ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სცენა მთაში და არა მხოლოდ იქ

0

ვაჟა-ფშაველას ერთი ძალიან ლამაზი, საინტერესო, სევდა ნარევი ღიმილიანი  პიესა აქვს სახელწოდებით „სცენა მთაში“ (პიესა ხევსურთა ცხოვრებიდან). მოქმედება სათიბში ხდება. მთელი პიესა მუშანის – მამასწვერასა და აბიკას დიალოგია. პიესას ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავ, მით უფრო ის, ვინც ხევსურული კილოს სიღრმეებს სწვდება. იმდენად ცოცხლად არის ასახული სათიბში წასული ორი ხევსურის დღის ერთი მონაკვეთი, რომ ნაწარმოების კითხვისას არათუ მათი გარუჯული, პიროფლიანი სახეები წარმომიდგება თვალწინ, არამედ მათი მოქნეული ცელების ხმაც კი ჩამესმის ყურში.

ნაწარმოებს სრულად ინტერნეტში ადვილად მოიძევს დაინტერესებული ადამიანი. აქ კი მხოლოდ მათი დიალოგის ერთ ფრაგმენტზე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. თიბვისას მოქმედ გმირებს შორიდან ზარბაზნის ხმა მოესმით.

…ა ბ ი კ ა. დახკარით, დახკარით დურდურათა, ა ბეჩავ, უსის შვილებო!

მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. ტიალო დურდურაო, რარიგს ბოლთ გამაჰყუდებს, ნისლ გეგონების, მიწან იძვრიან. ცხენ-სატიალენი საკვირვლა ჰყოლიათ გაწურთნილნი. დასჭეხნებს დურდურაი-დ არ იქმენ ჩუჩუნს. იმას გააბრუნებენ, დაუკვრვენ დარურურუასა, ახლა სხვას მაარბოლებენ, ერთიან ამლათად, როგორც ქარმ ფოთოლ გაიტაცას, აისრ გაიტაცებენ. იქნებიან ტყრეშნი, იმას სხვა მაჰყვების, ახლა კიდევაც სხვაი. ნისლთავით ბოლნ გამეეყუდებიანა-დ, დადგების გუგუნი, მიწათ მაჰზინებს სატიალეი. ეხლა მზადებაჩი არიან უსნი, ხემწიფის მალოდინ აქვისთ. თიანეთჩი არ ვიყავითა დაბარებულნი კოკროჭინაის სუდჩი გამახელაის ძაღლის თაობაზე, იქ უნბობდენ ხემწიფის მასვლასა, ღურბლით მავალისავ, რკინის ყუთჩი იჯდებისავ, თიანეთჩი ფშაველ-ხევსურთ დაიბარებსავ, გარს შამაირტყამსავ-დ ისრ გამაუცხადებსავ წყალობასავ.

ა ბ ი კ ა. რა რიგ, რა კაც იქნების, ნეტარ?

მ ა მ ა ს წ ვ ე რ ა. დიდკაც ასავ, ოთხის კაცის სიდიდოივ, ტანზედ ოქროს ტალავარ სცვავისავ, წელთ ნეფე-ერეკლის ხმალ რტყავისავ….

გაგვეღიმა არა? საინტერესოდ აღწერენ ზარბაზანსა თუ მეფე ნიკოლოზს. თვალით არც ერთი უნახავთ. უბრალოდ იციან, რომ ორივენი დიდნი არიან. ამიტომ როგორიც წარმოუდგენიათ, ისეთს ხატავენ წარმოსახვაში. მაგრამ ჯარის მეზარბაზნისა და მეფის კარის ყველაზე უბრალო მოსამსახურის აზრი იმავე საკითხზე სულ სხვაა. მათთვის ხელმწიფეა ოთხი ადამიანის ოდენა და არც ზარბაზანია ასეთი პირცეეცხლის მფრქვეველი… განა რა ეს უკანასკნელნი მამასწვერაზე და აბიკაზე განათლებულნი არიან? არამც და არამც. ცხოვრებისეული სიბრძნე ამ ორ ხევსურს შეიძლება უფრო მეტი ჰქონდეს, ვიდრე მათ… მაშ რაშია საქმე? მათ შორის  ერთი უმნიშვნელო სხვაობაა. ერთს თვალით აქვს ნანახი, მეორეს არა.. სულ ესაა მათ შორის განსხვავება და ჩვენთვის ღიმილის მომგვრის მიზეზი…

მაგრამ ასეთი სცენა არც მხოლოდ მთაშია და არც მხოლოდ ნიკოლოზის დროს იყო. დღესაც მრავალს ვიპოვით, თუ კარგად დავაკვირდებით. მაგალითები? რამდენიც გინდათ…

აი,  თუნდაც გენმოდიფიცირებული პროდუქტები. რამდენ ჩვენგანს გვგვრის შიშს ისინი? არაერთ ინფორმაციას ვპოულობთ ინტერნეტ თუ ბეჭდვით მედიაში, თუ რა საშინელების მომტანია იგი.  მაგრამ რა არის ასეთი შიშის საფუძველი? რეალურად არაფერი. უბრალოდ არ გვინახავს თვალით და მონსტრად წარმოგვიდგენია. მეცნიერებას ჯერ არ გააჩნია, რაიმე დადასტურებული შედეგი მათი ავ-კარგიანობის შესახებ. ჯერ ვერსად იპოვით მონაცემებს, რომ ქათმის ვირუსი ადამიანზე გადავიდა, გენმოდიფიცირებულმა სოიომ რომ ადამიანის გენური კოდი შეცვალა… უბრალოდ, შიშს დიდი თვალები აქვს. ქათმის და ადამიანის გრიპი ერთი და იგივე დაავადება გვგონია, თუმცა ვირუსოლოგები ჩვენს ამ ვნებათაღელვაზე ისევე იღიმიან, როგორც ჩვენ გვეცინება მამასწვერასა და აბიკას საუბარზე.

სამწუხაროდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტები დღეს ძალიან მოდური თემა გახდა. შემოღებული  ახალი ტერმინის კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. ყველა ვხვდებით, რომ ეს რაღაც ძალიან ახალია, თუმცა ბუნებრივი დამტვერვისა და ხელოვნური მყნობისაგან არსებითად არც თუ დიდად განსხვავდება. ეს უბრალოდ ახალი ჯიშის გამოყვანის ახალ ტექნოლოგიაა, მეტი არაფერი. რატომ გახდა საჭირო? კაცობრიობა დიდღიპიან ბიძიას დაემსგავსა, რომელსაც შრომა ნაკლებად ახარებს, კვება კი მეტად სიამოვნებს. დაიცალა სოფელი. ადრე თუ ერთი მეურნე ათ ჩინოვნიკსა და მოხელს კვებავდა, დღეს ასი ჰყავს სარჩენი. მისი პატარა ბოსტანი კი ამხელა მოსავალს არ იძლევა. ამიტომ რამდენადაც არ უნდა გვეშინოდეს, რამდენი ახალი რეგულაციაც არ უნდა შემოვიღოთ მათი აკძალვა-შეფერხებისათვის, გარდაუვლობის წინაშე ვერაფერს გავხდებით. ამიტომ აჯობებს, კარგად გავერკვეთ მათ ავკარგიანობაში… ისედაც დაძაბულ ცხოვრების რიტმს ზედმეტად ნუღარ გავირთულებთ.

როგორ  ვასწავლოთ  მოსწავლეს  ნაწარმოების  მიმოხილვის დაწერა 

0

არსებობს ისეთი მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ. მასწავლებლებიც ხშირად ვავალებთ მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობას, ძირითადად  არდადეგების დროს. მაგრამ  თუ კლასგარეშე აქტივობას სასწავლო პროცესის ნამდვილ შემადგენელ ნაწილად გადავაქცევთ, მოსწავლის ინტელექტუალური ზრდაც უფრო ეფექტურად წარიმართება.   ამ მიზნით მთელ  კლასს  შევთავაზოთ გარკვეული ტიპის ლიტერატურის  წაკითხვა (ისევე როგორც სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების, ვიდეოფილმების და ა. შ. ნახვა),    შემდეგ კი წაკითხულის (და ნანახის) შესახებ მიმოხილვის (გამოხმაურების, შეფასების) დაწერა. ასეთი შეფასება დასაბუთებას მოითხოვს: მოსწავლემ უნდა ახსნას, როგორი გრძნობები გამოიწვია მასში  ნაწარმოებმა, რა მოეწონა, რა  დაიწუნა,   რა დაამახსოვრდა  ყველაზე  მეტად,  რომელი მოქმედი პირი, რომელი სიტუაცია და რატომ? მან ყურადღება უნდა მიაქციოს ენასაც –  გამოხმაურება შესაფერისი ლექსიკით  და გასაგები ენით უნდა  დაიწეროს.

მასწავლებლის დავალების მიუხედავად, მიმოხილვა (გამოხმაურება, შეფასება) კონკრეტული საფუძვლის, მიზეზის გარეშე მაინც ვერ დაიწერება. მიმოხილვის დაწერის ძირითად მოტივატორად  აღიარებულია სამი  ფაქტორი:

  • ემოცია (კმაყოფილება ან პირიქით – სიბრაზე);
  • თვითგამოხატვის მოთხოვნილება (საკუთარი ცოდნის და გამოცდილების, ინფორმაციის სხვისთვის გაზიარების მოთხოვნილება);
  • პრობლემა (გამოხმაურების გზით კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი, რასაც  ხშირად  დისკუსია მოჰყვება ხოლმე).

გამოხმაურების დაწერის სურვილს ყველაზე მეტად ემოცია აღძრავს, რომელიც    პირობითად სამ  ჯგუფად  შეიძლება  დაიყოს:

  • დადებითი ემოცია;
  • ნეიტრალური (ობიექტური) ემოცია (რომლის მოტივატორი, როგორც წესი, თვითგამოხატვის მოთხოვნილებაა);
  • უარყოფითი ემოცია.

მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეურჩიოს მოსწავლეს შესაფერისი მხატვრული ლიტერატურა, წაკითხულის  შინაარსი კი  თავად გაუჩენს  მოსწავლეს  გამოხმაურების დაწერის  სურვილს.

წერითი დავალების შესრულებამდე პედაგოგმა მოსწავლეთა აზრი  გულდასმით, ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოისმინოს, კითხვა-პასუხის გზით უნდა  გამოკვეთოს მათი ძირითადი იდეები და მხოლოდ ამის შემდეგ დაავალოს  მიმოხილვის დაწერა. ზეპირ გამოკითხვას, პირობითად, შეიძლება ასეთი ხასიათი  ჰქონდეს:

  • რას იტყოდით ნაწარმოების შესახებ? დაგაინტერესათ თუ არა?
  • რა ეწოდება ნაწარმოებს (მოთხრობას, ნოველას)? მიუთითეთ ავტორი;
  • ნაცნობია თუ არა ავტორი?  კიდევ რომელ ნაწარმოებს  იცნობთ მისი ავტორობით? რით განსხვადება იგი სხვა ავტორებისგან?
  • გაგიტაცათ თუ არა ნაწარმოების კითხვამ?  რა შთაბეჭდილება მოახდინა  წაკითხულმა?
  • აგაღელვათ თუ არა მომხდარმა ამბავმა?
  • გახსოვთ თუ არა ის ადამიანები, რომელთა შესახებაც წაიკითხეთ ნაწარმოებში? გინდათ თუ არა ისე იცხოვროთ, როგორც მათ?
  • ვინ არიან მთავარი გმირები, დაასახელეთ ისინი;
  • აღწერეთ დასამახსოვრებელი ეპიზოდი, გმირის მოქმედება, შეაფასეთ მისი ქმედება;
  • მოგეწონათ თუ არა, როგორ აღწერს ავტორი გმირის ხასიათს, გარეგნობას, მოვლენებს?
  • რა დროს ხდება აღწერილი ამბები?
  • მიაქციეთ თუ არა ყურადღება ნაწარმოების ენას, ლექსიკას?
  • მიაქციეთ თუ არა ყურადღება ილუსტრაციებს? ვინ არის მათი ავტორი? მოახდინა თუ არა ვიზუალურმა მხარემ გავლენა ნაწარმოების  არჩევაზე?  დაგეხმარათ თუ არა ის  წაკითხულის  გაგებაში?
  • რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ნაწარმოებში?
  • რა გაიგეთ ახალი? შეხედეთ თუ არა ცხოვრებას ახლებურად? (დასკვნა).

წიგნის მიმოხილვისთვის  დამატებითი  კითხვები შეიძლება ასეთი იყოს:

  • დაასახელე, რომელი იყო ყველზე მხიარული ეპიზოდი?
  • როგორ ადგილზე, რა ვითარებაში გიყვარს კითხვა ყველაზე მეტად?
  • უამბე ვინმეს წაკითხულის შესახებ? ვის?
  • კითხვაში გიშლიდა რამე ხელს? რა? (მოწყენილობა, საშინაო დავალებები, ბევრი გაკვეთილი, მუსიკის მოსმენა გინდოდა  და ა. შ.)
  • რას შეეკითხებოდი ავტორს ანდა მის გმირს?
  • უკაცრიელ კუნძულზე ამ წიგნს წაიღებდი?
  • ნაწარმოების გმირებიდან არის ისეთი, რომელიც შენ ან  შენს  მეგობარს, ნაცნობს  ჰგავს? რაში გამოიხატება მსგავსება?
  • როდისმე დაგჭირვებია მალულად კითხვა? (მაგალითად, კლასში ან სახლში?)

ცხადია, არსებობს სხვა ტიპის შეკითხვებიც. მთავარია, რომ ასეთი მიდგომით  მოსწავლეებმა უკვე იციან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება წერითი დავალების დამოუკიდებლად შესრულებისას.

არსებობს გარკვეული სტრატეგიები, რომლებიც უკეთ დაეხმარება მოსწავლეებს დავალების  შესრულებაში. მაგალითად,  ასეთია „პირამიდა-ტექსტის“  რამდენიმე ხერხი,  რომელთა  შორის  ძირითადია „პირამიდული  ისტორია“ (ავტ. ო. კიმი და რ. ვაგნერი) და  პირამიდა „კრიტიკა“ (ავტ. ო.კ. გრომოვოი).

„პირამიდული ისტორია“, რომლის ამოცანაც სიუჟეტიანი ტექსტის სტრუქტურის აგებაა, მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ისტორიის გმირის სახელი (გმირი შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, უსულო საგანი);
  • ორი სიტყვა, რომლითაც აღწერთ მთავარ მოქმედ პირს (გარეგნობას, ასაკს, თვისებებს, ხარისხს და ა. შ.);
  • სამი სიტყვა, რომელიც აღწერს მოქმედების ადგილს (ქვეყანას, ადგილმდებარეობას და ა. შ.);
  • ოთხი სიტყვა, რომელიც აღწერს მთავარ პრობლემას (მაგალითად, ფული, სიღარიბე და ა. შ.);
  • ხუთი სიტყვა, რომელიც აღწერს პირველ შემთხვევას, მოვლენას (ის, რაც გახდა პრობლემის მიზეზი);
  • ექვსი სიტყვა, რომელიც აღწერს მეორე შემთხვევას (როგორ ვითარდება მოქმედება მთავარი პირის ირგვლივ);
  • შვიდი სიტყვა, რომელიც მესამე მოქმედებას აღწერს (რომელიც უნდა განხორციელდეს პრობლემის გადასაჭრელად);
  • რვა სიტყვა, რომლითაც აღიწერება პრობლემის გადაჭრა.

ნაწარმოების  მიმოხილვის  (გამოხმაურების, შეფასების)  დაწერის  კრიტერიუმები  პირამიდა „კრიტიკის“ მიხედვით:

  • რაზეა ნაწარმოები? (ერთი სიტყვა)
  • ნაწარმოების ხასიათი (ორი სიტყვა)
  • მოქმედების ადგილი და დრო
  • ნაწარმოების მთავარი მოვლენა (ოთხი სიტყვა)
  • მთავარი გმირები – როგორები არიან ისინი? (ხუთი სიტყვა)
  • რას გრძნობდით, როდესაც წაიკითხეთ ნაწარმოების დასაწყისი, შუა ნაწილი და  დასასრული? (ექვსი სიტყვა)
  • რის შესახებაა ეს ნაწარმოები? (პირველ  წინადადებას მიუმატეთ შვიდი სიტყვა)
  • თქვენი რეკლამა/ანტირეკლამა  ან რეკომენდაცია წაკითულის შესახებ.

 „პირამიდული ისტორია“  და პირამიდა „კრიტიკა“ ეფექტურად  გამოიყენება: ტექსტზე მუშაობის შემდეგ ინფორმაციის გადამუშავებისთვის და  მიმოხილვის (გამოხმაურების) დაწერისთვის, ლექსიკური ერთეულების ცოდნის განმტკიცებისთვის და გრამატიკაში გავარჯიშებისათვის, მოთხრობის დაწერის, თხზვის უნარის განვითარებისათვის და, ზოგადად, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების  განვითარებისთვის.

რაც შეეხება უმცროსკლასელებს, რომელთაც ჯერ კიდევ უჭირთ წერა, შეიძლება წაკითხული  ნაწარმოების შესახებ ისაუბრონ  ზეპირად, ჯგუფურად, მასწავლებლის ანდა ბიბლიოთეკარის  თანდასწრებით, რომლებიც ჩაიწერენ მათ აზრებს.   ჯგუფური მუშაობის შედეგად გამოიკვეთება მკითხველთა ინდივიდუალური თავისებურებებიც, რომლებიც მასწავლებელს გამოადგება შემდგომი პერიოდის სამოქმედო გეგმის შესადგენად.

ასეთი დავალებები ეხმარება მოსწავლეს ძირითადი სასწავლო პროგრამის ათვისებაში, უვითარებს წარმოსახვის, მსჯელობის, მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვის, ანალიზის, ფაქტებისა და მოვლენების დახარისხების, შეფასების უნარ-ჩვევებს და, ზოგადად, ხელს უწყობს სააზროვნო  პროცესებს. ამიტომ მათი გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და მისაღებია.

 

სასკოლო უსაფრთხოება და სკოლის მიტოვების რისკები

0

,,მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი, მიწის შემუშავების მცოდნე,

– ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია,

ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა

ხალხისთვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა

გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი,

საქმით დაამტკიცონ  სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდან“.

ილია ჭავჭავაძე

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის ის გარემო, სადაც ცხოვრობს? რა როლი აქვს მშობელს, ოჯახსა და სასკოლო თემს უსაფრთხო გარემოს შექმნაში? ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს განათლება სკოლაში?

ძალადობის შესახებ მასმედიიდან ვიგებთ; ხდება ისეც, რომ მედია ძალადობის შემთხვევას დეტალურად აღწერს, მომხდარ ამბავზე აგებს სავარაუდო სიუჟეტებს. ხშირად მედიის მიერ ,,ჩატარებული“ გამოძიებისა თუ სასამართლოს მაყურებლებიც ვხდებით ხოლმე. ძალადობრივ შინაარსზეა აგებული მრავალი ვიდეო-თამაში, ფილმი, სერიალი. თუმცა ძალადობა მხოლოდ ვირტუალური სივრცის ნაწილი არაა.

რა ვითარება ამ მხრივ საქართველოში?

რას ამბობს სტატისტიკა?

მწერალი მარკ ტვენი მახვილსიტყვაობითაც გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ უთქვამს: ,,ტყუილი სამი სახისაა: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა”. ზოგი თვლის, რომ ეს სიტყვები მარკ ტვენს არ ეკუთვნის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ციფრებით შეიძლება პრობლემის მასშტაბის შეფასება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 14 104 ბავშვმა მიატოვა სკოლა.  14104 ადამიანის ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ისინი სკოლის მიღმა დატოვა. ეს ბავშვები უსაფრთხო გარემოში არ ცხოვრობდნენ და არც სკოლა იყო მათთვის უსაფრთხო.  სკოლის მიტოვების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში იყო. 11 388 ბავშვმა (80.74%) მიატოვა სკოლა.

სკოლის მიტოვების მიზეზი მრავალგვარია. ამჯერად შევჩერდებით ორ მიზეზზე: ნაადრევ ქორწინებასა და ბავშვის შრომაზე.

ნაადრევი ქორწინება: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წელს გამოცემულ სტატისტიკურ კრებულში ,,დემოგრაფიული ვითარება საქართველოში“ აღნიშნულია, რომ 16-დან 19 წლამდე ასაკის 31526 მამაკაცი და 31526 ქალია დაქორწინებული, რაც დაქორწინებული მამაკაცების 2.7% და დაქორწინებული ქალების 14.0%-ია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში ,,საქართველო და ადრეული ქორწინება“ (მაია ბარქაია, 2013) აღნიშნულია, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში ნაადრევი ქორწინება დაკავშირებულია სიღარიბესთან და დაბალ სოციალურ სტატუსთან. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის ზღვართან დგანან, გოგონას ადრეული ქორწინება ერთგვარი გამოსავალია, ხოლო გოგონები ნაადრევ ქორწინებას განიხილავენ, როგორც ოჯახში არსებული კონფლიქტისა თუ გაუსაძლისი მდგომარეობისგან თავის დახსნის საშუალებას.

ნაადრევი ქორწინება გოგონების სკოლიდან გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ქორწინების ან ნიშნობის შემდეგ, რიგი ეთნიკური უმცირესობის შეთხვევაში, გოგონები წყვეტენ სკოლაში სიარულს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 18 წლამდე გათხოვილი ქალების უმრავლესობა ვერ ახერხებს საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებას.

ბავშვის შრომა: 2015 წლის მაისში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა თვისებრივი კვლევა თემაზე, რა გავლენას ახდენს საქართველოში არსებული უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. გამოიკითხა რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი და ჩატარდა ინტერვიუ დირექტორებთან, მასწავლებლებთან და ექსპერტებთან.

კვლევის პირველადი მიგნება ისაა, რომ ადრეულ ქორწინებასთან ერთად, ბავშვის შრომა ხშირად ხდება სკოლის მიტოვების მიზეზი. ბავშვები ჩართულები არიან საოჯახო მეურნეობებში და ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. ისინი ეხმარებიან მშობლებს და მათთან ერთად იბრძვიან საარსებო წყაროს მოპოვებისთვის. ეს ბრძოლა კი ბავშვისგან სკოლის მიტოვებას ან გაკვეთილების ხშირ გაცდენას ითხოვს.

ბავშვის შრომა საოჯახო მეურნეობებში მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. როგორც ბავშვთა შრომის აღმოფხვრის საერთაშორისო პროგრამის დირექტორი კონსტანს ტომასი (Constance Thomas) აღნიშნავს, საოჯახო მეურნეობებში ბავშვების დასაქმება არა მხოლოდ სერიოზული დარღვევაა, არამედ აფერხებს ქვეყნებისა და  მსოფლიოს განვითარებას.

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველო მიერთებულია საერთაშორისო კონვენციებს. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს განათლების მიღების უფლება და ზოგადი განათლება ქვეყანაში უფასოა. 2002 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 182-ე კონვენციის ,,ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების კრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ რატიფიცირება. დოკუმენტში ბავშვთა შრომის შემცირების გზად მიჩნეულია უფასო საბაზო და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც თავი დააღწიეს ამგვარ შრომას.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შრომითი საქმიანობისა და ქორწინებისთვის შესაბამის ასაკს. შრომითი საქმიანობა და ქორწინება 16 წლამდე აკრძალულია. 16 წლის მოქალაქის ქორწინებისთვის საჭიროა მშობლის ნებართვა, ხოლო შრომითმა საქმიანობამ მოზარდს ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების მიღებაში.

რატომაა ასე მაღალი სკოლის მიტოვების მაჩვენებელი?

კითხვა რიტორიკულია. მიზეზის გარკვევა ადვილი არაა. მკვლევარები გამოყოფენ სკოლის მიტოვების მიზეზების რამდენიმე კატეგორიას. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ ბალფანცი (Robert Balfanz) ოთხ მიზეზზე საუბრობს:

  1. მოსწავლეები სკოლას ტოვებენ პირადი ცხოვრების გამო. მიზეზი სკოლის გარეთაა. ეს შეიძლება იყოს ნაადრევი ქორწინება (ორსულობა), მუშაობა ოჯახის დახმარების მიზნით.
  2. მოსწავლისთვის სწავლა მოსაწყენი გახდა, ის თვლის, რომ სასკოლო ატესტატის გარეშეც შეძლებს ცხოვრების გზის პოვნას. ის სკოლიდან ,,ქრება“.
  3. დაბალი აკადემიური მოსწრებისა და რთული ქცევის მქონე მოსწავლის სკოლიდან წასვლა ან სხვა სკოლაში გადასვლა წახალისებულია სკოლის მიერ.
  4. მოსწავლე სკოლაში წარუმატებელია, სკოლა კი ვერ ეხმარება მას რეალიზებაში. ზრდასრულობისასაც უჭირს ადამიანს სკოლიდან გამოყოლილი ,,წარუმატებელობის სინდრომის“ დაძლევა.

მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვება მთელ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. არასრული განათლების მქონე, საზოგადოებისგან გარიყულ, იზოლირებულად მცხოვრებ მოქალაქეს ნაკლები შემოსავალი აქვს, ნაკლებ გადასახადს იხდის, ან საერთოდ არ იხდის. საბოლოო ჯამში, მისი რჩენა ქვეყნის საქმეა. სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებას შორის პირდაპირ კავშირს არაერთი მეცნიერი ამტკიცებს. მათი აზრით, სკოლაში შეძენილი კოგნიტური უნარები და ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირშია (ჰანუშეკი 2008).

ამ უნარების განვითარების ერთადერთ ადგილად საქართველოში სკოლა რჩება. როგორც ილია ამბობდა: ,,სწავლა-განათლება თითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ“.

როგორ აღმოვაჩინოთ სკოლის მიტოვების მაღალი რისკის მქონე ბავშვი?

დაბალი აკადემიური მიღწევის მქონე მოსწავლეების სკოლაში სიარულის მოტივაცია დაბალია. როდესაც ბავშვს შეამჩნევთ ქცევით პრობლემებს, ეს შეიძლება ჩაითვალოს სკოლის მიტოვების სიმპტომად.

გაკვეთილების ხშირი გაცდენა სკოლის მიტოვების ადრეულ სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს. გაცდენა ნიშანია, რომ მოსწავლეს სკოლაში სიარული არ მოსწონს, თავს უცხოდ გრძნობს და მშობლის ზრუნვა და ყურადღება აკლია.

ოჯახის შემოსავალი, მშობლების განათლება პირდაპირ კავშირშია მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელთან. მოზარდზე ასევე აისახება მშობლის დამოკიდებულება სკოლის მიმართ. როდესაც მასწავლებელი ვერ ახერხებს მშობელთან ურთიერთობას ბავშვის პრობლემების მოსაგვარებლად, ესეც შეიძლება ჩაითვალოს სკოლის მიტოვების სიმპტომად.

უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში

არსებობს სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორი მიდგომა:

ა) პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას ზრუნვაზე ორიენტირებულ მიდგომასაც უწოდებენ. ის გულისხმობს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული კლიმატის შექმნას, მოსწავლეების მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედებას, ტრენინგებს, კონსულტაციებსა და სხვადასხვა სასკოლო თუ სათემო აქტივობებს.

ბ) პროდუქტზე დაფუძნებულ მიდგომას კონტროლზე ორიენტირებულ მიდგომასაც უწოდებენ. ამ დროს ხორციელდება პრობლემის მოკლევადიან გადაჭრაზე ორიენტირებული ღონისძიებები, მაგალითად: სკოლის უსაფრთხოების დაცვა კამერებით, დეტექტორებით, დარაჯით, მანდატურითა და დისციპლინური სახდელების ამოქმედებით.

(ბუჩერი და მენინგი, 2005).

საქართველოში უსაფრთხო სკოლის კონცეფცია პრიორიტეტს მოსწავლის ფიზიკურ უსაფრთხოებას ანიჭებს. ამ მიზნით საქართველოში ამოქმედდა მანდატურის ინსტიტუტი, სკოლაში დამონტაჟდა ვიდეო-კამერები და რიგ სკოლებში მკაცრად კონტროლდება უცხო პირების შესვლა. უსაფრთხო სკოლის მოქმედი კონცეფცია არ ითვალისწინებს სკოლის თემის წარმომადგენლების ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში. ამ ღონისძიებებმა შეასუსტა სკოლასა და თემს შორის ისედაც მყიფე კავშირები.

სკოლის მიტოვება კონტროლზე ორიენტირებული მიდგომებით ვერ შემცირდება. მოსწავლის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს ოჯახისა და სკოლის თემის კულტურა და ტრადიციები, შემოსავალი და მშობლების განათლება. სკოლაში, სადაც დისციპლინური სახდელები წესრიგის დამყარების ერთადერთი რეგულააციაა, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი ვერ შემცირდება. ვიდეო-კამერას, მანდატურსა და დარაჯს არ შეუძლიათ აკონტროლონ და მართონ ის გარემო, სადაც მოსწავლე ცხოვრობს.

როგორ შევამციროთ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი?

სკოლის ბაზაზე მხარდაჭერის მექანიზმები უნდა ასახავდეს კონკრეტულ სკოლაში აღმოჩენილ კონკრეტულ საჭიროებებს.

თუ არასწრულწლოვანი გოგონები თხოვდებიან და სწავლაზე უარს ამბობენ, არასრულწლოვნები აცდენენ სკოლას საოჯახო შრომითი საქმიანობების გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ სკოლა და სკოლის თემი ტოლერანტულია ამ ფაქტების მიმართ. თითოეულ მოსწავლეს, რომელიც სწავლას თავს ანებებს, მომავალში ძალიან გაუჭირდება თავის დამკვიდრება და თვითრეალიზება. ამ პრობლემაზე საუბრისას ხშირად ადამიანები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მოსწავლე უპასუხისმგებლო და ზარმაცია, მშობლებმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, მასწავლებლებმა უკეთ უნდა ასწავლონ, ადმინისტრაციამ უნდა აკონტროლოს მოსწავლის ქცევა. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი შემცირდეს. გამოსავალი სკოლასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაჯანსაღებაშია.

სასურველია, სკოლაში ან თემში შეიქმნას სასწავლო ცენტრები, სადაც სკოლიდან წასულ მოსწავლეებს სწავლის საშუალება ექნებათ, სადაც შეისწავლიან იმ საკითხებს, რისი სწავლაც სკოლაში ვერ შეძლეს.

ასევე მნიშვნელოვანია ასეთი მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, საზაფხულო პროგრამებში ჩართვა.

ბუნებრივია, ამის განხორციელება სკოლას დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან ამ საქმეს სჭირდება დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსები. ამასთან ერთად, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, საზაფხულო სკოლა, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესს. ამიტომაა მნიშვნელოვანი სკოლების ღიაობა ბიზნესის, სათემო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და ახალგაზრდული ჯგუფების მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია მედიასთან თანამშრომლობა, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

გთავაზობთ სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ მიდგომას (Stephens, 2004, p. 80):

  1. სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ მასწავლებლები, მშობლები, თემის აქტიური წევრები;
  2. სკოლაში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების მოგროვება (ინფორმაცია მოსწავლეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების, ოჯახური მდგომარეობის, სიღარიბის და ყველა იმ რისკის შესახებ, რაც შეიძლება არსებობდეს სასკოლო თემში);
  3. მას შემდეგ, რაც სკოლა მოაგროვებს ინფორმაციას, სამუშაო ჯგუფმა უნდა შექმნას კონკრეტული სკოლის უსაფრთხოების სტრატეგია და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები;
  4. აუცილებელია, სამუშაო ჯგუფმა შეაფასოს, შერჩეული ღონისძიებები რამდენად შეესაბამება კანონს, ხომ არ ირღვევა ბავშვის უფლება. ამ მხრივ სკოლებს შეიძლება დაეხმარონ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის იურისტი და რეგიონებში მოქმედი უფასო იურიდიული ცენტრები  (მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისები).
  5. სკოლაში უნდა ჩატარდეს საჯარო შეხვედრა, სანამ უსაფრთხო სკოლის პროგრამა დაამტკიცდება. მნიშვნელოვანია, გეგმა განხილულ იქნას საჯარო შეხვედრაზე, სადაც მოიწვევენ მშობლებს, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს.
  6. სკოლამ გეგმა უნდა განაახლოს წელიწადში ერთხელ, საჭიროების მიხედვით.

და, ბოლოს

რთულია წონასწორობის დაცვა უსაფრთხო სკოლასა და მზრუნველ სკოლას შორის. აუცილებელია ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც არ იქნება ტოლერანტული ბულინგის, ფიზიკური დაპირისპირების მიმართ. ამავე დროს სკოლამ უნდა შეძლოს ბავშვთა შრომისა და ადრეული ქორწინების მიმართ თემის დამოკიდებულების შეცვლა, მისი ცნობიერების ამაღლება.

უსაფრთხო სკოლის შექმნის პროცესი უწყვეტია. არ შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო სასკოლო გარემო შეიქმნა და პროცესი დასრულებულია. სკოლა მხარდაჭერის გარეშე უსაფრთხოების პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

გამოყენებული ლიტერატურა

მაია ბარქაია, ,,საქართველო და ადრეული ქორწინება“, თბილისი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2013

სიმონ ჯანაშია, სოფიო გორგოძე; უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2011

,,დემოგრაფიული ვითარება საქართველოში, სტატისტიკური კრებული“, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2015

Balfanz R; Fox J, Early Warning Systems‐ Foundational Research and Lessons from the Field Johns Hopkins Univ. National Governors Association, 2011

Education and Economic Growth E A Hanushek, Stanford University, Stanford, CA, USA L Wo¨ ßmann, University of Munich, Munich, Germany, ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_215170/lang–en/index.htm ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://dropoutprevention.org/effective-strategies/safe-learning-environments/ ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/population/Demografiuli%20Vitareba%20SaqartveloSi-Krebuli%202015.pdf ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_215170/lang–en/index.htm ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

 

რას გვასწავლიან მოზარდები

0

საკმაოდ ხშირია, როდესაც სოციალურ ქსელებში შვილებს მშობლებთან „დამეგობრება“ არ სურთ. რატომ? ამ გზით ისინი პრივატულ სივრცეს იცავენ? მათ მშობლების კომენტარების რცხვენიათ? არ უნდათ, რომ აკონტროლებდნენ? 14 წლის გოგონებმა – ლარა ბრაუნმა და გრეის დე სუზამ, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი მშობლებისათვის სპეციალური გზამკვლევი დაწერეს. მისი სახელწოდებაა „როგორ უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენი ბავშვი თანატოლებთან არ შეარცხვინოთ და თავადაც არ გამოიყურებოდეთ სულელურად“. მაშ, ასე:

საუბარი იმაზე, რაც ისედაც ცხადია

როდესაც ბავშვი არაერთი წელია სოციალური ქსელების მომხმარებელია, ნუ დაუშლით „მეგობრობას“ მათთან, ვისაც არ იცნობს. ნურც იმას „დაუპოსტავთ“, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ინანებს. მსგავსი დარიგებანი არაფრის მომტანია – ბავშვმა ეს ყველაფერი ისედაც იცის, ამის შესახებ ათასი რამ სმენია. იქნებ, უმჯობესია იმ  პრობლემებზე ესაუბროთ, რომელიც „გამოცდილ“ მომხმარებლებს უკავშირდება? მაგალითად, მოუყვეთ პორნოგრაფიაზე, „ტროლებზე“ ან დაარიგოთ, რა მოიმოქმედოს, როცა ინტერნეტში აგრესიას გადააწყდება.

მლიქვნელობა

„არავითარი ტელეფონი მაგიდასთან!“ – გვიკრძალავდნენ ჩვენი მშობლები იმ პერიოდში, როდესაც სმარტფონებში ცუდად ერკვეოდნენ. ახლა კი ბავშვს უფლება არა აქვს ხმა ამოიღოს მანამდე, ვიდრე მათი მშობლებლები ფოსტას არ გახსნიან ან „ახალ ამბებს“ არ წაიკითხავენ.

მოდით, დაფიქრდით, როგორ ჟღერს თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები: „წარმოიდგინე, რამდენად გაიუმჯობესებდი ინგლისური ენის უნარებს იმდენივე დროს რომ ხარჯავდე ამაზე, რამდენსაც Instagram-ზე ხარჯავ“. ანდა წარმოიდგინეთ: მოზარდი მშობელს საინტერესო ფაქტზე უყვება („დედა, იცი რომ სირაქლემას ტვინზე დიდი ზომის თვალი აქვს?..“), დედა ეგრევე პასუხობს: „ჭორია ინტერნეტიდან, სად ამოიკითხე ეგ სისულელე?“ – და დამცინავად უყურებს ბავშვს, მერე კი „სირაქლემის თვალს“ თვითონაც „გუგლავს“…

ტრაბახი

მშობლების პროფილის „პირად ინფორმაციაში“ ძალიან ხშირად შეხვდებით ასეთ ინფორმაციას: „ვარ ორი შესანიშნავი ქალიშვილის დედა. ორივე ნიჭიერი მუსიკოსია, სპორტსმენი და წარმატებული მოსწავლე“. და კიდევ ერთი ძალიან ხშირი „პოსტი“: „შესანიშნავად ვატარებთ დროს ოჯახთან ერთად „ერუდიტის“ თამაშში“. როგორც წესი, სინამდვილეში, მშობლები არ განმარტავენ, რომ მათ პირველ ქალიშვილს ხელში ფლეიტა  წელიწადზე მეტია არ სჭერია, მეორე ქალიშვილმა კი ყველა გამოცდა ჩააფლავა, „ერუდიტის“ თამაში ოჯახში კინკლაობის მიზეზად იქცა, „სპორტსმენი“ „ფრიადოსნები“ კი ოთახში გამოიკეტნენ და ვეღარავის იტანენ დასანახად…

მშობლები სოცქსელებს ხშირად იმისათვის იყენებენ, რომ იდეალურ ოჯახურ ცხოვრებაზე იფანტაზიორონ. სხვათა შორის, გვინდა ვუთხრათ მათ, ვისაც შვილების მაღალი ქულების აფიშირება უყვარს მინაწერით „ვამაყობ“ – არასოდეს გააკეთონ ეს, არასადოდეს.

იყვნენ აკურატულები Facebook-ზე

არ შეიძლება ბავშვის „კედლის“ გამოყენება დედშვილური ურთიერთობისათვის. „დღეს სევდიანი მომეჩვენე. ვიმედოვნებ, რომ ახლა უკეთ ხარ. გკოცნი. შენი დედიკო“. ამ მინაწერს ბავშვის მეგობრებიც ნახავენ, მოზარდისთვის ეს ძალიან არასასიამოვნოა. თუ გინდათ, რომ შვილს რაიმე უთხრათ, „პირადში“ მიწერეთ.

კიდევ ერთი „არა!“ მშობლებს: „პოსტები“ ოჯახური ფოტოსურათების თანხლებით. დიახ, თქვენ უქმეებზე შესანიშნავი დრო ატარეთ ერთად, გადასარევი ფოტოები გადაიღეთ, მაგრამ ქსელში ნუ გამოფენთ. როდესაც მოზარდი ცდილობს აუხსნას მშობლებს, რატომ სცხვენია ამ ფოტოების, დედ-მამა ამბობს: „კი, მაგრამ შენ ხომ სულ „სელფებს“ იღებ და „პოსტავ!“ მშობლებს არ ესმით, რომ მოზარდი საკმაოდ დიდხანს ფიქრობს იმაზე, როგორი ფოტო გადაიღოს, რომ სხვებმა არ დასცინონ.

არ „დაალაიქოთ“ ბავშვის მეგობრების ფოტოები! Facebook-ში „ლაიქი“ არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად ის მოგწონთ, რაც „დაალაიქეთ“, არამედ იმასაც, რომ ამ ადამიანით დაინტერესებული ხართ. ამიტომ მოზარდს შეუძლია იფიქროს, რომ უთვალთვალებთ. ბავშვის მეგობრების ფოტოების მოწონების მერე, თქვენს შვილს სკოლაში აუცილებლად ეტყვიან: „დედაშენმა FB-ზე ფოტო „დამილაიქა“ და ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოზარდმა თავისი თანატოლისგან იმ დღეს მოისმინოს.

იყვნენ აკურატულები Twitter-ზე

ჰეშთეგი იმის საშუალებას იძლევა, რომ „პოსტი“ კონკრეტულ კატეგორიას მივაკუთვნოთ ან გავამარტივოთ რომელიმე „პოსტის“ ძიება. ამიტომ, როდესაც ვინმე წერს „#დასვენების დღეები! #მოვახერხეთ#პარკში#მწვადაობა“, ეს სასაცილოა და სასაცილოა მანამდე, სანამ იგივეს შენი საკუთარი მშობლები არ დაწერენ.

იყვნენ აკურატულები Instagram-ზე

Instagram-ით სარგებლობა საკმაოდ რთულია. არსებობს ძალიან საფრთხილო ზღვარი საინტერესო და პრეტენზიულ პოსტს შორის. მოზარდები საკმაოდ დიდ დროს ფიქრობენ მინაწერზე. მშობლები კი ამაზე ტვინს არ იჭყლეტენ. ამიტომ მშობლების მიერ გამოქვეყნებულ ლაჟვარდოვანი ცის ფოტოს შეიძლება მთელი პოემა ახლდეს ან მარტივი მინაწერი „სუპერ“.

ფსევდოსამეცნიერო მონაცემების რწმენა

ხშირად მშობლები ბავშვებს სხვადასხვა აბსურდს ახვევენ თავს, მაგალითად: „გულის ჯიბეში მობილურს ნუ ჩაიდებ, ინფარქტს მიიღებ“, „დიდხანს ნუ ლაპარაკობ მობილურზე, ის ტვინს ანგრევს“. საინტერესოა, საიდან კრეფენ ამ ფსევდოინფორმაციას?

ჯაშუშობა

ბავშვის ტელეფონის მალულად შემოწმება – ვის ურეკავს, ვინ წერს, პირადი სივრცის დარღვევის ტოლფასია. თუ ასე გაინტერესებთ, რას აკეთებს თქვენი შვილი, უბრალოდ, ჰკითხეთ. როდესაც უთვალთვალებთ, იმის შეგრძნება ეუფლება, რომ არ ენდობით.

მომაბეზრებელი გამოკითხვა

როდესაც ბავშვს გამუდმებით ტანჯავთ კითხვებით, რა გააკეთა დღის განმავლობაში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოცქსელებზე დამოკიდებულად მიიჩნევთ. რა უნდა გიპასუხოს ამაზე? „არ ვარ დამოკიდებული“? თუ ბავშვმა თანატოლებთან არ იკონტაქტა, შეიძლება რამე მნიშვნელოვანი გამორჩეს… რადგან „ამ მნიშვნელოვნის“ შესახებ მშობლებს კონკრეტული რაღაცის გაგება უჭირთ, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს თავი დაანებონ და დამშვიდდნენ?..

***

აი, ასეთია ლარა ბრაუნისა და გრეის დე სუზამის რჩევები მშობლებს. აქვე დავამატებთ, რომ ის, თუ რას ფიქრობენ სტატუსებზე და ფოტოებზე სოციალურ  ქსელებში, არა მხოლოდ მოზარდებს, უფროს თაობასაც ადარდებს. „ლაიქების“ რაოდენობას კი, ნებით თუ უნებლიეთ, ყველა ასაკის ინტერნეტმომხმარებელი ადევნებს თვალს.

21-ე საუკუნეში აქტიური სოციალური ცხოვრება სოცქსელების გარეშე წარმოუდგენელია. ვირტუალობა კარგა ხანია იქცა რეალობის ნაწილად. მოზარდებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან ნებისმიერ ურთიერთობას, მით უფრო სოციალურ ქსელებში, მნიშვნელოვანია საკუთარი განცდების გადმოცემა, ახლობლებზე დაკვირვება. სულ ახლახან მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოზარდებში სტრესს არა მცირე, არამედ „ლაიქების“ დიდი რაოდენობა იწვევს. ასეთია ფსიქოთერაპევტისა და მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიის პროფესორ სონია ლუპიენის კვლევის შედეგი. ფსიქოთერაპევტი დეპრესიის გამომწვევ ფაქტორებს სწავლობდა, როდესაც „ფეისბუქის“ ეფექტი“ გამოიკევთა.

ფსიქოლოგები 12-დან 17 წლამდე ასაკის 88 მოზარდზე აწარმოებდნენ დაკვირვებას. არცერთ ბავშვს აქამდე დეპრესია არ აწუხებდა, მაგრამ როგორც კი ისინი ხედავდნენ, რომ მათ „პოსტს“ ვინმე „ალაიქებდა“, კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე უწევდა და თუ ვინმეს თვითონ „ულაიქებდნენ“ „პოსტს“, მათი ჰორმონის დონე იკლებდა.

მოზარდებს სთხოვეს მოეყოლათ რამდენად ხშირად სარგებლობდნენ სოციალური ქსელებით, რამდენი „ფრენდი“ ჰყავდათ, როგორ ურთიერთობდნენ სხვებთან და რას ასაჯაროებდნენ  თავიანთ გვერდებზე. სამი კვირის განმავლობაში მკვლევრები რეგულარულად უმოწმებდნენ კორტიზოლს. „სტრესებისადმი მიდრეკილი მოზარდები მალე არ ავადდებიან დეპრესიით: ეს თანდათანობით ხდება, – აზუსტებს სონია ლუპიენი. – მას, ვისაც „ფეისბუქზე“ 300 მეტი „ფრენდი“ ჰყავს, სტრესის დონეც საშუალოზე მაღალი აქვს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ სტრესში არიან მოზარდები, ვისი „ფრენდ ლისტი“ 1000 მეტ „მეგობარს“ მოითვლის“.

სხვების აზრით, ამ მიმართულებით საგანგაშო არაფერია. „კორტიზოლის მაღალი დონე ყოველთვის არ ვნებს მოზარდებს, – ამბობს ოჯახის თერაპევტი დებორა ჰილბოა. – საქმე ინდივიდუალურ განსხვავებებშია. ვიღაც უფრო მგრძნობიარე და დეპრესიისადმი მიდრეკილი და ვიღაც – არა. ახალი თაობა მალე ადაპტირდება სოციალურ ქსელში, მარტივად ერგება ვირტუალურ სფეროში კომფორტულად არსებობის პირობებს.“

კვლევის ავტორები დადებით ტენდენციებზეც საუბრობენ. მოზარდებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სტრესი მცირდება, როდესაც ისინი სხვებს თანაგრძნობით ეკიდებიან: „ულაიქებენ“ „პოსტებს“, ფოტოებს, „გადააზიარებენ“ ან თანადგომას სიტყვიერად გამოხატავენ. „ისევე როგორც ინტერნეტის მიღმა, ემპათია და თანაგრძნობაა სხვებთან კავშირის დამყარებაში გვეხმარება, – ხსნის დებორა ჰილბოა. – მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი ბავშვებს ურთიერთობაში ეხმარებოდეს. ის არ უნდა იყოს ნერვიულობის წყარო. თუ ბავშვი ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროცესებს,  მშობლისათვის ეს განგაშის ზარია“.

ახლო რომ იყოს

0

სულ მინდოდა კარგი მწერალი ვყოფილიყავი, მერე მართლა კარგი მწერლები აღმოვაჩინე და ასეთივე მკითხველი გავხდი. გურამ რჩეულიშვილი წერდა, რომ ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო, მართალი იყო, მაგრამ ჩემი აზრი, არ თანხმდება რჩეულიშვილის სიტყვებთან, თუ არ დავიჯერებ, რომ მკითხველი ქმნის!..

ცხოვრება თავისთავად არსებობს ყოფნის-არსებულის შესაძლებლობით.  არის მატერია, სივრცე, დრო, საგნები, მოვლენები და არის ადამიანი. თუ თვითონ არ იქნება, იქნება არაფერი. შეიძლება ვთქვა, რომ სამყარო კვდება ყველა პიროვნების სიკვდილთან ერთად. ეს ერთგავრი პირობითობაა მისთვის ჩვენი თვალთახედვიდან. ასევეა მხატვრული ტექსტიც; ის, რა თქმა უნდა, არსებობს თავისთავად, თუმცა პირობითად. მკითხველის მისვლა მასთან და კითხვა-გააზრების პროცესი ხდის ტექსტს ნამდვილად ცოცხალს. ამის გარეშე ის მხოლოდ ავტორის წარსული რეალობაა, წარსული არსებობა, ისევე როგორც წინა მაგალითი – სამყარო შეიძლება ჩავთვალოთ ღმერთის, უმაღლესი აბსოლუტის წარსულად, რომელთანაც თუ მას კავშირი აღარ აქვს, არაა თანაგანცდა, შექმნილი არ არსებობს.

მოკლედ, ისე არეულად ვისაუბრე, რომ ტექსტის რედაქტირების დროს ალბათ მეორე აბზაცს გამოვტოვებ, იმდენად მეშინია მისი, თუმცა არ მგონია დიდად ვცდებოდე მსჯელობისას. ასეთ საქმეს ყოველთვის ალაგებს მკაფიო შეკითხვები და პასუხები. აქვთ თუ არა მოსწავლეებს ტექსტებთან თანაგანცდა? ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევებში, არა!.. ლიტერატურა რჩება ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი პროგრამის მასალად, ან გარდაუვალ უინტერესობად მოსწავლეთათვის. საერთოდ, ძალიან ცუდია რაიმე მონაცემების და სტატისტიკის გარეშე საუბარი რაოდენობის აღმნიშვნელი სახელებით, მაგრამ რეალობაც რომ ამას აჩვენებს?..

გადავხედოთ მსოფლიო რეიტინგს წიგნიერების, წერა-კითხვის ცოდნის დონით და ამითაც დავრწმუნდებით. ჩვენ ვამბობთ ხშირად, რომ მოსწავლე არ კითხულობს ჰაგიოგრაფიას, ან რონატიკოსების, თერგდალეულების შემოქმედებას და გვიკვირს, თუმცა ამაში არც რამეა ალოგიკური, როცა მას აქვს კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, შესაძლებლობა, რომ ნახოს მხატვრული ფილმები, ითამაშოს უმაღლესი გრაფიკის კომპიუტერული თამაშები, ესაუბროს შორს მყოფ მეგობრებს, მართოს რობოტები და ა.შ. ასეთ დროს, ნამდვილად არ დააინტერესებს ბევრს, რომ რამდენიმე ასეულგვერდინ წიგნში თითქმის ორი ათას სტროფიანი “ვეფხისტყაოსანი” წაიკითხოს.

არის ასაკი, ან ამ დაშვებას თუ უგულებელვყოფთ, ყველა ადამიანი ინდვიდია და მას შეიძლება რაღაც პერიოდში არ ესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია მხატვრული ლიტერატურა მისი სამომავლო ცხოვრების მოწყობის, განვითარების, წარმოსახვის, შინაგანი სიმშვიდისთვის. ამ დროს კი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკლასო სამუშაოა, ეს კი საშინალო დავალება, საკონტროლო წერა, გამოცდა და ასეთ ბარიერებში ვაქცევთ მოსწავლის და ტექსტის ურთიერთობას, რომელიც ნაძალადევი ხდება.

ჩვენ გვჭირდება ტექსტების დაახლოება რეალობის იმწუთიერ აღქმასთან, რაც სწავლების პროცესში არის, ამისათვის კი აუცილებელია სასწავლო პროცესში ჩავრთოთ ფილმები, მულტიპლიკაცია-ანიმაცია, კომიქსები, მოკლედ, მთელი ტექნიკური აღჭურვილობა – პროექტორი, ლეპტოპი და ყველაფერი. დღეს არ მგონია, რომ სკოლის მოსწავლეთა თუნდაც მესამედისთვის ამერიკული კომიქსების რომელიმე გმირი, დავუშვათ ადამიანი ობობა უფრო რეალური და თანაგანცდილი არ იყოს, ვიდრე ავთანდილი, ან ხევისბერი გოჩა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რაღაც თანხების გამოყოფა ამ კუთხით რესურსების შესაქმნელად. დავუშვათ, რაღაც ტუტორიალების, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და მულტიპლიკაციის, კომიქსების, თუნდაც კომპიუტერული თამაშების. დავუშვათ, იყოს თამაში “ქაჯეთის ციხე”, რომლის მისიების შესასრულებლადაც რაიმე ცოდნა იქნება საჭირო ტექსტიდან, შინაარსობრივი, ან აზრობრივი და მისი ჩაწერა ხდებოდეს კოდების სახით. ეს ერთი უბრალო, წერის დროს მოფიქრებული მაგალითია და იქნებ სასაცილოც, თუმცა ზოგადად კარგი იქნება რამე მსგავსი.

ეს იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი სკოლაში კარგი მკითხველ-მოსწავლეების არსებობის, თორემ კარგი მწერლები საკუთარ თავს ყოველთვის გაიტანენ.

14 აპრილი და „სამეცნიერო მეტაენის კორპუსი“ – ახალი ელექტრონული პლატფორმა

0

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ და ამ მიმართულების მნიშვნელოვანმა ადგილმა მეცნიერების, კულტურის, განათლების, ხელოვნების სფეროსა თუ  საყოფაცხოვრებო დარგებში,  შექმნა სხვადასხვა თეორიული საკითხის დამუშავებისა და  გამოყენებითი ინსტრუმენტების განვითარების აუცილებლობა.  მათ რიგს მიეკუთვნება  ელექტრონული კორპუსი და კორპუსის ლინგვისტიკა, როგორც ენათმეცნიერების ახალი, აქტუალური და ყოველდღიურად განვითარებადი დარგი.

            კორპუსის ლინგვისტიკა ბიძგს აძლევს ბუნებრივი ენის დოკუმენტირების, კვლევის, დაცვისათვის აუცილებელი სხვადასხვაგვარი  ინსტრუმენტების შექმნას. მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გავრცელებული „კორპუსული ციებ–ცხელება“,  როგორც იქნა, ქართულ სამეცნიერო სივრცესაც აქტიურად გადაედო, რის შედეგადაც, დღეს, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კორპუსის მფლობელები ვართ.

            შესაძლებელია,  გადაჭრილ ამოცანად ჩავთვალოთ „ ქართული დიალექტური კორპუსი“, რომელიც ქართული ენობრივი სამყაროს ერთგვარ იდიოეთნიკურ ხატს წარმოგვიდგენს და რომელსაც უკვე კარგად იცნობს სამეცნიერო საზოგადოება.   ამ კორპუსის შესახებ მეც ბევრჯერ მომიყოლია თქვენთვის. ამჯერად მინდა გიამბოთ ახალი, „სამეცნიერო მეტაენის კორპუსის“ შესახებ, რომელიც ქართული და არამხოლოდ ქართული სამეცნიერო სივრცისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.

            საბჭოთა სამეცნიერო სივრციდან გამოსვლა არ ნიშნავს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ავტომატურად შებიჯებას. იმისათვის, რომ ქართულმა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ერთ ენაზე ილაპარაკონ, საჭიროა, ცნებითი თუ ტერმინოლოგიური სისტემების დადგენა და ჰარმონიზაცია, დროა, ჩვენ იმ ენაზე ვესაუბროთ მსოფლიო მეცნიერებას, რომელზეც ის საუბრობს. თუ არ გვექნება სამყაროს  იდენტური სამეცნიერო ხატი, ჩვენი სამეცნიერო კონტაქტი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან რთული და ხშირად შეუძლებელიც იქნება.

            სწორედ ამიტომ  შეიქმნა „სამეცნიერო მეტაენის კორპუსი“, რომელიც მიზნად ისახავს, ერთიან ელექტრონულ სივრცეში მოაქციოს სამეცნიერო მემკვიდრეობა. კორპუსი არა მარტო ინფორმაციის მოპოვების, მისი კვლევის ან გადაცემის საიმედო ინსტრუმენტია, არამედ  კითხვის ახალი მეთოდიცაა, მისი საშუალებით შეგვიძლია მაქსიმალურად მეტი გავიგოთ იმ კონკრეტული საკითხის შესახებ, რომელიც გვაინტერესებს, ისე, რომ დრო არ დავკარგოთ უამრავი, ჩვენთვის არასაჭირო ინფორმაციის წაკითხვაზე. გარდა ამისა, კორპუსი იძლევა სამეცნიერო პლაგიატთან ბრძოლის, მისი გაკონტროლების საუკეთესო საშუალებას.

„სამეცნიერო მეტაენის კორპუსი“ ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბესარიონ ჯორბენაძის მოსწავლეებმა შექმნეს და თავიანთი მასწავლებლის ხსოვნას მიუძღვნეს.

            სწორედ ბესარიონ ჯორბენაძის შრომათა (როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი) შრომების ”სუბკორპუსი” შეიქმნა და  განთავსდა პირველ რიგში მეტაენის კორპუსში.

            თუმცა ის გაცილებით ფართო ამოცანებითვისაა შექმნილი. ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსის სახით უკვე არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტით შექმნილი, მოქნილი ინსტრუმენტი, რომელშიც უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ სხვა ავტორთა საენათმეცნიერო ნაშრომების, არამედ მეცნიერების ყველა სხვა დარგში შესრულებულ პუბლიკაციათა გამოქვეყნება, კვლევა, ლექსიოკოგრაფიული და ტერმინოლოგიური სამუშაოების წარმოება.

 კორპუსი 14 აპრილს, დედაენის დღეს გამოქვეყნდება საინტერნეტო სივრცეში, ეს თარიღი ორმაგად სიმბოლურია სამუშაო ჯგუფისთვის, ჯერ ერთი – სამეცნიერო ენის განვითარების გარეშე ნებისმიერი ენის განვითარება შეუძლებელია, მეორეც, ბატონი ბესარიონ ჯორბენაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც  1978 წლის 14 აპრილს ხმა აიმაღლა ქართული ენის სტატუსის დასაცავად.

პროექტი  თსუ. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის „ენორბივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების“ ბაზაზე შეიქმნა “ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის“ ხელშეწყობით.

„სამეცნიერო მეტაენის კორპუსი“ ძალიან საჭირო და გამოსადეგი იქნება სამეცნიერო საზოგადოების, დაინტერესებული ადამიანების, სტუდენტებისათვის, მასწავლებლებისათვის და განსაკუთრებით წაადგება სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნის, სამეცნიერო ტერმინოგრაფიის, სტანდარტიზაციის საქმეს.

            ეს შესანიშნავი ელექტრონული რესურსი ძალიან  გამოგადგებათ ქართული ენის გაკვეთილებზე. ზოგჯერ, მორფოლოგიის თუ სინტაქსის ამა თუ იმ საკითხისათვის სახელმძღვანელო საკმარისი არ არის, ყოველთვის გჭირდებათ წიგნებში ძებნა, გადაკითხვა, საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნება, არგუმენტებით გამყარება… წარმოიდგინეთ, რომ იყოს ელექტრონული სივრცე, სადაც რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო ერთდროულად რამდენიმე მეცნიერის აზრს მოისმენთ, ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავებულს, მაგრამ ძალიან საინტერესოს. თეორიებს შეაჯერებთ, გაიაზრებთ, დასკვნებს გამოიტანთ და გაკვეთილზე სისტემური, არგუმენტირებული ცოდნით შეიარაღებული შეხვალთ. ჰოდა, წარმოდგენა აღარ გჭირდებათ, ასეთი სივრცე უკვე არის  –sml.corpora.co – სცადეთ, არ ინანებთ!

დიეგო და ედსონი

0

პელესა და მარადონას ურთიერთდაპირისპირებაზე, ამ ორი ფეხბურთელის შედარებასა და ხელ–ფეხის დატოლებაზე თითქმის აღარავინ წერს. ეს ის თემაა, რომელიც იმდენად გადაიღეჭა და გაიცრიცა, რომ ქარაგმული ფანტაზიის მოშველიებითაც კი ვერაფერს იტყვი ახალსა და ამაფორიაქებელს. მაგრამ, სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ორი ადამიანი მაინც მუდამ “ფეხებში გებლანდება“ (ფეხებში ვინ ვის ებლანდება, ეგეც საკითხავია) და ბედის უცნაური დამთხვევით 2010 წელი ორივე ამ ადამიანისთვის საიუბილეოა, და თან როგორი საიუბილეო…

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. პელე კი 20 წლით ადრე – 1940 წლის 23 ოქტომბერს. 20 წელიწადი და ზუსტად ერთი კვირაა სხვაობა ორ კაცს შორის, რომელთა ბედიც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ასე გადაეჯაჭვა ერთმანეთს. სადაც პელეს ვახსენებთ, იქ მარადონაც წამოჰყოფს ხოლმე თავს და  მარადონას ხსენებაზეც ჩვენდაუნებურად პელეს სახელი გვიტივტივდება გონებაში.

პელეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მარადონას თამაშიც კი ბევრ ახალგაზრდა ქომაგს ტელევიზორის და უფრო ყოვლისშემძლე ინტერნეტის საშუალებით თუ უნახავს, მაგრამ ამ ორი კაცის “შიშით“ ვერა ფეხბურთელი დუნიაზე ვერ გაიჭაჭანებს ისე, რომ პელეს ან მარადონას არ შეადარონ.

“აგი ნამეტანი კაი ბიჭია, დარტყმაც იმფერი აქვს, კაცს რო გოუხარდება, მარა მაინც პატარაა ჯერე და ნამეტანი მეეჭვება, მაი რომ მარადონობამდე გეიქაჩოს“,  –  ლეო მესიზე ამბობს ვაგზლის ბაზრობაზე მოვაჭრე გურული კაცი და თან კონსერვებით სავსე ყუთებს ხვნეშით ალაგებს თაროზე. კაკას ტალანტით აღფრთოვანებული ახალგაზრების დასაშოშმინებლად, სოლოლაკელი მესაათე ბაბუა კი ირონიულად იცინის და ამბობს: “თქვენ რო კაცმა გისმინოთ, კაკას იქით კაცნი არ იყვნენ. პელემ რაც გოლები შეაგდო, იმის ნახევარი მაინც გაიტანოს მაგ  კაკამ, მარა სადა აქვს მაგას მაგდენი შნო. მაგასა და კიდევ იმ თავგასიებულ ინგლისელს – რუნია თუ ვიღაც ოხრობა. მაგარიაო ყველა მაგას იძახდა და აგერ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაღა მაგას ეთამაშოს და რაღა მე გამოვსულვარ “ულიცაში“ ნიფხავიანი“.

ზოგისთვის ეს “პელემარადონიზმი“ ერთგვარი ასაკობრივი კლიშეა და სხვა არაფერი, რადგან ადამიანებს ყველაზე მეტად ის დრო და შესაბამისად იმ ეპოქის ფეხბურთელები უყვართ, როდესაც თავად იყვნენ ჯეელები და რადიომიმღებსა თუ ტელევიზორებს გაფაციცებით მისხდომოდნენ, საფეხბურთი სოახლეების მოლოდინში. სიბერეში ახლანდელი ჯეელებიც ალბათ ყველა ახალ ტალანტს ზიდანს, მალდინსა თუ რონალდუს შეადარებენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათთან ერთად ისინიც ყველაფერს მარადონასა და პელესთანაც დააკავშირებენ. ეს ორი ლათინოსი ფეხბურთელი არიან ხალხი, რომელთაც მათი კარიერის დასრულების შემდეგაც კი ვერსად ვერ წაუხვალ და გაექცევი. ყველგან მოგაგნებენ და გიპოვნიან, რადგან დედამიწის უმიყრუებულეს კუნჭულშიც კი, სადაც ადგილობრივთა შვილები მამების მიერ მოკლული კოიოტის კბილებით თამაშობენ, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელსაც პელესა და მარადონას შესახებ ეცოდინება.

შორს წასვლა რად გვინდა, ოთხი წლის წინ ლიახვის ხეობის, რუსების მიერ მაშინ  ჯერ კიდევ დაუნგრეველ სოფელ თამარაშენში, მინახავს სატვირთო ავტომანქანა “გაზიკის“ მძღოლი, რომელსაც მანქანის კაბინის უკანა კედელზე ნახევრად შიშველი დიაცების ფოტოების გვერდით პელესა და მარადონას ფოტოები ჰქონდა  გაკრული. მახსოვს, მაშინ ძალიან გამაკვირვა ამ ორი მტრად გადაკიდებული კაცის ფოტოსურათების გვერდიგვერდ ხილვამ. მძღოლმა კი ამიხსნა, რომ თავად მარადონას გულშემატკივარი იყო, მისი “სმენა“, ვინმე იაგო კი, რომელიც 60 წელს გადაცილებული კაცი იყო, თავის დროზე პელეს გულშემატკივრობდა. ჰოდა, რაკი პატივცემულმა იაგომ დაინახა, რომ მისმა შემცვლელმა დღისით და მზისით, მანქანის კაბინაში, პელეს გამაბაიბურებელი მარადონას ფოტო ჩამოაკონწიალა, მივიდა სახლში, კედლიდან ვაი–ვაგლახით ააძრო ჯერ კიდევ 60–იან წლებში გაკრული და სიძველისაგან კედელს შეზრდილი პელეს ფოტო, მივიდა და მარადონას ვერდით მიუჩინა ადგილი. ეს იყო ამ ორ ადამიანს შორის ერთგვარი უტყვი შეთანხმება. ან ორივე ერთად – ან არცერთი!

ქალბატონი მერი 

0

„არაფერია ამ ქვეყანაზე – ადამიანურ სითბოსა და სიყვარულზე უკეთესი“

      მ. დავითაშვილი    

იგი არსენას ქუჩის ჩიხში, ხის ფართო აივნით ეზოში გამავალ ძველებურ კოხტა, თბილისურ სახლში ცხოვრობდა. ვაზით დაბურულ აივნიან სახლთან ორი – თუთისა და კაკლის ხე იდგა. სამხრეთის მხრიდან სახლის ყრუ კედლის გამო მცხოვრებლებისთვის მზე მუდამ სანატრელი იყო. ერთხელაც, ნება დართვით, სამხრეთის კედელში გისოსებიანი ფანჯარა გაიჭრა. სწორედ ეს ფანჯარა პატარა მერის ოცნების ადგილად იქცა. გაზაფხულზე თეთრად აყვავებულ, შემოდგომაზე წითელ-ყვითელი ფოთლებით მორთულ, ზამთარში კი ფაფუკი თოვლით დაფარულ ხეს მონუსხული საათობით გაჰყურებდა. ამ ხეს გაუღვიძებია მასში ბუნების სიყვარული, სილამაზის შეგრძნება და გემოვნება. აი, მუსიკის სიყვარული კი ოპერა „აბესალომ და ეთერმა“ მოუტანა… წარმოდგენას გაოგნებული რომ უსმენდა და უყურებდა.

„პირველი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში იმით დამამახსოვრდა, რომ ინსტრუმენტთან მჯდარს ფეხები ჰაერში დამრჩა დაკიდებული და დარბაზმა სიცილი დამაყარა. ამას ყურადღება არ მივაქციე და ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე. სცენიდან გამოსვლისას მასწავლებელი კარებთან დამხვდა კანფეტების დიდი პარკით ხელში. იმისთანა გემრიელი კანფეტი მერე აღარ მიჭამია“, – იხსენებს მერი დავითაშვილი, ბავშვების საყვარელი კომპოზიტორი. (რა დასამალია, და ღია კონცერტებზე ჰაერში დარჩენილი ფეხების გამო მეც არაერთხელ გავმხდარვარ მსმენელთა გამხიარულების „მსხვერპლი“. სამაგიეროდ, სცენიდან ჩამოსვლა აღინიშნებოდა აპლოდისმენტებითა და დაუსრულებელი შეკითხვებით – „ვინ იყო ჩემი მასწავლებელი“).

როდესაც მასწავლებელმა პატარა მერის პირველი ნაბეჭდი სანოტო მასალა გადასცა, მაშინვე გაუჩნდა სურვილი ამგვარი რამ თავადაც დაეწერა. ყოველგვარი წესების უგულებელყოფით გაჩნდა ვაშლებივით მრგვალი ბგერებისგან შექმნილი პირველი საფორტეპიანო პიესა – „ნოტი“. ეს ბავშვური „ოპუსი“ მერიკოს მამას დიდი სიფრთხილით შემოუნახავს.

 

1934 წელი

თბილისური ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, 10 წლის მერი მშობლებთან ერთად მცირე ხნით ქუთაისში დასახლდა. საქართველოს ეს უძველესი და უმშვენიერესი ქალაქი მისი მეორე მშობლიური ქალაქი გახდა, სადაც შვიდი საუკეთესო წელი გაატარა.

შთაბეჭდილება, რომელიც 10 წლის მერიზე უძველესი ტრადიციების მქონე ძალზე კოლორიტულმა ქუთაისმა მოახდინა, იყო მარადმწვანე ბაღებში ჩაფლული, საოცრად მშვიდი, ლამაზი და კოპწია ქალაქი; ეკლარის თეთრი ქვით ნაშენი ძველისძველი სახლებით, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული, მოკირწყლული ქუჩაბანდებით, მთაზე დიდებული ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით.

„ძველ უბნებში კიდევ იყო შემორჩენილი წვრილ-წვრილი სახელოსნოები, მჭედლების, ხარაზების რიგები. ქუჩაში ცხენი და ეტლი ბატონობდა. მწვანე ბაზარში წონის ერთეული – ოყა მოქმედებდა, ხილი კალათებით იყიდებოდა, ყურძენი – ჩოჩიალა ურმებით“, – ვკითხულობთ მ. დავითაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

 

სკოლა

ქალაქის ცენტრში, ყოფილ წმინდა ნინოს გიმნაზიის შენობაში ლამაზი, სუფთა სასწავლო ოთახებითა და ბერძნული ქანდაკებებით მორთული დერეფნებით პირველი სანიმუშო სკოლა მდებარეობდა. ამ სკოლაში კარგ პედაგოგებთან ერთად მეგობარი ბავშვებიც საუკეთესონი იყვნენ, მათ შორის, მომავალში მერის დიდი მეგობარი, შესანიშნავი პოეტი – ანა კალანდაძე (ანას ლექსებზე ბევრი უმუშავია. მის ყურადღებას ყოველთვის შემოქმედებითი მუხტის მქონე ტექსტები იპყრობდა). მერისთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი უდედმამო ყმაწვილის ნიჭიერება მახვილსიტყვიერებითა და გამომგონებლობით. მისი წყალობით სკოლაში თურმე ისე ერთობოდნენ, გაკვეთილების გაცდენა თავში არავის მოსდიოდა. განსაკუთრებით ერთი ასეთი ეპიზოდი დაამახსოვრდა: „მე კლასკომად ამირჩიეს და, ჩემი ჭკუით, ცელქი ბავშვების „მოთვინიერებას“ ვცდილობდი. იმხანად წავიკითხე ფრანკლინის დღიურები, სადაც ავტორი მკითხველს სთავაზობს აღზრდის საშუალებად დღიურების წერა გამოიყენოს. ეს მეთოდი ჩემს მეგობრებს შევთავაზე; და აი, თენგიზ კოსტავამ შესანიშნავი დღიური მოგვიტანა, სადაც იუმორისტული ფორმით იყო მოთხრობილი ჩვენი გეოგრაფიის გაკვეთილი. „ჩყპყ წელსა, ქორონიკონსა ჯღ, თუესა ოქტომბერს, რიცხვსა 28 მოხდა ამბავი ესე. ოდეს ვიმყოფებოდით ტაძარსა შინა გეოგრაფიისასა (მუნ ჭირი გაერიოს მეცნიერებას ამას), მწურთნელმან ჩვენმან მეფემან თამარ განიძახა რუქასა თანა არიფი ჩუენი სეფე. ოდეს მეფე ამას განიზრახებდა, შეექმნათ ცილობა და ფხუკუნი არიფთა ჩემთა თეკლე მესხსა და დანიელ თალაკვაძეს. მეფემან დასაჯა იგინი და განაგდო დერეფანს შინა. ამავე დროს არიფსა ჩემსა გოგიას აღმოხდა: „მესხი წამოყუდებულა, ვითარცა ტროსტი ბლაღოჩინისა. ამის გამგონე მეფემან თამარ განაგდო დერეფანსა შინა გოგიაც. შემდგომა ამის, რა მეფემან დათვლა დერეფანსა შინა მყოფნი და რამეთუ რიცხვი ესე აღმოჩნდა კენტი, რიცხვისა ამის გასალუწებლად ბრძანა: „კოსტავა გადი გარეთ“. და მე გავედი, ვითარცა ბერი უცოდველი უდაბნოსა შინა“.

მერი დავითაშვილს მუსიკალური განათლება ქუთაისის სამუსიკო სკოლა-ტექნიკუმში გაუგრძელებია. ეს სკოლა, კოხტა საკონცერტო დარბაზითა და თეთრი, ქათქათა ბეხშტეინით ქალაქის ერთ-ერთ რაიონში – ბალახვანში, რიონის პირას მდგარა. და აქ, ღია აივნის კუთხეში, ძველებურ სავარძელში მყუდროდ მოკალათებული სათნო მოხუცი თავის საყვარელ ქალაქს ოცნებით გაჰყურებდა და რიონის მშფოთვარე შხუილს ისმენდა. ეს სანდომიანი იერის ადამიანი სამუსიკო სკოლა-სასწავლებლის დირექტორი, გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორი – მელიტონ ბალანჩივაძე ყოფილა.

 

მოგზაურობა  

სად ჰქონდა ფესვები ან ვინ იყვნენ მისი წინაპრები? მთელი ცხოვრება თავისი კუთხისა და ქვეყნის ისტორიით დაინტერესებულს მიაჩნდა, რომ ამგვარი ინტერესი ყოველი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა ყოფილიყო. ქ-ნი მერი მამას მადლიერების გრძნობით იხსენებს, რომელმაც პატარაობიდანვე შეაჩვია ბუნებაში ხშირ გასვლას. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ღვთისაგან კურთხეულ ქვეყანაში – საქართველოს განუმეორებელ კუთხეებში მოგზაურობდა. „მოგზაურობისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ეს საოცარი სილამაზე ვერ ეტევა ერთი ქვეყნის საზღვრებში. ეს მრავალფეროვანი სილამაზე თავის ყოველ გამოვლენაში განუმეორებელია, განუმეორებელია და სახიერი“, – ბრძანებს ქ-ნი მერი.

დასამახსოვრებელი იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა – ცხრაწყაროზე ამომავალ მზესთან შეხვედრა, რომელიც ქ-ნ მერის მამამ ოჯახისა და მეგობრებისთვის მოაწყო.

„აგვისტოს ერთ მზიან დღეს ბაკურიანში ავედით. ღამის 3 საათზე საბარგო მანქანაში ძარაზე ჩავსხედით და ჰაიდა! – ცხრაწყაროსკენ! უკუნ ღამეში ავედით უღელტეხილზე. ქედი ფეხით უნდა მოგვევლო, რათა მისი აღმოსავლეთის ქიმამდე მიგვეღწია. საკმაოდ ციოდა. გავუდექით გზას ღამეში. ფანრებით ვინათებთ კლდოვან სახიფათო გზას. როგორც იქნა, მივაღწიეთ გადასახედამდე.

ვიყურებით აღმოსავლეთისკენ… უკუნი სიბნელეა… არაფერი ჩანს… კარგა ხნის შემდეგ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო – საოცრება!

ჯერ სიბნელე ნელ-ნელა გაირღვა. შავი ფერი სხვადასხვა სიმუქემ შეცვალა. გაჩნდა მუქი-ლურჯი, მუქი-იისფერი, მუქი-მწვანე ფერები. ეს მთები და ხეობები შეფერადდნენ. სიბნელემ ფერთა ფანტასმაგორია წარმოშვა.

უცებ ჩვენ წინ ბნელ ცაზე განათდა წითელი ხაზი და თოკივით გაიჭიმა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.  ეს კავკასიონის მწვერვალები შეფერადდნენ წითლად. შემდეგ ამ ცეცხლოვან თოკზე „ამოხტა“ ცეცხლისფერივე ბურთულა და ისევ უკან „ჩახტა“ – წითელ თოკზე ჯამბაზივით დაიწყო ხტუნვა. ეს მზის პირველი სხივი თამაშობდა. მერე ნელ-ნელა მზეც ამოიწვერა და მთელი მიდამო – მთები, ხეობები – სხვადასხვანაირად გაანათა. ჯადოსნური ხილვა ჩქარა დამთავრდა, როცა ჰორიზონტზე სრულად ამობრწყინდა დიდებული მზე!

ღმერთო! რამდენი რამაა საქართველოში სანახავი!“ – ასე ხატოვნად გვიზიარებს შთაბეჭდილებას ქ-ნი მერი.

 

„კინოსტუდია“

ქ-ნი მერი კინოსტუდიაში 1956 წელს მიუწვევიათ. მას ოცამდე მულტიპლიკაციური ფილმი აქვს მუსიკალურად გაფორმებული. საუკეთესო რეჟისორებთან ერთად შეიქმნა შესანიშნავი საბავშვო ფილმები „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „მტრობა“, „ნახევარქათამა“ და სხვა.

მერი დავითაშვილი საკუთარ გამოცდილებაზე: „მულტიპლიკაციის მუსიკაზე მუშაობა მოითხოვს, რომ მოზაიკურად აწყობილი ეპიზოდები არ იყოს მოკლებული მთლიანობას, ლოგიკას, იყოს გამართული ფორმის მხრივ და თანაც ავტორისეული ხელწერაც უნდა იგრძნობოდეს“.

კომპოზიტორი კინოსტუდიაში გატარებულ წლებს საკმაოდ რთულს და ბედნიერს უწოდებს, სადაც უდიდესი სკოლა გაიარა. დიდი ბედნიერება იყო ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის სიმფონიურ ორკესტრთან, გუნდთან, შესანიშნავ სოლისტებთან, დირიჟორთან შემოქმედებითი ურთიერთობა. აქ მიღებული საკომპოზიტორო ტექნიკა შემდეგში ოპერის რთული ჟანრის ასათვისებლად გამოადგა.

 

„ოპერა“

მერი დავითაშვილისთვის ოპერის თეატრი – ხელოვნების მშვენიერი ტაძარი მუდამ თაყვანისცემის საგანი ყოფილა. თეატრში თურმე თითქმის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა.

როგორც კომპოზიტორი იხსენებს, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ქუჩაში მეგობარს, იმჟამად ოპერის თეატრის დირექტორს, კომპოზიტორ არჩილ ჩიმაკაძეს შეხვედრია. როცა თეატრის დირექტორმა საუბრიდან მისი ოპერაზე მუშაობის შესახებ შეიტყო, სცენაზე დადგმა შეუთავაზებია. „რომ იტყვიან, გარჯით თავი მოვიკალი და დათქმულ დროზე შევედი ჩემს სათაყვანებელ საოპერო თეატრში ახალი ნაწარმოებით“. დადგმის პროცესში გარკვეულა, რომ ეს „საბავშვო“ ოპერა „ქაჯანა“ სრულებითაც არ აღმოჩენილა ადვილი დასადგმელი. მიუხედავად ამისა, პრემიერას (1966 წ.) დიდი წარმატებით ჩაუვლია.

მეორე სპექტაკლისთვის კომპოზიტორს ხალხური ზღაპრის – „ნაცარქექიისთვის“ მიუმართავს. „ენით აუწერელი სილამაზის ზღაპრული გარემო შექმნა უნიჭიერესმა ქართველმა მხატვარმა მამია მალაზონიამ ჩემს ოპერა „ნაცარქექიაში“, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი, განსაკუთრებით ბავშვები. პატარებს აოცებდათ ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი სულელი დევები, ნაცარქექიას ოინბაზობა და შუა სცენაზე ჯაჭვზე ჩამოკიდებულ გალიაში მჯდომი ლამაზი, მტირალა მზეთუნახავი. მართლაც ფანტასტიკური სანახაობა იყო. „ნაცარქექიას“ დიდი წარმატება ხვდა წილად. წარმოდგენა წლის საუკეთესო სპექტაკლად გამოცხადდა. პრესა გულუხვი აღმოჩნდა მის მიმართ. მე მუსიკისთვის რუსთაველის სახელობის სახელწმიფო პრემია მივიღე. წლების განმავლობაში იგი სულ ანშლაგით მიმდინარეობდა“, – სიამაყით იხსენებს კომპოზიტორი.

„მერი დავითაშვილის „ნაცარქექიის“ დადგმა უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი თეატრის ცხოვრებაში. ეს არის ნამდვილი საბავშვო ოპერა თავისი განუმეორებელი საზღაპრო სურნელით, წმინდა ხალხური სიბრძნითა და მორალით…“ (ნოდარ ანდღულაძე).

 

„ბავშვები“

ბავშვებთან მისასვლელი გზა მაშინ გაიხსნა, როცა ქ-ნ მერის შვილი შეეძინა. ეს გზა მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო ლექსების წიგნით დაიწყო. მოწონებული ლექსებიდან საბავშვო სიმღერების კრებული: „დილა მშვიდობისა“ და „სათამაშოების სიმღერები“ ერთი ამოსუნთქვით დაწერილა. წერის პროცესი მაგიდის ქვეშ მოთამაშე პატარა მამუკასთან ერთად მიმდინარეობდა. ბუნებრივია, სიმღერების პირველი მსმენელი და პირველი შემსრულებელიც ის გახდა. ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები ბავშვებმა სწრაფად აიტაცეს და მალე რადიოს საბავშვო გადაცემების ხელშეწყობით მთელ ქვეყანაში გავრცელდა.

„თუ არა მერის სიმღერები, ჩემს ლექსებს, რა თქმა უნდა, ამდენი პატარა მეგობარი არ ეყოლებოდა“ (მაყვალა მრევლიშვილი).

 

ნამუშევრები

მერი დავითაშვილის ნაწარმოებთა შორისაა მუსიკა თეატრისთვის, სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, საგუნდო მუსიკა, საბავშვო სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისათვის, მუსიკა თოჯინების თეატრისათვის, მუსიკა კინოსთვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მერი დავითაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოები „ხორუმი“. ქართველი პიანისტის გიზი ამირეჯიბის თაოსნობით ის შეტანილ იქნა კონკურსის სავალდებულო პროგრამაში. საბედნიეროდ, „ხორუმი“ დღემდე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სრულდება და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. 2010 წელს თამარ ლიჩელმა „ხორუმი“ იტალიის საერთაშორისო კონკურსზე შეასრულა და გრამ პრის პრემიასთან ერთად ცალკე პრიზიც დაიმსახურა.

 

„შეფასებები“

„ქართული მუსიკის ისტორიაში მერი დავითაშვილმა თავისი ნიშა იპოვა და ამით ქართველ კომპოზიტორებს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავა. ეს საბავშვო მუსიკაა. ქართული საბავშვო მუსიკის შესახებ ჩვენი შთამომავალნი წარმოდგენას ალბათ მერი დავითაშვილის შემოქმედების საფუძველზე შეიქმნიან, იმდენად რამდენადაც მისი ნაწარმოებები ამ ჟანრის სრულ პანორამას ქმნიან, სიმღერიდან დაწყებული ოპერით დამთავრებული.

(მარინა ქავთარაძე)

 

„კომპოზიტორმა იცის,  რაოდენ რთულია ოპერის დაწერა, ნურავინ იფიქრებს, თითქოს საბავშვო ოპერა უფრო ადვილი ჟანრი იყოს. განა შემთხვევითია, რომ თითებზე ჩამოსათვლელია კარგი საბავშვო ოპერები? ამ უკანასკნელთა რიცხვს კი ახლა უთუოდ შეემატა დავითაშვილის „ნაცარქექეია“.

(ანდრია ბალანჩივაძე)

 

„მერი დავითაშვილს, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მარტო მუსიკალური წრეები, შეიძლება ითქვას, რომ მას იცნობს მთელი საქართველო, იცნობს ქართველი ხალხი იმიტომ, რომ მისი საოცრად სადა და სათნოებით სავსე მუსიკა თითქოს აკვნიდანვე თან სდევს ჩვენს პატარებს, იმიტომ,  რომ მისი ნაწარმოებები უწინარესად კი, კლასიკად ქცეული საბავშვო სიმღერები ნორჩი თაობების მხატვრული აღზრდის განუყოფელ ნაწილად იქცა“.

(გულბათ ტორაძე).

 

P.S. მდიდარი მუსიკალური კულტურის მიუხედავად, ქართული საბავშვო მუსიკალური ლიტერატურა, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნდა და ბავშვები ძირითადად რუსულ მუსიკაზე იზრდებოდნენ. ქალბატონი მერის საბავშვო მუსიკალურმა სამყარომ კი მომავალში მთელი თაობები გამოზარდა.

და ერთიც, ქ-ნი მერის დიდი ინტერესის აღმძვრელმა ავტობიოგრაფიულმა წიგნმა განაპირობა ამ გამორჩეული კომპოზიტორის თქვენთვის ახლოს გაცნობა.

 

არ ატკინო…!

0

მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი სტატია, ჩემი ჭკუა-გონების შვილი იყოს ყველა სტატიაზე მშვენიერი, ყველაზე სასიამოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელ საგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.

აი, კითხვა დაიწყეთ და გაიფიქრეთ, ვინ არის ეს მოცლილიო?

მე კი  მტკივნეულ თემაზე საუბრის წინ ხუმრობით სერვანტესის უკვდავი წიგნის შესავლის პერიფრაზის გაკეთება ვცადე:

„მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი, ყველაზე სასიამოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ…“

ეს წიგნი ლიკანში არდადეგებზე წავიკითხე. შემდეგ, სკოლაში დაბრუნებისას, რატომღაც გეოგრაფიის მასწავლებელი დაინტერესდა, აბა ვინ რა წაიკითხეთო. მეც ხელი ავწიე და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, „დონ კიხოტი“-მეთქი გამოვაცხადე. რა საინტერესოაო, თქვა მასწავლებელმა. აბა რამე მოყევიო…

„…ლამანჩის რომელიღაც სოფელში – სახელის მოგონება არა მსურს, არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო – იმათთაგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს შეადგენს მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი. ეს იდალგო ძალიან უბრალო ცხოვრებას ეწეოდა: ბევრჯერ სადილად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ცხვრის ხორცს კი იშვიათად მიირთმევდა, თითქმის ყოველ ვახშმად ვინეგრეტს გეახლებოდათ, შაბათობით ქონიან ტაფამწვარს, პარასკევობით ოსპის შეჭამანდს, და კვირაობით კი…“

მობეზრდა იდალგოს ასეთი უბადრუკი ცხოვრება და:

‘’… მეტად საჭიროდ მიიჩნია, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნის ქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნად ეხეტიალნა…“   გვერდით ერთგული მსახური სანჩო პანსა ჰყავდა. ერთ დღესაც მორიგი ფათერაკის შემდეგ კარგად გვარიანად მიბეგვილები სადღაც ეყარნენ და ოდნავ აზრზე მოსულმა დონ კიხოტმა სანჩოს გამხნევება სცადა:

„- სანჩო, არ არსებობს ისეთი უბედურება, რომელსაც დრო ვერ წაშლის და არ არსებობს ისეთი ტკივილი, რომელსაც სიკვდილი ვერ განკურნავს“.

„- ვაი, იმ უბედურებას და ვუი, იმ ტკივილს, რომელსაც სიკვდილი განკურნავს…“, – იყო სანჩოს პასუხი.

როგორ შეიძლება ადამიანს ატკინო? სიტყვით ან ფიზიკურად.

როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვით ატკინო? უთხრა, რომ ცუდად გამოიყურება? ან წონაში მოიმატა? ან ავადმყოფურად გამხდარია?

აი, წარმოვიდგინოთ, რომ მე მითხრა ვინმემ. არაფრად ჩავაგდებ.  თუ სიმართლეა, მის გარეშეც მეცოდინება და საქმის გამოსწორების გეგმაც მექნება თავში. თუ სიმართლე არ არის და ისე დასაგესლად მეტყვის, მით უმეტეს, გამეცინება.

უთხრა, რომ რაიმე სფეროში არაფერი გაეგება? მერე რა, ეს ხომ ისედაც ეცოდინება და არც არის აუცილებელი ყველაფერში ერკვეოდეს. მთავარია, თავის  საქმეში იყოს პროფესიონალი.

თუმცა ამას წინათ სიტყვით ტკენის ისეთი გასაოცარი ფაქტი მოვისმინე, რომ ტელევიზორის ეკრანის წინ გამტკნარებულიღა ვიჯექი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტელევიზორს ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად უყურებ, მაგრამ იმ დღეს თავისუფალი დრო მქონდა და პულტით არხიდან არხზე გადავდიოდი. „დღის შოუში“ ერთმა ახალგაზრდა ქალმა (ვინაობა სამწუხაროდ არ ვიცი, უკვე დაწყებულზე გადავრთე) მიიქცია ჩემი ყურაღება.

საქმე ასე ყოფილა… პროფილაქტიკისთვის საქართველოში ძალიან ცნობილ მამოლოგთან წასულა. იმას კიდევ ერთი მკერდის დათვალიერებისას თავი აქეთ-იქეთ უქნევია და უთქვამს ეს მოსაჭრელიაო… რას ბრძანებთო, შეწუხებულა პაციენტი, აბა კარგად ნახეთ, იქნებ ნაჩქარევიაო თქვენი განაჩენი. პასუხად ექიმს ერთი შეუხედავს (ალბათ, მზერით  უნდოდა ეთქვა, რომ მას არასდროს არაფერი ეშლება) და უპასუხია, აბა მეორე ვნახოთო… ჰმ… ესეც მოსაჭრელიაო…

მოკლედ, ხვალ ამა და ამ დროს გელოდებით და ოპერაციას დავგეგმავთო.

რა იოლი სათქმელია, არა? ახალგაზრდა ქალს ორივე მკერდის მოჭრაზე რომ მიგიწვევენ.

თუმცა ამ ქალბატონს ეს ცნობილი ექიმი სხვასთან  გადაუმოწმებია და დასმული დიაგნოზი არ დადასტურებულა. ამ ინციდენტის შემდეგ კი წლები გასულა და ჯანმრთელი და ლამაზი სტუდიაში იჯდა, ამ სევდიან ამბავს იგონებდა. თუმცა ექიმის გვარი არ დაასახელა, არადა, ჩემი აზრით, უნდა თამამად და ხმამაღლა ეთქვა, რომ ყველას სცოდნოდა და ახლოს არავინ  გაკარებოდა (მის ადგილზე მე სწორედ ასე მოვიქცეოდი). ვინ იცის, რამდენ ქალს ჯერ სიტყვით ატკინა  და   სიტყვით დათესილი ტკივილი თეთრად გათენებული ღამეების შემდეგ ქირურგის დანით მოიყვანა სისრულეში.

ეს ყველაფერი იქეთ იყოს, მაგრამ ეს ოხერი სიმსივნე გრიპივით გავრცელდა ბოლო დროს. მთავარი მიზეზი სტრესიაო… არ ინერვიულოთო… თითქოს ასე იოლი საქმე იყოს ემოციების გარეშე ცხოვრება. სხვა უბედურება კიდევ ის დაბინძურებული გარემოა, სადაც ცხოვრება გვიწევს.

ექიმი არ ვარ, მხოლოდ ქიმიკოსი, ოღონდ ახლა სამ პროდუქტზე (სხვა პროდუქტებიც არსებობს, თუმცა მათზე სხვა დროს იყოს) მინდა დავწერო, რომელთა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა კარგი ნიადაგი შეუქმნას… არ დავწერ, თავადაც ხვდებით რასაც.

ეს კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტში შარშან ჩაუტარებიათ. მე კი მის შესახებ ერთ გადაცემაში მოვისმინე. მეცნიერთა აზრით, არასასურველი ნიადაგის შემქმნელი ერთ-ერთი პროდუქტი ხორცია. უფრო, რომ დავაკონკრეტოთ ზედმიწევნით კარგად შემწვარი ხორცი. აქ მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ცხიმში  შეწვის დროს წარმოიქმნება პოლიციკლური ნახშირწყალბადები, რომლებიც    სარძევე ჯირკვლის ქსოვილში გროვდებიან და შესაძლოა პათოლოგიური  ცვლილება და კიბოს განვითარება გამოიწვიონ.

ხაზი იმაზეც იყო გასმული, რომ სულ უფრო მეტ ქვეყანაში კუნთოვანი მასის გასაზრდელად საქონლის ორგანიზმში ზრდის ჰორმონი შეყავთ. ასეთი ხორცის, თან შებრაწულის,  ხშირად (ყოველდღიურმა)  მიღებამ კი შესაძლოა ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს და სიმსივნის გასავითარებლად კარგი ნიადაგი შექმნას.

მეორე პროდუქტია მარილი და არა მხოლოდ… აქვე შედის ყველაფერი, რაც მარილს შეიცავს, მწნილი, ყველი, ძეხვეული. ადრე მარილზე ორჯერ დავწერე და ისიც აღვნიშნე, რომ ნარკოტიკადაც კი იყო აღიარებული, რადგან მიჩვევას იწვევდა და მის გარეშე საკვები უგემური ეჩვენებოდათ.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები ნერვული უჯრედების ფუნქციონირებასა და იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტერებიც არიან. თუმცა იგივე  ნატრიუმი  ქსოვილებში წყალს აკავებს, მათ შორის მკერდის ქსოვილშიც.

ზემოთ ნახსენებ კვლევაში ასეთი ტერმინი იყო აღნიშნული – მასტოდენია, რაც მკერდში ტკივილს, დისკომფორტს ნიშნავს და შეკავებული სითხით არის გამოწვეული.

სწრაფი შაქარი, ანუ პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით. მათი ყოველდღიური მიღებით ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მყისიერი მომატებული რაოდენობა) ვითარდება. გამომუშვდება ინსულინი, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას უწყობს ხელს. ეს მკერდის ზომის გაზრდასაც იწვევს, არა თვითონ ჯირკვლის ხარჯზე, არამედ ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. ჰოდა, გარდა იმისა, რომ მკერდი ფორმას კარგავს, პათოლოგიური პროცესებისთვისაც კარგი ნიადაგი იქმნება.

ამ ყველაფერს დაამატეთ საოცრად დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, საეჭვო სისუფთავის პროდუქტები და სტრესი, სტრესი, სტრესი, რომლითაც ცხოვრება ყოველ დღე გვიმასპინძლდება.

ტკივილზე ვწერდი…

ტკივილი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვაა, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების რეფლექტორული ცვლილება ახასიათებს. ხანგრძლივი ტკივილის დროს იცვლება სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია… იმდენად მრავალმხრივი შეგრძნებაა, რომ მსოფლიოში მისი შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციაც კი არსებობს. მათი განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა ჭეშმარიტ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა.

ადამიანებო, ფრთხილად მოექეცით სხვა ადამიანებს… არ ატკინოთ…

მასწავლებელო, ფრთხილად მოექეცი მოსწავლეს… არ ატკინო…

პოლიციელო, ფრთხილად მოექეცი უდანაშაულო მოქალაქეს… არ ატკინო…

დირექტორო, ფრთხილად მოექეცი  თანამშრომელს… არ ატკინო…

ექიმო, ფრთხილად მოექეცი პაციენტს… არ ატკინო…

მთავრობავ, ფრთხილად მოექეცი შენს ხალხს… არ ატკინო…

 

„ … ფრთხილად, ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას…

… ჩემს დაფარულ გულის ძგერას ნუ შეარხევ… იყავ ფრთხილად!“ (გალაკტიონი).

 

 

 

 

ცნობილი ადამიანების წარუმატებლობანი

0

ფიზიკის, ქიმიისა თუ ბიოლოგიის გაკვეთილებზე მასწავლებლები ხშირად იშველიებენ ცნობილი მეცნიერების წარმატებულ ისტორიებს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა კი ივარაუდეს, რომ ბავშვებისათვის არანაკლებ სასარგებლოა იმ სირთულეების ცოდნა, რომელიც ცნობილმა ადამიანებმა კარიერის აწყობის დროს დასაზოგადოდ, ცხოვრების განმავლობაში გადალახეს.

თემატურ კვლევაში ნიუ-იორკის ღარიბულ კვარტალებში მცხოვრებმა 402 მეცხრე და მეათეკლასელმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეთა საშუალო ასაკი (ვაჟების 60%-ი და გოგონების 40%-ი) 16 წლის იყო. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს სახელმძღვანელოდან წასაკითხად მისცეს ჩვეულებრივი ტექსტი, სადაც სამი მეცნიერის – ალბერტ აინშტაინის, მარი კიურისა და მაიკლ ფარადეის მიღწევები იყო აღწერილი. მეორე ჯგუფს ერგო ტექსტი ამავე მეცნიერის მიერ ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ. მესამე ჯგუფის ტექსტი კი ამ სირთულეების გადალახვის გზებს აღწერდა.

კვლევის დაწყებამდე მოსწავლეებმა ფსიქოლოგიური ტესტირება გაიარეს. სპეციალისტებმა  დაადგინეს მათი ზოგადი წამოდგენა თანდაყოლილი ნიჭის, ინტელექტისა და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე მოსწავლეებმა კვლავ გაირეს ტესტირება, ასევე, მკვლევარებმა შეაფასეს ის, თუ როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში კვლევაში ჩართულ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.

აღმოჩნდა, რომ უფროსკლასელებში, რომლებსაც ცნობილი ადამიანების პირადი და პროფესიული სირთულეების აღმწერი ტექტსი დარიგდა, თვალშისაცემად გაზრდილიყო ნიშნები ბუნებისმეტყველების საგნებში (განსაკუთრებით დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებში). ამ ჯგუფის აზრით, ცნობილ ადამიანთა წარმატება განპირობებული იყო არა მხოლოდ მათი ნიჭიერებით, არამედ დაუღალავი შრომით.

„თუკი ბავშვებს მიაჩნიათ, რომ აინშტაინი გენიოსია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვეულებრივ ადამიანთან, ცხადია, არც იმის სჯერათ, რომ მეცნიერებაში რამეს მიაღწევენ. ბევრს არ ესმის, რომ გზა წარმატებისკენ ხანგრძლივი და რთულია, წინააღმდეგობებით და წარუმატებლობებით აღსავსე. მათთვის მეცნიერება არ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ისინი სკოლის პროგრამას ბუნებისმეტყველების საგნებში ფაქტების ჩამონათვალად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ამ ფაქტების დამახსოვრებაა საჭირო,“ – ამბობს კვლევის მთავარი ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული  მასწავლებელთა კოლეჯის პროფესორი სიაოდუნ ლინ-ზიგლერი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ერთნაირად რეაგირებდნენ ტექსტზე, სადაც მეცნიერების პროფესიული სირთულეები იყო აღწერილი.  კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ნებისმიერი სახით ინფორმაცია ცნობილ ადამიანებზე ეხმარება მოსწავლეებს ცნობილ ადამიანში დაინახონ არა იდეალური ზეპიროვნება, როგორადაც წარმოგვიდგენენ ხოლმე სახელმძღვანელოებში, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქე თავისი პიროვნლი ნაკლოვანებებითურთ.

წარუმეტებლობა ბევრ ადამიანს აშინებს და არა მხოლოდ ბავშვობის ასაკში. თუმცა სენეკა ამბობს: „ჩვენ არ ვრისკავთ არა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, არამედ ყველაფერი რთულია იმიტომ, რომ ჩვენ არ ვრისკავთ“. ისტორიაში არსებობს უამრავი საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ახერხებდნენ სირთულეების მიუხედავად სულით ძლიერი ადამიანები წარმატებისა და აღიარების მიღწევას.

უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა, რომ „არასოდეს, არასოდეს უნდა დანებდე“. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დასახული მიზნის მისაღწევად არასოდეს ნებდებოდა. ასეთი მაღალ თანამდებობას მან მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მიაღწია – მხოლოდ 62 წლის ასაკში გახდა პრემიერ მინისტრი. მანამდე კი, საკმაოდ წარუმატებლად, ყველა არჩევნების დროს წარადგენდა თავის კანდიდატურას.

აბრაამ ლინკოლნი ომში კაპიტნის წოდებით წავიდა, იქედან კი ჯარისკაცად დაბრუნდა. მას ბიზნესში ჩართვა უნდოდა, მაგრამ მისმა იდეამ კრახი განიცადა. ვერც  იურისტადაც ივარგა. მაშინ პოლიტიკაში გაერია და ამ ასპარეზზეც წარუმატებლობების სერია ელოდა. ყველაფერი კი შტატის წაგებული არჩევნებიდან დაიწყო, მერე კონგრესში არ აირჩიეს, მერე კი მიწების კომისიის წევრობის არჩევნებში არ გაუმართლა. 1854 წელს ვერ სენატორი გახდა და ვერც პრეზიდენტი 1856-ში. ლინკოლნმა ბოლო დიდი დარტყმა 1858 წელს სენატორის მორიგ არჩევნებზე იგემა.  იმ პერიოდში ის წერილს წერს თავის მეგობარს: „დედამიწელთა შორის ყველაზე უბედური ვარ. ის, რაც გადავიტანე, მთელ კაცობრიობას რომ გაუნაწილო, პლანეტაზე არცერთი მომღიმარე სახე არ დარჩება“.

ზიგმუნდ ფროიდმა, რომლის გამონათქვამებსაც ხშირად ციტატებად ვიყენებთ, თავის იდეები პირველად ევროპის მეცნიერებათა საზოგადოებას გაუზიარა, რის გამოც სტვენით იქნა გაძევებული. ფროიდი არ დანებდა, შინ დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო.

თავის პირველ გამოცდაზე ფსიქოლოგიაში რობერტ სტერნბერგმა ყველაზე დაბალი ნიშანი მიიღო. მისმა მასწავლებელმა განაცხადა: „ეჭვიც არ მეპარებოდა მის შედეგში. ეს არის სტერნბერგი და სხვა სტერნბერგს მე არ ვიცნობ“. სამი წლის შემდეგ კი, რობერტმა წარმატებით დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 2002 წელს ის ამერიკის ფსოქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

ჩარლზ დარვინმა ექიმის კარიერა მას მერე მიატოვა, რაც მამა უთხრა: „სამწუხაროდ, არაფერი გაინტერესებს შენი ძაღლების, ვირთხების და იარაღით სროლის გარდა“. თავის ავტობიოგრაფიაში დარვინი წერს: „ყველა მასწავლებელს, მამის ჩათვლით, ფუქსავატი ვეგონე, ალბათ ცოტა ჭკუამხიარულიც“.

ერთხელ ტომ ედისონის მასწავლებელმა მასზე თქვა: „ის ზედმეტად სულელია, რომ რაიმე ისწავლოს“. ედისონზე უარი თქვეს ორ სამსახურში, სადაც მოეწყო. დამსაქმებლები მის არაპროდუქტიულობას უჩიოდნენ. არადა, ელექტრონათურის გამომგონებლმა ედისონმა იცოდა როგორ მიეღწია მიზნისთვის. მაგრამ ვიდრე მისი გამოგონება კომერციულ ლიანდაგზე დადგებოდა, ათასმდე წარუმატებლობა ჰქონდა აგავლილი! როდესაც ტომ ედისონს ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა მისთვის ათასამდე წარუმატებლობის გადალახვა, გამომგონებელმა უპასუხა: „მე, უბრალოდ, მოვსინჯე ათასი მეთოდი, რომლითაც შეუძლებელი იყო ნათურის გამოგონება“.

ალბერტ აინშტაინმა პირველი სიტყვები ოთხი წლის ასაკში წარმოთქვა, კითხვა კი შვიდი წლისამ დაიწყო. მშობლებს შეფერხებული განვიტარების ეგონათ, ერთმა მასწავლებელმა კი გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი პირდაპირ დაუსვა და განაცხადა, რომ სოციალური ცხოვრებისთვის არადაპტირებული იყო. „ის თავისი სულელური ფანტაზიების ტყვედ დარჩება,“ – უთქვამს მკაცრ მასწავლებელს. ფარდობითობის თეორიის ავტორი სკოლიდან გაურიცხავთ, ციურიხის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კი მასთან საქმის დაჭერაზე იმთავითვე უთქვამთ უარი. მთელი ცხოვრების განმავლობაში აინშტაინს საუბრისა და წერის დროს პრობლემები ჰქონდა.

ვიდრე ჰენრი ფორდი თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწევდა, ხუთჯერ მოუწია ყველაფრის თავიდან დაწყება. ნიუ-იორკის „მეისის“ შემქმნელ როლანდ მეისის კი ჰენრი ფორდზე მეტად არ გაუმართლა. მისმა საქმემ ზედიზედ შვიდჯერ განიცადა კრახი, ვიდრე მოგებაზე გავიდოდა.

უოლტ დისნეი ლანძღვა-ლანძღვით გამოუშვეს გაზეთიდან იმის გამო, რომ ის „უგემოვნო“, „უნიჭო“ იყო და „ხატვა საერთოდ არ იცოდა“.

ფრენკ ვულოვორფი საგალანტერიო მაღაზიაში რიგით თანამშრომლად მუშაობდა და თავისი უფროსისგან მუდამდღე შენიშვნებს იღებდა. ამ ადამიანმა მოგვიანებითა სპორტსაქონლის მაღაზიათა მთელი იმპერია შექმნა, რომელსაც სადილერო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა.

პროვინცია ხამამატსუს ტიპურ იაპონურ ქალაქში, სადაც ყველას თავისი საქმე აქვს, ღარიბი ბიჭუნა ცხოვრობდა. გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და ქუჩებში დაყიალობდა. ქალაქში სულ ერთი ავტომობილი დადიოდა და სწორედ მაშინ ჩაიფიქრა სოიჩირო ჰონდამ ყველაზე საუკეთესო, საოცნებო ავტომობილის შექმნა. თავდაპირველად მის შეკვეთებს არავინ ოღებდა, კონკურენტები ღიად დასცინოდნენ და მასხრად იგდებდენ. ჰონდას ფაბრიკა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორდა. ომის მერე იაპონელმა მოპედი შექმნა, მაგრამ ბიზნესის დასაწყებად ეს თანხა არასაკმარისი იყო. მაშინ სოიჩირომ ველოსიპედის მაღაზიების მფლობელებს 18 ათასი (!) წერილი გაუგზავნა. მან ყველას თხოვა დახმარება საერთო საქმის გასაკეთებლად. გამომგონებელმა მთელი ქვეყნიდან მიიღო დახმარება, ააწყო მოპედების წარმოება და რამდენიმე წლის მერე ოცნების ავტომობილიც შექმნა.

სილვესტერ სტალონეს ბავშვობაში პარალიზებული სახის გამო დასცინოდნენ. მაიამის უნივერსიტეტში ყველა მასწავლებელმა ერთხმად განაცხადა, რომ ის უნიჭოა. 6 წლის ასაკში სტალონემ სცენარი დაწერა, რომელიც არავის წაუკითხავს. მუშაობდა დეტექტივად, გამყიდველად და მრცხავად. მან ფილმისათვის „როკი“ სცენარი სამ დღეში დაწერა და ამ ფილმმა 220 მლნ დოლარი მოუტანა.

დიდ წარმატებამდე დიდმა ადამიანებმა დიდი გზა გაირეს და არაერთხელ იგემეს დარტმა, მაგრამ უკან არ დაუხევიათ, რადგან წარუმატებლობაც ამ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...