კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

მშობლები და შვილები – ბედნიერების საიდუმლო

0

(დორის დორიეს რომანი “ხელი გაუწოდე სასწაულს”)

რა გავლენას ახდენს მშობელი შვილზე? არის თუ არა გარკვეულ სოციალურ გარემოსა თუ საზოგადოებაში დაბადება ერთგვარი ბედისწერა, რომელიც ადამიანს თავისუფალ არჩევანს უზღუდავს? როგორ უნდა დააღწიო თავი დროისა და ადამიანების მიერ შექმნილ დამთრგუნველ წესებსა და კანონებს? ამ კითხვების კონტექსტშია დორის დორიეს რომანის გმირთა ცხოვრება წარმოჩენილი.

თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია, ერთი შეხედვით, ყოველგვარ პირობას უქმნის ადამიანს თავისუფალი ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ადამიანი კი მაინც ვერ გადალახავს დამთრგუნველ მარტოობას, მაინც არ არის ბედნიერი. არის თავისუფალი არჩევანი: პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა, გახსნილია საზღვრები, მაგრამ ადამიანი მაინც ვერ აღწევს თავს საკუთარი თავის ტყვეობას, მას, როგორც ადრე, ისევე აღელვებს რეალობასა და ილუზიურს შორის არსებული გადაულახავი უფსკრული, მოჩვენებითი ზნეობა, ორმაგი მორალი და ყოველივე ის, რაც ასე ნაცნობი და გაცვეთილია, თუმცა მარადის განხლებული და კვლავაც ძველებურად დამტანჯველი.

რომელი გრძნობა უფრო დამთრგუნველი და სასოწარმკვეთია: სიცარიელისა თუ მარტოობისა? ორივეს  თანაბარი ინტენსივობით შეუძლია დაგტაჯოს და დაგანგრიოს. თან ეს ნგრევა მით უფრო გრანდიოზული და სანახაობრივია, თუ სადმე ტყეში განმარტოებით კი არ ცხოვრობ, არამედ ხმაურიან, მრავალთავიან და ბუმბერაზ სხეულიანი შენობებითა და Aათასნაირი ჯიშისა და ფერის ადამიანით პირთამდე სავსე ქალაქის უდაბნოში.

ამ და სხვა ეგზისტენციალური კითხვების პასუხების ძიებაა თანამედროვე გერმანელი მწერალი ქალისა და რეჟისორის  ბესთსელერი `სასწაულს ხელი გაუწოდე~, რომელიც ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა, ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილმა და ამ საქმეში დაოსტატებულმა მთარგმნელმა.

რომანის მთავარი გმირები ქალები არიან. მათი თვალთახედვით არის აღქმული და გაანალიზებული თანამედროვე სამყაროში მიმდინარე მოვლენები. რომანში სხვადასხვა პერსონაჟი ჰყვება თავისი ცხოვრების ამბავს, ხანდახან მთხრობელიც გამოჩნდება და იქმნება საინტერსო მოზაიკა, რომელშიც გმირების ცხოვრების ცალკეული ამბავი სხვადასხვა ფერის ნატეხივით ერწყმის და მიესადაგება ერთმანეთს, რათა მთლიანობაში დაიხატოს ფერადოვანი და დრამატული სურათი ყოფისა, რომელიც სავსეა ვნებების ჭიდილით, ჭირითა და სიხარულით, ერთგულებითა და ღალატით, `ხმაურითა და მძვინვარებით~, როგორც შექსპირი იტყოდა მაკბეტის პირით:

`სიცოცხლე მხოლოდ

ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკიმასხარა,

რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ

და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.

სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,

თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით~ (ივანე მაჩაბლის თარგმანი).

შემდეგ ფოლკნერმა სწორედ ამ მონოლოგიდან აიღო რომანისთვის სათაური `ხმაური და მძვინვარება~ და ერთ-ერთ მთხრობელად იდიოტი ბენჯამინ კომპსონი აქცია.

`ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ ვიცით, უნდა დავიხოცოთ, მაგრამ ყოველდღე მაინც ისე ვიქცევით, გეგონება, ეს ჩვენ არ გვეხებოდეს~, _ამბობს რომანის ერთი პერსონაჟი და ამგვარად გამოხატავს ადამიანის დროში არსებობის ტკივილს.

ამ რომანის გმირებიც ყოველდღიურ სიხარულსა თუ ტკივილს, სიყვარულსა თუ სიძულვილს გამოდევნებული ადამიანები არიან, ყოფით წვრილმანებში გახლართულნი და თავგზააბნეულნი, რომელთა გონებაში იშვიათად გაიკიაფებს ნაპერწკალი: სულიერსა და ამაღლებულზე, ზეციურსა და უკვდავზე რომ მიანიშნებს და სასწაულის რწმენას უნერგავს, თუმცა ეს ნაპერწკალი მალევე მიინავლება ისე, რომ კოცონად არ იქცევა და ადამიანიც ისევ იკარგება წვრილმანი საწუხარით ჩამობნელებულ ცხოვრების უღრანში.

რომანში, ერთი მხრივ, იხატება თავისუფალი ქალი, ინგრიდი, ჰიპური წარსულით და მისი ქალიშვილი, უცნაური სახელით, ეიფელ (დედამ სწორედ საზოგადოების მიმართ პროტესტის ნიშნად დაარქვა ქალიშვილს ეს სახელი). მათი ურთიერთობა წარმოაჩენს თაობათა შორის განსხვავებლობასა და დაპირისპირებას, რომელიც ვერ დაიძლევა, რადგან თანამედროვეობა თითქოს ყველანაირად უბიძგებს ადამიანებს არა დაახლოების, არამედ დაშორებისკენ.

მწერლის აზრით, ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს მისი ბავშვობა, მშობლებთან ურთიერთობა. ეიფელი, რომელიც გამუდმებით კარგავს შეყვარებულებს და სულ მარტოსულად გრძნობს თავს, წარსულზე ბევრს ფიქრობს, იხსენებს დედასთან ერთად გატარებულ დღეებს: `ჩვენ ძველ, უკვე აშმორებულ საძილე ტომრებში ფიჭვების ხეებქვეშ, გაშლილ კარავში გვეძინა, პლაჟიდან ცოტა მოშორებით. ფიჭვები ფეხებში ნემსებივით გვერჭობოდა, გარშემო დამპალი ბანანის სუნი იდგა. დედა მარტო გრძნობდა თავს, მეც ასევე, მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ეს ორივემ ვიცოდით~. `იქნებ დედაჩემიც ოცნებობდა ლამაზ სახლზე, წესიერ საწოლებზე, გრილ, თეთრ, კარგად დაუთოებულ ზეწრებზე, სააბაზანოზე ტუალეტითა და შხაპით, ონკანიდან მომდინარე მტკნარ წყალზე~. `საიდანღაც გაიგო, რომ ზაფხულობით ესპანეთში სამკაულების გაყიდვით ბევრი ფულის შოვნა შეიძლებოდა. მე დედას ვეხმარებოდი მარგალიტის მძივების გაკეთებაში, ზოგჯერ რესტორნიდან ვიპარავდი ჩანგლებს, რომელთაც ის ცხელ ქვიშაში დებდა, ვიდრე არ დადნებოდა, მერე სპეციალური იარაღით სამაჯურად გრეხდა~. შემდეგ, როდესაც დედა-შვილმა გაჭირვება გადალახა, წარსულის ტკივილი მაინც დარჩა, როგორც ერთგვარი გადაულახავი კომპლექსი.

ამ რომანშიც აქტუალურია გაუცხოების პრობლემა, როგორც დაუძეველი ბარიერი ბედნიერების ძიების გზაზე. რომანში გვხვდებიან განსხვავებული იდეოლოგიის, რელიგიური აღმსარებლობის, შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რათა სიღრმისეულად წარმოჩნდეს დროის მაჯისცემა, ის გარემო, რომელშიც მოზარდს უწევს სამყაროს შეცნობა და განვითარება, შეცდომების, დაცემისა და წამოდგომის გზით   ცხოვრებაში საკუთარი ადგილის მოპოვება და თავისი წილი ბედნიერების შექმნა.

რომანი სავსეა დრამატული ისტორიებით, რომლებიც მკითხველს დააფიქრებენ საკუთარ არჩევანსა და ცხოვრებაზე. ლაღი, ექსპრესიული თხრობა მწერალს საშუალებას აძლევს, გაიყოლიოს მკითხველი და შეუნელებელი ინტერესით ჩააკითხოს მთელი ტექსტი. კინომონტაჟის ტექნიკა, კადრების მონაცვლეობა ქმნის თხრობის საოცარ დინამიკას.

რომანში ერთმანეთს უპირისპირდება ბაშვის აღქმული ფერადოვანი, ცოცხალი, სიყვარულით აღსავსე ბედნიერი სამყარო, რომელიც დაძლევს ნებისმიერ რეალურ დაბრკოლებას და ყოველივეს ზღაპრულად აქცევს და დიდების ნაცრისფერი, გამოუვალი, უგზო-უკვლო ცხოვრება. პატარა ეიფელი, მშობელი დედის დაძახებას რომ უკრძალავდა, სახელით მომმართეო,  ასე ოცნებობდა: `მიყვარს ყვავილების ბაღში ბალახში წოლა, ყაყაჩოს ქვემოდან ცქერა, რამდენიმე მსუქანი ბაზი რომ დაბზუის თავზე, ხარბად  ეტანებიან მის წითელ  ფოთლებს და მთელ ყვავილს აცახცახებენ. უცნაური მწერია ეს  ბაზი, ისე გამოიყურება, გეგონება, საკარნავალო კოსტიუმი აცვია. ხშირად წარმომიდგენია, როგორ იხდის ის საღამოობით საკარნავალო კოსტიუმს, კიდებს ლურსმანზე,  ნაცრისფერი გაშიშვლებული, გამხდარი ტანით ერთ პაწაწინა  მაგიდასთან ჯდება და კოვზით თაფლს შეექცევა გაძღომამდე~. მერე, ზრდასთან ერთად, ეს ყოველივე სადღაც ქრება და ყოველი ჯურღმულის გამნათებელი წარმოსახვის ცეცხლიც მიინავლება. ადამიანი რჩება უხეში რეალობის პირისპირ და თავგზააბნეული ათასნაირი ტკივილის კედელს განწირული აწყდება.

რომანში ადამიანების სწრაფვა უშუალო, წრფელი ცხოვრებისა და ურთიერთობისაკენ მჟღავნდება ნუდისტური პლაჟების სიყვარულშიც. ეიფელი დედასთან ერთად დასეირნობს შიშველი ადამიანების გარემოცვაში. მათ არ რცხვენიათ სიშიშვლისა, თითქოს ამგვარად გამოხატავენ პირველყოფილი უცოდველობისა და უმანკოებისკენ სწრაფვას, ადამ და ევას სამოთხისეული ცხოვრების არაცნობიერ თუ ცნობიერ მონატრებას, როდესაც უხილავსა და ღვთაებრივს პირისპირ ჭვრეტდნენ და ჰქონდათ კავშირი ზეციურთან. ახლა კი ღმერთდაკარგულნი, თითქოს ჩინდაკარგულნიც, ამაოდ დაბორიალობენ სიცოცხლის საძრისის ძიებაში.

თუმცა ეს ნუდისტური პლაჟებიც ერთგვარი ფარისევლობაა, რადგან აქაური სიშიშვლეც ერთგვარი ნიღაბია, მათ ჭეშმარიტ მესა და სახეს რომ მალავს. ფიზიკური გაშიშვლება ვერ ათავისუფლებს მათ სულს ათასგვარი სამოსისგან, წესისა და კანონის სახით რომ შეუმოსავს მათი სული და საგანგებოდ შეუნიღბავს, ამიტომაც არის, რომ ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები, რეალურად, არსებითად, არ იცნობენ ერთმანეთს. ეს მხოლოდ სხეულებრივი ნაცნობობაა.

ხანდახან, და საბედნიეროდ, ხშირადაც,  ადამიანთა ურთიერთობაში ჩნდება სიყვარულის, თანაგრძნობის, დახმარების წყურვილი და მაშინ იბადება საოცარი სითბო, რომელიც გაუცხოების ყინულს ადნობს, თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდურია და, ძირითადად, მაინც ცალ-ცალე გამოკეტილ კოშკში შეყუჟულან ადამიანები. უფარდო ფანჯრები და სხვადასხვა ენაზე თავისუფალი საუბარი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები _ თანამედროვე ადამიანს არ უქმნის იმის განცდას, რომ ადამიანთა შორის მეფობს  ნამდვილი სიყვარული.

ერთნაირად განიცდიან ბედნიერების ამაო დევნას რომანის ქმრიანი თუ უქმრო ქალები. მშვენიერი ჰაიკე, რომელსაც ერთი შეხედვით, არანაირი მიზეზი არ უნდა ჰქონოდა ტანჯვისა, მოულოდნელად თავს იკლავს. მაგრამ ეს `მოულოდნელობა~ ჩვეულებრივი ღალატით იყო განპირობებული. ეს სურათი გაუფერმკრთალებლად დარჩა ბავშვის ცნობიერებაში, ბავშვისა, რომელიც პირველად შეხვდა სიკვდილს: `დავინახე ჩვენი საცურაო აუზიც და ისიც, რომ ის შიგ დაცურავდა. წითელყაყაჩოებიანი თეთრი ბიკინი ეცვა, ზურგზე იწვა, მაჯებზე თხელი, წითელი გადასახვევი მოუჩანდა, რომლებიც წყალში თანდათან იხსნებოდა, `რა ლამაზია~ _ გავიფიქრე. ის წუთი, როცა ადამიანი რაღაცას გააცნობიერებს, აღარასოდეს დაავიწყდება. სხეული თითქოს ტვინზე ადრე აცნობიერებს~.

რომანში არ არის იმის ანალიზი, იყო თუ არა ეს ტრავმა მიზეზი იმისა, რომ ტიმი როცა გაიზარდა,  ტრანსვესტიტ თინად იქცა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, არაფერი უკვალოდ არ იკარგება და ყველა შემთხვევა თავისებურად, მეტად ან ნაკლებად, განსაზღვრავს ადამიანის მომავალს.

რომანში ერთმანეთს ენაცვლება ცივი ჰანოვერი და ცხელი ტორემოლინო (ესპანეთი). პერსონაჟები თავიანთი  სამშობლოს სიცივეს გაურბიან და სითბოს სხვა ქვეყანაში დაეძებენ, თუმცა, მწერლის აზრით, რომელიც მოთხრობილი ამბების მიღმა მოჩანს, ადამიანებმა სითბო თავიანთ გულში უნდა აღმოაჩინონ და მაშინ ეს სულიერი სითბო მატერიალურ სამყაროსაც სინათლის და სითბოს ტალღებად მოეფინება.

ანჟელიტა, სუზი, ინგრიდი… ისინი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ეროვნების, გემოვნებისა და მისწრაფებების ადამიანები არიან, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს, დიდი სიყვარულთან, როგორც სასწაულთან, შეხვედრის მოლოდინი. ერთ ეპიზოდში ანჟელიტა შემთხვევით უცხო სახლში ჩაიკეტება, მაგრამ ეს ტყვეობა კი არ თრგუნავს, არამედ თითქოს ყოველდღიური რუტინისაგან ათავისუფლებს: `ანჟელიტა გისოსებიდან გასცქეროდა ჩაბნელებულ ღამეს. გარშემო სინათლე არსად ჩანდა. ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ. კიდევ კარგი, აქ მაინც იყო შედარებით სიგრილე, ვიდრე დაბლა, ცენტრში. ანჟელიტა მაგრად მიეკრა გისოსებს, გარედან შემოჭრილი სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა. უცბად სასიამოვნო სიმშვიდე იგრძნო, როცა გააცნობიერა, რომ,  როგორც იქნა, ერთი საღამო ოჯახისგან თავისუფალი იყო.დიახ, არც კლიენტთან ლაპარაკი მოუწევდა, არც ოჯახის წევრებთან ლაყბობა, არც სახლის საქმეები, არც უფროს გოგოსთან ჩხუბი, არც _ მთვრალ ქმართან, არც ურთიერთობა მომაბეზრებელ დედამთილთან _ ყოველივე ამისგან ამ საღამოს დაისვენებდა~.

უცხო ქალთან, სუზისთან, გამოკეტილი ანჟელიტა სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას იგრძნობს და გულის გადაშლა მოუნდება: `ჩემს ბიჭს ვთხოვე, გერმანიაში ჩიტების ჭიკჭიკი მობილურზე ჩაეწერა, ზოგჯერ მანქანით გავდივარ სადღაც ზღვიდან მოშორებით, ტყეში, შევყურებ ფიჭვებს, რომლებიც, მართალია, არ ჰგავს გერმანულ  ფიჭვებს, მაგრამ მაინც ხომ ხეებია და ასე ვუგდებ ყურს ამ ჩაწერილ შაშვების გალობას~. ასე წარმოჩნდება მკითხველის წინაშე, ერთი შეხედვით, ცხოვრებისგან გაუხეშებული, პრაგმატული, ანგარიშიანი, მაგრამ სინამდვილეში ნაზი და რომანტიკული ადამიანების სული. მხოლოდ პატარა ბიძგი, პატარა უცნაური შემთხვევაა საჭირო, რომ მათ ნიღაბი მოიხსნან და ნამდვილი სახე გამოაჩინონ.

რომანის ერთ ეპიზოდში ჩართულია ეიფელის ძაღლის, ფროიდი რომ დაარქვა, (მარტოობისგან მკურნავსო _ `ასე მხოლოდ ფროიდს შეეძლო ადამიანის მოსმენა~), დღიური, რომელშიც წარმოჩენილია, როგორ განიცდის იგი პატრონის უსაშველო გაუცხოებას სამყაროსა თუ საკუთარი თავისაგან. თხრობის რაკურსის ამგვარად შეცვლა ამრავალფეროვნებს რომანის მხატვრულ განზომილებას.

რომანი სავსეა შეხვედრებითა და განშორებებით, თანმდევი ცრემლიანი სიხარულითა თუ ტკივილით, ვნებების ჭიდილით, ამიტომაც მკითხველს ეუფლება განცდა, რომ მოკლე დროში (რომანის კითხვის განმავლობაში) მთელი სისავსით შეიგრძნო ცხოვრების ტკბილ-მწარე გემო.

`შენ ჩემი ხსნა იყავი.

“შენი ხსნა~?! მაგრამ მე ვერ გიხსენი”,  – გულისამაჩუყებელია წარსულ სიყვარულთან შეხვედრისას გამართული ამგვარი დიალოგი, მკითხველს რომ აჯერებს ნამდვილი სიყვარულის წარუვალობაში.

ერთ ეპიზოდში, წმინდა იოანეს ღამეს, სუზიმ აღმოაჩინა ბედნიერების საიდუმლო: `შეაბიჯე ცეცხლში, რომელსაც მზე ასხივებს, ყველა უარყოფითი გამოცდილება და ფიქრი დაიწვება, ახალი ძალა წარმოიქმნება, თავიდან დაიწყება ყველაფერი. გადახტი ცეცხლზე და იქნები  ბედნიერი. იხარე შენი სიცოცხლის ძალით და გააცნობიერე, რომ მარადიული არაფერია~.

“როცა პატარა ვიყავი, – თქვა ინგრიდმა, წმინდა იოანეს ღამეს მთებზე ცეცხლს ანთებდნენ, იქ პირველი ციცინათელები მოფრინავდნენ და აბრწყინებდნენ იქაურობას.

_ მეც ვისურვებდი სიბნელეში ნათებას სიყვარულის  მოსაპოვებლად, – ამოიოხრა თინამ”.

ბოლო ეპიზოდში ძველი, გაყრილი შეყვარებული ინგრიდს ეფიცება: “შენ დამესიზმრე, მხოლოდ შენ”.

მწერალი ამ რომანით მკითხველს აჯერებს, რომ სასწაული აქვეა, ოღონდ მის დასანახად გონებისა და სულის თვალის ახელაა საჭირო, ამიტომაც უნერგავს რწმენასა და გამბედაობას, რომ ხელი გაუწოდოს სასწაულს – სიყვარულს, რომელსაც სამყაროს შეცვლა და მარადიულ დღესასწაულად ქცევა შეუძლია. რომანის წაკითხვის შემდეგ კი მკითხველს მსუბუქ მოგონებად დარჩება რომანიდან დამახსოვრებული სიმღერა: “არ დაიღალო, სასწაულს ყოველთვის ჩუმად, როგორც ჩიტს, ხელი გაუწოდე”.

სამხრეთული სპილო

0

არჩილ ქიქოძის შემოქმედებას პირველად ძალიან უცნაურად და, ერთგვარად, რომანტიკულადაც კი გავეცანი. არ მახსოვს, რომელი წელი იყო. ღამით მოვხვდი რუსთაველზე, მელიქ აზარიანცის სახლის წინ, გაჩერებაზე, ექვს ნომერ ავტობუსს ველოდებოდი, ბოლო რეისს უნდა ჩამოევლო. უკვე თერთმეტი სრულდებოდა. მაშინ ელექტროდაფები არ იყო და არც ვიცოდი, მოვიდოდა, თუ ფეხით მომიწევდა რუსთაველიდან ჯიქიაზე წამოსვლა (ბევრჯერ წამოვსულვარ). კარგა ხანს ვიწრიალე, მერე ჩამოჯდომა გადავწყვიტე და სკამზე დაკეცილი გაზეთი ვიპოვე. არ მახსოვს, რომელი გაზეთი იყო, ალბათ “ლიტერატურული გაზეთი”. დრო თავზე საყრელად მქონდა და ავიღე გაზეთი, მოსაცდელში ბნელოდა, ამიტომ ლამპიონისკენ გავიწიე და გადავშალე. პოეზიის ხასიათზე არ ვიყავი, ვიღაცების ლექსებს გადავახტი და პირდაპირ პროზის კითხვა დავიწყე. არჩილ ქიქოძის რომელიღაც მოთხრობა იყო, ვერ ვიხსენებ, რაზე იყო, მაგრამ ავტორის სახელი კი დამამახსოვრდა.

 

მერე ინტერნეტშიც მოვიძიე მისი მოთხრობები, კრებულიც ვიყიდე. მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა რომანი დაწერილი, აღმოჩნდა, რომ არა. ხოდა აგერ, მოწიფულობის ასაკში, როცა მწერლებს, როგორც წესი, რამდენიმე რომანი აქვთ ხოლმე დაწერილი, მან დაწერა რომანი. ამაში ჩანს მისი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, ანუ ის, თუ როგორ ეკიდება მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ისეთ რომანს, როგორიც დღეს ბლომად იწერება, არჩილ ქიქოძე ადრეც უპრობლემოდ დაწერდა, მაგრამ არც თავს აკადრა და არც მკითხველს. დაელოდა, მოაგროვა მასალა, ჩანაწერები (რომელსაც, როგორც ვიცი, წლების მანძილზე აკეთებდა) და დაწერა ბოლო წლების საუკეთესო რომანი.

ამ ერთი შეხედვით მარტივსიუჟეტიან რომანში ურთულესი ტექნიკური პრობლემები დიდი მწერლური ოსტატობით არის გადაწყვეტილი. მსოფლიო ლიტერატურაში არაა ახალი, როცა რომანის სიუჟეტი ერთი დღის მანძილზე ვითარდება, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ამის პრეცენდენტს “სამხრეთულ სპილომდე” ვერ ვიხსენებ. “ობოლეში”, თუ სწორად მახსოვს, დღენახევრის თუ ორი დღის მანძილზე ვითარდება მოვლენები.

რომანის სიუჟეტს არ მოვყვები, რადგან მოკლე შინაარსი მასზე დაწერილ არაერთ წერილში მოუხმიათ კრიტიკოსებს, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთი სიყვარულით დაწერილი თბილისურ-ურბანული პროზა არჩილ სულაკაურის (იქნებ ეს სეხნიობაც სულაც არაა შემთხვევითი) მერე არ წამიკითხავს. აკა მორჩილაძის ურბანული რომანები კონკრეტული ქუჩის ცხოვრებას გვიხატავს და, ერთგვარად, დაუნდობელი და “პროზაულია”, არჩილ ქიქოძის პერსონაჟი კი, ფეხით თუ ტრანსპორტით, ლამის მთელ ქალაქს შემოივლის და ლამის ყველა ქუჩას და შენობას ეფერება, ყველა კუთხე და კუნჭული პოეტურობით და გემრიელი სენტიმენტებით სავსე მოგონებებს აუშლის ხოლმე, რადგან ეს ქალაქი მისი სახლია, ის არა კონკრეტულუბნელი, არამედ მთელქალაქელია. ავტორი საოცრად ოსტატურად ახერხებს გრძნობებზე თამაშს, შეუძლია ერთ გვერდზე მაგრად გაცინოს, მეორე გვერდზე კი ისეთ მელანქოლიაში ჩაგაგდოს, რომ უბრალოდ შეწყვიტო კითხვა და კედელს მიაშტერდე, რომ ცოტა სული მოითქვა. ერთი სიტყვით, შეუძლებელია თბილისი გიყვარდეს და ეს რომანი არ მოგეწონოს.

ნარატოლოგიურად ასეთი საინტერესო ტექსტი სხვა არც მახსენდება ქართულ პროზაში. ქართველი მწერლები ნარაციის დროს ძირითადად ანალეფსისებს იყენებენ ხოლმე, რადგან ეს უფრო მარტივია, პროლეფსისების გამოყენება კი რთულია, რადგან, ჯერ ერთი, წინასწარ უნდო იცოდე, თუ რა მოხდება მომავალში, წინასწარ უნდა ფლობდე მთელ ტექსტს, როგორც რეალურად მომხდარ ამბავს, და მეორეც: პოეტურად რომ ვთქვათ, ის “კვირტი”, რომელიც შემდგომ “ყვავილად” უნდა გაიშალოს, არ უნდა იყოს ტექსტის საერთო, ლოგიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამას კი დიდი ოსტატობა და, მე ვიტყოდი, დიდმწერლობა სჭირდება, არჩილი კი ამას უმაღლეს დონეზე ახერხებს. არის უამრავი შთამბეჭდავი და ტექნიკურად ვირტუოზული სცენა, მაგალითისთვის აეროპორტში მამასთან შეხვედრის სცენაც საკმარისია, სადაც მამის თავის მართლებას და მონოლოგს პროტაგონისტ-ნარატორის მხრიდან კედელზე გაკრული ანტიკური პანოს აღწერა ენაცვლება, ეს დეტალი ნებისმიერ ფსიქოლოგიზმზე უფრო ზუსტად გამოხატავს იმ წუთას მის მდგომარეობას, ისეთი შთამბეჭდავი სცენაა, რომ შეუძლებელია უემოციოდ აუარო გვერდი. თუმცა, ცნობიერების ნაკადის ამ საერთო ჯაჭვში არის ერთი-ორი ეპიზოდი, სადაც ანალეფსისი უმოტივაციოდ შემოდის თხრობაში, რაც მცირე ტექნიკურ წუნად შეიძლება ჩაითვაალოს, მაგრამ ეს გახსენებადაც არ ღირს.

 

მე მოუთმენლად ველოდები არჩილ ქიქოძის, ამ მართლაც უკვე დიდი მწერლის, მომდევნო რომანს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ლოდინი კარგა ხანს მომიწევს.

 

„თემას არ გადაუხვიო“ ანუ როგორ წავშალოთ სასკოლო შტამპები

0

სწავლა განახლდა საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენც ისევ ძველ წრეზე წავალთ და შევუდგებით „ჯარისკაცულ ცხოვრებას“: დილით ადრე ადგომა, საუზმე, წიგნების ჩალაგება… წასვლა-მოსვლა, მეცადინეობა, დასწავლა, ქულები… ქულები… შფოთი მაღალ და დაბალ ქულებზე, წარმატების ძიება და ასე შემდეგ.

უკვე რამდენი წელია, ვაკვირდები ამ წრებრუნვას და მინდა, აღმოვაჩინო, რატომ მიხაროდა ყოველთვის (1-ლი სექტემბერი) სწავლის დაწყება? რას უკავშირდებოდა სიხარული? 3-თვიანი არდადეგების შემდეგ კონტექსტის შეცვლას? ცოდნის მოლოდინს…? სოციალური გარემოს მონატრებას…? ალბათ ყველაფერი ერთადაც იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩვენ და ჩვენი ინტერესები „ცალკე“ ვრჩებოდით. ცოდნა კლასიდან გარეთ არ მოგვყვებოდა და არ გვიცვლიდა სამყაროს აღქმას, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს… ის იყო და ახლაც უმეტასად არის ერთგვარი ვერბალური მდინარე გაცნობიერება-გააზრების გარეშე, რომელშიც შევდიოდით და იქიდან მშრალად ამოვდიოდით!

გახსოვთ, სასკოლო ცხოვრების ერთი სტერეოტიპული ფრაზა: „თემას არ გადაუხვიო“, „თემას არ აცდე“… თითქოს ყველაფერი სწორხაზოვანი იყო და გადახვევა – დროის კარგვას ნიშნავდა და შეშინებული სულ სიტყვებს ზომავდი, რომ მასწავლებელს ამა თუ იმ პერსონაჟზე საუბრისას არ მოსჩვენებოდა, რომ „თემას გადაუხვიე“, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა.

არა და, სწორედაც რომ „თემიდან გადახვევა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემეცნებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ავითარებ ასოციაციურ აზროვნებას და შეგიძლია ანალოგია დაძებნო მაგალითად, ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის, ეს ეხმარება ადამიანს ახალი გამოცდილებების მიღებაში და სამყაროსა და ცხოვრების ფართო რაკურსით ხედვაში, რაც მომავალში მის სწორ არჩევანს განაპირობებს. ფართო გაგებით, ეს მეტაფორაცაა: აღმოაჩინო კავშირი საგნების, მოვლენებისა და ფაქტებისა ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის.

„თემიდან არ გადაუხვიო“ – ეს სასკოლო შტამპი ვრცელდება მერე ცხოვრებაზე და ანაცვლებს იმავე შინაარსის სტერეოტიპი: „გზიადან არ გადაუხვიო“, „გზას არ აცდე“.

თუ არც თემიდან გადაუხვიე და არც გზიდან გადაუხვიე, მაინტერესებს, როგორ უნდა შეიმეცნოთ ცხოვრება? ისიც სტერეოტიპია, რომ „გზიდან გადახვევა“ ჩვენს კულტურაში მაინცდამაინც ნეგატიური ასპექტით გაიგება და ნიშნავს: „თავი დაიღუპა“. არა და, როგორ შეიძლება, რომ ასეთი ცალსახა იყოს გაგება? თუ იტყვით, რომ გამოცდილების საფუძველზე, მაშინ უნდა ახსნათ, რომელი გამოცდილების? სკოლაში რომ გვასწავლიდნენ, რომ „თემისთვის არ გადაგვეხვია“? ხშირად ე.წ. გამოცდილება ეფუძნება შიშსა და წინასწარგანწყობას,  „რა იცი, რა ხდებას“ ფილოსოფიას და არა რეალობას. გზიდან რომ არ გადაუხვიო, ჯერ უნდა იცოდე, საით მიდიხარ და რომელი გზა მიდის იქ, საითაც მიდიხარ და სანამ ეს გზა არ გიპოვნია და არ აგირჩევია, მანამდე „გადახვევები“ არის ბუნებრივი ძიების პროცესი.

გახსოვთ, ის მშვენიერი მულტფილმი „ზღარბი ნისლში“? მეგობართან მიმავალი რომ ნისლში თეთრ ცხენს დაინახავს და „გზიდან გადაუხვევს“? გადახვევა არის გარკვეულ შიშთან და ხიფათთან დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ღირს და მხოლოდ გაბედულები უხვევენ გზიდან… მხდალები და შეშინებულები მუდმივად გატკეპნილი და რუტინული გზით დადიან.

ერთხელაც ცხოვრება დაგაყენებთ არჩევანის წინაშე, რომ გინდათ თუ არა, რაიმე გზა უნდა ამოირჩიოთ. ვთქვათ, დაიკარგეთ (როგორც მეტაფორულად ასევე რეალურად) ცხოვრებაში (ტყეში), რას აკეთებთ? დადგებით და დაელოდებით, როდის გამოჩნდება „მხსნელი“? უკვე „გადახვეულ“ გზაზე ხართ… არ გააგრძელებთ სვლას? გაჩერდებით? მოგიწევთ მიმართულების არჩევა, საით წახვიდეთ, ინტუიციისა და ლოგიკის წყალობით, ეს უნდა გააკეთოთ… ზღაპრებში რომ გმირი გზაჯვარედინთან აღმოჩნდება ხოლმე. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფინალი ერთი შეიძლება იყოს, ჩვენ რომელიმე გზას ვირჩევთ და მივყვებით.

ტყეში შევედით და დავიკარგეთ…. რას ვაკეთებთ? ცხოვრებაში ‘შევედით“ და დავიკარგეთ… როგორ გავაღწიოთ ცხოვრების ტყიდან? ზღარბმა მოახერხა ტყეში შესვლა, დაკარგვა, ფათერაკების გადალახვა და დაბრუნება… ჩვენც მოვახერხებთ.

ტყეში დაკარგვაზე ერთი საინტერესო იგავი გამახსენდა, რომელიც სადღაც წავიკითხე. იგავი ხუთ ბრძენზეა, რომლებიც ტყეში დაიკარგნენ და შინ დასაბრუნებელ გზას ეძებენ.

პირველმა თქვა:  მე მარცხნივ წავალ – ინტუიცია მკარნახობს ამას; მეორემ თქვა: მე მარჯვნივ წავალ, უფრო სწორ გზად მეჩვენება, მესამემ თქვა: მე უკან გავბრუნდები, საიდანაც შემოვედით, იმ გზით უკანაც გავაღწევ; მეოთხემ – მე წინ წავალ, ბოლოსდაბოლოს, ტყე ხომ დასრულდება და რაღაც ახალი გამოჩნდება; მეხუთემ თქვა: არასწორად მსჯელობთ, დამელოდეთ, ცოტა ხანს… და ის ავიდა ყველაზე მაღალ ხეზე (ამასობაში დანარჩენები საკუთარ არჩეულ გზას დაადგნენ) რათა დაეზვერა გარემო. იქიდან კარგად ჩანდა ყველა გზა და მათ შორის, უმოკლესი გზაც. მეხუთე ბრძენმა ჩათვალა, რომ სხვა ყველა ცდებოდა და მხოლოდ ის იყო მართალი და ნამდვილი ბრძენიც… მაგრამ….

მარამ ყველა ბრძენი მართალი იყო თავისი გზის არჩევისას… რადგან ადამიანები განსხვავებულები არიან და ისინი სხვადასხვა გზას ირჩევენ და იღებენ უნიკალურ გამოცდილებას ასეთი დაკარგვით და მთავარი გზიდან გადახვევით. ამ ბრძენებმაც სხვადასხვა გამოცდილება მიიღეს: ზოგმა  ადამიანისათვის ხელუხლებელი სანახები აღმოაჩინა ტყეში, ზოგი ყაჩაღებს გადაეყარა და მათთან ურთიერთობით ისინიც შეცვალა, ზოგი დატკბა უბრალოდ ტყეში სიარულით, ზოგი მოკლე გზების და პრობლემის სწარაფად მოგვარების სპეციალისტი გახდა და ასე შემდეგ.

ყველა ბრძენმა შეასრულა თავისი დანიშნულება, ყველამ რაღაც აღმოაჩინა თავის გზაზე…

ამიტომ ყველაზე დიდი სიბრძნე იმაშია, რომ მისცე მოსწავლეს „თემიდან გადახვევის“ და საკუთარი გზის არჩევის უფლება.

ერთი შეხედვით, რა შუაშია ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან, მაგრამ თუ უფრო ღრმად  დავუკვირდებით, მათ შორის მეტაფორულ კავშირსაც აღმოვაჩენთ. თუ ცნობიერებას რაღაც შტამპს ჩავუნერგავთ, ის შტამპი შემდეგ ავტომატურ რეჟიმში იწყებს მოქმედებას და კვლავწარმოებას. სკოლაში თუ ეს შეეხებოდა ტექსტიდან და თემიდან არ-გადახვევას, ცხოვრებაში ეს შტამპი სრულიად ახალ შინაარსებს მოძებნის, რაკი ძალიან ადვილია სასკოლო ასაკში ცნობიერების პროგრამირება. გაცილებით რთულია შემდეგ ამ პროგრამების წაშლა და ზოგჯერ შეუძლებელიც. ამის გამო ადამიანი ხდება არარეალიზებული, განუხორციელებელი სურვილებით, მუდმივად უკმაყოფილო, წარსულს გამოკიდებული, ოცნებებს ჩამოკონწიალებული, უმოქმედო მენტალურად და ასე შემდგ… ამ ყველაფრის შედეგი კი არის ის ცხოვრება და ის საზოგადოება, რომელშიც ვართ და სული გვეხუთება.

ასე რომ, ხშირად გადაუხვიეთ გაკვეთილზე თემიდან;

ხშირად გადაუხვიეთ გზიდან;

ნუ შეგეშინდებათ დაკარგვის, რადგან ყველა ახალი გზა ახალ გამოცდილებას და ნამდვილ გაკვეთილს გთავაზობთ;

პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ გზიდან გადახვევაზე;

დაიწყეთ სულ მარტივით: შინ მიმავალ გზას გადაუხვიეთ, სხვა გზით წადით… სხვა ტრანსპორტში ჩაჯექით, გააკეთეთ ის, რაც ყოველდღიური ავტომატურობიდან ამოგაგდებთ და დააკვირდით, რამდენად საინტერესო გახდება თქვენთვის ცხოვრება!

ახალ თავგადასავლებს გისურვებთ ცოდნის გზაზე!

 

 განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდების შესახებ

0

არჩევნის თავისუფლება და ამ არჩევანზე პასუხისმგებლობა საგრძნობლად ზრდის მოსწავლის მოტივაციას. ყოველი თემის დასრულების შემდეგ აუცილებელია ამ თემის შეჯამება და შეფასება. ამასთან, შეუძლებელია ერთი და იმავე ტიპის შეჯამების დროს ყველა მოსწავლემ თანაბარი ცოდნა გამოამჟღავნოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ წერითი შემაჯამებელი არ არის საკმარისი მოსწავლეების შესაფასებლად. ისინი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. ეს მეთოდი განსხვავებული შესაძლებლობებისა და მზაობის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოამჟღავნონ ცოდნა, მიიღონ უკუკავშირები მალე და გაიღრმაონ ცოდნა. თუ რომელიმე მეთოდი არ იქნება მათი ტემპისა და მზაობის შესაფერისი ისინი სხვა მეთოდს აირჩევენ და ამის მათ არ შეეშინდებათ.

როდესაც გვინდა ერთი ან რამდენიმე თემის შეჯამება, მოსწავლეს ვთავაზობთ, აირჩიოს მინიმუმ ორი ვარიანტი შემდეგი ოთხიდან:

1) ბლიცი;

2) კითხვა-პასუხი;

3) ამოცანა;

4) ლოგიკა.

ეს არის საშუალება, მოსწავლემ მიიღოს სწრაფი უკუკავშირი და მოემზადოს განმსაზღვრელი შეფასებისათვის. შეჯამების ამ ფორმას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ფუნქცია აკისრია.

ბლიცი, ძირითადად, ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას;

კითხვა-პასუხი კი – რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მასალა და შეიძინეს მისი გამოყენების უნარი.

ამოცანები მოითხოვს მაღალ სააზროვო უნარებს, ამით მოსწავლე აანალიზებს და ამთლიანებს თემას.

ლოგიკა არის საშუალება, შეაფასოს მოსწავლემ, რა ისწავლა. გააკეთოს ზოგადი დასკვნები. ეს არის ერთგვარი აღმოჩენების დავალებები.

რას გულიხმობს თითოეული მათგანი

ბლიცი შეზღუდული დროის პირობებში კითხვებზე სწრაფად პასუხის უნარია. ვირჩევთ ერთ მოსწავლეს, რომელიც დაინიშნავს დროს და მეორე მოსწავლეს – რომელიც სწორ პასუხებს დაითვლის. მოსწავლეს პასუხის არქონის შემთხვევაში უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგ შეკითხვაზე გადასვლა. შეცდომის და შემდეგზე გადასვლის შემთხვევაში იქვე ვაძლევთ უკუკავშირს. მოსწავლეს არ უნდა რცხვენოდეს შეცდომის. დროის ამოწურვის შემდეგ ვატყობინებთ მას, დააგროვა თუ არა დამაკმაყოფილებელი ქულა. ეს ქულა შეიძლება განისაზღვროს კლასის შესაძლებლობის მიხედვით. სხვადასხვა კლასისთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს. მოსწავლეს ვაძლევთ ფერად ბარათს, რომელზეც წერია – თქვენ გაიარეთ ბლიცრაუნდი.

ბლიცის კითხვები არის მოკლე. ბლიცის შეკითხვებს ვადგენთ ისე, რომ მოსწავლემ პირდაპირ დააბოლოვოს მასწავლებლის მიერ დაწყებული წინადადება, რათა არ დაიხარჯოს ზედმეტი დრო. არ გამოვიყენოთ სიტყვები:

რას უდრის?

როგორია?

რომელია? …

მხოლოდ დავიწყოთ წინადადება და მოსწავლეს მივცეთ საშუალება, სწრაფად გააგრძელოს ის ან თქვას „შემდეგი“.

მაგალითად:

სამკუთხედების თემა.VII კლასი

1) სამკუთხედის კუთხეების ჯამი…

2) ბლაგვკუთხა სამკუთხედში ბლაგვი კუთხეების რაოდენობა…

3) ტოლგვერდა სამკუთხედის ერთი კუთხის ზომა…

4) სამკუთხედის წვეროს მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან შემაერთებელი მონაკვეთი…

5) მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი…

6) მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მიმდებარე გვერდი…

7) მართკუთხა სამკუთხედის მცირე კუთხე, როცა კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია…

8) სამკუთხედის კუთხის მეზობელი კუთხე…

9) სამკუთხედი, რომლის ორი კუთხე ტოლია…

10) სამკუთხედში მოპირდაპირე გვერდისადმი გავლებული მართობი…

და ასე შემდეგ.

სიმრავლეების თემა. VII კლასი

1) ორი სიმრავლის საერთო ნაწილი…

2) სიმრავლე, რომელიც ელემენტს არ შეიცავს..

3) სიმრავლიდან აღებული ნაწილი…

4) ყოველი სიმრავლის ქვესიმრავლეა თავისი თავი და …

5) ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც ეკუთვნის ერთ ან მეორე სიმრავლეს…

6) თვლის შედეგად მიღებული რიცხვები…

7) რა სიმბოლოთი აღინიშნება მთელ რიცხვთა სიმრავლე…

და ასე შემდეგ.

კითხვა-პასუხის დროს მოსწავლე აღარ არის შეზღუდული დროში. იგი მოისმენს ათ შეკითხვას. კლასის შესაძლებლობის და მზაობის გათვალისწინებით გადავწყვეტთ რამდენ სწორ პასუხს მივიჩნევთ საკმარისად. თუ მოსწავლე აიღებს საკმარის ქულას, იგი მიიღებს ბარათს, რომელზეც წერია: თქვენ გაიარეთ კითხვა-პასუხის რაუნდი.

მაგალითად: საკუთხედების თემა

1) რას უდრის სამკუთხედის გარე კუთხე, თუ მისი არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხე 60 და 80 გრადუსია?

2) რას უდრის სამკუთხედის გვერდები, თუ ისინი ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2:3:4 და პერიმეტრი უდრის 18სმ.-ს.

3) რას უდრის მართკუთხა სამკუთხედის კათეტი, თუ ჰიპოტენუზაა 17სმ. და ერთი კუთხე 60 გრადუსი

და ასე შემდეგ.

ამოცანების რაუნდის არჩევისას მოსწავლეს მიეცემა სულ რამდენიმე მოცულობითი ამოცანა და თუ მათ დამოუკიდებლად ჩვენი ჩარევის გარეშე გაუმკლავდება, მას მიეცემა ბარათი, რომელზეც წერია: თქვენ გაიარეთ ამოცანების რაუნდი.

ლოგიკის რაუნდი კი არის ზოგადი დასკვნის გაკეთება, თეორემის დამტკიცება, ამოცანის ამოხსნა ან შედგენა პარამეტრების გამოყენებით. ამ რაუნდში, ხშირ შემთხვევაში, ერთი დავალებაც საკმარისია. ამ დავალების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა ფურცელი: თქვენ გაიარეთ ლოგიკის რაუნდი.

მაღალი მზაობის მოსწავლეებმა შესაძლოა სურვილი გამოთქვან, გაიარონ ოთხივე რაუნდი. თუ წერითი განმსაზღვრელი შეჯამების დღეს მოსწავლეს აღმოაჩნდება ორზე მეტი ბარათი, შეიძლება უკვე შევაფასოთ განმსაზღვრელი შეფასებით.

ნაკლი ამ მეთოდისა არის ის, რომ მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში საგაკვეთილო დრო საკმარისი არ არის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს არ ეზარებათ ამ დამატებითი დროის გამოძებნა.

ბარათის მიღება გამჭვირვალეა ყველა მოსწავლისთვის. მათ წინასწარ იციან შეფასებისთვის აუცილებელი პასუხების რაოდენობაც.

მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია 7-9 კლასების მოსწავლეებთან. ბევრ თემას ერგება და იძლევა მასალის დიფერენცირების საშუალებას. ვფარავთ ბლუმის ტაქსონომიის ყველა დონეს.

ამერიკული დემოკრატიის უცნობი საფუძვლები

0

2014 წელს გამომცემლობა „რადარამმა“ ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგის დევიდ გრებერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნი „დემოკრატიის პროექტი“ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. „რადარამი“ არაკომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ანთროპოლოგის ნაშრომი საჯარო ღონისძიებებზე საჩუქრად გაიცემოდა ან წიგნის მაღაზიებში განსაკუთრებით დაბალ ფასად იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, წიგნის თაობაზე საგულისხმო გამოხმაურება არავის დაუწერია. თითქოს დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დაწერილი პუბლიკაცია უკვალოდ ჩაიკარგა. გრებერის ნაშრომში უამრავი საკამათო მოსაზრებაა განხილული. ავტორის არატრადიციულმა იდეებმა ბევრის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ვერავინ უარყოფს „დემოკრატიის პროექტში“ გამჟღავნებულ მეცნიერის მდიდარ ცოდნასა და თავისუფალ აზროვნებას. თქვენი ყურადღება ამერიკული დემოკრატიის გრებერის მიერ თავმოყრილ უცნობ წინაპირობებს მინდა მივაპყრო.

სოციალურ მეცნიერებათა ძველი სკოლების წარმომადგენლები დემოკრატიის შესახებ ძალიან სწორხაზოვან მსჯელობას გვთავაზობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში გაჩნდა. მმართველობის დასახელებულმა ფორმამ განვითარების შემდგომ ეტაპს რომში მიაღწია. დემოკრატიის იდეის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის ინგლისსა და რენესანსის ეპოქის იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოოდ კი, თავისი ყველაზე მყარი და ჩამოყალიბებული ფორმით დასავლური ცივილიზაციის შუაგულში – ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროებზე დამკვიდრდა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში მხოლოდ იმას გვასწავლიან, რომ ამერიკული კონსტიტუციის საფუძვლები სწორედ ძველი სამყაროს, რენესანსისა და რევოლუციური ბრიტანეთის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ძნელად ამოსაცნობი, რთულად მისახვედრი მიზეზების გამო, ხშირად ყველას ავიწყდება აბორიგენი მოსახლეობის ადათ-წესების, „სოციალურ ყაჩაღებად“ წოდებული ჯგუფების მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღნიშვნა.

XVI საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებმა ადგილობრივმა ტომებმა, ინდიელებმა კავშირი დააარსეს. კავშირი თავდაპირველად ხუთ იროკეზულ ტომს აერთიანებდა. მოგვიანებით ჯგუფს მეექვსე თემიც შეუერთდა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ექვსი ერის ლიგა, რომელიც საწყისს ეტაპზე მხოლოდ ტბა ონტარიოს მიმდებარე მხარეებს აკონტროლებდა. მოგვიანებით კონფედერაციის გავლენა სამხრეთ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ინგლისურ წყაროებში ინდიელთა ტომების გაერთიანებას „ჰოდენოშაუნის ექვსი ერის ლიგად“ მოიხსენიებენ. ლიგამ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იარსება. „ჰოდენოშაუნის“ მართვის სისტემა კონფედერალიზმისა და დეცენტრალიზაციის პრინციპებს ეფუძნებოდა. ყველა გვარს ტომის საბჭოში ჰყავდა წარდგენილი თავისი ბელადი. ყველა ტომი კი თავის წარმომადგენელს ირჩევდა ლიგის მმართველ ორგანიზაციაში. საბოლოოდ, „ჰოდენოშაუნს“ ორმოცდაათი ბელადისგან შემდგარი სტრუქტურა განაგებდა. განსხვავებული სოციალური თუ კულტურული მახასიათებლების მიუხედავად, ინდიელთა ექვსი ტომი ერთიან სისტემად ფუნქციონირებას მაინც ახერხებდა. ინგლისელ კოლონისტებს ხშირად უწევდათ ხოლმე „ჰოდენოშაუნის“ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება ტერიტორიებისა და რესურსების გადანაწილების საკითხზე. ინდიელებთან მოლაპარაკებებში ინტენსიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის მომავალი დამფუძნებლები. დამფუძნებელი მამები შესანიშნავად იცნობდნენ ინდიელთა კონფედერაციული მართვის სტილსა და მთავარ წესებს. მათ „ფედერალისტურ წერილებში“ არასდროს უხსენებიათ აბორიგენთა ტომებში გავრცელებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტანდარტი. თუმცა, ფაქტია, რომ დევიდ გრებერის მსგავს მოაზროვნეებს არ უჭირთ ამერიკულ ფედერალიზმსა და იროკეზთა ერთიანი მოქმედების სტრატეგიას შორის კავშირის აღმოჩენა. გრებერი ამტკიცებს, რომ ამერიკული ფედერალიზმის შთაგონების წყარო „ჰოდენოშაუნის“ ექვსი ერის ერთობასა და ორმოცდაათი ბელადის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ.

დემოკრატიული ტრადიციის მიხედვით, ლიდერისა თუ პასუხისმგებელი პირის გამორჩევა მხოლოდ ზემდგომი ორგანოებისა და ზებუნებრივი ძალების პრეროგატივა არ არის. საერო ძალაუფლების წყაროს მხოლოდ ღმერთი და წოდებრივი კუთვნილება არ უნდა წარმოადგენდეს. წინამძღოლობა ადამიანთა საყოველთაო თანხმობის საფუძველზეც შეიძლება მიენიჭოს კონკრეტულ მოღვაწეს. როგორ დამკვიდრდა მსგავსი სულისკვეთება რიგით ამერიკელებში? ყველა ანტიკური ხანისა და რენესანსის სპეციალისტი რომ არ იქნებოდა, ამაზე არავინ ვდავობთ. დევიდ გრებერის კოლეგა ჯონ მარკოფი ამტკიცებდა, რომ რიგით ამერიკელებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება მეკობრეთა საქმიანობას უკავშირდება. ატლანტის ოკეანის ადრეული ხანის მეკობრეები გემის კაპიტანს თავად ირჩევდნენ. კაპიტნის მმართველობა შეუზღუდავი არ გახლავთ. გემის მართვაში მონაწილეობას იღებდა საერთო კრებაც. მეკობრეთა საერთო კრება უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა კაპიტნის გადაწყვეტილება. კაპიტნის ძალაუფლება შეზღუდული იყო წინასწარ გაფორმებული შეთანხმებებითაც. ეკიპაჟის წევრები წინასწარ თანხმდებოდნენ ნადავლის განაწილებისა და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებული კომპენსაციის განაწილების წესზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებას მეკობრეები მხოლოდ დემოკრატიული საარჩევნო წესებითა და ხელშეკრულებით განაწილებული ძალაუფლებით არ ჰგავდნენ. მეკობრეთა გემების მნიშვნელოვან ნაწილს მულტიკულტურული შემადგენლობის მეზღვაურთა კოლექტივი ჰყავდა. მეკობრეთა შორის ადვილი შესამჩნევი იყო რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება. თუმცა, განსხვავებულობა იშვიათად მოიაზრებოდა ჩაგვრის უმთავრეს და ერთადერთ წინაპირობად.

ამერიკელი ანთროპოლოგი თავის წიგნში კიდევ არაერთი უცნაური წინაპირობის შესახებ საუბრობს. ყველა ჯგუფის მახასიათებლების განხილვა ჩვენი მიზანი არ არის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმის განსაზღვრა გახლავთ, თუ რის დასაბუთებას ცდილობს ავტორი ისტორიული მაგალითების განხილვის საფუძველზე. ავტორი ერთ მნიშვნელოვან და ყველასთვის ყურადსაღებ დასკვნამდე მიდის:

„დემოკრატია არ გამოუგონიათ ანტიკურ საბერძნეთში… სინამდვილეში დემოკრატია არც არასდროს „გამოუგონიათ“; ის არც რომელიმე ინტელექტუალური ტრადიციიდან წარმოშობილა. დემოკრატია რეალურად მართვის მოდელსაც კი არ წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, მხოლოდ რწმენაა იმის თაობაზე, რომ ადამიანები იმთავითვე თანასწორნი არიან და უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი ხელსაყრელი საშუალების გამოყენებით, ეგალიტარიზმის პრინციპებით წარმართონ ერთობლივი საქმეები… ამ გაგებით, დემოკრატია ისეთივე ძველია. როგორც ისტორია და ადამიანის აზროვნების უნარი“.

მაშასადამე, დემოკრატიული ტრადიცია არსებობდა და არსებობს ყველგან, სადაც კი ადამიანებს მშვიდობიან და თავისუფალ თანაცხოვრებაზე უფიქრიათ. მისი ელემენტების აღმოჩენა ყველა ხალხისა და სოციალური ფენის თავგადასავალშია შესაძლებელი. დემოკრატია მხოლოდ „მაღალგანვითარებულ“ საზოგადოებათა ხვედრი არ არის.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწავლა

0

ეროლ ვორდერმანი ბრიტანელი ტელეწამყვანი და მათემატიკური განათლების საკითხში დევიდ კემერონის მრჩეველია. თავის წიგნში „როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწავლა“ ის გვიყვება, როგორ ავუხსნათ უმცროსკლასელებს და მოზარდებს ყველაზე მარტივი საკითხები, რომლებიც მათ სწავლაში დაეხმარება. ინფორმაციის მოძიება, დღის განრიგის შედგენა – ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია.

 

ვორდერმანის წიგნი ილუსტრირებული სახელმძღვანელოა – ბევრი ცხრილით, სქემითა და ნახატით. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ავტორი ისედაც ნაცნობ საკითხებს იმეორებს: რატომ არის მნიშვნელოვანი მასალის ნაწილებად დაყოფა და არა ერთიანად სწავლა, გუნდური მუშაობა და დღის წესრიგის დაცვა, მაგრამ მართლა ასე როდია. ეს არის მარტივი და გასაგები ინსტრუქცია მშობლებისათვის (და მოზარდებისთვისაც) იმის შესახებ, რით დავიწყოთ და, საზოგადოდ, სწავლის რა მეთოდები გამოვიყენოთ.

მოსწავლეებისა და ინფორმაცის აღქმის 5 ტიპი

სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია იმის გამო, რომ თქვენ ვერ იპოვეთ ბავშვისთვის მისაღები სწავლის სისტემა და ვერ განუვითარეთ მისთვის საჭირო უნარები. კეროლ ვორდერმანი გამოყოფს მოსწავლეების და, იმავდროულად, სწავლის რამდენიმე ტიპს:

 

  • ვიზუალური. ასეთ ბავშვებს განვითარებული აქვთ სივრცითი აზროვნება. მათ ჩანახატების კეთება, დიაგრამების ხატვა და რუკების შედგენა უყვართ.
  • ვერბალური. ასეთ მოსწავლეებს მდიდარი სიტყვათა მარაგი აქვთ, საუბრისას ისინი რიტმს და რითმას ეყრდნობიან.
  • ლოგიკური. ასეთ ბავშვებს ეხერხებათ მათემატიკური მეცნიერებების შესწავლა. ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, მარტივად პოულობენ ლოგიკურ კავშირს. ისინი კარგად ადგენენ სქემებს, სადაც ყველაფერი რთულიდან მარტივისკენ და მთავარი საკითხიდან მეორეხარისხოვანისკენ არის მიმართული.
  • სმენითი. ამ ტიპის მოსწავლეები ხშირად მუსიკით არიან გატაცებულნი. ისინი ადვილად იმახსოვრებენ ინფორმაციას მოსმენით, უყვართ აუდიოლექციებისა და პოდკასტების სმენა.
  • ფიზიკური. ასეთ ბავშვებს უყვართ მოქმედება და ამოცანების გააზრება მოძრაობაში. ისინი საკითხს პატარ-პატარა ნაწილებად შლიან, რომ მიხვდნენ, „როგორ არის მოწყობილი შიგნიდან“.

ყველაზე ეფექტიანი სწავლების აქტიური მეთოდებია. როდესაც მთელი ინფორმაცია ანალიზდება, მოსწავლე სვამს კითხვებს, ეცნობა დამატებით მასალებს, ერთმანეთს უთავსებს მუშაობის სხვადასხვა ტიპს.

აი აქტიური სწავლების რამდენიმე მეთოდი:

  • ინტელექტ-რუკის შედგენა, რომელზეც ინფორმაცია და იდეებია ერთმანეთთან დაკავშირებული;
  • ნასწავლი მასალის მეგობრისთვის ან წარმოსახვითი აუდიტორიისთვის მოყოლა;
  • შესწავლილი საკითხის საწინააღმდეგო არგუმენტებზე ფიქრი;
  • 100 სიტყვით მოყოლა იმისა, რა ისწავლე. შემდეგ ამის შემცირება 10 სიტყვამდე.

 

კარგად ორგანიზებული მუშაობა წარმატების ნახევარია. მნიშვნელოვანია, იცნობდეთ თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს, ისახავდეთ მიზნებს და, რაც მთავარია, წარმოდგენილი გქონდეთ, როგორ აპირებთ მათ მიღწევას. დროის მენეჯმენტის სპეციალისტები გვირჩევენ „სალიამის მეთოდს“: დაყავით დიდი დავალება პატარა ნაწილებად, ისევე როგორც ძეხვს ერთი და იმავე ზომის პატარა რგოლებად ჭრით.

აღმოჩნდა, რომ ბევრი ამოცანის ერთდროულად დასახვა ამცირებს ტვინის აქტიურობას. გაცილებით ეფექტიანია, ყველა საქმე გაყოთ და დავალება პატარა ნაწილებზე კონცენტრირებით შეასრულოთ.

სწორად შედგენილი განრიგი ჯერ კიდევ არ არის პროექტის დასრულების გარანტია. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დავალება საჭირო ვადაში ჩააბარონ, მათ უნდა ისწავლონ დროის უკუათვლაც. ასევე, უნდა გაითვალისწინონ და მოიტოვონ დრო სამუშაოს გასასწორებლად და ცვლილებების შესატანად.

 

როგორ ისარგებლონ ლიტერატურის სიებით და მოძებონ ინფომაცია

კეროლ ბორდმანის აზრით, ბიბლიოთეკები დაუმსახურებლადაა მივიწყებული. ეს იდეალური ადგილია სწავლისთვის. სკოლის მოსწავლეებს ხშირად არასწორად ესმით რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი: არ არის საჭირო ყველა წიგნის წაკითხვა; აუცილებელია მხოლოდ ძირითადი წყაროების გამოყოფა და ყველაფრის აქედან დაწყება.

თანაც დამატებითი ლიტერატურის გაცნობა სასარგებლოა – ეს აქტიური სწავლების ერთ-ერთი მეთოდია. თუ წინ დიდი ინფორმაციის შემცველი სამუშაო გელით, არჩევითი კითხვის უნარი დაგეხმარებათ: მოძებნეთ საკვანძო სიტყვები და ტექსტში გამოყავით ძირითადი მომენტები. მთავარ სასწავლო უნარად ავტორს მიაჩნია პირველწყაროებზე მუშაობა, რომლებშიც ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ასევე უნდა გადამოწმდეს ციტატების ხარისხი.

 

რა დაგეხმარებათ უკეთ დამახსოვრებაში

იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ის რეგულარულად უნდა გადაიმეოროთ. ვორდერმანი გვთავაზობს საკვანძო სიტყვების და ფრაზების ცალკე ბარათებზე ამოწერას ყოველი კვირის და ყოველი თვის ბოლოს. მასალის გამეორება აზრს მოკლებულია, თუ საგანზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა არ გაქვთ.

ბავშვებს ინფორმაციის ათვისებაში დაეხმარება:

  • კონსპექტების მომზადება საკუთარი სიტყვებით;
  • გაკვეთილზე კითხვების დასმა;
  • თანაკლასელებთან ჩანაწერების გაცვლა-გამოცვლა და გავლილ მასალაზე საუბარი;
  • ახალი ინფორმაციის სხვა ცოდნასთან დაკავშირება. არ დაგავიწყდეთ შესვენება: უმცროსკლასელებმა უნდა შეისვენონ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, უფროსებს კი 45-60 წუთის განმავლობაში შეუძლიათ მეცადინეობა, რის შემდეგაც 12-20 წუთით შესვენებაა რეკომენდებული.

 

მეხსიერება და ტვინი

მიღებულ ინფორმაციას ჩვენი ტვინი კოდად აქცევს, მერე კი მეხსიერებაში გზავნის. როდესაც რაღაცის გახსენება გვჭირდება, ვიყენებთ გრძელვადიან მეხსიერებას და მისგან კოდირებულ ინფორმაციას ვიღებთ. რამდენიმე მინიშნებისა და გრძნობის ორგანოების კომბინირებას მრავალჯერადი კოდირება ჰქვია. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გრძნობის ორგანოები და შემოქმედებითი შესაძლებლობები ავამოქმედოთ: სწავლის პროცესი უფრო საინტერესო ხდება, ხოლო მასალა – უფრო იოლად ასათვისებელი.

ის, რომ ადამიანი იყენებს ტვინის მხოლოდ 10%-ს, მითია და დროა დავივიწყოთ.

მინიშნებად შეიძლება ნებისმიერი რამ გამოგვადგეს. თუნდაც სხეულის ნაწილები. მაგალითად, ატომის აგებულების დამახსოვრებისას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ხელი როგორც ძირითადი ელემენტი და თითები როგორც მისი ნაწილები.

მეხსიერების სტიმულირებისთვის შეიძლება მოვიშველიოთ დამახსოვრების არა ერთი, არამედ რამდენიმე მეთოდი, მაგალითად:

  • ბლოკ-სქემები (საკვანძო სიტყვების ჩაწერა და მათგან საფეხურებრივი პროცესის შედგენა);
  • ციცერონის მეთოდი (რომაელი ორატორი გამოსვლის დროს ახსენებდა უამრავ სახელს, მოჰყავდა არაერთი რიცხვი და ფაქტი. ამბობენ, რომ გონებით ის ამ ფაქტებს „შენობაში“ ანაწილებდა, მერე კი „დაუვლიდა“ მათ და აუცილებელ ინფორმაციას აგროვებდა).

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი “mascavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას,  სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ  ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც დღის წესრიგში აქტუალური კითხვა – როგორ შეიძლება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა საქართველოში, კიდევ ერთხელ დაისვა. კითხვაზე პასუხი გენიალური და მარტივი იყო – ლიტერატურის გზით, რაც თავისთავად, ამ შესანიშნავი პროფესიის გარდა, ლიტერატურის მხარდაჭერასაც მოიაზრებდა. სწორედ ქართული ლიტერატურა, სადაც არცთუ ხშირად გხვდება მასწავლებლის სახე, გადაიქცა ერთგვარ ხიდად სხვადასხვა ასაკის მკითხველის გულამდე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათქმელად მასწავლებლისთვის. მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, რომ გვერდიდან შეეხედა საკუთარი თავისთვის, პრობლემებისთვის, გამოწვევებისთვის. ეს კი თვითშეფასების და ალბათ ადეკვატური თვითკრიტიკის შესაძლებლობას მისცემდა.

ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულთა სამეული გუშინ საზეიმოდ დასახელდა, ხოლო მასწავლებლებს, ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომრის სახით, დარჩა ათი საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტის ნაკრები, რომლის უცვლელი თემა მასწავლებელია, მისი საქმიანობა და სკოლის ცხოვრება. ჟურნალი საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა, ჩვეულებრივ მკითხველს კი საუკეთესო მოთხრობებთან ზიარება ინტერნეტგაზეთში „mastsavlebeli.ge“-ზე შეუძლიათ.

ტრადიციულად კონკურსის ორგანიზება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კონკრეტულად კი საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მესვეურთა აქტიური ჩართულობით მოხერხდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე კონკურსის სულისჩამდგმელმა და ინიციატორმა,  ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარმა რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ლიტერატურული კონკურსის დაგეგმვაში და ჟურნალ „მასწავლებლის“ ლიტერატურული ნომრის მომზადებაში, ასევე, მადლიერება გამოხატა კონკურსის ფინანსურ მხარდამჭერ ლიბერთი ბანკისა და სხვა პარტნიორთა – გამომცემლობა „ინტელექტსა“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ მიმართ, სწორედ მათ დააჯილდოვეს განსაკუთრებული პრიზებით თავიანთი რჩეული ავტორები.

გამომცემლობა „ინტელექტის“ განსაკუთრებული პრიზი ერგო კონკურსის მონაწილე სოფიო კუბლაშვილს და თეა თოფურიას.

„პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერისთვის, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს გადასცა.

რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიზებს, ისინი კონკურსის სხვა მონაწილეებს: მიშა ბახსოლიანს, ნათია როსტიაშვილს, ლუკა ბაქანიძეს ადა ეთერ ქუთათელაძეს გადაეცა.

საინტერესოა, რომ წლევანდელმა ჟიურიმ საკმაოდ ბევრი – 72 საკონკურსო ლიტერატურული ნამუშევარი შეაფასა. ჟიური წარმომადგენლობითი იყო: ლიტერატურათმცოდნე და ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი და მწერალი ზვიად კვარაცხელია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე, მწერალი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ლიტერატურული გადაცემის წამყვანი, პროდიუსერი ნესტან-ნენე კვინიკაძე, უცხოეთში მოღვაწე მწერალი და მთარგმნელი კატია ვოლტერსი. ჟიურის წევრებმა მოთხრობების ხარისხი და თემასთან შესაბამისობა სპეციალური კრიტერიუმებით (ავტორთა ვინაობა ანონიმური ჟიურისთვის იყო) განსაზღვრეს.

წელს კონკურსის მრავალფეროვნებისთვის მის მონაწილეებს აქცენტი სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალურ – ღირებულებების თემაზე უნდა გაეკეთებინათ: უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინკლუზიური განათლება, მეგობრობა, სამართლიანობა და მასწავლებლის როლი ამ პროცესში.

განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ზოგადი განათლების მიმართულებით ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც გამოიხატება არა მარტო საკონკურსო ნამუშევართა მზარდ რაოდენობაში, არამედ ხარისხის დახვეწის თვალსაზრისითაც.

 

„ჩვენს საზოგადოებას მასწავლებლის მიმართ მაღალი მოლოდინები აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებელი ადამიანია, რომელსაც ჩვენნაირი, ყოველდღიური პრობლემები აქვს და ვალდებულია ისინი სკოლაში შესვლის დროს დაივიწყოს. არ შეიძლება საზოგადოება მუდმივად უსაფრდებოდეს მასწავლებელს. ნეგატივი, რომელიც სკოლებში გროვდება, დამანგრეველია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ამ კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების ბაზას, გამოვიყენებთ რესურსად როგორც სასწავლო პროცესში, ისე უნივერსიტეტებში, სადაც მასწავლებლებს ამზადებენ.“ – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

 

გამარჯვებული სამეულის საჯარო გამოცხადებამდე, შეკრებილ საზოგადოებასა და მომლოდინე კონკურსანტებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დროებითი შემსრულებელი დავით ხვედელიძე მიესალმა და აცნობა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგროვილი ოცდაათი მოთხრობა უახლოეს მომავალში ერთ წიგნად შეიკვრება და გამოიცემა.

 

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ნესტან-ნენე კვინიკაძის განმარტებით, განათლების სისტემის დახვეწა ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ ნებისმიერი აქტივობა ამ მიმართულებით, მით უფრო შემოქმედებითი კონკურსის ორგანიზება, მნიშვნელოვანია. „კონკურსში ყველაზე მნიშვნელოვნად მესახება ერთგვარი სტერეოტიპების დანგრევის მისია და ალბათ, ყოველ ჯერზე, გამარჯვებული ტექსტებით მივუთითებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამუშევრის ფორმა. ეს ტექსტების კონკურსია და არა ემოციური ამოძახილების. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი კონკურსის დროს შესაძლოა სრულიად ახალი მწერლების, ახალი სახეების აღმოჩენა,“ – აზუსტებს მწერალი.

საღამოზე, რომელიც კონსტანტინე ვარდელის სიმებიანმა კვარტეტი მუსიკალურად აფორმებდა, სამივე გამარჯვებულს ლიბერთი ბანკის ფულადი პრემიები ერგო. მესამე ადგილი დიანა ანფიმიადს ხვდა წილად მოთხრობისთვის „მარსზე წყალი იპოვეს, მეორე ადგილი კი “ნინო ქადაგიძეს მოთხრობისთვის „ოქტომბრელი“.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი კონკურსის სპონსორობა. ლიბერთი ბანკი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, უკვე სამი წელია თანამშრომლობს. პირობას გაძლევთ, რომ მომავალშიც თქვენთან ერთად ვიქნებით,“ – განაცხადა დავით ვერულაშვილმა, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რომელმაც პირველი ადგილის მფლობელსა და გამარჯვებულს, დავით გორგილაძეს გადასცა პრიზი მოთხრობისთვის „სცენას ჩამოსასვლელი არ აქვს“. ასევე, დავით გორგილაძეს გადაეცა კონკურსის სიმბოლო – კალმის ყუნწის მქონე ვაშლი, რომლის ფოთოლზეც დაწერილია გამარჯვებულის ვინაობა.  კონკურსის  პრიზი დიზაინერი მარიამ ელიზბარაშვილმა შექმნა და საჩუქრად გადაცა კონკურს..

„ალბათ სამომავლოდ კონკურსს კიდევ უფრო მეტი ავტორი შეეხმიანება და მასწავლებლის საქმიანობასა და თანამედროვე სკოლის ცხოვრებაზე, ღირებულებებზე, რომლებსაც მასწავლებლები უნდა გადასცემდნენ სკოლაში, უკეთესი მოთხრობები დაიწერება,“ – იმედოვნებს ნატო ინგოროყვა.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულები მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

 

 

 

“რთული“ბავშვების ტიპები და მათთან მუშაობის ხერხები

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს აღმზრდელი – პედაგოგი, მშობელი, რომელსაც “რთულ“ ბავშვთან ურთიერთობა, მისი სწავლება და აღზრდა სერიოზულ თავსატეხს არ უჩენს. მაინც, როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ “რთული“, რით გამოირჩევა ის და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი სირთულე მომავალში სერიოზული პრობლემების მიზეზი არ გახდეს.

ჩვეულებრივ, „რთულს“ უწოდებენ ისეთ ბავშვს, რომელიც არ იცავს საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს, ხშირად არღვევს დისციპლინას, უხეშობს, ჩხუბობს ან პირიქით, აპათიური და უნებისყოფოა, ადვილად ემორჩილება ჯგუფის „უარყოფით ლიდერს“, ადვილია მასზე გავლენის მოხდენა, არასასიამოვნო და მძიმეა მასთან ურთიერთობა. ისინი არსებითად განსხვავდებიან თანატოლებისგან თავისი ინდივიდუალური თავისებურებებით. „რთული“ ბავშვები, როგორც წესი მოითხოვენ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, ღიად გამოთქვამენ თავის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არ აინტერესებთ და არ სურთ სწავლა, არა აქვთ პატივისცემა მასწავლებლის მიმართ, თანატოლებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად იყენებენ ძალას. სწორედ ასეთი მოზარდები ხდებიან მომავალში კანონდამრღვევთა რიგებში, რადგანაც ყველაზე ხშირად არიან თანატოლთა ჯგუფისაგან უარყოფილი და იზოლირებულები.

იმისათვის, რომ სწორად წარვმართოთ “რთულ“ ბავშვთან მუშაობა და მოასალოდნელი პრობლემებიც ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გავარკვიოთ სირთულის გამომწვევი მიზეზები და მისი გამოვლინებები. ხშირად ბავშვის სირთულის მიზეზი ხდება:

  • დარღვევები ემოციური სფეროს განვითარებაში, რის გამოც ბავშვი ხდება ან უკიდურესად აგზნებადი, ან აპათიური, აუტისტური;
  • დარღვევები ინტელექტუალურ განვითარებაში;
  • განვითარების ნებელობითი სფეროს დარღვევები, რის გამოც ბავშვი ხდება ჯიუტი და თავნება, ან პირიქით – უნებისყოფო და გულგრილი;
  • სოციალური და პედაგოგიური ხელმიშვებულობა, როცა ბავშვს არ შეუძლია საზოგადოებასთან ადაპტირება და გარშემომყოფებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მისთვის არავის უსწავლებია;
  • ჰიპერმზრუნველობა, როცა ბავშვისაგან არაფერს ითხოვენ, მისი ყველა მოთხოვნა კი უპირობოდ და დაუყონებლივ სრულდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „რთული“ ბავშვები, როგორც წესი არ გვანან ერთმანეთს, თავისი ინდივიდუალური თავისებურებებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, საკუთარი პრობლემები, სირთულეები აქვთ და აქედან გამომდინარე სპეციფიკურ, ინდივიდუალურ მიდგომას და აღზრდის განსაკუთრებულ, მათზე მორგებულ ხერხებს და საშუალებებს საჭიროებენ.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთულ ბავშვებში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი ტიპები:

  • „აგზნებადი“ ტიპი – ახასიათებს ლიდერობისკენ სწრაფვა და იყენებს ყველანაირ ხერხს თანატოლებზე გავლენის მოსაპოვებლად – ეუხეშება მასწავლებელს, არღვევს წესრიგს და ა.შ. ასეთ ბავშვს ძალიან უჭირს ქცევის შედეგების პროგნოზირება, მაგრამ, როგორც კი მიხვდება, რომ ზღვარს გადავიდა ან რაიმე დააშავა, გამოსწორების პირობას იძლევა და ცოტა ხნით მართლაც ახერხებს ამას; თუმცა, მალე ყველაფერი ავიწყდება, ისევ ჩვეულ ქცევას უბრუნდება და თავისას აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვს ლიდერობის სურვილი აქვს, არ იქნება გამართლებული დავავალოთ მას უხელმძღვანელოს ჯგუფს. ის დიდი ალბათობით კონფლიქტში შევა გარშემომყოფებთან ან პირიქით, შეეცდება სიტუაციიდან პირადი სარგებლობის მიღებას. სასურველი შედეგის მომტანი არ იქნება ასევე ასეთ ბავშვზე ზემოქმედება დარწმუნების გზით, საუბრის პროცესში მას ძალიან უჭირს არგუმენტების მოსმენა. ვინაიდან ამ ტიპის ბავშვი მხოლოდ ძალას აღიარებს, მასთან ურთიერთობაში უკეთეს შედეგს იძლევა მტკიცე, კატეგორიული, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ტონი. კარგი იქნება ასევე მისთვის ისეთი დავალების მიცემა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, ძალისხმევას. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ დავალება შეძლებისდაგვარად დაკავშირებული იქნება ბავშვის ინტერესებთან – სპორტთან, მუსიკასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოხმარებასთან და ა.შ.;
  • „უმართავი“ ტიპი – ახასიათებს იმპულსურობა, უკიდურესად კონფლიქტურია. თავის გარშემო ის მუდმივად ნერვულ გარემოს ქმნის, ჩხუბობს, ავლენს უხეშობას და აგრესიულობას. მზად არის შეასრულოს ჯგუფის უარყოფითი ლიდერის ყველა დავალება, მაგრამ თავად არ არის ლიდერი გარემოში დამკვიდრებული წესების დაცვის უუნარობის გამო. არ არის ანგარიშიანი, არ შეუძლია არც საკუთარი და არც სხვისი ქცევის პროგნოზირება, უბრალოდ სურს დომინირება და მიზნის მისაღწევად ვერაფერი შეაჩერებს. უშედეგო იქნება დირექციის წევრების ჩართვა მასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ვინაიდან ამ ტიპის ბავშვი არ აღიარებს არანაირ ნორმებს, წესებს, არასოდეს განიცდის ადმინისტრაციული ზემოქმედების საფრთხეს, ახასიათებს გონივრული დასკვნების და რჩევების მიუღებლობა, უჭირს საკუთარი ქცევის ასოციალურობის ხარისხის შეფასება. სასურველია, რომ ამ ტიპის ბავშვი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს და პერიოდულად მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებდეს. კარგი იქნება ასეთი ბავშვისთვის ისეთი სამუშაოს მიცემა, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებას საჭიროებს და შეძლებისდაგვარად შრომატევადია;
  • „შეუპოვარი“ ტიპი – ძალიან პატივმოყვარე და ლიდერობისთვის ყველაფერზე წამსვლელია, შურისმაძიებელი, გულღვარძლიანია და არაფერს ივიწყებს, აქვს ორგანიზაციული უნარები, ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლთა შორის, მისი შეხედულებები კონკრეტული, განსაზღვრულია და მკაცრად და თანმიმდევრულად იცავს მათ. ძალიან უჭირს განსხვავებული აზრის არა მხოლოდ მიღება, მოსმენაც კი. იმათ, ვინც არ ეთანხმება, ანგარიშს მკაცრად უსწორებს და სასტიკად ეპყრობა. ხანდახან ამჟღავნებს სადიზმისაკენ მიდრეკილებას. პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის და ის ჯგუფის სხვა წევრებზე გადააქვს. ასეთ ბავშვთან არანაირ შედეგს არ იძლევა დაშინება, ჩხუბი, მისი ქცევის მიუღებლობაში დარწმუნების მცდელობა, ასევე უშედეგო აღმოჩნდება მასთან „მეგობრული“ ურთიერთობის დამყარების მცდელობა. კარგი იქნება, თუ ქცევაში დადებითი ცვლილებების დაფიქსირებისთანავე ასეთ ბავშვს დავაკისრებთ ხელმძღვანელობას ჯგუფის მიერ კონკრეტული და ამასთან მისთვის საინტერესო სამუშაოს შესრულების პროცესში;
  • „აქტიური“ ტიპი – ნებისმიერ საქმეს სიამოვნებით კიდებს ხელს, მაგრამ იშვიათად მიყავს რაიმე ბოლომდე. თავისუფლად შეუძლია იყოს ლიდერი, თუმცა ჯგუფის აქტიურ წევრობაზეც თანახმაა. ის მიისწრაფის არა ლიდერობისკენ, როგორც ასეთისკენ, არამედ აქტიურობისკენ. წინდაუხედავია, თუმცა ძალიან მოხერხებული და ადვილად გამოდის რთული სიტუაციიდან. გაკვეთილზე შრომისუნარიანობას მხოლოდ 15 წთ. ინარჩუნებს, შემდეგ იწყებს დისციპლინის დარღვევას, შენიშვნებზე უხეშად პასუხობს, კონფლიქტურობის გამო ხშირად „უარყოფილია“ თანატოლთა მხრიდან. უშედეგო და ერთგვარად სახიფათოც კია ასეთი ბავშვის დაუყონებლივ დასჯა მიუღებელი ქცევის განხორციელების შემთხვევაში, ვინაიდან აფექტის მიმართ მას დაბალი მდგრადობა  ახასიათებს და შეიძლება ასეთი მოქმედებით ახალი პრობლემების წინაშე დავდგეთ. ასევე შედეგის მომტანი არ იქნება ასეთი ბავშვის წვრილმანი კონტროლი, მისი მონოტონურ შრომაში ჩაბმა,  შრომატევადი დავალებებით დატვირთვა. კარგი იქნება მისთვის ისეთი სამუშაოს მიცემა, რომლის შესრულებასაც ის მცირე დროში შეძლებს. მივცეთ ინიციატივის გამოვლენის საშუალება, ავღნიშნოთ მისი წარმატება, თუნდაც მცირედი;
  • „დემონსტრატიული“ ტიპი – ის შესანიშნავი „მსახიობია“ და დახვეწილი მატყუარა. მისი მიზანია ნებისმიერ ფასად აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში. ჩრდილში ყოფნა მისთვის შემაწუხებელია და სერიოზულ დისკომფორტსაც უქმნის. შეუძლებელია მის მიერ მოყოლილი ისტორიები განვასხვავოთ სიმართლისაგან. მას ავადმყოფობის სიმულაციაც ისე დახვეწილად შეუძლია, რომ ექიმებსაც კი შეიყვანს შეცდომაში. ის მუდმივად არღვევს დისციპლინას გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში მოსახვედრად; უჭირს თანატოლების ჯგუფთან შეგუება. არ არის საჭირო ინტერესის ან გაოცების გამოვლენა, როცა ასეთი მოსწავლე თავის შეთხზულ ისტორიებს ყვება. უშედეგოა მისი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნა, ვინაიდან საკმაოდ უჭირს ურთიერთობა. კარგი შედეგი ექნება მხატვრული შემოქმედების ან თეატრეალურ წრეში მის ჩართვას. მასზე კარგად მოქმედებს ასევე გარშემომყოფთა მხრიდან გაკიცხვის საფრთხე ამა თუ იმ ქცევის გამო;
  • „უნებისყოფო“ ტიპი – მას  არა აქვს არც ნებისყოფა და არც ინტერესი იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებს. ის ზარმაცი და ინერტულია. ასეთი ბავშვის დახასიათებისას მასწავლებლები ამბობენ, რომ მას ფიქრიც კი ეზარება. ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და ასრულებს მის წვრილმან დავალებებს, არასოდეს არის ლიდერი ან ინიციატორი რაიმე საქმეში. სიცრუე, შიში, ინტერესის არქონა ნებისმიერი სასწავლო და შრომითი საქმიანობის მიმართ ასეთი ბავშვის დამახასიათებელი ნიშნებია. არ იქნება გამართლებული ამ ტიპის ბავშვის დანიშვნა თანატოლთა ჯგუფის ხელმძღვანელად, ასევე მისთვის ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებს. კარგი იქნება, თუ ყურადღებით ვიქნებით და შეძლებისდაგვარად შევზღუდავთ ასეთი ბავშვის ურთიერთობას სხვა ტიპის რთულ ბავშვებთან გამომდინარე იქიდან, რომ ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შეიძლება დამატებითი პრობლემების წინაშე დავდგეთ. აუცილებლად ავღნიშნოთ მისი წარმატებები და მიღწევები, თუნდაც მცირედი, ეს მისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი იქნება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვი, განურჩევლად იმისა „რთულია“ ის თუ არა, განუმეორებელი და უნიკალურია. მოქმედების ის ხერხი და სტრეტეგია, რაც ერთისთვის შედეგის და წარმატების მომტანია, შეიძლება მეორისთვის უშედეგო აღმოჩნდეს. ამიტომ, სირთულეების დაფიქსირებისას საჭიროა ყოველი კონკრეტული შემთხვევის  კარგად შესწავლა და საკორექციო მუშაობის პროგრამის მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

18.09.2018.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...