ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებლის ხმა: სოფლის სკოლების სევდა

,,რა  მენატრება?  – ბავშვებით სავსე სკოლა ჩემს სოფელში!“ (ნათელა თოხაძე)

შემოდგომისპირია, წვიმს. შიგადაშიგ ძაღლის მოგუდული წამოყეფება თუ დაარღვევს სიჩუმეს. დიდი ჭიშკარი შეღებისას ისე ჭრიალებს, თითქოს უნდა, მასპინძელს ხმა მიაწვდონოსო. ეზო ცარიელია. მივუყვები გრძელ ბილიკს, რომლის ერთ მხარეს – კალათბურთის სახელდახელო მოედანია, მეორე მხარეს კი – ასწლოვანი ნაძვების ხეივანი ამშვენებს. დერეფანში შესვლისთანავე ზარი ირეკება. კლასებიდან კანტიკუნტად გამოდიან ბავშვები და ჯგუფ-ჯგუფად გროვდებიან დერეფანში.

ჩემი მასპინძელი სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა თოხაძეა. ისიც ბავშვობის სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელია. პედაგოგიური მოღვაწეობა ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაუწყია, მაგრამ  მალე სახლში დაბრუნება გადაუწყვეტია და გეოგრაფიის მასწავლებლადაც აქვე მოწყობილა. სკოლას 1995 წლიდან მართავს და არც მასწავლებლობის პრაქტიკა შეუწყვეტია.

საერო განათლებას მელექედურში დიდი ხანია ჩაეყარა საფუძველი. სკოლა იმ სახით, როგორიც ახლაა, 1957 წლიდან ფუნქციონირებს. მანამდე კი, ე.წ. რვაწლედის მეშვეობით იღებდნენ არასრულ სასკოლო განათლებას. გადმოცემის თანახმად, 1934 წლამდე მელექედურელებს დაწყებითი განათლების სოფელში მიღების საშუალებაც ჰქონიათ.

როგორც სოფლის სკოლების უმეტესობა, მელექედურის სკოლის შენობაც საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, რათა მისმა მოსწავლეებმა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამის სასწავლო გარემოში შეძლონ განათლების მიღება. ამჟამად სკოლაში 26 მასწავლებელია, მოსწავლე კი – 75, არადა, სკოლა  300 მოსწავლეზეა გათვლილი.

,,სკოლა თუ გარემონტდება, სოფელი ნამდვილად მოიგებს. მოგეხსენებათ, ქალაქი ახლოსაა, იქ უკეთეს მდგომარეობაშია სკოლები. გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და სხვა გარემოებების  გამო, მშობელი შორ გზას ირჩევს. გზა კი პრობლემა არ არის, ორი მიმართულებით დადიან სამარშრუტო ტაქსები ქალაქისკენ“.

ქ-ნი ნათელას თქმით, გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროცესის გარდა, მშობელს მოსწავლეთა რაოდენობის გამოც მიჰყავს მოსწავლე სკოლაში, რადგან უნდა, რომ მისმა შვილმა მეგობრები შეიძინოს და მრავალფეროვან გარემოში ინტეგრირება შეძლოს. თუმცა ქალაქთან ახლოს მყოფი სოფლები ყოველთვის მიილტვოდნენ ქალაქისკენ. ეს ამ სოფლის ერთგვარი ტრადიციაცაა. ზემოაღნიშნული ფაქტორი მშობელთა დასაქმების ალტერნატივაზეც აისახება, ქალაქში მომუშავე ოჯახს შვილის ქალაქში ტარება უფრო უადვილდება, ვიდრე სოფლის სკოლაში დატოვება. მოსახლეობის სოფლიდან გადინების პრობლემას თან ერთვის შობადობის პროცენტული მაჩვენებლის შემაშფოთებელი კლება, რასაც სკოლის დაცარიელებული დერეფნებიც ადასტურებს.

,,ქალაქმა ბავშვი კი წაიყვანა, მაგრამ, ამას გარდა, საგრძნობლად იკლო შობადობამაც. სიკვდილიანობასა და შობადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკას რომ გადახედოთ, თვალშისაცემ ცვლილებას დაინახავთ. ამას წინათ, მოსწავლეებს დემოგრაფიის თემაზე პროექტის გაკეთება დავავალე. მონაცემებზე მუშაობის დროს ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ 2010 წლამდე მონაკვეთში მკვეთრად ეცემოდა შობადობის კოეფიციენტი და ბოლოს მინუსშიც გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის კოეფიციენტმა გადააჭარბა შობადობის პროცენტულ მაჩვენებელს. ვფიქრობ, ეს საკითხი სხვა რეგიონების პრობლემაცაა“.

საინტერესოა, რა ტიპის სირთულეების წინაშე დგას სოფლის მოსახლეობა განათლების მიღების თვალსაზრისით?

,,თუ ბავშვი სოფლიდან არ წავა, მაშინ დამთავრდა ამბავი! სკოლა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლე რაიმეს სპეციალობას მისცეს. აქ ვერავინ მიიღებს იმ აუცილებელ პრაქტიკულ განათლებას, რაც მას სამომავლოდ ცხოვრებაში გამოადგება“.

სკოლის დირექტორი განათლების პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ მოსახლეობას არ აქვს პრაქტიკული ცოდნა და არც თვითგანვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ფლობს. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი სოფელი ხშირად ექსპერიმენტების პოლიგონი (იხსენებს ფაროსანას მოსპობასთან დაკავშირებულ ამაო მცდელობებს) ხდება.

,,იმისთვის, რომ სოფელში ახალგაზრდა დამკვიდრდეს, გააგრძელოს თავისი ტრადიციები, შექმნას რაიმე ახალი, მას უნდა ჰქონდეს ცოდნა და მხარდაჭერა. კარგი პროექტია ძალიან ,,აწარმოე საქართველოში“, სწორედ სოფლის ამოქმედებაზე ორიენტირებული. თუმცა მსგავს ინიციატივებში ჩართვასაც გარკვეული უნარ-ჩვევის ფლობა სჭირდება. ამას გარდა, ბაზარია მოსაძებნი, სადაც პროდუქციის რეალიზება უნდა შეძლო. სად უნდა მიიღოს სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ასეთი მაღალი ხარისხის ცოდნა? მხოლოდ ერთი გზა რჩება – უნივერსიტეტი!“

ქ-ნი ნათელა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თუ ოჯახი განათლებაში ვერ ხედავს შვილის მომავალს, იქ ყველაფერი დამთავრებულია. თუმცა, თავის მხრივ, ახლო მომავალში  აპირებს პროფესიული მიმართულებით სკოლაში გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას და  რაიონში მდებარე კოლეჯის (,,ჰორიზონტი“) დახმარებით  სკოლაში პროფესიული განათლების ელემენტების დანერგვას გეგმავს.

,,განათლების საჭიროება არ დგას სოფელში. ჩემი აზრით, ბავშვმა სკოლიდანვე უნდა დაინახოს გზა მომავლისკენ – რისი პერსპექტივაა მის რეგიონში, რა ალტერნატივა არსებობს და ა.შ. პროფესიული განათლების ელემენტების სკოლაში დანერგვა კი ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ჩემი მასპინძელი კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევს მოსწავლეებისა და მათი ოჯახების დაბალ მოტივაციას, რის გამოც, სწავლის გაგრძელების კი არა, სკოლის დამთავრების პერსპექტივაც კი ეჭვქვეშ დგება. თუმცა აქვე დასძენს, რომ განათლების მიღებით ნაკლებად დაინტერესებული ბავშვების სკოლაში სიარული, თუნდაც უსაფრთხო გარემოში ყოფნის მიზეზით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ის, ვინც, ე.წ. კატის გამოცდებს ვერ აბარებს, ან მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და მისი მშობლები ლუკმაპურის საშოვნელადაა გადახვეწილი, ამ ბავშვების მშობლები ოცდაოთხი საათი ოჯახის რჩენისთვის ეწვალებიან და შვილს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ. ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ასრულებს სკოლა ჯანსაღ სოციუმთან კომუნიკაციის შესაძლებლობის თვალსაზრისით. მოსწავლეს, ქუჩაში დგომის ნაცვლად, მცირე, მაგრამ რაღაც გამოსადეგი ხომ მიაქვს სკოლიდან? ამის გამო ვფიქრობ, რომ სკოლა ბევრად მეტია, ვიდრე – სასწავლო პროცესი. იგი ზოგიერთი ბავშვისთვის ნამდვილი თავშესაფარია!“.

განათლებით დაინტერესების კიდევ ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად, ქ-ნი ნათელა დემოტივირებულ მასწავლებლებს მიიჩნევს. როგორც წესი, ინერტულობა პირადი პრობლემების ფონზე უფრო ხშირად იჩენს თავს, თუმცა პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ჩემს მასპინძელს მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთ ტრენინგზე გაცნობილი მასწავლებელი, რომელიც მძიმე ოჯახური პრობლემების მიუხედავად, აქტიურად ერთვება ყველა საგანმანათლებლო ინოვაციაში და საოცარ გაკვეთილებს ატარებს თავისი რაიონის სკოლაში.

,,როგორც წესი, პირად ცხოვრებაზე გადაერთვებიან და სკოლას აკლებენ ძალისხმევას. არადა, ბავშვი არაფერ შუაშია. იგი სკოლაში ხარისხიანი განათლების მისაღებად მიდის და უნდა მიიღოს კიდეც!“.

აქვე ჩემი რესპონდენტი მშობლის როლსაც უსვამს ხაზს და სინანულით აღნიშნავს, რომ მშობელთა უმრავლესობა არ/ვერ ინტერესდება სასკოლო ცხოვრებით და არ ითხოვს მისი შვილისთვის საჭირო მომსახურებას. მისი აზრით, მშობელი თუ მეტად ჩართული იქნება, მასწავლებლისთვის ეს შეიძლება დადებითი მოტივატორი იყოს, რადგან ამდენი დემოტივირებული მოსწავლისა და მშობლის არსებობა მასწავლებლის სამუშაო განწყობაზეც უარყოფითად აისახება.

,,ჩვენი მთავარი შემფასებელი მაინც ბავშვი და მისი მშობელია. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მშობელთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამას წინათ ზღაპრის კვირეულის წარმოდგენა ერთ-ერთმა მშობელმა გაგვიფორმა და საუკეთესო სცენური მოწყობისთვის სპეციალური პრიზიც კი დავიმსახურეთ. კარგია  ჩართული მშობელი, თუმცა დისტანცირებულ მშობლებსაც უნდა გაუგო და ეთანამშრომლო“.

აქვე სკოლის დირექტორი მასწავლებლის/სკოლის ,,დანაშაულზეც“ აკეთებს აქცენტს და ერთი ,,შერცხვენის“ ამბავს იხსენებს, როცა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მეთორმეტეკლასელი არაჩვეულებრივად მღეროდა. ამბობს, რომ მასწავლებლებსაც შეიძლება გამოეპაროთ რაღაც და ვერ შეუწყონ ხელის მოსწავლის სწორი მიმართულებით რეალიზებას.

,,არიან მოსწავლეები, რომლებიც შეიძლება გაკვეთილში არ ჩაერთონ აქტიურად, მაგრამ პროექტზე მუშაობის დროს ავლენენ შემოქმედებით ან სხვა ტიპის უნარებს, რომელთა წინ წამოწევითაც მასწავლებელს შეუძლია ეს ბავშვი სასწავლო პროცესშიც გაააქტიუროს. ინოვაციურმა მიდგომებმა მეც, როგორც მასწავლებელი, გამხსნა და მომცა საშუალება, მოსწავლეები სხვადასხვა კუთხიდან დამენახა. მარტო ის არაა სკოლა – ადექი, მომიყევი გაკვეთილი! –  დაჯექი, ხუთიანი!..“

ქ-ნი ნათელა ბავშვობის დროინდელ სკოლასთან ავლებს პარალელს, როცა დირექტორის დანახვისას დიდიან-პატარიანად ყველა კედელს იყო გაკრული:

,,აბა ესაა საქმე? მე რომ დამინახოს ვინმემ და კედელს აეკრას, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. თუმცა მგონი ლიბერალიზმშიც ძალიან გავუტიეთ, ზოგიერთი მიმართულებით მაინც… ბავშვი ყოველთვის მოგსინჯავს, კბილს გაგკრავს. არ უნდა ელოდო, რომ ყოველთვის კეთილგანწყობილი იქნება. ან რატომ უნდა იყოს კეთილგანწყობილი?! შენ უნდა შექმნა ისეთი სასწავლო გარემო, რომ სასურველი დამოკიდებულება დაიმსახურო!“.

ჩემი რესპონდენტი დანანებით აღნიშნავს რომ სკოლა ვერ აძლევს ბავშვს იმ მოთხოვნების შესაბამის განათლებას, რომელიც, თუნდაც ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ქალაქის სკოლებში მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობაა ამის მიზეზი, სოფელში კი – კვალიფიციური კადრების დეფიციტი. აქედან გამომდინარე, განათლების მიღებით დაინტერესებულ მოსწავლეს სხვა გზა არ რჩება და რეპეტიტორთან მიდის.

,,ჩემი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა განისაზღვროს, ვის გადავამზადებთ, რომელ ასაკობრივ ჯგუფთან ღირს ინოვაციების დანერგვა. გადამწიფებულ, რესურსამოწურულ მასწავლებელს აღარ შეუძლია საკუთარი პრაქტიკის შეცვლა“.

ქ-ნი ნათელას აზრით, მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთგვარი სასწავლო დიალოგის გაბმა უნდა შეეძლოს და ეს პროცესი თავისი ფორმითა თუ შინაარსით ორივე მხარისთვის ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს. მომავალი თაობის ინტერესებისა და შესაძლებლობების სწორად გამოყენებით ძალიან ნაყოფიერი საგანმანათლებლო პროცესების წარმართვაა შესაძლებელი.

,,როცა კარგ მასწავლებელზე მეკითხებიან, სულ ჩემი ქართულის მასწავლებელი მახსენდება. სწორედ მის გამო მომინდა მასწავლებლობა. ყოველ გაკვეთილზე ლიტერატურული დებატები გვქონდა გამართული. ჩვენ მაშინ ახალი თაობა ვიყავით. მასწავლებელი სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით ცდილობდა ჩვენს  ,,გადმობირებას“, მე კი სულ „ცისკრის“ სტატიები მქონდა მზად საპირისპირო მოსაზრებების დასაცავად. ასე ვპაექრობდით, თან უზარმაზარ ცოდნასა და უნარებს ვაგროვებდით. მასწავლებელსაც ვაფხიზლებდით, ვანათლებდით. რომ არა ეს მუდმივი დებატები, ამდენ ჟურნალს რა წამაკითხებდა?!“

ქ-ნი ნათელას აზრით, დღეს სოფლის სკოლის ყველაზე მთავარი გამოწვევა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს მორგებული და ყველა მიმართულებით გამართული სასწავლო პროცესია. მისი თქმით, უნდა მოისინჯოს მრავალფეროვანი სტრატეგია, რათა დადგინდეს, რა ამართლებს სოფლის სკოლების გარემოში და რა – არა.

თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ სოფლის და ქალაქის სკოლებში ერთნაირი ხარისხის განათლების მიწოდება შევძლოთ?

,,პირველ რიგში, კვალიფიციური და მოტივირებული კადრია საჭირო. ერთ-ერთი რაიონის სკოლის მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები ნასაშიც კი წაიყვანა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი აქ მასწავლებელია და რესურსი, რომელიც ამ მასწავლებელს ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებისთვის დასჭირდება“.

დაბოლოს, რას ეტყოდა სოფელი ქალაქს, მასთან დალაპარაკება რომ შეძლებოდა?

,,…არც ჩვენა ვართ ჯაბანნი!“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“