კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

კულტურის კოდები_ აკაკი წერეთლის “აღმართ-აღმართ” სწავლებისათვის

0
აკაკი წერეთელი ლექსების სტრუქტურის მოდელირებისას იყენებდა კულტურის კოდებს (რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულსა თუ მითოლოგიურს), რომელთა დეკოდირებაც საშუალებას გვაძლევს სიღრმისეულად გავიაზროთ ამა თუ იმ ლექსის სათქმელი. ამჯერად, ამ პრინციპით წარმოჩენილია აკაკი ლექსი “აღმართ-აღმართი”.
ამ ლექსში ყურადღებას იქცევს ცალკეული სახე-სიმბოლო, რომლებიც შეიძლება კოდებად გავიაზროთ. ესენია: აღმართი, დაღმართი, მზე, სხივი, სიცოცხლე, სატრფო, სერი, ია-ვარდი, ჭინჭარი და სხვ.

რეზო ყარალაშვილი წერილში “მხატვრული ნაწარმოების აღქმა” მსჯელობს იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს მხატვრული ნაწარმოების გაგება. მისი აზრით, “ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოდელს წარმოადგენს. ამდენად, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადეკვატურად აღვიქვით და გავიგეთ ნაწარმოები, როდესაც ჩავწვდებით ამ მოდელის ხასიათს. ხოლო მოდელი ვლინდება ნაწარმოების სიუჟეტის, ტროპების, თხრობითი სტილის, კომპოზიციისა და სხვადასხვა კოდის ერთობლიობაში, რომელთა მეშვეობითაც მოწოდებულია ინფორმაცია. ნაწარმოები, ერთი მხრივ, თვითონ იძლევა სახელმძღვანელო მითითებებს, თუ როგორ უნდა იყოს იგი წაკითხული, ხოლო, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ტექსტმა მკითხველის წარმოსახვაში ადეკვატური დაკონკრეტება განიცადოს, მკითხველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნის მარაგი, რომელიც კითხვის პროცესში რეაგირებას მოახდენს ტექსტის სიგნალებზე და ხორცს შეასხამს მხატვრულ სინამდვილეს”. შესაბამისად, რაც უფრო განსწავლული და მდიდარი ერუდიციის პატრონია მკითხველი და დეკოდირების რაც უფრო მეტ ხერხს ფლობს იგი, მით უფრო დიდ ინფორმაციას მიიღებს ის მხატვრული სისტემიდან და მოდელის აღდგენის მით უფრო მეტი შესაძლებლობაც ექნება”.

1876 წლის 1 იანვარს სოფ. ახალგორში აკაკი წერს ლექსს “აღმართ-აღმართ”. საგულისხმოა, რომ ახალი წლის პირველსავე დღეს აკაკი ლექსით ეგებება, თითქოს მთელ წელიწადს პოეზიას დაიბედებს. ლექსით აღებს მომავალი წლის შეუცნობელ კარს. ახალი წელი მისთვის ახალი აღმართია ცხოვრების გრძელსა და რთულ გზაზე, მაგრამ ამ ლექსით მომავლისკენ კი არა, უფრო წარსულისკენ იყურება პოეტი, თუმცა, როგორც ალბერ კამიუ იტყოდა, წარსული იმედის მეორე ფორმაა.

ლექსის დასაწყისში ნახსენებ აღმართს ბოლოს დაღმართი შეენაცვლება. ზოგადად, სიმბოლურად შეიძლება ლექსი ცხოვრების ერთგვარ მოდელადაც გავიაზროთ, რადგან ცხოვრება აღმართ-დაღმართების მონაცვლეობაა, მაგრამ ამ ლექსის სათქმელი კიდევ უფრო ღრმაა.

პოეტი პირველივე სტრიქონებიდან მიგვანიშნებს აღმართ-აღმართ სიარულის სიძნელეს:

“აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა”, _ ამ სტრიქონებს დავით წერედიანი “პირწმინდად, ღვთის ბოძებული ლირიკული იმპულსით” შექმნილად მიიჩნევს. იგი წერს: “ისევ აზრით მოუხელთებელი ინტიმი და ლირიკული ვიბრაცია. შესასრულებლად ძნელია, მაგრამ მისახვედრად საკმაოდ იოლია, განწყობილება რა მხარეს უნდა წარიმართოს: თუ დადებითი ემოციისკენ არ წავა, მსუბუქი სევდის საზღვარს მაინც არ უნდა გადასცდეს. გონება კი მაშინვე თავის მკაცრ ულტიმატუმს აყენებს: რა დროს დადებითი ემოციაა, რა დროს მსუბუქი სევდაა, სამშობლო თავზე გვენგრევა! და დაუყოვნებლივ შემოდის დამდაბლებული, ლეჩაქახდილი სატრფო-სამშობლოს ალეგორია”.
აღმართ-აღმართ სვლა სულიერი სრულყოფილების გზას გულისხმობს. პოეტი ნელა, მაგრამ ჯიუტად მიუყვება აღმართს, სიმბოლურად, ღვთისკენ მიემართება. მთაზე, სიმაღლეზე ასვლა ხომ პარადიგმულად სწორედ ამას გულისხმობს. გავიხსენოთ დავით მეფსალმუნე: “უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა? რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა”.

ეს ფსალმუნი პოეტურად გარდათქვა გრიგოლ ორბელიანმა, რომელიც ღვთისკენ სწრაფვას ადამიანის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევდა:

“ვინ აღვიდეს მთასა მაღალსა მას მთასა წმიდასა/, სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა?/_სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,/ ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკიცხვად/ და სიყვარული შეიწყალა ცთომილი ვნებით”.

სერზე შედგომა, ამოსუნთქვა მიანიშნებს სულიერი ზრდის გარკვეულ საფეხურს. შორს რჩება მიწა, ყოფითობა, რომელთანაც დაკავშირებულია ათასგვარი სურვილი, ხორციელი ტანჯვა. სული იშვებს, ამიტომაც წერს აკაკი: “სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა” (წერეთელი 2010: 99).

ჭმუნვის ალის განელება, აკაკის ლექსის მიხედვით, ხორციელი ყოფის დაძლევამ გამოიწვია. პოეტის მზერა მიწას მოსწყდა და ზეცისკენ მიიმართა. სხეული სიხარულით აივსო:

“მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე ვგრძენ, / სიკვდილმა ვერ მაშინა”.

მზე, ტრადიციულად, ღვთის ხატია. გავიხსენოთ, იოანე საბანისძე რას წერს ამის თაობაზე: “მზე სიმართლისა ეწოდა, რამეთუ თქუა წინასწარმეტყველმან: “და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისაითა, მზე იგი სიმართლისაი, რომელსა აქუს კურნებაი ქუეშე ფრთეთა მისთა”, რამეთუ იგი არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა”.
სიმაღლეზე, ღვთის სიახლოვეს, რა თქმა უნდა, მზის სხივების, მისი მადლის შეგრძნება უფრო ძლიერია. პოეტი განიცდის სიხარულს, ახალ სიცოცხლეს, რომელიც ღმერთშია: “ხოლო ცხოველი არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე, ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის” (პავლე მოციქული).

ამიტომაც არის, რომ პოეტს სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან სიკვდილი სხეულთან არის დაკავშირებული. სული კი არ კვდება, ის მარადიულობასთან არის წილნაყარი, რადგან ღვთის ნაწილია. ამ დროს უცნაურ თრთოლას განიცდის პოეტი მთელი არსებით:

“შემიდუღდა მაშინ სული და გული,/ იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”.

უცნაური ცეცხლი გიზგიზდება ამ დროს პოეტის გულში, ცეცხლი არა დამწველი, არამედ განმწმენდი და ამამაღლებელი. “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” აღწერილია ეპიზოდი, როდესაც წმინდა გრიგოლი თავის სენაკში ლოცულობს. ამ დროს დეკანოზი მნათეს გააგზავნის მასთან ცისკრის ჟამს, რომ გაიგოს, გრიგოლს სძინავს თუ ღვიძავს. მნათე რომ მივიდა სენაკთან, გაოგნდა და შეეშინდა, რადგან დაინახა, რომ ცეცხლის დიდი შუქი გამოდიოდა სენაკიდან: “და ვითარცა მივიდა, იხილა ბრწყინვალებაი დიდძალი შინაით გამო სენაკსა მას. მსწრაფლ მორბიოდა და ხმა-ყო, ვითარმედ:

_ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა!

ჰრქვა მას დეკანოზმან:

_დუმენ, შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისაი განმანათლებელი”.

სულში ამგვარი განმწმენდი ცეცხლის აგზნებისას პოეტი უცნაურ თანხმობას გრძნობს სამყაროსთან: “ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო” და სწორედ ამ დროს: “სიმართლის ხმა შეუპოვრად გაისმა”. სიმართლის ხმა ღვთის ხმაა.

ამ სტრიქონებში ლექსის აღმავალი ტონი კულმინაციას აღწევს. პოეტი ტკბება, იშვებს და ნეტარებს სულიერი სიმაღლის შეგრძნებით, მაგრამ უცებ ბზარი ჩნდება: “ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე”. სული ცის სანახებს მიეახლა, მაგრამ პოეტი მთლიანად მაინც ვერ მოსწყდა მიწას. ფეხქვეშ კვლავ იგრძნო მიწის სიმძიმე. რა მოხდა? თითქოს უკვე დაძლეული ჰქონდა პროზაული ყოფითობა, აღარაფერი აკავშირებდა თუ აჯაჭვავდა მიწას, მაშ რამ გამოიწვია მისი მზერის დაღმა შემობრუნება, რატომ მოსწყვიტა ცასა და მზეს თვალი?

“ვთქვი, ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე”. პოეტმა ტკივილით იგრძნო, რომ ცხოვრებას, საკუთარ ხალხს ვერ მოსწყდებოდა, რადგან მასთან აკავშირებდა მამულიშვილის მოვალეობა. ერის ბედის წინაშე პასუხისმგებლობა ვერ მისცემდა მას მარტო, ცის სიმაღლეზე, მწვერვალზე ნეტარი ბედნიერების უფლებას. თვითონ კი იშვებდა, მაგრამ სამშობლო?

“და ვიფიქრე: ჩემი სატრფო სად არი?” სატრფო ქართული ლიტერატურის ტრადიციული კოდია, რომანტიკოსთა მიერ დამკვიდრებული. აკაკი ამ კოდს ხშირად იყენებდა თავის პოეზიაში. ეს კითხვა გამოფხიზლებასავით არის. იმ სიმაღლეზეც კი ბოლომდე არ დავიწყებია ერის ბედი და მის წინაშე საკუთარი მოვალეობა. კი გადაწყვიტა, რომ განდგომოდა ცხოვრების ჭაობს და მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე ეფიქრა, მაგრამ “მიწამ” არ მოასვენა. პოეტმა “მარტო კაცად” ვერ შეძლო სიცოცხლე, ვერ დაივიწყა ქვეყანა, საზოგადოება, მოყვასი, ვერ მოიშორა ფიქრი სატრფოზე _ მამულზე, რომელსაც ხან “ნისლი ჰბურავს” და ხან “დღე უდგას სადარი”, მწვერვალზე ასულს არ დავიწყებია სამშობლოს გასაჭირი, ამიტომაც:

“გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!/ გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?”

ამის შემდეგ პოეტი აანალიზებს ქვეყნის მდგომარეობას. რეალურად, საქართველო უგუნურ ქალწულს მიაგავდა, რომელიც გულუბრყვილოდ მინდობოდა მოყვრის სახით შენიღბულ მოძალადე რუსეთს და იხიბლებოდა: “ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი”.

სულიერი სიმაღლით მოგვრილი ნეტარება სადღაც გაქრა, გაცამტვერდა. პოეტმა დაღმა ჩამოსვლა დაიწყო, რომ გამოეფხიზლებინა “სატრფო” და შეეგნებინა მისთვის საფრთხის საშიშროება: “მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები,/ ნუ გგონია იქ ია და ვარდები”.

“ია და ვარდები” მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა. იგი, უპირველესად, სამოთხის ხატია. ამავე დროს, თავისუფლების სიმბოლოა. საქართველოს მატერიალური კეთილდღეობა (რუსეთი ჰპირდებოდა: უპირველესად, მტერთაგან დაცვასა და სიმშვიდეს) ვერ იხსნიდა სულიერი სიკვდილისაგან, რადგან მხოლოდ თავისუფალ ქვეყანას შეეძლო გადარჩენა და განვითარება. ჭინჭარი კი აკაკი წერეთლის შექმნილი კოდია_პოეტური სიმბოლოა, რომელიც ფარული საფრთხის მნიშვნელობისაა. გარეგნულად ჭინჭარი ჩვეულებრივი მცენარეა, მაგრამ მხოლოდ მიკარებისას შეიგრძნობა მისი სიმწარე და სისუსხე. ასე რომ, ქვეყანაც იოლად ტყუვდებოდა მოყვრულად მოსული მტრის, თუ ცხვრის ქურქში გახვეული მგლის ფარისევლური დაპირებებითა და ალერსით.

საქართველოსთან დამოკიდებულების ამ ორგემაგობასა თუ მრავალმნიშვნელოვნებას ხაზს უსვამს მაჯამური რითმაც, რომელიც არა მხოლოდ კეთილხმოვანებას მატებს ლექსს, არამედ აზრობრივადაც ამკვეთრებს სათქმელს. “ვარდები”, როგორც არსებითი სახელი, მშვენიერია და ამაღლებული, მაგრამ ვარდები _ როგორც ზმნა _ სახიფათოა და დამღუპველი.

სამწუხაროდ, ამაო გამოდგა ძახილი, ვედრება. პოეტმა და ქვეყანამ ერთმანეთს ვერ გაუგეს, თითქოს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ (“არ მისმინა მწუხარებით დადაგულს” _ აქ არის გადაძახილი ილიას ლექსთან: “მშობელი შობილს არას მეტყოდა” (“ელეგია”).

ამ სატკივარს პოეტი არა მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებებით, არამედ პუბლიცისტური წერილებითაც გამოხატავდა. ამავე, 1876 წლის 13 თებერვალს გაზეთ “დროებაში” წერდა შეწუხებული პოეტი: “დარი, ავდარი, გათენება, დაღამება, შიმშილი, გაძღომა, დაძინება, გაღვიძება და ისევ დაძინება! აი, ჩვენი ყოველდღიური მოვლინება! საზიზღარის ერთფერობით, გულსაკლავის ერთგვარობით მივლაყუნობთ საუკუნო უფსკრულისკენ. საბრალო ჩვენო დამწვარო მხარე! რა ხარ და რას მოელი? რად გინდა ცოცხალ_მკვდრობა? სიცოცხლე ან სიკვდილი? მაგრამ ვინ უნდა გამოგიყვანოს მაგ ღრმა ძილისგან? ძველებმა თუ ახლებმა? ძველებს თვის პური მოუჭამიათ, ძალა მილევიათ… მაგრამ ახლა რა უნდა ვთქვათ ახლებზე? რა იმედი უნდა გვქონდეს მათგან? მომავალი ხომ მათ ხელშია! მრავლდება მათი რიცხვი, მაგრამ… მაგრამ… ოჰ, უმჯობესია დავსდუმდეთ”. პოეტი დადუმებას არჩევს, რადგან სიტყვებით გულის წუხილის გამოხატვა ჭირს. მართალია, საზოგადოებას ხანდახან ააღელვებს ხოლმე რაიმე შემთხვევა, მაგრამ „ეს ღელვა რომ რამე დიდი მიზნისა და საზოგადო ინტერესების ბრალი იყოს, ოჰ, რა სანეტარო იქნება, მაგრამ ვაი, რომ კერძო და ჭიანჭველური ანგარიშების ბრალია”.

აქ ზუსტად არის შეფასებული მაშინდელი საზოგადოების კერძო, ყოფითი საზრუნავები ასეთი ტევადი და მახვილგონივრული გამოთქმით: “ჭიანჭველური ანგარიშები”. ამიტომაც არის, რომ პოეტის სიხარულს ტანჯვა ენაცვლება. მას სხვანაირად არც შეეძლო ცხოვრება. ხომ წერს კიდეც ლექს “მუხამბაზში”:

“რას მიქვიან პირადი მწუხარება?/მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!”

პირადული საქმე, სამწუხარო თუ სასიხარულო, არ არსებობდა მისთვის. ყველაფერზე წინ ქვეყნის, საზოგადო საქმეს აყენებდა. ამიტომაც ვერ გაძლო სიმაღლეზე ნეტარებაში, ჭეშმარიტი სიხარული ქვეყანასთან ერთად უნდა განეცადა. ერი კი უზნეობის ჭაობში იყო ჩაფლული. სული არც ახსოვდა, მხოლოდ ხორცზე ზრუნავდა. გათითოკაცებულ ქართველობას აღარც აღელვებდა ერთიანობის სურვილის დაკარგვა. რუსეთიც ოსტატურად ახერხებდა მისი ყურადღების მთლიანად მატერიალურ საზრუნავებზე გადატანას (ეს შესანიშნავად დახატა ილიამ “მგზავრის წერილებში”, როდესაც სამშობლოს ბედზე მოფიქრალ მგზავრს ოხვრით წამოსცდება: რა უნდა ვქნაო? სწორედ ამ დროს შემოსული ფეხმოტეხილი „სალდათი” ურჩევს: ჩაი უნდა დალიოო).

პოეტი ფიქრობს, რომ სჯობს, თავის ქვეყანასთან ერთად დაეშვას დაღმართზე, ვიდრე მის გარეშე აღმართზე ბედნიერება მოიპოვოს. მან იცის, რომ გზა, რომელსაც მისი ქვეყანა ადგას, ცისკენ, მზისკენ არ მიიმართება, არამედ სიბნელისაკენ, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს:

“იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,/ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით”.

თუ სიკვდილია, ბარემ თავის ერთან ერთად დაიღუპოს, რადგან ვერ შეძლო მისი ჭაობიდან ამოყვანა. “დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად ის” _ პოეტისთვის ეს “დავიწყება” ყველაზე უფრო მტკივნეულია. დაივიწყოს ცა, მზე, სიმაღლე, გზა უფლისაკენ _ ეს ხომ სიკვდილზე უარესია, მაგრამ სხვა არჩევანი გამორიცხულია. სიხარული თითქოს დანაშაულადაც კი ეჩვენება. “ხელდაკრეფით განისვენე მარადის”, _ ამბობს სასოწარკვეთილი პოეტი და თითქოს სამარისკენ მიასვენებს თავის თავს.

ნიცშე წერდა: “არა მწვერვალი, ფერდობია საშინელი! ფერდობი, სად თვალი ძირს დაექანება და ხელი მაღლით მწვერვალს ეჭიდება. მაშინ ბრუის გული თავისი მარჩბივი ნებითა. ჰე, მეგობრებო, ამოიცანით ჩემს გულშიც ნება მარჩბივი ესე, ესეა ფერდობი ჩემი და ხიფათი ჩემი, რომ თვალი მაღლით ისწრაფვისდა ჩემს ხელს ჰსურს მოეკიდოს და დაეყრდნოს სიღრმეს” (“ესე იტყოდა ზარატუსტრა”).

ამ ლექსის ლირიკული გმირი აღმართზე ჯიუტად მიმავალი და მწვერვალისკენ მაცქერალი სიზიფესაც მოგვაგონებს, მძიმე ლოდით რომ მიუყვება გზას. მართალია, მისი ბედი წინასწარ განსაზღვრულია, ლოდი აუცილებლად დაუგორდება, მაგრამ ის იმედს მაინც არ მოიშლის. ეს სვლა სიმაღლისკენ, ერთდროულად, მისი ჯილდოცაა და სასჯელიც. “მარტო მწვერვალებისკენ მიმართული მზერა კმარა კაცის გულის ასავსებად. სიზიფე ბედნიერად უნდა მიგვაჩნდეს” (ალბერ კამიუ).

“აღმართ-აღმართის” ლირიკული გმირი შეიძლება სიბრძნის, ჭეშმარიტების, ადამიანობის და, ამგვარად, “გრაალის” მაძიებელ გმირადაც მივიჩნიოთ. როგორც თომას მანი თავისი რომანის “ჯადოსნური მთის” მთავარ პერსონაჟს, ჰანს კასტორპს, “გრაალის რაინდად” მოაზრებდა და კითხვაზე, რა არის გრაალი, პასუხობდა; გრაალი არის ადამიანის იდეა, პირველი წინათგრძნობა ახალი მომავალი ადამიანობისა, რომელმაც ავადობისა და სიკვდილის უღმესი შეცნობის ბრძმედში გამოიარა. გრაალი –ეს საიდუმლოა, მაგრამ ადამიანად ყოფნაც –ასეთივე საიდუმლოა. თავად ადამიანიც ხომ გამოცანაა და ადამიანურობის საფუძველში მუდამ დევს ამ გამოცანის წინაშე ქედმოხრა”.

ასე პესიმისტურად შეხვდა აკაკი წერეთელი 1876 წლის 1 იანვარს. ამ დროს იგი 36 წლის იყო, სოცოცხლითა და ჯან-ღონით სავსე, წინ კიდევ დიდი ტკივილები ელოდა, არც სიხარულს დაიშურებდა მისთვის განგება, მაგრამ მისი დაბზარული სული ვერასოდეს გამრთელდებოდა.

ვსაუბრობთ ვაზსა და მეღვინეობაზე

0
ვენახისა და ღვინის სიყვარული ჩვეულებრივი ჰობის დონეს რომ გასცდეს, ადამიანს ამისათვის, რასაკვირველია, თანხები სჭირდება. უფულოდ არასოდეს არაფერი გაკეთებულა და კარგი ღვინის შექმნაც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ღვინის მოყვარულ ჩვენს ბევრ ამბიციურ თანამემამულეს აქვს სურვილი, რომ საკუთარი ვენახი და საკუთარი მარანი ჰქონდეს. თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ საქმეს ხელს სავარაუდო ხარჯების დაუთვლელად ჰკიდებს და საბოლოო ჯამში მას ან ფული არ ჰყოფნის, ან დრო და კარგად დაწყებული საქმის სავალალო შედეგად მოუვლელ ვენახსა და ნახევრად გაკეთებულ მარანს იღებს.
თუ თანამდგომი არ გიყვარს…
ამ წერილში გამოცდილი და მრავალი პრობლემის დამძლევი ქართველი მეღვინეების დახმარებით შევეცდებით, რომ მეტ-ნაკლებად ნათლად ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რაც მევენახეობა-მეღვინეობას ახლავს თან და ასევე შეძლებისდაგვარად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა თანხა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვენახის გაშენებისა და მარნის მოწყობისთვის.
ჩვენთან საუბარში თითქმის ყველა გამოცდილი მეღვინე აღნიშნავს იმას, რომ საწყისი კაპიტალის ბანკიდან გამოტანას (უახლოეს მომავალში მოგების მიღებისა და ბანკის ვალის ამ გზით დაფარვის იმედით) აზრი არა აქვს და უმჯობესია, რომ ამ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვეაში მოჰკიდოთ ხელი, თუკი საწყისი კაპიტალი პირადად თქვენი ან თქვენი თანამოზიარე პარტნიორის მაინც არის. პირველი მოსავლიდან მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე ხარჯები ეტაპობრივად იკლებს, თუმცა უმჯობესი იქნება, ჯერ განსაკუთრებულ მოგებაზე არ იფიქროთ.
როგორც რეალობამ გვაჩვენა, განსაკუთრებით ისეთი ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ვითარდებიან, სადაც საწყისი კაპიტალი არა ერთმა ადამიანმა, არამედ თანამოაზრეთა ჯგუფმა ჩადო. ეს ხერხი, გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული მოწილისთვის ხარჯებს შეამცირებს, პრაქტიკული ხერხია თუნდაც იმისათვის, რომ საქმე შუა გზაზე არ შეჩერდეს. მაგალითად, თუკი ისე მოხდა, რომ ღვინის მარნის ხუთი დამფუძნებლიდან ერთ ან ორ ადამიანს ფინანსური პრობლემები შეექმნა, დანარჩენი სამი რთულად, მაგრამ მაინც შეძლებენ საქმის გაგრძელებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სახსრებშემოლეულ მარტოკა მევენახეს კი, თავისი ვენახისა და მარნის გაყიდვის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.
პარტნიორებად სხვადასხვა ქართული თუ უცხოური აგრარული სექტორით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაც შეიძლება. ეს, ფინანსურად ხელის წაშველების გარდა, თქვენი ღვინის შემდგომ პოპულარობასაც შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალზე მარტივად არის. მთელ მსოფლიოში ადამიანები განსაკუთრებით ისეთ პროდუქციას ყიდულობენ და ენდობიან, სადაც მწარმოებლებს შორის ცნობილი და წელგამართული ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. ერთი სიტყვით, კარგი ვენახის და შემდგომში მარნის მოსაწყობად, კარგი პარტნიორები სასურველი და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.
მარანი ვენახთან ახლოს
რა ღირს ერთი ჰექტარი სავენახე მიწა? არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ შეკითხვაზე ერთ, ზუსტ და ლაკონიურ პასუხს გაგცემთ, რადგან სავენახე მიწის ფასი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვაგვარია. ამას გარდა, რასაკვირველია, მიწას ერთი ფასი არც კონკრეტულად ერთ რეგიონში, ვთქვათ, კახეთში, არ ექნება. ბუნებრივია, მიწას ვერ ექნება ერთი ფასი საგარეჯოში და ფაფრის მინდვრებზე, კონდოლში და ართანაში, კარდანახსა და ველისციხეში… გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მიწას სახელმწიფოსგან ყიდულობ თუ კერძო პირისგან და შეძენილ მიწაზე ადრე როგორი ტიპის კულტურები ეთესა.
კახეთში ერთი ჰექტარი მიწის ფასი 600 ლარიდან იწყება და საუკეთესო მიკროზონებში 3 ათას ლარსაც კი აღწევს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვენახთან რამდენად ახლოს მოაწყობთ მარანს, რადგან ვენახთან ახლოს მდებარე მარანი შემდგომ სამუშაოებს ბევრად აიოლებს და ხარჯებსაც ამცირებს. აი სიკეთეები, რაც ვენახთან ახლოს მოწყობილ მარანს გააჩნია: 1. იმის გამო, რომ დაკრეფილ ყურძენს ტრანსპორტირება არ დასჭირდება, ეს ღვინის ხარისხისთვის უაღრესად დადებითი მოვლენაა; 2. ვენახისა და მარნის სიახლოვე ამცირებს ხარჯებს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია; 3. იზოგება დრო. ქალაქიდან ჩასულ ადამიანს ხშირად არ გააჩნია იმდენი დრო, რომ ერთდროულად მარნის საქმეებიც მოაგვაროს და ვენახშიც აირბინოს. ამ შემთხვევაში კი მარანში მოფუსფუსეს ვენახიც ”ხელის გულზე” ექნება; 4. ესთეტიკური მომენტი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ღვინის შატოები, როგორც წესი, სწორედ ვენახებშია ჩადგმული და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ორივე ერთად (შატო ვენახში) მართლაც ლამაზი სანახავია.
კახეთზე უკვე ვთქვით. გურიაში, ჩხავერისათვის საუკეთესო სოფლებში, ჩოხატაურის რაიონში, ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი 1500-2000 ლარია. იმერეთში, ზესტაფონსა და ბაღდათში ერთი ჰექტარი მიწა 1000-1500 ლარი დაგიჯდებათ. ქართლში კი მიწის ფასი ყველაზე ძვირია. მეღვინეობისთვის საუკეთესო ქართლის მტკვრის პირეთის სოფლებში, მიწის ფასი 2-დან 3500 ლარამდეა. მიწას სამეგრელოში დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც იმერეთში. მთიან აჭარაში ყველაზე მერყევი ფასებია და იქ მიწის შეძენა ბევრად ძნელია. აჭარა საქართველოს ალბათ ერთადერთი კუთხეა, სადაც მოსახლეობის პოპულაციური ზრდა ომის წლებშიც კი გრძელდებოდა. ამან ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბოლომდე ათვისება გამოიწვია. შესაბამისად, თუკი აჭარაში სავენახედ მიწის შეძენა გსურთ, ე.წ. თავისუფალი მიწის იაფად ყიდვის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ.
გურიაში თითქმის ყველგან 2 ჰა, ე.წ. სუფთა ფართის გამოყვანა დატერასებით დაახლოებით 5000 ლარი ჯდება. (თუმცა, შესაძლებელია, რომ დატერასება ბევრს არც დასჭირდეს). მიწის ამობრუნება და დარგვა 5000 ძირისთვის (ანუ დაახლოებით ორ ჰექტარზე) 3000 ლარი. რომ შევაჯამოთ და დატერასება გამოვაკლოთ, ერთი ჰექტარი მიწის ყიდვა და ვენახის გაშენება გამოდის: 1500 ლარი მიწის, 3000 ლარი ნერგის, 1500 ლარი დარგვის. აქ არ შედის ნაკელისა და კირის ფასი.
ქართლსა და კახეთში ვენახის გაშენების ხარჯები საშუალოდ რომ დავითვალოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ერთი ნერგის ფასი დაახლოებით 1 ლარია (ყველაზე მინიმალური). ჰექტარზე საჭიროა მინიმუმ 3 500 ცალი ნერგი. მთელი წლის განმავლობაში ვენახისათვის საჭირო აგროტექნიკა თავისი მუშიანად და ტრაქტორიანად ჰექტარზე დაახლოებით 4000 ლარი ჯდება. ამას უნდა დაუმატოთ ბოძის და მავთულის საფასური. ბოძებს გააჩნია, ვინ რას აირჩევს (ბეტონის, ბამბუკის, პლასტმასის და სხვა…) და მათი ფასი დაახლოებით 1-დან 10 ლარამდე მერყეობს.
იშვიათი განსაკუთრებულია!
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვენახისათვის ვაზის კარგი ნერგების შოვნა ძალიან რთული საქმე იყო, რადგან ფული რომც გქონოდა, სასურველი ხარისხისა და ჯიშის ნერგები შეიძლება მაინც ვერ გეშოვა. დღეს უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სპეციალური სანერგეები მოაწყვეს და ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. ვაზის ერთი ცალი ნერგის ფასი (ყურძნის ჯიშის და მისი გამოყვანის სირთულის მიხედვით) ერთი ლარიდან 5-6 ლარამდეა. ხოლო თუკი გლეხებს (და არა აგრონომ-სპეციალისტებს) სასურველი ვაზის, ე.წ. მწარეზე დამყნობას დაუკვეთავთ, შეიძლება ბევრად უფრო იაფიც დაგიჯდეთ. მაგალითად, შარშან სოფელ ველისციხეში ადგილობრივი გლეხები რქაწითელის ვაზის ერთ ცალ ნერგს 30 თეთრადაც კი ყიდდნენ. ხუთი წლის წინ ქართლში (მცხეთის რაიონის ბარის სოფელში) ადგილობრივმა მეღვინემ 5000 ცალი ჩინური ნერგი – 6000 ლარად იყიდა. თუმცა იმავე რაოდენობისა და ხარისხის ნერგებს 7500 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვით.
ამ ფაქტის შესაბამისად შეგვიძლია, ნერგების ფასების მატების მასშტაბიც განვსაზღვროთ. თუმცა ფასების მატების კუთხით ქართლის ტენდენცია ყველა კუთხეზე როდი ვრცელდება. მაგალითად, გურიაში ჩხავერის ნერგი გასული წლების დარად კვლავ 2-3 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც ჩხავერის ნერგს აჭარაში 80 თეთრადაც კი იყიდით.
ზემოთ ხსენებულის გარდა, როდესაც ვენახის გაშენებას გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე მუშახელის დაქირავებისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯებიც. ხარჯების სიდიდე რასაკვირველია ვენახის მოცულობის შესაბამისია.
ჯერ ჯიბე მოისინჯეთ…
რაც შეეხება კონკრეტულად მარანს… ამ შემთხვევაში ზედგამოჭრილია ცნობილი ქართული ანდაზა ”საბანი სადამდისაც გაგწვდებაო”. ანუ მარნის ზომა და მისი ხარისხი მთლიანად თქვენი ჯიბის სიდიდეზეა დამოკიდებული. თუმცა საშუალოდ მარნისთვის საჭირო ხარჯებზე ქართველი მეღვინეებისაგან მეტად საინტერესო ინფორმაცია მაინც მივიღეთ.
საქართველოში ტონიანი ქვევრები დაახლოებით 400-დან 800 ლარამდე ღირს. საშუალოდ 10 ტონა ღვინის გადამუშავებისა და შენახვის შემძლე მარნის სამშენებლო სამუშაოები ყველაზე ცოტა 20 ათასი ლარი მაინც დაჯდება. უჟანგავი ფოლადის საშუალო ან დაბალი ხარისხის ავზები (ისიც 10 ტონიანი მარნისათვის რომ ვიანგარიშოთ) დაახლოებით 5-დან 7 ათას ლარამდე ღირს. თუკი ამ ტიპის უფრო მაღალი ხარისხის ჭურჭელი გსურთ, ახლავე გეტყვით, რომ შესაძლებელია 15 ათას ლარზე მეტიც კი დაგჭირდეთ. მარნისათვის საჭირო დანარჩენ დანადგარებს, რომლებიც 10 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, დაახლოებით 7000 ლარი ეყოფა.
ამ ყველაფრის მარტივად დათვლით გამოდის, რომ საქართველოში საშუალო მოცულობის მარნის მოსაწყობად დაახლოებით 50 ათასი ლარია საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ მარანზე, სადაც ხარისხიანი ღვინის დაყენების ყველა პრაქტიკული შესაძლებლობა იქნება. თუმცა ცნობილია ქართული მეგობრობა-ახლობლობა-ნათესაობის ამბებიც და ამის გამო ადვილი შესაძლებელია, რომ ვენახისა და მარნისათვის საჭირო სხვადასხვა მასალებში ფული მეგობრების დახმარებით დაზოგოთ.
ასე რომ, სანამ მეღვინეობას სერიოზულად მოჰკიდებთ ხელს, გაითვალისწინეთ ხუთი უმთავრესი რამ. 1. მოძებნეთ ერთი ან რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც ხარჯებსა და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც თქვენთან ერთად გაინაწილებენ (რასაკვირველია, შემდგომში უკვე ფინანსურ მოგებასაც); 2. იმხელა ვენახი გააშენეთ, რის მოვლასაც შეძლებთ და შეეცადეთ, რომ მარანი ვენახთან რაც შეიძლება ახლოს იყოს; 3. სხვა პოპულარული ქართული ვაზის ჯიშებთან ერთად შეეცადეთ, გააშენოთ ვაზის იშვიათი ჯიშებიც, რადგან შესაძლებელია სწორედ იშვიათი ყურძნისაგან დაყენებულმა იშვიათმა ღვინომ მოგიტანოთ განსაკუთრებული წარმატება; 4. იცოდეთ, რომ ნორმალური მარნის მოწყობას დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. 5. არ არის აუცილებელი, რომ მარანი დიდი და ფეშენებელური იყოს. მარნის უმთავრესი დანიშნულება ღვინის კარგად მოვლა და კარგად შენახვაა.
ყველა გამოცდილი მეღვინე ამბობს, რომ მათ საქმეში მთავარი პირველი ნაბიჯების გაბედულად გადადგმაა. ჩვენ კი, ყველას ამ ნაბიჯების ღირსეულად გადადგმას, წარმატებულ მევენახეობასა და წარმატებულ მეღვინეობას გისურვებთ!

მოკალი ჯემალა

0
ეს ნინოა (წარმოიდგინეთ).
ნინო ჩემი ოჯახის ახლობელია.
მე და ნინო თითქმის ტოლები ვართ.

ნინო კარგი გოგოა, ლამაზი, კეთილი, ზომიერად ჭკვიანი. როგორც ბევრმა სხვამ, მანაც დაამთავრა უნივერსიტეტი და გათხოვდა.

ნინო სანიმუშო დიასახლისი და ორი შვილის დედაა, მესამის გაჩენის პერპექტივით.

ერთხელ დეიდაჩემმა მითხრა: „ნახე, როგორ ალაგებს სახლს ნინო! სისუფთავისგან სულ პრიალებს იქაურობა! შეხედე და რამე მაინც ისწავლე!”

მე იმ დროს უკვე საკმაოდ მქონდა ნასწავლი, ოღონდ სხვა მიმართულებით. ორიოდე მნიშვნელოვანი ჯილდოც გამაჩნდა, თუ მაინცდამაინც თავის მოწონებაზე მიდგებოდა საქმე, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მაინც სხვისკენ მიმითითეს, სხვისი გაკრიალებული სახლისკენ, სხვისი კარგი საქციელისკენ. გაღიზიანებულმა, საკუთარ თავსაც გავუხსენე „ცოდვები” _ მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სამაგალითო სხვებისთვის, „სალომესავით ისწავლეთ”, „სალომესავით მოიქეცით”, „ნახეთ, სალომე რამდენს კითხულობს” და ა.შ. _ ხშირად ეუბნებოდნენ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს, მაგრამ საბედნიეროდ, არავის მოუნდომებია ჩემსავით ყოფნა, ჩემსავით ცხოვრება, არა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ყველას ეყო გამბედაობა, საკუთარი თავისთვის არ ეღალატა. საბედნიეროდ, მეც მათ შორის ვარ.

ბოლო პერიოდში ქართული ფეისბუქი ახალმა კამპანიამ დაიპყრო: „მიბაძე ჯემალას!” _ მოგვიწოდებს გვერდი, რომელიც სხვა, ინგლისურენოვანი გვერდის: “Be like Bill” მსგავსია და გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ საზოგადოებაში, მეგობრებთან, ნაცნობებთან და უცნობებთან, განსაკუთრებით კი, სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, ჯემალამ საკუთარ თავზე აიღო განსაკუთრებით აქტიური ფეისბუქელების დამუნათება და დაშოშმინება, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მოხერხებულმა მომხმარებლებმა ვითარება თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს და თავად გახდნენ სამაგალითონი. შესაბამისად, ვირტუალურ კედლებზე მომრავლდა ფრაზები: „მარიამი არ იღებს დღეში ას ფოტოს. მარიამი ჭკვიანია. მიბაძე მარიამს”, „გიორგი მეგობრებთან ერთად ყველგან არ ჩექინდება. გიორგი ჭკვიანია. მიბაძე გიორგის” და ა.შ. როგორც ყოველთვის, ჩვენ ამჯერადაც მოვახერხეთ, სხვის თვალში ბეწვი დაგვენახა, საკუთარში კი დირეც ვერა და აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში, სადაც ინდივიდუალიზმის დეფიციტი ზოგჯერ განსაკუთრებით მწვავედ გვახსენებს თავს, მიმბაძველობა ჯერ კიდევ არ ითვლება იმდენად ცუდ ტონად, რომ ერთმანეთს ხმამაღალი შეძახილებით არ ვუბიძგებდეთ ახალი კერპების შექმნისკენ.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ ვივიწყებთ ერთმანეთის თავისუფლებას და მხოლოდ საკუთარი გვახსოვს, ადამიანის უფლებებზე ლაპარაკისას, ყველაფერი ჩვენი უფლებებით იწყება და ვივიწყებთ სხვებს, რომელთაც ვერავინ და ვერაფერი აუკრძალავთ, სოციალური ქსელი საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენონ და არა ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრებაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ვნება, დავმოძღვროთ სხვები და მათ ზემოდან გადმოვხედოთ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს და ხშირად გვახსენებს თავს.

რამდენიმე დღის წინ, გვერდზე “Be like Bill” საინტერესო ბარათს წავაწყდი _ უმა თურმანის ფოტოს, ფილმიდან „მოკალი ბილი”, წარწერით: „ეს უმაა. მან ბილი მოკლა. მიბაძე უმას. მოკალი ბილი!” ამ შემთხვევაში, ბილი, ისევე, როგორც ჯემალა, მისაბაძი მაგალითების, საზოგადოებისთვის მოსაწონი, იდელურთან მიახლოებული ადამიანების კრებითი სახელია, უმა კი, შურისმაძიებელი პატარძალი ტარანტინოს ცნობილი ფილმიდან, შეგვიძლია, ჩვენ ვიყოთ, თითოეული ჩვენგანი და მივბაძოთ ერთმანეთს ერთადერთ რამეში _ მიმბაძველობის დამარცხებაში. ჩვენ არ გვჭირდება ჯემალა იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს, ვცხოვრობდეთ, ვაქტიურობდეთ, ვპოსტავდეთ, ვიწონებდეთ და ასე, დაუსრულებლად. ჩვენ შეგვიძლია, მოვკლათ ჯემალა ჩვენში, ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც თავისუფლებას მივაღწიოთ.

ჩემი სახლი ხშირადაა დაულაგებელი, სამაგიეროდ, მისი კარი ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის.

მე არ მყავს ორი შვილი, მაგრამ არ ვაქილიკებ მათ, ვისაც ჰყავს.

მე ფეისბუქზე ბევრს ვპოსტავ და საერთოდ არ მადარდებს, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა.

ჩემი საყვარელი მწერალი სალმან რუშდია _ როცა მის წიგნებს ვკითხულობდი, არ მიფიქრია, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ ინდოეთსა და პაკისტანში.

მე არ მაქვს კარგი ხასიათი, ჩემთან ურთიერთობა მარტივი არ არის. ბევრმა ადამიანმა ამჯობინა, მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ ყოფილიყო, მაგრამ ჩემს მეგობრებს, საბედნიეროდ, მათთვის არ მოუბაძავთ.

ამიტომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემი ცხოვრება ჩემმა დამოუკიდებლობამ შექმნა, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების დამოუკიდებლობამაც, რადგან მათ მე ამირჩიეს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდნენ ჩემ შესახებ სხვები.

ნუ მომბაძავთ მე, ნუ მიბაძავთ თქვენს მეგობრებს, თუნდაც საუკეთესოებს, მეზობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს. ნუ შეიზღუდავთ თავს იმის გამო, რომ ვიღაცას თქვენი პოსტი აღიზიანებს, თქვენი აქტიურობა ნერვებს უშლის, მუსიკა, რომელსაც უსმენთ, არ მოსწონს, თქვენი აზროვნება „ეგოიმება”. ნუ გააკეთებთ ნურაფერს საიმისოდ, რომ ფეისბუქ იუზერთა, ან რეალურ ნაცნობთა გარკვეული წრისთვის უფრო მისაღები გახდეთ, რადგან თვითმყოფადობა ერთადერთია, რაც ადგილის დამკვიდრებაში გვეხმარება.

ნუ მიბაძავთ ჯემალას. უფრო მეტიც, მოკალით იგი.

ექნოლოგიების როლი ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებაში

0
სტატიის მიზანია, გავუზიარო მასწავლებლებს ჩემი გამოცდილება იმის შესახებ, როგორ შეიძლება ისტ-ის დახმარებით, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის გამოყენებით საგნობრივი სტანდარტების მიღწევა, მოსწავლეებისთვის 21-ე საუკუნის უნარების განვითარება.

მასწავლებლები შეისწავლიან მულტიმედიასაშუალებების გამოყენებას თვითშეფასებისთვის, „შებრუნებული საკლასო ოთახის” მეთოდის ეფექტურ გამოყენებას ქართულის როგორც მეორე ენის სწავლებისთვის. ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლებს შეუძლიათ, პრაქტიკაში დანერგონ ეს სტრატეგია.

ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა მოსწავლეებთან, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ სახელმწიფო ენაზე. ცხოვრობენ საქართველოში და არ იციან ქართული.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაფერისი ენობრივი გარემო, მშობლები ენის არცოდნის გამო ვერ ეხმარებიან, ამიტომ ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილზე გამოვიყენე ტექნოლოგიები და „შებრუნებული საკლასო ოთახის” მეთოდით დავგეგმე გაკვეთილი.

ახალი ენის სწავლება რთული პროცესია. შეცდომების გამო ბავშვები ერთმანეთს დასცინიან. მასწავლებელმა უნდა შექმნას გარემო, რომელიც მოსწავლეს გაამხნევებს, ასწავლის, რომ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. მოსწავლეებს ენის ცოდნის დონე რომ ავუმაღლოთ, უნდა შევთავაზოთ მათ გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებული ინსტრუქცია. მასალა იოლად დასაძლევი და მათთვის საინტერესო გავხადოთ. მათთან საუბრისას დროდადრო პაუზა გავაკეთოთ, რათა მიღებული ინფორმაციის გააზრება მოასწრონ. ურთიერთობისას მნიშვნელოვანია სხეულის ენა და სახის გამომეტყველება.

მოსწავლეებს უჭირთ საშინაო დავალების შესრულება. ყველა მოსწავლეს სხვადასხვა დრო სჭირდება რამის შესასწავლად, ამიტომ გამოვიყენე მეთოდი „შებრუნებული საკლასო ოთახი”. მოსწავლეები შინ უყურებენ ჩემ მიერ მომზადებულ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც დავალებად მივეცი. ყველა მათგანს შესწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. შეუძლიათ, ჩემ მიერ მიწოდებული ჩანაწერი გადაახვიონ, დააპაუზონ, გაიმეორონ. შეუძლიათ, მათთვის ადვილი საკითხები გამოტოვონ.

შ.ს.ო-ის გამოყენებით მოსწავლე თავად იღებს ცოდნას, აკვირდება, რა იცის, რა აქვს შესასწავლი. გამოუმუშავდება დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევა. ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი მასალის შესწავლა ხალისით ხდება. მოსწავლეები შინ ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელსაც, ჩვეულებრივ, კლასში ასრულებენ ხოლმე, ხოლო შინ შესასრულებელმა დავალებებმა საკლასო ოთახში გადმოინაცვლა. შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში ისინი შინ ეცნობიან ახალ მასალას, ხოლო კლასში ვარჯიშობენ. მასწავლებელი მრავალფეროვანი მეთოდებით განამტკიცებინებს ცოდნას.

ვიყენებ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა სურათები და ვიდეოები, როლური თამაშები და ხელით შესახები თვალსაჩინოებები.
1. ტექნოლოგიები გამოვიყენე შეფასებისთვის
◦ მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი. გააკეთეს აუდიოჩანაწერები, შემდეგ მოისმინეს საკუთარი ხმები. დეტალურად განიხილეს ბგერების სისწორე, ფრაზები, ინტონაცია.

◦ შედეგის გასაუმჯობესებლად ვარჯიშობდნენ კითხვაში და ხელახლა აკეთებდნენ აუდიოჩანაწერს. ასწორებდნენ შეცდომებს. ზოგს ორჯერ წაკითხვა დასჭირდა , ზოგს – 4-ჯერ, 5-ჯერ.

◦ მოსწავლეები წინასწარ იცნობდნენ შეფასების კრიტერიუმებს. იხილეთ აუდიოჩანაწერები, თუ როგორ გააუმჯობესეს კითხვა
მესამე კლასის მოსწავლე ნარმინი:

შეფასების კრიტერიუმები:
Nსახელი, გვარისწორად წარმოთქვამს ბგერებსსწორად იცავს ინტონაციასსწორად იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს
1ზურფიგარი
2თუნჯაი
3ნარმინი
შედეგად: მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი თავის შეფასება, რაც მათ შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
2. შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი ლაპარაკის განვითარებისთვის

„შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს:
◦ დამოუკიდებლად სწავლის;
◦ ურთიერთანამშრომლობის;
◦ დროის მართვის უნარ-ჩვევებს”.
ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე ლაპარაკის განვითარებისთვის ქართულის როგორც მეორე ენის სწავლებაში.

ტექსტის გაცნობისა და მოსმენის მიზნით მოსწავლეებს გადავეცი power point-ში ჩემ მიერ მომზადებული მასალა. მოსწავლეებს მოტივაცია აღუძრა ამ ფორმით მიწოდებულმა დავალებამ. მათ შეეძლოთ, გადაეხვიათ ის, დაეპაუზებინათ ან განმეორებით მოესმინათ.

მოსწავლეები მასალას შინ გაეცნენ – თვალს ადევნებდნენ ტექსტს და ისმენდნენ ხმას.

საკლასო ოთახში ვავარჯიშე ლაპარაკში. ერთად წავიკითხეთ ტექსტი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი მეწყვილესთან ერთად.
შედეგად:

მოსწავლეებმა შეძლეს ბგერების, ნაცნობი სიტყვების სწორად წარმოთქმა, იცავდნენ ინტონაციას, შეძლეს მასწავლებლის მიერ წარმოთქმული სიტყვების, მოკლე ფრაზების გამეორება.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარა მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორებიცაა 21-ე საუკუნის უნარები – კომუნიკაცია, თანამშრომლობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენა, მედიაწიგნიერება. ბავშვები იყვნენ მოტივირებულნი, ყველა აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში.
3. ელექტრონული წიგნები
1.იმუშავეს ჯგუფურად, გაინაწილეს სამუშაო;
2.აარჩიეს ზღაპრები, წაიკითხეს;
3.ბუკის საშუალებით გააკეთეს ტექსტის აუდიოჩანაწერები;
4.დაყვეს ტექსტი აბზაცებად, დახატეს აბზაცების მიხედვით ილუსტრაციები, გადაუღეს სურათები, დაასურათეს წიგნი;
5.დაბეჭდეს ტექსტი, უკეთებდნენ რედაქტირებას.
შედეგად მოსწავლეებს გაუადვილდათ ისეთი სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარება, როგორებიცაა: კომუნიკაცია, 21-ე საუკუნის უნარები, აუდიტორიის წინაშე წარდგენა, საკუთარი სწავლის მართვა, მედიაწიგნიერება, თანამშრომლობა.
1. მე-3 კლასი – „დათო და დათვი”
https://drive.google.com/drive/my-drive
2. მე-5 კლასი – „წითელი ფანქარი”
https://drive.google.com/drive/my-drive
შებრუნებული საკლასო ოთახის გამოყენებას ვურჩევ არა მარტო ქართულის როგორც მეორე ენის, არამედ ყველა უცხო ენის მასწავლებლებს. მეთოდი ეფექტურია და პირდაპირ არის მორგებული უცხო ენების შესწავლას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა
2. მასწავლებლის წიგნი, მე–2 და მე–3 დონე
3. მოსწავლის სახელმძღვანელო
4. „ინტელის” ელექტრონული სახელმძღვანელო – https://tpdc.ge/essentialsZephyr/
სოფიკო მეხაშიშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელი

ზეფირი და ბავშვის მოთმინების საიდუმლო

0
ამერიკელი ჟურნალისტი პამელა დრუკერმანი ქმარ საიმონთან, ქალიშვილ ბინსა და ტყუპ ვაჟიშვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს. ის აღფრთოვანებულია ფრანგი ბავშვების საოცარი თმენის უნარით. ფრანგი მშობლები ბედნიერ და თავაზიან ბავშვებს ისე ზრდიან, რომ მათი სოციალური ცხოვრება, კარიერა და ფიგურაც კი არ ზარალდება. თავის წიგნში „ბავშვის აღზრდა”, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-სა და ევროპაში, პამელა დრუკერმანი სახალისოდ აღწერს ფრანგული აღზრდის სისტემას. გთავაზობთ ამონარიდს:

 

„ზოგჯერ მეჩვენება, რომ ფრანგი ბავშვები და მშობლები თმენის გარდა არაფერს აკეთებენ. დღე „პაუზის მეთოდით” იწყება – ან მშობლები ელიან ბავშვების გაღვიძებას, ან ბავშვები – მშობლებისას. ამას მოსდევს კვება ჭამიდან ჭამამდე საკმაოდ მოზრდილი შუალედებით. ორი წლის ბავშვებიც კი მოთმინებით და უპრეტენზიოდ უცდიან რესტორანში, როდის მიუტანს ოფიციანტი მათ წილ საჭმელს…

მგონი, ფრანგებს სასწაულის მოხდენა შეუძლიათ: მათი ჩვილები და პატარები მხოლოდ მოთმინებით კი არ გამოირჩევიან, არამედ არაფერი აქვთ თმენის საწინააღმდეგო! იქნებ სწორედ ეს განასხვავებს ფრანგ ბავშვებს სხვებისგან?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას უოლტერ მიშელს, კოლუმბიის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის 80 წლის პროფესორს, მსოფლიო დონის ექსპერტს მივწერე წერილი. ის ბავშვთა თმენას მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა. მისი ნაშრომების შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მივწერე, რომ ამჟამად პარიზში ვიმყოფები და ფრანგული აღზრდის მეთოდებს ვიკვლევ და ვკითხე, ხომ არ შეეძლო, ტელეფონით გამსაუბრებოდა. მიშელმა რამდენიმე საათში მიპასუხა. ჩემდა გასაკვირად, ისიც პარიზში იყო და ყავაზე დამპატიჟა. ორი დღის შემდეგ ერთად ვისხედით პანთეონის სიახლოვეს, ლათინურ უბანში, მისი მეგობრის სამზარეულოში და ვსაუბრობდით.

მიშელს 70 წელსაც ვერ მისცემ, მშვენივრად გამოიყურება. თავგადაპარსული და ენერგიული, ყოფილ მოკრივეს ჰგავს, ამავე დროს, ბავშვურად საყვარელი სახის ნაკვთები აქვს. მე მას იოლად წარმოვიდგენდი რვა წლის ავსტრიელ ბიჭუნად, რომლის ოჯახიც ნაცისტებს გამოექცა.

მიშელის ოჯახი ბრუკლინში დასახლდა. ცხრა წლის უოლტერი მოსამზადებელ კლასში გაამწესეს, სადაც ის ინგლისურს სწავლობდა და „მუხლის ჩოქვით დადიოდა სკოლის დერეფანში, რათა ხუთი წლის ბავშვებისოდენა გამოჩენილიყო”. მიშელის ინტელეგენტ მშობლებს იაფი სუპერმარკეტის გახსნა მოუწიათ, თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი. ვენაში დედამისს მსუბუქი დეპრესია ტანჯავდა, მაგრამ ამერიკაში გამოკეთდა და ვიტრინების წარმატებულ გამფორმებლად იქცა. მამამისმა კი ვერა და ვერ მოინელა სოციალური სტატუსის დაკარგვა…

აუთსაიდერის ბავშვური გამოცდილება დაეხმარა მიშელს იმ კითხვების ფორმულირებაში, რომლებზეც ის მთელი სიცოცხლე ეძებდა პასუხს. ოცდაათი წლისამ მან ფურორი მოახდინა პიროვნების ფსიქოლოგიაში. ლობირებდა თეორიას იმის შესახებ, რომ ხასიათის თვისებები ცვალებადია და კონტექსტზეა დამოკიდებული.

მიშელმა ამერიკელ ქალზე იქორწინა. მისი სამივე ქალიშვილი კალიფორნიაში გაიზარდა. მიშელი ყოველწლიურად სტუმრობს პარიზს, რადგან ევროპის დედაქალაქად მიაჩნია.

მიშელმა „ზეფირის ტესტით” გაითქვა სახელი. მაშინ, სამოციან წლებში, სტენფორდში ასწავლიდა. ექსპერიმენტის დროს 3-4 წლის ბავშვი ოთახში შეჰყავდა და გემრიელ ზეფირს ახვედრებდა, მერე უხსნიდა, რომ ახლა ოთახიდან გავიდოდა და თუ მის მოსვლამდე ზეფირს არ შეჭამდა, ჯილდოდ მეორეს მიიღებდა.

ექსპერიმენტი რთული გამოდგა. 653 ბავშვიდან თხუთმეტი წუთი ბავშვების მხოლოდ მესამედმა მოითმინა, დანარჩენებმა მისი ოთახიდან გასვლისთანავე შეჭამეს ზეფირი. ბავშვების უმეტესობამ 30 წამზე მეტხანს მოთმენა ვერ შეძლო.

80-იანი წლების დასაწყისში მიშელმა პირველი ექსპერიმენტის მონაწილეები მოძებნა და „მომთმენი” და „მოუთმენელი” ბავშვები ერთმანეთს შეადარა. მკვლევარმა დაადგინა, რომ ის ბავშვები, რომლებმაც ზეფირი არ შეჭამეს, ზრდასრულ ასაკში უფრო მიზანდასახულები და გონიერები იყვნენ. 1988 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მიშელი და მისი კოლეგები წერდნენ: „სტრესულ სიტუაციებში ეს ბავშვები არ კარგავენ თავდაჯერებას…”

აქედან გამომდინარე, დავფიქრდი – ბავშვები უფრო იოლად რომ იტანდნენ სტრესს და მშვიდები იყვნენ, ხომ არ უნდა ვაიძულოთ, ისწავლონ ლოდინი და თმენა? ხომ არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც საშუალო ფენის ფრანგი მშობლები ექცევიან შვილებს? – ფრანგებმა ხომ მიშელის რეკომენდაციები თავიანთი ტრადიციებისა და ინსტინქტების წყალობით „ამოიცნეს”?..

ჩემი შვილი, ბინი, დაუყოვნებლივ იღებს იმას, რასაც ითხოვს. ისტერიკაში ჩავასავარდნად წამიც ჰყოფნის. ამერიკაში ჩასულს, მეჩვენება, რომ საბრალოდ ატირებული პატარები, მშობლებს ეტლიდან ამოყვანას რომ სთხოვენ ან იატაკზე ეცემიან ხელ-ფეხის ქნევით, ადგილობრივი ლანდშაფტის ნაწილივითაა.

პარიზში ასეთს ვერაფერს ნახავ. აქ ჩვილებიც და 2-3 წლის ბავშვებიც სიმშვიდით გამოირჩევიან და თუ იმავე წამს ვერ მიიღეს, რაც სურდათ, ითმენენ. ფრანგებთან სტუმრობისას უნებურად აქცევ ყურადღებას იმას, რომ ბავშვები თითქმის არ წუწუნებენ. ყველა თავისი საქმითაა დაკავებული, რაც ჩემს სახლში, ვაღიარებ, იშვიათობაა.

საფრანგეთში ზოგი რამ პატარა სასწაულად მიმაჩნია: მცირეწლოვანი ბავშვების გარემოცვაში უფროსები მშვიდად სვამენ ყავას და სრულფასოვნად, ნორმალურად საუბრობენ! სიტყვა „ლოდინი” მშობელთა ლექსიკონის ნაწილია. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს შეუყვირონ: „გეყოფა!” – მოკლედ უბრძანებენ: „დამელოდე”.

მიშელს ფრანგ ბავშვებთან „ზეფირის ტესტი” არ ჩაუტარებია, მაგრამ როგორც ადგილობრივი წეს-ჩვეულებების დამკვირვებელი, გაოგნებულია მათი თმენის უნარით. „იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამერიკელ ბავშვებს სულ უფრო უჭირთ თვითკონტროლი, – ამბობს ის და მაგალითად თავისივე შვილიშვილი მოჰყავს, – არ მომწონს, ჩემს ქალიშვილს რომ ვურეკავ, ის კი მპასუხობს, რომ ბავშვი მკლავზე ექაჩება და ლაპარაკს არ აცდის. მას არ შეუძლია, უთხრას შვილს: „დამელოდე, ახლა ბაბუას ვესაუბრები”.

მიშელი აღნიშნავს, რომ ფრანგ ბავშვებს ლოდინი ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ბედნიერ ადამიანებად დაიზრდებიან. ბავშვის მომავალი ათას რამეზეა დამოკიდებული: „რესტორანში ჭამის დროს ბავშვი თუ იფურთხება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თხუთმეტი წლის შემდეგ, მისგან კარგი ბიზნესმენი, მეცნიერი ან მასწავლებელი არ დადგება”.

მაგრამ დამეთანხმებით, რომ იმ ბავშვებთან ერთად, ვისაც ლოდინი და მოთმენა შეუძლია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უფრო სასიამოვნო და ადვილია. აქ მთავარი სიტყვა „სიამოვნებაა”. ფრანგებს არ სურთ შვილების გოშიებივით წვრთნა, უბრალოდ, კარგად ესმით, რომ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღება შეიძლება, როდესაც აკონტროლებ.
ხშირად გამიგონია, როგორ ურჩევენ ფრანგი მშობლები შვილებს, გამოიჩინონ გონიერება: „sois sage”.

როდესაც ბინთან ერთად სტუმრად მივდივარ, მასპინძლის კართან მისული, ვთხოვ, ჭკვიანად იყოს, მაგრამ იმ მომენტში ბინი ველურ ცხოველს მაგონებს, რომელსაც ერთი საათით მოშინაურებას სთხოვენ. ვუყურებ და ვხვდები, რომ ბინი ნებისმიერ წამს გაგიჟდება. „ჭკვიანად ყოფნა” მის ბუნებას ეწინააღმდეგება. მე მას ვაიძულებ, გონიერებას მოუხმოს. მთავარი მოთხოვნაა, ესმოდეს, რომ მის გარშემო სხვა ადამიანებიც არიან და მათ პატივი უნდა სცეს. თითქოს ვკარნახობ, რომ თავი აკონტროლოს, რომ მე მას ვენდობი.

ბავშვის კარგი ქცევა მოწყენას არ ნიშნავს. ჩემი ფრანგი ნაცნობების შვილები გადასარევად ერთობიან. უქმეებზე ბინი და მისი მეგობრები საათობით ნავარდობენ პარკში. პარიზში ბევრი ცივილიზებული გასართობიცაა: კინოფესტივალები პატარებისთვის, თეატრები, კულინარიის გაკვეთილები, სადაც ბავშვი ასევე ეჩვევა თმენასა და ყურადღებით ყოფნას. ფრანგ მშობლებს სურთ, მათი შვილები მრავალმხრივ ვითარდებოდნენ, აინტერესებდეთ ხელოვნება, მუსიკა… მაგრამ არ ესმით, როგორ უნდა ისიამოვნო ამ ყველაფრით, თუ მოთმინება არ იქონიე. ფრანგების აზრით, თვითკონტროლი აწმყოშივე მშვიდად ყოფნის უნარია, ნერვიულობის, გაღიზიანების, ზედმეტი მოთხოვნების გარეშე.

ცხადია, ფრანგმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვის მოთმინებასაც აქვს ზღვარი, ჩვილს კი არ შეუძლია სიმფონიებსა და ოფიციალურ ბანკეტებზე სულ ჩუმად ყოფნა. როდესაც საუბარი თმენას ეხება, იგულისხმება რამდენიმე წუთი. ზოგჯერ ეს რამდენიმე წუთიც კი მნიშვნელოვანია და რადიკალურად ცვლის მშობლის ცხოვრებას.

დავრწმუნდი, რომ ფრანგი ბავშვების საიდუმლო, რის გამოც ისინი არ მართავენ ისტერიკებს და იშვიათად წუწუნებენ, იმალება მათ მიერვე გამომუშავებულ შინაგან რესურსში, რომელიც მათ გულაცრუების დაძლევაში ეხმარება. ისინი არ ელიან, როდის მიართმევენ იმას, რაც მოისურვეს. როდესაც ფრანგი მშობლები ბავშვების სწავლებაზე საუბრობენ, უპირველეს ყოვლისა, თმენის სწავლებას გულისხმობენ.

შევძლებ კი ოდესმე, ბილს თმენა ვასწავლო? უოლტერ მიშელმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ასობით ვიდეო ნახა, სადაც ზეფირის გამო პირზე ნერწყვმომდგარი პატარები ლოდინით იტანჯებიან და ბოლოს დაადგინა, რომ სანამ მოუთმენელი ბავშვები მთლიანად ზეფირის შეჭმაზე არიან კონცეტრირებულები, მომთმენებს სხვა რაღაცებზე გადააქვთ ყურადღება.

„მომთმენი ბავშვები თავს თვითონ ირთობდნენ –ყურებში თითების ჩხიკინით, ფეხის თითების თვალიერებით… ზოგი ღიღინს იწყებდა”, – წერს თავის წიგნში მკვლევარი. ის, ვინც თავს ვერ ირთობდა და მხოლოდ ზეფირზე ფიქრით იყო დაკავებული, ვერ ითმენდა და ჭამდა. მიშელის დასკვნით, ნებისყოფას სტოიციზმი კი არ განაპირობებს, არამედ უნარი, მოლოდინი უფრო კომფორტული გახადო.

სხვა ექსპერიმენტებში მკვლევრები სთხოვდნენ ბავშვებს, ზეფირის ნაცვლად სხვა რამეზე, მაგალითად, იმაზე ეფიქრათ, როგორ აქანავებს დედა საქანელათი. ამის შემდეგ ბავშვები უფრო მეტხანს ახერხებდნენ მოთმენას, მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად იტყუებდნენ თავს, მაგრამ როგორც კი მკვლევარი ოთახში შედიოდა, ზეფირს ეცემოდნენ.

მიშელის თქმით, ყველა ბავშვს შეუძლია მოთმენა, თუ მშობელი ამის საშუალებას მისცემს. „აღზრდისას ხშირად ჯეროვნად არ აფასებენ ბავშვების კოგნიტიურ უნარებს. თუ შანსს მისცემენ, ეს უნარები ბავშვებს საოცრად განუვითარდებათ”. ფრანგი მშობლები სწორედ ასე იქცევიან – ყოველ ნაბიჯზე აძლევენ ბავშვს თმენის სწავლის შესაძლებლობას”.

საშინელი სტატისტიკა

0

შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი დავოსი გახლავთ. დავოსს სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორმა გარემოებამ გაუთქვა. თავდაპირველად, თომას მანმა და მისმა „ჯადოსნურმა მთამ” განაპირობა პატარა ქალაქის საყოველთაო პოპულარობა. მოგვიანებით კი, ამავე ქალაქში დაიდო ბინა მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა. უკვე ძალიან დიდი ხანია პლანეტის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები და კომერსანტები ყოველწლიურად იკრიბებიან სათხილამურო კურორტზე და სამყაროს ეკონომიკური განვითარების შესახებ მსჯელობენ. „ოქსფამი” (OXFAM) საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის დევიზია „ხალხის ძალაუფლება სიღარიბის წინააღმდეგ”. ორგანიზაციისათვის უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა ფორუმის მონაწილეთა სიღარიბის სტატისტიკით მომარაგება. მკვლევართა მიერ მოპოვებულ მონაცემებს გულგრილად ვერავინ განიხილავს. სტატისტიკა სოციალური უსამართლობის მუდმივი ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებს.

პირველად კვლევები სიღარიბის შესახებ რამდენიმე წლის წინ წავიკითხე. მაშინ ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი გლობალური ეკონომიკური პრობლემების კურსს გვიკითხავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ ჩემი პედაგოგის სტრატეგიას კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, თქვენს ყურადღებას კვლევის შედეგად გამოვლენილ რამდენიმე თავისებურებაზე გავამახვილებ.

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული უფრო და უფრო ღრმავდება. იცით თუ არა, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი 62 ადამიანი უფრო მეტ ქონებასა და კაპიტალს ფლობს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარი – 3,6 მილიარდი მოქალაქე. რამდენად ლოგიკური და ნორმალურია ის, რომ რჩეული 62 მოაზროვნის ნიჭი, უნარი, შრომისმოყვარეობა ერთად აღებული 3,6 მილიარდი ღარიბის შანსებს აჭარბებს? იცით თუ არა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე მდიდარ 1%-ს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე კაცობრიობის დანარჩენ 99%-ს. მაშასადამე, დაახლოებით სამოცდაათი მილიონი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გლობალური სივრცის შვიდი მილიარდი მაცხოვრებლის მატერიალური შესაძლებლობების ტოლფასია. აქვე კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. დავაკვირდეთ საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებულ პირველ თორმეტ მილიარდერს. თორმეტიდან ოთხი გვარად უოლტონია, ორი კი – კოხი. მსგავს თავისებურებებს ვაწყდებით სიის დანარჩენ ათეულთა ნაწილშიც. მაშასადამე, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თავად ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორისაც კი მინიმალურია მრავალფეროვნების მაჩვენებლები, ისინი საერთო ოჯახებსა და კლანებს წარმოადგენენ.

ჯერ არ დამიმთავრებია. კიდევ უნდა შეგახსენოთ რამდენიმე საშინელი სტატისტიკური ცნობა. რამდენიმე დღის წინ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა გაერო-ის ეგიდით მომუშავე სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა. ინსტიტუტის დოკუმენტების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 34% შიმშილობს. სამყაროს მაცხოვრებელთა მესამედზე მეტი ყოველდღიურად საკვების სახით იმაზე ნაკლებ კალორიას იღებს, ვიდრე მისი გადარჩენისთვის, არსებობისთვისაა აუცილებელი. ეს მონაცემი კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებლად მოგეჩვენებათ თუ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ანალიტიკური წერილიდან რამდენიმე ამონარიდს წაიკითხავთ. ვებგვერდზე წერია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით ყოველწლიურად დედამიწაზე არსებული საკვების თითქმის მესამედი ნაწილი, დაახლოებით 1,4 მილიარდი ტონა, ნაგავსაყრელში იყრება. მაგალითად, 2014 წელს აშშ–ში 161 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი გადაიყარა. საკვებად ვარგისი პროდუქტის დანაკარგი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-ს უტოლდება. მეცნიერები ამბობენ, რომ გადაყრილი საკვების ენერგეტიკული ღირებულება მსოფლიოში შიმშილის დასამარცხებლად საკმარისი იქნებოდა.

გლობალიზაციის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები და მათი აქტივისტები ვითარების შესაცვლელად სხვადასხვა გზას გვთავაზობენ. ისინი ოფშორული ზონების გაუქმებასა და ტრანსნაციონალური ორგანიზაციებისათვის გადასახადების გაზრდას, მინიმალური ხელფასის შემოღებასა და ქალთა ანაზღაურების მამაკაცთა ჯამაგირთან გათანაბრებას, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, საკვების ეფექტიანი და რაციონალური გამოყენების პროგრამების ამუშავებას ითხოვენ. შესანიშნავი მოთხოვნებია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კვლავ ჯიუტად ვამტკიცებ, რომ ძალიან ბევრი რამ სკოლის მერხზე წყდება. მთავარია, ჩვენმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ინტენსიურად იმსჯელონ იმის შესახებ, რომ სამყაროში რაღაც ძალიან ცუდი, ბოროტი და უსამართლო ხდება. მთავარია, მოსწავლეებმა ირწმუნონ, რომ არსებული ვითარება გარდაუვალი აუცილებლობა და შეუცვლელი ბედისწერა არ არის. გარდაქმნა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ხომ გახსოვთ, რას წერდა სარდაფში გამომწყვდეული ანა ფრანკი: „რა ბედნიერებაა, რომ არც ერთი წამით ლოდინი არ გვჭირდება, რათა ნელ-ნელა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა დავიწყოთ”.

დოკუმენტები, რომლებსაც მასწავლებელი უნდა იცნობდეს

0
თუ თქვენ მასწავლებელი ხართ, ასწავლით საჯარო ან კერძო სკოლაში, იცოდეთ, რომ გამოგადგებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების გაცნობა:
1. საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელიც პარლამენტმა 1995 წელს მიიღო. კონსტიტუციაში მოცემულია ძირითადი სამართლებრივი საკითხები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული წესები, პარლამენტის, აგრეთვე პრეზიდენტის არჩევის წესი და მათი უფლება-მოვალეობები, მთავრობის დაკომპლექტების წესი, სასამართლო ხელისუფლების შესახებ რეგულაციები, აგრეთვე სახელმწიფო ფინანსებთან და კონტროლთან, სახელმწიფოს თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები. კონსტიტუციაში მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ძირითადი რეგულირებებიც.
ყველა კანონი თუ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
გირჩევთ, 1921 წლის კონსტიტუციასაც გაეცნოთ, რადგან ამ აქტში ჩანს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო და რა უფლებები უნდა ჰქონოდათ მოქალაქეებს. 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისთანავე შეწყდა.
2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
1948 წელს გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაციაში გამოცხადებულია ძირითადი უფლებები: სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების გზით სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების და ა.შ. უფლებები. რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებაც გარანტირებულია დეკლარაციით. აკრძალულია მონობა, მონებით ვაჭრობა. დეკლარაციაში აგრეთვე მითითებულია სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის ძირითადი პრინციპები.
3. ბავშვის უფლებათა კონვენცია

კონვენცია მიღებულია 1989 წელს გაეროს მიერ. კონვენციის მიზნებისთვის, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ადამიანი. ბავშვის უფლებები მოიცავს ორივე მშობელთან ასოცირების უფლებას, ასევე ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, ფიზიკურ უსაფრთხოებას, საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ასაკისა და განვითარების შესაბამის სისხლის სამართლის კანონმდებლობას, თანასწორ მოპყრობას. დაუშვებელია ბავშვის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რაიმე ვითარების მიხედვით.
4. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი

ეს კანონი 2005 წელს მიიღო პარლამენტმა. კანონი აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს სკოლების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
5. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

დოკუმენტი დამტკიცებულია 2004 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით და მასში განსაზღვრულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

სკოლაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება; ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა; ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება; იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე; საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც; კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან; იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

ეს დოკუმენტი, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, სახელმძღვანელო დოკუმენტია სასწავლო პროცესში.
6. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2008 წელს და განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ვალდებულებებს. სტანდარტში მითითებული მოთხოვნები საერთოა ყველა მასწავლებლისათვის და მისი ძირითადი მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის განვითარება.
7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2008 წელს და ადგენს მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
8. მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2014 წელს და ადგენს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს.
კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა.
9. საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2015 წელს არეგულირებს მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს. დოკუმენტი ეხება მხოლოდ საჯარო სკოლის მასწავლებლებს.
10. საქართველოს შრომის კოდექსი

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსა და მის თანმდევ ურთიერთობებს, ანუ თქვენს შრომით ურთიერთობას სკოლასთან. კოდექსში მოცემულია შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რეგულაცია შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან მისი შეწყვეტის ჩათვლით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ შრომის კოდექსი არ არეგულირებს ყველა საკითხს, რაც სკოლასთან თქვენს შრომით ურთიერთობას შეიძლება ეხებოდეს. ამიტომ კოდექსთან ერთად მნიშვნელოვანია, იცოდეთ სკოლის შიდა აქტებითა და სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი უფლებები და მოვალეობები.
ზოგადი განათლების სფეროს ბევრი სხვა სამართლებრივი აქტი ეხება, თუმცა, ზემოაღნიშნული ძირითადი დოკუმენტების გაცნობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ცოდნას სასწავლო პროცესში ჩართული მხარეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ სამართლებრივი აქტები ხშირად იცვლება, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის გაცნობა კი აუცილებელია სწორი სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის. მოქმედი ნორმატიული აქტების საბოლოო ვერსიებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.matsne.gov.ge

მყვარი მყრალში

0
სოციალურ ქსელებში, ვიდეოპორტალებზე ვრცელდება ხოლმე ვიდეოები და ფოტოები იმ ლექსებისა, რომლებიც უაზრო და უგემოვნო პათეტიკითაა გაჟღენთილი. ათწლეულებია სკოლებში გრძელდება ისე სწავლება, რომ ეს შედეგი მივიღოთ. მე არ ვამბობ, რომ ცუდია, თუ დაწყებითი საფეხურების მოსწავლე თვითონ წერს პატრიოტულ ლირიკას ან სხვის მიერ დაწერილს სწავლობს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მე პირადად რამდენიმე რვეული დღემდე მაქვს შენახული, რომლებიც სავსეა ჩემი ლექსებით და იქიდან უმეტესობა სამშობლოს, საქართველოს ისტორიის პერიოდებს, ბრძოლებსა და ისტორიულ პიროვნებებს ეძღვნება.

ბავშვს არც სკოლაში და არც სახლში არ უნდა დავუშალოთ თავის მიერ შერჩეულ ღირებულებებთან, სუბიექტებთან კავშირი, რაც შეიძლება კონკრეტულ ეტაპზე იყოს სამშობლო, მიკი მაუსი ან მშობელი. ძალიან კარგია, თუ ის დაწერს, ან დახატავს ამ ყველაფერს, რადგან ამით სწავლობს საკუთარი განცდების, ემოციების, აზრების გადმოცემას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სხვა უნარების განვითარებას, მაგალითად სოციუმთან ურთიერთობის, თვითშეფასების, გაანალიზების, მიღებული ცოდნის გამოყენების და ა.შ.
რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში მკითხეს აზრი ერთ-ერთ საბავშვო ლექსზე, რომელიც არ იყო საუკეთესო და ოპტიმალური მათ შორის, რომელიც შეიძლებოდა დასაბეჭდად შეერჩიათ. ამის შემდეგ ამ საკითხზე დავფიქრდი. რამდენიმე თაობა სწავლობდა სკოლაში დუტუ მეგრელის ლექსს „მე პატარა ქართველი ვარ”, რომელიც თავისი მოცულობით, მარტივი რითმებით ადვილად აღქმადია, თუმცა სხვა საკითხია რა აზრი დევს პირველ სტროფში – „და განცხრომით სხვაგან ყოფნას / მირჩევნია აქ სიკვდილი”! დგანან მეორე-მესამე კლასელი ბავშვები და ომახიანად ამტკიცებენ, რომ სხვაგან სიკვდილს, აქ სიცოცხლე სჯობს. რაღაც ტრაგი-კომედია და ბუფონადა არაა ეს ყველაფერი?… რატომ საუბრობენ ისინი საერთოდ სიკვდილზე? 6-7 წლის ბავშვებს რაღაც ზედმეტ, მათთვის არარეალურ რამეს ხომ არ ვუდებთ გონებაში?..
ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრებულია ადამიანთა რეაქციები ასეთი საკითხების გადამსინჯველთა მიმართ. ამიტომ მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, აქ არ ვსაუბრობ ამ ტიპის ლირიკის უარყოფით მხარეზე. პირიქით, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ტიციან ტაბიძის სიტყვები: „დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა, / და საქართველოს მედგას უღელი” ან ვაჟას – „”ხარს ვგევარ ნაიალაღარს, / რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; / ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! / მძინარიც იმას ვდუდუნებ”. ყველა დიდი ავტორი, პოეტი წერდა თავის ქვეყანაზე, სამშობლოზე, წერდა კარგს, ხედავდა მის დროს შექმნილ პრობლემებს და მასვე ასახავდა და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. შეკითხვა ის არის, რატომ ვასწავლით ამ ყველაფერს დაწყებით კლასებში?.. ყველაფერი ეს მოჩვენებითი და გაუაზრებელი ქმედებებია, რომლის შედეგებს მსოფლიო ყველა საუკუნეში ნათლად ხედავს რასიზმის, ნაციზმის გამოვლინებებით, ეთნიკური დაპირისპირებებით.
მახსენდება სულხან-საბა ორბელიანის იგავი „იხვი და მყვარი”, სადაც ერთად ცხოვრობენ იხვი და გომბეშო. როცა მზე გუბის დაშრობას დაიწყებს, იხვი სხვა ადგილს მონახავს, მყვარი კი მას არ გაჰყვება. რაღაც დროის შემდეგ უკან მობრუნებულ იხვს მყვარი გუბის ტალახში ჩამხმარი დახვდება. ეს იგავი არაა იმის შესახებ, რომ ადამიანმა უნდა შეიცვალოს ქვეყანა, სამშობლო და ადგილი, თუ იქ მისთვის მისაღები რეალობა არაა. ეს იგავი, პირველ რიგში, მუდმივ მოძრაობაზეა, მუდმივ განვითარებაზე. უმაღლესი ფასეულობა არის ადამიანი და ის, სწორედაც რომ ღირსია სხვაგან განცხრომით იყოს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში დაიღუპოს.
ჩვენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, გვაქვს უამრავი ამაღელვებელი ამბავი, გვყავს უამრავი გმირი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ქვეყნისთვის. ეს ამბები ყოველთვის რაღაც დიდ ემოციებს იწვევს ჩვენში. ქვეყანა ადამიანების ერთობაა, წარსული ადამიანების, აწმყო და მომავალში მოსასვლელი ადამიანებისა. ამისთვის თავის გაწირვა ალბათ უმაღლესი შეგნებაა საკუთარი პიროვნებისა და იმ ფასეულობებისა, რისთვისაც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში მიგვიგნია. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ადამიანის გონება აქამდე თავისით უნდა მივიდეს. ანუ საჭირო დროს მან თვითონ უნდა მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება.
მამარდაშვილი ამბობდა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო და მაშინაც ლამის ანათემას გადაცეს ის ურაპატრიოტებმა. არადა, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს სამშობლოც, მაგრამ თუ არ არის, ის ხდება ადგილი, რომელიც მოკლებულია რაღაც მთავარს – სასიცოცხლოს და, რა თქმა უნდა, ადამიანი ირჩევს სიცოცხლეს.
მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს – ნუ გამოუტენით ბავშვებს თავს ათასი სისულელით. დღევანდელი რეალობა იმიტომ ჰგავს იმ გუბეს, რომელშიც მყვარი ჩახმა, რომ ასე იზრდებოდნენ თაობები; ბრმა პატრიოტიზმით, მხოლოდ დროშებითა და ყვირილით, ნაკლები დუმილითა და კეთებით. ჩვენ არასდროს გვიცდია რეალურად შეგვექმნა აქ გარემო, სადაც მზად ვიქნებოდით არა სიკვდილისთვის, არამედ სიცოცხლისთვის. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც სკოლიდან იღებს სათავეს, რომ ჩვენ არ ვართ მზად სიცოცხლისთვის! ჩვენ მზად ვართ ფსევდო-რომანტიკულ-ჰეროიკული საბურველით შელამაზებული სიკვდილისთვის და თან – ყველანი არა. უმეტესობა მზადაა გადარჩენისთვის, ყოფნისთვის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, რადგან არასდროს ჰქონიათ საკუთარი აზრი და ნება, რომ თვითონ აერჩიათ ერთ-ერთი.

სიყვარულის მეტაფორები: ცეცხლი

0

„რაც არ იწვის, არ ანათებს, –

უჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიაშუქე, სადაც ბნელა.”

აკაკი წერეთელი

„…მე ფრთები მინდა, რომ ისევ ავმაღლდე. მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები. შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთლისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ…”

გრიბოედოვის წერილიდან ნინოს მიმართ
სიყვარული – სულის ისეთი მდგომარეობაა, რომელიც განმარტებას არ ექვემდებარება. განმარტებით ლექსიკონებში ამ სიტყვის გასწვრივ ბევრს ვერაფერს ამოიკითხავთ. შეიძლება ითქვას, რომ განუმარტავი ტერმინია; ალბათ ამიტომ არსებობს „სიყვარულის ახსნა”: სიტყვების მეშვეობით გამოთქვას ის, რაც გამოუთქმელია. მაგრამ მხოლოდ ცნებითი განმარტება (ახსნა) ვერაფერს გეტყვით სიყვარულის შესახე; ლოგიკურად და მარცხენა ნახევარსფეროთი გამოხატული და აღქმული სიყვარული მაინც „განუმარტავი” რჩება. ერთი სიტყვით, უმწეოა ენის მეშვეობით აიხსნას ის, რასაც დამოუკიდებელი „ენა” აქვს და ეს ენა „მეტაფორების ენაა”.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში „სიყვარული” გვაგაზავნის „სიყუარულისკენ” და ეს უკანასკნელი „ყავ სიყუარულისკენ”, რომლის გასწვრივაც ვკითხულობთ: „სიყვარული ქენ, გინა ჩვენთან(ა) ჭამე…”
სიყვარული – უფალთან სადღესასწაულო სადილია… ალბათ გაგახსენდებათ ქრისტეს იგავი: უფალი რომ საქორწილო ნადიმზე ეპატიჟება ადამიანებს, მაგრამ მოუცლელობის და საქვეყნო საქმეების გამო ისინი ვერ მიდიან…

დაე, ეს წერილი იყოს „მიპატიჟება უფლის ნადიმზე”. ჰო და, „ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს…”

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც „სიყვარულზე” ძირითადად ნიმუშების მოტანით ამოიწურება და სულ ეს არის. უფრო მეტს გვეუბნება ალბათ ფრაზეოლოგიზმები, რომელთაგან უმეტესი ცეცხლით გამოიხატება.

სიყვარულის ცეცხლთან დაკავშირება – უნივერსალური მეტაფორული კავშირია ყველა კულტურისა და ყველა ენისთვის. ქართულში შეყვარებული ადამიანის სინონიმად (განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით) გამოიყენება „სიყვარულმოდებული”, რომელიც „ცეცხლმოდებულის” ანალოგიური წარმოებაა. სიყვარულს გამოხატავს ფრაზეოლოგიზმები: ცეცხლის მოკიდება, მოდება, ცეცხლში დაწვა, ცეცხლში დაფერფლვა, გულში ცეცხლის ანთება, თვალებში ცეცხლი, ტრფობის (სიყვარულის) ალი, სულის ცეცხლი, წმინდა ცეცხლი და სხვა;
სიყვარული – ცეცხლთან საბედისწერო თამაშია.

რატომ „ცეცხლი”?

შეყვარებულები „ცეცხლთაყვანისმცემლები” არიან. ჯალალ-ედ-დინ რუმის დავიმოწმებ:

„შენ, გულო, ცეცხლის თაყვანის მცემო,
ცეცხლი რომ გექცა სახლად და კარად…”

მეტაფორიზება სულაც არ არის ორი ცნების შემთხვევითი კავშირი. მეტაფორების ენა ხომ ცოცხალი ენაა – განცდათა, შეგრძნებათა ენა. ეს არ არის უბრალო სახელდების პროცესი, სახელის დარქმევა. ცეცხლსა და სიყვარულის სულიერ მდგომარეობას შორის რეზონანსული კავშირია (ფიზიოლოგიურადაც გამოხატული), ამ რეზონანსის გამოა, რომ შეყვარებული ადამიანი მართლაც განიცდის „ცეცხლის წაკიდებას”, მართალია, ეს შინაგანი, სულის ცეცხლია, მაგრამ ფიზიკურად ისე განიცდება, თითქოს ადამიანი მართლაც ცეცხლმოდებული იყოს. ამიტომ შეყვარებულები უფრო მძაფრად განიცდიან „ცივი წყალის” გადასხმას (როცა რაიმე არასასურველი ხდება); „ცივი წყალიც” მეტაფორაა, მაგრამ ზუსტად აღწერს შეყვარებულის იმედგაცრუებულ მდგომარეობას…

გოდერძი ჩოხელი პატარა მოთხრობაში, „სიყვარულის ცეცხლი”, წერს: „შეყვარებულ ადამიანებს, რაკი ერთხელ სიყვარულის ცეცხლი წაეკიდებათ, მერე იმათთვის სულ გაზაფხულია, სულ გაზაფხულის სასიამოვნო ჟრუანტელი ჩქეფს იმათ ძარღვებში”.

ადამიანის ცეცხლთან კავშირი უძველესი და არქეტიპულია, ჩვენი ფსიკის უღრმეს შრეებშია „ჩაწერილი”, მათ შორის, ყველა მითი, რომელიც ცეცხლს უკავშირდება. ბევრი ტრადიციის მიხედვით, ცეცხლს აქვს განმწმენდელი ძალა, ინდური მისტიკური ტექსტების მიხედვით, თუ ადამიანი შეძლებს შინაგან ცეცხლზე კონცენტრირდეს, ფიზიკურად ცეცხლში ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, ის არ დაიწვება.

სიყვარულის ცეცხლი – განმწმენდელი და გარდამქმნელი ძალის მქონეა. ამ მხრივ საინტერესოა მითები ფსიქეასა და ფენიქსზე.

ფსიქეასა და ამურს სწორედ „ცეცხლი” აკავშირებთ: ამური ხასიათდება, როგორც „ყოველი ცეცხლის ბატონი”, გამოსახულებებში იგი ხშირად ხელში ჩირაღდნითაა. მითის მიხედვით, ფსიქეა ამურს სანათიდან დაღვენთილი ზეთით დაწავავს. ფსიქეა „ფარვანაა”, რომელიც ცეცხლს არასდროს არ ერიდება. „ცეცხლში ჩამწვარს” სატრფო-ამური მკვდრეთით აღადგენს და ამაში ვლინდება ცეცხლის განმწმენდელი ძალა. ის, ვინც ტრფობას არ გაურბის და მის ცეცხლს ეწირება, მარადიულ სისცოცხლეს მოიპოვებს.

ამ მითის ინტერპრეტაციაა ქართულ პოეზიაში ლექსში: „ფარვანა და სანთელი”.

„ნეტა ვიცოდე, ეს სანთელი რისთვისა დნება?
ანუ ფარვანა რას დასტრიალებს, რისთვისა კვდება?
დახე, საწყალსა, მის ალისგან ფრთები ეწვება,
მაგრამ მაინცა არა ფრთხილობს და არ ეშვება”. (1957, „ცისკარი”, თ. ბ. ჩ.)

ფენიქსი თითქოს ფსიქეას ახალი სიცოცხლეა. იგი, მითის მიხედვით, თავს იწვავს და ფერფლიდან აღდგება. ფენიქსი მზის ფრინველია, მარადიული აღორძინების სიმბოლო.

სიყვარულის ცეცხლში „დაწვაც” ტრანსფორმაციაა, აღდგენა, ხელახალი დაბადება.

„აღსანიშნავია აგრეთვე ჰერაკლეს უჩვეულო აღსასრული. მას თავისი მეუღლე დეიანეირა იჭვიანობის ნიადაგზე უგზავნის კენტავრ ნესოსის სისხლით (სიყვარულის წამლით) გაჟღენთილ სამოსს, რომელიც მას სიყვარულის ცეცხლით სწვავს, რაც მისთვის სასიკვდილო სამსალად იქცევა. ჰერაკლე იწვის ამ ცეცხლში, ამ დროს ცაში მეხი იქუხებს, ღრუბელი ეშვება, ათენე და ჰერმესი ცად აღამაღლებენ ჰერაკლეს ოქროს ეტლით, რაც განასახიერებს სიბრძნის, ინტელექტისა და სიყვარულის ჰარმონიას და აღზევებას ინიციაციის გზაზე. ასე რომ, მითების საერთო საზრისი დაკავშირებულია ადამიანის შინაგანი განვითარების ხატოვან ასახვასთან.” (ზვიად გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის” სახიმეტყველება).

როდესაც „სიყვარულის ცეცხლზე” ვსაუბრობთ ქართულ კულტურაში, „ვეფხისტყაოსანი” „ცეცხლის (სიყვარულის) პოემად” შეგვიძლია განვიხილოთ: ამ პოემის „გაგება” ნიშნავს, შეხვიდე ღვთაებრივ ცეცხლში და იქიდან გამოსულმა იგრძნო, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანი ხარ, სხვა სივრცისა და განზომილების მოქალაქე.
„მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია” – წერს ავთანდილი.

ტარიელი კი მოთქვამს: „ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”
სატრფოები „ცეცხლში იწვიან”, როდესაც ერთმანეთს იგონებენ, ერთმანეთს ხვდებიან:
„ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.”

ავთანდილი ველად გაჭრილ ტარიელს ეუბნება, რომ ყველა მიჯნური ცეცხლით (სახმილით) იწვის და მოუწოდებს ქმედებისკენ: „ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან? ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?”

ნიკოლოზ ბარათაშვილის „ცეცხლით” დავასრულოთ ეს სტატია:

„შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!”

ენა, მამული და სხვა სირთულეები

0

– რა კარგად იცით ქართველებმა თქვენი ისტორია! _ მითხრა ერთხელ ჩემმა გერმანელმა მეგობარმა აღტაცებით _ იმდენ საინტერესო ამბავს ჰყვები, ჩანს, კარგად გასწავლიდნენ.

მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი და ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ ჩემს უცხოელ მეგობრებს ყურებს ვუჭედავდი საქართველოს დიდებულ წარსულზე ლაპარაკით. რატომ? ალბათ მეშინოდა, დიდი ქვეყნების შვილებს შორის არ დავჩაგრულიყავი, ან შეიძლება, იმიტომაც, რომ ასე გავიზარდე, ასე მასწავლეს, ასე უნდა მელაპარაკა, ასე უნდა მეთქვა, ასე უნდა უნდა მეაზროვნა, უნდა მეთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვიყავით, ყოველთვის ერთგულები და მამაცები, უბრალოდ, უმეტესწილად, არ გვიმართლებდა.

ჩემი მეგობარი, რომელიც ზემოთ ვახსენე, ის ბიჭია, რომელიც საკუთარ შვებულებას დაჰაუს ბანაკში მოხალისედ მუშაობაში ატარებს და პერიოდულად ისრაელში მიემგზავრება, იქაც მოხალისედ. ამბობს, რომ ასე დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, მისი ხალხის ისტორიული დანაშაულის და სხვანაირად ცხოვრება ვერც წარმოუდგენია. ის არ არის გამონაკლისი, მისი მეგობრების უმრავლესობასაც იგივე პრინციპები გააჩნია.

მას შემდეგ, ცოტა რომ წამოვიზარდე და საკუთარი საქციელით დაწყვებული, ბევრი რამის გადაფასება მომიხდა, ჩემი თავისთვის ბევრჯერ მიკითხავს, სინამდვილეში როგორ გვასწავლიდნენ ისტორიას, როგორ იყო დაწერილი წიგნები, რომელთა დაზეპირებაც გვევალებოდა, სჯეროდათ თუ არა ჩვენს მასწავლებლებს იმ საკვირველი გამარჯვებების, რომლებზეც გვიამბობდნენ. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზეც, რომ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ იშუშებდა ომისგან მიყენებულ ჭრილობებს, ჩვენს სახელმძღვანელოებში კი აფხაზეთისა და ოსეთის ამბების შესახებ მხოლოდ ნახევარ-ნახევარი გვერდი ეწერა, გამუქებული თარიღებითა და ომის მთავარ შემოქმედთა გვარ-სახელებით. არავითარი ანალიზი, მხოლოდ მწირი ინფორმაცია წინმსწრები მოვლენების შესახებ, სუსტად მბჟუტავი ენთუზიაზმი მასწავლებლებში, ეთქვათ იმაზე მეტი, ვიდრე წიგნებიდან ვიგებდით, რამდენიმე რიცხვი და მშრალი სტატისტიკა თითოეული ჩვენგანის პირადი ტრაგედიასთან დაკავშირებით.

წლები გადის, თაობა იცვლება, პრინციპი კი, არ ვიფიქროთ, არ ჩავუღრმავდეთ, კითხვები არ დავსვათ, მუდამ იგივე რჩება. ჩვენ არ გვიყვარს საკუთარ ისტორიაში ქექვა და მის შესწავლას არ ვცდილობთ. ჩვენ ისევ მართლები ვართ და დაუმარცხებლები, ჩვენი ყოველი ფიასკოცა და წაფორხილებაც მხოლოდ უბედურ შემთხვევას მიეწერება და სხვას არაფერს. ჩვენ პანთეონებში ვმარხავთ ყველას, განურჩევლად ღვაწლისა, დამსახურებისა და დანაშაულისა, მერე მათ საფლავებზე დავდივართ, ზოგი ყვავილებით, ზოგი კი ბარ-ნიჩბით, ამოსათხრელად, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ, ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ მიწა ტოვებს სახელმწიფოს შემადგენლობას, ერთხელ ნაპოვნი განსასვენებელი კი სამუდამოა და ცოცხლად დარჩენილების მიერ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ახლა, როცა უკვე ხსენებული მეგობარი პერიოდულად ისევ მეუბნება, რომ ქართველებმა ჩვენი ენა და კულტურაც შესანიშნავად ვიცით, მიჭირს, გავუმხილო, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდები ლათინური შრიფტით დაწერილ პოსტებს ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვის, ქართველობის წართმევის შიშისა და დასავლეთიდან წამოსული საფრთხეების შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც კითხვებს სვამენ ისტორიის შესახებ, ჩვენთან ჯერაც არ უყვართ, რომ არაფერი გადაგვიფასებია, რომ საკუთარ წარსულში ღრმად ჩახედვის სურვილი არ გვაქვს.

ის წერილებს ისევ ისრაელიდან მწერს, მწერს, როგორ შეუყვარდა ებრაელი გოგო, რომელიც არქიტექტორია და არაჩვეულებრივ სილამაზესთან ერთად, შენების განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მე სიცილით ვპასუხობ, რომ ის მთელი თავისი ცხოვრება მიიწევდა ამ სიყვარულისკენ, დაჰაუსა და ებრაულ ორგანიზაციებში მოხალისეობით, ბევრი ფიქრითა და არცთუ შორეული წარსულის კრიტიკით. ის არ მეთანხმება და კილომეტრებს მიღმა ვხედავ, როგორ იღიმება და აქნევს თავს, როცა კლავიატურაზე აკაკუნებს და მეუბნება, რომ სიყვარული მხოლოდ სიყვარულია და ცხოვრების ისეთ სირთულეებთან, როგორიც ისტორია და პოლიტიკაა, საერთო არა აქვს.

აი, მე კი სიმბოლოების მჯერა და მგონია, რომ სინამდვილეში, სიყვარული გაცილებით ფართო და ღრმა რამაა, ვიდრე მოკვდავები წარმოვიდგენთ. მგონია ისიც, რომ ერთ დღეს მეყოფა გამბედაობა, ავდგე და ვუთხრა, რომ არ ვიცი, არაფერიც არ ვიცი, არ ვიცი საკუთარი ისტორია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...