ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

მზაკვრული კითხვები

0

90-იან წლებში ქართულ ბაზარზე ფეხსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა. მომხმარებელთა სურვილების და ინტერესების კლევა მარკეტინგულ კომპანიას მიანდეს. ინტერვიუერმა წინასწარი შერჩევითა და ბიჯის დაცვით თბილისის გარეუბანში მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა, დიასახლისს კვლევის მიზანი გააცნო და თანხმობაც მიიღო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ არ გაისმა შეკითხვა – „ბოლოს როდის შეიძინეთ ფეხსაცმელი?“ რესპონდენტმა, პასუხის ნაცვლად, პირი სამზარეულოსკენ იბრუნა და  ქმარს გასძახა –  კაცო, გესმის? უკვე ხალხი  მოდის და მეკითხება, ახალი ფეხსაცმელი როდის ვიყიდე და შენ კიდევ ეს საერთოდ არ გაღელვებსო. ატყდა ერთი აყალ-მაყალი, მადარდებს-არ გადარდებს, ძველებია-ახლებია, ზამთრისაა-ზაფხულისაა და ინტერვიუ ნაადრევად დასრულდა. მხოლოდ წარმოსახვას თუ მივანდობთ იმასაც, რას უპასუხებდა წყვილი მაქს ფრიშის შეკითხვას – „თქვენი ნება რომ ყოფილიყო, ცოლქმრობას გამოიგონებდით?“ – ან თუ დაემთხვეოდა მათი პასუხები ერთმანეთს.

„კითხვარი“ შვეიცარიელი მწერლის უპასუხო კითხვების კრებულია, რომელიც  აღმოსავლეთ ბერლინის გამომცემლობამ, „ფოლკ უნდ ველტმა“, პირველად ავტორის სიცოცხლეშივე დაბეჭდა. მართალია, მთელი ტირაჟი საახალწლო საჩუქრებად იყო გათვალისწინებული, მაგრამ რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გაიყიდა. 1974 წელს, როდესაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ფრიშს საკუთარი კითხვები დაუსვეს, ასე უპასუხა:  „ეს კითხვები, რომელთაც ახლა თქვენ მისვამთ, რასაკვირველია, მზაკვრული კითხვებია, კითხვები, რომლებსაც მე ვერ ვპასუხობდი და არც სხვა მინდა ვაიძულო, მათ უპასუხოს. მე მხოლოდ მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა ამ კითხვებზე.“

მიუხედავად ამისა, „კითხვარის“ გაცნობის შემდეგ ბევრ მკითხველს უჩნდებოდა სურვილი, საყვარელ მწერალს შეხმიანებოდა და მისთვის პასუხები გაეგზავნა, ჟურნალ-გაზეთები კი გამზადებულ კითხვებს ინტერვიუებისთვის იყენებდნენ. კრებულის განსაკუთრებული პოპულარობა მაინც გამომცემლობა „ზურკამპს“ უკავშირდება, რომელმაც 1992 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 11-ის ნაცვლად 14-კითხვარიანი კრებული გამოსცა და ტირაჟი არაერთხელ გაიმეორა.

იმედი, მორალი, ალკოჰოლი, ქალები, ცოლქმრობა, ტექნიკა, ფული – თითოეული თემატური კითხვარი 25-მდე კითხვას აერთიანებს. შესაძლოა, ზოგი შეკითხვა ჩემსავით შეუსაბამოდ მიიჩნიოთ, ზოგიერთი რიტორიკულად მოგეჩვენოთ, ზოგმა კი ისე გაგაღიზიანოთ, რომ ერთ კითხვარს თავიდან ბოლომდე ვერც მიჰყვეთ, მაგრამ მათი ნაკრებიც არანაკლებ საინტერესო საღამოს გაგატარებინებთ.

 

  1. შეგიძლიათ ადამიანის არსებობის (ანუ პირველი სამყაროს) წარმოდგენა უკომპიუტეროდ?

არა, გულს ხომ ვეღარ გამოვაცლით სამყაროს, რომელიც ასე იწერება: < და 3 ერთად.

  1. მორალისტურ სიზმრებს ხედავთ?

მხოლოდ ცხადში.

  1. გეშინიათ სიკვდილის? რა ასაკიდან?

არ მახსოვს თავი ამ ფიქრის გარეშე. თავი 3-4 წლიდან მახსოვს.

  1. რას უპირისპირებთ შიშს?

მაცოცხლებელ შეცდომებს იმის შიშით, რომ მათ ჩადენას ვეღარ მოვასწრებ.

  1. გიყვართ ღობეები?

მხოლოდ ტრიფოლიატის და იმგვარად გაკრეჭილი, შარა-გზაზე მიმავალი ადამიანი რომ არ დაფაროს – მიესალმო, მოგესალმოს.

  1. რატომ გსიამოვნებთ სხვისი დასაჩუქრება?

სიყვარული უფრო ხელშესახები რომ ხდება, იმიტომ.

  1. რა მოგწონთ ახალ აღთქმაში?

ახალი აღთქმის წიგნის ყდა ძაღლმა შემიჭამა, სხვა რა დაეწუნება.

  1. თქვენთვის სამშობლოს აქვს დროშა?

მუქი მწვანე, ნარინჯისფერი ყვავილებით, დედაჩემის ძველი კაბისგან შეკერილი.

  1. აღიქვამთ დედამიწას მშობლიურად?

პანდემიისგან ამაზე უკეთესს რას უნდა ველოდოთ?!

  1. გიფიქრიათ ემიგრაციაზე?

მხოლოდ იმიტომ, რომ გაზაფხულზე რიგის ქუჩის წაბლების ყვავილობისას მეტი სიხარული ვიგრძნო.

  1. გინდათ, იყოთ უკვდავი?

არა და საამისოდ არც არავის გავიმეტებდი.

  1. როგორ იხსენიებთ დაკარგულ მეგობრებს?

როგორც ძველ მეგობრებს.

  1. დავუშვათ, გწამთ ღმერთის: იცით რაიმე იმის მანიშნებელი, რომ მას იუმორის გრძნობა აქვს?

ჰომო ერექტუსი ხანდახან ისევე სასაცილოდ მეჩვენება, როგორც უკანა თათებზე მოსიარულე ძაღლი.

  1. მიგაჩნიათ, რომ კარგი მეგობარი ხართ?

დიახ, რადგან ყოველდღიურად არავის ვეხმიანები.

  1. რამდენი ფული გინდათ, რომ გქონდეთ?

უკვე შეგვიძლია, იმ თანხას ნიგვზით შეკმაზული დიყისა და ქაცვის კომპოტის საფასური გამოვაკლოთ.

  1. გიცხოვრიათ ნაღდი ფულის გარეშე?

დიახ, მაშინაც კი, როდესაც პლასტიკური ბარათები არ არსებობდა.

  1. გაქვთ საიქიოს იმედი?

უიმედოდ არ ვუყურებ, მაგრამ არ ვიცი, რა საჭიროა ასე შეწუხება.

  1. რის იმედით მოგზაურობთ?

იმის იმედით, რომ ერთხელაც მუზეუმში გულშეწუხებული არ გავიშხლართები და მოფერიანებულს ჩემი ქმარი არ მეტყვის, ბილეთების ჯიხურთან გამოფენის დათვალიერების კი არა, „კოიკის“ ფასი უნდა გვეკითხაო.

  1. ხელოვნების ნიმუშებს აგროვებთ?

დიახ, მუზეუმებში წასასვლელად გული რომ გავიმაგრო.

  1. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ცოლქმრული ცხოვრება უიუმოროდ?

წეღან სწორედ ამას მოგახსენებდით.

  1. როგორ ხვდებით, რომ გიყვართ?

მაქს, მაქს…

  1. გინდათ, რომ აბსოლუტური მეხსიერება გქონდეთ?

რა თქმა უნდა, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი აღარავის სჯერა.

  1. რის გამო ხართ მადლიერი?

თუნდაც იმის გამო, რომ მეგობარმა თითებით სტვენა მასწავლა.

  1. რა გირჩევნიათ, მკვდარი იყოთ, თუ კიდევ ცოტა ხანს იცოცხლოთ, როგორც ჯანმრთელმა ცხოველმა? რომელი ცხოველი იქნებოდით?

ვაკის პარკის ციყვი.

  1. რატომ არასოდეს ტირიან მომაკვდავები?

ალბათ იმიტომ, რომ არაფერი მთავრდება ისე, როგორც იწყება.

P.S. ბოლოს ახალი ფეხსაცმელი მაისში შევიძინე. ასე სრულდება ხოლმე ჩემი ყოველი მცდელობა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით თავი მოვიწონო. სახლში მისვლამდე მაღაზიაში შევივლი, ქალამნებს მოვირგებ და გზას ისე ვაგრძელებ. ბატონო? კიდევ მკითხეთ რამე?

 

რატომ არის სკოლების დახურვა ბოლო გამოსავალი

0

სკოლები უნდა გაიხსნას რისკების შეფასებით — ვითარების მონიტორინგით, განსაკუთრებით კორონავირუსული ინფექციის შტამებზე დაკვირვებით ­— და სკოლების დახურვა უნდა იყოს ბოლო გამოსავალი.

ბევრ განვითარებად ქვეყანაში სკოლები უკვე წელიწადზე მეტია, რაც სრულად ან ნაწილობრივ დახურულია. UNESCO-ს მონაცემებით 2021 წლის 29 მარტის მდგომარეობით სკოლები ყველაზე ხანგრძლივად ბანგლადეშში — 47 კვირით დაიხურა. მას მოსდევს მიანმარი, 43 კვირის განმავლობაში დახურული სკოლებით და ფილიპინები — სასწავლო დაწესებულებების 33 კვირიანი კარანტინით. მსოფლიოში სკოლების ნაწილობრივი დახურვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ნეპალს (53 კვირა) და განსაკუთრებით ხანგრძლივად ბავშვებს სახლში ყოფნა განვითარებად სამხრეთ აზიაში მოუწიათ.

აზიის განვითარებად ქვეყნებში კოვიდ-19-ის შტამების გავრცელებასთან ერთად, პოლიტიკის სპეციალისტები შესაძლოა, სკოლების დახურვის გახანგრძლივებაზეც  ალაპარაკდნენ, მაგრამ რამდენად მართებულია ეს მიდგომა?

ზოგს მიაჩნია, რომ სკოლები არ უნდა გაიხსნას მოსახლეობაში მასშტაბური ვაქცინაციის  დასრულებამდე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავებას. თუმცა, ამ მიზნის მიღწევას დრო დასჭირდება, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, გართულებულია ლოგისტიკური საკითხები და არ არსებობს ვაქცინის განთავსების ეტაპობრივი მიდგომები, მით უმეტეს, რომ სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჯერ სრულად არ არის განვითარებული.

ამ ფონზე ისმის კითხვა: უნდა იყოს თუ არა განვითარებად ქვეყნებში სკოლების დახურვა პრიორიტეტი?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლების დახურვა ბოლო გამოსავალია. მისი მოსალოდნელი ეკონომიკური ხარჯი უზარმაზარია: აზიის განვითარების ბანკის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში მომავალი შემოსავლის მოსალოდნელი დანაკარგი საშუალოდ 1.25 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოსწავლე მომავალი შემოსავლიდან ყოველწლიურად 180 აშშ დოლარს დაკარგავს. გარდა ამისა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში გართულდა ონლაინ და დისტანციური სწავლების დანერგვა, რაც გამოწვეული იყო ციფრულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე არათანაბარი წვდომით. შედეგად, მრავალი ბავშვი სწავლის გარეშეა დარჩენილი.

აშკარა გრძელვადიანი ეკონომიკური დანაკარგებისა და სწავლების მზარდი უთანასწორობის მიუხედავად, ბევრს მაინც მიაჩნია, რომ ბავშვების კოვიდ-19-ისგან დასაცავად სკოლები უნდა დაიხუროს. მაშინ, როცა ბოლო კვირების განმავლობაში ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება კოვიდ-19-ის ახალი შტამები, კარანტინის გამოცხადება და სკოლების დახურვა ლოგიკურია, მაგრამ არის თუ არა სკოლების დახურვა კარგი გადაწყვეტილება ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იმ ქვეყნებში, სადაც რისკები შედარებით დაბალია?

ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, კორეის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები გვაჩვენებს, რომ სკოლების დახურვას მცირე ან არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებზე.

რეალობას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ სკოლების დახურვის გამო ბავშვები მუდმივად კარანტინში სულაც არ იმყოფებიან. ზოგიერთი მათგანი სახლებში ან სათამაშო მოედნებზე ხვდება მეგობრებს  და პირბადეებს არ ატარებენ. მაშინაც კი, როცა ბავშვები მუდმივად სახლში არიან, ბანგლადეშის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ღარიბი ოჯახებიც კი მიმართავენ რეპეტიტორების მომსახურებას სკოლის დახურვით გამოწვეული დანაკარგების ასანაზღაურებლად. ასეთმა ქცევამ შესაძლოა, გაზარდოს კოვიდ-19-ის გავრცელების რისკები როგორც ბავშვების, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის.

ზოგიერთ კვლევაში განხილულია, თუ რა გავრცელება ექნებოდა კოვიდ-19-ის ინფექციას, რომ არა სკოლების დახურვა. ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, კორეის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემები გვაჩვენებს, რომ სკოლების დახურვას მცირე ან არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებზე. გამონაკლისს წარმოადგენს ისრაელი, სადაც სკოლების გახსნის შემდეგ კოვიდ-19-ის შემთხვევების მცირედი, ეტაპობრივი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა, არ გაზრდილა მასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები.

პოლიტიკის სპეციალისტები შესაძლოა, შემოგვედავონ, რომ განვითარებად ქვეყნებში კვლევების ნაკლებობაა და მონაცემთა შეგროვება ჭირს. ეს გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ქვეყნების სკოლებში შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობდეს წყლისა და სანიტარული წერტილების კეთილმოწყობის პრობლემა. არ არის გამორიცხული საკლასო ოთახებში მოსწავლეთა მაღალმა სიმჭიდროვემ და მასწავლებლების მიერ გაკვეთილების ხშირმა გაცდენამ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას ხელი შეუშალოს. პოლიტიკის სპეციალისტებმა შესაძლოა, ასევე მოიყვანონ არგუმენტი, რომ ზემოთ მოყვანილი ქვეყნების მონაცემები მოძველებულია და არ შეესაბამება კორონავირუსული ინფექციის ახალი ფორმების გავრცელების ტემპებს, რამაც შესაძლოა პედიატრიული ინფექციები გამოიწვიოს და ზოგიერთი შემთხვევა სკოლის ასაკის ბავშვების სიკვდილიანობითაც  დასრულდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის შტამები აქტიურად არ ვრცელდება, თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი დაკვირვება აწარმოოს სკოლების საპილოტე გახსნის გზით, თუმცა ცხადია, დაცული უნდა იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოების წესები. შეიძლება კოვიდ-19-ის ახალმა შტამებმა უფრო მეტ ბავშვზე  მოახდინოს ზეგავლენა, აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსული ინფექცია აუცილებელი არ არის, უკავშირდებოდეს სკოლების გახსნას. დახურული სკოლებით გამოწვეული შედეგი შესაძლოა, საკმარისი არ იყოს იმ გამოუსწორებელი ზიანის გასამართლებლად, რომელიც ბავშვებს  მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში მიადგებათ.

შესაძლოა, განვითარებადი ქვეყნების მონაცემები სწრაფად არ გამოვლინდეს, მაგრამ ხელმისაწვდომია უამრავი სახელმძღვანელო და მიღებული გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავხადოთ სკოლა უსაფრთხო, თუნდაც, მაგალითად, პირბადის ტარებით. შესაძლოა, რეკომენდაციების ზედმიწევნით შემსრულებელი სკოლები უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ბავშვების სახლში დატოვება.

უდავოა, რომ სკოლების გახსნის შემთხვევაში საჭიროა სიტუაციის მონიტორინგი, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს კოვიდ-19-ის შტამების ზეგავლენაზე. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლების დახურვა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არ არის. სკოლების გახსნა რისკების შეფასებით უნდა გადაწყდეს და დახურვა უნდა იყოს ბოლო გამოსავალი.

 

ავტორები:

ჰიუნჩეოლ ბრაიანტ კიმი, ჰონგ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სუნგსუპ რა, აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის ადამიანის და სოციალური განვითარების განყოფილების დირექტორი.

რიოტარო ჰაიაში, აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის სოციალური სექტორის სპეციალისტი.

„სასწორი“, მასის ერთეულები – კომპლექსური დავალება

0

ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ სხვადასხვა ერთეულს, იქნება ეს მასა, მანძილი, დრო თუ სხვა რამ. იმისათვის, რომ საგანი შეფასდეს, ის უნდა გაიზომოს  შესაბამისი ერთეულით. ამრიგად ზომა და ზომის ერთეულები მეტად აქტუალური თემაა. მოგითხრობთ, როგორ იმუშავეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასის ერთეულებზე.

სამიზნე ცნება: ზომა და ზომის ერთეულები

ქვესაკითხი: მასის ერთეულები

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

       სტანდარტული ერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ,  მოვლენა, სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით.

       გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით.

       გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულით და სტანდარტული ხელსაწყოთი ხორციელდება.

 

საკვანძო შეკითხვა: როგორ დავადგინოთ, ორი ნივთიდან რომელია მძიმე  ჩვენ მიერ შექმნილი სასწორით? როგორ ვიყენებ მასის ერთეულებს და მათ შორის კავშირებს შოკოლადის ტორტის დამზადებისას?

დრო: 6-7 სთ.

თემას ვიწყებ კლასში სხვადასხვა მოდელის სასწორის ჩვენებით. (სკოლის ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა ტიპის სასწორებია, ზოგიერთიც სახლიდან წამოვიღე).  მოსწავლეებს მივმართავ შემდეგი შეკითხვებით: რა ხელსაწყოებია თქვენ წინაშე? რას ზომავს? რატომ წარმოვადგინე ამდენი მოდელი? კიდევ არსებობს თუ არა სხვა სახის სასწორები? რატომ არსებობს ამდენი სახის სასწორი? შესაძლებელია თუ არა ნივთის მასის დადგენა სასწორის გარეშე? როგორ? როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენს საკლასო ოთახში ყველაზე მსუბუქი, ყველაზე მძიმე?

ამის შემდეგ მოხალისე მოსწავლეები გამოვიყვანე დაფასთან და ავწონე. როდესაც სასწორზე ფეხი დადგეს, სასწორმა მიუთითა სხეულის მასაზე. სასწორის დაფაზე, სადაც სხეულის მასაა გამოსახული, მოსწავლეებს გაუჭირდათ მასის შესაბამის რიცხვებსა და ერთეულებში გამოსახვა/წაკითხვა. სწორედ აქ  ვაცნობ თემატური ერთეულის დასახელებასა და მიზანს: ვეცნობით მასის ერთეულებსა და მათ შორის თანაფარდობას. დიდ საზომ ერთეულებს გადავაქცევთ მცირედ  და პირიქით, ასევე  სასწორის დახმარებით გავნსაზღვრავთ სხეულის მასას.

შემდეგ ვეცნობით მასის ერთეულებს – კილოგრამი, გრამი, ტონა – და მათ შორის კავშირებს. სქემა მოსწავლეებს ეხმარება მასალის აღქმასა და დამახსოვრებაში.

აქვე ვაკეთებთ რამდენიმე მსგავს სავარჯიშოს: 32 კგ=…გ;  5000გ=…კგ; 8ტ=…კგ 3კგ =… გ და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ ინდივიდუალურ სამუშაოს. ქვიზი

ქვიზის ანალიზის შემდეგ ისევ სასწორს ვუბრუნდებით. ვუყურებთ ვიდეოს, რომელშიც აღწერილია, როგორ უნდა შეირჩეს შესაბამისი სასწორი დიდი და პატარა მასის მქონე სხეულებისათვის. https://jr.brainpop.com/math/measurement/gramsandkilograms/

შემდეგ კლასში ვმართავთ დისკუსიას:

შეუძლია თუ არა ყველა სასწორს ნებისმიერი ნივთის მასის გაზომვა?

როგორ ვარჩევთ სასწორს?

შეგვიძლია თუ არა სპილოს მასის დადგენა ჩვენს ოთახში წარმოდგენილი სასწორებით? რატომ?

მოსწავლეებმა გამოთქვეს  ვერსიები:  რა წონა შეიძლება ჰქონდეს გიორგის? ახალშობილის მასა? მანქანის მასა? შენი სასკოლო ჩანთის მასა? საწერკალმის მასა? რომელი ვარაუდის გადამოწმების საშუალებაც იყო, იქვე შევამოწმეთ სასწორების დახმარებით.

ეს საინტერესოა:

ადამიანის წონა გამოსახულია კილოგრამებში. (თეონა 46 კგ-ია).

საავტომობილო მანქანის წონა დაახლოებით 4 ტონაა.

ეიფელის კოშკი 9000 ტონაა.

სპილო შეიძლება იყოს 8000კგ.

ახალშობილი დაახლოებით 3 კგ. 300 გრ.-ია.

ოქროს ბეჭედი დაახლოებით 7 გრ.

მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ, დაასახელონ 5 საგნის შესაბამისი მასა, ვარაუდით ან ინფორმაციის მოძიებით. (სასწორს არ ვიყენებთ).

მომდევნო აქტივობა: მძიმე და მსუბუქი

კლასის წინ მაგიდაზე დევს ერთნაირად შეფუთული 2 სხეული. ერთში დევს ქვა, მეორეში ბამბა. მოსწავლეებს ვეკითხები: თქვენი აზრით, ეს ორი სხეული თანაბარი მასისაა? საიდან იცი? ამის შემდეგ გამომყავს მოხალისე მოსწავლეები და ხელით გრძნობენ სიმძიმეს, აღწერენ  და ადგენენ, რომელია მძიმე და რომელი მსუბუქი. მსჯელობენ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ბოლოს კი ვაჩვენებ, რა საგნებია შეფუთვაში.

 

შესაძლებელია თუ არა იმის დადგენა, რამდენად მძიმეა რაღაც სხეული მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით? ყველა დიდი საგანი მძიმეა? ყველა პატარა ზომის საგანი მსუბუქია?

დისკუსიის შემდეგ ისევ დავალაგებინე მოსწავლეებს საგნები სხეულის მასის მიხედვით.

ამ აქტივობის მიზანია: მოსწავლემ გაიგოს, რა არის მასა, და რა სიტყვების გამოყენებით შეიძლება მისი აღწერა. მოსწავლეებმა უნდა აიღონ და გადაადგილონ საგნები, რომ იგრძნონ მათი სიმძიმე.

კომპლექსური დავალების პირობა:  დრო 2-3 დღე

·         დაამზადეთ სასწორები. (სკალის გარეშე)

·         სასწორების დამზადებაში დაგეხმარებათ შემდეგი ლინკები:

·         https://www.youtube.com/watch?v=wuElGdGct3I

https://www.youtube.com/watch?v=oBwlHBRnhoI&t=532s

https://www.youtube.com/watch?v=7Prz7n8cD9Q&t=36s

https://www.youtube.com/watch?v=KDL3YUU-iFQ&t=126s

·         დაიჭირეთ  2 ნივთი და ხელით განსაზღვრეთ, რომელია უფრო მძიმე, შემდეგ კი აწონვით გადაამოწმეთ თქვენ მიერ დამზადებულ სასწორებზე.

·          აიღეთ 3-4 ნივთი, განალაგეთ სასწორის თეფშებზე ისე, რომ სასწორი გაწონასწორდეს

·         აიღე საშლელი, დადე ერთ პინაზე, მეორეზე კი დაალაგე მძივის მარცვლები (ან რომელიმე ბურღულეულის მარცვალი, მაგალითად, სიმინდი) ისე, რომ სასწორი გაწონასწორდეს. რამდენი მარცვალია საჭირო?

·         აიღე მძივის 10 მარცვალი (ან რომელიმე ბურღულეულის მარცვალი, მაგალითად, სიმინდი). დადე შენ მიერ მომზადებული სასწორის ერთ პინაზე, მეორეზე კი შეარჩიე ისეთი საგანი, რომ სასწორი გაწონასწორდეს, თუ პირველ ჯერზე სასწორი არ გაწონასწორდა, გააგრძელე საგნის ძებნა.

·         შეარჩიე ისეთი 2 ნივთი, რომ ერთის მასა 2-ჯერ მეტი იყოს მეორეზე. გამოიყენე „მძივის მარცვლები“ და წონასწორობის სასწორი.  მოგვიყევი, როგორ აწარმოე გაზომვები.

 

ჩანაწერები აწარმოე, გადაიღე ფოტოები ან ვიდეო და პრეზენტაციისას იმსჯელე, რა სტრატეგია გამოიყენე სასწორის დამზადების დროს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი გაკეთებული სასწორები, მე ისინი დავტოვე საკლასო ოთახში და მივეცი უფლება, სურვილის შემთხვევაში დასვენებებზე გამოეყენებინათ სასწორები და ერთმანეთისთვის შეედარებინათ 2 სხეულის მასა.

ამ დავალებით მოსწავლეებმა ისწავლეს არასტანდარტული ერთეულებით სხეულის მასის განსაზღვრა და გააცნობიერეს, რომ ისინი შეზღუდულია, როგორც კომუნიკაციის საშუალება.  თუმცა სხეულის მასის შეფასება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი როგორც ზუსტი, ასევე მიახლოებითი ზომებით შეფასების უნარი. როდესაც მოსწავლეებს შეუძლიათ საგნების ეფექტურად გაზომვა არასტანდარტული ერთეულების გამოყენებით, ისინი მზად არიან, გადავიდნენ სტანდარტული ერთეულების გამოყენებაზე.

მომდევნო გაკვეთილებზე მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებსა და საყოფაცხოვრებო შინაარსის ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა მოითხოვს მასის ერთეულებს შორის კავშირის პოვნას, მასების შედარებას, დალაგებას, საერთო ჯამის პოვნას.

აქტივობა: სხეულის მასის შეფასება სტანდარტული ერთეულებითა და სტანდარტული ხელსაწყოების გამოყენებით

მოსწავლეები იყოფიან 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალების ბარათს და დავალებისთვის საჭირო ატრიბუტებს. თავდაპირველად მოსწავლეები ასრულებენ ბარათის პირველ დავალებას, შემდეგ მაგიდებზე ვდგამ სასწორებს და მოსწავლეები გადაამოწმებენ ვარაუდებს, შეასრულებენ მეორე დავალებას. პრეზენტაციისას იმსჯელებენ დავალების შესრულების ეტაპებზე, უპასუხებენ თანაკლასელთა შეკითხვებს.

ამ აქტივობით მოსწავლეები იაზრებენ რომ: სტანდარტული ერთეული საშუალებას გვაძლევს აღვწეროთ, შევადაროთ,  სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით. (მწ.1).

გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით. (მწ.2).

გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება. (მწ.3).

აქტივობა სუპერმარკეტში:

საკლასო ოთახში შემაქვს პროდუქტების კალათი. კალათში აწყვია სხვადასხვა სახეობის შეფუთული ბურღულეული, პური, კარაქის ფილა. შოკოლადის ფილა, ორცხობილას შეკვრა. ბოსტნეულისა და ხილის პარკები, და ა.შ. დავალება ასეთია:

ჩაალაგეთ პარკში მოცემული პროდუქტი ისე, რომ ერთმანეთი არ დააზიანონ, ანუ ჯერ მძიმე, შემდეგ მსუბუქი. იმსჯელეთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე, შერჩეულ სტრატეგიაზე. როგორ ერთეულს გამოიყენებთ პროდუქტის მასის განსასაზღვრად: სტანდარტულს თუ არასტანდარტულს? დაგეხმარებათ თუ არა სასწორი?

თემის დასასრულ მოსწავლეებს ნაყინის ტორტის დამზადება დაევალათ. ამ აქტივობის საშუალებით მასის პრაქტიკული გამოყენების უნარები განუვითარდათ, ასევე გაუფართოვდათ ცოდნა მასის ერთეულებზე.

ნაყინის ტორტი

ინგრედიენტები:

ნაყინი 100 გრ.

ორცხობილა 30 გრ.

მარწყვი 50 გრ.

შოკოლადი 20 გრ.

მომზადება

ფინჯანში ჩაყარე დატეხილი ორცხობილა 50 გრ. დაამატე 100 გრ. ნაყინი, დაამატე 50 გრ. მარწყვი და დააყარე გახეხილი 20 გრამი შოკოლადი.

მიირთვი გემრიელად

უპასუხე კითხვებს:

·         რამდენი გრამი გამოვიდა შენ მიერ დამზადებული ნაყინის ტორტი?

·         ოჯახის ყველა წევრისთვის რომ მოამზადო, რამდენი გრამი დაგჭირდება თითოეული ინგრედიენტი?

·         2 კილოგრამი ნაყინით რამდენ ფინჯან შოკოლადის ტორტს დაამზადებ?

გადაიღე მომზადების ეტაპები და პრეზენტაციისას წარმოადგინე ფოტო- ან ვიდეომასალა.

მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს საკითხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ შეეძლოთ მანიპულირების გამოყენება და თავიანთი პასუხების განხილვა თანატოლებთან.

აქ წარმოდგენილია თემატური ერთეულის დამუშავების ამსახველი ფოტომასალა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198.

 

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შესადგენად. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე.

https://clck.ru/SkNrc.

 

მასწავლებელი გლობალური განათლებისთვის

0

გლობალიზაცია – რთული ფენომენია, რომლის მიმართაც სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს და ცხარე დებატები მიმდინარეობს. ზოგს მიაჩნია, რომ გლობალიზაცია საშიში მოვლენაა, რომელმაც უარყოფითად შეცვალა სამყარო. მათი აზრით, მან საზოგადოებას არასასურველი შედეგები მოუტანა და გავლენას ახდენს მშვიდობაზე. ადამიანთა მეორე ჯგუფი კი გლობალიზაციას ნაყოფიერ ფენომენად მიიჩნევს, რომელიც მსოფლიოს უფრო მეტად დაკავშირებულსა და ინფორმირებულს ხდის, ვიდრე ოდესმე. მას უყურებენ, როგორც მსოფლიოში ოპტიმიზმის ახალ წყაროს. ეს შეიძლება ეხებოდეს ღირებულებების, ცოდნის, ტექნოლოგიისა და ქცევითი ნორმების გადატანას, ადაპტაციასა და განვითარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გლობალიზაციასთან დაკავშირებული ტიპური მოვლენები და მახასიათებლები მოიცავს გლობალური ქსელის ზრდას (მაგ. ინტერნეტი, მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაცია და ტრანსპორტი), გლობალურ ტრანსფერსა და შემოდინებას ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სასწავლო სფეროებში, საერთაშორისო ალიანსებსა და კონკურსებში.

გლობალიზაცია და მასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები გარდაუვალია ადამიანის ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე. მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა ახალი ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ფორმირებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად.

გლობალიზაცია მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც ახალ ათასწლეულში გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ერები განიცდიან უზარმაზარ ცვლილებებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ახალი ცნებები და ღირებულებები, რომლებიც ახალ პრობლემებსა და პერსპექტივებს შეიცავს. ინფორმაციული საზოგადოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა გლობალურ სამყაროში, რომელსაც შემოქმედებითი პიროვნებები სჭირდება.

მომავალში უნივერსიტეტები და ინსტიტუტები, სავარაუდოდ, უფრო ღია გახდება ყველა ასაკის ადამიანისთვის, ვისაც სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება. ეს გარდაუვალია გლობალიზებულ სამყაროში.

გლობალიზაციის გავლენა განათლების სექტორზე შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე პუნქტი, რომლებიც გლობალიზაციის დადებით და უარყოფით გავლენას უსვამს ხაზს:

– გლობალიზაციამ რადიკალურად გარდაქმნა სამყარო ყველა ასპექტში. მაგრამ მან განსაკუთრებით გარდაქმნა მსოფლიო ეკონომიკა, სადაც სულ უფრო ძლიერდება ურთიერთკავშირები და ურთიერთდამოკიდებულება. რამაც მსოფლიო ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. შეიქმნა ცოდნის ბაზა, განსაკუთრებით განვითარებული დასავლეთის ქვეყნებში.

– გლობალური განათლება აკავშირებს სწავლების მეთოდებს მსოფლიო სისტემებიდან, რათა წაახალისოს გარემოს მდგრადი განვითარება და წვლილი შეიტანოს გლობალური ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში. ეს საგანმანათლებლო ინიციატივები პრიორიტეტს ანიჭებს სკოლაში გლობალური სწავლის დაწყებას დაწყებითი კლასებიდან, რაც ხელს უწყობს სასწავლო გამოცდილებას, რომელიც ამზადებს მოსწავლეებს ხელმძღვანელი როლებისთვის.

– რადგან განათლება გლობალური სტაბილურობის საფუძველია, მულტიკულტურული ცნობიერების განვითარებამ ადრეული ასაკიდანვე შეიძლება ინტეგრირება მოახდინოს სხვადასხვა საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ იდეოლოგიაზე, რათა კარგად დაბალანსებული დასკვნები მივიღოთ მსოფლიოს გარშემო არსებულ საკითხებზე. გლობალიზაცია და განათლება გავლენას ახდენენ ერთმანეთზე – ახალგაზრდები ემზადებიან წარმატებული მომავლისთვის, რომლის დროსაც მათი ერების დაკავშირება ხდება.

– გლობალიზაციის შედეგად ცოდნის, განათლებისა და სწავლის ზოგიერთი გამოწვევა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო კარგად გაეცნონ აბსტრაქტულ კონცეფციებსა და გაურკვეველ საკითხებს.

– ინფორმაციული საზოგადოება და გლობალური ეკონომიკა მოითხოვს სისტემური აზროვნების, მათ შორის მსოფლიო სისტემისა და ბიზნესის ეკოსისტემის სრულყოფილ გაგებას. გლობალიზაცია პრობლემებისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას იყენებს. ინტერდისციპლინული კვლევის მიდგომები კი მსოფლიო სისტემის წინაშე არსებული რთული რეალობის უფრო სრულყოფილი გააზრების მისაღწევ საშუალებად მიიჩნევა.

– ის აძლიერებს მოსწავლეების სიმბოლოებით მანიპულირების უნარს. მაღალპროდუქტიული დასაქმება დღევანდელ ეკონომიკაში მოითხოვს, რომ მოსწავლემ მუდმივად მოახდინოს სიმბოლოებით მანიპულირება, როგორიცაა პოლიტიკური, იურიდიული და ბიზნესტერმინები და ციფრული ფული.

– გლობალიზაცია აძლიერებს მოსწავლის ცოდნის შეძენისა და გამოყენების შესაძლებლობას. ის აძლიერებს მოსწავლეების შესაძლებლობას, მიიღონ და გამოიყენონ ცოდნა, შეფასება, დამოუკიდებლად იფიქრონ, იმსჯელონ და სხვებთან ითანამშრომლონ ახალი სიტუაციების გასააზრებლად.

– გლობალიზაცია იწვევს მეცნიერულად და ტექნიკურად მომზადებული ადამიანების რაოდენობის ზრდას. განვითარებადი ეკონომიკა ემყარება ცოდნას, როგორც წარმოების მთავარ ფაქტორს და კორპორაციები ითხოვენ, რომ თანამშრომლები იყვნენ მაღალკვალიფიცირებულნი მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.

– ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს გუნდურ მუშაობაში. გუნდში მუშაობისას მოსწავლეებს სჭირდებათ ჯგუფში დინამიკის, კომპრომისის, დებატების, დარწმუნების, ორგანიზაციის, ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის უნარების გამომუშავება.

– გლობალიზაცია არღვევს სივრცისა და დროის საზღვრებს. მოწინავე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ცოდნის, განათლებისა და სწავლის ახალმა სისტემამ უნდა გამოიყენოს სინქრონული და ასინქრონული მოქმედებების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეს სივრცისა და დროის საზღვრების დარღვევაში.

– გლობალიზაცია აკმაყოფილებს ცოდნის, განათლებისა და სწავლის გამოწვევებს და ინფორმაციის ეპოქის შესაძლებლობებს. ცოდნაზე დაფუძნებული კომპანიები (ბიზნესი) ხშირად ჩივიან, რომ კურსდამთავრებულებს არ გააჩნიათ ახალი უნარების შესწავლისა და ახალი ცოდნის ათვისების შესაძლებლობა. გლობალიზაცია ხელს უწყობს ბიზნესს.

– ის ქმნის და მხარს უჭერს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას განათლების სისტემაში; ხელს უწყობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას იდეებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით.

– გლობალიზაცია ხელს უწყობს კვლევებს, ექსპერიმენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების პოტენციალის საზღვრების გაფართოებას უფრო ეფექტური სწავლისთვის.

– ცოდნის, უნარებისა და ინტელექტუალური აქტივების გლობალური გაზიარება აუცილებელია განვითარებისთვის.

– ქმნის ღირებულებებს და ამაღლებს ეფექტურობას გლობალური გაზიარებითა და ადგილობრივი საჭიროებების მხარდაჭერის გზით.

– ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთგაგებას, თანამშრომლობას, ჰარმონიასა და კულტურულ მრავალფეროვნებას ქვეყნებსა და რეგიონებში.

– წაახალისებს ქვეყნებს შორის კომუნიკაციებს, ურთიერთკავშირსა და კულტურულ მრავალფეროვნებას.

– გლობალიზაციის პოტენციური ჩამორჩენა განათლებაში შეიძლება გახდეს ტექნოლოგიური და ციფრული ხარვეზების განსხვავებულობის მიზეზი მოწინავე ქვეყნებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შორის.

– განათლებაში გლობალიზაციამ შეიძლება შექმნას რამდენიმე მოწინავე ქვეყნისთვის უფრო ლეგიტიმური შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნების კოლონიზაციის ახალი ფორმისთვის.

გლობალური განათლება აკავშირებს სწავლების მეთოდებს მსოფლიო სისტემებთან, რომლის მიზანი გარემოს მდგრადი განვითარების წახალისება და გლობალური ინდუსტრიის გაძლიერების ხელშეწყობაა.

რას ფიქრობთ გლობალიზაციაზე განათლებაში?

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://edtechreview.in/news/2730-globalization-in-education; https://www.researchgate.net/publication/242621870_Globalization_And_Education_Challenges_And_Opportunities

 

დაგვიანებული ოდა ნატა მასწავლებელს

0

რამდენიმე მოგონება ნატა მასწავლებელზე, რომელიც ჩემთვის მზის სხივად იქცა

უძინართა მზე

გადაუღებლად ბარდნის. ფანჯრიდან ვიყურები, ვცდილობ, გადათეთრებულ სივრცეში ნაცნობი ადგილები და ნივთები ამოვიცნო. ფიფქები დიდია, ფიფქებისთვის შეუფერებლად დიდი.

„უძინართა მზე“ რამდენიმე დღის წინ ვნახე და აკვიატებულ ფრაზას ვიმეორებ: „ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!“ „ტოებით“ საუბარი მოდაშია, რაღაცნაირად კარგ ტიპად წარმოგაჩენს.

ფილმი დანგრეულ, ძველ კინოში გაუშვეს. ასე ვეძახდით ამ შენობას – „კინო“. ნატა მასწავლებელმა წაგვიყვანა მე და ჩემი კლასელები. ფილმის დასასრულს ყველა ვტიროდით, განსაკუთრებით – ნატა მასწავლებელი. ბატისტის მოქარგული ცხვირსახოცი სულ დაუსველდა. შინისკენ რომ მოვდიოდით, ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით, რაღაცნიარად დავედუმებინეთ ამ ფილმს. იმ დროს ყველანი უძინარები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ეს მზე ჩვენიც იყო, თითქოს გადარჩენილი თაგვი ჩვენც გვაძლევდა იმედს, რომ გადავრჩებოდით და აქედან გავაღწევდით. თავს რაღაც დიდი ექსპერიმენტის ნაწილად ვგრძნობდით და არაფრის მოლოდინი არ გვქონდა, სანამ ნატა მასწავლებელი არ გამოჩნდა და მზე არ მოგვიტანა, უძინართა, უიმედოთა, სადღაც დროის მარყუჟში ჩარჩენილთა მზე. მზე -ჰორტენზია.

 

ცაა ქრიზანთემის…

გვიანი შემოდგომის ერთ გაცრეცილ დღეს, მოწყენილობისგან რვეულის ბოლო ფურცელზე, გრძელთვალება გოგოებს რომ ვხატავდი, ნატამ საკლასო ოთახის კარი შემოაღო. ისეთი გამხდარი, ისეთი პატარა იყო, ზურგიდან ბავშვი გეგონებოდა. წითელი თმა კეფაზე ვერცხლის ფოთლით დაემაგრებინა, მწვანე კაბა ეცვა და პატარა, შავი ხელჩანთა ეჭირა. ხმა ზარივით უწკრიალებდა და მისი თვალები… აი, ისინი უნდა გენახათ – აბრდღვიალებული, გაბრწყინებული შავი თვალები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ ანათებდნენ, როდესაც თავის საყვარელ ან თავისივე დაწერილ ლექსს გვიკითხავდა.

შემოვიდა და მოვინუსხე. მისი დახვეწილობა, არისტოკრატული მიმოხრა, გრძელი თითები, საჩვენებელ თითზე – ლალისთვლიანი ბეჭედი რაღაცნაირად უცხო და უცნაური ჩანდა ამ გაქუცული კედლების ფონზე, რომლებსაც აქა-იქ ბათქაში ჩამოსცვენოდა, კედლის გაზეთებს და ილიასა და აკაკის პორტრეტებს ბოლომდე ვერ დაეფარა და ისე დაეღო პირი, თითქოს დასცინოდა ჩვენს მცდელობას, კლასი ოდნავ მაინც გაგველამაზებინა.

შემოვიდა ეს არაამქვეყნიური არსება, შემოდგა ფეხი ჩვენს ნავთით მოპრიალებულ, გაშავებულ, აქა-იქ პარკეტამოცვენილ იატაკზე და ლექსის კითხვა დაიწყო. დაბალი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ტკბილი, ხავერდოვანი. დგანან სევოიის და ბებერი მუხის ძველი გიგანტები/ცაა ქრიზანთემის, ზღვაა ქრიზანთემის, მზეა ქრიზანთემის/ქამენია რაა? ახლა გულში ცეცხლზე ცეცხლის მიმატება/ცაა ჰორტენზიის, ზღვაა ჰორტენზიის, მზეა ქრიზანთემა!

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების უმრავლესობა გაუგებარი იყო, მოსმენილმა მოგვაჯადოვა. ნატა მასწავლებელმა ლექსის კითხვა რომ დაიწყო, ჩავისუნთქეთ და რომ დაასრულა, მაშინღა ამოვისუნთქეთ. ნატამ კი დააყოლა, რომ ეს არის პოეზია, ასე რომ მოქმედებს ადამიანებზე. რომ მისი გავლენა უსაზღვროა და ცოტა საშიშიც. გაყინული ხელებით, დაცხავებული ღუმლიდან გამოსული კვამლით თვალებჩაწითლებულებმა დავიწყეთ მზე-ქრიზანთემების, ზღვა-ჰორტენზიების ხატვა, ნატა კი იდგა და კმაყოფილი ღიმილით აფასებდა ჩვენს ნამუშევრებს.

შინ მისვლისთანავე გადმოვიღე დიდი საბჭოთა ენციკლოპედია და იმ დღეს მოსმენილი ყველა უცხო სიტყვა მოვძებნე. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ბავშვს უქექია ენციკლოპედიებში და ყველას ერთი სული გვქონდა, ამ ამბავს მასწავლებელს როდის ვახარებდით. გაუხარდა, ძალიან გაუხარდა, თავშეუკავებლად. გვთხოვა, ლექსის განწყობას ჩავღრმავებოდით და წარმოგვედგინა, რას განიცდიდა ამის დამწერი, რა ანაღვლებდა, ან რა ახარებდა.

ვდგები და ვიწყებ. არც მასწავლებელს ვუყურებ, არც კლასელებს. გავცქერი სივრცეს, გალუმპულ ხეებს. სიტყვები თავისით მწყდებიან და კლასში იფანტებიან:

სხვა სამყარომ გაიელვა სულ ერთი წამით, ალბათ სიზმარში, ალბათ ღამით, მაშინ, როცა მთვარე წითლად ელვარებდა. დაბურული ტყე. აქაიქ ფერიები დაფრინავენ, ისმის მათი ფრთების წკრიალი. სევოიები საუკუნეებს ითვლიან, ცად აზიდულა მათი დაკორძილი სხეულები. ვინ იცის, რა ამბების მომსწრე არიან, რა მოგონებებს ინახავენ. მათ მუქ მწვანე ფოთლებში ოქროდ იღვრება ჰორტენზიად ქცეული მზის სხივები. ტყიდან გავრბივარ და ქრიზანთემების ზღვაში ვეშვები. არ ვიძირები, ეს ხომ ქრიზანთემებია. გული მღელვარებისგან ლამისაა გასკდეს, თითქოს ცეცხლი მიკიდია, მაგრამ ქრიზანთემები და ჰორტენზიები გულს მიმშვიდებენ. გვირილების, იგივე ქამენიების გვირგვინებით მორთული ყურებწაწვეტებული ფერიები თავს დამტრიალებენ. ნამდვილი ნეტარებაა. მეღვიძება. ღამეა. ფანჯრიდან ვიყურები, ცას ვარსკვლავი წყდება. სურვილს ვუთქვამ, სიზმარისეული სამყარო რეალობად მექცეს.

სიჩუმეა. ყველა გაოგნებულია, ასეთი ინა არავის ახსოვს. სხვათა შორის, არც მე. თან ნერვები მეშლება – რა დამემართა, რა მჭირს. მოდის ნატა ჩემთან, მხარზე ხელს მადებს და მეუბნება:

– ზღაპრულია შენი სამყარო, ინა. წერა უნდა სცადო, დარწმუნებული ვარ, გამოგივა.

მერე კლასისკენ ბრუნდება:

– თქვენ ახლა იმის მოწმენი გახდით, თუ როგორ აღვიძებს პოეზია ადამიანის ფარულ ნიჭს. ასეა, პოეზია ჯადოსნური ჯოხია, მისი ერთი შეხება და კონკია დედოფლად იქცევა.

ვიცინით, ზარი ირეკება.

 

ზამთრის ერთი ცივი საღამო ცაცხვის ჩაისა და პოეზიის თანხლებით

ზამთრის არდადეგებია. არავინ ელოდა ასეთ თოვას. დილით რომ გადავთოვლავთ აივანს, შუადღისას ისევ დევს.

ბებიაჩემი დარდობს – შეშის მოტანა ვერ მოვასწარით და ახლა ძალიან გაჭირდება სველი შეშის გაშრობა.

ეს ამბავი მეც მაფიქრებს. სკოლაში, შეშა რიგრიგობით დაგვაქვს. ჩემი ჯერი რომ მოვა, სველი შეშის წაღება მომიწევს. არა უშავს, როგორმე გავაშრობ, – ვფიქრობ და თოვას თვალს ვერ ვაშორებ.

მეძახის ზამთრის სული, ფანჯარაზე მიკაკუნებს, ხარხარებს, გაჰკივის, თამაში უნდა. ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, ვიცვამ ნარინჯისფერ ბოტებს, მეორეული ტანისამოსის ჯიხურში ნაყიდ გახუნებულ ყვითელ პალტოს, თავზე ბებიაჩემის მოქსოვილ ბერეტს ვიხურავ და გავრბივარ. ჩემს უბანში მთელი ქუჩა მოყინულია, თან დამრეცია, თოვლით დაფარული. ბავშვები ერთი ბოლოდან მეორემდე ციგით დაქრიან.

თოვამ იმატა. მოსაღამოვდა, ლამპიონები აინთო. მათ შუქზე კიდევ უფრო მაგიურია ფიფქების ცვენა.

ხელთათმენები გასაწურია, თითები – გაყინული. სახლში შესვლა არ მინდა, შუქი არ გვაქვს და არ ვიცი, რა ვაკეთო. ლამფის შუქზე კითხვას მიშლიან თვალების გამო. ფითილს მაღლა რომ ვუწევ, ბევრი ნავთი იწვება. ნავთის ფასმა მოიმატა, ამიტომ ვუფრთხილდებით. რაკი  შეშა სველია, დილაობით ღუმლის დასანთებადაც ვიყენებთ.

ჯერ არ მეძინება. ჩვენი მისაღები ოთახის შპალერის ორნამენტები უკვე შესწავლილი გვაქვს მე და ჩემს დას, პატარა რუკაც მივახაზეთ – კუნძულებითა და კონტინენტებით. ქალაქობანასაც შუქი უნდა. პაპასაც ეძინება, თორემ ძველ ამბებს მოგვიყვებოდა. დედა ისევ საავადმყოფოშია – ექიმია.

მოკლედ, არც მეძინება და არც შინისკენ მიმიწევს გული, მაგრამ გავიყინე. ნატა მასწავლებელი მახსენდება. რამდენიმე დღის წინ ჩემი პირველი ჩანახატი დავწერე და ერთი სული მაქვს, წავუკითხო.

ნატა ორი ქუჩის იქით ცხოვრობს. ვფიქრობ, სიურპრიზი მოვუწყო და ვესტუმრო. ჩემებს ღობიდან ვეძახი, რომ მივდივარ. დასიპულ გზაზე სულ სრიალით მივქრი. აი, ნატას სახლიც. სამსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს. ჩვენში თითქმის ყველას ეზოიანი, საკუთარი სახლი აქვს და კორპუსში ცხოვრება რაღაცნაირად ეგზოტიკური და საინტერესო გვეჩვენება.

კარის აბრაზე ულამაზესი ოქროსფერი ასოებით წერია: „ნატა არაბული“. ფრთხილად ვაკაკუნებ, რამდენიმე წუთში კარს მასპინძელი მიღებს და თბილი ღიმილით მეპატიჟება.

მისაღები ოთახისკენ მიმიძღვის. ადრე ნატა სოფელ ქისტაურის რაფიელ ერისთავის მუზეუმის დირექტორი იყო. სახლიც მუზეუმს მიუგავს. მთელ კედელს იკავებს უმშვენიერესი ნატო ვაჩნაძის პორტრეტი. პიტნის ჩაის მთავაზობს. სიხარულით ვთანხმდები. ცხელი ჩაი ახლა მისწრებაა ჩემთვის. ვჯდები პატარა მაგიდასთან. მაგიდას ყაისნაღით ნაქსოვი ულამაზესი სუფრა აფარია. მეც ვქსოვ ყაისნაღით, მაგრამ ასე კარგად – ვერა. ვეკითხები ნატას, ვინ მოქსოვა. ღიმილით მპასუხობს, რომ ქსოვა ძალიან უყვარს, რომ ზამთრის გრძელი და თოვლიანი ღამეები ქსოვაში გაჰყავს, თან ფიქრობს, ბევრს ფიქრობს. მინდა ვკითხო, რაზე ფიქრობს, მაგრამ მერიდება. თვითონვე აგრძელებს – ამბობს, რომ მოგონებებით ცხოვრობს.

ნატა მარტო ცხოვრობს, სულ მარტო. მისი მოგონებები ხშირად ლექსებად იქცევიან.

გამოაქვს დიდი, წითელი, ხავერდისყდიანი ალბომი. მოწიწებით მოაქვს. მის თხელ, გამხდარ ხელებში ეს ალბომი უზარმაზარი მოჩანს. ამასობაში ჩაიც მზადდება. ჩემ წინ დახვეწილი, ვარდისფერი ყვავილებით მოხატული და ოქროსფერი კანტით დამშვენებული ფაიფურის ფინჯანი დგას. პიტნის ჩაის გაზაფხულის და ყვავილების სუნი მოჰყვება. ამ სუსხიან ზამთარში სხეულს მზით ავსებს და ათბობს.

ალბომს ვფურცლავთ. ალბომში ნატას ლექსებია ლამაზი, მოგრძო ასოებით ჩაწერილი.

ლექსები მონატრებაზეა, გაზაფხულებზე, მთებზე, ცხენებით ჯირითზე. აქ იმედგაცრუებებიცაა და დიდი ვნებებიც.

ჩემსასაც ვუკითხავ. მოსწონს, უხარია, თვალები უკაშკაშებს. იდეა უჩნდება, სკოლაში დაბრუნებისას პოეზიის საღამო მოვაწყოთ. ვეთანხმები და კითხვას ვაგრძელებთ. გადავდივართ ანაზე, გალაკტიონზე.

ამასობაში დაღამებულა. დრო გაგვპარვია. ბებია მაკითხავს გრძელი ჯოხით ხელში, სიბნელესა და თოვლში გზა რომ გაიკვალოს. ვემშვიდობები ნატას და ელეგიებით, ტრიოლეტებით, მზეებითა და გაზაფხულებით პირთამდე სავსე მივყვები ჩემს უსაყვარლეს ბებიას. მხოლოდ პოეზია არ მაკავშირებს ნატასთან, არის კიდევ რაღაც რასაც დღემდე ვერ ვივიწყებ.

 

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ის დროა, საქართველომ როგორც იქნა თავისუფლება მოიპოვა, ყველას უყვარს სამშობლო, ყველა პატრიოტად გარდაისახა, „ჯოს, ჯოს, ჯოს!“ – ისმის ყველგან. ის დროა, აი, საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის რომ უნდათ, ქართველობა ყველაზე ამაღელვებელი და შთამაგონებელი რომ გახდა, ისეთი ამბების შთამაგონებელი, თავისუფლებამ რომ მოიტანა, ისეთმა თავისუფლებამ – გააზრება რომ გაუჭირდათ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ჩაკეტა ხალხი.

ამ სულისკვეთებამ, მიტინგებმა, მეგაფონებმა და მიკროფონებმა ჩემს პატარა, წყნარ ქალაქშიც ჩამოაღწია და აგვაღელვა, ძალიან აგვაღელვა.

ბებიაჩემი ოსია. ესე იგი, ქართველი არ არის. არადა საქართველო ქართველებსო? ძალიან ეშინია, ძალიან. ჩემთან არ იმჩნევს, მაგრამ ვგრძნობ. მაშინვე გარბის და ქმრის გვარზე გადადის, თავის ოსურ გვარს ივიწყებს, ჩურთავს, ინახავს. მიტინგზეც გამოდის, ამბობს, რომ ქართველია და ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, რომ ის და აქ მცხოვრები სხვა ოსები არაფრით განსხვავდებიან ქართველებისგან. მის ამ გამოსვლას ქალაქის გაზეთიც ბეჭდავს (დღემდე გვაქვს შენახული „ბახტრიონის“ გაცრეცილი, გაყვითლებული ნომერი). ბებია მაღალია, წარმოსადეგი, იისფერი პალტო აცვია, მშვენიერია.

მე და ბებია მის სოფელში მივდივართ. სოფელი თიანეთშია, ბოჭორმა ჰქვია. ბოჭორმაში ბებიას დედა, ელიჭკა გვხვდება. ელიჭკა, ქერა, ლოყაწითელი ქალია, თავშალწაკრული, ჭრელთვალება. შეშინებულია. ბებიას უყვება ამბებს, ხან ოსურად, ხან ქართულად. მაინც მესმის, ვხვდები ამ შიშს. ვიღაცები წაუყვანიათ, მასაც ეშინია, არ წაიყვანონ, თავისი სოფელი არ დაატოვებინონ. უყვება იარაღიან კაცებზე, სოფელში რომ დაძრწიან. ეს შიში მეც გადმომედება. გულში მრჩება, მაწუხებს, მაფიქრებს. მიჩნდება ათასი კითხვა: ჩემი კლასელები რას იფიქრებენ, რომ გაიგონ ბებიაჩემის წარმოშობა? ხომ არ დამცინებენ? იქნებ გამაგდონ კიდეც კლასიდან?

ჩემი ფიქრები მძიმდება, მძიმდება და უკვე შავი საბურველივით მახვევია გარს. აღარაფერი მახარებს, დავდარდიანდი. სკოლას ხშირად ვაცდენ. სკოლაშიც თითქოს ფეხის წვერებზე დავიპარები. წერაც შევწყვიტე.

ისტორიის გაკვეთილზე ნატა შემოდის და მასწავლებელს სთხოვს, ცოტა ხანს მასთან გამიშვას. მე გაკვირვებული ვდგები და მივყვები. ჩავდივართ ეზოში, სკამზე ვსხდებით. ნატა მიყურებს, მიყურებს დიდხანს. მეუბნება, რომ თუ რამის თქმა მინდა, სიამოვნებით მომისმენს. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ჩემი დაგროვილი შიშები კალაპოტს პოულობს და ამოხეთქავს, ვუყვები ყველაფერს, ელიჭკაზე, ბებიაჩემზე, შიშებზე, გადასახლებაზე, სირცხვილზე. მისმენს ყურადღებით… გამიღიმა, არაფერი უთქვამს, თავზე ხელი გადამისვა და გაკვეთილზე დამაბრუნა.

მეორე დღეს მე და ჩემმა კლასელებმა ნატა მასწავლებლის გაკვეთილზე პირველად წავიკითხეთ ვაჟა-ფშაველას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. ნატამ მერხებზე ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაგვახვედრა, რომლებიც ამ წერილზე თავადვე გადაეშალა, თან გვთხოვდა, ის ადგილები გაგვეხაზა, რომლებიც იმდროინდელი სიტუაციის შეფასებისთვის გამოდგებოდა. ვკითხულობდი წერილს და ვგრძნობდი, ჩემი შიშები, გაურკვევლობა, სტერეოტიპები როგორ იმსხვრეოდა და იფანტებოდა. ამ თემას სხვა გაკვეთილებიც დავუთმეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრს. და მომინდა, ჩემი ისტორიაც მომეყოლა. ჩემი შიშები გამეთქვა, რომ ისინი შიშებად აღარ დარჩენილიყვნენ. მომისმინეს, ვაჟას წერილიდან გახაზული ადგილები წაიკითხეს.

 

***

გავიდა უამრავი წელი და ახლაც, როდესაც ჩემს რაიონში მივდივარ, აუცილებლად ვესტუმრები ხოლმე, ნატას კორპუსს, სადარბაზოშიც შევდივარ. იქვე, პირველ სართულზე, ისევ თეთრად ქათქათებს ნატას სახლის კარი, ოქროსფრად ამოტვიფრული ინიციალები კი გაცრეცილა და სიშავეც შეპარვია. სულ ცოტა ხნით გადავვარდები წარსულში და ამ დროს ფრთხილად ვაკაკუნებ, თუმცა კარს არავინ მიღებს, რადგან ნატა აქ აღარ ცხოვრობს. წლების წინ ჩუმად გაფრენილა ჰორტენზიების, ქრიზანთემების და ფრთაწკრიალა ფერიების სამყაროში.

ძველი ქართული ტექსტების სწავლა-სწავლების პრაქტიკა

0

მეათე კლასში შესასწავლი ლიტერატურის და სწავლა-სწავლების სირთულეებისადმი მიძღვნილ ჩემს ერთ-ერთ წერილს მკითხველმა მიაწერა, რამდენჯერ უნდა დაწეროთ ამ თემაზეო. იქვე ვუპასუხე: კიდევ ბევრჯერ; მანამდე მაინც, სანამ დისკუსია არ დაიწყება-მეთქი.

ეროვნული სასწავლო გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა, დარედაქტირდა, ამოაკლდა და დაემატა სავალდებულო ტექსტები. უამრავი სასიკეთო ცვლილება მოხდა, მაგრამ პრობლემური საკითხი – ძველი ქართული ტექსტების სწავლების პრაქტიკა – კვლავ აქტუალურია და აქტუალური იქნება, სანამ პრობლემას არ გავაცხადებთ, არ დავსახავთ გადაჭრის გზებს და ღიად არ ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებსაც ამ დროს ვაწყდებით.

ამ ფაქიზ და მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისას ერთი რამ გამოიკვეთა:

მასწავლებლები ხშირად ერიდებიან სირთულეებზე საუბარს. კითხვაზე: რას შეცვლიდით ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პრაქტიკაში? – პასუხად უმეტესად ამ ლიტერატურის მნიშვნელობაზე, ღირებულებებსა და ეროვნულ-რელიგიურ დანიშნულებაზე იწყება მსჯელობა.

ეს კითხვა დამისვამს ენისა და ლიტერატურის ჯგუფში, რომელშიც უამრავ საინტერესო საკითხზეა ხოლმე მსჯელობა. მომისმენია ყურადსაღები კომენტარები და, რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, მიმიღია არსებული სიტუაციისადმი კრიტიკული დამოკიდებულებების გამომხატველი ვრცელი წერილები, რომლებშიც კოლეგები დაუფარავად საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომლებსაც პროცესში აწყდებიან.

ეს კითხვა დამისვამს მოსწავლეებისთვისაც. მათგან უფრო თამამი და რადიკალური პასუხები მიმიღია. ძალიან საინტერესო, გასათვალისწინებელი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შესასწავლი მასალისადმი მოსწავლის დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოტივაციასა და ცოდნის ხარისხს.

მშობლებისგანაც არაერთხელ გამიგონია, რომ ხშირად უწევთ, განსაკუთრებით – დაწყებით ან საბაზო საფეხურზე, ქართულის დავალებების შვილებთან ერთად შესრულება, „წვალება“, თუ ტექსტი არქაიზმებითაა მდიდარი და ბავშვისთვის უინტერესოა, ჰაგიოგრაფიის შესწავლისას კი ხშირად მიმართავენ რეპეტიტორების დახმარებას.

ძველი ტექსტების სწავლა-სწავლების პროცესზე დაკვირვების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გამოკითხვების შედეგად იკვეთება, რომ:

. ძველი ქართული ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესი პრობლემურია მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. პრობლემას ქმნის რამდენიმე ფაქტორი და ამ წერილში მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავ. მოხარული ვიქნები, თუ წერილს გამოხმაურება მოჰყვება.

  1. ძველი ქართული ტექსტები კონცენტრირებულად ისწავლება მეათე კლასში. მოსწავლეებს უჭირთ ამდენი ძველი ტექსტის დამუშავება. გაგების დონის დასაძლევად დიდი ძალისხმევაა საჭირო როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან.

ამონარიდი მოსწავლის კომენტარიდან:

„რატომ ვსწავლობთ მეათე კლასში ასეთ რთულ ტექსტებს ერთად? ყველა ჰაგიოგრაფიული ტექსტი საინტერესოა. მასწავლებელმა კარგად ახსნა, მაგრამ ბოლოს ძალიან მოსაბეზრებელი იყო. მერე კიდევ „სიბრძნე სიცრუისა“ და „დავითიანი“ ვისწავლეთ. მეათე კლასი ასეთი დატვირთული თუ არ იქნება, უფრო ინტერესით ისწავლიან ბავშვები“

ამონარიდი მასწავლებლის კომენტარიდან:

„ყველაზე რთულია მეათე კლასი. რაც არ უნდა მოინდომო, მაინც უჭირთ მოტივაციის და დადებითი დამოკიდებულების ბოლომდე შენარჩუნება. ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ძველი ქართული ენა არ არის იმდენად გაუცხოებული, რამდენადაც მოსწავლეებისთვის.

წინადადებების აზრის გასაგებად ხშირად უწევთ ლექსიკონში ჩახედვა, სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტება. ერთეულ შემთხვევებში ეს სასარგებლოა, მაგრამ როცა მთელი აბზაცია გაუგებარი, გაგებაც და გააზრებაც რთულდება“.

  1. ძველი ქართული ენით დაწერილი ტექსტების გასაგებად მოსწავლეები ხშირად მიმართავენ ინტერნეტში გავრცელებულ უხარისხო „გაშინაარსებულ“ ვერსიებს. მასწავლებლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, უმეტესობა სარგებლობს პარაფრაზირებული ვერსიებით. მათი უმეტესობის ხარისხი საეჭვოა.

ამონარიდი მოსწავლის კომენტარიდან:

„ჰაგიოგრაფიას რომ ვსწავლობდით, მასწავლებელი ხსნიდა გაკვეთილზე რაღაც ნაწილს. როცა საშინაო დავალებას გვაძლევდა, ინტერნეტში ვეძებდი შინაარსს, რომ დრო არ დამეკარგა ძველი ქართულის გაგებაში. ასე უფრო მიადვილდებოდა. გაკვეთილზე მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტებს ვიყენებდით, სახლში – თანამედროვე ენით დაწერილს“.

ამონარიდი მასწავლებლის კომენტარიდან:

„ყოვლად დაუშვებელია თანამედროვე ენით დაწერილი შინაარსების გამოყენება. ამას მოსწავლეებს ვუკრძალავ. აუცილებელია ძველი ქართული ენის მშვენიერებასა და თავისებურებებზე დაკვირვება. ეს ჩვენი განძია“.

  1. გადატვირთული პროგრამის გამო მეტი ძალისხმევა, დრო, რესურსი იხარჯება ტექსტების შინაარსების გათავისება-გაგებაზე. მასწავლებლებს ნაკლები დრო რჩებათ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, პროექტული სწავლების მეთოდების გამოსაყენებლად.

ამონარიდი მასწავლებლის კომენტარიდან:

„მე იმ აზრზე ვარ, რომ განათლების მიღებისას მთავარია პროცესით ტკბობა და არა სწავლის „მწარე” ძირი. ტექსტის სიღრმეებში გაერკვიოს მოსწავლე, არქაულ ლექსიკას ებრძოლოს თუ იმაზე იფიქროს, როგორ დაიმახსოვროს ან დაწეროს? საერთოდაც, საშუალო საფეხურიდან რამდენიმე სქელტანიან ტექსტს ამოვიღებდი და კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად გადავიტანდი. ასე გამოთავისუფლდებოდა დრო უფრო საინტერესო აქტივობებისთვის“.

ამონარიდი მოსწავლის კომენტარიდან:

„შინაარსების წერა ძალიან მოსაბეზრებელია, მაგრამ მასწავლებელი გვავალებდა. სხვანაირად ვერ დავიმახსოვრებდით. შინაარსებთან ერთად ესეებსაც ვწერდით, მაგრამ ყველაზე მეტად საკლასო დისკუსიები მომწონდა. რატომ მოკლეს ნესტანმა და ტარიელმა სასიძო? სამართლიანი იყო ეს თუ უდანაშაულო ადამიანის სისხლის „ვალად აღება“? – მახსოვს ეს დისკუსია. მხოლოდ ერთი გაკვეთილი დავუთმეთ, მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. კიდევ შუშანიკის და ვარსქენის ურთიერთობაზე ვმსჯელობდით და ვარსქენის სასამართლო პროცესიც გავმართეთ. ესეც დამამახსოვრდა“.

  1. ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას ხშირია ინდოქტრინაციული პრაქტიკა.

ამონარიდი მოსწავლის კომენტარიდან:

„პრინციპში, რელიგიას თუ ჩამოვაშორებთ, [„შუშანიკის წამება“] ჩვეულებრივი რომანი გამოვა. მე ასე ვკითხულობდი უფრო და საინტერესო იყო. სკოლაში უფრო რელიგიურად განიხილავდა მასწავლებელი. წმინდანებზე ვსაუბრობდით. თუ ცოტა ტექსტის გარეთ არ გავალთ, მხოლოდ ის, რომ ვიღაცა გმირია, რადგან ეწამა, არ არის საინტერესო“.

ამონარიდი მასწავლებლის კომენტარიდან:

„შუშანიკის წამება“ არის ამბავი იმისა, თუ როგორ გაწირა თავი ჭეშმარიტი სჯულის დასაცავად ქალმა და წმინდანის შარავანდი დაიდგა თავზე“.

„ჰაგიოგრაფია ჩვენი მწერლობის საძირკველია, თუ ეს საძირკველი გამოვაცალეთ რაღა დაგვრჩება?! ჩვენი ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობები გაუფასურდება, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ერის დაკნინებასა და გადაგვარებას“.

  1. კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ნაკლებობა, ინერცია და „უკან მიმართული მზერა“.

ამონარიდი მასწავლებლის კომენტარიდან:

„ვფიქრობ, სანამ ჩვენი სტანდარტი და გეგმა კვლევას არ დაეფუძნება, ყოველთვის რეალობას აცდენილი ეროვნული გეგმა გვექნება და ვერასდროს მივაღწევთ კარგ შედეგს. ქართულში კი არა, ყველა საგანში წიგნები და, ზოგადად, სწავლის პროცესი აუცილებლად საჭიროებს კვლევას: რა არ მუშაობს, რა მუშაობს და როგორ მუშაობს, რა მოსწონთ ბავშვებს, რას სწავლობენ ხალისით, როდის აქვთ მაღალი და როდის, პირიქით, დაბალი მოტივაცია. რომელ შედეგს აღწევს უმრავლესობა და რომელს – ვერა. კიდევ არაერთი საკითხია, რომელსაც სჭირდება გამოკვლევა და სათანადო დასკვნის გამოტანა. ოდესმე გაგიგონიათ, რომ ვინმეს გამოეკვლიოს, რომელ ასაკში აღიქვამენ უკეთ ბავშვები ჰაგიოგრაფიას ან თუნდაც „ვეფხისტყაოსანს“? ვინმეს ახსოვს საერთოდ სკოლის მერე, მე-8 ან მე-9 კლასში რა ისწავლა? ან რა ახსოვს იმ ნასწავლიდან? ვინმეს გამოუკვლევია, არის თუ არა კავშირში ძველი ქართული ტექსტების სწავლება წიგნიერების დონის ამაღლებასთან?“

 

ამ წერილის მიზანი ორი ხედვის კუთხის ჩვენება იყო. ძველი ტექსტების სწავლა-სწავლებისას მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოსაზრებები არაერთ საკითხში იკვეთება. თვალსაჩინოა, რომ სირთულეებს ორივე მხარე ახსენებს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გვყოფნის გამბედაობა, ღიად ვისაუბროთ ამ საკითხებზე, შევისწავლოთ და ვიკვლიოთ პრობლემა, დავსახოთ გადაჭრის გზები და ვიზრუნოთ იმაზე, რომ არც ეროვნული ლიტერატურის სწავლების მიზნები დაზარალდეს და არც მოსწავლის ინტერესები.

არგუმენტირებული ესე – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის (წერილი I)

0

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი მოიცავს სამი სხვადასხვა ტიპის დავალებას: 1. ტექსტის რედაქტირება, 2. არგუმენტირებული ესე, 3. პოეტური ან პროზაული მხატვრული ტექსტის ანალიზი. წლების მანძილზე ტესტში გარკვეული ცვლილებები შედიოდა, ხოლო არგუმენტირებული ესე იმ სახით, როგორც ის უკანასკნელი პერიოდის ტესტებშია, 2012 წლიდან გვხვდება და აბიტურიენტთა დიდ ვნებათაღელვას იწვევს ორი მიზეზის გამო: 1. ესეს თავისებური, მკაცრი სტრუქტურა აქვს და მისი კონსტრუირება გარკვეულ ცოდნა-გამოცდილებას ეფუძნება და 2. მისი თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს უამრავ გლობალურ, ლოკალურ, საკაცობრიო ღირებულებებთან თუ მორალურ-ეთიკურ  პრობლემებთან დაკავშირებულ თემებს, რაც აბიტურიენტის ფართო სააზროვნო თვალსაწიერსა და მაღალი დონის სააზროვნო უნარებს ითხოვს. არგუმენტირებული ესეს კონსტრუირების მარტივი და ნათელი ტექნიკა სპეციალისტებს არაერთხელ შეუთავაზებიათ ახალგაზრდებისთვის ტელექციებში, აკადემიური წერის სახელმძღვანელოებში, ბლოგებსა და წერილებში. ინტერნეტგაზეთ „mastasavlebeli.ge”-სა და ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზეც უამრავი საინტერესო რესურსი გამოქვეყნებულა არგუმენტირებული ესეს აგების მეთოდებზე. (სამ მათგანს აქვე დავიმოწმებ და ბმულებს შემოგთავაზებთ, რომ იოლად ხელმისაწვდომი იყოს: მაკა სახურია – https://mastsavlebeli.ge/?p=19921 დავით ჩივაძე – https://mastsavlebeli.ge/?p=21561, ნინო ლომიძე – https://mastsavlebeli.ge/?p=25743).

არგუმენტირებული ესეს სტრუქტურაზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან წერილს თან ერთვის ჩვენ მიერ შესრულებული ნიმუში, სადაც გვსურდა მკვეთრად და თანმიმდევრულად წარმოგვეჩინა, თუ როგორ უნდა წარმართოს მსჯელობა აბიტურიენტმა. ამ წერილში შევეცადეთ, რომ მოახლოებული გამოცდების წინ ზოგადი რეკომენდაციები შემოგვეთავაზებინა და ეს ყველაფერი ცოდნის გამთლიანებაში დახმარებოდათ აბიტურიენტებს. არ დავიზარე და 2012 წლიდან გასულ ეროვნულ გამოცდებამდე, ანუ 9 წლის მანძილზე, ტესტებში შესული ესეს მითითებები ამოვკრიბე, რათა ერთიანად გადაგევლოთ თვალი. ყოველწლიურად ქართულში ტარდებოდა 4 სესია, ხოლო გასულ წელს, პანდემიის პირობებში საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, ჩატარდა 6 სესია და წელსაც ამდენივე იგეგმება. ჯამში ეროვნული გამოცდების ისტორიიდან ჩვენ წინაშეა არგუმენტირებული ესეს 38 თემა. ტესტში დავალება ფორმულირებულია თეზისის სახით და აბიტურიენტის ოსტატობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გაიაზრებს ის პრობლემას, მიმოიხილავს მის გენეზისს, აქტუალობას, არგუმენტებითა და მაგალითებით იმსჯელებს ურთიერთსაპირისპირო თეზისების გარშემო და საკუთარ პოზიციასთან ერთად შეაჯამებს მსჯელობას, თანაც დაურთავს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიაჩნია პრობლემების გადაწყვეტის გზად. წერილში რომ გასული წლების ტესტების ესეების დასათაურება ვრცლად არ ყოფილიყო და მარტივად გაგვეაზრებინა, თუ რა ტიპის პრობლემებს ეძღვნება ხოლმე ესეები, სათაურები შევამოკლეთ, თუმცა აქ ნათლად ჩანს თემატიკის მრავალფეროვნება, პრობლემების აქტუალურობა და მასშტაბები. აი, ისინიც:

  1. სამუზეუმო ექსპონატების საზღვარგარეთ გატანა
  2. ახალი მშენებლობები ისტორიულ უბნებში
  3. ზოოპარკებში ცხოველების ბუნებისგან მოწყვეტა
  4. ტურიზმის როლი ქვეყნის ეკონომიკაში
  5. მმართველ ორგანოებში ქალთა რაოდენობის ზრდა
  6. „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები
  7. ტელევიზიის როლი ახალგაზრდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში
  8. სიტყვის თავისუფლება და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
  9. გარემოს დაცვის მიზნები
  10. გლობალიზაცია, როგორც ახალი ტიპის კოლონიზაცია
  11. სასკოლო განათლების მთავარი მიზანი – ლიდერის თვისებების ჩამოყალიბება
  12. უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შემცირება
  13. არასრულწლოვანთა ქორწინება
  14. განათლების ნაადრევად შეწყვეტა და არასრულწლოვანთა შრომითი დასაქმების პრობლემა
  15. სიმკაცრე ბავშვის აღზრდაში
  16. მშობლების როლი მოზარდის არჩევანის გადაწყვეტისას
  17. პოპულარობა და მასების გემოვნება
  18. სხვებთან შეჯიბრი თუ გამარჯვება საკუთარ თავზე?
  19. დემოკრატია – საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა სხვის სასარგებლოდ
  20. მოწინააღმდეგის უპირატესობის აღიარება, როგორც საკუთარი სისუსტეების დაძლევის გზა
  21. კულტურათა დაახლოება, როგორც მათი უნიკალურობის გამოკვეთის გზა
  22. საზოგადოების კარჩაკეტილობა, როგორც საფრთხე ეროვნული თვითშეგნებისთვის
  23. კულტურული მემკვიდრეობის სამუზეუმო ექსპონატებად ქცევის საფრთხე
  24. ისტორიით სიამაყე და მისი შესწავლა-გააზრების პრობლემა
  25. ტოლერანტობა თუ უპრინციპობა?
  26. ქსენოფობია და განათლებული საზოგადოება
  27. მჩაგვრელი, როგორც მსხვერპლი
  28. ძალადობის გამართლება, როგორც ტერორიზმის ხელშეწყობა
  29. მასმედიის როლი საზოგადოებრივი აზრის შექმნაში
  30. მოწინააღმდეგის დამცირება – საკუთარი უძლურების მაჩვენებელი
  31. თავისუფლება, პასუხისმგებლობა და მოვალეობა
  32. წარმატება და პოპულარობა
  33. ტექნოლოგიები ადამიანის წარმოსახვის წინააღმდეგ
  34. ახალგაზრდობის მიმართება სოციალური უთანასწორობის პრობლემისადმი ძველად და ახლა
  35. ადამიანის ინდივიდუალიზმი და ზრუნვა განსხვავებულ იმიჯზე
  36. ინტელექტის გამოყენება ჩაგვრის ინსტრუმენტად
  37. ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულება ეროვნული კულტურისადმი
  38. თანამედროვე ახალგაზრდების ამბიცია – ზრუნვა არა პირად, არამედ გლობალურ პრობლემებზე

თანამედროვე ახალგაზრდების პრობლემა სოციალურ ქსელებთან მიჯაჭვულობა და სხვადასხვა სფეროს აქტუალურ თემებზე ნაკლები ინფორმირებულობაა. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები უკვე ნაკლებად იზიდავენ ახალ თაობებს, მათი მსმენელი ძირითადად წინა თაობების ადამიანები არიან, ამიტომაც ხშირია ესეს პრობლემებთან დაკავშირებით ცოდნის დაბალი დონე, ანალიტიკური აზროვნებისა და სინთეზირების უნარები. საიმისოდ, რომ წარმატებით დაძლიოთ ესეს წერის ამოცანა, საჭიროა გამოიჩინოთ ინტერესი ზოგადსაკაცობრიო, ლოკალური და ჰუმანისტური პრობლემების მიმართ. შემდეგ წერილში ვისაუბრებთ ესეების შინაარსსა და პრობლემაში ჩაღრმავების ტექნიკაზე, ამჯერად კი გთავაზობთ ჩვენ მიერ შესრულებულ ნიმუშს. მოცემული ესეს დავალება გვხვდება 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთ ტესტში:

 

არსებობს მოსაზრება, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს, რადგან ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო პრობლემური ხდება.

აბზაცი I – შესავალი, პრობლემის აქტუალობა და ზოგადი მიმოხილვა:

განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელთაც საქართველოც მიეკუთვნება, კადრების დასაქმება უაღრესად აქტუალური პრობლემაა. ადამიანისთვის თვითრეალიზაცია და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია. მოუწყობელი შრომითი ბაზარი უამრავ დაბრკოლებას ახვედრებს ადამიანს. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ხშირად ვერ ხდება დასაქმების გარანტია, რადგან საბიუჯეტო სექტორში სამუშაო ადგილების ოდენობა შეზღუდულია, კადრისადმი მოთხოვნები – მაღალი. ბიზნეს-სექტორში თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმები და დასაქმების სტანდარტები დამოკიდებულია კერძო მფლობელის ინტერესებზე. მცირე ბიზნესის წამოწყებაც უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული კაბალური საბანკო პირობების ვითარებაში. უმუშევრობა კი ადამიანისთვის განაჩენია. მძიმე სოციალური ფონი ქვეყნის განვითარებასაც აფერხებს.

აბზაცი II – თეზისი და ანტითეზისი:

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა თვალსაზრისი, რომ უმუშევრობის დასაძლევად აუცილებელია უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების რიცხოვნობა არ არის კავშირში შრომითი ბაზრის და დასაქმების პრობლემასთან. ისინი თვლიან, რომ უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

აბზაცი III-IV- არგუმენტები და კონტრარგუმენტები:

დამაჯერებელი არგუმენტები აქვთ იმ ადამიანებს, რომელებიც მიიჩნევენ, რომ პატარა ქვეყანაში ამდენი უმაღლესი სასწავლებლისა და დიპლომირებული ადამიანის არსებობა პრობლემაა, რომ შრომითი ბაზარი უძლურია მათი რეალიზაციისთვის. ამ რადიკალურ თვალსაზრისში სიმართლის მარცვლები უდავოდ არის, რადგან სტატისტიკაც რომ მოვიშველიოთ, საქართველოში ყოველწლიურად 40 ათასამდე აბიტურიენტი ცდილობს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას, საიდანაც დაახლოებით 25 ათასი ირიცხება ანუ შესაბამისად ყოველ წელს დიპლომირებულ სპეციალისტთა 25 ათასიან არმიას ვუშვებთ შრომით ბაზარზე. შეუძლია კი ქართულ ბაზარს ამ ოდენობის სპეციალისტის დასაქმება? ვფიქრობ, რომ არა! ამ თეზისის მომხრეები ასევე აღნიშნავენ, რომ თუკი განათლების სისტემა შეეცდება პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების პოპულარიზაციას და ახალგაზრდები მოკლე დროში დაეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, უფრო იოლად შეძლებენ დასაქმებას, რადგან მომსახურეობის სფეროში, სხვადასხვა ტიპის სერვისებში კვალიფიციურ მუშა ხელზე მოთხოვნა ყოველთვის არის. პრობლემათა მთელ სპექტრს ქმნის უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხი და არაკვალიფიციური კადრები, რომელთაც დამსაქმებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ. გულწრფელად ვაღიაროთ: უმაღლესში ჩარიცხულთა შორის რამდენი პროცენტი იმსახურებს იქ სწავლის უფლებას? ალბათ დაახლოებით მეოთხედი. ყოველ წელს რომ უნივერსიტეტს 25 ათასის ნაცვლად 5-7 ათასი ბაკალავრი ამთავრებდეს, უფრო მაღალკვალიფიციური უნარებით, მათი დასაქმება ბევრად იოლი იქნებოდა. ამ თეზისის მომხრენი იმ პრობლემაზეც საუბრობენ, რომ დიპლომირებული უმუშევარი ფსიქოლოგიურად დანგრეული, დემორალიზებული, ასოციალური ტიპია. შემდეგ ეს ხალხი უცხოეთში მიდის დასასაქმებლად. მიგრაციის მაღალი დონე კი მცირე ერის დემოგრაფიულ რეალობაზე მტკივნეულად აისახება.

ანტითეზისის მომხრენი საუბრობენ იმაზე, რომ უნივერსიტეტების ოდენობა თავისუფალ ბაზარზე დასაქმების პრობლემასთან კავშირში ნაკლებადაა, რადგან ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ და თავად გადაწყვიტონ თვითრეალიზაციის საკითხები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკვე არის ახალ თაობებში ევროპული მენტალობა, რომ ადამიანმა არანაირი სამუშაო არ უნდა ითაკილოს. დიპლომი ადამიანს ხელს არ უშლის, რომ სხვადასხვა სფეროში დროებით დასაქმდეს და საჭირო დროს გამოიყენოს საუნივერსიტეტო განათლება. საბიუჯეტო სექტორში დასაქმდება თუ არა, სულერთია, უმაღლესი განათლება ადამიანს მაინც ეხმარება პიროვნულ თვითგანვითარებაში. ხოლო დასაქმების პრობლემურობა, პირიქით, მოტივაციაა. გამოუვალ სიტუაციაში ადამიანი ყველაფერს აკეთებს თვითრეალიზაციისთვის, ხელს მიჰყოფს მცირე ბიზნესს, რომლის წარმოებაშიც უმაღლესი განათლება დაეხმარება.

აბზაცი V – ესეს ავტორის პოზიცია:

მიმაჩნია, რომ ორსავე თვალსაზრისს თავისი საინტერესო და დამაჯერებელი არგუმენტები აქვს. ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ უმჯობესია პროფსასწავლებლების პოპულარიზაციით ხელი შევუწყოთ ბაზარზე აქტუალური პროფესიების დაუფლებას, ჩავაგონოთ ახალგაზრდებს, რომ ყოველი პროფესია პრესტიჟული და ღირსეულია, რომ ჩვენს პიროვნულ უნარებზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა, ხოლო ანტითეზისის მომხრეთა არგუმენტი, რომ დიპლომით ხელშიც არის შესაძლებელი ტაქსისტად ან სტილისტად მუშაობა, შეგიძლია დროებით აკეთო ეს საქმე და ეს გამოცდილება მოგვიანებით საბიუჯეტო ან ბიზნეს-სექტორში დასაქმებისას გამოიყენო, ასევე მისაღები მგონია. თუმცა უფრო პირველი თეზისის მომხრეებს შორის მოვიაზრებ საკუთარ თავს.

აბზაცი VI – დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე რეკომენდაციებით):

დასაქმება, თვითრეალიზაცია, უმაღლესი განათლების პრობლემები და უპირატესობები ყველა დროის აქტუალური თემებია. საზოგადოების აზრი ორად იყოფა ჩვენში უმაღლესი სასწავლებლების ოდენობასთან დაკავშირებით. ერთნი მიიჩნევენ, რომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება და ხარისხის ამაღლება, ხოლო მეორენი თვლიან, რომ ამას ყველაფერს თავისუფალი ბაზარი აწესრიგებს. მიმაჩნია, რომ ორივე მოსაზრება მოიცავს რაციონალურ დაკვირვებებს, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ უმაღლესი განათლების სფეროს ოპტიმიზაციაზე, რათა შრომითმა ბაზარმა მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ამდენი არარეალიზებული ადამიანი არ იყოს გარშემო. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ მრავალწლიან, ძვირადღირებულ უმაღლეს განათლებას არჩიონ მოკლევადიანი პროცესი პროფესიის დაუფლებისა და მომსახურების სფეროში დასაქმდნენ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელ დროს უფასო პროფსასწავლებლები და კოლეჯები გაიხსნა და იქ ყველას შეუძლია გამოსადეგი პროფესიის დაუფლება.

 

 

ბავშვები ზაფხულში – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პანდემიური სასწავლო წლის შემდეგ?

0

 ექსპერტები ბავშვებისთვის მეტ გართობასა და გართობას გვთავაზობენ

(ნაწილი მეორე)

„ეს ზაფხული განსხვავებული იქნება“.

თუ გავიხსენებთ იმ მოსაზრებას, რომლებიც ზაფხულის არდადეგების შედეგად მოსწავლეთა ჩამორჩენას ეხება, რა მოხდება დღეს, როდესაც ბავშვების უმეტესობა წელიწადზე მეტია, სკოლაში არ ყოფილა?

2020 წლის შემოდგომის სკოლის მოსწავლეთა ტესტების ანალიზის შედეგად (რომელიც არამომგებიანმა ორგანიზაციამ, NWEA-მ ჩაატარა) აღმოჩნდა, რომ მათემატიკის ტესტების მაჩვენებლები ოდნავ იყო გაუარესებული, ხოლო გაუარესება არ აღინიშნა კითხვაში. თუმცა ამ კვლევით გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი პრობლემა: მოსწავლეთა მეოთხედს ტესტები საერთოდ არ ჩაუბარებია, რადგან, სავარაუდოდ, მათ ვერ შეძლეს ონლაინგაკვეთილებზე დასწრება.

ეს მოსწავლეები იყვნენ აფროამერიკელები ან სხვა ფერადკანიანი ბავშვები, ან იმ სკოლების მოსწავლეები, რომლებშიც უმეტესად დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილები სწავლობენ; ჯგუფები, რომლებიც პანდემიის გარეშეც უთანასწორო პირობებში იყვნენ სხვა სკოლებთან შედარებით. ასეთი შედეგებისა და მონაცემების შესწავლის შემდეგ ბევრს ეშინია, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემები არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, არამედ ამერიკის სასკოლო სისტემაში არსებულ უთანასწორობასაც გააუარესებს.

ამ პრობლემების გადასალახად ბევრმა სასკოლო ოლქმა მოითხოვა საზაფხულო სკოლების ამოქმედება. მაგალითად, ნიუ-იორკის სასკოლო ოლქებმა გადაწყვიტეს, მოსწავლეებს შესთავაზონ $120 მილიონი დოლარის დამატება არსებულ „საზაფხულო პროგრამებზე“. ახალი ინიციატივა, სახელად, „საზაფხულო ზრდა“, მოიცავს აკადემიურ კურსებს ხელოვნებაში და გარეთ თამაშებში, ისე, რომ ეს ხარჯი ბავშვების ოჯახებს არ დააწვებათ.

ქ. ტულსას სკოლებში (ოკლაჰომის შტატი) დაგეგმილია პროგრამა სახელად „მზადყოფნა ზაფხულისათვის!“ (Ready. Set. Summer!), რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს თანამშრომლობას ადგილობრივ არამომგებიან ორგანიზაციებთან, ბავშვების ცოდნის გასაღრმავებლად სოციალურ და სხვა სამოქალაქო საკითხებში.

გარდა შტატების ინიციატივებისა, ამერიკის ფედერალური მთავრობაც აპირებს დახმარების ნაბიჯების გადადგმას და ამ მიზნით $1 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას საზაფხულო განათლებისათვის (პროგრამა American Rescue Plan), რომელიც კონგრესმა მარტში მიიღო.

ზაფხულის პროგრამები „იქცევიან შესაძლებლობებად სწავლების გაძლიერების საქმეში, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად  დაზარალდნენ ამ სასწავლო წელს“, – ნათქვამია განათლების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში, რომელიც სასკოლო ოლქების დასახმარებლად, Covid-19-ის გამოწვევების საპასუხოდ, გაზაფხულზე დაისტამბა.

ამავე დროს, საზაფხულო სკოლების რეპუტაცია არც ისე მაღალია, მათ უფრო ლოზუნგად აღიქვამენ: „არ მგონია საზაფხულო განათლებას სასიკეთო ისტორია ჰქონდეს“, – ამბობს ბატონი გოლდი.

„ნაწილობრივ ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩვენ ძალიან „მიჯაჭვულნი“ ვართ წარმოდგენაზე, რომ „ზაფხულის კურსები“ სასკოლო წლის გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს“.

ბ-ნი გოლდი წერს: „თუ იმ გაკვეთილმა, რომელიც სასწავლო წელს ჩაატარეთ, ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, ზაფხულში იმავე გაკვეთილის თავიდან ჩატარება, ჩემი აზრით, ვერ იქნება ყველაზე ეფექტური“.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკოლა ცდილობს, დინამიურად გამოიყურებოდეს, მოსწავლეთა დასწრება ზაფხულის უფრო გაფერმკრთალებულ კურსებზე შეიძლება არასასურველი შედეგის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით წელს. რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს ის არის, რომ ეს შეიძლება ბევრმა საზაფხულო სკოლამ დასჯად აღიქვას“, – გვეუბნება ქ-ნი პოუპი. „თვეების განმავლობაში მიმდინარე ზუმგაკვეთილები ძალიან დამღლელი იყო ბავშვებისთვის. ამიტომ, თუ ზაფხულის განათლების კურსები მოსაწყენი და მონოტონური აღმოჩნდება, ამან ბავშვებს შეიძლება ზიანიც კი მოუტანოს“.

„ბავშვებს სჭირდებათ რაღაც ისეთი, რაც მათ სწავლების ხალისს გაუღვივებს. ჩვენ გვჭირდება მეტი სინათლე ბავშვების თვალებში“, – ამბობს ქ-ნი ჰოუპი.

ეს კი ნიშნავს მეტი ბუნების, ფიზიკური აქტივობისა და ზაფხულის სეზონის მიერ შემოთავაზებული შეგრძნებების ჩართვას პროცესში. ეს ბევრად მეტი იქნება, ვიდრე იმის გამეორება, რაც ჩვეულებრივი სასწავლო წლის განმავლობაში საკლასო ოთახში შეიძლებოდა მომხდარიყო.

ყველაზე წარმატებულმა საზაფხულო პროგრამებმა უკვე დაადასტურეს ამ მიმართულების უპირატესობა, ამბობენ ექსპერტები. მაგალითად, Aim High-ის საზაფხულო განათლების პროგრამა (ჩრდილოეთ კალიფორნია) დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებისათვის, თავისი 35-წლიანი გამოცდილებით, წარმატებულად ართმევს თავს მათემატიკის უნარების გაძლიერებას ბავშვებში, „ბარბი-დოლის“ საზაფხულო შეჯიბრებით. საღამოობით კი ბავშვებს შეუძლიათ, აირჩიონ სხვა აქტივობები: ცხენზე ჯირითი, კაიაკებით ცურვა და საცეკვაო კლასი.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მის კურსდამთავრებულებს სასკოლო წლის განმავლობაში ნაკლები ჩამორჩენა და გაცდენების პრობლემები აქვთ, ხოლო ინგლისური ენის ნიშნები ბევრად აქვთ გაუმჯობესებული.

სასწავლო კურსებში არააკადემიური, საინტერესო შინაარსის აქტივობების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თვითშეფასების ასამაღლებლად და მათი მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, გვეუბნება ქ-ნი ავგუსტინი. „ეს გვეხმარება, დავაინტერესოთ ბავშვები და ავამაღლოთ მათი მოსწრება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულის პროგრამები უმეტესად ნებაყოფლობითია“.

„ზაფხულის სკოლა, გარდა ხალისისა, სამართლიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს ქ-ნი ავგუსტინი. „თუ ზაფხულის სკოლა ღარიბი ოჯახებიდან იწვევს ბავშვებს, მაშინ ეს პროგრამა არ შეიძლება მოსაწყენი ან სავალდებულო და დამსჯელობითი იყოს“.

ამავე დროს, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ პროგრამაში სოციალური და ემოციური შინაარსის ჩართვა განსაკუთრებით კრიტიკული იქნება ამ ზაფხულს, რადგან მოსწავლეთა უმეტესობამ განვლილი სასწავლო წელი თითქმის იზოლაციაში გაატარა.

„ბავშვებს სჭირდებათ, რომ მათ გარშემო სხვა ბავშვები იყვნენ“, – ამბობს ქ-ნი პოუპი. „მათ აუცილებლად სჭირდებათ სხვადასხვა სოციალური, საკომუნიკაციო და მეგობრობაზე ორიენტირებული უნარების შეძენა. ეს უნარები კარგია არა მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისათვის, არამედ სწავლის უნარების განვითარებისთვისაც“.

„სოციალიზაციის გარდა, ბავშვებს ზაფხულის პროგრამების დროს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს გაუზიარონ გასული წლის პირადი გამოცდილება, მათი შეშფოთება დამდეგი სასწავლო წლის გამო ან სურვილები „ნორმალური“ სასწავლო გარემოში დაბრუნებისა“, – აღნიშნავს ქ-ნი ავგუსტინი.

ამ ყველაფრის გამო „ზაფხული განსხვავებული პერიოდია“. მართლაც ასეა: ეს ზაფხული შესაძლოა გახდეს ის დრო, რომელიც ბავშვებს დაეხმარება ჩამორჩენის ამოქაჩვასა და დროის ხალისიანად გატარებაში. საზაფხულო პროგრამა არ უნდა გახდეს მათთვის შფოთვის მიზეზი“, – ამბობს მარგარიტა ალეგრა, ფსიქოლოგი მასაჩუსეთსის ჰოსპიტლიდან.

„ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს პანდემიისგან განსაკუთრებით დაზარალებული ოჯახებიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია „შევთავაზოთ ბავშვებს ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გამრავალფეროვნებას, მაგრამ არა სტრესისა და მოთხოვნების ხარჯზე. თუ ბავშვები ემოციურ სტაბილურობასა და წონასწორობას ვერ გრძნობენ, ძალიან ძნელი იქნება მათთვის რამის სწავლება“.

 

პანდემიამ შეიძლება საზაფხულო განათლება შეგვაცვლევინოს

Covid-19-ის მიერ გამოწვეული გარემოებები ახალ გამოწვევებს უქმნიან საზაფხულო სკოლების პროგრამებს, განსაკუთრებით 12 წლამდე ბავშვებს, რომელთა აცრა ჯერ არ არ დასრულებულა. ქ. ნიუ-იორკის საზაფხულო პროგრამა გულისხმობს ფიზიკურ დასწრებას, ხოლო Aim High-ის ზაფხულის კურსები უმეტესად ვირტუალური იქნება.

Covid-19 კვლავ მშობელთა პრობლემად რჩება. გარდა იმ მშობლებისა, რომლებიც ფიქრობენ ბავშვების საზაფხულო სკოლაში გაგზავნას. უმრავლესობას ურჩევნია (მიუხედავად საკლასო ოთახებში სწავლებისა) ბავშვები სახლში ჰყავდეთ – მარტის თვეში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ათიდან ოთხი მოსწავლე სკოლაში კვლავ ვირტუალურად სწავლობს.

წელს სასკოლო ოლქებს ეძლევათ შანსი, ბავშვებს მაღალი ხარისხის საზაფხულო გამოცდილება შესთავაზონ. ფედერალური პროგრამის (American Rescue Plan) თანახმად, სახსრები ხელმისაწვდომი იქნება მომავალი სამი წლის განმავლობაში და იმ სკოლებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ამბიციური საზაფხულო სასკოლო პროგრამების წარმოდგენა, ამის საშუალება მომავალ წლებში მიეცემათ.

საზოგადოდ, მიმდინარე წელი შეიძლება იმ წლად იქცეს, რომელშიც სკოლას ახლიდან შეეძლება, შეაფასოს მისი სასკოლო აქტივობა, და აწმყოსა და მომავალს უფრო სტრატეგიულად შეხედოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სასკოლო საზოგადოება უფრო შემოქმედებითად მიუდგება გამოყოფილ სახსრებს და თავიდან გაიაზრებს საზაფხულო სკოლების მნიშვნელობასა და შინაარსს“, – ამბობს ქ-ნი პოუპი.

„მიზანი, ზაფხულის გონივრულად გამოყენება იქნება“, – ამბობს ქ-ნი ავგუსტინი.

 

 

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

 

 გზა ბედნიერებისაკენ

0

„დედამიწაზე გაცილებით მეტი ბედნიერებაა, ვიდრე გგონია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისათვის ისინი დაფარული რჩება“, – ასე არიგებს ტილტილსა და მიტილს სინათლე  მორის მეტერლინკის ცნობილ პიესაში „ლურჯი ფრინველი“. მწერალმა სინათლე პიესის მთავარ პერსონაჟად აქცია. შობის ღამეს, რომელიც „მზიან ღამედ“ გადაიქცევა, როცა სასწაულები ხდება, სინათლე ბავშვებს მშვენიერ მანათობელ ქალწულად მოევლინება და იდუმალ, უხილავ განზომილებაში გაუძღვება, რომელიც ჩვენ გვერდითაა, მაგრამ ვერ ვხედავთ, რადგან სულიერი თვალი დახშული გვაქვს. მხატვრული ლიტერატურა სწორედ სულიერ თვალს უხელს მკითხველს და აჩვენებს გზას, რომელსაც „ბედნიერების ბაღნარში“ მიჰყავს.

 

მწერალი სიმბოლისტური ფანტასმაგორიით პატარებსაც და დიდებსაც შთააგონებს, რომ სიცოცხლე ბედნიერებაა. ლურჯი ფრინველი სულია და ადამიანი მას ხედავს და შეიგრძნობს მაშინ, როცა უყვარს, როცა ვიღაცას უანგაროდ შეეწევა, როცა ახსოვს, როცა გაკვირვება და აღტაცება შეუძლია. თუმცა ბედნიერებაც ნაირგვარია, მოჩვენებითი მატერიალურ სამყაროს განეკუთვნება, ნამდვილი კი – სულიერს. ერთ ეპიზოდში მწერალი ხატავს მდიდრულ სასახლეს, აქ შეკრებილან და ღრეობენ: მდიდრად ყოფნის ბედნიერება, მესაკუთრედ ყოფნის, სმისა და ჭამის ბედნიერება. ამათ გარდა, „ქოთანივით ყრუ“ არაფრის ცოდნის ბედნიერება, აგრეთვე, თხუნელასავით ბრმა არაფრის კეთების ბედნიერება,  საჭიროზე მეტი ძილის ბედნიერება, რომელსაც აქვს „უმაქნისი ხელები და ატმის ჟელეს მსგავსი თვალები“. ამ დროს ჩნდება ენით გამოუთქმელი წმინდა, ღვთაებრივი, ვარდისფერი ჰარმონიული და მსუბუქი შუქი. დარბაზის სქელი წითელი ქსოვილები და ვარდები ქრება, მათ მიღმა კი გამოჩნდება ჰაეროვანი თავისუფლებისა და სიმშვიდის ზღაპრული ბაღი, ყოველივეს „სიცინცხლე თითქოს უშორეს თვალსაწიერზე განავრცობს თვით ნეტარების იდეას“. გამუდმებული ღრეობის მაგიდა უკვალოდ ინთქმება უფსკრულში. მსუქან ბედნიერებათა ფარჩა და ხავერდი, გვირგვინები და მათთან ერთად მხიარული ნიღბებიც და სტუმრებიც გამსკდარი ბუშტებივით თვალსადახელშუა იფუშებიან, გონს მოდიან, ერთმანეთს შეჰყურებენ, თვალებს ახამხამებენ ამ უცნობი თვალისმომჭრელი შუქით დასხივებულნი ახლა ხედავენ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან – შიშვლები, საძაგლები, მოფლაშულები, უბადრუკები, ყველას სირცხვილისა და შიშის ყვირილი აღმოხდება.

 

სინათლე ამგვარად ყველას დაანახვებს მოჩვენებით ბედნიერებათა  ყალბ თვალისმომჭრელობას და „საგანთა ჭეშმარიტებას“ აზიარებს. ბავშვები ხედავენ იმ უამრავ ნამდვილ ბედნიერებას, რომლებიც შეგიძლია შეიგრძნო, თუ სინათლეს ჩაიღვრი თვალებში: ბავშვობის ბედნიერება, მშობლების, ახლობლების სიყვარულის ბედნიერება, ლურჯი ცის, ტყის, გაზაფხულის ბედნიერება. „ვარსკვლავების ამოსვლის ნახვის ბედნიერება“, წვიმის, ზამთრის, კერიის ბედნიერება, უმანკო აზრების ბედნიერება, ცვარში შიშველი ფეხებით რბენის ბედნიერება (გალაკტიონი გვახსენდება: „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?“).

 

მეტერლინკი ხატავს მანათობელ, ანგელოზურ ფიგურებს, რომლებიც განასახიერებენ დიდ სიხარულებს, ესენი არიან: სამართლიანად ყოფნის დიდი სიხარული, რომელიც იღიმება ყოველთვის, როცა უსამართლობა გამოსწორებულია. კეთილად ყოფნის სიხარული – „ყველაზე ბედნიერი, თუმცა ყველაზე სევდიანიც, რომელსაც ძალიან უშლიან ხელს, რომ არ წავიდეს უბედურებებთან მათ სანუგეშებლად“. დამთავრებული სამუშაოს სიხარული, აზროვნების სიხარული, გაგების სიხარული, რომელიც „მუდამ ეძებს თავის ძმას – ვერაფრის გაგების ბედნიერებას“.

მეტერლინკის აზრით, უდიდეს სიხარულებს შორის გამოირჩევა „ყოველივე მშვენიერის ხედვის სიხარული, ყოველდღიურად კიდევ რამდენიმე სხივს რომ უმატებს აქ გამეფებულ სინათლეს“. აქვეა სიყვარულის უნარის ოქროსფერი დიდი სიხარული, რომელსაც მთლიანად ვერასოდეს დაინახავ. მწერალი ცალკე წარმოაჩენს „დედობრივი სიყვარულის შეუდარებელი სიხარულს“.

 

„გამოღვიძებული“ ბავშვები და მკითხველიც ბედნიერი არიან, რადგან შეიმეცნეს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა, რომელიც არასოდეს სრულდება, რომ „მკვდრები“ ცოცხლები არიან, სანამ გვახსოვს, რომ ლურჯი ფრინველი ყოველთვის გასხლტება ხელიდან, რადგან სწორედ მისი დევნაა სიცოცხლე; აგრეთვე, მისი ძიების, პოვნისა და დაკარგვის ბედნიერება, რათა შევიგრძნოთ, რომ ყოველი დასასრული მხოლოდ ილუზიაა, მის მიღმა კი ნამდვილი დასაწყისია, სიხარულის მოლოდინის თანხლებით.

 

აი, რატომ იყო გიორგი ლეონიძის ჩამოძონძილი ელიოზიც მუდამ თვალებგაბრწყინებული. მას სჯეროდა, რომ ბედნიერებას იპოვიდა („ნატვრის ხე“). მოთხრობაში ვკითხულობთ: „ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაექრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისაგან. ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე“ . „ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ!“. ამიტომაცაა, რომ გიორგი ლეონიძე გვაჯერებს: „პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან, პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!“

 

ბორხესის ერთი მინიატურის ბრძენი პარაცელსუსი მასთან მისულ, ჭეშმარიტების მაძიებელ ჭაბუკს უკან გააბრუნებს, რადგან ხედავს, რომ იგი ჯერ კიდევ გარეთ ეძიებს ალქიმიურ ქვას, რომელიც „ოქროდ გადააქცევს ბუნების ყველა ელემენტს“. პარაცელსუსის აზრით კი, „ეს გზაა თვითონ ქვა. ადგილი, საიდანაც მოდიხარ, ქვა არის თვითონ. თუ ამ სიტყვის მოსმენა არ ძალგიძს, მაშინ ვერაფერს გაიგებ. ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე მიზანს წარმოადგენს“.  ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ მზისქვეშეთში ყოველივე მოკვდავია, რასაც უარყოფს ბრძენი და ეუბნება: „მაშ, სად ვართ ჩვენ? რა გგონია, მამაზეციერი სხვა რამეს შექმნიდა, თუ არა სამოთხეს? გესმის თუ არა, რომ პირველყოფილი ცოდვა სწორედ იმის ვერ გაგებაა, რომ სამოთხეში ვიმყოფებით!“ („პარაცელსუსის ვარდი“). ჭაბუკი მოტანილ ვარდს ცეცხლში აგდებს, შეჰყურებს დაფერფლილ ყვავილს და არ სჯერა ბრძენისა, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ვარდი უკვდავია და მხოლოდ მისი სახე იცვლება. ერთი ჩემი სიტყვა და შენ კვლავ იხილავდი მას“. ბრძენს შეუძლია, მოიხმოს ის, რასაც „მოიხმობდა მამაზეციერი, როდესაც ქმნიდა ცასა და ქვეყანას და უხილავ სამოთხეს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც პირველი შეცოდების გამო დაფარულია ჩვენგან“. ყმაწვილი ვარდის აღდგენის ხილულ სასწაულს ითხოვს, მაგრამ უარს იღებს. რადგან  ჯერ არ განუცდია სიტყვის ძალა, რომლითაც საკუთარი სულის უხილავი კარის  შეღება შეუძლია.  ამიტომაც ბრძენმა უკან გააბრუნა. თვითონ კი „მყუდროდ მოკალათდა საკარცხლულში, ღველფში გაქექა ნაცარი და ჩუმად წარსთქვა სიტყვა. და აღმოცენდა ვარდი“.

 

ჰემინგუეის სანტიაგო, მოხუცი მამაცი მებადური, დაჭერილი უზარმაზარი თევზის ზვიგენებისგან დაცვას რომ ცდილობს („მოხუცი და ზღვა“) საკუთარ თავს ასე იმხნევებს: „ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია, კარგია, როდესაც კაცს ბედი სწყალობს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ჩემს საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე, ხოლო როდესაც ბედი გამიღიმებს და ბედნიერება მეწვევა, მზად შევხვდები მას“. ამიტომაც „დაესიზმრა მოხუცს ზღვის გრძელი, ყვითელი ნაპირი. ნახა, როგორ გამოვიდა ბინდბუნდში შამბნარიდან პირველი ლომი, მას სხვებიც მოჰყვნენ. მოხუცი ნიკაპით დაეყრდნო ღუზაზე დაბმული გემის ქიმს; ხმელეთიდან საღამოს ნიავი უბერავდა; მოხუცი ელოდებოდა, გამოჩნდებოდნენ თუ არა კიდევ ლომები, და სრულიად ბედნიერი იყო“. სანტიაგო საკუთარი ფიქრების ნაკადებში ცდილობს გზის გაკვლევას:

„ნუ თვლემ და საჭეს მიხედე. შეიძლება კიდევ გეწვიოს ბედნიერება.

– ნეტამც მეყიდა პატარა ბედნიერება, თუ სადმე ჰყიდიან, – თქვა მოხუცმა.

– რით იყიდი? – ჰკითხა მან თავის თავს, – განა დაკარგული ჭვილთით, გატეხილი დანით და დასახიჩრებული ხელებით ბედნიერებას იყიდი?

– ვინ იცის! აკი გინდოდა გეყიდა ბედნიერება იმ ოთხმოცდაოთხი დღით, ზღვაზე რომ გაატარე. სხვათა შორის, კინაღამ მოგყიდეს ბედნიერება… არ არის საჭირო ფიქრი ყოველგვარ სისულელეზე. ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი, რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ. ნეტავ, ჩირაღდნების დაფიონს დავინახავდე, – გაიფიქრა მან. – ძალიან ბევრი რამ გსურს ერთბაშად, ბერიკაცო. მაგრამ ახლა მხოლოდ ჩირაღდნების დანახვა მსურს და სხვა არაფერი“.

 

„ჩირაღდნების დაფიონს“ დაინახავს საინტიაგო და ყველა ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ბედნიერება და სიხარული ყველგანაა, მთავარია, მათი დანახვა შეგეძლოს. ამ დანახვას ადამიანს მხატვრული ლიტერატურა ასწავლის, ზემოთ ნახსენებთან ერთად კიდევ უამრავი მწერალია, რომლებიც „დაწერილი სიტყვის ბედნიერებას“ განიცდიდნენ, მიუხედავად იმისა, გადარჩებოდა თუ არა, მიაღწევდა თუ არა ეს სიტყვა მკითხველის გულამდე. და კიდევ: ყველა ადამიანი იმ სიხარულს ხედავს, რომელიც მას აბედნიერებს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ჩვენი ბედნიერება სხვისას არ „ემთხვევა“, უბრალოდ, „ლურჯი ფრინველის“ მოსახელთებლად ყველამ თავისი გზა და ბილიკი უნდა მონახოს.

წინ, ბავშვობის დაუსახლებელი კუნძულისკენ!…

0

(ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას”)

1960 წელს გამოცემულმა ამ რომანმა, რომელმაც მის ავტორს ჰუმანისტი მწერლის სახელი, უდიდესი წარმატება და პულიცერის პრემია მოუტანა, ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებადაა აღიარებული და ლიტერატურული კლასიკაა. წიგნი ეფუძნება რეალურ ამბავს, რომელიც ნამდვილად მოხდა ავტორის მშობლიურ ქალაქში 1936 წელს, როცა ის 10 წლის იყო. მეიკომის ოლქის (სადაც მოქმედება ხდება) ერთ-ერთი მკვიდრი, ადვოკატი ატიკუსი მიმართავს თავის გოგონას: „იცი, რა, გენაცვალე, შენ ერთი პატარა ოინი უნდა ისწავლო. მაშინ ბევრად უფრო გაგიადვილდება ხალხთან ურთიერთობა. ადამიანს ვერასოდეს ვერ გაუგებ, თუ არ შეეცდები, მისი თვალით შეხედო გარემოს”. სწორედ ამას გვთავზობს ჰარპერ ლიც.

 

ნაწარმოებში სამყარო პატარა პერსონაჟის, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალითაა დანახული. სწორედ ბავშვის სუფთა თვალსაწიერიდან ვეცნობით დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამას შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს. ბიბლიაც გვიყვება, რომ ბავშვის უმანკო გულში დაივანებს ხოლმე ჭეშმარიტება. სწორედ ამას ვეზიარებით ამ წიგნით – სიცოცხლისა და სამართლიანობის სიყვარულს. ბავშვი არასდროს ფიქრობს, რატომ უყვარს სუნთქვა თუ შაქარმოყრილი კარაქიანი პური, თუნდაც საოცნებო ზაფხული: „მწერებისაგან დამცავი ბადით შემოღობილ ღია აივანზე ძილი, ხის ქოხში თამაში, ათასგვარი გემრიელი საჭმელი და სიცხისაგან ალაპლაპებული, ნაირფრად მორთული ბუნება”. კიდევ დიდობაზე ოცნება, რეალური ადამიანების თამაში თავიანთ გამოგონილ პიესებში და ცხოვრებასთან შეჩვევა. საოცარი დამაჯერებლობით გვეშლება თვალწინ პატარა ჭყიტას მონათხრობი და წარმოსახვა, რომელსაც პეპი მაღალიწინდასავით მაინცდამაინც არ უნდა „ნამდვილი ლედი” გაიზარდოს, მიაჩნია, რომ მამის მზის სხივი ბრიჯებშიც შეიძლება იყოს.

 

ნელ-ნელა ვეცნობით ჭყიტას ძმას, მუხლუხოებს, ჭიანჭველებსა და კოღოებზე მზრუნველ ჯემს; მას მეგობარს – დილს, რომლსაც ადამიანურმა სისასტიკემ აფიქრებინა, რომ, როცა გაიზრდება, კლოუნი იქნება, არა სევდიანი, რომ ხალხმა დასცინოს, არამედ სულ რომ იცინის, იცინის და იცინის; მის მოდის, იშვიათად სამართლიან ქალ-ქამელეონს, გაღიმებისას ორი ოქროს კბილი რომ გამოუჩნდება ხოლმე; რედლი ბუას, ნაწარმოების დასაწყისშივე გამოჩენილ, დიდი ცხოვრებისეული საიდუმლოს მატარებელ პერსონაჟს (მის სახელს უკავშირდება სწორედ კვანძის შეკვრა ნაწარმოებში, რომელიც ბოლომდე არ იხსნება), რომლის სახლიც საშინელ სამყაროსეულ ხმებთან ასოცირდება, სანამ ბოლოს ყველაფერი ნათელი არ გახდება; რეიმონდ დოლფუსს, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა ბავშვურ, უტყუარ ალღოზე: „თქვენ ბავშვები ხართ და ამის გაგება არ გაგიჭირდებათ”, თავისი უცნაური გულახდილობით პატარებთან, უფროსების აზრი ნაკლებად აინტერესებს, იმიტომ, რომ მათ ცუდი წარმოდგენა აქვთ მასზე და ნაკლებად ადარდებთ, „როგორ ტანჯავს ერთი კაცი მეორეს სრულიად დაუფიქრებლად”; ატიკუსს, ჯინისა და ჯემის მამას, რომელიც ერთგვარად იდეალიზებული პერსონაჟია ნაწარმოებში. იგი სიუჟეტის მიხედვით ყოველი გმირის ვალს იკისრებს და სასამართლო დარბაზსა და ქუჩაშიც ერთნაირად იქცევა. ატიკუსის აზრია: „სანამ ადამიანებთან მორიგებაზე ვიზრუნებ, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვურიგდე… არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება. ესაა ადამიანის სინდისი”. ვეცნობით მამიდა ალექსანდრასაც, რომელიც ბიურგერული მორალის გამჟღერებელია. სწორედ ამიტომ ის და მეიკომის პროვინცია კარგად „მოურიგდნენ” ერთმანეთს. პატარა ჭყიტამ უკვე იცის, რომ „ზოგჯერ იძულებული ხარ, იცრუო. ანკი რა უნდა ქნა, როცა იცი, რომ მაინც ვერაფერს გახდები”, მაგრამ არაფრით ეთანხმება მამიდას, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის კეთილშობილებას მისი ოჯახის სიძველე განსაზღვრავს.

 

ატიკუსი ზემოთქმული შეხედულებათა სისტემისაგან თავისუფალია და ბავშვებსაც მსგავსი სულისკვეთებით ზრდის, რაც მამიდის უკმაყოფილებას იწვევს. მაგალითად, მამიდას არ სურს, ბავშვები ზანგ მოსამსახურესთან, ძიძასთან წავიდნენ სტუმრად. მეტიც, ატიკუსისგან ოჯახის ერთგული კელპუნიას დათხოვნას მოითხოვს. და, აი, მივადექით არა მარტო ამერიკის, არამედ პროგრესული მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას – რასიზმს.

 

ჭყიტა პირველად მძაფრად იგრძნობს ამ უსამართლობას, როცა ატიკუსს არცხვენენ შავკანიანის ვექილობისთვის. ამ უკანასკნელს ვერ გაუგია, „რატომ გადადიან ხოლმე ჭკუიდან საღად მოაზროვნე ადამიანები, როცა საქმე შავკანიანებს ეხება”. ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთის ხელში ბიბლია მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ვისკის ბოთლი და ისინი იმდენს ფიქრობენ საიქიოზე, რომ ნამდვილი ცხოვრებისა აღარაფერი გაეგებათ და ფიქრობენ, „თითქოსდა, ყველა ზანგი მატყუარაა, ყველა ზანგი უზნეოა”. „ადამიანები განგებამ თანასწორუფლებიანები გააჩინა”. ეს კი თომას ჯეფერსონის, ამერიკელი განმანათლებლის, ბურჟუაზიული დემოკრატიის იდეოლოგის, აშშ-ს მე-3 პრეზიდენტის ფრაზაა. ეს უნდა იყოს ყველაზე კაცთმოყვარე სახელმწიფო ინსტიტუტისთვის გასათვალისწინებელი ფრაზა, რომელიც „მათხოვარს როკფელერს უთანასწორებს, შლის ზღვარს ბრიყვსა და აინშტაინს შორის, უმეცარსა და უნივერსიტეტის რექტორს შორის”.

 

აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და მათხოვარი”, რომელიც ყოველი ადამიანის, თუნდაც ბედისწერისგან დაკნინებულის, ღირსების საგალობელია. ინსტიტუტი, ადამიანებს შორის უთანსწორობას რომ შლის – სასამართლოა. ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე – ესაა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. და ბავშვების წინაშე დილემაა, წყევლა-კრულვიანი საკითხავი: „თუ ყველა ადამიანი ერთნაირია, მაშინ რატომ ვერ ეგუებიან ერთმანეთს?”

 

ძალიან შთამბეჭდავია სცენა, როცა დილი სასამართლოზე ბრალმდებელი გილმერის ზანგი ბრალდებულისადმი უხეშობაზე ატირდება. თითქოს, მისი უმანკო გული იხსენებს ჭეშმარიტებას, რომელიც მან დაბადებამდე „იცოდა”. ძალიან ცოტაა, როგორც ატიკუსი ამბობს, ისეთი ადამიანი, რომელსაც, ბავშვების გარდა, გული შესტკივა ამაზე. პატარებსაც უწევთ ასეთ გარემოში, როგორც მშობლიურ სახლში, ყოფნა და ისინიც სწავლობენ ამ სახლში ცხოვრებას. როგორ? აი, თუნდაც ჯემი, რომელიც ცდილობს იმის დავიწყებას, რომ ჰიტლერის მიერ ებრაელების დევნასა და თეთრკანიანების მიერ შავკანიანთა მიუღებლობას შორის განსხვავება არ არის, ფიქრობს, რომ მასწავლებელი მის გეიტსი, ჰიტლერი რომ სძულს, თავისი ქვეყანა იდეალურად დემოკრატიული ჰგონია და თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების დაქორწინების წინააღმდეგია, ძალიან ცდება.

 

ატიკუსი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორისაა, ვინც ცდილობს წინ აღუდგეს კაცთა შორის გაჩენილ ამ უფსკრულს. თუმცა მისი ძალისხმევაც, ავტორის აზრით, „წინ გადადგმული ნაბიჯია, აი, ისეთი, როგორსაც ჩვილი ბავშვი გადაადგამს ხოლმე, სანამ სიარულს ისწავლის”. ესეც სიმამაცეა: როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, იღვწი, ბოლომდე მიდიხარ. ამ დროს იშვიათია სრული გამარჯვება, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ მიაღწევ საწადელს? ეს იმიტომ, რომ – ღვთაებრივი და მეორეა – ადამიანთა უსამართლო სამართალი. ამიტომ ამსგავსებს ავტორი ხეიბარი ზანგი ტომის მოკვლას უწყინარი, მგალობელი ფრინველების ხოცვას. ეს ხდება თებერვლის ერთ სუსხიან დილას, როცა ჯაფარები ჭიკჭიკს შეწყვეტენ. „- ატიკუს, ეს უსამართლობაა”, – ამბობს ჯემი…

 

როგორ იხსნება კვანძი? რაზე მოთქვამდა, ნეტა, რედლი ბუას ეზოში მდგარ ხეზე („არ უწყოდა, ვის ხეზე იჯდა”) მჯდომი მასავით ეული ჯაფარა? იქნებ ამ კეთილშობილ განდეგილზე, თავისი ნებით უსწორმასწორო წუთისოფლისგან იზოლირებულ მგრძნობიარე ადამიანზე (რომელსაც ცრემლები წასკდება ჭყიტასთან შეხვედრისას)? სწორედ ისაა „ჯაფარა”, რომელიც არ უნდა მოკლა. სწორედ ისაა ერთი „ცხვარი”, რომლის საძებნელადაც „მწყემსმა” მთელი ფარა მიატოვა. ასეა – ყოველი ჩვენგანის მნიშვნელობა ისაა, რაც ღვთის ჩვენდამი სიყვარულით იზომება. ამ სიყვარულს ვერაფერი აწონის და შეედრება, ეს სიყვარული გვათანაბრებს ადამიანებს და მოგვიწოდებს, გავიაზროთ ის და გავიზიაროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ…

 

„მე და ჯემი გავიზრდებით”, – ეს ჭყიტას ცნობიერების ნაკადია – „მაგრამ სწავლით ნეტა რაღა დაგვრჩა-მეთქი სასწავლი? იქნებ მარტო ალგებრა?”. მართლაც, ეს ბავშვობაში ნასწავლი ცხოვრებაა, ბავშვობაში, რომლის ღვთაებრივი ცოდნა შეიძლება იმ რწმენითაც შემოიფარგლებოდეს, რომ „ადამიანთა უმრავლესობა ისეთივე კარგია, როცა ახლოს გაიცნობ…”. ჩვენი წუთისოფელიც სხვა არაფერია, თუ არა სვლა ბავშვობისაკენ…

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...