჭრის თოჯინების მასობრივი წარმოება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თოჯინების მწარმოებლებმა პლასტმასისგან დაიწყეს ექსპერიმენტები. XX საუჯუნის 40-იან წლებში პირველი პლასტმასის თოჯინებიც გაიყიდა. 1950-იან და 1960-იან წლებში რეზინის და ვინილის თოჯინებს ამზადებდნენ. ვინილი იყო, ალბათ, ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან თოჯინების შემქმნელებს საშუალებას აძლევდა თოჯინას თმა თავში ჩაემაგრებინათ და არა მიეხატათ, ან ზემოდან დაეწებებინათ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული თოჯინა ბარბია. იგი 1959 წელს გამოიგონა ამერიკელმა რუთ ჰენდლერმა, რომელმაც თოჯინას თავისი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა. ეს იყო პირველი თოჯინა, რომელიც მოზარდის გარეგნობით იყო და იმდროინდელ მოდას, მისწრაფებებს ასახავდა.
1970-იან და 80-იანი წლებიდან სათამაშო ფიგურები ძირითადად დაკავშირებული იყო იმ დროინდელ პოპულარულ ფილმებთან, მულტფილმებთან და ტელე – შოუებთან.
მათგან ყველაზე პოპულარული იყო „ვარსკვლავური ომების“ ფიგურები, მას მოსდევდა „კუ ნინძების“, „ჰარი პოტერის“ ფიგურები და ასე შემდეგ.
რეკომენდაცია: კარგი იქნება ვიზიტი თოჯინების მუზეუმში და ამ თოჯინების დამზადებაც.
აქტივობის მიზანი: ბავშვებმა გაიაზრონ სათამაშოების ისტორია, სცადონ საინფორმაციო ტექსტის დამუშავება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ისტორია წარადგენს პრეზენტაციის სახით, ფოტო – მასალით.
ამის შემდეგ მოსწავლეები ფერად ბარათებზე წერენ: სამი რამ, რაც აღმოვაჩინე, ორი რამ, რაც ისედაც ვიცოდი, ერთი რამ, რაც ჩემთვის ბუნდოვანია და კიდევ მჭირდება ინფორმაცია.
აქტივობა #4 – ბებიას, დედას, ჩემი და მომავლის სათამაშოები
აქტივობის აღწერა:
მასწავლებლის თხოვნით ბავშვებს სახლიდან მოაქვთ სათამაშოები, საკუთარი, მშობლების, ბებია/ბაბუების. თუ სათამაშო არ არის შემორჩენილი, შესაძლებელია ფოტოების მოტანაც.
კითხვები, რომლებსაც მშობლებს, ბებია/ბაბუებს დაუსვამენ წინასწარაა შედგენილი ბავშვების მიერ:
ვინ მოგცა ეს სათამაშო?
რამდენი წლის არის?
რამდენი წლის იყავი, როცა სათამაშო გაჩუქეს?
რატომ არის ის შენთვის განსაკუთრებული?
დღემდე როგორ და რატომ შემოინახე?
რისგანაა დამზადებული?
აქვს თუ არა სახელი?
ბავშვებს ვთხოვთ რომ ისაუბრონ იმის შესახებ, რა ქმნის ამ სათამაშოებს უნიკალურებს და განსაკუთრებულებს? თუ აქვთ ისეთი სათამაშო, რომელიც თაობებს გადაეცემა?
აქტივობა #5 – სათამაშოების მუზეუმი/გამოფენა
აქტივობის აღწერა:
ბავშვები მშობლების, ბებია/ბაბუების სათამაშოების გამოფენას აწყობენ (შესაძლებელია კლასშიც), კარგი იქნება თუ მსხვრევადი სათამაშოები არ იქნება. მშობლებს, ბებია/ბაბუებს შეუძლიათ დაათვალიერონ. ბავშვები ქმნიან ბარათებს, წარწერებს, მინიშნებებს, ისრებს – საკუთარი პატარა მუზეუმისთვის, შეიძლება ბროშურების მომზადება მუზეუმის შესახებ.
აქტივობა #6 – პიტერ ბლეიკის სათამაშოების მაღაზია (1962)
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ბავშვებს უჩვენებს პიტერ ბლეიკის ნამუშევარს: „სათამაშოების მაღაზია“, რომელიც სხვადასხვა მასალითაა შექმნილი და პიტერის ბავშვობის მოგონებებს, ნოსტალგიას უკავშირდება. გარკვეულწილად მხატვრის ავტოპორტრეტია, – წარმოდგენილი ბავშვობის საყვარელი სათამაშოებისა და იმ ნივთების სახით, რომლითაც თამაშობდა.
ბავშვებს ვეკითხებით:
როგორ ფიქრობთ, ეს მაღაზია, თანამედროვე სათამაშოების მაღაზიაა თუ მაღაზია წარსულიდან?
ბავშვები საუბრობენ. ვადგენთ იმ სათამაშოების სიას, რომელსაც ამოიცნობენ და ვწერთ დაფაზე.
სადისკუსიო კითხვა:
როგორ ფიქრობთ არის თუ არა დღესაც ხელმისაწვდომი/პოპულარული ასეთი სათამაშოები? ან დღეს რომ იყოს ასეთი სათამშოები, როგორები იქნებოდნენ ისინი?
იქნებოდნენ თუ არა ისინი განსხვავებულები? თუ ასეა, როგორ? (მასალები, ფერები, შეფუთვა, თემა და ა.შ.)
მივცეთ ბავშვებს ფურცლები და სახატავი საშუალებები. ვაძლევთ ოთხად დაყოფილ შაბლონს, ბავშვები ხატავენ:
ვათვალიერებინებთ ვიქტორიას და ალბერტის სათამაშოების მუზეუმს, სადაც გვხვდება ძველი, ახალი და ისეთი სათამაშოებიც, რომლებიც ოპტიკურ ილუზიაზეა აგებული.
ბავშებს ვუხსნით რა არის ტაუმატროპი, ვაჩვენებთ ვიდეოს:
ბავშებმა შესაძლოა თავადაც დაამზადონ საკუთარი ტაუმატროპები, აქ ნახავთ ინსტრუქციას:
აქ კიდევ ერთი ოპტიკური სათამაშო:
აქტივობის ბოლოს, ბავშვები მსჯელობენ ოპტიკურ სათამაშოებზე, როგორ ატყუებენ ისინი ჩვენს თვალებს, რა ხდება მათი აზრით და ა.შ.
აქტივობა #8 – კომპიუტერული თამაშები
აქტივობის აღწერა:
ვეკითხებით ბავშვებს:
მოგწონთ ვიდეო თამაშები? კომპიუტერული თამაშები?
რომელი თამაშების თამაში მოსწონთ?
ვუყვებით ისტორიას და ვეუბნებით რომ კომპიუტერული თამაშები
დაახლოებით 60 წლის წინ გამოიგონეს. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ დღევანდელი კომპიუტერული თამაშებისგან!
ბავშვები ადარებენ თანამედროვე თამაშებს, საუბრობენ მსგავსებებსა და განსხვავებებზე.
შეგვიძლია რამდენიმე ძველი თამაშიც ვათამაშოთ და ვუთხრათ, რომ სათამაშოების მწარმოებელმა მოგვცა ამის უფლება.
აქტივობა #8 – მიბაძვა: როგორ მოძრაობენ თოჯინები? მოძრაობა, მუსიკა, რიტმი
აქტივობის აღწერა:
აქტივობა უნდა დაიგეგმოს დარბაზში, ან გაშლილ ადგილას. შუა ნაწილში ვდგამთ დიდ ყუთს, ყუთში აწყვია სათამაშოები, სასურველი სხვადასხვა სახის. ბავშვებს ვეუბნებით, რომ სათამაშოები ღამღამობით ცოცხლდებიან და აი, ზუსტად ეს მომენტი დადგა. მათ უნდა ამოიღონ ყუთიდან სათამაშო, წარმოიდგინონ, როგორ იმოძრავებდა, სცადონ მიბაძვა და მუსიკის ფონზე იწყებენ მოძრაობას.
სავარაუდო მოძრაობები:
მექანიკურად, როგორც რობოტი;
ნელა, ზლაზვნით ნაჭრის თოჯინასავით;
ტრიალით როგორც სპინერი;
ხტუნვით როგორც სახტუნაო/
სწრაფად და ნელად როგორც ქარის სათამაშო.
და ა.შ.
როდესაც მუსიკა ჩუმდება, ბავშვებმა უნდა შეანელონ მოძრაობა, თითქოს ისინი იღლებიან, ღამის ბოლოს უბრუნდებიან სათამაშოების ყუთს.
აქტივობა #14 – მაკნატუნა – თოჯინების თეატრის მზადება და წარმოდგენა
საჭირო რესურსი: მაკნატუნას სპექტაკლისთვის საჭირო რეკვიზიტები
აქტივობის მიზანი: შეძლოს მიბაძვა, ჩააერთოს როლურ თამაშში, გაიმეოროს მარტივი მოძრაობები.
Drake, S. M., & Reid, J. L. (2018). Integrated curriculum as an effective way to teach 21st century capabilities. Asia Pacific Journal of Educational Research, 1(1), 31-50. https://doi.org/10.30777/APJER.2018.1.1.03
. ყოველ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური თავისებურებები, რომლებიც ხშირად განსხვავებულ პედაგოგიურ მიდგომას მოითხოვს. სწავლის დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში, იწყება მოსწავლის წერის უნარის ფორმირება. ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მაჩვენებს, რომ ეს პროცესი ყველა ბავშვისთვის ერთნაირი არ არის.
განსაკუთრებით საინტერესო და გამოწვევებით სავსეა ცაცია მოსწავლეებთან მუშაობა. ხშირად ვხედავ, რომ ცაცია ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ წერის ტექნიკის დასაუფლებლად. სასწავლო გარემო და წერითი ინსტრუმენტების გამოყენების წესები უმეტესად მარჯვენახელიანი მოსწავლეების შესაძლებლობებს არის მორგებული. ამის გამო ცაციებს შესაძლოა გაუჭირდეთ კალმის სწორად დაჭერა, ფურცელზე ხელის პოზიციის შერჩევა და წერის მოძრაობების კონტროლი. ამის შედეგია ასოების ფორმის არასტაბილურობა, წერის დაბალი ტემპი და სივრცითი განლაგების სირთულეები.
განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც ცაცია მოსწავლეს დისგრაფიის ნიშნებიც აქვს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ვიზუალურ, მოტორულ და კინესთეტიკურ გამოცდილებას აერთიანებს.
ჩემი დაკვირვებით, პირველ კლასში წერის სწავლა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. იგი მოითხოვს რამდენიმე უნარის:
წვრილი მოტორიკის;
თვალისა და ხელის კოორდინაციის;
სივრცითი აღქმის;
ვიზუალური მეხსიერების;
ენობრივი კომპეტენციის, – ერთდროულ განვითარებას.
ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას ხშირად ვაწყდები შემდეგ სირთულეებს:
ასოების არასწორი მიმართულება;
წერის მოძრაობათა კონტროლის სირთულე;
კალმის არასწორი პოზიცია;
წერის დაბალი ტემპი.
როდესაც ამ სირთულეებს დისგრაფიის ნიშნებიც ემატება, მოსწავლეს უფრო მეტად უჭირს ასოების სტაბილური ფორმით გამოსახვა, სიტყვებს შორის ინტერვალის დაცვა და ტექსტის თანმიმდევრული წერა. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული პედაგოგიური მხარდაჭერა და მიზნობრივი სავარჯიშოების გამოყენება.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: პირველ კლასში მყავდა ცაცია მოსწავლე, რომელსაც წერა განსაკუთრებით უჭირდა. მას უჭირდა ასოების გრაფიკული გამოსახვა და წერის ტემპითაც ჩამორჩებოდა თანაკლასელებს. მის დასახმარებლად გამოვიყენე მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი – ბადიან რვეულში წინასწარ ფანქრით ვუწერდი:
მარცვლებს;
სიტყვებს;
მარტივ წინადადებებს;
მცირე ტექსტებს.
მოსწავლე ჩემ მიერ დაწერილ ტექსტში თითოეულ ასოს მხოლოდ კალამს გადაატარებდა.
ამ მეთოდის გამოყენებისას რამდენიმე მიზანს ვესახავდი:
მოსწავლეს დამახსოვრებოდა წერის მოძრაობები;
გაეუმჯობესებინა ხელის მოტორული კოორდინაცია;
უკეთ აღექვა ასოების ფორმა.
გამოყენებული მეთოდი ეფუძნება მოდელირებისა და კინესთეტიკური სწავლების პრინციპებს. როდესაც მოსწავლე წინასწარ დაწერილ ასოს კალამს გადაატარებს, იგი ერთსა და იმავე დროს ხედავს ასოს ფორმას და იმეორებს მის მოძრაობას. ამ პროცესში თანდათან ყალიბდება მოტორული მეხსიერება, რაც ხელს უწყობს ასოების წერის ავტომატიზაციას.
ასევე უმჯობესდება თვალისა და ხელის კოორდინაცია, რადგან მოსწავლე ყურადღებით მიჰყვება ასოს კონტურს. ამგვარი განმეორებითი მოძრაობები ხელს უწყობს ასოს ფორმის უკეთ დამახსოვრებას.
ამ მეთოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტია სწავლის შფოთვის შემცირება. როდესაც მოსწავლეს არ უწევს ასოს დამოუკიდებლად გამოსახვა და მხოლოდ არსებულ ფორმას მიჰყვება, ის უფრო თავდაჯერებულია და ნაკლებად ეშინია შეცდომის.
პროცესი ეტაპობრივად გადაიზარდა დამოუკიდებელ წერაში:
ჯერ – გადატარება,
შემდეგ – ნაწილობრივი კოპირება
საბოლოოდ – დამოუკიდებელი წერა.
სისტემატური მუშაობის შედეგად დაახლოებით ორ თვეში მოსწავლემ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. წერის ხარისხი საგრძნობლად ამაღლდა, ხოლო დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ მისი ტემპი და სისუფთავე თითქმის გაუთანაბრდა თანაკლასელებისას. ჩემი დაკვირვებით, პრაქტიკულად აღმოიფხვრა დისგრაფიის ნიშნებიც.
კვლევები მიუთითებს, რომ წერის უნარის განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული მოტორული უნარების განვითარებასა და მრავალსენსორულ სწავლებასთან.
გრემი და ჰარისი (Graham & Harris, 2005) აღნიშნავენ, რომ წერითი უნარის სწავლება უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ მოდელს და შემდეგ მიბაძვით განახორციელონ შესაბამისი მოძრაობები.
ბერნინგერი (Berninger, 2012) თავის კვლევებში ხაზს უსვამს, რომ წერის უნარის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ვიზუალურ-მოტორულ კოორდინაციასთან. მისი დაკვირვებით, წერითი მოქმედების ხშირი პრაქტიკა ხელს უწყობს ასოების ფორმის ავტომატიზაციას.
ფედერი და მაინემერი (Feder & Majnemer, 2007) დისგრაფიის შესახებ ჩატარებულ კვლევებში აღნიშნავენ, რომ ეფექტურია ისეთი აქტივობები, რომლებიც აერთიანებს მოძრაობას, ვიზუალურ აღქმასა და წერით პრაქტიკას.
შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში გამოყენებული მეთოდი, წინასწარ დაწერილ ტექსტზე კალმის გადატარება, სწორედ იმ მიდგომებს ეფუძნება, რომლებსაც თანამედროვე პედაგოგიური კვლევები ეფექტურად მიიჩნევს.
ჩემი გამოცდილებით, ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია:
ფურცლის ოდნავ დახრით განთავსება;
კალმის სწორად დაჭერის სწავლება;
ბადიანი რვეულის გამოყენება;
ასოებზე კალმის გადატარების სავარჯიშოები;
წვრილი მოტორიკის განმავითარებელი აქტივობები;
საკმარისი დროის მიცემა წერისთვის;
მოსწავლის მუდმივი მხარდაჭერა და წახალისება.
ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რომ ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედაგოგის დაკვირვებას, მოთმინებას და სწავლების მეთოდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სამუშაო გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს მასწავლებლის მხრივ, შედეგი მოწმობს, რომ სწორი პედაგოგიური მხარდაჭერა თითოეულ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დაძლიოს საწყის ეტაპზე არსებული სირთულეები და წარმატებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა
Berninger, V. W. (2012). Past, present, and future contributions of cognitive writing research to cognitive psychology. Psychology Press
Feder, K., & Majnemer, A. (2007). Handwriting development, competency, and intervention. Developmental Medicine & Child Neurology, 49(4), 312-317
Graham, S., & Harris, K. R. (2005). Writing better: Effective strategies for teaching students with learning difficulties. Paul H. Brookes Publishing
Richards, R. (1999). The source for dysgraphia. LinguiSystems
არაფორმალური განათლება, როგორც ბავშვისთვის, ასევე საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ განათლების 60-65 % სწორედ ამ გზით მიღებული ცოდნის შედეგია.
დოკუმენტში არაფორმალური განათლების განმარტებას ამგვარად ვხვდებით. „ეს არისმთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას“. იგი მთლიანად ბავშვის ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული, თუ რა, სად და როგორ შეიმეცნოს მან. ის მეტად ორიენტირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. ხოლო ფორმალურ განათლებაში წინასწარ არის განსაზღვრული და სტრუქტუირებული სწავლების შინაარსი, ფორმაც, პროგრამაც და დასწავლის დროც. არაფორმალური განათლების ელემენტები დღეს უფრო ხშირად გვხვდება ფორმალურ განათლებასთან ერთად, ვიდრე ეს იყო 5-6 წლის წინ.
არაფორმალურისა და ფორმალური განათლების ამგვარ ინტეგრირებად შეიძლება მივიჩნიოთ გასვლითი სასწავლო შემეცნებითი გაკვეთილები ამა თუ იმ საინტერესო ადგილას. როცა ამგვარი ვიზიტი ეწყობა იგი მოსწავლეებისთვის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც გასართობი შინაარსის გასვლა. მას სჭირდება მკაცრად გაწერილი პროგრამა, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს სწორად ფორმულირებულ მიზანს, კავშირს სასწავლო პროგრამასთან და შედეგიანობის გათვლას.
ამგვარად, სასკოლო სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი მნიშვნელოვანია კლასგარეშე განათლებისთვის. მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ , ასევე არაფორმალურ გარემოში. ასეთ შეხვედრებზე მათ სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არაამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, ჯგუფური სახე აქვს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი. გარდა ამისა ასეთი გაკვეთილი ახდენს რამდენიმე საგნის ინტეგრირებას. ამიტომ აქ შეიძლება სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ჩართულობა და შეთანხმებული მუშაობაც გახდეს საჭირო. ეს ბევრად ეფექტიანია, რადგან თემისა და ობიექტის შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით. ამგვარად მიღებული ცოდნა კი ბევრად კომპლექსურია დ და ამასთან ერთად ზოგავს თანხებს (თითოეული საგნის ფარგლებში არ იგეგმება ცალ-ცალკე გასვლა).
სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის მიზანთან ერთად აუცილებელია შეხვედრის ზუსტი დროის განსაზღვარა და მოსწვლეთა რაოდენობის დადგენაც, რადგან უსაფრთხოების მიზნით მნიშვნელოვანია 5 ბავშვზე ერთი უფროსი მაინც მოდიოდეს მეთვალყურედ.
მასწავლებელმა მუზეუმის შესახებ წინასწარ უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რათა პრობლემებს არ წააწყდეს. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება თავად დაწესებულებას ჰქონდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა (მაგალითად დამთვალიერებელთა ჯგუფების დიდ ან მცირე რაოდენობაზე).
მნიშვნელოვანია ასევე რომ პედაგოგმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს ვიზიტის გეგმა – რა უნდა ნახონ, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. თავად მასწავლებელმაც უნდა უბიძგოს მოსწავლეებს კითხვების დასმისკენ, თუ მოსწავლეები დაწყებითი საფეხურზე არიან, ამ შემთხვევაში თვითონ მასწავლებელმაც შეიძლება დასვას კითხვები და ამით მიბაძვის სურვილი გაუჩინოს მოსწავლეებს.
ვიზიტამდე:
გააცანით მოსწავლეებს ვიზიტის მიზანი, მიმართულება და ასევე თუ რა სასწავლო თემატიკას ეხმიანება იგი;
წინასწარ განსაზღვრეთ ვიზიტის დროს ჩასატარებელი აქტივობები;
სთხოვეთ მოსწავლეებს თან ჰქონდეთ პატარა წიგნაკი და კალამი, რათა მოინიშნონ გიდის მიერ ახსნილი მნიშვნელოვანი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია;
დეტალურად გააცანით მოსწავლეებს მუზეუმში ქცევის წესები და უსაფრთხოების ზომები;
არ დაგავიწყდეთ მოსწავლეთა გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყური დაუგდონ გიდსა და მასწავლებელს და მისდიონ ინსტრუქციებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა.
ვიზიტის დროს:
მასწავლებელი უნდა ეცადოს აქტივობები მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, ასე არ გაუჭირდება კლასის მართვა;
სასურველია აქტივობებს ჰქონდეს ჯგუფური ხასიათი, შეიძლება მცირე ჯანსაღი კონკურენციის პირობებიც შევქმნათ, ეს ბევრად აზარტულს და საინტერესოს გახდის პროცესებს;
მგზავრობის დროც არ დაკარგოთ ფუჭად. ამ დროს შეიძლება მათ მცირე თამაშობები შევთავაზოთ. მაგალითად „ეკი-ვოკი“ (ასოციაციებით თემატური სიტყვის ამოცნობა). ქუჩებისა და თანმხვედრი მნიშვნელოვანი გეოგრაფიოული ობიექტების დაკვირვება, დასახელება, ისტორიულ ჭრილში განხილვა. ავტომობილებზე დაკვირვება და აღრიცხვა, თუნდაც რა ფერის ან მარკის ავტომობილები ჭარბობს და ა.შ.
ვიზიტის შემდეგ:
ვიზიტის შემდეგ მოაწყვეთ რაიმე სახის გამაერთიანებელი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები შეძენილი ცოდნისა და ინფორმაციის ანალიზსა და წარდგენას მოახდენენ. შეიძლება ეს იყოს კედლის გაზეთი, ბლოგი საპრეზენტაციო მასალის მომზადება და ა.შ.
მოსწავლეებს კარგი მუშაობისთვის შეგიძლიათ გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები ან მადლობის ბარათები.
ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან
კლასი: მეოთხე
თემა: ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფები
საგანი/ები: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება , სახვითი და გამოყენებითი ხელონება
მიზანი:
ქართული ენა – შეკითხვების შედგენა ინტერვიუსთვის, წერითი პროცესების გააქტიურება, შემოქმედებისა და პრეზენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა;
ბუნება – ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მსჯელობა მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, ინფორმირება ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ, საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკოს ამოცნობა, მცენარეებისა და ხერხემლიანი ცხოველების გარკვეული ნიშნის მიხედვით დაჯგუფება;
მე და საზოგადოება – გაიგონ მუზეუმების დანიშნულების შესახებ, სწორად აღიქვან მათი როლი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.
ხელოვნება – სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით სამუზეუმო ექსპონატის შექმნა თიხის ფირფიტებზე.
ნაბიჯი პირველი: მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები. თემის ფარგლებში შეიტყვეს თუ რა ნიშნების საფუძველზე აჯგუფებენ ორგანიზმებს და რამდენ ჯგუფში არიან ისინი გაერთიანებულები; რა განსხვავებაა წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებში, რაში იყენებს ადამიანი სოკოებს, როგორი ბაქტერიები არსებობს და როგორ ავიცილოთ ბაქტერიული დაავადებები თავიდან, რა მნიშვნელობა აქვს ხერხემალს ცხოველთა დაჯგუფებაში და რა ჯგუფებს გამოყოფენ ამის მიხედვით.
ასევე შეძლეს ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, იმსჯელეს მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, გაიგეს ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ, ამოიცნეს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკო, დააჯგუფეს მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები გარკვეული ნიშნის მიხედვით .
ნაბიჯი მეორე: საგან მე და საზოგადოების ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს მუზეუმის თემა. შეიტყვეს თუ რა არის მუზეუმის დანიშნულება, რა სახის მასალას ინახავს იგი, რა ტიპის მუზეუმები არსებობს მსოფლიოში, რა არის ექსპონატი, ვინ არის გიდი და ა.შ.
ნაბიჯი მესამე: სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სახის მუზეუმს. დაადგინეს თუ რა სახის სამუზეუმო ექსპონატები შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულ ნაწილში კი კერამიკული თიხის ფირფიტების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი;
ნაბიჯი მეოთხე: ქართულ ენაში მოსწავლეებმა შეისწავლეს ჟანრი ზღაპარი და ჯადოსნური სამყარო. საკლასო ოთახში ჯადოსნური ნივთების მუზეუმის მოწყობის მიზნით , მათ საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სხვადასხვა ნივთი, რომელსაც ჯადოსნური თვისება მიუსადაგეს. თითოეული ექსპონატისთვის დაამზადეს აღწერილობა, წარუდგინეს თანაკლასელებსა და სტუდენტებს და ნივთთან ერთად განათავსეს საგანგებოდ გამოყოფილ საექსპონატე მაგიდაზე.
ნაბიჯი მეხუთე: მშობლებთან შეთანხმებით დაიგეგმა სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების სექციაში. რადგან მოსწავლეთა რაოდენობა ოც ბავშვამდე გახლდათ დახმარება მშობლებს ვთახოვე. თან გვახლდა ოთხი მშობელი.
თანხის დაზოგვის თავალსაზრისით, რადგან ქალაქიდან გასვლა არ გვიწევდა გადავწყვიტეთ მშობლებს თავად ეზრუნათ მოსწავლეთა ადგილზე მოყვანისთვის (საზოგადოებრივი ტარანსპორტით გადაადგილება ბევრად ბიუჯეტური აღმოჩნდა).
მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი ვიზიტის მიზანი და ქცევის წესები.
ვიზიტის მიზანი:
საკლასო სივრცეში შესწავლილი მასალის გაერთიანება და რეალურ სივრცეში გადატანა
კავკასიის ბიომრავალფეროვნების გაცნობა, ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა ჯგუფების თვალსაჩინოდ აღქმა;
ეროვნული კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემისა და დაცვითი თვითშეგნების გაძლიერება;
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (მუზეუმში) ქცევის წესების დაცვა/გამომუშავება;
თვალსაწიერის გაფართოება;
არასაკლასო გარემოში ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობა;
მუზეუმში ქცევის წესები (შეგიძლიათ თავად მუზეუმის ვებ-გვერდზე იხილოთ, რამდენიმე კი საჭიროებისამებრ დაამატოთ):
სასურველია, მუზეუმის დათვალიერებამდე გაეცნოთ მუზეუმის გზამკვლევს (ამ შემთხვევაში ვირტუალურად), რომ უკეთ დაგეგმოთ დათვალიერების პროცესი და განსაზღვროთ მოლოდინები;
დატოვეთ არასაჭირო ნივთები მუზეუმის გარდერობში;
მოიქეცით თავშეკავებულად, მშვიდად. მიუღებელია ხმამაღლა საუბარი, გადაძახება. არ არის სასურველი საკუთარი შთაბეჭდილებების ზედმეტი ემოციებით გამოხატვა. ასევე არ არის აუცილებელი ხელების ზედმეტად მოძრაობა, თუნდაც მისათითებლად. დაუშვებელია სირბილი საგამოფენო სივრცეში;
არ დადგეთ დამთვალიერებლის წინ, არ შეუშალოთ ხელი სხვას დათვალიერებაში;
ყურადღებით მოუსმინეთ გიდს. თუ თქვენთვის მისი საუბარი ნაკლებად საინტერესოა, მოიქეცით ისე რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ;
არ შეეხოთ ხელით ექსპონატებს. თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები ექსკურსიის დროს, არ შეაწყვეტინოთ საუბარი გიდს. დაუსვით შეკითხვები მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის დაასრულებს საუბარს.
შეიკავეთ თავი მაშინაც კი, როცა არ მოგეწონათ ექსპონატი. არ არის საჭირო უარყოფითი ემოციების ხმამაღლა გამოხატვა;
თან იქონიეთ პატარა წიგნაკები და კალმები, ჩაიწერეთ მნიშვნელოვანი და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რადგან მომდენო გაკვეთილზე ამ საკითხზე მოვაწყობთ მცირე ვიქტორინას.
და ა.შ.
აქვე აღვნიშნავ , რომ მოსწავლეებთან ერთად მეც ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მაგალითი მიმეცა ბავშვებისთვის
ნაბიჯი მეექვსე: ვიზიტის შემდეგ მუზეუმიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვაწყვეთ ინტელექტუალური ვიქტორინა – „რა? სად? როდის?“.
კითხვები სრულიად მოიცავდა მუზეუმში მოსმენილ და ნანახ მასალას. დახმარება გამიწია სტუდენტებმა, რომლებიც სკოლაში შესაბამის პრაქტიკას გადიოდნენ, თუმცა ასეთ დროს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ კოლეგებსაც.
ჯგუფებში მოასწავლეები წინასწარ გადავანაწილე. რადგან ისეთი მოსწავლეები , რომლებმაც ვერ შეძლეს მუზეუმში სტუმრობა ერთად არ მოხვედრილიყვნენ და არ აღმოჩენილიყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში , რათა მათი ჩართულობაც მაქსიმალური ყოფილიყო (შეიძლება ითქვას რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა, რადგან ისინი ყურადღებით უსმენდნენ მსჯელობის პროცესში გუნდის წევრებს, მათ დაევალათ ბარათებზე პასუხების დაწერა, საბოლოოდ კი აღნიშნეს, რომ მეგობრებისგან ბევრი რამ გაიგეს , თუ რა ნახეს და მოისმინეს მუზეუმში) .
სტუდენტები გადანაწილდნენ შემდეგი სახით:
კითხვების შემგროვებელი, პასუხების მცველი და მესამეს ქულათა დაჯამება დაევალა. წამყვანობა და კითხვების დასმა თავად ავიღე საკუთარ თავზე. განწყობისთვის მსვლელობა მუსიკალურად გავაფორმე, რომელიც სატელევიზიო გადაცემიდან იყო. ტაიმერის ხმა (30 წმ) კი ფონად გასდევდა კითხვებზე მუშაობის პროცესს.
დასაწყისიდანვე ჯგუფებმა შეარჩიეს გუნდის სახელები და დაწერეს როგორც სამაგიდო ბანერზე, ასევე პასუხების ფურცლებზე, რათა პასუხების შემგროვებელს მარტივად დაელაგებინა ისინი;
თითოეულმა გუნდმა შეარჩია კაპიტანი, რომელიც კაპიტნების ტურში სრულიად მარტო დარჩებოდა შეკითხვის საპასუხოდ;
15 შეკითხვიდან 14-ს პასუხობდა გუნდის ყველა წევრი, ხოლო მე-8 შუალედურ შეკითხვაზე მაგიდასთან რჩებოდნენ კაპიტნები („კაპიტნების ტური“) ;
მასწავლებელს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს სათადარიგო კითხვაც ერთნაირი შედეგების მიღების შემთხვევაში რომ გამოიყენოს (ჩვენ შემთხვევაში ამის აუცილებლობა დადგა);
მნიშვნელოვანია შედეგები შუალედურადაც გამოაცხადოთ, კაპიტნების ტურის შემდეგ (პასუხების ბლანკი)
საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ ყველა მონაწილეს , გადაეცით სიგელები მონაწილეობისთვის, ხოლო გამარჯვებულ გუნდს კი შეგიძლიათ სიმბოლურად ქანდაკება „ბუც“ გადასცეთ, რომელსაც გარდამავალი სტატუსი ექნება;
დაჯილდების დროს აუცილებლად გამოიყენეთ მუსიკალური გაფორმება, რადგან ეს მეტად ამაღლებულ განწყობას ქმნის საკლასო ოთახში;
აქ კი აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ძალიან მოეწონათ პროცესები. სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის დროს კი მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და სათანადო ჩანიშვნებსაც გააკეთებენ, რადგან გამოადგებათ შემდეგი ვიზიტისას.
ნაბიჯი მეშვიდე: მოსწავლეებს მივეცი ინტეგრირებული შემაჯამებელი დავალება ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ კედლის გაზეთები სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებზე, სადაც შერჩეული ეყოლებოდათ ერთი ცხოველი და წარმოადგენდნენ მასთან წარმოსახვით ინტერვიუს, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის ინფორმაცი,ა რაც მუზეუმში ვიზიტის დროს მიიღეს და ასევე თავადაც უნდა შეევსოთ სხვა საინტერესო ფაქტებითაც.
შემაჯამებელი დავალებები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. წარდგენას ორი სრული საგაკვეთილო დრო დაეთმო, თუმცა ვერცერთ მოსწავლეს ვერ შეატყობდით, რომ პროცესებმა დაღალა, რადგან აქტიურად უსვამდნენ პრეზენტატორს საინტერესო შეკითხვებს და სრულად იყვნენ ჩართულნი იმ შეფასების პროცესში, რომლის რუბრიკაც თავად შექმნეს.
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
დავალების შინაარსი საინტერესოა, გამოყენებულია მუზეუმში მოსმენილი ინფორმაცია და შევსებულია სხვა დამატებითი მასალით – 3 ქულა;
ნაშრომს აქვს ინტერვიუს სახე – 1 ქულა;
საინტერესოდ და უშეცდომოდ წარადგინა მოსწავლემ მასალა – 1 ქულა;
წარმოდგენილი აქვს თვალსაჩინოებები, მიმზიდველადაა გაფორმებული – 2 ქულა;
ბოლო ექვსი წელია, იმდენი მასალა და კვლევა არცერთ თემაზე არ წამიკითხავს, რამდენიც აუტიზმზე. ამის მიზეზი – რეზია. მადლობა მას ამისთვის. რეზიმ თვალსაჩინოდ დამანახა და მიმახვედრა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და მასში არსებული გზებიც, თითქმის არასდროს, არის სწორხაზოვანი. ზოგიერთი ბავშვი რეალობას ისე არ ხედავს, როგორც უმრავლესობა. მათი შემეცნების მარშრუტი სრულიად განსხვავებულია.
მეტაფორული ხედვა – კარი, რომელიც სხვა მხრიდან იღება
რეზისთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ აუტიზმი არ არის „დახურული კარი“. ეს არის კარი, რომელიც უბრალოდ სხვა მხრიდან იღება. თუ ჩვენს ხელთ არსებული გასაღები არ ერგება საკეტს, ეს საკეტის ბრალი არ არის. რეზის გზა უფრო მეტად ჰგავს სპირალს, სადაც ერთი და იმავე წერტილთან დაბრუნება არა რეგრესი, არამედ გააზრებისა და დეტალებში ჩაღრმავების პროცესია.
ანალიტიკური მიდგომა – ქცევა, როგორც ენა
როდესაც რეზი „იჭედება“ ხმაურში ან თავს არიდებს ინსტრუქციის შესრულებას, ეს არ არის ერთგვარი კომუნიკაცია. ქცევა ხდება ენა, რომელიც გვეუბნება: „აქ ძალიან ხმაურიანია“, „მეშინია შეცდომის“ ან „დავიღალე“ და მე მინდა ვისწავლო ამ ენის კითხვა, რათა არ დავკარგო მთავარი — კავშირი მასთან.
ინსტრუქცია, როგორც შესაძლებლობა
მასწავლებელი აუტიზმის გზაზე არ არის მხოლოდ ცოდნის გამცემი, ის გზის თანამგზავრია. როდესაც ჩვენ ვცვლით ინსტრუქციას, ვამარტივებთ ნაბიჯებს ან ვიყენებთ ვიზუალურ მხარდაჭერას, ჩვენ რეალურად არ ვამცირებთ მოთხოვნას – ჩვენ ვზრდით შესაძლებლობას – ვიპოვოთ, მივაგნოთ და მივცეთ ბავშვს ის ინსტრუმენტი, რომელიც მისთვის მისაღებია.
პაუზის ძალა
აუტიზმის მქონე ბავშვისთვის „ჩუმი დრო“ აუცილებელია აზრების დასალაგებლად. პაუზა არ ნიშნავს უმოქმედობას; ეს არის ინფორმაციის გადამუშავების აქტიური ფაზა. უნდა მივცეთ „დროის უფლება“, რათა მან საკუთარი რიტმით შეძლოს პასუხის პოვნა და უკავშირი.
სოციალური განზომილება – კლასი /ჯგუფი, როგორც მიღების სივრცე
ინკლუზია არის პროცესი, რომელიც გვასწავლის, რომ ყველა ერთნაირი არ არის და არც უნდა იყოს. როცა განსხვავებულობა ნორმად იქცევა, ბავშვები სწავლობენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ წერია – ემპათიას და ადამიანის უპირობო მიღებას.
ემოციური პარტნიორობა: მშობელი და სკოლა
აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, ისევე, როგორც რეზის დედა ყოველდღიურად ეძებს გზებს, რომ ბავშვმა შეძლოს ის, რაც სხვებისთვის ბუნებრივია. როცა ბაღი და სკოლა ამ გზაში პარტნიორი ხდება, ქრება დაპირისპირება. ჩვენ ვხდებით ერთიანი ძალა, რომელიც ბავშვის ინტერესებს დარაჯობს.
უნიკალურობის სილამაზე
განვითარება და სწავლა იწყება იქ, სადაც ბავშვი იგრძნობს: „მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და მე აქ შემიძლია“. აუტიზმი არ არის გადახვევა სწორი გზიდან, ეს თავად არის გზა, რომელსაც თავისი უნიკალური ლოგიკა და სილამაზე აქვს. ჩვენი გვევალება არ ვეცადოთ ბავშვის სურვილების და ქცევის მორგება ვიწრო ჩარჩოებში, არამედ ჩამოვხსნათ ჩარჩოები ისე, რომ მასში ყველა ბავშვის უნიკალურობამ დაიდოს ბინა.
განათლება არ ნიშნავს სწორხაზოვნებას. ის თითოეული ადამიანის შინაგანი ლოგიკის პატივისცემასა და აღმოჩენას გულისხმობს.
თვალსაჩინოებისთვის
ნაშრომში გამოყენებულია AI ინსტრუმენტები ვიზუალური მასალის შექმნისთვის.
იყო და არა იყო რა… ეს ფრაზა ყველა ბავშვს იმ ასაკიდან ჩაესმის, რომელშიც ჯერ საკუთარი თავის შეცნობაც კი უჭირს. დედის, მამის, ბებია-ბაბუების ბაგეებიდან რამდენჯერ გაჟღერებულა ეს ჯადოსნური სიტყვები. საკმარისია მათი წარმოთქმა და თითოეული მათგანი ზღაპრული მზეთუნახავების, მზეჭაბუკების, ფასკუნჯებისა და დევების სამყაროში იძირება.
აქედან იწყება პირველი შეხება სიკეთესა და ბოროტებასთან, პერსონაჟებთან ერთად ოქროს ვაშლების მოსაპოვებლად ბრძოლა, ცხრაკლიტულში დამწყვდეული გმირების გამოსახსნელად ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა…
ზღაპარი ის ლიტერატურული ჟანრია, რომლის წაკითხვა, ერთი შეხედვით, იმდენად მარტივია, რომ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ბავშვისგან. ზღაპრების კითხვის ასაკიც პირობითად განსაზღვრა საზოგადოებამ – ერთიდან რვა-ცხრა წლამდე. მერე უკვე „სერიოზული“ ლიტერატურის დროა. ამიტომ მოზარდ და ზრდასრულ ასაკში მათ იშვიათად თუ უბრუნდება ადამიანი.
პატარაობიდანვე მნიშვნელოვანია ზღაპართან შეხება.
ზღაპრის გაცნობისას პატარა მკითხველი ყველა ეპიზოდის, ყველა პერსონაჟის წარმოდგენას ცდილობს, მის გონებაში ერთიანად ჩნდება სურათები. ეს წარმოსახვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი ამ დროს ყველა დეტალს ისე წარმოიდგენს, როგორც მხოლოდ მას სურს და შეუძლია, ყველასა და ყველაფრის ჩაურევლად. მას არასდროს უნახავს ასთავიანი დევი, ამიტომ სიკეთესთან მებრძოლი მრისხანე გოლიათის სახე წარმოსახვაში თავისებურად უნდა შექმნას. მფრინავი ხალიჩაც სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას სურს. წარმოსახვასთან ერთად იწყება პერსონაჟებთან „დამეგობრებაც“. ბავშვმა უკვე აირჩია, ვის უნდა უგულშემატკივროს, მთელი გონებითა და ემოციით ვისი მხარე დაიჭიროს – გზადაგზა ფიქრობს, როგორ დაამარცხებს ბოროტებას სიკეთე და ბედნიერი დასასრული შვებას ჰგვრის მის „პატარა“ გულს. ამ თავგადასავლის დროს სწავლობს, როგორ დააღწიოს თავი განსაცდელს. როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილას ზღაპრის გმირები – ნაცარქექია, მეჩონგურე, წიქარა… გაიაზრებს, რომ ძალით კი ვერ გაუმკლავდება დიდ ბოროტებას, არამედ სიტყვით, მოხერხებულობით, გონებაგამჭრიახობით…
ზღაპარი წარსულის გამოძახილია, ხალხის სიბრძნე სტრიქონებს შუა იკითხება, ფარული კოდები დაფიქრებასა და ამოხსნას საჭიროებს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვი პატარაობიდანვე ვაზიაროთ ზღაპარს, მოზარდ ასაკში კვლავ წავაკითხოთ. ზრდასრულ ასაკში კი თავად წაუკითხავს შვილებს.
ყოველ ეტაპზე ზღაპარი ახალ საფიქრალს მოიტანს და მასში დაფარული სიბრძნის ამოკითხვას თუ კოდების ამოხსნასაც თანდათან შეძლებს მსმენელი თუ მკითხველი.
ჩემი მეოთხეკლასელებისთვის ქართული ხალხური ზღაპრების გაცნობის მიზანიც სწორედ ეს იყო. ბიძგი სახელმძღვანელოში არსებულმა თავმა მოგვცა. „ხელოვნების ძალა“ – ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული ხალხურ ზღაპარს „მეჩონგურე“, რომელშიც გრძნობით ამღერებული მთავარი პერსონაჟი დაუმარცხებელ გველეშაპს მოათვინიერებს. აქ სიკეთე ხელოვნების დახმარებით იმარჯვებს, რაც აღმოჩენა იყო ბავშვებისთვის.
გავყევით ზღაპრების გზას და მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ მიზნის მისაღწევად. ვის არ შევხვდით, რას არ წავაწყდით – წიქარასა და სალხინო და საჭირვარამო სალამურს, ჭინჭრაქასა და დევისგან გამოტაცებულ ფანდურს, ვაზისა და ბულბულის სტვენა-გალობას, ზღაპარში აჟღერებულ „მრავალჟამიერს“…
და ვინაიდან ზღაპარი და ხელოვნება ჩვენს გაკვეთილებზე ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ახალი გამოწვევის დრო დადგა. უნდა დავფიქრებულიყავით, მართლა ასეთი ძლიერი ზემოქმედება ძალუძს თუ არა ხელოვნებას.
თუ გაკვეთილი ცოცხალია, თუ კლასი ინტერესით არის ჩართული პროცესში, თუ ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა მოსწავლეების გულსა და გონებაში გაივლის, ახალ იდეებს რა გამოლევს. და აი, გაკვეთილზევე გაჩნდა იდეა – მოვიწვიოთ ჩვენი თანაკლასელი ილიკოს მამა და ვასაუბროთ იმაზე, რა ძალა აქვს ხელოვნებას – ჩონგურის სიმებსა და მრავალ ხმაში ამღერებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
კარგ სტუმრებს კარგი მასპინძლობა სჭირდება და ამიტომ ბავშვებმაც საგანგებოდ იმუშავეს ზღაპრის თემაზე. აირჩიეს სასურველი ზღაპრები და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. პროცესში აქტიურად იყო ჩართული პარალელური კლასი და მათი საყვარელი ანუკი მასწავლებელი. შექმნეს არაჩვეულებრივი ილუსტრაციები და საინტერესო ანოტაციები თითოეული ზღაპრისთვის. ნაწარმოების შინაარსის მოკლედ გადმოცემა და საკუთარი მოსაზრების დართვა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია მეოთხეკლასელისთვის. ჯგუფებში მუშაობით შეხედულებების გაცვლა ხდება და საინტერესო შედეგიც დაიდო. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ანოტაციები დაწერეს.
ამგვარ პროექტებში კლასების თანამშრომლობა უფრო ცოცხალსა და ნაყოფიერს ხდის სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეებს საერთო ინტერესები უჩნდებათ და ადვილად მეგობრდებიან.
როგორც ყველა, ეს ზღაპარიც ბედნიერად დასრულდა.
ახალი გამოწვევის დრო დადგა – ზღაპრებში ამოკითხული უცხო სიტყვებისა და ფრაზების განმარტებითი ლექსიკონის შექმნა.
მუსიკის სწავლება თანამედროვე განათლებაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სმენით აღქმის, სიმღერის ან ნოტების შესწავლით. ადამიანი მუსიკას ხედავს, განიცდის, ახდენს მის ინტერპრეტირებას, ანიჭებს შინაარსს. ბავშვობაში მუსიკა ხშირად აღიქმება ფერების, მოძრაობების, პერსონაჟებისა და ისტორიების წყაროდ. სწორედ ამ პროცესს სწავლობს კოგნიტიურ-სემიოტიკური მიდგომა.
სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა:
რას აკეთებს მოსწავლე გონებრივად მუსიკის მოსმენისას?
რატომ „ხედავს“ იგი სურათებს, სცენებს, ემოციებს იქ, სადაც სიტყვები არ არის?
ამ კითხვებზე პასუხის მიღება შესაძლებელია კოგნიტიურ-სემიოტიკური მიდგომის საშუალებით, რომელიც მუსიკას განიხილავს როგორც ნიშანთა სისტემას, ხოლო ნაწარმოების მოსმენას – როგორც მნიშვნელობის შექმნის პროცესს.
სემიოტიკა არის მეცნიერება ნიშნების, სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობების შესახებ. ის იკვლევს, როგორ „კითხულობს“ ადამიანი სამყაროს – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ხმებით, ფერებით, ჟესტებით, გამოსახულებებითა და მუსიკით.
სემიოტიკურ აზროვნებას საფუძველი ჩაუყარეს ფერდინანდ დე სოსიურმა და ჩარლზ სანდერს პირსმა, რომელთა თეორიებიც დღეს აქტიურად გამოიყენება ხელოვნების, განათლებისა და კოგნიტური მეცნიერებების კვლევაში.
ფერდინანდ დე სოსიურის მიხედვით, ნიშანი შედგება ორი ნაწილისგან:
აღმნიშვნელი – ის, რასაც ვხედავთ ან ვისმენთ (ბგერა, მელოდია, ფორმა);
აღნიშნული – მნიშვნელობა, რაც მას ჩვენს ცნობიერებაში ენიჭება.
ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჩარლზ სანდერს პირსმა ნიშნების კლასიფიკაცია მე-19 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა. პირსი თანამედროვე სემიოტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ის არის, რომ მან ადამიანი როგორც ნიშნების შემქმნელი და ინტერპრეტატორი წინა პლანზე წამოსწია.
ჩარლზ სანდერს პირსი ნიშანს წარმოიდგენს ერთგვარ სამკუთხედად: ნიშანი – ობიექტი – ინტერპრეტატორი.
სწორედ ინტერპრეტატორია გადამწყვეტი მუსიკის აღქმის პროცესში.
პირსი გამოყოფს:
იკონურ – მსგავსებაზე დაფუძნებულ – ნიშნებს;
ინდექსურ – მიზეზშედეგობრივ – ნიშნებს;
სიმბოლურ – შეთანხმებაზე დაფუძნებულ – ნიშნებს.
სემიოტიკა როგორც ნიშნების მეცნიერება გვაძლევს საშუალებას, მუსიკა განვიხილოთ არა მხოლოდ ესთეტიკურ მოვლენად, არამედ ნიშანთა სისტემად, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, კოგნიტიურ და კულტურულ გამოცდილებაზე.
მუსიკა როგორც ხელოვნება განსაკუთრებულად სემიოტიკურია, რადგან იგი არ იყენებს სიტყვებს, მაგრამ მოქმედებს ემოციაზე, მეხსიერებაზე, სხეულსა და კულტურულ გამოცდილებაზე.
მუსიკის მოსმენის დროს ადამიანი:
ქმნის ვიზუალურ სურათებს;
აკავშირებს ბგერებს ემოციებთან;
ააქტიურებს წარსულ გამოცდილებას;
აყალიბებს შიდა ნარატივებს.
მუსიკა აღძრავს არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ სურათებს, სიუჟეტებს, მოძრაობებს. მოსწავლე არ არის პასიური მსმენელი – ის ხდება მნიშვნელობის შემქმნელი. ეს პროცესი ეყრდნობა კოგნიტიურ მექანიზმებს: ყურადღებას, მეხსიერებას, ასოციაციასა და ფანტაზიას. მუსიკა ხდება ნიშანთა სისტემა, სადაც:
ტემპი შეიძლება ნიშნავდეს მოძრაობას;
რეგისტრი – სივრცეს;
დინამიკა – ემოციურ დაძაბულობას;
ტემბრი – პერსონაჟს ან ხასიათს;
რიტმი – ენერგიას;
პაუზა – მოლოდინს.
სემიოტიკური მიდგომის გამოყენებას მუსიკის გაკვეთილზე აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
დადებითი მხარეები:
ავითარებს კრიტიკულ და სიმბოლურ აზროვნებას;
აძლიერებს ემოციურ ჩართულობას;
ხელს უწყობს მეტაკოგნიტიური უნარების გააქტიურებას (რას ვგრძნობ ნაწარმოების მოსმენის დროს? რატომ?);
ზრდის მოსწავლეთა მეტყველებით და ვიზუალურ თვითგამოხატვას.
შესაძლო სირთულეები
მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს;
საჭიროა მასწავლებლის მაღალი პროფესიული მზაობა;
დროის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის მუსიკა არის: „ვიღაცის სიარული“, „მზე, რომელიც ამოდის“, „სევდიანი ადამიანი“. ეს ინტერპრეტაციები მოსწავლის ცნობიერებაში წარმოადგენს მუსიკის სემიოტიკურ დეკოდირებას.
კოგნიტიური პროცესები (ყურადღება, მეხსიერება, ასოციაცია, ფანტაზია) მუსიკის მოსმენისას ერთიანდება და ქმნის შიდა ვიზუალურ და ემოციურ სურათებს. სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: რას ვხედავთ მუსიკის მოსმენისას?
წარმოგიდგენთ რამდენიმე გაკვეთილის მაგალითებს.
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: I
თემა: „რას ვხედავთ, როცა მუსიკას ვუსმენთ?“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:
გაიგებს, რომ მუსიკა შეიძლება რაღაცას უსიტყვოდ „გვეუბნებოდეს“;
შეძლებს მოსმენილი მუსიკის ემოციით, მოძრაობით ან ნახატით გადმოცემას;
მიხვდება, რომ მუსიკის მოსმენისას ყველას შეიძლება განსხვავებული სურათი წარმოესახოს;
ისწავლის ყურადღებით მოსმენას.
N
აქტივობის დასახელება
აქტივობის აღწერა
1
ემოციური ჩართვა
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– ბავშვებო, გიყვართ ზღაპრები? დღეს მუსიკა მოგიყვებათ ზღაპარს.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
• შეიძლება თუ არა, ზღაპარი სურათებით იყოს გადმოცემული?
• შეიძლება თუ არა, ზღაპარი ხმებით იყოს გადმოცემული?
2
მომზადება მოსმენისთვის – სხეულით აღქმა
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– გთხოვთ, თვალები დახუჭოთ,
ხელები მუხლებზე დაიდოთ,
არ ილაპარაკოთ
და უსმინოთ მუსიკას გულისყურით.
3
„ჯადოსნური მუსიკა“
მოსწავლეები უმენენ კამილ სენ-სანსის „აკვარიუმს“.
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– ახლა მუსიკა დაიწყება. მოუსმინეთ მას და დააკვირდით, რას „დაინახავთ“.
4
ემოციის აღმოჩენა
მუსიკის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება კლასს:
– როგორ ფიქრობთ, როგორი იყო მუსიკა?
ü მხიარული
ü მშვიდი
ü იდუმალი
ü ძილის მომგვრელი
(ბავშვები ხელით ან სახის გამომეტყველებით ანიშნებენ პასუხს)
შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– როგორი იყო მუსიკა? ნელი თუ სწრაფი?
მუსიკის მოსმენისას მოძრაობა გინდოდათ თუ მშვიდად ყოფნა?
5
სემიოტიკა სურათად – „რას ვხედავთ?“
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– მუსიკის მოსმენისას ხომ არ ,,დაინახეთ“ წარმოსახვით
ü წყალი?
ü თევზი?
ü მოცურავე ადამიანი?
ü ზღაპრული ადგილი?
მასწავლებელი არ აძლევს მინიშნებას მოსწავლეებს. თუ მოსწავლე ამბობს: „ვარსკვლავები დავინახე“, – ეს პასუხიც მისაღებია.
მასწავლებელი აჯამებს:
– ბავშვებო, მუსიკა ყველა ადამიანს თავის ისტორიას უყვება.
6
შემოქმედებითი აქტივობა – „დახატე მუსიკა“
მასწავლებელი აძლევს დავალებას:
– ახლა დახატეთ ის, რაც მუსიკის მოსმენისას „დაინახეთ“.
მასწავლებელი ძალიან ხმადაბლა ფონად რთავს იმავე მუსიკალურ ნაწარმოებს.
მასწავლებელი:
• არ ასწორებს ნახატებს;
• არ ამბობს: „ეს არ არის სწორი“;
• მხოლოდ ეკითხება მოსწავლეს:
– რა დახატე?
– რატომ აირჩიე ეს ფერი?
7
გაზიარება – მნიშვნელობის მიღება
რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნახატს. მასწავლებელი ეკითხება:
– როგორი იყო ეს მუსიკა შენთვის: მხიარული თუ მოწყენილი, სწრაფი თუ ნელი?
– რას აკეთებდა შენს ნახატში ეს პერსონაჟი?
მოსწავლე სწავლობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.
8
მოძრაობითი აქტივობა
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– ახლა ვეცადოთ, მუსიკა სხეულით გამოვხატოთ და შევიგრძნოთ.
ისმის იგივე მუსიკალური ნაწარმოები.
მოსწავლეები:
• ნელა მოძრაობენ;
• „ცურავენ“;
• ხელებით გამოსახავენ ტალღებს.
მუსიკა გადადის მოძრაობაში. ეს არის კოგნიტიურ-სემიოტიკური გადატანა.
9
შეფასება
მასწავლებელი აკვირდება:
უსმენს თუ არა მოსწავლე მუსიკას ყურადღებით;
გამოხატავს თუ არა ემოციას;
რეაგირებს თუ არა მუსიკაზე მოძრაობით ან ნახატით.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების ჩართულობას.
10
მოსწავლის თვითშეფასება
– მუსიკის მოსმენისას მე დავინახე…
– მუსიკამ გამახარა / დამამშვიდა…
– მომეწონა, როცა…
11
მასწავლებლის რეფლექსია
• შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მუსიკის ემოციური აღქმა?
• რომელმა აქტივობამ გამოიწვია ყველაზე დიდი ჩართულობა?
• რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს მოსწავლეები?
12
დასკვნა
ამ გაკვეთილით მოსწავლე:
Ø სწავლობს მოსმენას;
Ø გრძნობს, რომ მუსიკა „ლაპარაკობს“;
Ø იწყებს სამყაროს აღქმას ნიშნებით.
ეს არის სემიოტიკის დასაწყისი სიტყვების გარეშე.
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: II
თემა: „ერთი მუსიკალური ნაწარმოები – ბევრი სურათი“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:
გააცნობიერებს, რომ ერთსა და იმავე მუსიკალურ ნაწარმოებს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს;
შეძლებს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ემოციით, სურათით და სიტყვით გადმოცემას;
შეძლებს პასუხის დასაბუთებას: „რატომ ვიფიქრე ასე“;
განივითარებს ყურადღებით მოსმენის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარებს.
N
აქტივობის დასახელება
აქტივობის აღწერა
1
წინარე ცოდნის გახსენება
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– გახსოვთ, წინა გაკვეთილზე მუსიკის მოსმენისას რას ვაკეთებდით?
– რას ვხატავდით?
– ყველას ერთნაირი ნახატი გვქონდა?
მასწავლებელი აჯამებს:
– ესე იგი, მუსიკა ყველასთვის ერთნაირად არ „ლაპარაკობს“.
2
,,მოსწავლეებთან შეთანხმება“
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– ახლა მოვუსმენთ სხვა მუსიკალურ ნაწარმოებს. გთხოვთ:
მასწავლებელი წინასწარ არ ამბობს, რომელ ნაწარმოებს მოისმენენ.
4
ემოციის ამოცნობა
ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მასწავლებლი სვამს კითხვას:
– როგორი იყო ეს მუსიკა?
ü ნათელი
ü მშვიდი
ü მხიარული
ü დამამშვიდებელი
– ეს მუსიკა უფრო დილას ჰგავს თუ საღამოს?
– რატომ?
5
„რას ვხედავდი?“ – ვიზუალური წარმოსახვა
მასწავლებელი სვამს კითხვას:
– რა დაინახეთ:
ü მზე?
ü ბუნება?
ü ადამიანები?
ü მოძრაობა?
თუ მოსწავლეების პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდება, მასწავლებელი ამბობს:
– ყოჩაღ, ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ მუსიკა დაგვაფიქრებს.
6
მეორე მოსმენა – ყურადღებით დაკვირვება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას:
– ახლა მეორედ მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ:
როდის ისმის მუსიკა უფრო ხმამაღალა?
როდის ისმის მუსიკა უფრო ხმადაბლა?
მასწავლებელი მუსიკას მეორედ ასმენინებს მოსწავლეებს, მერე კი დაფაზე წერს მარტივ სქემას:
ჩუმი – რას ვხედავ?
ხმამაღალი – რას ვხედავ?
7
შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის ორი სურათი“
დავალება:
ფურცელი იყოფა ორ ნაწილად:
რას ვხედავდი მუსიკის დასაწყისში
რას ვხედავდი მუსიკის ბოლოს
მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ ეკითხება:
– რატომ შეცვალე სურათი?
– რა შეძლო მუსიკამ?
მოსწავლე იწყებს მიზეზშედეგობრივ აზროვნებას.
8
განსხვავებული აზრის მიღება
რამდენიმე მოსწავლე მასწავლებელს აჩვენებს ნახატს.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– ვის ჰქონდა სხვანაირი ნახატი?
– შეიძლება თუ არა, ორივე სწორი იყოს?
მასწავლებელი აჯამებს:
– მუსიკაში შეიძლება ბევრი სწორი პასუხი არსებობდეს.
9
მოძრაობითი აქტივობა – „მუსიკის ნაბიჯები“
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს:
– ვეცადოთ, მუსიკა ნაბიჯებით გამოვსახოთ.
ისმის მუსიკა:
• ნელი მუსიკა – ნელი ნაბიჯები
• ხმამაღალი – ფართო მოძრაობები
მივიღეთ მარტივი სქემა: მუსიკა – სხეული – აზრი
10
შეფასება
მასწავლებელი აკვირდება:
• უსმენს თუ არა მოსწავლე ყურადღებით;
• ასახელებს თუ არა ემოციას;
• ცდილობს თუ არა, ახსნას, „რატომ“.
ფასდება მოსწავლეთა ჩართულობა და აზროვნება.
11
მოსწავლის თვითშეფასება
• მუსიკის მოსმენისას მე ვიგრძენი…
• დღეს მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
• ყველაზე მეტად მომეწონა…
12
მასწავლებლის რეფლექსია
• შეძლეს თუ არა ბავშვებმა ემოციის სიტყვებით გადმოცემა?
• გაჩნდა თუ არა განსხვავებული ინტერპრეტაციები?
• რამდენად უსაფრთხოდ გამოხატავდნენ აზრს?
13
დასკვნა
ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს მოსმენას და დაკვირვებას;
✔ ხვდება, რომ მუსიკა არის ნიშანი;
✔ იწყებს აზრის დასაბუთებას.სემიოტიკა აქ უკვე ფიქრად გადაიქცევა.
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: III
თემა: „რას გვიყვება მუსიკა, როცა არაფერს ამბობს?“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:
გაიგებს, რომ მუსიკა არის ნიშნების ენა;
შეძლებს მუსიკის მოსმენისას სიუჟეტის, პერსონაჟის ან ემოციური მდგომარეობის „დანახვას“;
დაასაბუთებს, რატომ ფიქრობს ასე;
გაიგებს, რომ ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ემოციას და აზრს იწვევს.
N
აქტივობის დასახელება
აქტივობის აღწერა
1
ემოციური ჩართვა
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– ბავშვებო, დღეს ერთ საკითხზე უნდა ვიფიქროთ:
• როგორ შეიძლება მუსიკა მოგვიყვეს ამბავს სიტყვების გარეშე?
• შეგიმჩნევიათ, რომ მუსიკის მოსმენისას თვალწინ რაღაც „წარმოგიდგებათ“?
• როგორ ფიქრობთ, ფილმებში რატომ არის მუსიკა?
• შეიძლება თუ არა, მუსიკამ დაგვიხასიათოს პერსონაჟი?
2
სემიოტიკური ხიდი
მასწავლებელი მარტივად უხსნის მოსწავლეებს:
– წარმოიდგინეთ, რომ:
• წითელი ფერი ნიშნავს „საფრთხეს“;
• მწვანე – „შეგიძლია, წახვიდე“.
ეს ფერები ნიშნებია. მუსიკაშიც ასეა – ხმები ნიშნებად იქცევა.
მასწავლებელი დაფაზე წერს:
ხმა – აზრი
მუსიკა – ამბავი
ეს უკვე არის სემიოტიკა.
3
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა – მუსიკა როგორც პერსონაჟი
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სერგეი პროკოფიევის „პეტია და მგელს“. არ უხსნის, რა ნაწარმოებია ეს და ვინ არიან მისი პერსონაჟები.
დავალება: თქვენი ამოცანაა, მუსიკამ თავად გიამბოთ.
მასწავლებელი აცნობს ინსტრუქციას მოსწავლეებს:
– მუსიკის მოსმენისას:
• დახუჭეთ თვალები;
• არ წეროთ და არ ილაპარაკოთ;
• მხოლოდ მუსიკას უსმინეთ.
4
მოსმენის შემდეგ – სემიოტიკური კითხვა
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– თუ „დაინახეთ“ წარმოსახვით რომელიმე პერსონაჟი ?
– ეს მუსიკა კეთილია თუ საშიში?
– ნელია თუ სწრაფი?
– მარტო იყო ეს პერსონაჟი თუ სხვებთან ერთად?
მასწავლებელი არ უსწორებს პასუხებს მოსწავლეებს. ყველა პასუხი სწორია და მისაღებია, თუ მოსწავლე მას არგუმენტირებულად დაასაბუთებს.
5
მეორე მოსმენა – ანალიზით
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
– ახლა მეორედ მოვუსმინოთ ნაწარმოებს და დავაკვირდეთ:
• რომელი ინსტრუმენტი ჟღერს?
• როდის იცვლება მუსიკის ხასიათი?
დაფაზე მოცემულია ცხრილი:
მოსწავლეები ავსებენ მას სიტყვებით ან ნახაზით.
6
დისკუსია
მასწავლებლი სვამს კითხვებს:
– შეიძლება, ეს მუსიკა სხვა ისტორიასაც გვიყვებოდეს?
– თუ შენ და შენი მეგობარი სხვადასხვა რამეს ხედავთ, რომელი ცდება?
მოსწავლეები ხვდებიან მთავარ იდეას: მუსიკის მოსმენისას არ არსებობს „ერთი სწორი პასუხი“, ის მსმენელის გონებასა და წარმოსახვაშია.
ეს არის კოგნიტიურ-სემიოტიკური აზროვნება.
7
შემოქმედებითი აქტივობა
მასწავლებელი სთავაზობს დავალებას:
– დახატე სცენა, რომელიც მუსიკის მოსმენისას „დაინახე“ შენს წარმოსახვაში
ან
– დაწერე სამი წინადადებით: „ეს მუსიკა ჩემთვის არის…“
მასწავლებელი არ აფასებს ნახატის ხარისხს – აფასებს აზრის, შინაარსის გადმოცემას.
8
შეფასება
მასწავლებელი აკვირდება:
• უსმენს თუ არა მოსწავლე ყურადღებით;
• ასაბუთებს თუ არა პასუხს;
• აღწერს თუ არა მუსიკალურ ელემენტებს (ნელი, სწრაფი, ხმამაღალი).
9
მოსწავლის თვითშეფასება
მოსწავლე ასრულებს წინადადებებს:
• დღეს მუსიკაში მე „დავინახე“…
• მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
• შემდეგ გაკვეთილზე მინდა…
10
მასწავლებლის რეფლექსია
• შეძლეს თუ არა ბავშვებმა მუსიკის „წაკითხვა“?
• რომელმა კითხვამ გამოიწვია ყველაზე დიდი ფიქრი?
• რას შეცვლიდნენ შემდეგ გაკვეთილზე?
11
დასკვნა
ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს მოსმენას;
✔ ხვდება, რომ მუსიკა აზრის მატარებელია;
✔ ბუნებრივად იწყებს სემიოტიკურ აზროვნებას.
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: IV
თემა: „იცვლება თუ არა აზრი, როცა მუსიკა იცვლება?“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:
შეადარებს ორი განსხვავებული მუსიკის მნიშვნელობას;
დააკავშირებს მუსიკალურ ელემენტებს (ტემპი, დინამიკა, ტემბრი) ემოციასა და სიუჟეტთან;
დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
მიიღებს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
N
აქტივობის დასახელება
აქტივობის აღწერა
1
აზროვნების ჩართვა
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– თუ ერთ და იმავე ამბავს ორი ადამიანი სხვადასხვანაირად მოგიყვათ, შეიძლება თუ არა, ორივე სწორი იყოს?
– შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები იყოს „მხიარულიც“ და „სერიოზულიც“?
– რა იწვევს მუსიკაში ცვლილებას – ხმა თუ ჩვენი აღქმა?
2
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის წინ ყურადღების ფოკუსი
მასწავლებელი დაფაზე წერს :
• ტემპი
• ხმამაღალი/ხმადაბალი
• განწყობა
მერე კი კლასს აძლევს ინსტრუქციას:
– ახლა მოვუსმენთ ორ მუსიკალურ ნაწარმოებს. თქვენი ამოცანაა, დააკვირდეთ, რა იცვლება და რას იგრძნობთ.
3
პირველი მოსმენა – ენერგია და მოძრაობა
მუსიკალური ნაწარმოები №1: ანტონიო ვივალდი, „გაზაფხული“
მოსწავლეები ისმენენ ფრაგმენტს. მასწავლებელი აძლევს მათ ინსტრუქციას:
– არ წეროთ;
– მოუსმინეთ და დააკვირდით სხეულის რეაქციას.
4
პირველი რეაქცია – სემიოტიკური კითხვა
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– რას გრძნობდით?
– გინდოდათ მოძრაობა?
– ეს მუსიკა უფრო ღია სივრცეს ჰგავს თუ დახურულს?
დაფაზე ვწერთ ბავშვების მიერ ნათქვამ სიტყვებს:
• მხიარული
• ცოცხალი
• მოძრაობა
მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს სქემას:
მუსიკა – ემოცია -სიტყვა
5
მეორე მოსმენა – კონტრასტი
მუსიკალური ნაწარმოები №2: (მასწავლებელი ირჩევს უფრო მშვიდი ხასიათს ნაწარმოებს)
მოსწავლეები უსმენენ მუსიკას.
6
შედარება – მნიშვნელობის შეცვლა
დაფაზე მოცემულია ცხრილი:
მასწავლებელი სათითაოდ ეკითხება მოსწავლეებს:
– რატომ არის ეს მუსიკა შენთვის განსხვავებული?
– რა იგრძენი?
იწყება კოგნიტიურ-სემიოტიკური ანალიზი.
მოსწავლეები ავსებენ ცხრილს.
7
დისკუსია – ბევრი სწორი პასუხი
მასწავლებელი სვამს მთავარ კითხვას:
– შეიძლება თუ არა, რომ ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები ერთ ადამიანს სიხარულს ჰგვრიდეს, მეორეს კი აფიქრებდეს?
მოსწავლეები მსჯელობენ.
8
შემოქმედებითი აქტივობა – „ორი სცენა“
მასწავლებელი კლასს აძლევს დავალებას:
– დახატეთ ორი განსხვავებული სცენა: ერთი – პირველი მუსიკალური ნაწარმოებისთვის,
მეორე – მეორისთვის
ან
– დაწერეთ 3-3 წინადადებით:
• „პირველი მუსიკა ჩემთვის არის…“
• „მეორე მუსიკა ჩემთვის არის…“
ვიზუალური და ვერბალური ნიშნები ერთიანდება.
9
შეფასება
მასწავლებელი აფასებს:
• შეადარა თუ არა მოსწავლემ ორი მუსიკალური ნაწარმოები;
• გამოიყენა თუ არა სიტყვები „იმიტომ, რომ…“;
• პატივს სცემს თუ არა სხვების აზრს.
10
მოსწავლის თვითშეფასება
მოსწავლეები წერენ:
– დღეს მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
– აზრი შემეცვალა, როცა…
– ყველაზე საინტერესო იყო…
11
მასწავლებლის რეფლექსია
• შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა შედარება?
• რომელი მუსიკალური ელემენტი იყო ყველაზე გასაგები?
• რამდენად თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრს მოსწავლეები?
12
დასკვნა
ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს შედარებით მოსმენას;
✔ აკავშირებს მუსიკას აზრთან;
✔ იწყებს არგუმენტირებულ მსჯელობას.
სემიოტიკა გადაიქცევა აზროვნების ინსტრუმენტად.
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: V
თემა: „მუსიკა როგორც ამბავი: დასაწყისი, კონფლიქტი და დასასრული“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:
აღიქვამს მუსიკას როგორც ამბავს თავისი განვითარებით;
ამოიცნობს მუსიკაში დაძაბულობისა და განტვირთვის მომენტებს;
შეძლებს მოსმენილის სიუჟეტად გარდაქმნას;
დაასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას მუსიკალური ნიშნებით.
N
აქტივობის დასახელება
აქტივობის აღწერა
1
აზროვნების პროვოცირება
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
– როგორ ფიქრობთ, ყველა ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული?
– შეიძლება თუ არა ამბის „მოყოლა“სიტყვების გარეშე?
– თუ ფილმის ყურებისას ხმას გამორთავთ, რა დანაკლისს იგრძნობთ?
– დღეს მუსიკას მოვუსმენთ ისე, თითქოს წიგნს ვკითხულობთ.
2
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის წინ სიუჟეტური ჩარჩო
მასწავლებელი დაფაზე წერს სამ სიტყვას:
• დასაწყისი
• დაძაბულობა
• დასასრული
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოსმენისას იფიქრონ:
• სად დაიწყო ამბავი?
• სად გახდა ყველაზე დაძაბული?
• როგორ დასრულდა?
ეს არის კოგნიტიური სქემა, რომელიც ბავშვებს მოსმენაში ეხმარება.
3
მოსმენა – „ბრძოლა მუსიკაში“
მოსწავლეები ისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას (I ნაწილი).
პირველი მოსმენისას მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას:
– არ წეროთ; უბრალოდ მიჰყევით მუსიკას, როგორც ამბავს.
მოსწავლეები უსმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს.
4
პირველი რეაქცია – სიუჟეტის შეგრძნება
მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– როგორი იყო დასაწყისი – მშვიდი თუ მოულოდნელი?
– როდის იგრძენით დაძაბულობა?
– ეს მუსიკა უფრო ბრძოლას ჰგავს თუ გზას?
მოსწავლე ჯერ გრძნობს სიუჟეტს, შემდეგ ასახელებს.
5
მეორე მოსმენა – ნიშნებზე დაკვირვება
მასწავლებელი:
– ახლა მეორედ მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ:
• როდის ემატება მუსიკას ჟღერადობა, როდის ჟღერს ხმამაღლა?
• როდის ჩნდება განმეორებადი რიტმი?
• როდის წყდება თითქოს სუნთქვა?
დაფაზე მოცემულია ცხრილი:
მოსწავლეები მეორედ ისმენენ მუსიკალურ ფრაგმენტს.
აქ ხდება ნიშნის ამოცნობა:
• ხმამაღლა = დაძაბულობა
• პაუზა = მოლოდინი
6
დისკუსია
მასწავლებელი სვამს ძირითად კითხვებს:
– რატომ ქმნის ეს მუსიკა დაძაბულობას?
– კომპოზიტორმა ეს განზრახ გააკეთა თუ შემთხვევით?
– შეიძლება, ამ მუსიკას სხვა ამბავიც ჰქონდეს?
მასწავლებელი ხაზს უსვამს:
– ბავშვებო, ჩვენ არ ვეძებთ „ერთ სწორ პასუხს“, ჩვენ ვეძებთ დასაბუთებულ აზრს.
7
შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის სცენარი“
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას (არჩევით):
• ვარიანტი I – წერითი: დაწერე მოკლე ამბავი (5-7 წინადადება), რომელსაც ეს მუსიკა მოგაგონებს.
• ვარიანტი II – სქემა
დახატე:
• დასაწყისი;
• დაძაბულობა;
• დასასრული.
აუცილებელი პირობა: მოსწავლე უნდა პასუხობდეს კითხვას: „რატომ დავწერე ასე /დავხატე ასე?“
8
არგუმენტირებული საუბარი
რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს.
მასწავლებელი ეკითხება:
– რომელი მუსიკალური მომენტი დაგეხმარა ამ ამბის შექმნაში?
– სხვანაირად შეიძლებოდა თუ არა?
ყალიბდება კრიტიკული მოსმენა.
9
შეფასება -აზროვნებაზე ორიენტირებული
• შეძლო თუ არა მოსწავლემ სიუჟეტის აგება?
• დააკავშირა თუ არა ემოცია მუსიკალურ ნიშნებთან?
• იყენებს თუ არა არგუმენტს („იმიტომ, რომ…“)?
10
მოსწავლის თვითშეფასება
მოსწავლეები წერენ:
– მუსიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო…
– მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
– შემდეგ გაკვეთილზე უკეთ მოვუსმენ, როცა…
11
მასწავლებლის რეფლექსია
• შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მუსიკის სტრუქტურის აღქმა?
• რომელ ეტაპზე გაუჭირდათ ყველაზე მეტად?
• გაჩნდა თუ არა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები?
12
დასკვნა
ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ მუსიკას აღიქვამს როგორც განვითარებად ამბავს;
✔ ამოიცნობს დაძაბულობასა და განტვირთვას;
✔ სწავლობს მნიშვნელობის შექმნას და დასაბუთებას.
სემიოტიკა გადაიქცევა აზროვნების ინსტრუმენტად.
სწავლების საფეხური: დაწყებითი
კლასი: VI
თემა: „რას ამბობს მუსიკა თავის ეპოქაზე?“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:
გააცნობიერებს, რომ მუსიკა დაკავშირებულია ეპოქასა და ადამიანების ცხოვრებასთან;
ამოიცნობს მუსიკაში დაძაბულობას, პროტესტს, იმედს ან ტრაგედიას;
შეძლებს მუსიკალური ნაწარმოების კონტექსტში ინტერპრეტაციას;
დაასაბუთებს საკუთარ აზრს ისტორიული და მუსიკალური ნიშნებით.
N
აქტივობის დასახელება
აქტივობის აღწერა
1
გაკვეთილის დასაწყისი – აზრის პროვოცირება
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– თუ ადამიანი ცხოვრობს რთულ დროში, შეიძლება თუ არა, ეს მის მუსიკაში იგრძნობოდეს?
– შეიძლება თუ არა მუსიკა იყოს ჩუმი პროტესტი?
– როგორ ფიქრობთ, მუსიკა მხოლოდ გასართობია?
ვამზადებთ ნიადაგს სემიოტიკური გააზრებისთვის.
2
კონტექსტის მინიმალური მიწოდება
მასწავლებელი:
– ზოგი კომპოზიტორი მუსიკით ამბობს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს.
მასწავლებელი დაფაზე წერს:
ეპოქა
განცდა
მუსიკა
3
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა – „დაძაბული ეპოქის ხმა“
მოსწავლეები მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს – დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიას.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას:
– მოუსმინეთ და დაფიქრდით:
ეს მუსიკა უფრო მშვიდია თუ დაძაბული?
რას გრძნობთ?
4
პირველი რეაქცია – ემოციური კოდი
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
– როგორ ფიქრობთ, ეს მუსიკა შიშს იწვევს თუ სიმტკიცეს?
– წარმოიდგინეთ, ეს მუსიკა ფილმში რომ იყოს, რა მოხდებოდა?
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს:
დაძაბული
მძიმე
წინააღმდეგობა
5
მეორე მოსმენა – მუსიკალური ნიშნების ამოცნობა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მეორედ მოუსმინონ მუსიკალურ ფრაგმენტს და დააკვირდნენ:
განმეორდება თუ არა ერთი და იგივე მელოდია;
როდის ძლიერდება ხმა;
როდის გრძნობენ ზეწოლას.
დაფაზე მოცემულია ცხრილი:
მოსწავლეები მეორედ ისმენენ მუსიკალურ ფრაგმენტს.
მუსიკა იწყებს „ლაპარაკს“ სიმბოლურად.
6
კონტექსტის გახსნა – ისტორიული სემიოტიკა
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს:
– ეს მუსიკა დაიწერა მაშინ, როცა ქალაქი ალყაში იყო.
მასწავლებელი მოსწავლეებს არ აწვდის ბევრ დეტალს – მხოლოდ ერთ ფაქტს ამცნობს.
შემდეგ სვამს კითხვებს:
– განმეორებით მოსმენისას შეცვალა თუ არა ამ ფაქტმა თქვენი ემოცია?
– რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განმეორებადი მუსიკა?
მოსწავლე ხედავს, რომ კონტექსტი ცვლის მნიშვნელობას.
7
დისკუსია – მუსიკა როგორც მესიჯი
მასწავლებელი სვამს საკვანძო კითხვებს:
– შეიძლება თუ არა, ეს მუსიკა იყოს წინააღმდეგობის ნიშანი?
– კომპოზიტორი გვამცნობს რაღაც მნიშვნელოვანს?
– შეიძლება, მუსიკა იყოს „დუმილის ენა“?
მიმდინარეობს სრულფასოვანი სემიოტიკური მსჯელობა.
8
შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის წერილი ეპოქას“
დავალება (არჩევით):
ვარიანტი I – წერითი
დაწერე მოკლე ტექსტი:
„რას გვიამბობს ეს მუსიკა ადამიანებზე, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ?“
ვარიანტი II – სქემა
დახატე:
§ ეპოქა;
§ განცდა;
§ მუსიკა როგორც მათი დამაკავშირებელი ხაზი.
მოსწავლემ უნდა ახსნას, რატომ ფიქრობს ასე.
9
შეფასება -კრიტიკული აზროვნება
აკავშირებს თუ არა მოსწავლე მუსიკას კონტექსტთან?
მოჰყავს თუ არა არგუმენტები?
პატივს სცემს თუ არა განსხვავებულ ინტერპრეტაციას?
10
მოსწავლის თვითშეფასება
მოსწავლეები წერენ:
ამ მუსიკამ დამაფიქრა…
მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
ახლა სხვანაირად მოვუსმენ…
11
მასწავლებლის რეფლექსია
შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა კონტექსტის გააზრება?
როდის შეიცვალა მათი მოსმენა?
რამდენად ღრმა იყო მსჯელობა?
12
დასკვნა
ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ ხედავს მუსიკას როგორც ისტორიულ ნიშანს;
✔ სწავლობს მნიშვნელობის კონტექსტში წაკითხვას;
✔ ავითარებს კრიტიკულ და კულტურულ აზროვნებას.სემიოტიკა გადაიქცევა მსოფლმხედველობად.
სემიოტიკური მეთოდი კულტურის სფეროებში და, მათ შორის, მუსიკაში გვეხმარება, განვიხილოთ ნიშან-სიმბოლოთა ფუნქციონირება სხვადასხვა რაკურსით, გვეხმარება, ჩავწვდეთ მოზაიკურად აწყობილ და დაშიფრულ შინაარსს.
მუსიკის კოგნიტიურ-სემიოტიკური აღქმის სწავლება დაწყებით საფეხურზე ხელს უწყობს არა მხოლოდ მუსიკალური უნარების განვითარებას, არამედ მოსწავლეთა კოგნიტიურ და ემოციურ ზრდასაც. მუსიკა გარდაიქმნება აზრის, ემოციისა და მნიშვნელობის მატარებელ სისტემად, სადაც მოსწავლე ხდება არა პასიური მსმენელი, არამედ აქტიური ინტერპრეტატორი.
სემიოტიკური მიდგომა მუსიკის გაკვეთილზე ქმნის სივრცეს, სადაც მოსწავლე სწავლობს, რას ხედავს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას და რატომ. ის აღარ უსმენს მხოლოდ ყურით – ის კითხულობს, ხედავს და ფიქრობს.
ჩემი სასკოლო ცხოვრება ცარცით დასვრილ ხელებს და გაცრეცილ, უღიმღამო დაფის საწმენდ ტილოს უკავშირდება. თეთრი ცარცის სხვადასხვა ფერის ცარცებით ჩანაცვლებამაც მოუსწრო ჩემს სასკოლო ცხოვრებას, თუმცა, ფერის ცვლილება სასწავლო გარემოს სახეცვლილებას არ უკავშირდებოდა.
დღეს სწავლება თითქმის აღარ ასოცირდება დაფასთან, ცარცთან და რვეულში ჩანაწერებთან. საკლასო სივრცეში სწავლა უმეტესად ციფრულ პლატფორმებზე, ონლაინ რესურსების გამოყენებით და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სწავლება აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. ის უფრო ინტერაქტიური, თანამშრომლობითი და პერსონალიზებული პროცესია, რომელშიც მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს, ხოლო მასწავლებელი ხშირად ასრულებს მეგზურის და სწავლის პროცესის ორგანიზატორის როლს.
ამ ცვლილებებს, რომელსაც დღეს განათლების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესად მოიხსენიებენ, გულისხმობს სწავლების მეთოდების, სასწავლო რესურსების, კომუნიკაციის ფორმებსა და მასწავლებლის პროფესიულ როლის ცვლილებას.
მაინც რა არის განათლების ციფრული ტრანსფორმაცია?
განათლების ციფრული ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების ინტეგრაციაა სასწავლო პროცესში ისე, რომ შეიცვალოს არა მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ სწავლების მიდგომები და სასწავლო გამოცდილება. პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს:
ციფრულ ინფრასტრუქტურას;
მასწავლებლებისა და მოსწავლეების ციფრულ კომპეტენციებს;
მრავალფეროვან ციფრულ სასწავლო რესურსებს;
ინოვაციურ სასწავლო მოდელებს.
ციფრული განათლების განვითარებას რამდენიმე პედაგოგიური მოდელი აღწერს. მათ შორისაა SAMR მოდელი.
SAMR მოდელი აღწერს ტექნოლოგიის ინტეგრაციის ოთხ დონეს – ტექნოლოგია ცვლის ტრადიციულ ინსტრუმენტს, ტექნოლოგია აუმჯობესებს სწავლების ტრადიციულ პროცესს, სწავლების ამოცანები ნაწილობრივ იცვლება და იქმნება ისეთი სასწავლო აქტივობები, რომელთა შექმნა ადრე შეუძლებელი იყო.
დონე
აქტივობის აღწერა
ტექნოლოგიური როლი
Substitution ჩანაცვლება
მოსწავლეები ნაბეჭდი წიგნის ნაცვლად ციფრულ ფორმატში კითხულობენ ტექსტს
ტექნოლოგია უბრალოდ ცვლის ტრადიციულ ინსტრუმენტს.
Augmentation გაძლიერება
საკვანძო სიტყვების საპოვნელად მოსწავლეები ტექსტში იყენებენ “Search” ფუნქციას და ამატებენ ციფრულ კომენტარებს.
ტექნოლოგია მცირე ფუნქციურ გაუმჯობესებას იძლევა.
Modification მოდიფიკაცია
მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ Padlet-ის დაფაზე, სადაც აზიარებენ ციტატებს და ერთმანეთის ანალიზს კომენტარებით სცემენ პასუხს.
სწავლების ამოცანები მნიშვნელოვნად გარდაიქმნება და ხდება თანამშრომლობითი.
Redefinition ხელახალი განსაზღვრა
მოსწავლეები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს პერსონაჟის ალტერნატიული ისტორიის შესაქმნელად, შემდეგ კი ქმნიან ციფრულ პოდკასტს ან ვიდეო-ესეს.
იქმნება ახალი სასწავლო აქტივობები, რომლებიც ადრე შეუძლებელი იყო.
მეორე პედაგოგიური მიდგომა TPACK მოდელია, ის ხაზს უსვამს ცოდნის სამი სფეროს მნიშვნელობას: საგნობრივ, პედაგოგიურ და ტექნოლოგიურ ცოდნას.
ტექნოლოგიის ეფექტიანი გამოყენება სწორედ ამ სამი კომპონენტის სწორ შერწყმას მოითხოვს. იმისათვის, რომ ტექნოლოგიების ინტეგრაცია იყოს წარმატებული, მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბალანსი შემდეგ კომპონენტებს შორის:
საგნობრივი ცოდნა (CK): რას ვასწავლით? (ისტორიული ფაქტები, მათემატიკური ფორმულები)
პედაგოგიური ცოდნა (PK): როგორ ვასწავლით? (ჯგუფური მუშაობა, პროექტზე დაფუძნებული სწავლება) .
ტექნოლოგიური ცოდნა (TK): რა ინსტრუმენტს ვიყენებთ? (Padlet, Kahoot, AI პლატფორმები) .
როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ეს მოდელები პრაქტიკული კუთხით, როგორია ეფექტური სწავლების ფორმულა, ვნახოთ კონკრეტული მაგალითებზე.
პრაქტიკული მაგალითი: ბიოლოგიის გაკვეთილი „ეკოსისტემები“
პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე ვნახოთ, როგორ თავსებადია ეს სამი კომპონენტი ერთად რეალურ გაკვეთილზე:
საგნობრივი (CK): მასწავლებელმა ზუსტად იცის კვებითი ჯაჭვისა და ეკოსისტემის ბალანსის პრინციპები.
პედაგოგიური (PK): მასწავლებელი ირჩევს კონექტივიზმის მიდგომას , სადაც სწავლა ინფორმაციის მოძიებისა და კავშირების დამყარების პროცესია.
ტექნოლოგიური (TK): კლასი იყენებს სიმულაციურ პროგრამას ან ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას ვირტუალური ეკოსისტემა.
შედეგი (TPACK): მასწავლებელი იყენებს ტექნოლოგიას არა უბრალოდ „ჩვენებისთვის“, არამედ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა პრაქტიკულად დაინახონ, როგორ მოქმედებს ერთი ცვლადის შეცვლა მთელ ეკოსისტემაზე. ეს ავითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.
თანამშრომლობითი ტექსტის ანალიზი
ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი ქმნის Padlet-ის ვირტუალურ დაფას.
ამ მიდგომით ვითარდება თანამშრომლობა, მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, ტექსტის ანალიზი ხდება მრავალმხრივი.
ხელოვნური ინტელექტი ტექსტის ანალიზში
ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები AI ინსტრუმენტს სთხოვენ ტექსტის რეზიუმეს ან პერსონაჟის ანალიზს. შემდეგ ისინი ადარებენ AI-ის პასუხებს საკუთარ ინტერპრეტაციას.
მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს, ქმნიან დიაგრამებს, ამზადებენ პრეზენტაციებს , რაც ავითარებს კვლევით უნარებს და სწავლა უკავშირდება რეალურ პრობლემებს.
ციფრული ქვიზი, როგორც შეფასების ინსტრუმენტი
ისტორიის გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი იყენებს Kahoot პლატფორმას სწრაფი შეფასებისთვის. მოსწავლეები ტელეფონებით ერთვებიან ქვიზში, რომელიც თამაშის პრინციპზეა შედგენილი.
მიკრო-სცენარი:
ერთ-ერთ კითხვაზე მოსწავლეთა უმრავლესობამ არასწორად უპასუხა. მასწავლებელმა თამაში შეაჩერა, განმარტა საკითხი და შემდეგ დამატებითი კითხვა დასვა. ამ მიდგომით:
იზრდება ჩართულობა;
მასწავლებელი სწრაფად აღმოაჩენს ცოდნის ხარვეზებს;
შეფასება ხდება თამაშის ფორმატში.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, თანამშრომლობასა და პრობლემის გადაჭრაში.
ციფრული ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას ეხება. ამიტომ:
ნუ დავიწყებთ ინსტრუმენტით (TK).
დავიწყოთ სასწავლო მიზნით (CK) და იმით, თუ როგორ სჯობს ამ მასალის მიწოდება (PK).
ტექნოლოგია (TK) შევარჩიოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა გვეცოდინება, როგორ გააძლიერებს შერჩეული ტექნოლოგია სწავლის არსს.
ეს მიდგომა მასწავლებლებს დაეხმარება, თავი დააღწიონ „ტექნოლოგიას ტექნოლოგიისთვის“ და გადავიდნენ რეალურ, გააზრებულ სწავლებაზე.
TPACK მოდელზე დაფუძნებული თვითშეფასების კითხვარი.
ეს ინსტრუმენტები მასწავლებლებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ციფრულ ტრანსფორმაციაში და დაინახონ, რამდენად ჰარმონიულადაა გაერთიანებული ამ ინსტრუმენტებში საგნობრივი, პედაგოგიური და ტექნოლოგიური ცოდნები.
შეკითხვა თვითრეფლექსიისთვის
პასუხი (1-5)
შესაბამისი კომპონენტი
რამდენად თავდაჯერებულად ვფლობ ჩემი საგნის იმ საკვანძო საკითხებს, რომლებსაც ვასწავლი?
CK (საგნობრივი)
შემიძლია თუ არა, შევარჩიო სწავლების ისეთი მეთოდი (მაგ. ჯგუფური მუშაობა), რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება კონკრეტულ თემას?
PK (პედაგოგიური)
ვიცი თუ არა, რომელი ციფრული ინსტრუმენტი (მაგ. Kahoot, Padlet) გამოვიყენო სასწავლო მიზნის მისაღწევად?
TK (ტექნოლოგიური)
შემიძლია თუ არა ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი აქტივობის შექმნა, რომელიც მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებაში დაეხმარება?
TPACK (ინტეგრირებული)
ვეხმარები თუ არა მოსწავლეებს ციფრულ გარემოში ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და გადამოწმებაში?
TPACK + ეთიკა
აქტივობის შეფასების სქემა (SAMR მოდელი)
ეს სქემა დაგვეხმარება განსაზღვროთ, რა დონეზე ხდება ტექნოლოგიის ინტეგრაცია კონკრეტულ გაკვეთილზე.
დონე
შეფასების კრიტერიუმი
შედეგი
Substitution
ტექნოლოგია უბრალოდ ანაცვლებს ძველ ინსტრუმენტს (მაგ. რვეულის ნაცვლად Word-ში წერა).
ფუნქციური ცვლილება არ არის.
Augmentation
ტექნოლოგია მატებს ეფექტურობას (მაგ. ავტომატური მართლწერის შემოწმება ან სწრაფი ძებნა).
მცირე გაუმჯობესება.
Modification
აქტივობა იცვლება და ხდება უფრო ინტერაქტიური (მაგ. ერთობლივი მუშაობა ონლაინ დაფაზე).
სწავლის პროცესის გარდაქმნა.
Redefinition
იქმნება ისეთი დავალება, რომლის მსგავსიც ადრე წარმოუდგენელი იყო (მაგ. AI-თან დებატები ან ვირტუალური ლაბორატორია).
სრული ინოვაცია.
ციფრული განათლება გარკვეულ გამოწვევებსაც მოიცავს. მათ შორისაა: ციფრული უთანასწორობა, ინფორმაციის სანდოობის პრობლემა, ონლაინ გარემოში ყურადღების დეფიციტი, მონაცემთა უსაფრთხოება. ამიტომ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის პასუხისმგებლობიანი და გააზრებული გამოყენება.
ციფრული ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, ეხება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას. ტექნოლოგია არ ცვლის მასწავლებელს − ის აძლიერებს მის შესაძლებლობებს.
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მასწავლებლებისთვის:
• ტექნოლოგია ყოველთვის დაუკავშირეთ სასწავლო მიზანს;
• გამოიყენეთ ინტერაქტიური აქტივობები;
• წაახალისეთ თანამშრომლობა;
• ასწავლეთ მოსწავლეებს ინფორმაციის კრიტიკული შეფასება;
• გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი.
ციფრული ეპოქა განათლებას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ტექნოლოგიები ქმნის უფრო მოქნილ, ინტერაქტიურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს. თუმცა, წარმატებული ტრანსფორმაცია დამოკიდებულია ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე. ინტეგრირებული ტექნოლოგია არ ცვლის სწავლების არსს, ის აძლიერებს მას და ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობით, კრიტიკულ შემოქმედებით აზროვნებას.
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...