კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები

0

(მეორე ნაწილი)

სკოლა და  განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები – ეს საკითხი, რომელიც წინა სტატიის თემა იყო და ბევრი მკითხველის ინტერესი გამოიწვია. ამ ეტაპზე ეს საკითხი უნდა განვავრცო და დაინტერესებულ საზოგადოებას გარკვეული დამატებითი ინფორმაცია შევთავაზო. ეს შეთავაზება კვლავ ფრანგი ავტორის: Siaud-Facchin Jeanne (დაბ. 26 მარტი, 1957წ. საფრანგეთი) წიგნის: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი. როგორ დავეხმაროთ მას წარმატების მიღწევაში“ მიხედვით დაიწერა. ფრანგი პრაქტიკოსი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი Siaud-Facchin Jeanne, არის ასოციაცია Zebra-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე და ასევე ასოციაცია Cogito-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ასოციაცია მუშაობს მოზარდი მოსწავლეების ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკასა და მოგვარებაზე. Siaud-Facchin Jeanne არის რამდენიმე ფსიქოლოგიური ბესტსელერის ავტორიც.

„მოდით, შევეცადოთ აღვიქვათ სკოლა, როგორც პარტნიორი ჩვენი შვილების სწავლის საქმეში და არ განვიხილოთ ის, როგორც რაღაც მტრული ინსტიტუცია“ – სთავაზობს ავტორი მშობლებს და განმარტავს: საქმე ის გახლავთ, რომ „ზებრა“ (ეს ტერმინი ავტორმა თავად შეარჩია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვებისათვის) ბავშვების მიერ ინფორმაციის აღქმისა და ათვისების მეთოდები იმდენად განსხვავებულია ჩვეულებრივი ბავშვების ამავე მეთოდებისგან, რომ ძალიან რთულდება მათი გაგება და შესაბამისი დამოკიდებულების შემუშავება. როდესაც მასწავლებელი მუშაობს, ასე ვთქვათ, მისთვის ჩვეულ გარემოში „ჩვეულებრივ, ნორმალურ“ ბავშვებთან ის, მაგალითად, უბრალოდ ეტყვის მოსწავლეს: „გააკეთე ისე, როგორც მე გეუბნები, რადგან ასეა საჭირო და ზედმეტი კითხვების დასმას თავი დაანებე“. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც პედაგოგი (მშობელიც) იძულებული ხდება, გადახედოს საკუთარ მეთოდებსა და შეხედულებებს.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ძალიან მარტივია საკუთარი შეცდომების სხვისთვის გადაბრალება: „სკოლაში წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მოექცნენ ჩემს შვილს. მასწავლებლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, გაუგონ და მის ნიჭიერებას გზა გაუხსნან…“. სკოლა კი, თავის მხრივ, მშობლებს ადანაშაულებს, რომ ისინი გადაჭარბებულად აფასებენ ბავშვის უნარებსა და შესაძლებლობებს და ისე ექცევიან პატარას, როგორც „სამეფო ტახტის მემკვიდრეს“ და თანაც გამუდმებით ცდილობენ სკოლისა და მასწავლებლების საქმეებში ჩარევას. საბოლოო ჯამში ეს ორი მხარე მხოლოდ საკუთარ დამსახურებას ხედავს, როცა პატარა „ზებრა“ კარგად სწავლობს.

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების განსხვავებულობა, მათი თავისებურებები, რეალურ პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად უწევთ „ზებრებთან“ ურთიერთობა: ეს ეხება როგორც  მასწავლებლებს, ასევე მშობლებს. ბავშვებისთვის განათლების მიცემა სკოლის უშუალო ფუნქციაა, მაგრამ აუცილებელია ამ პროცესში გარკვეული მონაწილეობა მშობლებმაც მიიღონ. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, სკოლამ და მშობლებმა საერთო ენა გამონახონ. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლებისთვის არ არის ადვილი ისეთ მოსწავლეებთან გამკლავება, რომლებიც ერთმანეთისგან ბევრად განსხვავდებიან. პედაგოგთან თანამშრომლობა სულაც არ გულისხმობს მისგან საკუთარი შვილის მიმართ საგანგებო ყურადღების მოთხოვნას. თქვენ, როგორც მშობელს, შეგიძლიათ დაეხმაროთ სკოლას, გაერკვეს ბავშვის თავისებურებებში.

პირველი ეტაპი: სკოლამ და მასწავლებლებმა უნდა მიიღონ, აღიარონ ბავშვის განსხვავებულობა. აი ერთ-ერთი სკოლის მაგალითი: „როდესაც ჩვენს სკოლაში მოჰყავთ „ზებრა“ ბავშვები, ჩვენ მათ მშობლებს და თავად ბავშვებსაც ვუხსნით, რომ სკოლას არ აქვს ჯადოსნური რეცეპტი ყველა  რთული სიტუაციისათვის. უბრალოდ ეს არის სკოლა საკუთარი წესებით, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ეს არის სკოლა, რომელმაც იცის, ვინ არის ახალმოსული მოსწავლე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მან ამ სკოლაში თავი კომფორტულად იგრძნოს, შეძლოს საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამომჟღავნება და სწავლაში წარმატების მიღწევა. და კიდევ: ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩვენ ვეუბნებით ყველა „ზებრა“ ბავშვს, რომ ვიცით მათი განსაკუთრებულობის შესახებ და ისიც ვიცით, რომ მათთვის ყოველთვის მარტივი არ არის ჩვეულებრივ სკოლასთან შეგუება, მაგრამ მასწავლებლები ძალიან ეცდებიან მათ საჭიროებებთან ადაპტირებას. მთავარია, თუ მათ რამე არ გამოუვათ ან კითხვა გაუჩნდებათ, ან რაიმე მოსაზრების გაზიარება მოუნდებათ, ან პრობლემასთან გამკლავებაში დახმარება დასჭირდებათ, უნდა მიმართონ მასწავლებელს, რომელიც აუცილებლად მოუსმენს, მასთან ერთად იმსჯელებს და მოიფიქრებს სირთულის დაძლევის საუკეთესო სტრატეგიას. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვისთვის, რომელიც თავადაც ვითარდება და სხვა ბავშვების თავისებურებების მიღებასაც სწავლობს. ის ხომ მიიღეს და დააფასეს ისეთი, როგორიც არის და ახლა მისი ჯერია სხვების მიმართ ამპარტავნულად კი არ განეწყოს, არამედ იყოს ტოლერანტული. ამ სკოლის შესახებ იმიტომ გიამბეთ – განარძობს Siaud-Facchin Jeanne, – რომ აგიხსნათ: მათთვის განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი არის ის, ვისაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, როგორც მასწავლებლის მხრიდან ასევე სხვა მოსწავლეებისგანაც. ასეთი დამოკიდებულება ძირეულად ცვლის „ზებრა“ ბავშვის სასკოლო ცხოვრებას და მთელ პედაგოგიურ კოლექტივს აგრძნობინებს პროფესიულ კმაყოფილებას.

მეორე ეტაპი: გულისხმობს ორი სისტემის „თანაცხოვრებას“. ერთი სისტემა – სკოლა, საკუთარი კანონებით, პრინციპებით, სწავლების მეთოდებით; მეორე – განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი საკუთარი თავისებურებებით, კრეატულობითა და ასოციაციური კავშირებით. სამწუხაროდ, ეს ორი სისტემა ვერ ურთიერთობს ერთმანეთთან ჰარმონიულად. ისინი დამოუკიდებლად და პარალელურ რეჟიმში მოქმედებენ, მათ ერთმანეთის არ ესმით. ამიტომ:

  • არ შეიძლება, სკოლის არსებული სისტემა რაღაც ხელუხლებელი, შეუცვლელი, შეურყეველი წესების აღსრულების ადგილად განვიხილოთ;
  • უნდა ვაღიაროთ, რომ სასკოლო სისტემების გარდა, შესაძლებელია, კიდევ არსებობდეს სხვა სისტემები და მათი მუშაობის სტილსაც აქვთ არსებობის უფლება;
  • მთავარი, მაინც ორი უკვე არსებული სისტემის კონფლიქტის გარეშე თანაცხოვრების უზრუნველყოფაა.

სინამდვილეში, – აფრთხილებს ფრანგი ავტორი მკითხველებს, – სასკოლო წესების მიღება განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეებისათვისაც აუცილებელია. მთავარია „ზებრა“ ბავშვს მასწავლებელმა აუხსნას, რომ მათ კარგად ესმით მისი და სისტემა, რომელიც ზოგადად სკოლაშია მიღებული არც ცუდია და არც კარგი, ის უბრალოდ სავალდებულო გასავლელი ეტაპია ყველა ბავშვის ცხოვრებაში, რათა მან შეძლოს მომდევნო საფეხურზე გადასვლა და მომავალი პროფესიის არჩევა. განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს პედაგოგებმა უნდა აუხსნან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ინდივიდუალიზმსა და განსხვავებულობას პატივს სცემენ,  მათაც არ უნდა უგულებელყონ სკოლის სტანდარტული მეთოდები, არ უნდა დასცინონ სხვა ბავშვს და არ უნდა ჩათვალონ, რომ მათთვის სრულიად უსარგებლოა არსებული მეთოდები, რადგან სხვა დანარჩენ მოსწავლეებს, ის მიდგომები ეხმარება სწავლასა და განვითარებაში, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია სკოლისთვის.

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი კლასში მასწავლებლის თავის ტკივილია. სავარაუდოდ, პედაგოგებს უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ეს ასეა და ფაქტია, რომ „ზებრა“ ბავშვები ხშირ შემთხვევაში გაკვეთილზე დისციპლინის დამრღვევებიც ხდებიან, რადგან ისინი თანაკლასელებს ხელს უშლიან. ამ ყველაფრის მიზეზი კი განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეების „მოწყენილობაში“ უნდა ვეძებოთ. დიახ, – ადასტურებს Siaud-Facchin Jeanne და დასძენს, რომ ნიჭიერების საგაკვეთილო პროცესით დაინტერესება საკმაოდ რთულია და ამიტომ ისინი ცდილობენ „თავი გაირთონ“. სკოლაში „ზებრა“ ბავშვების მოწყენილობა განპირობებულია არ იმდენად იმ მასალით, რომელსაც იქ ასწავლიან, არამედ სწავლების ფორმით, რომელსაც ტრადიციულად მასწავლებლები მოსწავლეებს სთავაზობენ. საქმე ის გახლავთ, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს არ აკმაყოფილებთ ცოდნის მიწოდების, სტრუქტურირების ჩვეულებრივი, მარტივი ფორმა და ხასიათი. „განმეორება ცოდნის დედაა“ – ამ ფრაზას მასწავლებლები არა მხოლოდ ხშირად იყენებენ, არამედ მისით ხელმძღვანელობენ გაკვეთილებზე და ამ დროს „ზებრა“ მოსწავლეების მდგომარეობას ვერ და არ ითვალისწინებენ. ისინი ხომ სიახლეს უსწრაფესად ითვისებენ და ეს გამეორებები მათთვის სრულიად ზედმეტი და ზოგ შემთხვევაში გამაღიზიანებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

ცამეტი წლის მათე ფსიქოლოგს საკუთარ გულისტკივილს უზიარებს: „ყველამ იცის, რომ მე არ ვარ ზარმაცი და თანაც ვცდილობ ჩვენი კლასის მასწავლებლების სწავლების მეთოდებს მოვერგო. მესმის, რომ ჩემს კლასელებს დრო სჭირდებათ ახალი მასალის გასაგებად და ასათვისებლად. მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე და მოწყენილობის გამო ვიწყებ გაკვეთილებზე რამე გასართობის გამოგონებას. მასწავლებლები ამის გამო სულ შენიშვნებს მაძლევენ. თქვენ გამიგებთ, რადგან ფსიქოლოგი ხართ: უბრალოდ ძალიან მიჭირს ლოდინი, სანამ მასწავლებელი კლასს გაკვეთილს აუხსნის. ჩემთვის ეს რაღაც საშინელებაა! ვცდილობ, ამ რეალობიდან გაქცევას, საკუთარ სამყაროს „ვაფარებ თავს, რომ მარტოსული და მიტოვებული არ ვიყო“.

მათეს მაგალითი, მკაფიოდ წარმოაჩენს გაკვეთილზე განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების მდგომარეობას და რაც უფრო მნიშვნელოვანია,მათ შინაგან განცდებს. მასწავლებლები, საკუთარი პროფესიონალიზმის ხარჯზე უნდა ეცადონ, გაითვალისწინონ განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროებები და შესაბამისად იმოქმედონ.

 

 

სახლში გამოკეტილი ალქიმიკოსი

0

ეს ახლა წუწუნებს ხალხი სახლში გამოკეტვისა და იზოლაციის გამო. ხომ გახსოვთ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ერთმანეთს  თითს უქნევდა – სახლში დაეგდეო.  ჰო, ჯერ ზრდილობიანად დაიწყეს, სახლში დაბრძანდითო და მერე ოდნავ ზრდილობამ უმტყუნათ. მოკლედ… ასეთი სახლში გამოკეტვები, სავარაუდოდ,  ადრეც იქნებოდა.

 

ერთ გადაცემაში იზოლაციაში მყოფ ქიმიკოსებზე საუბრობდნენ. თქვენ კი წარმოიდგინეთ, რომ გარეთ შავი ჭირი მძვინვარებს, თქვენ კი სახლში გამოკეტილი ალქიმიკოსი ბრძანდებით. საკვები მომარაგებული გაქვთ, მაგრამ არც ინტერნეტია, არც ტელევიზია, ფანჯარაზე აკრულ გისოსებში, ვინმე ათასში ერთხელ თვითნაკეთ გაზეთს თუ შემოგიცურებთ, ინფორმაციაც სულ ეგაა. ჰოდა, ერთადერთი სარკე გაგიტყდათ, საკუთარ თავსაც ვეღარ ხედავთ – რას გააკეთებთ?

 

დიახ, კოლბაში ჩაასხამთ ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკის ხსნარს, ასევე გლუკოზის ხსნარს და წინასწარ გაცხელებულ წყლიან ჭიქაში მოათავსებთ. მალე კოლბის კედლებზე დაიწყება ვერცხლის გამოლექვა. ამ რეაქციას „ვერცხლის სარკის“ რეაქცია ეწოდება და მრეწველობაში სარკეების, თერმოსებისა და საახალწლო სათამაშოების დასამზადებლად გამოიყენება. თქვენ კი ახალი  სარკე გექნებათ.

 

ვერცხლი, ისევე, როგორც ოქრო და სპილენძი მენდელეევის პერიოდული სისტემის მე-11 ჯგუფიდანაა, მათთან ერთად არის რენდგენიუმი, თუმცა ის ხელოვნურადაა მიღებული და 3 წამზე მეტს ვერ ცოცხლობს.

 

ოქრო ყვითელია, სპილენძს  კი  წითელი შეფერილობა აქვს. მკვეთრი შეფერილობა კიდევ ოსმიუმს და ცეზიუმს ახასიათებს. ყველა სხვა მეტალი მორუხო ან მოვერცხლისფროა. ვერცხლიც ამ უფერულ მეტალებს მიეკუთვნება. სპილენძის (Cuprum) სახელწოდება კუნძულ კრეტადან მოდის, სადაც მისი უზარმაზარი საბადო იქნა აღმოჩენილი. ლათინურად კრეტა ჟღერს, როგორც „კუპრუსი“.  სპილენძისა და ტყვიის შენადნობი – ბრინჯაო ერთ-ერთი გავრცელებული იყო, როგორც გამოყენებული მასალა და იმ პერიოდს ბრინჯაოს ხანაც შეარქვეს. სწორედ ამ ტიპის ბრინჯაოთი (შეგახსენებთ, რომ ზოგადად ბრინჯაოს შემადგენლობაში სხვა მეტალებიც შეიძლება იყოს, მაგ. კალა, ნიკელი, ბერილიუმი ან ალუმინი და ა.შ.) აკეთებდნენ ფირფიტებს, რომელთა ზედაპირს მანამდე აპრიალებდნენ, სანამ მზის შუქის არეკვლას არ იწყებდა. სწორედ ასეთი იყო იმ პერიოდის სარკეები. ჩვენი სახლში გამოკეტილი ალქიმიკოსიც უფრო ასეთ სარკეს დაამზადებდა, ვიდრე ვერცხლის სარკის რეაქციით მიღებულს. ბრინჯაოს სარკეები მალევე ფუჭდებოდა, მცირე ნაკაწრებით ეფარებოდა ზედაპირი.

 

ბუნებაში ოქრო თვითნაბადი სახით გვხვდება. მისი მარცვლები კვარცსა და კვარცის ქვიშაში მოიპოვება. მინარევის სახით ოქროს შეიცავს თუთიის, ტყვიისა და სპილენძის სულფიდები. ოქროს მარაგი ზღვებსა და ოკეანეების წყლებშიც არის. ოქრო მცირე რაოდენობით ადამიანის ორგანიზმშიც მოიპოვება. ქალის ორგანიზმი მას 5-6-ჯერ მეტს შეიცავს. თვითნაბადი ოქრო მინარევის სახით შეიცავს ვერცხლს (5-15%), სპილენძს, რკინასა და სხვა ელემენტებს.

 

ოქროს შემცველ მადნებს წინასწარი დამუშავება-დაწილადება და გამდიდრება სჭირდება. პირველადი პროცესების შედეგად გამოყოფილ ოქროს ამდიდრებენ ამალგამირების, ციანირებისა და სხვა მეთოდებით. ოქროს შემცველი მასალის ციანიდთა ხსნარებით დამუშავებით (ჟანგბადის თანაობისას) ოქრო მასში იხსნება და ხსნარში გადადის. ეს მეთოდი ქართველმა მეცნიერმა პეტრე ბაგრატიონმა 1843 წელს შეიმუშავა.

 

4Au + 8 KCN + 2 H2O +O2= 4K[Au(CN)2] +4KOH

 

მიღებული ოქროს შემცველი ციანიდური ხსნარისგან თავისუფალ ოქროს თუთიით გამოყოფენ.

 

2K[Au(CN)2]+Zn=2Au+K2[Zn(CN)4]

 

ამგვარად მიღებული მეტალური ოქროს ღრუბლოვან მასას გოგირდმჟავათი და წყლით ჩარეცხავენ, გააშრობენ და ოქროს ზოდებად შეადნობენ.

 

სპილენძი თვითნაბადი და ნაერთების (ძირითადად – სულფიდებისა და მეტალური მინერალების) სახითაც არის  გავრცელებული. თვითნაბადი სპილენძი მინარევების სახით შეიცავს კუპრიტს (Cu2O), ზოგჯერ – რკინას, ტყვიას, ვერცხლს, იშვიათად – ვერცხლისწყალს და ოქროს. სპილენძის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ნაერთებია: ქალკოზინი (Cu2S), კოველინი (CuS), ქალკოპირიტი (CuFeS2), მალაქიტი (CuCO3·Cu(OH)2), აზურიტი (2CuCO3·Cu(OH)2) და სხვა.

 

საქართველოში სპილენძი უმთავრესად პოლიმეტალური მადნების სახით გვხვდება. ის მძიმე, რბილი მეტალია, ქიმიური თვალსაზრისით არააქტიური, კარგი თბო- და ელექტროგამტარი, კოროზიის მიმართ შედარებით მდგრადი. ადვილად იგლინება თხელ ფურცლებად და იჭიმება მავთულებად.

 

ჩვენი სახლში გამოკეტილი ალქიმიკოსი სარკის ამბავს რომ მორჩებოდა კვლავ მოიწყენდა და თუ სახლში მთვარის მარილს (ვერცხლის ნიტრატი) და სპილენძის მავთულს იპოვიდა, მათ შორის მიმდინარე პროცესით შეიქცევდა თავს.  ვერცხლის იონები ელექტრონებს მიიღებენ სპილენძისგან და გარდაქმნიან მათ მეტალური ვერცხლის ატომებად, რომელიც სპილენძის მავთულის ზედაპირზე თეთრი ნადების სახით დაილექება. სპილენძის მავთული კარგავს ელექტრონებს და ხსნარში სპილენძის (II) იონების სახით გადადის. შედეგად წარმოიქმნება ლურჯი წყალხსნარი. სპილენძის (II) იონების კონცენტრაციის მომატებისას ხსნარის შეფერილობა უფრო ინტენსიური გახდება. შედეგად სპილენძის მავთულზე მეტალური ვერცხლი გამოილექება.

 

კიდევ ერთი რეაქცია, რომელიც სპილენძით შეგვიძლია ჩავატაროთ, მისი ურთიერთქმედებაა კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან. რეაქციის ასახსნელად  მეტალთა ძაბვის მწკრივის მოშველიება იქნება საჭირო, რადგან მეტალთა აქტიურობის მწკრივის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, ჩაანაცვლებს თუ არა რომელიმე ერთი მეტალი ნაერთში სხვას.

 

Cu+ 4 HNO3=Cu(NO3)2+2NO2+2H2O

 

ეჭვი მაქვს, ალქიმიკოსი კრისტალებსაც გაზრდიდა, რომ პანდემიის შემდეგ სარფიანად გაეყიდა. მოამზადებდა სპილენძის სულფატის ნაჯერ ხსნარს და მავთულით კრისტალი მატრიცას ჩაჰკიდებდა. ერთი თვის შემდეგ დიდი ლამაზი კრისტალი გასაყიდად მზად იქნებოდა. თუმცა, ასეთი კრისტალი როგორც კი ჰაერზე გამოშრება ნელ-ნელა პატარავდება და სიდიადესაც კარგავს.

 

ამიტომ, გასაყიდად უფრო ვერცხლი ან ოქრო ივარგებდა. ვერცხლის გამოყოფა გალენიტიგან (Ag2SO3) შეიძლება, ან ტყვია-თუთიის საბადოებიდან, სადაც ის თანმდევი მეტალია. ამ დროს ციანირების მეთოდი ზედ მისწრებაა. მინერალი უნდა დააქუცმაცო და კალიუმის ციანიდის ხსნარში გახსნა, დაამატო ალუმინის მტვერი, რომელზეც ხსნარიდან ვერცხლი გამოიყოფა. შემდეგ ეტაპზე ამ მეტალებს მარილმჟავას დამატებით იოლად განაცალკევებ. ალუმინი მჟავაში გაიხსნება, ვერცხლი – არა.

 

რატომ არ გაიხსნება ვერცხლი?

4Ag+8KCN+O2+2H2O=4KAg(CN)2+4KOH;

4KAg(CN)2+4KOH+2Al=4KCN+2Ag+K2Al2O

 

ახლა ვინმე ბატონი N დაწერს გრძელ კომენტარს… სხვა უფრო უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდებიც არსებობს მადნიდან ვერცხლის მიღებისო. შავი ჭირია ბატონო გარეთ და თვითიზოლაციაში ზის ჩვენი ალქიმიკოსი. ჰოდა, ერთობა თავისთვის სარდაფში გამართულ ლაბორატორიაში, იმით მუშაობს, რაც აქვს და იცის, ვაჰ!

 

ან, იქნებ ვერცხლის გაშავებული ნივთები გაეწმინდა? აეღო ვერცხლის ჯაჭვი და მოეთავსებინა ცხელ წყალში, სადაც წინასწარ სოდას ჩაყრიდა და ალუმინის ფირფიტას ჩააფენდა (ჩვენ ფოლგის ჩაფენა შეგვიძლია). ასეთ ჭიქაში ჩადებული გაშავებული ვერცხლი გაიწმინდება. ალუმინის და ვერცხლის შეხებისას გალვანური წყალი წარმოიქმნება, ალუმინისგან ელექტრონი ვერცხლზე გადადის და აღდგება. სოდა ამ პროცესში რეაქციის დასაწყებადაა საჭირო. ის ალუმინის ჰიდროქსიდის პასიურ ფენას აცილებს ფოლგიდან.

3Ag2S+2Al=6Ag+Al2S3

უფრო მეტიც, შეიძლება ამალგამირებითაც შეექცია თავი. ოღონდ მეეჭვება კი, რადგან მერკური მთლიანად „შეუჭამდა“ ოქროსაც და ვერცხლსაც. მართალია, შემდეგ გამოხდით შეეძლო მეტალების უკან დაბრუნება, მაგრამ აუტკივარი თავის ატკიება გამოუვიდოდა და რა ვიცი.

 

აი, თუ ოქროს შემცველი მინერალი ექნებოდა, მაშინ აე მოიქცეოდა – მინერალს დააქუცმაცებდა და კასრში მოათავსებდა, რომლის ძირშიც მერკური იქნებოდა ჩასხმული. გარკვეული დროის შემდეგ მერკური მადანში არსებულ ოქროსთან ამალგამას წარმოქმნიდა. ამ უკანასკნელს აიღებდნენ და გააცხელებდნენ. მერკური აორთქლდებოდა, ოქრო კი გამოსახდელ აპარატში დარჩებოდა. მერკურის ორთქლი ძალიან სახიფათოა, მაგრამ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ამ მეთოდით ოქროს დღესაც მოიპოვებენ.

 

ოქროს შენადნობები ვერცხლსა და სპილენძთან ელექტროტექნიკაში, სტომატოლოგიაში, საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება. ოქროს მინის, ფაიფურის ან მეტალების ზედაპირის დასაფარავადაც იყენებენ. მისი შენადნობი პლატინასთან ქიმიურად მდგრადი აპარატურის შესაქმნელად გამოიყენება. კოლოიდური ოქრო მედიცინაში იხმარება ანტისეპტიკურ საშუალებად. შენადნობებში ოქროს შემცველობას სინჯით (პრომილე) გამოსახავენ. საიუველირო ნაწარმში ოქროს სპილენძსა და ვერცხლს ურევენ. სინჯი 583 ნიშნავს, რომ მასში 58,3% ოქროა, დანარჩენი 41,7% – სპილენძი ან ვერცხლი. ე.წ. ბაჯაღლო ოქროს სინჯი კი 96-ია.

 

ამ ყველაფრის კეთებაში იმდენი დრო გავიდოდა, რომ ალქიმიკოსის იზოლაციაც დასრულდებოდა და, სავარაუდოდ, შავი ჭირისგან გადარჩენილ კოლეგებსაც ნახავდა.

 

 

„ჰარი პოტერის“ სოციოლოგია

0

სოციოლოგია ბევრისთვის პოლიტიკურ და მარკეტინგულ კვლევებთან და ამ კვლევების საფუძველზე შედგენილ დიაგრამებთან ასოცირდება. სინამდვილეში ეს მეცნიერება მხოლოდ პრაქტიკული განზომილებით არ შემოიფარგლება. სოციოლოგიას ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და ნებისმიერი განათლებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თეორიული მიმართულებაც აქვს. სოციოლოგია არის დარგი, რომელიც სწავლობს საზოგადოებას, საზოგადოების შემადგენელ ჯგუფებსა და ინსტიტუტებს, საზოგადოების ნაწილთა შორის არსებულ ურთიერთმიმართებებს.

ფანტასტიკის ჟანრში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც კი ვხვდებით სოციოლოგიის შესწავლის საგნებს, ოღონდ მწერალთა ფანტაზიაში დაბადებულ ადამიანთა გაერთიანებებს განსხვავებული ფუნქციები და მახასიათებლები აქვთ. მხატვრული ტექსტების კითხვით გატაცებულმა მეცნიერებმა თავიანთი შრომისა და ინტერესის საფუძველზე შექმნეს მეცნიერების ჰიბრიდული დისციპლინა – ლიტერატურის სოციოლოგია, რომელიც მხოლოდ ნამდვილ, კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებულ სოციალურ სისტემებსა და ურთიერთობებს კი არ სწავლობს, არამედ ცდილობს, გამოიკვლიოს, განიხილოს წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებული და დადგენილი სოციალური წეს-წყობილება და შეადაროს იგი ჩვენს რეალობას.

ლიტერატურის სოციოლოგთათვის თანამედროვე ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები გახლავთ ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“. მართლაც, ბრიტანელი ავტორის მიერ შექმნილ ჯადოსნურ სამყაროში სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს, ფულს, სოციალურ წარმოშობას, გოლიათებსა თუ ნახევარგოლიათებთან ურთიერთობის ფორმებს, ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრის მიმართ ადამიანების, ელფების, მოჩვენებებისა თუ კენტავრების დამოკიდებულებას. ცხადია, ყველა დასახელებულ საკითხს ერთ ბლოგში ვერ მიმოვიხილავთ. მოდი, ჰარი პოტერის ირგვლივ არსებულ ჯგუფებსა და მათ განსაკუთრებულ ნიშნებზე დავსვათ აქცენტი.

ჯგუფებსა და მათ წევრებს სოციოლოგები საუკუნეზე მეტია იკვლევენ. სოციალურ მეცნიერებათა ამ დარგის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რა მოტივაციითა და წესებით წევრდებიან ადამიანები სხვადასხვა ტიპის ასოციაციებში; რა პირად და საჯარო სარგებელს იღებენ სხვებთან ასეთ კავშირში ყოფნით; რა ფუნქციებს ასრულებენ კონკრეტული ჯგუფები მოცემულ საზოგადოებაში; როგორია ჯგუფების სტრუქტურა და შემადგენლობა; რა მსოფლმხედველობას იზიარებენ ჯგუფის წევრები და ა.შ.

ჯადოსნურ სამყაროში უამრავ კლუბსა თუ საიდუმლო საზოგადოებას ვხვდებით. წიგნის მთავარი პერსონაჟი რამდენიმე მათგანის წევრია, რაც ხშირად ხდება მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის წინაპირობა, მისი მოქმედებების განმსაზღვრელი ფაქტორი.

ნაწარმოების პირველივე ტომის პირველსავე გვერდებზე ჰარი პოტერი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის – ჰოგვორტსის სტუდენტი ხდება. ჰოგვორტსის ყველა სტუდენტი ვალდებულია, სკოლის რომელიმე ფაკულტეტს, კლუბს შეუერთდეს. კლუბის წევრობა მოზარდის პიროვნული თვისებების მიხედვით განისაზღვრება. გრიფინდორში მამაცი და გულადი ახალგაზრდები ჯგუფდებიან, სლიზერინი მოქნილთა, ამბიციურთა და ძალაუფლების მოყვარეთა თავშესაფარია, რეივენქლო გონებამახვილი და ჭკვიანი სტუდენტების თავმოყრის ადგილია, ხოლო ბეჯითები და შრომისმოყვარეები ჰაფლპაფში ირიცხებიან. ცხადია, ზოგიერთ სტუდენტს რამდენიმე კლუბისთვის დამახასიათებელი თვისებები გამოარჩევს. მაგალითად, ჰარი პოტერი თავისუფლად შეიძლება მოხვედრილიყო ამბიციურ და ძალაუფლებისკენ მსწრაფ სტუდენტებს შორის, მისი ერთგვარი ტყუპისცალის – ნევილ ლონგბოტომის ჰაფლპაფში მოხვედრაც არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ ორი გრიფინდორში აღმოჩნდა. კლუბში შექმნილმა გარემომ, ფაკულტეტზე შეძენილმა მეგობრებმა, კლუბის ტრადიციებმა, საერთო სივრცის განაწილებისა და შრომის კულტურამ გავლენა მოახდინა 31 ივლისს დაბადებულ ორივე ბიჭზე. ნაწარმოების დასასრულს ჰარი პოტერი თავის „სლიზერინისეულ“ თვისებებზე მაღლა დგება და სხვებისთვის თავგანწირვის მაგალითად  იქცევა, ნევილი კი მორცხვი, დაბნეული და მოუქნელი სტუდენტის ნაცვლად მამაც ახალგაზრდად გვევლინება და ბოროტების განადგურებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს. ცხადია, ჰარისა და ნევილის პიროვნებათა ჩამოყალიბებას მრავალმა სხვა გარემოებამაც შეუწყო ხელი, მაგრამ გრიფინდორში ყოფნამ, თანაკლუბელთა ღირებულებებმა და თანადგომამ მათ გზაზე არაერთხელ შეასრულა კომპასის ფუნქცია.

ჰარი პოტერი მალევე გახდა გრიფინდორის ქვიდიჩის ნაკრების წევრიც. ქვიდიჩი ჯადოსნურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა, რომელსაც მაგიის სკოლებშიც კი ასწავლიან. ქვიდიჩის გუნდის წევრობა პიროვნული თვისებებზე არ არის დამოკიდებული – ჯადოსნურ სპორტშიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურ მომზადებას ენიჭება. ქვიდიჩის გუნდი თავის წევრებს სპორტულ სიმტკიცესა და აზარტს, გუნდური მუშაობის ჩვევებს გამოუმუშავებს. მაგრამ სპორტს შეუძლია საყოველთაო პოპულარობის, პრესტიჟისა და მაღალი სოციალური სტატუსის მოტანაც. ჰარი პოტერს პოპულარობა ისედაც არ აკლდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის უახლოეს თანამებრძოლს რონ უიზლის, დავინახავთ, რომ ქვიდიჩის გუნდის წევრობამ მას „კიდევ ერთი უიზლისა“ და „ჰარი პოტერის მეგობრის“ სტატუსის გარდა საზოგადოებაში თავისი დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახე შესძინა.

ჰოგვორტსის ფაკულტეტები და სპორტული გაერთიანებები ფორმალურ ჯგუფებს წარმოადგენენ. ისინი ადმინისტრაციის მიერ იქმნებიან, მათი საქმიანობა ოფიციალური წესებით რეგულირდება. თუმცა, ჯადოსნურ სამყაროში საიდუმლო, არაფორმალურ ჯგუფებსაც ვხვდებით. ჰარი პოტერი „დამბლდორის არმიის“ წევრიც გახლდათ და ფენიქსის ორდენშიც ირიცხებოდა. ორივე მათგანი შეგვიძლია მივიჩნიოთ არასაჯარო ორგანიზაციად, რომელიც სხვადასხვა იდენტობის ადამიანებსა და სხვა არსებებს ერთ სიმრავლედ აჯგუფებდა. მაშასადამე, არმიისა და ორდენის წევრებისთვის მნიშვნელობა ენიჭებოდა გამაერთიანებელ ღირებულებებს და არა წევრთა ურთიერთგანმასხვავებელ ნიშნებს, პიროვნულ თვისებებსა თუ სპორტულ შესაძლებლობებს. ღირებულებების საფუძველზე შექმნილი ჯგუფები სხვა ფუნქციას ასრულებდნენ, „დამბლდორის არმიაც“ და „ფენიქსის ორდენიც“ მოწოდებულნი იყვნენ იმისთვის, რომ ჯადოსნურ სამყაროში ავტორიტარიზმს, საყოველთაო ტერორსა და ბოროტ ძალთა აბსოლუტურ ძალაუფლებას არ მისცემოდა გასაქანი. ისინი საერთო სიკეთისა და ხედვის ნიადაგზე წარმოქმნილ ერთობებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ჰარი პოტერი ლომვეშაპისებრი ულვაშების პატრონი პროფესორის ჰორაციო სლაგჰორნის კლუბის წევრადაც მოიაზრებოდა. სლაგჰორნის კლუბი ყველა დასახელებული ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციისგან განსხვავდება. მასში მხოლოდ არისტოკრატული წარმოშობის, გავლენიანი თანამდებობის პირთა ოჯახებთან დაახლოებული, მდიდარი და ცნობილი სტუდენტები ხვდებოდნენ. პროფესორი სლაგჰორნი ამ ჯგუფისა და მისი წევრების საშუალებით თავისი სოციალური კაპიტალის გაზრდას, სხვადასხვა ინსტიტუტზე კონტროლის მოპოვებას და სხვადასხვა ტიპის სარგებლის მიღებას ცდილობდა. სლაგჰორნის ამხანაგობა ექსკლუზიურ, პირადი მოგების მიზნით ჩამოყალიბებულ ჯგუფად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ამ კლუბის წევრობაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჰარისთვის, რათა ბოროტების ტოტალური გამარჯვებისთვის მოეჭრა გზა.

სხვადასხვა ერთობისადმი ჰარი პოტერის მიკუთვნების საკითხი კიდევე ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჯადოსნურ სამყაროშიც კი ჯგუფების გარეშე, მათი წევრობის გარეშე ადამიანები ფონს ვერ გადიან და დიდი საქმეების კეთებას ვერ ახერხებენ.

შეცდომის დაშვების შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

 

ვფიქრობ, ყველას, ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, დამეთანხმება, რომ არცთუ ისე იშვიათად შეიძლება შევხვდეთ შეცდომის დაშვების პანიკური შიშით შეპყრობილ მოზარდს, რომლისთვისაც სწორედ ეს შიში ხდება სერიოზული პრობლემა სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევ გზაზე. ის ასევე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზეც.

მშობლები ხშირად ღიად და გულწრფელად გამოხატავენ  გულისტკივილს იმის გამო, რომ მათი შვილი ძლიერ განიცდის სასწავლო წარუმატებლობას, შეცდომის დაშვების შემდეგ წყვეტს აქტიურობას, იმის შიშით, რომ მისი პასუხი არასწორი აღმოჩნდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დაბალ ქულას მიიღებს შეცდომით შესრულებული დავალების გამო, შფოთავს და ტირის კიდეც.

ზოგიერთი ბავშვი, განსაკუთრებით პატარები, დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება სააზროვნო პროცესების ერთგვარი შეფერხება გამოიწვიოს. ასეთ დროს ისინი ერთი შეცდომის დაშვების შემდეგაც კი თითქოს წყვეტენ აზროვნებას, დამახსოვრებას და მიცემულ დავალებებს  სულ უფრო და უფრო ცუდად ასრულებენ. საკონტროლო სამუშაო ამ ტიპის ბავშვისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს. ის წინასწარ იწყებს ნერვიულობას, მაშინაც კი, თუ სერიოზულად იმუშავა და კარგად არის მომზადებული. შეიძლება ასტკივდეს თავი, მუცელი, დაეწყოს ხელის ოფლიანობა, დაეჭიმოს ხელის კუნთები, იმდენად, რომ გაუჭირდეს არა მხოლოდ ზეპირი, არამედ წერილობითი დავალების შესრულება. ყოველივე აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ყურადღებაზე და ის ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც მისთვის საკმაოდ უჩვეულოა და სხვა სიტუაციებში არასოდეს დაუშვებდა. ხშირად პედაგოგისთვისაც გულდასაწყვეტია, რომ ნერვიულობა, მღელვარება და შეცდომების დაშვების შიში ხდება იმის მიზეზი, რომ ასეთი ბავშვი საკონტროლო სამუშაოებში ბევრად უფრო დაბალ შეფასებებს იღებს, ვიდრე იმსახურებს.

ხანდახან სასწავლო პროცესში შეცდომების დაშვების შიში ბავშვს მისთვის ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც გადააქვს, მაგ. უარს ამბობს, იყოს გუნდის კაპიტანი სხვადასხვა სახის (როგორც სპორტული, ასევე ინტელექტუალური) შეჯიბრებების დროს, ან გამოვიდეს სცენაზე, რადგანაც ეშინია, რომ წარმატებული არ იქნება და თავს შეირცხვენს. ხშირად უარს ამბობს ლიდერობაზე, თუმცა რეალურად ამისთვის შეიძლება ყველა მონაცემი ჰქონდეს და თავადაც სურდეს ეს.

რატომ ხდება ასე, რატომ უჩნდება ბავშვს შეცდომის დაშვების პანიკური შიში? ეს ის შეკითხვაა, რომელიც ბევრ აღმზრდელს აწუხებს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ასეთი ბავშვები იზრდებიან ოჯახებში, სადაც მშობლები დიდ დროს და ყურადღებას უთმობენ პატარას, სადაც ბავშვი მშობლების ცხოვრების ძირითადი აზრია. ხშირად თავად ეს მშობლები საკმაოდ განათლებული და სოციალურად წარმატებული  არიან. ასეთ ოჯახში  ბავშვს ძალიან უყვარს თავისი მშობლები, ამაყობს მათით და სურს, ჰგავდეს მათ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ის თავის მშობლებს უკვე წარმატებულებს ხედავს. ის გზა, რომელიც მათ გაიარეს;  დაბრკოლებები, რომლებიც გადალახეს წარმატების მისაღწევად, შეიძლება ბავშვისთვის საერთოდ უცხო იყოს, ან თუ ნაცნობია, არ იყოს დატვირთული ემოციურად.  ასეთ ოჯახებში ბავშვები საკუთარ თავს დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ, წარმატებულ მშობლებს ადარებენ და ეს შედარება მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს. ასეთი შედარებისას  საკუთარი თავი არასაკმარისად წარმატებულად ეჩვენებათ და დაშვებული ყოველი შეცდომა, მათი აზრით, ამას ამტკიცებს. თითოეული შეცდომა მათ საკუთარ არასრულფასოვნებაზე აწყებინებს ფიქრს, თვლიან, რომ ასეთი შესანიშნავი მშობლების სიყვარულის ღირსი არ არიან, არ იმსახურებენ, რომ ასეთი კარგი მშობლები ჰყავდეთ.

პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო მჭიდრო ემოციური კავშირია ბავშვსა და მშობელს შორის, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ისინი ერთად, მით უფრო მეტად ეშინია მოზარდს მისი განაწყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაშვებული სულ პატარა შეცდომაც კი მისთვის უზარმაზარ ტრაგედიად იქცევა. და, თუ ამასთან ერთად, შინაგანად ბავშვი ემოციური და მგრნობიარეა, შეცდომებით გამოწვეული განცდები მას ძალიან შეუშლის ხელს წარმატებების მიღწევასა და თვითრეალიზებაში.

შეცდომების დაშვების შიში სოციალურ შიშებს მიეკუთვნება, რადგანაც მისი ძირითადი აზრია, ბავშვის მისწრაფება ყველანაირად შეესაბამებოდეს ქცევის სოციალურ ნორმებსა და მოთხოვნებს. შეცდომის დაშვების შიშით შეპყრობილი ბავშვები, როგორც წესი, ცდილობენ სკოლაში დადგენილი და მიღებული ქცევის ყველა ნორმის დაცვას. ისინი ყოველთვის უსმენენ მასწავლებელს, გაკვეთილის პროცესში არ საუბრობენ „მეზობელთან“, არ გადართავენ ყურადღებას სხვა მიმართულებით, არიან მაქსიმალურად მობილიზებული გაკვეთილისათვის. ამ ყველაფრის გამო ისინი გაკვეთილზე დამატებით დაძაბულობას განიცდიან. როგორც წესი, პედაგოგი მათთან ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ბავშვისთვის ძალიან მძიმეა მუდმივად იდეალური მოსწავლის როლის თამაში და წესების დარღვევის გარეშე ცხოვრება.

 

რეკომენდაციები  ბავშვის დასახმარებლად დაშვებული შეცდომების მიმართ შიშის დაძლევაში:

 

  • უპირველეს ყოვლისა, არასოდეს ვეჩხუბოთ და დავსაჯოთ ბავშვი დაშვებული შეცდომების გამო. ის საკმარისად ეჩხუბება და სჯის საკუთარ თავს;
  • შევქმნათ სიტუაციები, რომელშიც ჩვენ სრულყოფილების განსახიერება არ ვიქნებით და დემონსტრირება გავუკეთოთ ამას ბავშვთან. რამდენადაც მოზარდი უყურებს მშობელს, როგორც ეტალონს, რომელსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს; დაინახავს რა მის შეცდომებს, „უფლებას მისცემს“ საკუთარ თავს, რომ ხანდახან თავადაც დაუშვას შეცდომა;
  • ვისწავლოთ ბავშვის შეცდომებზე სწორად რეაგირება. მოვერიდოთ მის დასამშვიდებლად ისეთი ფრაზის გამოყენებას, როგორიცაა: „არაფერია, ნუ ღელავ“. ბავშვმა შეიძლება ჩვენი ეს სიტყვები ასე გაიგოს – „თუ არაფერია და მე ვღელავ, ე.ი. რაღაც სერიოზული პრობლემა მაქვს“. ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო გაუძლიერებს მას მღელვარებას. ეფექტიანი იქნება პოზიტიური ლექსიკის გამოყენება უარყოფითი ნაწილაკის – „არა“ – გამორიცხვით. მაგ. „ყველაფერი ნორმალურადაა“; „მშვიდად იყავი“; „მომავალ ჯერზე სწორად გააკეთებ“ და ა.შ.
  • თუ ბავშვი ძლიერ განიცდის დაშვებულ შეცდომას, შევაქოთ რაიმე სხვა კარგად შესრულებული დავალების გამო: „შეგეშალა, სამაგიეროდ, ძალიან ლამაზი ნაწერი გაქვს“; „შეგეშალა, სამაგიეროდ ჩანს, თუ როგორ ცდილობდი და მონდომებით მუშაობდი“;
  • კარგი იქნება ვასწავლოთ ბავშვს შეცდომების მიზეზების მოძიება, მაგ. „შეცდომა იმიტომ დაუშვი, რომ აგერია მარჯვენა და მარცხენა, თავად დაფიქრდი“;
  • აუცილებლად უნდა ვეცადოთ, ავამაღლოთ ბავშვის თვალში შეცდომის ღირებულება და როლი სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად;
  • შევუცვალოთ მოზარდს დამოკიდებულება შეცდომის მიმართ, დავეხმაროთ იმის გაგებაში, რომ შეცდომა ახალ გამოცდილებას სძენს ადამიანს, აღძრავს მას იმისკენ, რომ რაღაც შეცვალოს საკუთარ თავში; ამისთვის კარგი იქნება შევახსენოთ ბავშვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს“; „წარმატება გვახარებს, შეცდომები კი გვასწავლის“; „ჭკვიანი არ მიისწრაფვის, გაექცეს შეცდომებს, პირიქით – ცდილობს, გამოასწოროს ისინი“ და ა.შ.
  • ვასწავლოთ ბავშვს, გააანალიზოს შეცდომა და დაფიქრდეს, რა გამოცდილება მიიღო ამ შეცდომის დაშვებით;
  • ნუ მოვთხოვთ ბავშვს, იყოს იდეალური და სრულყოფილების განსახიერება. ამით ჩვენ კიდევ უფრო გავუძლიერებთ მას შეცდომის დაშვების შიშს;
  • მოვერიდოთ ბავშვის შეცდომებზე ზედმეტად ემოციურ რეაგირებას, წყენის გამოხატვას არასწორად შესრულებული დავალების გამო. ასეთ შემთხვევაში ემოციურად მგრძნობიარე ბავშვს მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია შეიძლება შეეცვალოს წარუმატებლობის თავიდან აცილების მოტივაციით, წარუმატებლობისაგან გაქცევის მოტივაციით. ამიტომ, გაკვეთილზე ის დაიწყებს ფიქრს არა იმაზე, როგორ შეასრულოს დავალება სწორად, არამედ იმაზე, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვას. ბუნებრივია, ასეთ დროს მოქმედების ტემპი დაქვეითდება, ბავშვს გაუჭირდება თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, შეცდომები კი დიდი ალბათობით აუცილებლად დაფიქსირდება. ხომ კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი, რაზეც უფრო მეტს ფიქრობს, სწორედ ის ხდება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები უფრო ეფექტიანად სწავლობენ, როცა შეცდომებს უშვებენ. განსაკუთრებით, თუ ისინი გააცნობიერებენ და გააანალიზებენ დაშვებულ შეცდომებს. თუ ბავშვს ეშინია შეცდომის, ეს აისახება არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაზე, არამედ მის ცნობისმოყვარეობასა და შემეცნებით ინტერესებზეც. ის ყოველთვის თავს აარიდებს ყველაფერ რთულს და საინტერესოს, იმის შიშით, რომ თავს ვერ გაართმევს მათ. ამიტომ, აუცილებელია გავაგებინოთ ბავშვს, რომ შეცდომის დაშვება საშინელება არაა, პირიქით – ძალიან საინტერესო და სასარგებლოცაა.

 

 

 

 

რაში გვჭირდება გარემოსდაცვითი განათლება

0

(პირველი ნაწილი)

გარემოსდაცვითი განათლება არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები და ორგანიზაციები სწავლობენ გარემოსდაცვით საკითხებს და უკეთ ეცნობიან გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. დღეს ეს ცოდნა უაღრესად აქტუალურია. მსოფლიო კლიმატი ჩვენ თვალწინ იცვლება: წელს, ივნისში, კანადისა და ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ შტატებში სიცხემ 45 გრადუსს მიაღწია, რაც ასზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზად იქცა. ეს ვინმეს შესაძლოა ჩვეულებრივ სამწუხარო ამბად მოეჩვენოს, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მაღალ განედებში მდებარე კანადა ერთ დროს ყველაზე ცივ სახელმწიფოდ ითვლებოდა, ახლა კი მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში არნახულად ცხელა, რაც ძალიან დიდ ცვლილებებს იწვევს ამ ქვეყნის ბუნებრივ ეკოსისტემებში, ლანდშაფტებსა და ცენოზებში.

სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილების ხელშესახები მაგალითები იმდენად გახშირდა, რომ მალე ალბათ ყოველდღიური ახალი ამბები ეკოლოგიური პრობლემებისა და ანომალიური კლიმატური მოვლენების აღწერით დაიწყება…

შარშან, 2020 წელს, ქალაქ გეტინგენში (ბადენ-ვიურტემბერგის მიწა, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთი) ზამთარში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაეცა და -24 Co გრადუსი შეადგინა, ხოლო შვიდი დღის შემდეგ იქვე ტემპერატურამ +18 Co გრადუსამდე აიწია – ტემპერატურის ცვლილებამ ერთი კვირის განმავლობაში 49 გრადუსს მიაღწია!

2015 წლის 13-14 ივნისს თბილისის წყალდიდობას წინ უძღოდა რეკორდული წვიმა, რომლის დროსაც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მდ. ვერეს ხეობაში 100 მმ-მდე ნალექი მოვიდა. ეს თბილისში მოსული საშუალო წლიური ნალექის დაახლოებით მეოთხედია!

2012 წლის სექტემბერში არქტიკის მარადიული ყინულის საფარის ფართობმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – 3.57 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. 1979 წლის სექტემბერში მისი ფართობი 7.05 მილიონი კვ. კმ იყო, ხოლო 2020 წელს უკვე 3.92 მილიონი… ყინულის ზედაპირის ფართობის წლიდან წლამდე შემცირება (ყინულის ზედაპირი მზის რადიაციის 80%-ს ირეკლავს) ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის წყლის გათბობას და ყინულის დნობას იწვევს. ოკეანის მუქი წყალი ყინულზე გაცილებით მეტ სითბოს შთანთქავს და ათბობს გარშემო მდებარე წყლებს. პროცესი შეუქცევადია და მისი შეჩერების პერსპექტივა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ ჩანს.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები შემაშფოთებელია და ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ დედამიწა როგორც პლანეტარული მასშტაბის ეკოსისტემა ცვლილებებს განიცდის; დედამიწა როგორც კლიმატურ-ეკოლოგიური სისტემა არაკანონზომიერ, ანომალიურ რეაქციებს იძლევა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – კატასტროფულს! ეს დამაფიქრებელია და ჩვენს თაობას, ადამიანებს, რომლებიც დღეს დედამიწაზე ვცხოვრობთ, გაცილებით მეტის ცოდნა გვმართებს მიმდინარე ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე, რომლებიც კლიმატის ანომალიური ცვლილების შედეგია.

ბავშვებისთვის ამ ახალი ინფორმაციის გაზიარება და მისი მიზეზებისა თუ შედეგების ახსნა უმჯობესია სკოლაში მოხდეს, თანაც ისე, რომ ბავშვებმა შეძლონ ამ რთული, გლობალური მასშტაბის მოვლენების აღქმა და გააზრება.

სკოლებში ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება და დანერგვა შეთავაზებულ იქნა გაეროს მიერ 1992 წელს, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც დედამიწაზე მიმდინარე კლიმატურ პროცესებს და მათთან დაკავშირებულ საერთაშორისო რეაქციას ეძღვნებოდა. კონფერენციამ მნიშვნელოვნად მიიჩნია განათლება და ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების ამბიციური გეგმის თანახმად, ეს გეგმა ვერ განხორციელდება ადამიანების გარემოსდაცვითი და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლების გარეშე. კავშირი გარემოსა და ადამიანებს შორის და მათი ერთმანეთზე დამოკიდებულება უნდა გახდეს ის საფუძველი, რომელიც ახალგაზრდა თაობას გადაადგმევინებს გარემოს დაცვისთვის აუცილებელ იმ ნაბიჯებს, რომლებიც 2030 წლის გეგმაში, მე-13 და მე-15 მიზნებშია ხაზგასმული (იხ. გაეროს 2030 წლის მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნები – https://sdgs.un.org/goals ).

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დედამიწის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის ინტეგრაცია სასკოლო განათლების სისტემაში. საჭიროა, მოსწავლეებს შევთავაზოთ ისეთი სასწავლო პროგრამა, ფიზიკური სივრცე და საორგანიზაციო კულტურა, რომელიც წაახალისებს გარემოსდაცვით აზროვნებას და ეკოლოგიურად განათლებულ მსოფლიო მოქალაქეებად მათ აღზრდას.

დღეს მოსწავლეთა უმრავლესობა სასკოლო დროს საკლასო ოთახში ან შინ, ონლაინ გაკვეთილებზე ატარებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება. გარემოსთან უშუალო კავშირის გარეშე, ბუნების ელემენტებთან შეხების, ბუნებაში არსებული კავშირებისა და ეკოლოგიური პროცესების გაცნობიერების გარეშე ახალგაზრდა შესაძლოა ჩვეულებრივ ურბანიტად  – ბუნებას მოწყვეტილ ქალაქელად ჩამოყალიბდეს. ამ ეფექტს აასმაგებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ის არნახული განვითარება, რომელსაც დღეს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ბავშვები, დროის უდიდეს ნაწილს ვირტუალურ ბრაუზინგში (browsing – თვალიერება, გადაადგილება გვერდებს შორის ვირტუალურ სამყაროში) ატარებს. ეს ქცევა სულ რაღაც ოციოდე წლის წინ გაჩნდა და დღეს ტელეფონებში, კომპიუტერებში და პლანშეტებში თავჩარგული ადამიანი ჩვეულებრივი რამაა. არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჩვენც, მოზრდილებიც, დღის უდიდეს ნაწილს საინფორმაციო-ციფრულ სივრცეში, სოციალურ ქსელში, ციფრული ვებსაიტების კითხვაში ვატარებთ. ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლებისკენ მიმავალ გზაზე პირველი გაჩერება საკუთრივ ჩვენ გარშემო არსებული გარემო უნდა გახდეს – ახალი სასკოლო სივრცე, რომელშიც ბავშვებს და მასწავლებელს შეეძლებათ, ბუნებას შეეხონ, ბუნებაში ისწავლონ და ბუნებასთან ურთიერთობით გაიაზრონ სამყაროში მიმდინარე პროცესების ფორმები და შინაარსი.

მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობისთვის

0

დღეს ბევრ ბავშვს ოჯახურ გარემოშიც კი აღარ ჰყავს ავტორიტეტი, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლების სოციალურ ინსტიტუტზე. არადა, ბავშვი თავის ცხოვრებისეულ გზას სწორედ ოჯახიდან იწყებს, იქ ეზიარება პირველად ღირებულებებს და კომუნიკაციის საფუძვლებს, სწავლობს სამყაროს აღქმას, მასთან ურთიერთქმედებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის სკოლაში, მასწავლებელთან, რომელიც მისთვის გახდება ან ვერ გახდება ავტორიტეტი.

ბავშვის ცხოვრებაში ავტორიტეტულ პიროვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – მას შეუძლია, შეცვალოს, „ამოატრიალოს“ ბავშვის სამყარო. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა ავტორიტარიზმზე იგება. მასწავლებელი, რომელიც არ იქცევა ისე, რომ მოსწავლის გულწრფელი პატივისცემა დაიმსახუროს, ქმნის შიშზე დაფუძნებულ ფსევდოავტორიტეტს. ასეთი მასწავლებლები ზედმეტად ბევრ დროს უთმობენ მოსწავლეების დამორჩილებას და, ბუნებრივია, ნაკლებად აღუძრავენ მათ სწავლის სურვილსა და მოტივაციას.

მასწავლებლის ავტორიტეტი მის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებით გამოიხატება. პოზიტიურ მომენტებზე აგებული ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, ხელს უწყობს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებას და განა რა შეიძლება იყოს მოსწავლის პასუხი მასწავლებელთან ურთიერთობაზე, თუ არა სწავლისადმი გამოჩენილი ინტერესი? მოსწავლე, რომელიც აღიარებს მასწავლებლის ავტორიტეტს, მის ცოდნას, ცდილობს კარგად ისწავლოს, დაიმსახუროს საყვარელი პედაგოგის მოწონება და ეს სულაც არ არის ცუდი.

უხსოვარი დროიდანვე ადამიანები მასწავლებლებს აღიქვამდნენ პროფესიონალებად, რომელთა უნარები, გამოცდილება და სუპერცოდნა  ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად თვალდახუჭულები ენდობოდნენ. მასწავლებლები გრძნობდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, გრძნობდნენ, რომ იყვნენ უაღრესად მნიშვნელოვანნი, ავტორიტეტულნი, მათი სჯეროდათ და პასუხად თვითონაც ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საიმედონი და პროფესიული ზრდა არ შეეწყვიტათ.

მასწავლებელი თავად მოიპოვებს ავტორიტეტს, მხოლოდ მუშაობისა და გამოცდილების ხარჯზე, თუმცა მათი ავტორიტეტის განმტკიცებას თუ მსხვრევას ხშირად მშობლებიც უწყობენ ხელს. მასწავლებლის სამუშაო პროცესში მშობლის ჩარევა რევს ან აუმჯობესებს მთელ საგანმანათლებლო პროცესს. მაგალითად, თუ  ბავშვმა დაინახა, რომ კლასში, სადაც ის სწავლობს, მთავარი მოქმედი პირი მშობელია და არა მასწავლებელი, ეს შეუქმნის განცდას, რომ სკოლაში ის, ანუ მოსწავლეა ავტორიტეტი. ცხადია, ეს ავტომატურად გაუჩენს მასწავლებლის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას. თუ მშობლები მასწავლებელს პატივს არ სცემენ, ასევე მოიქცევა ბავშვი.

რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, რომ მასწავლებლის ავტორიტეტი არ შეილახოს? უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მასწავლებელი თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალია. სკოლის სივრცეში მშობელს უმეტესად არ შეუძლია, თავი მასზე კომპეტენტურად მიიჩნიოს. ის უნდა ეცადოს, პატივისცემით და გაგებით მოეკიდოს მასწავლებელს. დიახ, მასწავლებელმა, ისევე როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, შეიძლება შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგამდე მასწავლებელი ერთი ხელის მოსმით ვერ მივა. პედაგოგიკის უნივერსალური კანონი სწორედ ისაა, რომ სწავლა არა მეყსეულ, არამედ მოგვიანებით შედეგს იძლევა. ამიტომ თუ მშობელი ბავშვისგან ბრწყინვალე შედეგებს და ოლიმპიადებში გამარჯვებას ერთ თვეში ელის, ეს უბრალოდ გულუბრყვილობაა. მშობელმა უნდა აცალოს მასწავლებელს მოსწავლესთან მუშაობა.

ასევე, ძალიან კარგი იქნება, მშობელმა მასწავლებელს ბევრი კითხვა დაუსვას, პირდაპირ და ღიად ესაუბროს თავის მოლოდინებზე, სურვილებზე. ეს საუკეთესო გზაა, რათა მასწავლებელმა და მშობელმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, დაისახონ საერთო მიზანი,  კონსტრუქციულად გადაჭრან არსებული პრობლემები. მეტიც: ავტორიტეტულ მასწავლებელთან ამ ტიპის კომუნიკაცია მეტ ავტორიტეტს შესძენს მშობელსაც, რაც ბავშვის სწორი აღზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ არა ბავშვებთან, არამედ მშობლებთან უჭირთ საერთო ენის გამონახვა, განსაკუთრებით კი იმ მშობლებთან, რომლებსაც უყვართ მასწავლებლისთვის რჩევების მიცემა იმის თაობაზე, როგორ უნდა ასწავლონ მის შვილს. მშობელს ეჩვენება, რომ მან ეს უკეთ იცის. სინამდვილეში ამით კი არ ეხმარება მასწავლებელს, არამედ ხელს უშლის.

ასეთი მშობლები უმეტესად სპეციალიზებული განათლების ან სამეცნიერო ხარისხის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ზემოდან უყურონ და ესაუბრონ მასწავლებელს, პირდაპირ მიუთითონ, რა უნდა აკეთოს მან  თავის გაკვეთილზე. შედეგად ან მშობელს უფუჭდება ურთიერთობა მასწავლებელთან, რომელიც მის რჩევებს „რატომღაც“ არ იზიარებს, ან ბავშვი იწყებს იმ მასწავლებლის საგნის მოძულებას, რომლითაც მისი დედ-მამა უკმაყოფილოა.

არსებობენ მშობლები, რომლებიც უარყოფენ ყველაფერ ახალსა და უჩვეულოს. მათთვის გეგმიდან გადახვევა ან ბავშვის მიმართ კონტროლის მოდუნება ვულკანის ამოფრქვევის ტოლფასია. მათ ეჩვენებათ, რომ ნებისმიერი არასტანდარტული გაკვეთილი საფრთხეს უქმნის სწავლის სტაბილურობას და აკადემიურ მოსწრებას. ისინი ვერ ხედავენ შემოქმედებითი პროცესის საჭიროებას, არ ესმით, რომ მასწავლებელმა შეიძლება ყოველთვის არ შეამოწმოს, ვინ როგორ შეასრულა საშინაო დავალება, რადგან სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკვეთილზე. მასწავლებლებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ალბათ საბჭოთა მემკვიდრეობით არის განპირობებული. მშობლების ამ კატეგორიას არ ესმის, რომ უამისოდ მოსწავლეებს უღარიბდებათ ფანტაზია, ხოლო მშობლების ზეწოლის ქვეშ მყოფი მასწავლებელი მათ თვალში ნაცრისფერი მასის ნაწილად, უინტერესო, უავტორიტეტო პიროვნებად იქცევა.

არსებობს მშობელთა კიდევ ერთი – პრეტენზიული კატეგორიაა, რომელიც ცდილობს, მასწავლებელი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულოს. ასეთი მშობლები საერთოდ არ ენდობიან მასწავლებლებს და გამუდმებით მათ „გამოჭერას“ ცდილობენ. ფაქტობრივად, უსაფრდებიან მათ, ყოველ ქმედებას ლუპით აკვირდებიან, მათ  ყოველ მცდარ ნაბიჯს არაკომპეტენტურობის დასტურად მიიჩნევენ. შედეგად ბავშვი კარგავს   მასწავლებლის რწმენას, უმიზეზოდ ეკამათება და ეწინააღმდეგება მას. როდესაც მასწავლებელი ამის გამო შენიშვნას აძლევს, ის, განაწყენებული, მშობლებთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან უჩივის და ყველა დარტყმის მოგერიება ისევ მასწავლებელს უწევს.

მშობელთა სხვა კატეგორია გამუდმებით მოითხოვს, მის შვილს ისე ასწავლონ, როგორც ადრე მას ასწავლიდნენ. ასეთი მშობლები ბოლო ხანს გაიშვიათდნენ, თუმცა ისევ არსებობენ. ცხადია, ყველა მშობელს აქვს თავისი სასკოლო გამოცდილება, მაგრამ ბავშვზე მისი პროეცირება დაუშვებელია. თუ ბავშვს სკოლაში კლასიკური ესეს წერას არ ასწავლიან, ეს ტრაგედია როდია. საბჭოთა აღზრდის ინერცია და იდეა, რომ მაშინდელი განათლება საუკეთესო იყო, რა ხანია მოძველდა. წარსული წარსულშივე უნდა დარჩეს, რადგან შეუძლებელია, მასწავლებელმა თანამედროვე ბავშვს ძველებური სისტემით და მეთოდებით ასწავლოს, თუნდაც მათემატიკა ან უცხო ენა.

არიან მშობლები, რომლებიც გამუდმებით უკმაყოფილებას გამოხატავენ ბავშვის ნიშნების  გამო. ესენი შეფასებაზე ორიენტირებული მშობლები არიან. მათთვის შვილის დაბალი ქულა პანიკის საფუძველია. თუ ბავშვი ხშირად იღებს დაბალ შეფასებას, მშობლების აზრით, ეს მასწავლებლის უსამართლო დამოკიდებულების ბრალია. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, ძალიან აშინებთ უცოდინარი ბავშვის მშობლის იარლიყი და რეპუტაცია. პირიქითაც ხდება: დედას რომელიც გამუდმებით აკრიტიკებს შვილს დაბალი ქულების გამო, ეჭვი ეუფლება, როდესაც ბავშვი უეცრად მაღალი ქულების მიღებას იწყებს. აქ რაღაც ხდება, – ამბობს ის და გამოძიებას იწყებს…

მშობლის მხრივ ნიშნებზე და არა საგნის შინაარსზე ან სასარგებლო უნარებზე აქცენტირებას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.

ბოლო წლების კიდევ ერთი მანკიერი ტენდენცია: მშობლები ცდილობენ, დაიცვან შვილები, სულერთია რა გზით, საჩივრებით თუ მასწავლებლებთან ჩხუბით. ბავშვი მართალია, – მიაჩნიათ მშობლებს და შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ არა ყოველთვის. ასეთი მშობლები მოითხოვენ მასწავლებლების ლამის ლინჩის წესით დასჯა-გასამართლებას, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით. აი, მასწავლებელმა ბავშვს საშინაო დავალება არ შეუმოწმა, აი, უხერხულად იხუმრა ან ხმას ზედმეტად აუწია… მშობელს არ მოსწონს მასწავლებელი და მოითხოვს მის გამოცვლას, თანაც ისე, რომ ბავშვს არც ეკითხება. ზოგჯერ სკოლის ადმინისტრაციისთვის უფრო იოლია, დაემშვიდობოს მასწავლებელს, ვიდრე თავი აიტკივოს აბეზარ მშობელთან ურთიერთობით, რომელიც წამითაც არ ასვენებს.

გვახსოვდეს, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მონდომებულია, ასწავლოს ჩვენს შვილებს, თუნდაც მცირე ანაზღაურების ფასად და საკუთარი თავისუფალი დროის ხარჯზე. მათ უყვართ თავიანთი პროფესია, გვეხმარებიან ბავშვების განათლებაში და გვთხოვენ არც ისე ბევრს – უბრალოდ, მეტად მივენდოთ.

„ჩვენი სამხრეთი“ – მშობლებისა და შვილების პარალელური საკითხავი

0

ჩემი და ჩემი შვილების ზაფხული ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ვგეგმავდით. ჯერ უფროსმა შვილმა ხელი მოიტეხა, შემდეგ კოვიდი გვესტუმრა და თვითიზოლაციაში გადავედით. აგვისტოს დღეები, რომლებიც გასართობად, დასასვენებლად და ახალი ადგილების აღმოსაჩენად უნდა გამოგვეყენებინა, თვითიზოლაციის მოსაწყენმა და შფოთვით სავსე დღეებმა  გადაფარა. სწორედ ამ დროს დაიწყო  ცხრა წლის ანდრომ Მარიანე კაურინის წიგნის „ჩვენი სამხრეთის” კითხვა. დილით თვითონ კითხულობდა და მე მიზიარებდა წაკითხულს, საღამოს მე ვუკითხავდი და ერთად განვიხილავდით. ასე მივადექით იმ მრავალ თემას, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში კიდევ მოგვიწევს ლაპარაკი და შეიძლება იმ დროისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახდეს.

ცხრა წლის ბიჭისთვის „ჩვენი სამხრეთი” სხვანაირად საინტერესო აღმოჩნდა, ჩემთვის, მშობლისთვის – სხვანაირად საჭირო და სასარგებლო. კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი იმის შესახებ, რომ, თუ ჩვენ შვილებთან კავშირს არ გავწყვეტთ, მათთან საურთიერთობოდ სხვადასხვა მედიუმს გამოვიყენებთ, არ გაგვიჭირდება  წინააღმდეგობათა კვანძის გამოხსნა, მათი გაგება და მათი განცდების გათავისება.

წიგნი „ჩვენი სამხრეთი” მოზარდი გოგონასა და ბიჭის მეგობრობაზე გვიყვება. წიგნის გმირები თანაკლასელები – 12 წლის ინა და ვილმერი არიან. ზაფხულის არდადეგებზე  მათი კლასელები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან. ინასაც სურს, არ ჩამორჩეს თავის კლასელებს, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან და ამბობს სამხრეთით მივდივარო. სინამდვილეში არანაირი სამხრეთი არ არსებობს.  ვილმერი, ახალი კლასელი, კარგად ხვდება ინას გამოგონილი სამხრეთის მნიშვნელობას. ცდილობს, დაუახლოვდეს მას და ერთად წავიდნენ იქ, სამხრეთში, ზაფხულის გასატარებლად.

მეგობრების მიერ გამოგონილი წარმოსახვითი სამხრეთი კარგად გვიჩვენებს მოზარდების სწრაფვებს, მათ განცდებს, ემოციებსა და იმ სურვილებს, რომლებიც მშობლებისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ისინი კი ამ დროს სხვა თავშესაფარს ეძებენ, წარმოსახვით ადგილებს ირჩევენ, იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ და დრო უკეთესად გაატარონ.

ინას და ვილმერის სამხრეთი ბნელ სარდაფში მდებარეობს. ბავშვებმა სასიამოვნო ზაფხულის გასატარებლად სხვადასხვა მეორადი ნივთი მოაგროვეს: ძველი, დაჭმუჭნილი აუზი, მზის ჩასვლის დიდი პლაკატი, ოქროსფერი ქვიშა, წითელი ქოლგა და  „სამხრეთი” , წარმოსახვითი ქვეყანაც გამართეს. დღეებიც სწრაფად გადის, ისე მოსაწყენად და ზლაზვნით აღარ, როგორც მანამდე, როდესაც ინა ფარდებჩამოფარებულ ოთახებში დამალვას ცდილობდა, რომ შემთხვევით, რომელიმე მის კლასელს არ აღმოეჩინა, რომ ის არანაირ სამხრეთში არ წასულა  და მეტიც, ზაფხულს თავის მოსაწყენ, უსახურ გარეუბანში ატარებს. ინა  ინტერნეტიდან აღებული ზღვის ჩასვლის ხედებს კლასის ონლაინ ჯგუფში ტვირთავს, რომ სხვებსაც ანახოს, რა მშვენიერ ადგილას „ისვენებს”.

დარწმუნებული ვარ ბევრი მოზარდისთვის „ჩვენი სამხრეთი” იქნება პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ, რადგან ის განცდები, რაც ინას ტანჯავს, სხვებისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს  ნაცნობი. ისინი  შესაძლოა ვერ ბედავდნენ მშობლებთან გულწრფელ საუბარს, ვერ ეწინააღმდეგებოდნენ იმ სოციალურ წნეხს, რომელიც მათ საარსებო გარემოშია და ცდილობდნენ, ამას დაუპირისპირდნენ გამოგონილი ცხოვრებით, ფერადი ფილტრით დამუშავებული ფოტოებით, რომლებიც ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მომხიბვლელს წარმოაჩენს.

ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრებაში აუცილებლად დადგება ის ეტაპი, როდესაც  სხვა ადამიანები ჩვენზე უფრო ავტორიტეტული შეიძლება აღმოჩნდნენ. შესაძლოა, ჩვენმა შვილებმა მათ მეტი ყურადღებით მოუსმინონ და მათ სიტყვებს უფრო ენდონ. ეს მოზარდობის პერიოდია, როცა მშობელი ისეთივე „მნიშვნელოვანი სხვა” აღარ არის და „მნიშვნელოვანი სხვა” მათი თანატოლი, მათი მეგობარი ხდება. ამ კრიზისულ პერიოდში მოზარდები ძალიან მძაფრად და მტკივნეულად განიცდიან თავიანთი თანატოლების აზრს, მათ შეხედულებებს და ხშირად მათი გავლენის ქვეშაც ექცევიან. მოზარდებს აღელვებთ, როგორ გამოიყურებიან, როგორ აცვიათ მათაც და სხვებსაც, როგორია მათი საცხოვრებელი მეგობრების თვალით, როგორია მათი სოციალური ყოფა, აირჩევენ კი ის თანატოლები მათ სამეგობროდ, მიიღებენ ისინი სამეგობრო წრეში – ეს ის  საკითხებია, რომლებიც  ინას ასაკის ბავშვებს აფორიაქებს და სიმშვიდეს აკარგვინებს. მოზარდები ხომ გარემოს ერთმანეთის თვალით უყურებენ და მათ თვალებში ბევრი შიში და კითხვაა ასეთ დროს. ვინ არიან, რას გრძნობენ სხვა მოზარდები, რამდენად ღირებულია მათი გრძნობები, რა ტანჯავთ და აფორიაქებთ სხვებს  – ამ კითხვებზე ხშირად წიგნებიც გვპასუხობენ და „ჩვენი სამხრეთი” არა მარტო მოზარდებს, მათ მშობლებსაც დაგვეხმარება სწორი პასუხების მოძებნაში.

 

ვიზუალური გრამატიკის რესურსები

0

სწავლების პროცესში თავადაც დააკვირდებოდით, რომ იმას, რასაც მოსწავლეები ხედავენ, თვალით აღიქვამენ,  ტექსტებს, რომელთაც ილუსტრაცია ახლავს, საკითხებს, რომელიც ვიზუალური ნაწილით არის წარმოდგენილი,  უკეთ სწავლობენ. მხედველობითი მეხსიერება სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, ხოლო როდესაც საქმე აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხება, ვიზუალური ნაწილი, გრაფიკები, კოგნიტური სქემები თუ ილუსტრაციები უბრალოდ შეუცვლელია.

გიცდიათ შეგექმნათ ვიზუალური გრამატიკა, როგორც სასწავლო რესურსი? სხვადასხვა თამაშზე უკვე მომიყოლია, ახლა კიდევ რამდენიმე მაგალითს გაჩვენებთ, თქვენ დანარჩენი მოიფიქრეთ.

  1. ფონეტიკა და სიტყვის შედგენილობა, მარცვალი

მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ხოლმე დამარცვლა და გადატანისას შეცდომებსაც უშვებენ, ამასთანავე, საწყის ეტაპზე მარცვლებისგან სიტყვების შედგენაც საჭირო და აუცილებელი უნარია.

ამისთვის პლასტმასის პატარა ბურთებს დავაკრათ მარცვლები, შეგიძლიათ სათამაშო ლოტოტრონიც გამოიყენოთ ან უბრალოდ ტომარაში ჩაყაროთ ბურთები  და შემდეგ ჯერ მარცვლებისგან სიტყვები შეადგენინოთ და მერე შედგენილი სიტყვების დაშლა ასწავლოთ.

  1. პუნქტუაციური სტიკერები

სასვენი ნიშნების სწორად დასმა მოუგვარებელი პრობლემააა, სცადეთ და პუნქტუაციის სტიკერები გამოიყენეთ, ამისთვის, ორმაგი წებოვანი ლენტი და მრგვალ, პატარა ქაღალდის წრეებზე დაწერილი პუნქტუაციის ნიშნები დაგჭირდებათ, რომელთაც დავალების შემოწმების დროს თუ საკლასო დავალებისას კარგად გამოიყენებთ.

  1. გეომეტრიული ფიგურები

თვალსაჩინოებისათვის მეტყველების ნაწილებს გამოვსახავთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურით, მაგალითად, არსებითი სახელი კვადრატი იქნება, ზმნა – წრე და  ა.შ. წინადადების შედგენისას, უკვე წინასწარ დახაზულ გეომეტრიულ მიმდევრობაში ჩასვამთ მნიშვნელობებს, შეცვლით სიტყვებს და ერთგვარ რებუსებს თუ გრამატიკულ განტოლებებსაც მოამზადებთ.

  1. თამაში წინადადებით

წინადადება ენის ათვისების, ენობრივ სივრცეში თავისუფლად მოძრაობის, ენის სწორად გამოყენების  პროცესში უმთავრესი შემადგენელია. როგორია წინადადების სტრუქტურა და სახეები, წინადადების წევრები, სიტყვათა რიგი წინადადებაში და სხვა, წინადადებით სწორი „თამაში“ დაწყებით კლასებში ნიშნავს, რომ მას უფრო კარგად გავიგებთ და ვისწავლით სწავლების მაღალ საფეხურზე.

წინადადებით თამაშისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ, მაგალითად, სათამაშო კუბები, ლეგოს კონსტრუქტორი.

ბავშვები იზრდებიან და სხვადასხვაგვარი კონსტრუქტორი, რომლითაც თამაშობდნენ, აღარ აინტერესებთ. შეგვიძლია ეს სათამაშოები სასწავლო რესურსად ვაქციოთ. სათამაშო კუბებზე დავაწებოთ მეტყველების ნაწილების, წინადადების წევრების დასახელებები და, ასევე, სხვადასხვა სიტყვები, აუცილებელია, რომ მეტყველების არცერთი ნაწილი არ გამოგვრჩეს. შემდეგ ამ კუბებით ავაშენებთ წინადადებებს და განვიხილავთ მორფოლოგიური თუ სინტაქსური კუთხით.

  1. ზმნისწინებისა და თანდებულების ლაბირინთები:

ლაბირინთები და თავსატეხები ძალიან უყვართ ბავშვებს, სცადეთ, მათთან ერთად მოამზადოთ სამაგიდო თამაში- ლაბირინთი, სადაც დაბრკოლების გადალახვას ზმნისწინებისა და თანდებულების საშუალებით შეძლებთ. მაგალითად, მოთამაშეს აქვს ოთხი ბარათი- ერთზე უზმნისწინო ფორმაა, მეორეზე ზმნისწინი, მესამეზე- სახელი, მეოთხეზე-თანდებული- მოძრაობას აგრძელებს ის, ვისაც გაუმართლებს და გრამატიკულად სწორ ფორმას შექმნის.

  1. „ჯენგა“ საგაკვეთილო რესურსად

გამოკითხვა ხშირად სტრესულია ბავშვებისთვის, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მხიარული თამაში „ჯენგა“ გამოიყენოთ. ყოველ ცალკეულ ხის დეტალზე დააწერეთ საკითხი თუ კითხვა, რომელსაც მოსწავლემ უნდა უპასუხოს. „ჯენგა“ გამოგადგებათ სამეტყველო თამაშებისას, დიალოგების, წინადადების ასაწყობად. თუ სხვადასხვა ლექსიკურ ერთეულებს დააწერთ, ერთგვარ ხის „ლექსიკონს“ მიიღებთ, მოსწავლეს დაავალეთ, განმარტოს სიტყვა, რომელიც შეხვდა, გრამატიკული, ლექსიკური თუ სხვა კუთხით.

  1. ჩემი გრამატიკული CV

ამ აქტივობით რამდენიმე კურდღელს დაიჭერთ, ჯერ ერთი, საჭირო ცნებებს გაააქტიურებთ და თეორიულ მასალას პრაქტიკულით განამტკიცებთ მეორე, მოსწავლეებს საკუთარი ავტობიოგრაფიის მომზადებას, აწყობას, ინფორმაციის დახარისხებას ასწავლით.

გრამატიკული CV

ვინ? ( მე, სახელი, გვარი)

რა? ( რა საგანი მიყვარს? რა იქნება ჩემი სამომავლო პროფესია?)

როგორი? ( როგორი ვარ, ხასიათი, გარეგნობა)

სად? ( ქვეყანა, ქალაქი)

როგორ? ( როგორ ვატარებ თავისუფალ დროს, როგორ ვერთობი?)

 

და ასე ბოლომდე, სანამ თქვენთვის საინტერესო საკითხებს არ მოიცავთ ბოლომდე.

წარმოსახვითი უნარების განვითარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებში  მათემატიკის გაკვეთილზე

0

მათემატიკის როლი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში უაღრესად დიდია. სასკოლო საგნებს შორის ის ყველაზე მეტად მოითხოვს თანმიმდევრულობასა და სისტემატურობას. მათემატიკის სწავლების საკითხები ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს და, ბუნებრივია, ახლაც აქტუალურია. მათემატიკური უნარ-ჩვევების აუცილებლობა, ვფიქრობ, არაა სადავო, რადგან მოსწავლემ მცირე ასაკში უნდა ისწავლოს მათემატიკური აზროვნება და შეიძინოს ამ საგნისადმი პატივისცემა, სიყვარული, რაც, დამეთანხმებით, მარტივი სულაც არაა. ფანტაზიითა და იდეებით სავსე ბავშვებს მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილების შემდეგ უჭირთ ზუსტ მეცნიერებაზე  ყურადღების გადატანა  და ნებისყოფის გამოჩენა. მთავარ მიზანს მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, საგნისადმი ინტერესის გაჩენა და აღმოჩენილი პრობლემების, ჩავარდნების გამოსწორება წარმოადგენს.

ამჯერად შევეხებით დაწყებით საფეხურს, რადგან სწორედ აქ ეყრება საფუძველი ბევრ კოგნიტურ უნარ-ჩვევას. მათემატიკის სწავლების მიზანი დაწყებით საფეხურზე არის მოსწავლის აზროვნების, მსჯელობის უნარების განვითარება, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკური ობიექტების მოდელების აღმოჩენა და გააზრება. სწორედ ამ კუთხით შევეცდები წარმოვაჩინო სასკოლო და არასასკოლო აქტივობები და მათი გამოყენება სწავლების პროცესში. ამ აქტივობათაგან განსაკუთრებით საყურადღებოა წარმოსახვითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მათემატიკის სწავლების მიზანს – მსჯელობის, აზროვნების უნარების განვითარებასა და, რაც მთავარია, მათ ცხოვრებაში გამოყენებას. ეს ყოველივე განაპირობებს ამ თემის აქტუალობას, რადგან სწორედ ამ უნართა განვითარებაზეა ორიენტირებული, ფაქტობრივად, ყველა საგანი და სწორი სტრატეგიების, მეთოდებისა თუ აქტივობების შერჩევა, დაგეგმვა და გამოყენება გამოწვევად რჩება.

წინამდებარე ნაშრომი ეფუძნება, უპირველესად, პედაგოგიურ პრაქტიკას, წარმოსახვითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რომლებიც შევქმენი და გამოვცადე მოსწავლეებთან. ემპირიული მასალა სწორედ ამ აქტივობების თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან შედგება. აგრეთვე გამოვიყენე ლიტერატურა, რომლებიც უკავშირდება წარმოსახვას, ფანტაზიას, მის განვითარებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ესენია: ჟან პიაჟე, ჰოვარდ გარდნერი.

წარმოსახვითი უნარების განსავითარებლად დაწყებითი კლასის მოსწავლეებში გამოვიყენე რამდენიმე აქტივობა. პირველ რიგში, საყურადღებოა ის პრობლემები, რომლებსაც ამ უნარის განვითარებასთან დაკავშირებით ვაწყდებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეებში თავიდანვე იკვეთება მთავარი პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ფაქტობრივ ცოდნას, იცნობენ არითმეტიკას, გამოირჩევიან სხვადასხვა ჩვევით, მათ მაინც უჭირთ გონებაში პირობის წარმოსახვა.

ჟან პიაჟეს თეორიამ  უპასუხა უცნაურ კითხვას: რატომ შეიძლება გაუჭირდეს ფანტაზიით, იდეებით სავსე მოსწავლეს  პირობის  წარმოსახვით წარმოდგენა? მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, განახორციელოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას, მაგრამ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება და სინთეზი.

როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა?

ვინაიდან ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სწავლის სტილით, უნარებითა და მიდრეკილებებით, იმ რვა უნარიდან, რომელსაც გარდნერი გამოყოფს (ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ- სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური), ადამიანები შეიძლება ზოგიერთში გამოირჩეოდნენ და სხვა უნარებს კი ვერ ამჟღავნებდნენ. მის მიხედვით, ყოველი ადამიანი განსაზღვრულ სფეროშია ძლიერი, რისი გათვალისწინებაც სწავლების პროცესში აუცილებელია.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებში სასწავლო მასალის ვიზუალურად წარმოდგენა ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის ადვილად აღქმას, რადგან მათი აზროვნება თვალსაჩინო – ხატოვანია. მათემატიკის გაკვეთილზე მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები, პრაქტიკული სამუშაოები, საგანმანათლებლო თამაშები ხელს შეუწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც. მოსწავლემ უნდა დაინახოს საგანი ახალი კუთხით, ეძებოს მოვლენის მიზეზი და შესაძლო პასუხებიც განსაზღვროს. რათა შეძლოს ცხოვრებისეული და პრაქტიკული ამოცანების უკეთ გააზრება და გაკვეთილზე ნასწავლი მასალის გამოყენება.

წარმოსახვის განვითარება მიმდინარეობს სამ ეტაპად; საკუთარი ფანტაზიით წარმოდგენა, გარკვეული დროის შემდეგ გონებაში მისი გამეორება და წარმოსახვაშივე ცვლილების შეტანა.

არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებითაც შეიძლება მოსწავლეებში განვითარდეს და გამდიდრდეს წარმოსახვა.

მოდით, ვისაუბროთ კონკრეტულ მაგალითებზე

აქტივობა: „დაფიქრდი წარმოიდგინე და დახატე“.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ერთმანეთზე დადებულ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ, რა ფიგურა მიიღება საერთო ნაწილად ან გამთლიანებულად და დახატონ.

რეკომენდაცია: მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად. თითოეული ჯგუფიდან საფანქრეში უნდა ჩაიდოს იმდენი ფანქარი, რამდენი სწორი პასუხიც შეასრულა ჯგუფის თითეულმა წევრმა. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ბევრი ფანქარი შეაგროვა. ხდება ნამუშევრების გამოფენა და იმართება მსჯელობა.

რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ? რა გაგიძნელდათ? რას გრძნობდით თამაშის შესრულების დროს?

აქტივობა : „აღმოაჩინე ცვლილება“.

რეკომენდაცია: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სხვადასხვა ფორმის ფერად ფიგურებს. შემდეგ ბავშვები იღებენ მითითებებს:

„მოხერხებულად დაჯექით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეს ფიგურები. ამ დროს მასწავლებელი ფიგურების შემადგენლობაში ახდენს ცვლილებას. მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლე თვალს ახელს და ბავშვებს ევალებათ, დაასახელონ ცვლილებაში აღმოჩენილი ფიგურა და დახატონ.

აქტივობა „ამოიცანი ტოლი ფიგურები“

მასწავლებელი აჩვენებს რამდენიმე ფიგურას და მოსწავლე ცდილობს, ამოიცნოს, არის თუ მათ შორის ტოლი ფიგურები და დაასახელოს რომელი.

რეკომენდაცია: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ნახატებს, მოსწავლეებმა უნდა იპოვონ ტოლი ფიგურები. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ტოლ ფიგურას აღმოაჩენს.

მოიცანი ფიგურის დაკარგული ნაწილი.  ან  „შეადგინე ფიგურა“.

რეკომენდაცია: მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და თითოეულ გუნდს აძლევს დაჭრილი ბრტყელი ფიგურის ან დაშლილი სივრცული სხეულის შემადგენელ ნაწილებს. გუნდებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ააწყონ. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი შეასრულებს დავალებას.

აქტივობა „მოიფიქრე პასუხი“.

დაფაზე დაწერილ რიცხვით გამოსახულებას, მოსწავლე აკვირდება, გონებაში ასრულებს გამოთვლებს და ასახელებს პასუხს.

რეკომენდაცია: მასწავლებელი ჯგუფის წევრებს აყენებს წრეზე და აძლევს მითითებებს: „მე ბურთს გადავუგდებ ერთ ბავშვს და თან დავასახელებ იმ რიცხვითი გამოსახულების ნომერს, რომლის პასუხიც უნდა დაასახელოთ, და უგდებს მონაწილეს ბურთს. ვინც პასუხს ვერ მოიფიქრებს, თამაშიდან გადის. უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს არცერთი ბავშვი.

თამაშის ბოლოს იმართება მსჯელობა:

რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ? რას გრძნობდით თამაშის შესრულების დროს? რა გაგიძნელდათ?

მასწავლებელი მოსწავლეს დავალებად აძლევს, სხვადასხვა მიმართულებით გაჭრას სივრცული სხეულები (შეიძლება იყოს ბოსტნეული ან ხილი). მოსწავლემ უნდა დაინახოს, ყოველ გაჭრაზე კვეთაში მიღებული ბრტყელი ფიგურა და გადაიტანოს ნახატის სახით.

ასევე შეიძლება აჩვენოს სხვადასხვა სივრცული ფიგურა სხვადასხვა ხედით, მოსწავლემ უნდა შეამჩნიოს ბრტყელი ფიგურები და დახატოს ყველა შესაძლო ვარიანტი.

თაროებზე აწყვია სხვადასხვა ზომის წიგნები. დიდი მოცულობის წიგნზე უნდა იდოს მასზე პატარა მოცულობის წიგნი. მოსწავლემ ისე უნდა მოახერხოს წიგნების განლაგება, რომ პირობის გათვალისწინებით ერთ თაროზე მოათავსოს ყველა წიგნი.

 

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს დავალებას, მაგ: 5 სამკუთხედით, 5 კვადრატითა და 5 წრით შექმნას ნახატი. მოსწავლე თავისი ფანტაზიით ასრულებს დავალებას.

 

რეკომენდაცია: მასწავლებელი ჯგუფების თითოეულ წევრს ავალებს დიდი ფორმატის ფურცელზე დახატოს საკუთარი ნახატის ვერსია. ჯგუფთან ერთიანობის შეგრძნება მოსწავლეს ეხმარება, ხალისით გაართვას თავი დავალებას.

მოსწავლეებს დავალებად უნდა მიეცეთ მათემატიკური პირობების გონებაში წარმოდგენა და მათზე დაყრდნობით მოდელების, აპლიკაციების, ნახატების, სქემებისა და დიაგრამების შექმნა. ასევე პირიქით ნახატების, სქემების, ცხრილებისა და დიაგრამების საფუძველზე მათემატიკური პირობების შედგენა.

იხ დანართი 1.

მოსწავლეებმა დაამზადონ სივრცული ფიგურის მოდელები, ორიგამები. მოდელებზე დაკვირვებით შეამჩნიონ კანონზომიერებები (მაგ: ეილერის ფორმულა).

იხ. დანართი 2

ფოტოკოლაჟის შექმნა, სადაც მოსწავლე თავს მოუყრის რეალურ ცხოვრებაში აღმოჩენილ მათემატიკურ სიტუაციებს, საგნებს და სიმბოლოებს, რის შედეგადაც მოეწყობა პრეზენტაცია კონკრეტულ სურათზე დაყრდნობით – რა კავშირი აღმოაჩინეს მათემატიკასთან.

ტომარაში მოთავსებულია გეომეტრიული ფიგურები, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მხოლოდ ხელის შეხებით ამოიცნონ ფიგურები. აქტივობის ბოლოს მოსწავლეების პასუხობენ კითხვებზე – რას გრძნობდით სავარჯიშოს შესრულების დროს? რა გაგიძნელდათ?

მოსწავლეებს მიეცეთ დავალებად, დაწერონ მათემატიკური ზღაპრები.

მითითებები: ზღაპრები იქმნება სათაურების მიხედვით სასწავლო მასალების ადვილად ასათვისებლად „ერთხელ მათემატიკის სამეფოში“, „როგორ შეიქმნა მათემატიკის გაკვეთილი“, „მათემატიკის პლანეტა“, „ნული და ნატურალური რიცხვები“, „მეგობრული რიცხვები“, „ამბავი ცამეტისა“, „როგორ გაჩნდა ათიანი“, „ციფრთა სამყაროში, „სხივი“, „წერტილი და წრფე“, „ჯადოსნური ფიგურები“, „წრე და კვადრატი“, „სამკუთხედი და კვადრატი“, „სახალისო გეომეტრია“, „აქა ამბავი წესრიგისა და ჰარმონიისა“, „არითმეტიკის სამეფოს მბრძანებელი“, „დაკარგული რიცხვები“ და ა.შ.

ხდება შესრულებული დავალებების კლასის წინაშე წარდგენა მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:

რა გაგიძნელდათ ზღაპრის შედგენისას? რა მოგეწონათ ზღაპარში? რა არ მოგეწონათ? მონაწილეობს ყველა.

იქმნება ზღაპრების ილუსტრაციები .

ბავშვები არჩევენ ზღაპრებს, რომელთა მიხედვით სურთ, მოამზადონ წარმოდგენა. ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს როლი და ითამაშოს წარმოდგენაში.

(იხილეთ ბმული https://www.youtube.com/watch?v=_Lcz7ZOE1JE&t=2364s)

მოსწავლის ნამუშევარი იხ. დანართი 3.

მოცემული სურათის მიხედვით მოსწავლემ უნდა ამოიცნოს, მიიღება თუ არა ერთი ფიგურის მობრუნებით  მეორე ფიგურა.

რეკომენდაცია: მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად. თუ ჯგუფი ეთანხმება, აწევს მწვანე ბარათს თუ არ ეთანხმება – წითელ ბარათს.

 

ამგვარად, სტატიაში შემოთავაზებული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მათემატიკის გაკვეთილზე წარმოსახვითი უნარების განვითარებას. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსწავლეს დავეხმაროთ, დარწმუნდეს საკუთარ შემოქმედებით ძალებში, არ შეუშინდეს საკუთარი აზრის თამამად გამოთქმას; იცოდეს, რომ ფანტაზიის თავისუფლების მიუხედავად, კრიტიკული გადაფასების შემთხვევაში ფანტაზიის ნაწილი უკუგდებული იქნება. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს, ადვილად დაძლიოს საგნის მიმართ სამომავლო გაუცხოება, რადგან მაღალ კლასებში გართულებული მასალის მიმართ შიშისა და აქედან გამომდინარე გაჩენილი დაბალი თვითშეფასების აღმოფხვრა გაცილებით რთულია.

 

წარმოსახვითი უნარების განვითარებას შეუძლია უკეთესობისაკენ შეცვალოს მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის დონე. განუვითაროს მოსწავლეს შემოქმედებითობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე. საკმარისია შემოთავაზებული აქტივობების მოდიფიცირება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნის მასწავლებლისთვისაც.

დღეს ჩვენს მოსწავლეებს უწევთ ახალ რეალობაში ცხოვრება, ახალი გამოწვევების მიღება. საკუთარი ცოდნის გამოყენების მეტი მოქნილობა და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება. ამიტომ აუცილებელია სწავლების პირველივე საფეხურზე ვიზრუნოთ წარმოსახვითი უნარების განვითარებაზე.

დანართი 1.

 

დანართი 2. ზღაპრის ნიმუში:

ცაში რომ აიხედავ, უამრავ ვარსკვლავს დაინახავ.

აი სწორედ იქ უფლისწულის, პითაგორას პლანეტაა გეომეტრია.

პატარა პრინცს მხოლოდ დღისით სძინავს და ღამით კი ვარსკვლავებთან თამაშობს.

ერთ საოცარ ღამეს პითაგორამ შენიშნა, რომ ორი ვარსკვლავი განსაკუთრებულად მკვეთრად აციმციმდა, ისინი ცდილობდნენ, ერთმანეთისათვის სხივები ესროლათ, რომ შეძლებოდათ ჩახუტება და თამაში, მაგრამ რაღაც ძალა განიზიდავდა მათ.

უფლისწული დაფიქრდა და აზრი მოუვიდა: ჯადოსნური ჯოხით გაავლო მათ შორის ხაზი და დააკავშირა.

ბედნიერი ვარსკვლავები მადლობას უხდიდნენ და პრინცი მიხვდა, რომ ეს ორი ვარსკვლავი სამუდამოდ დაამეგობრა და დააკავშირა. ვარსკვლავებს ლათინური ასოები A და B მიახატა და AB მონაკვეთი დაარქვა.

ჰოი საოცრებავ, სხვადასხვა ფერით აციმციმდნენ დანარჩენებიც. ანიშნებდნენ, ჩვენც დაგვაკავშირეო. ზოგს წყვილად უნდოდა ყოფნა, ზოგს სამეულებად, ოთხეულებად და ასე შემდეგ. თითოეულს ასოები დააწერა და დაკავშირებული სამეულები და ოთხეულები გააფერადა.

  • ასე შეიქმნა გეომეტრიული ფიგურები სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი და ასე შემდეგ.

 

 

დანართი 3

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. (პედაგოგიკის საკითხები, მანანა ბოჭორიშვილი, გამომცემლობა „უსტარი“, ჟან პიაჟე – ინტელექტის განვითარების თეორია, თბილისი, 2013, გვ. 66-74).
  2. (პედაგოგიკის საკითხები, მანანა ბოჭორიშვილი, გამომცემლობა „უსტარი“, ჰოვარდ გარდნერი – მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, თბილისი, 2013, გვ. 76-78).
  3. მასწავლებლის პროფესიული განვითარების მზამკვლევი
  4. განმავითარებელი თამაშების სამაგიდო ენციკლოპედია. ლია შალვაშვილი, გამომცემლობა „შემეცნება“, თბილისი, 2017.

 

ნიჭიერი მოსწავლეები და დიფერენეცირებული სწავლების მიდგომები

0

დიფერენცირებული სწავლება თანამედროვე სკოლის აქტუალური გამოწვევაა. ხშირად ის აღიქმება როგორც სწავლის უნარის პრობლემის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საშუალება. მაგრამ საკლასო ოთახებში გვხვდებიან ნიჭიერი მოსწავლეებიც, რომლებსაც თუ მკვეთრად გამოხატული უნარები არ ეტყობათ, მეტწილად ვერც ამჩნევენ მასწავლებლები. შესაბამისად, არც მათი უნარების ხელშეწყობა ხდება და დროთა განმავლობაში მათაც ვეღარაფრით გამოვარჩევთ სხვებისაგან. უმეტესად ეს იმის გამოა, რომ მასწავლებლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, სწორად შეაფასონ მოსწავლის შესაძლებლობები ან ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ, როცა ასეთი მოსწავლე აღმოჩნდება მათ წინაშე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მათთვის საინტერესო შესასწავლი საკითხის შინაარსი. ამ დროს გამოვლენილი კრეატიულობა (ჰიპოთეზები, იდეები…) გამოხატავს მათ მზაობას პრობლემის გადასაჭრელად.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების კრეატიულობის მაჩვენებელია:

  • იდეების რაოდენობა;
  • მოქნილობა და მრავალფეროვანი წინადადებები;
  • ორიგინალურობა;
  • საკითხების დეტალიზება.

მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს, რამდენად აქვს საქმე „განსაკუთრებულობასთან“, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მისგან დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს.

მაინც რა ნიშნით უნდა მივხვდეთ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

  1. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მოსწავლის განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრება.
  2. მომდევნო ეტაპია დიაგნოსტირება – მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების დადგენა.
  3. მესამე ეტაპზე ფსიქოლოგი ერთვება და გამოყოფს, მოსწავლის ნიჭიერება ზოგადია (როგორია მისი საერთო, გონებრივი, ინტელექტუალური უნარები, რომლებიც ვლინდება მრავალმხრივად, მათ შორის – სწავლაშიც) თუ სპეციალური (ნიჭიერება ვლინდება ცალკეულ დისციპლინებში, მაგალითად, ენის შესწავლაში, მათემატიკაში და ა.შ. ესაა ნიჭიერება აკადემიური, მხატვრული და შემოქმედებითი მიმართულებით).

„ზოგად“ და „სპეციალურ“ ნიჭიერებას აქვს ასაკობრივი ასპექტიც. ადრეული ასაკის ბავშვებთან მათ უწოდებენ ხან „საზოგადო“, ხან „უნივერსალურ“ შესაძლებლობებს. ასაკთან ერთად ის ხდება უფრო მეტად „უნივერსალური“, „ზოგადი“ შესაძლებლობები კი ძირითადად სპეციფიკური ხასიათისაა და კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით „გადამისამართდება“. ამიტომ სანამ „გზები გაიყოფოდეს“, ფსიქოლოგების რჩევით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს აღვიქვამდეთ როგორც „უნივერსალური“ შესაძლებლობების მქონე ინდივიდს.

ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენისა და მათთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო შედეგს იძლევა პროფილური დიფერენციაცია. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომლებიც მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას უწყობს ხელს. არის ისეთი სავარჯიშოებიც, რომლებიც გაკვეთილზე აქტიურად შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა და ამით გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, ხელი შეუწყოს როგორც ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას, ისე მთელი კლასის გააქტიურებასაც.

მთავარია, როგორც კი კითხვა გაგვიჩნდება, სწრაფად მოვახდინოთ დიაგნოსტირება. ამ მიზნით:

  1. ვთხოვოთ მოსწავლეს, შეავსოს ტესტი „სასკოლო მოტივაცია“, რომელიც მიმართულია ინდივიდის დომინანტი მოტივატორების წარმოჩენისკენ;
  2. კრეატიულობის დიაგნოსტიკისთვის ჩავრთოთ ტორენსის ტესტიც – „დაასრულე ნახატი“: https://en.wikipedia.org/wiki/Torrance_Tests_of_Creative_Thinking

განსაკუთრებულად შემოქმედებითი ბავშვების შემთხვევაში – https://psycabi.net/testy/577-test-kreativnosti-torrensa-diagnostika-tvorcheskogo-myshleniya)

  1. შევავსებინოთ რეივენის ინტელექტის ტესტი (არავერბალური მიმართულებით) ან ე.წ. რეივენის პროგრესული მატრიცები (https://www.123test.com/raven-s-progressive-matrices-test/).

 

მეორე საკითხია, როგორ მოვიქცეთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მოსწავლე განსაკუთრებულად ნიჭიერია, როგორ შევუწყოთ ხელი.

არსებობს სავარჯიშოები, რომლებიდანაც, სასურველია, ერთი მაინც შევასრულებინოთ რეგულარულად ნიჭიერ მოსწავლეს, იდეალურ შემთხვევაში – ყოველდღიურად.

სავარჯიშო N1„და მაინც, მათ ბევრი აქვთ საერთო“: ავიღოთ ორი არსებითი სახელი, რომლებიც სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. გადავშალოთ ლექსიკონი და ნებისმიერი გვერდიდან ნებისმიერი სიტყვა ავირჩიოთ. მოსწავლემ ამ ორ სიტყვას შორის უნდა იპოვოს მსგავსება, მოიგონოს, შეთხზას რაიმე დაუჯერებელი ისტორია, სიუჟეტი, რომლითაც ისინი ერთმანეთს დაუკავშირდება.

მაგალითად: „რა საერთო შეიძლება ჰქონდეს „თვალს“ და „ონკანს?“

ნიჭიერი მოსწავლის სავარაუდო პასუხები:

  • ორივეში არის ასო-ბგერა „ა“.
  • თვალით შეგვიძლია დავინახოთ ონკანი, ხოლო ონკანით – მოვიბანოთ თვალი.
  • ორივედან მოდის წყალი.
  • ორივე შეიძლება დაზიანდეს.

ან: „თვალის მკურნალობა ძვირი ღირს, ხოლო ონკანის შემკეთებელს, გუშინ რომ გვესტუმრა, თვალი დაზიანებული ჰქონდა…“

სავარჯიშო N2 – „შეშლილი გენეტიკოსი“: საჭიროა ქაღალდი და ფანქარი. როგორ ხატავს მოსწავლე, არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ინტერესი. მან უნდა დახატოს ფანტასტიკური ცხოველი, რომელიც რაღაც ნიშნებით რეალურ ცხოველებს ჰგავს. ასეთი სამუშაოს დროს აუცილებლად გამოჩნდება, რამდენად მდიდარია მოსწავლის ფანტაზია.

სავარჯიშო N3 – „შეშლილი არქიტექტორი“: ვთხოვოთ მოსწავლეს სახლის დახატვა. მანამდე ავარჩევინოთ ნებისმიერი 10 სიტყვა. დავალება: „თქვენ ხართ არქიტექტორი, რომელიც თანახმაა, დიდი თანხა გადაიხადოს სახლის ესკიზში, რომელშიც უნდა ჩანდეს… (და შემდეგ მოსდევს ის 10 სიტყვა). მაგალითად,

  • „სინათლე“ – ანუ სახლი უნდა იყოს „ნათელი“;
  • „სპილო“ – სახლი უნდა იყოს მონოლითური და ჰქონდეს მოწესრიგებული წყალსადენი სისტემა;
  • „აისბერგი“ – სახლი უნდა იყოს ზაფხულში გრილი და ზამთარში თბილი და ა.შ.

სავარჯიშო N4 – „ათს მივუმატოთ ათი“: მოსწავლემ შეარჩიოს ნებისმიერი 10 არსებითი სახელი/ცნება, დახაზოს ორსვეტიანი ცხრილი და ერთ სვეტში ჩამოწეროს ცნების შესაბამისი 10 ზედსართავი სახელი/განსაზღვრება. მაგალითად, „ქუდი: დიდი; პატარა; ლურჯი; მწვანე; თბილი; მოდური; ლამაზი… და ა.შ.“, მეორე სვეტში კი – ის განსაზღვრებები, რომელებიც მას არ შეესაბამება. თუმცა ბოლომდე საპირისპირო ცნებების მოძებნა ადვილი არ არის.

სავარჯიშო N5 – „და ამას ეწოდება…“: სავარჯიშო შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავამეორებინოთ. დავალება: „როგორც კი რაიმე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, წარმოიდგინეთ, რომ მას უცქერით როგორც სურათს. შემდეგ მოიფიქრეთ სახელწოდება – დაასათაურეთ სურათი“. მაგალითად, „ნაცნობი“ (წარმოიდგინეთ, როგორ ზის თქვენი ნაცნობი თავის სამუშაო მაგიდასთან), „ხედი ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან“ (როდესაც ცუდ გუნებაზე ხარ) და სხვ.

არსებობს ისეთი სავარჯიშოებიც, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ნიჭიერი (აქტიური/პასიური) მოსწავლეების გამოვლენას, ისე მთელი კლასის გააქტიურებასაც. მასწავლებლის მოვალეობაა, ორგანიზება გაუწიოს მათ საქმიანობას. მაგალითად, შესაძლებელია ამ ტიპის სავარჯიშოების გამოყენება:

  • „დაინახე და დაიმახსოვრე“: ა) მოსწავლეები შეხედავენ საგანს და აღწერენ, რაც დაამახსოვრდათ; ბ) შემდეგ კიდევ ერთხელ შეათვალიერებენ და იპოვიან იმ თავისებურებებს, რომლებიც გამორჩათ და არ დაამახსოვრდათ; გ) ბოლოს, ჯერ ერთიანობაში ახასიათებენ და აღწერენ საგანს, მერე კი მის დეტალებზე გაამახვილებენ ყურადღებას. პარალელურად პასუხობენ მასწავლებლის კითხვას: „რას გაგონებს საგანი ამ ეტაპზე?“
  • „აბა, მიპოვე“ (ეს სავარჯიშო გრძელდება რამდენიმე წუთი და ყოველ „შეჩერებაზე“ პასუხის დრო ნელ-ნელა მცირდება):

ა) პირველი ნახევარი წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა იპოვონ საკლასო ოთახში ის ნივთები, რომლებიც კონკრეტულ ასო-ბგერაზე, მაგალითად, „კ“-ზე იწყება (ვთქვათ, „კომპიუტერი“);

ბ) შემდეგ შებრუნდნენ კედლისკენ, „ჩართონ“ ვიზუალური მეხსიერება, აღქმითი პროცესები და დაახასიათონ აღნიშნული საგანი;

გ) შემდეგ ხელახლა შეხედონ მოცემულ საგანს, ისევ შებრუნდნენ კედლისკენ და შეეცადონ, შეავსონ ინფორმაცია იმ დეტალებით, რომლებიც გამორჩათ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ნიჭიერების განვითარებას თავისი ეტაპები აქვს. თუ ხელს შევუწყობთ მოსწავლეს, წინ წავა. სხვა შემთხვევაში ისიც გახდება დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული, გარდა ერთისა – ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობისას დიფერენცირებული მიდგომების სათანადო გამოყენება, რაც მთელი კლასის ეფექტიან მუშაობასაც შეუწყობს ხელს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...