ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

თაობა Z ანუ „დაჰაკე სისტემა“

0

„შეინ მაკკონკი ჩემი კერპია. მე ის შემიყვარდა, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო მოთხილამურეა. მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რა მომწონდა შეინში. ის იყო ჰაკერი. არა კომპიუტერული ჰაკერი, მაგრამ მან „დაჰაკა სათხილამურო სპორტი“. მისმა შემოქმედებითობამ და გამოგონებებმა თხილამურები ისეთი გახადა, როგორიც მე მიყვარს“.

Logan LaPlante – TED -ზე: „მე მინდა ვიყო ბედნიერი და ჯანმრთელი!“ (GEN.Z)

მაინც რა გამოარჩევს Gen. Z და Alpha თაობას წინა თაობებისგან? დამეთანხმებით, რომ ეს თაობები ყველაზე მეტად არიან „ციფრულები“. ისინი თითქოს სმარტფონებით და შესაბამისი მზა უნარებით დაიბადნენ და ორ განზომილებაში ცხოვრობენ თანაბრად: რეალურსა და ვირტუალურში. ფაქტობრივად, კიბორგები არიან.

პირველი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელსაც მკვლევრები გამოყოფენ, ეს არის – ციფრულობა და მათი დამოკიდებულება დროის კონცეპტთან და მომავალთან.

ამ თაობისთვის განსხვავებულია დროის აღქმა. გამუდმებული სქროლვის ჩვევა მათში „მოკლე მეხსიერებას“ გამოიმუშავებს. შესაბამისად, ამ თაობებს არ შეუძლიათ / არ სურთ მომავლის ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ წინა თაობები 5-10 წლით გეგმავენ მომავალს, ჯენზისთვის ეს წარმოუდგენელია. ისინი არიან მუდმივად ცვალებადი სამყაროს შვილები და უკვე ადაპტირდნენ ამ მოცემულობასთან.

ამ თავისებურებებიდან გამომდინარე:

  • ჯენზის არასდროს არ უნდა ჰკითხოთ: როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
  • ისინი ცოდნას არ ინახავენ და არ აგროვებენ;
  • მათ არ სჭირდებათ ისწავლონ რაღაც, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალში გამოადგებათ;
  • ეს თაობა არის აწმყოს, პროცესის თაობა;
  • მათთვის გაუგებარია: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“.

ასეთი სიბრძნეების მიმართ მათი დამოკიდებულება არის ირონიული.

შესაბამისად, პროფესიებთან ზუმერების (იგივე თაობა Z) დამოკიდებულება ცვალებადი და სპონტანურია. მათ კარგად იციან, რომ ციფრულ სამყაროში ტრადიციული პროფესიები ქრება და ახალი პროფესიები ჩნდება. ამიტომ ისინი წლებს არ დაკარგავენ იმ პროფესიის შესწავლაში, რომელიც ხვალ აღარ იქნება! ამასთანავე, უპირატესობას ანიჭებენ ციფრულ და უწყვეტ განათლებას.

თაობა Z არ ცნობს იერარქიასა და ავტორიტეტს. ციფრულ სამყაროში ისინი ყველა ადამიანს თანასწორად მიიჩნევენ. მათი აზრით, პატივისცემას იმსახურებს ადამიანის პიროვნული თვისებები და არა მისი ოჯახური მდგომარეობა და სტატუსი.

ზუმერებს განსაკუთრებით არ მოსწონთ დაწესებული გრაფიკით სწავლა ან მუშაობა. ისინი საკუთარ გრაფიკს ადგენენ.

ერთი შეხედვით, ამ თაობას არ უყვარს კომუნიკაცია, რაც ასე სულაც არ არის. უბრალოდ, კომუნიკაცია გადანაცვლებულია ციფრულ სამყაროში, სადაც საკმაოდ აქტიური არიან და სხვა თაობებისგან განსხვავებით, გამოირჩევიან ციფრული კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარებით.

ზუმერების მამოძრავებელი ცხოვრებაში არის ინტერესი. თუ ისინი არ დაინტერესდნენ, არც ისწავლიან და არც იმუშავებენ, რაც არ უნდა დიდი ხელფასი და ჯილდო შესთავაზოთ.

ზუმერებისთვის აუცილებელია, გაიგონ, რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ. მოვალეობის გამო არ ელოდოთ, რომ რამეს გააკეთებენ. ისინი არ ისწავლიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია მისი კარიერისთვის ან მშობლების გასახარებლად. მათ სჭირდებათ ცოდნა ყოველდღიური ამოცანების გადასაჭრელად და არა შესანახად.

ზუმერების კლასიკური ნიმუშია 13 წლის Logan LaPlante-ს 11 წუთიანი გამოსვლა TEDx Talks -ზე: „მე მინდა ვიყო ბედნიერი და ჯანმრთელი!“. ამ გამოსვლას 10 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და რეიტინგების სამეულში იყო. რაც ზემოთ დავწერე და რის დაწერასაც ვაპირებდი, ყველაფერი ამ გამოსვლაშია. თინეიჯერი სფიჩს ასე იწყებს:

„ბავშვებს უსვამენ ერთსა და იმავე მომაბეზრებელ კითხვას: „ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ უფროსები იმედოვნებენ, რომ გაიგონებენ, მაგალითად, რომ მე მინდა, გამოვიდე კოსმონავტი ან ნეიროქირურგი. ოჰ, ეს უფროსები და მათი ოცნებები. ბავშვი დიდი ალბათობით უპასუხებს, რომ სურს, გახდეს პროფესიონალი სკეიტბორდისტი, სერფერი ან Minecraft-ის მოთამაშე. ეს კითხვა ჩემს უმცროს ძმას დავუსვი და მან მიპასუხა: „მეგობარო, 10 წლის ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ მოთხილამურე. წავიდეთ, ნაყინი ვჭამოთ!”.

გაიგეთ, რომ ჩვენ, ბავშვები, ვსაუბრობთ იმაზე, რაც გვაინტერესებს, რასაც ვთვლით, რომ მაგარია! ის, რაც ჩვენ გამოვცადეთ, ჩვეულებრივ არ ემთხვევა იმას, რისი მოსმენაც ჩვენგან უფროსებს სურთ. მაგრამ თუ ბავშვს ჰკითხავთ, გაქვთ შანსი, მიიღოთ საუკეთესო პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივი და აშკარა, მაგრამ ძალიან ღრმა – როცა გავიზრდები, მინდა ვიყო ბედნიერი.

13 წლის მოზარდი ენთუზიაზმით საუბრობს თანამედროვე მოსაწყენ განათლებაზე და მხოლოდ კი არ საუბრობს, მან თავისთვის გამოსავალიც ნახა.

ლოგანი 9 წლის იყო, როცა მშობლებმა სკოლიდან გამოიყვანეს და მას კარგად ახსოვს დედამისის ცრემლები, როცა ამის გამო ახლობლებმა შეაჩვენეს და უთხრეს, რომ თვითონ გიჟი იყო და ბავშვის სკოლიდან გამოყვანა კი – სულელური აზრი. როგორც ცხოვრებამ აჩვენა, (დღეს ლოგანი 20 წლის წარმატებული და ბედნიერი ახალგაზრდაა) არც დედა შემცდარა და არც შვილი. ასე ხდება, როდესაც ღრმა შინაგან და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებ.

ამ გამოსვლაში[1] Logan LaPlante ერთ უნიკალურ მეთოდზე გვიყვება, რომელიც, ჩემი აზრით, აღწერს, როგორ უყურებენ ზუმერები განათლებას. ამ მეთოდს იგი „ჰაკერულ აზროვნებას“ უწოდებს. ჰაკერი აქ მეტაფორაა, როგორც თქვენც მიხვდებოდით, მეტაფორა, რომელიც უზუსტესად გვაჩვენებს თაობის სულისკვეთებას, რომ ყველაფერი გააკეთონ სწრაფად და მაღალი შედეგებით. ამისთვის კი საუკეთესო გზაა, იფიქრო, როგორც ჰაკერმა. არსებობს მოსაზრება, რომ ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს. იმისათვის, რომ ადამიანმა სწრაფად მიაღწიოს საუკეთესო შედეგს, საჭიროა, „დაჰაკოს“ ის სისტემა, რომელიც ასე საინტერესოა მისთვის.

ეს ვრცელი ამონარიდიც თქვენთვის ვთარგმნე ქართულად ამ გამოსვლიდან: „ბევრი ფიქრობს, რომ ჰაკერები კომპიუტერით შეპყრობილები არიან, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და კომპიუტერულ ვირუსებს უშვებენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჰაკერები ინოვატორები არიან. ჰაკერები არიან ადამიანები, რომლებიც ცვლიან სისტემას, რათა მან იმუშაოს სხვაგვარად, უკეთესად. ისინი აზროვნებენ, მათ აქვთ ტვინის საწყობი.

მე ვიზრდები სამყაროში, რომელსაც სჭირდება მეტი ჰაკერულად მოაზროვნე ადამიანი და არა მხოლოდ ტექნოლოგიაში. ყველაფერს ჰაკი სჭირდება, თხილამურებით სრიალსაც კი, განათლებაც კი.

აიღეთ სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი ან შეინ მაკკონკი – ჰაკერულ აზროვნებას შეუძლია შეცვალოს სამყარო. ჯანმრთელობა, ბედნიერება, შემოქმედებითობა და ჰაკერული აზროვნება – ეს არის ჩემი განათლების დიდი ნაწილი. მე ამას ვეძახი „ჰაკერულ სწავლებას“. მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული პროგრამა და არ მივყვები ვინმეს კონკრეტულ მიდგომას. ვჰაკავ ჩემს განათლებას. ვიყენებ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩემი საზოგადოება, მეგობრები და ოჯახი მაძლევს. ვიყენებ შესაძლებლობას, განვიცადო ის, რასაც ვსწავლობ. მე არ მეშინია, ვეძებო მოკლე გზები და ჰაკები იმისათვის, რომ სწრაფად მივიღო საუკეთესო და სასურველი შედეგი. ეს ჰგავს ცოდნის რემიქსს ან კოლაჟს. ეს არის მოქნილი, დაგეგმვის გარეშე მიდგომა, რომლის თვალთახედვის არეში ყოველთვის არის: ბედნიერება, ჯანმრთელობა და შემოქმედებითობა. მაგრამ ყველაზე მაგარი თავად აზროვნების ფორმატია და არა განათლების სისტემა. ყველას შეუძლია გამოიყენოს „ჰაკერული განათლება“, თუნდაც ჩვეულებრივ სკოლებში“.

ამ გამოსვლაში ყველაფერი თქვა ლოგანმა, რაც მე მიფიქრია, მიკვლევია და დამიწერია განათლებაზე.

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენ ამ თაობას ვასწავლით…

 

[1] https://www.youtube.com/watch?v=h11u3vtcpaY&t=489s

 

თეთრი სპილო

0

ძველად ლაოსში, ბირმასა და ტაილანდში თეთრი სპილო სამეფო ფუფუნებისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო. ასეთ სპილოს მხოლოდ ფუფუნებაში უნდა ეცხოვრა, მისი სამუშაოდ გაყვანა და დაღლა არ შეიძლებოდა. ამიტომ, როცა ვინმე დიდგვაროვანი მეფის რისხვას დაიმსახურებდა, მეფე მას თეთრ სპილოს სჩუქნიდა. საჩუქრის ადრესატი სპილოს ვერც გაყიდიდა, ვერც საქმეში გამოიყენებდა. სამაგიეროდ, მეფურად უნდა შეენახა და ასეთი ხარჯით ზოგიერთი ბოლოს კოტრდებოდა კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „თეთრი სპილო“, რაც ძალიან ძვირად ღირებულ და აბსოლუტურად უსარგებლო ნივთს ნიშნავს.

მე-18 საუკუნეში ცნობილ პარიზელ იუველირებს ბომერსა და ბასანჟს სწორედ „თეთრი სპილო“ შერჩათ ხელში. ეს „სპილო“ ბრილიანტის მასიური კოლიე გახლდათ, რომელიც საფრანგეთის მეფის დაკვეთით შექმნეს.

საქმე ასე იყო: 1772 წელს 62 წლის ლუდოვიკო მეთხუთმეტემ ორ იუველირს თავისი საოცნებო ქალისთვის, მადამ დიუბარისთვის, კოლიე შეუკვეთა. მარტო ბრილიანტების მოგროვებას რამდენიმე წელი დასჭირდა. მსხვილი ბრილიანტი 647 იყო, საშუალო და პატარა – გაცილებით მეტი. კოლიე 2 მილიონ ლივრად შეაფასეს, რაც თანამედროვე ფულზე დაახლოებით 14 მილიონი დოლარი გამოდის.

როდესაც კოლიე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა, ლუდოვიკო მეთხუთმეტე უკვე აღარ იყო ცოცხალი, მადამ დიუბარი სადღაც გააქრეს, ახალ მეფეს ლუდოვიკო მეთექვსმეტეს კი ამ ზღაპრულად ძვირი კოლიეს გაგონებაც არ უნდოდა. არადა, საიუველირო ფირმამ მასში მთელი ქონება ჩადო. ვალები რომ გადაეხადათ, იუველირებმა მარია-ანტუანეტას შესთავაზეს კოლიეს ყიდვა, მაგრამ დედოფალმა იუარა, ჯობს, ქვეყანამ ეს ფული გემების შეძენაში დახარჯოსო. არა, მარია ანტუანეტა სამკაულების მოძულე არ ყოფილა. უბრალოდ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისე სძულდა მადამ დიუბარი, რომ მისთვის დამზადებული კოლიეს ტარებაც კი არ სურდა.

საბრალო იუველირებმა მთელი ევროპა მოიარეს და ყველა მდიდარს შესთავაზეს სამკაული, ფასიც გვარიანად დააკლეს. კინაღამ თურქეთის სულთანს შეაჩეჩეს, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

1784 წელს პარიზში ახალი ვარსკვლავი, კარდინალ რაგანის ახლობელი, გრაფინია დელამოტ-ვალუა გამოჩნდა. ქალმა ყველა დაარწმუნა, რომ დედოფლის უახლოესი მეგობარი იყო,  თუმცა მოგვიანებით გაირკვა. რომ ცრუობდა. იუველირებმა მისი თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და მსუყე საკომისიოს სანაცვლოდ სთხოვეს, სამკაული როგორმე დედოფალს შეაჩეჩეო. გრაფინია დათანხმდა და საქმე ისე დახლართა, კოლიე კარდინალ რაგანს ორწლიანი განვადებით შეაძენინა. ყელსაბამი მაშინვე ინგლისში გააქანეს, დაშალეს და ქვები შავი ბაზრის გზას გაუყენეს.

ამის შემდეგ სად გაქრა ბრილიანტები, არავინ იცის. ოფიციალურად არსად გამოჩენილა. ფიქრობენ, რომ ხელახლა დააწახნაგეს და ასე სახეცვლილი გაყიდეს.

მთელი ეს დავიდარაბა კი მხოლოდ და მხოლოდ კრისტალური ნახშირბადის გამო ატყდა. სწორედ იმ ნახშირბადისა, რომელიც მურს, ჭვარტლს და ნახშირს წარმოქმნის.

ალმასებს, რომლებსაც დამუშავებით და დაწახნაგებით ბრილიანტად გარდაქმნიან, სხვადასხვა შეფერილობა აქვს: ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ყავისფერი, რძისფერი, ლურჯი, მწვანე, რუხი და შავიც კი. ფერთა სიმრავლე, ერთი მხრივ, მათ კრისტალურ სტრუქტურაში არსებული დეფექტებით, მეორე მხრივ კი ბორის, აზოტისა და ალუმინის ატომებით ნახშირბადის ატომების ჩანაცვლებით აიხსნება. რუხ და შავ ფერს გრაფიტის ჩანართები განაპირობებს.

დაწახნაგებული ალმასი ბრილიანტია, რომელსაც იუველირი სიმეტრიულ ფორმას აძლევს. ბრილიანტს ორი შეთავსებული პირამიდის ფორმა აქვს. ერთი მათგანი წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები რამდენიმე რიგად არის განლაგებული. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება. კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარად არის განლაგებული, რომ პარალელურ სხივთა კონა, რომელიც მის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება, ამიტომ არეკლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას კარატებით ზომავენ (1 კარატი – 0,2გ).

ნახშირბადი ბუნებაში გავრცელებულია როგორც მარტივი ნივთიერებების (ალმასი, გრაფიტი), ისე ნაერთების (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და სხვა) სახით. დედამიწის ქერქში არსებული ელემენტების საერთო რაოდენობიდან ნახშირბადის წილად მოდის მხოლოდ 0,14%. მიუხედავად ამისა, იგი ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ცნობილია ნახშირბადის ხუთი ალოტროპიული მოდიფიკაცია: ალმასი, გრაფიტი, კარბინი, გრაფინი, ფულერენი. ალმასისა და გრაფიტის კრისტალური სტრუქტურა ატომურია, მაგრამ ისინი მესერში ატომების განლაგებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალმასის კრისტალურ მესერში ნახშირბადის თითოეული ატომი სხვა ატომებთან ახორციელებს ოთხ კოვალენტურ ბმას ტეტრაედრის წვეროების მიმართულებით. ამით აიხსნება ალმასის დიდი სიმაგრე.

გრაფიტში ნახშირბადის ატომები განლაგებულია წესიერი ექვსკუთხედების წვეროებში, რომლებიც შრეებს ქმნიან. მეზობელ პარალელურ შრეებს შორის მანძილი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთსა და იმავე შრეში მეზობელ ატომებს შორის. ეს იწვევს შრეებს შორის კავშირის შესუსტებას, რის გამოც უბრალო მექანიკური ზემოქმედებითაც კი გრაფიტი ადვილად იშლება ფენებად, რომლებიც თავისთავად ძალიან მტკიცეა.

ალმასის სიმკვრივეა 3510კგ/მ3, გრაფიტის სიმკვრივე – 2250კგ/მ3.

ალმასი ელექტრულ დენს და სითბოს არ ატარებს. გრაფიტს ახასიათებს ლითონური ბზინვარება, ელექტრული დენისა და სითბოს კარგი გამტარია. ალმასი ყველა ბუნებრივ ნივთიერებაზე მაგარია, გრაფიტი კი ქაღალდზე სუსტი ხახუნითაც კი იშლება და ტოვებს კვალს. ალმასი და გრაფიტი მაღალ ტემპერატურაზე ურთიერთგარდაიქმნება. გრაფიტი ალმასად გარდაიქმნება 2000 გრადუზე, 100 000 ატმოსფერული წნევის პირობებში, ხოლო ალმასი გრაფიტის სახეს იღებს უჰაეროდ გახურების დროს 1500 გრადუსზე.

ალმასი როგორც განსაკუთრებით მაგარი ნივთიერება გამოიყენება სპეციალური საჭრისებისა და ბურღებისთვის, საავტომობილო და საავიაციო ძრავების დეტალების, ფერადი ლითონებისა და ზემაგარი შენადნობების დასამუშავებლად.

გრაფიტი დიდი რაოდენობით გამოიყენება ელექტროდების, ტიგელების, საპოხი მასალების, საღებავების, ფანქრების დასამზადებლად. მას იყენებენ ბირთვულ რეაქტორებში ნეიტრონების მოძრაობის შესანელებლად.

კოქსი გამოიყენება როგორც აღმდგენი და სათბობი სპეციალური ფოლადების მეტალურგიაში. ხის ნახშირს ფართოდ იყენებენ როგორც საუკეთესო ადსორბენტს, მურს კი – რეზინის მრეწველობაში საბურავებისა და სხვა საგნების დასამზადებლად.

სკანდალი კი კოლიეს გაყიდვიდან ექვსი თვის შემდეგ ატყდა: როდესაც საფასურის მორიგი ნაწილის გადახდის დრო მოვიდა, სასოწარკვეთილი იუველირები თავად დედოფალს ეახლნენ საქმის გასარკვევად. მარია ანტუანეტამ ქოში უკუღმა ყარა, მე არავითარი კოლიე არ მიყიდიაო. დაიჭირეს ყველა, ვინც კი ამ აფიორაში იყო გარეული. გაიმართა დიდი და ხმაურიანი სასამართლო პროცესიც. ხმაურმა დედოფლის რეპუტაცია ძალიან დააზიანა, რადგან ბრბომ მისი მონაწილეობაც დაიჯერა და ქვეყნის ფულის ფლანგვაც. ამ პროცესმა ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა, რომ ამბიდან ორი წლის შემდეგ დედოფალი ეშაფოტზე აეყვანათ. მისი ბოლო სიტყვები იყო:

– მაპატიეთ, უნებურად მომივიდა…

ეს რეპლიკა ჯალათს ეკუთვნოდა, რადგან დედოფალმა შემთხვევით მას ხელზე ფეხი დაადგა.

ერთი ჩვეულებრივი მუსიკის გაკვეთილის ისტორია

0

მუსიკა – ჰარმონიული კავშირია გონებასა და გრძნობებს შორის. ის ადამიანის სულის სიღრმეში იჭრება და თავისი ხმოვანებით, ბგერებითა და რიტმით პიროვნებას სიმშვიდესა და თავისუფლებას აგრძნობინებს. ის მეორეხარისხოვან საგნად აღიქმება, არადა მუსიკის როლი მოსწავლის განვითარებაში, მის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში მნიშვნელოვანია.

ამ ეგრეთწოდებულ  ,,მეორეხარისხოვან საგანს‘’, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის თანდაყოლილი ნიჭისა და უნარების გამოვლენისა და გახსნის საკითხში. თუ ჩვენ ბავშვებს თავიდანვე შევასწავლით მათი უნარებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, მომავალში მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს, რადგან მუსიკა ავითარებს შემოქმედებით და აღქმით უნარს. დაწყებით კლასებში არ არის აუცილებელი რთული სიტყვებითა და სიმბოლოებით სხვადასხვა  თემის მიწოდება. ბავშვს უჭირს მუსიკის აბსტრაქტული სახეების აღქმა, მას სჭირდება მისთვის ახლობელ, ადვილად გასაგებ ენაზე,  საინტერესო ხილული ანალოგების დახმარებით სწავლა-სწავლების პროცესი. ამის განხორციელება კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: სიმღერა, ცეკვა, იმპროვიზაცია, თამაში, ხატვა და ა.შ. ამით მათში მუსიკისადმი ინტერესსა და სიყვარულს გავაღვივებთ და ჩვენი მიზანი, გავაუმჯობესოთ სწავლა-სწავლების ხარისხი, ხელი შევუწყოთ მომავალი ტოლერანტული და ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას, მიღწეული იქნება.

თემა, რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო, ერთი შეხედვით რთულია. მოგეხსენებათ, რომ მესამე კლასელისთვის რთულია სანოტო დამწერლობის შესწავლა, მთელი თავისი კომპლექსური სიმბოლოებითა და დამწერლობით. აქ მასწავლებლის მიზანია, მათ შეასწავლოს ნოტების გარჩევა, ნაწარმოების შექმნა, წაკითხვა. ამიტომ, თავიდანვე მათში უნდა ჩავნერგოთ სწორი აღქმის უნარი. როდესაც მოსწავლეს არ აქვს წილადები ნასწავლი, მისთვის რთულია მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი, მეთექვსმეტედი ნოტების გრძლიობების აღქმა. მას შემდეგ, რაც მე მოსწავლეებს ვესაუბრე გვიდო არეცოელზე, სანოტო დამწერლობის შექმნასა და მის თავდაპირველ სახეზე, მე მათ წარვუდგინე წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე დახატული ნოტები, რომელიც, მუსიკის ფონზე, ფერადი ფანქრებით გააფერადეს. ამ აქტივობის მიზანი ახალი მასალის უკეთ გააზრება და მოსწავლეში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება იყო. მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ დავალებაში, მათ თავად შექმნეს (გააფერადეს) და გამოჭრეს ის ნოტები, რომლის დახმარებითაც შემდეგ „შექმნეს“ მუსიკა.

ნოტების ამოჭრისას მოსწავლე უკვირდება მათ მოხაზულობას, განსხვავებულობას. დიდი დატვირთვა აქვს გაჟღერებული მუსიკის ფონსაც, რადგან ამით ჩვენ ვასწავლით მუსიკის ენის ჟღერადობასა და დამწერლობას. ორივეს ერთად გააზრება ეხმარება მოსწავლეს,  გაეცნოს უნივერსალურ ენას, რომელიც სამყაროს შექმნისთანავე არსებობდა. აქტივობა შედეგიანია, როდესაც მოსწავლეს არა დაზეპირებული, არამედ გათვითცნობიერებული აქვს სანოტო დამწერლობა და ყოველივე ეს მას ბედნიერებას ანიჭებს, რაც მასწავლებლის საბოლოო მიზანია.

იმისთვის, რომ გაკვეთილი მეტად დასამახსოვრებელი და სახალისო ყოფილიყო, შემოვიტანე დამატებითი აქტივობა. წებოვანი ლენტებით იატაკზე სანოტო სისტემა შევქმენი. დავალება მასზე ნოტების კუთვნილი ადგილის მინიჭება იყო. ბავშვებმა უკვე იციან ნოტების აგებულება, მნიშვნელობა და მდებარეობა სანოტო სისტემაზე, ამიტომ ისინი თავდაჯერებულად შეუდგნენ თავიანთი დავალების შესრულებას. აქტივობაში ჩართული იყო მთელი კლასი, რაც კიდევ უფრო შედეგიანს ხდიდა ამ აქტივობას. ნოტების განლაგება მხიარული ეტაპი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი ეძებდნენ და ალაგებდნენ მათ მიერ ამოჭრილ ნოტებს. იყო შეცდომები, თუმცა შევძელით და ყოველივე გავაანალიზეთ და გავასწორეთ.

პრობლემის სწორად აღქმა და გამკლავება მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ უნდა იცოდნენ, რომ შეცდომის დაშვება მისაღებია. ამით ჩვენ მათ თვითშეფასებას ავამაღლებთ და შეცდომების გამოსწორებას შევასწავლით. აქტივობის ბოლოს კი მივაღწიეთ მიზანს. მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით, რუტინისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სიღრმისეულად შეისწავლეს სანოტო დამწერლობა და სისტემა, ამის შემდეგ  გადავედი დავალების ბოლო ეტაპზე. ჩვენ მიერ შექმნილი მარტივი მუსიკალური ნაწარმოები შევასრულეთ ტაშით, რომელიც აგებული იყო მხიარული ნოტების აღმავალი და დაღმავალი მოძრაობებით, გაორმაგებული, ხან კი გამოტოვებული საფეხურების გამოყენებით.  ამით მოსწავლეს არამარტო მოსმენა, არამედ ბგერის შეგრძნება და მასთან თამაში შეუძლია. მუსიკა არ არის ცეკვის გარეშე, ამიტომ მთელი კლასი უკვე დასწავლილი, მარტივი ქორეოგრაფიული ილეთებისა და ტაშით აჰყვა მათ მიერ შექმნილ მელოდიას.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკის როლი უმნიშვნელოვანესია მოსწავლის განვითარებასა და წინსვლაში. ამ აქტივობით მივაღწიე  თავდაპირველ მიზანს, რომელიც  მოსწავლის შემოქმედებითი და აღქმითი უნარის გაუმჯობესებას გულისხმობდა. ამ აქტივობების წყალობით მთელი კლასი გაერთიანდა და რაც მთავარია, თავი ბედნიერად, წარმატებულად იგრძნო.

 

 

 

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა

0

1916 წელს სამეცნიერო-პედაგოგიურ და სალიტერატურო ჟურნალ „განათლების“ ფურცლებიდან ილია ნაკაშიძე მშობლებს მიმართავს და უხსნის იმას, რასაც დღესაცმონდომებით იმეორებენ, საგანმანათლებლო-პოლიტიკური რეკომენდაციებითა დაკვლევებით ამყარებენ განათლების სისტემის მესვეურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სტატიაში „მშობელთა ერთობა“ ავტორი მონდომებით უხსნის მშობლებს, რომ დედამიწის ზურგზე ვერანაირი ძალით საზოგადოებრივი აზრი ვერ შეიქმნება, თუ თავად საზოგადოების წევრებმა არ მიიღეს მასში მონაწილეობა; რომ მომავალი თაობა ვერიწამებს იმის ღირსებას, რის რწმენასაც ჩვენ, უფროსი თაობა ვერ დავანახებთ; რომკრიტიკის ნაცვლად, ერთიანი ძალისხმევაა ის, რაც სწავლა-განათლების სისტემისა და სკოლის განვითარებას სჭირდება.

სტატიის ბოლოს ავტორი იმედიანად აღნიშნავს, რა კარგია, რომ ჩვენთანაც იდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებითო – მშობლები ერთიანდებიან, თვითაღზრდას მიმართავენ, იმართება მშობელთა კლუბები და შეხვედრები და ეს ყოველივე კი ბუნებრივად იწვევსდადებით შედეგებს ბავშვებშიო.

ყველა კვლევა, რომელიც მოსწავლის შედეგებსა და სწავლა-სწავლების ხარისხზე მოქმედ ფაქტორებს ეხება, გვეუბნება სწორედ ამას – მშობლის ჩართულობა, სკოლისა და მშობლების პარტნიორობა არის მოსწავლის შედეგებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გავლენის მქონე ფაქტორი. ამავე დროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ სკოლებს ძალიან სჭირდებათ სათანადო ინფორმაცია მშობელთა პედაგოგიზაციის, მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, ჩვენი ჟურნალის მიმდინარე ნომერიც მშობელთა ჩართულობის, მშობლებთან თანამშრომლობის, მშობელთა პედაგოგიზაციის თემებს ეძღვნება.

ზემოთ ნახსენები სტატიის გარდა, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის, მაგრამ მისი შინაარსი მაინც ახალი და აქტუალურია, წარმოგიდგენთ მშობლებთან თანამშრომლობის პოლიტიკურ ასპექტებს, კონცეპტუალურ ჩარჩოებს, ამ კუთხით არსებულ წარმატებულ გამოცდილებას, კვლევებს, კვლევის ინსტრუმენტებს, პრაქტიკულ რჩევებს, საკანონმდებლო რეკომენდაციებსა და სასკოლო გამოცდილებებს.

სკოლა საერთო პასუხისმგებლობის სფეროა და, როგორც ჩვენი ნომრის საუკუნისწინანდელი ავტორი იტყოდა, „დავეხმაროთ ამ საქმეში ყველამ, ვისაც რითიმე შეგვიძლია“, რომ სკოლამ და მშობელმა თანამშრომლობის საუკეთესო გზები გამონახონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

რედაქტორი : ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი: ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური

ნომრის ავტორები: ილია ნაკაშიძე, ბერიკა შუკაკიძე, თეონა სილაგაძე, მაია არავიაშვილი, სალომე ჩხეიძე, ხათუნა ბარაბაძე, ნინო გაგელიძე, დენის წურწუმია, ნატა ვაჭარაძე, თამუნია ჭინჭარაული, სოფიო ხვედელიძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #1 2023

მეორე სიცოცხლე – ნარჩენების გადამუშავება

0

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაწყებითი კლასიდანვე მივაჩვიოთ გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას. კეთებით სწავლება კი ამის არაჩვეულებრივი საშუალებაა. პატარებს წყალივით სჭირდებათ პრაქტიკული აქტივობები იმისათვის, რათა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაითავისონ.

პირველ კლასში გადავწყვიტე ინტეგრირებულად (ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) გამეკეთებინა მინი-პროექტი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოსწავლეები გაიგებდნენ, როგორაა შესაძლებელი ნარჩენის გადამუშავება.

დავიწყე რეციკლირების, ანუ ნარჩენების გადამუშავების ნიშნის გაცნობით. ავუხსენი, რომ საგნებს, რომლებსაც რეციკლირების ნიშანი აქვს, გულისხმობს მის ხელმეორედ გადამუშავებას. მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენჯერ არის შესაძლებელი გადამუშავდეს, მაგალითად, ქაღალდი (6-7 ჯერ), მინა (უსასრულოდ). ვესაუბრე ქაღალდის დაზოგვის გზებზე და გავმართეთ დისკუსია, რამდენჯერ ვიყენებთ მას არამიზნობრივად.

მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ყველა ნარჩენი შესაბამის ყუთში თავსდება. ასევე ვაჩვენე იმ პროდუქტის სურათები, რომლებიც შეიძლება გადამუშავდეს.

ვაჩვენე ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რა გზას გადის ნივთი გადამუშავების დროს.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, შეექმნათ გადამუშავების სიმბოლოები, რათა კარგად დაემახსოვრებინათ ისინი.

მოსწავლეებს ჯერ ვთხოვე, საკლასო ოთახში მოეძებნათ ისეთი ნივთები, რომლებიც დაექვემდებარებოდნენ გადამუშავებას, შემდეგ კი სახლში გაეგრძელებინათ ძიება, გადაეღოთ ფოტო და გამოეგზავნათ ჩემთვის.

მინდოდა, მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რომ ნარჩენების ხელახლა გამოყენება გვეხმარება ნარჩენებიდან მიღებული ზიანის თავიდან არიდებაში. ასევე, მისი ხელმეორედ გამოყენებით ჩვენ ვზოგავთ გარშემო არსებულ რესურსებს. მოსწავლეებს ვაყურებინე საინფორმაციო ვიდეო. ვიდეო 2 მივაწოდე ინფორმაცია, რომ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მოძებნოს, სად არის თბილისში განთავსებული ნარჩენების დახარისხების სტენდები.

მოსწავლეებს ავუხსენი, რომ არსებობს განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები. შევთავაზე ჯგუფური მუშაობა, რომელიც წინასწარ მქონდა დაგეგმილი. (საჭირო რესურსები მოვიმარაგეთ წინასწარ). მოსწავლეებთან ერთად შევქმენი საკალმე, რომელმაც ადგილი საკლასო ოთახში დაიკავა.

პრაქტიკული მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვე, სახლში შეექმნათ სხვადასხვა რესურსის გამოყენებით ახალი ნივთი, რომელსაც ისინი გამოიყენებდნენ.

მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს და ნათლად დაინახეს, რომ ბევრი ისეთ ნივთს, რომლებსაც ვყრით, შესაძლებელია ახალი სიცოცხლე შევძინოთ.

 

 

მომავლის სამინისტრო

0

საქართველოში მიაჩნიათ, რომ ბევრი სამინისტრო არ გვჭირდება. რიგი მოქალაქეები ფიქრობენ, რომ რამდენიმე უმსხვილესი სამთავრობო უწყებითაც ადვილად გავალთ ფონს. სამინისტროთა რაოდენობის ზრდა მათთვის არაეფექტიანი ბიუროკრატიისა და კორუფციის გაძლიერებასთან ასოცირდება. „მცირე მთავრობის“ მომხრეები ამტკიცებენ, რომ ახალი სამინისტროს შექმნა ასობით ახალ უფუნქციო თანამშრომელსა და დამატებითი ხარჯების წყალში გადაყრას ნიშნავს.

საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ისინი მართლებიც იყვნენ, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ანაღვლებთ, ათი მინისტრი ეყოლებათ კაბინეტში თუ ოცი. დასავლეთ ევროპულ საზოგადოებაში სამინისტროთა მუშაობის ხარისხი და მუშაობის შედეგები უფრო მნიშვნელოვანია. თუ უწყება ადეკვატური დაფინანსებით კონკრეტულ დარგში ქვეყნისთვის საჭირო საქმეს გააკეთებს, რატომ არ უნდა ჰქონდეს მის ხელმძღვანელს მინისტრის სტატუსი და შესაბამისი პოლიტიკური წონა?! მსგავსი მიდგომა დასავლეთ ევროპის მთავრობებში არაერთი საინტერესო და გასაოცარი სტრუქტურის წარმოშობას განაპირობებს.

1999 წელს დიდ ბრიტანეთში „დევოლუციის“ პროცესი დაიწყო, რაც შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივი პარლამენტების, წარმომადგენლობითი ორგანოების დაფუძნების წინაპირობა გახდა. დიდი ბრიტანეთის მხარეების მიერ ადგილობრივი კრებების არჩევას რეგიონული მთავრობების ჩამოყალიბებაც მოჰყვა. შედეგად, შოტლანდიელებს, ირლანდიელებსა და უელსელებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სპეციალიზებული სახელმწიფო დაწესებულებების, სამინისტროების შექმნის პრივილეგიაც მიენიჭათ.

2015 წელს უელსის პარლამენტმა დაამტკიცა „მომავალ თაობათა კეთილდღეობის აქტი“, რომლის მიზანიც გახლდათ მომავალი თაობების სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელი სამართლებრივი რეგულაციებისა და პოლიტიკური ვალდებულებების სისტემის შექმნა. აქტი უელსის სახელმწიფო უწყებებს აიძულებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს იფიქრონ იმაზე, თუ რა შედეგები ექნება გადადგმულ ნაბიჯს მომავალი თაობებისთვის. აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით უელსის მთავრობამ მომავალი თაობების კომისარიც კი დანიშნა.

მაშასადამე, უელსის მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება გადააწყდეთ თანამდებობის პირს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა დაიცვას და წარმოადგინოს ჯერ არდაბადებული ადამიანების ინტერესები. წარმოიდგინეთ, რა ძნელია იყო იმ ადამიანთა კომისარი, რომლებიც არ ლაპარაკობენ, არ გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს და საჭიროების შემთხვევაში არ შეუძლიათ შენი ზურგის გამაგრება. მიუხედავად ამისა, უელსის კაბინეტმა მაინც მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება.

ალბათ, ბევრს დაგაინტერესებთ, თუ რას საქმიანობს მომავალი თაობების კომისარი დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა მხარის მინისტრთა საბჭოში?

მისი პირველი და მთავარი მოვალეობაა მთავრობის წევრებთან, საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოკვეთოს საკითხები და გამოწვევები, რომლებიც ყველაზე მეტ საფრთხეს შეიძლება უქმნიდნენ მომავალი თაობების კეთილდღეობას. მაგალითად, უელსში იციან, რომ ორი-სამი ათწლეულის შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შეიძლება სამუშაო ადგილების 35-40% გაქრეს. დასაბუთებული პროგნოზის არსებობის მიუხედავად, არავინ ფიქრობს როგორ შეიძლება შეივსოს სამუშაო ადგილების დეფიციტი. ეს საკითხი საზოგადოების ფიქრის საგანი არ არის, კომისრის მიზანი კი გახლავთ სამუშაო ადგილების შესაძლო გაქრობის შესახებ დისკუსიები მრავალი წლით ადრე დაიწყოს და საზოგადოება მომავლის გამოწვევებზე დააფიქროს.

კომისრის კიდევ ერთი მოვალეობაა გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით მხარი დაუჭიროს შესაბამისი ინსტიტუტების საქმიანობას, იშრომოს მათთან ერთად. მაგალითად, კვლევები ცხადყოფენ, რომ მომავალში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება არ გულისხმობს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასაც. მეცნიერებს წინასწარ შეუძლიათ თქვან, თუ რომელი დაავადებების აფეთქებაა მოსალოდნელი დროთა განმავლობაში. მომავალი თაობების კომისარი ცდილობს ხელი შეუწყოს აღნიშნული დაავადებების კვლევას, დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, იზრუნოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე და ა.შ.

უელსში განსაკუთრებით აფასებენ მომავალ თაობათა კომისრის რჩევებსა და რეკომენდაციებს. ქვეყანაში ვერც ერთი დიდი საინვესტიციო პროექტი და გიგანტური მშენებლობა ვერ განხორციელდება მომავლის კომისართან კონსულტაციების გარეშე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დიდი ბრიტანეთის დასავლეთ პროვინციაში დაგეგმილი გახლდათ მრავალკილომეტრიანი ბეტონის გზის მშენებლობა. ეკონომისტებს უმძიმესი არგუმენტებით ამტკიცებდნენ, რომ მშენებლობა უპირობოდ წაახალისებდა ეკონომიკურ აქტივობას, უზრუნველყოფდა რეგიონში ეკონომიკის ზრდას. პარალელურად, გარემოსდამცველები და კლიმატის აქტივისტები მიანიშნებდნენ, რომ გზის მშენებლობა გაანადგურებდა უელსის ერთ-ერთ უძველეს არხთა სისტემასა და მასთან დაკავშირებულ ბიომრავალფეროვნებას, რაც მომავალში კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში პრობლემა შეიძლება გამხდარიყო. კომისარმა დიდ ხანს იბრძოლა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. ის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებსა და ინვესტორებს მომავალი თაობებზე ბიომრავალფეროვნების შემცირების ნეგატიურ შედეგებზე ეკამათებოდა. საბოლოოდ, მთავრობა იძულებული გახდა კომისრის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინა.

დღეს, ჩვენ ხელთ არსებული რესურსები მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. რესურსები სამართლიანად მხოლოდ დღეს მცხოვრებ ადამიანებს შორის არ უნდა გავანაწილოთ. ჩვენი სიმდიდრე მომავალი თაობების საკუთრებაცაა და ისინიც იმსახურებენ წილს საერთო კეთილდღეობაში. შეიძლება საქართველოში ცალკე სამინისტროს შექმნის იდეა სამართლიანად ჩაგვითვალონ სიგიჟედ, მაგრამ უელსური მიდგომის, პრინციპის გაზიარება აუცილებელია.

კომპლექსური დავალება  –  ,,ვის ეკუთვნის წიგნი?’’- სიუჟეტის გაგრძელება

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მრავალგზის გამოიკვეთა კომპლექსური დავალებების უპირატესობა.

დაწყებითი განათლების ექსპერტის, სსიპ. ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელი,  ნინო მახარაშვილი  აღნიშნავს, რომ  ცხოვრებისეული თემების სწავლების პროცესში სწორად შერჩეული კომპლექსური დავალებები დროსა და ენერგიას უზოგავს მასწავლებლებს. ამავდროულად, მათ უტოვებს თავისუფალ არჩევანს, სურვილის შემთხვევაში, თავად შეარჩიონ საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ყველა რესურსი და აქტივობა, ერთი აუცილებელი პირობის დაცვით: ყველაფერი უნდა მიემართებოდეს გრძელვადიან სამიზნე ცნებას.

წარმოგიდგენთ ქ-ნი ნინოს მიერ შექმნილ საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს.

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი – III

სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები) (შედეგები:  (I).1, 2, 3, 4, 5)

ქვეცნებები:  ტექსტის  შინაარსობრივი მხარე; პერსონაჟები.

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება

 

საკითხი – გოგებაშვილის მოთხრობის – ,,ვის ეკუთვნის წიგნი?“ – გაგრძელება მინიშნებებზე დაყრდნობით.

ქვესაკითხები – გოგებაშვილის მოთხრობის ,,ვის ეკუთვნის წიგნი?“ თემა, მთავარი იდეა/დედააზრი, პერსონაჟების,  ძმების, ხედვის  კუთხე – მათი ქცევა, მოტივაცია.

საკვანძო შეკითხვები:

  • რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის გასაგებად?
  • როგორ გამოვიყენო ტექსტის მინიშნებები ი. გოგებაშვილის მოთხრობის, ,,ვის ეკუთვნის წიგნი“ გაგრძელების მოსაფიქრებლად?
  • რა ხერხების/სტრატეგიების გამოყენებით დავწერო მოთხრობის გაგრძელება?

 

კომპლექსური  დავალების  პირობა

გააგრძელე ი. გოგებაშვილის მოთხრობა ,,ვის ეკუთვნის წიგნი?’’. წარმოიდგინე, როგორ მოუყვება ერთ-ერთი ძმა თავის შვილებს ამ ამბავს. ნაწერი შეგიძლია გააფორმო შესაბამისი ილუსტრაციით, ფერადი ფანქრების ან ციფრული რესურსის – ,,ვსწავლობთ თამაშით“ -გამოყენებით. შეგიძლია შემოიყვანო ახალი პერსონაჟი;

შეფასების კრიტერიუმები –  (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)

ნაშრომში წარმოაჩინეთ:

  • პერსონაჟების თვისებები, ქცევები,  ქცევის მიზეზები (ტ.1. 2)
  • ძმის გრძნობები და დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირდებით – მოსწონს თუ არ მოსწონს თავისი მაშინდელი საქციელი და რატომ (ტ. 1, 2, 3);
  • კონკრეტული დეტალები, მაგ., რა რჩევებს მისცემს თავის შვილებს (ტ.1, 2, 3)

 

შენიშვნა: კომპლექსური დავალების პირობაში, შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებით არის მითითებული სამიზნე ცნება: ,,ტექსტი’’ ანუ ,,ტ’’, და მისი მკვიდრი წარმოდგენები.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის გააქტიურება

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

  • თუ გახსენდებათ ისეთი  ზღაპარი, მოთხრობა,  საბავშვო ფილმი ან  ანიმაციური ფილმი, რომლის  დასასრულის შემდეგ გიფიქრია, თუ  როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო   პერსონაჟების ქცევა, ცხოვრება?
  • თუ გაქვთ საყვარელი წიგნი? რომელია შენი საყვარელი წიგნი?
  • რა მოგწონთ ამ წიგნში?
  • როგორ უფრთხილდებით საყვარელ წიგნს?

 

აქტივობა 2. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1.  რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის გასაგებად?

ქვესაკითხი: თემა, მთავარი იდეა/დედააზრი,

შესაძლო რესურსები და  აქტივობები: 

რესურსი 1. ტექსტის ილუსტრაცია და სათაური

რესურსი 2. ტექსტი (სახელმძღვანელო) „ვის ეკუთვნის წიგნი?“ გვ.9

რესურსი 3. სიტყვის  პირამიდა;

აქტივობა 1. დაკვირვება ტექსტის თვალსაჩინო მინიშნებებზე – სათაურსა და ილუსტრაციებზე. ვარაუდების გამოთქმა მათი გათვალისწინებით.

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით

აქტივობა 3. კითხვა-პასუხი

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რა სათაური აქვს? რას მეუბნება ეს სათაური? ეს ილუსტრაცია?) (აქტ. 1)
  • რით უკავშირდება სათაური და ილუსტრაცია შენს ცოდნა-გამოცდილებას?
  • რა ვარაუდების გამოთქმა შეგიძლია მათზე დაყრდნობით ტექსტის შინაარსის შესახებ?
  • რა იცით „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ? ვინ არის მისი ავტორი?

 

  • გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდები? (აქტ.2)
  • რა მინიშნებები გამოიკვეთა ვარაუდების გადამოწმებისას ტექსტში?
  • რა აღმოაჩინეთ ისეთი, რაც არ გივარაუდიათ?

 

  • ვინ არიან ნაწარმოების პერსონაჟები? (აქტ.3)
  • რა დაუტოვა მოხუცმა კაცმა ძმებს?
  • რაზე წაკამათდნენ ძმები??
  • რა ჰკითხა მეზობელმა ძმებს? ამოიკითხე ტექსტიდან.რა უპასუხეს მათ?
  • რატომ დახარეს ძმებმა თავი?
  • რის შერცხვათ? რომ ჩხუბობდნენ თუ წიგნებს რომ არ კითხულობდნენ?
  • ვის/რას შეადარა მეზობელმა ძმები?  ამოიკითხე ტექსტიდან
  • ეთანხმებით მეზობლის მოსაზრებას? რატომ?
  • რაზე დაგაფიქრა ამ ნაწარმოებმა?
  • შენ თუ გიყვარს წიგნების წაკითხვა?
  • რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?
  • რა მოგეწონა? რატომ?
  • რატომ არის წიგნის კითხვა აუცილებელი?

 

რესურსი 4. სიტყვის  პირამიდა

 

  1. ს ი ტ ყ ვ ა
  2. სიტყვის განმარტება.
  3. რამდენი ხმოვანი და თანხმოვანია ამ სიტყვაში.
  4. წინადადება ტექსტიდან, რომელშიც ეს სიტყვაა.
  5. შენ მიერ მოფიქრებული წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით.

რესურსი 5. გაწაფული  კითხვის  შეფასების კრიტერიუმები

აქტივობა 4. სიტყვის პირამიდის შევსება ახალნასწავლი სიტყვების გამოყენებით.

აქტივობა 5. ვარჯიში გამომსახველობითად წაკითხვაში,  კითხვის გაუმჯობესება დამკვირვებლის (კლასელის, მასწავლებლის, უფროსის) დახმარებითა  და შეფასების სქემის გამოყენებით.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორ შევავსოთ სიტყვის პირამიდა? (აქტ.1)
  • რაში გვეხმარება გაწაფული კითხვის შეფასების კრიტერიუმები? (აქტ.2)
  • რატომ არის საჭირო, რომ წავიკითხოთ სწორად, უშეცდომოდ?
  • რაში ეხმარება ჩვენ მიერ სათანადო სიჩქარით წაკითხული ტექსტი ჩვენს თანაკლასელებს?
  • როგორ დავიცვათ პაუზები, შევარჩიოთ ინტონაცია, რომ მსმენელმა შინაარსი უკეთ აღიქვას?

 

ნაბიჯი 2. რა მოხდა მანამ, სანამ  მეზობელი შეარცხვენდა, რა მოხდა შემდეგ (ტ. 2, 3) ძმის გრძნობები და დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირდებით – მოსწონს თუ  არ მოსწონს თავისი მაშინდელი საქციელი და რატომ (ტ. 1, 2, 3);  კონკრეტული დეტალები, მაგ., რა რჩევებს მისცემს თავის შვილებს (ტ.1, 2, 3)

ქვესაკითხი: პერსონაჟების, ძმების, ხედვის  კუთხე – მათი ქცევა, მოტივაცია

აქტივობა 6.  იდეების გენერირება გეზისმიმცემ შეკითხვებზე დაყრდნობით

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორები არიან პერსონაჟები? როგორ ადამიანებად წარმოიდგინე? რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • დააფიქრებდა თუ არა ძმებს მეზობლის სიტყვები?
  • რატომ მოიყვანა მაგალითად სავარცხლისთვის მოჩხუბარი ორი კაცი? რატომ შეადარა   მათი ქცევა ერთმანეთს?
  • ეთანხმებით მის მოსაზრებას? რატომ?
  • რის თქმა უნდა  ავტორს?
  • ეთანხმებით ავტორის სათქმელს? რატომ?
  • უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ნაწარმოების გაგრძელებისას  მწერლის მთავარი სათქმელი?
  • რა არის იმისთვის საჭირო, რომ პერსონაჟი იყოს მთხრობელი? (პირველ პირში უნდა ისაუბროს; მაგ. ერთხელ მე და ჩემს ძმას ჩხუბი მოგვივიდა. . . . . .)
  • რა მოხდებოდა მთხრობელი ძმის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მეზობელმა შეარცხვინა?
  • რა ექნებოდა მას, პერსონაჟს, სათქმელი თავისი შვილებისთვის წლების შემდეგ?

 

ნაბიჯი 3. რა ხერხების/სტრატეგიების გამოყენებით დავწერო  მოთხრობის გაგრძელება?

რესურსი 6. წერის სტრატეგიები

 

შეფასების კრიტერიუმები

 

არის არ არის გასაუმჯობესებელია
1.პერსონაჟი გადმოსცემს,   როგორ იჩხუბეს ძმებმა წიგნის გამო, როგორ შეარცხვინა მეზობელმა ისინი.      
2. პერსონაჟი გადმოსცემს თავის გრძნობებს და დამოკიდებულებას მომხდარის მიმართ;      
3. პერსონაჟი ჰყვება,  რა მოხდა ამის შემდეგ;      
4. წინადადებების ბოლოს სასვენი ნიშნები სწორად არის დასმული.      

 

აქტივობა 7. გაგრძელების  პირველადი ვარიანტის დაწერა შევსებულ ჩარჩოზე დაყრდნობით  (დამოუკიდებელი სამუშაო)

აქტივობა 8. შეფასება შეთავაზებული კრიტერიუმების  საფუძველზე.

აქტივობა 9. პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება, გადაწერა, გაფორმება.

 

კომპლექსური დავალების წარდგენა

  • კრიტერიუმების ჩამოყალიბება, მათზე დაყრდნობით ნამუშევრის გაუმჯობესება;
  • მკითხველის თვალით წაკითხვა;

 

გეზისმიმცემი შეკითხვები

  • რით და როგორ გააუმჯობესე პირველადი ვარიანტი?
  • დასვი თუ არა  სასვენი ნიშნები წინადადებების ბოლოს?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად,  თითოეული მათგანის  წინსვლისა და რეფლექსიის უნარის  ხელშესაწყობად.

ხსენი,  რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი მოთხრობის გაგრძელებაა?
  • რა არის მწერლის მთავარი სათქმელი? რით და როგორ უკავშირდება შენი გაგრძელება მწერლის მთავარ სათქმელს?
  • რაზე დაგაფიქრა, რა გაგახსენა ნაწარმოებმა? დააფიქრებდა თუ არა ძმებს მეზობლის სიტყვები?
  • როგორები არიან პერსონაჟები? როგორ ადამიანებად წარმოიდგინე? რა მინიშნებები გამოიყენე სიუჟეტის გასაგრძელებლად?
  • წერის რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შენი თანაკლასელების ნამუშევრებიდან რომელი მოგეწონა განსაკუთრებით? რამ მიიქცია შენი ყურადღება?

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და  რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 

 „ბავშვების მთავარი მიზანი მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნაა“

0

აღზრდის 10 წესი ფსიქოლოგ ნაიჯელ ლატასგან

ნაიჯელ ლატა არის ახალზელანდიელი ფსიქოლოგი და ავტორი პოპულარული წიგნისა – „სანამ შენი შვილი გაგიჟებს“, რომელიც ფსიქოლოგიას შეეხება. ლატა არ ჰყვება იმაზე, როგორ უნდა გახდე იდეალური მშობელი (ყველამ ისედაც ვიცით, რომ ასეთები არ არსებობენ). ის საუბრობს იმაზე, როგორ უნდა ვიყოთ არცთუ ისე ცუდი მშობლები და შევინარჩუნოთ საღი აზრი ბავშვის აღზრდისას.

წესი პირველი – ნუ ეცდებით ქაოსზე გამარჯვებას!

ბევრი ამბობს, რომ ბავშვებთან ჩვეული საქმეების კეთება ძალიან მარტივია – თქვენ უბრალოდ უნდა შეადგინოთ გრაფიკი და მკაცრად დაიცვათ ის. მაგრამ ასე არ გამოვა. ბავშვები არ ცხოვრობენ გრაფიკით. არასოდეს. თუკი ქაოსთან ბრძოლას განაგრძობთ – მოემზადეთ მუდმივი დანაშაულის გრძნობისთვის. ამიტომ, უბრალოდ მიიღეთ აზრი, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს არეულობა და ეცადეთ, მაგრად დაუდგეთ!

„ბავშვების დაბადებასთან ერთად ქაოსის იჭრება თქვენს ცხოვრებაში. ამავდროულად, თქვენს საქმეებში რაიმე სახის გრაფიკზე დაყრდნობა წააგავს ქარიშხალში გზის გაკვალვას. როცა ძლიერი ქარი დაუბერავს, ყველას მიავიწყდება მარშრუტები. ეს უნდა გავიგოთ და მივიღოთ ის, რაც გარდაუვალია. თუ თქვენ ამას არ მიიღებთ, მაშინ დაიწყებთ ქაოსთან ბრძოლას. თქვენ ყველაფერს დააბრალებთ წარუმატებლობას, საკუთარ თავსა და სხვებს. გარდაუვალის გამოსწორების დროს თქვენ დარჩებით იმედგაცრუებული. ამიტომ მოექეცით მას ჭეშმარიტი ძენ ბუდისტის სიმშვიდით“.

წესი მეორე – ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ცუდ ქცევაზე!

მუდმივი შენიშვნები კარგს არაფერს მოიტანს, სამაგიეროდ – ბავშვს ქებით არაფერს აწყენთ. ამიტომ ყურადღება უნდა გაამახვილოთ კარგ ქცევასა და წარმატებებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ შეიძლება რაიმე შენიშვნა მივცეთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია. თუმცა ნაკლები. თუ ბავშვმა წარმატებას მიაღწია, არ გადადოთ, დაუყოვნებლივ შეაქეთ, და კარგად აუხსენით, რისთვის აქებთ.

„თუ მცენარეს მორწყავ, ის გაიზრდება. თუ არ მორწყავ, თანდათან ჩაქრება. ეს მარტივი პრინციპია, მაგრამ უმეტესობას, ვისაც შვილებთან კომუნიკაცია უჭირს, უგულებელყოფს ამას ან არასდროს უფიქრია იმაზე, რა სახის ქცევას მიესალმება სინამდვილეში“.

წესი მესამე – არასოდესთხრათ ბავშვს უარი ყურადღებაზე!

ბავშვისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის მას ნებისმიერ ფასად სჭირდება. ხშირად ბავშვები არც კი უფიქრდებიან თავიანთი ქმედებების შედეგებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა აქტიური ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას აკეთებენ ისინი და არა უბრალოდ უყურონ მათ. იმისათვის, რომ ყველა ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობდეს, ბავშვებს საკმარისი დრო უნდა დავუთმოთ.

„ნამდვილი პირანიების მსგავსად, რომლებსაც ძროხის შეჭმა წუთებში შეუძლიათ, ბავშვებიც მზად არიან ნებისმიერი რამით მიიპყრონ ყურადღება, რომელიც მათთვის ბევრი არასოდეს არის. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი შეამჩნიონ, თუნდაც ეს ზიანს აყენებდეს მათ ან სხვებს. პირანიებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ყველაფრის შეჭმაა, რაც გზად შეხვდებათ. ბავშვების ცხოვრების მთავარი მიზანია, მუდმივად მიიპყრონ სხვების ყურადღება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს“.

წესი მეოთხე – შექმენით ბავშვს საზღვრები!

ლატა გამოყოფს ადამიანთა ოთხ კატეგორიას, რომლებიც არ ადგენენ საზღვრებს და შემდეგ აღმოჩნდებიან ხოლმე ფსიქოლოგის კაბინეტში შეკითხვით – „რატომ იქცევა ჩემი შვილი ასე ამაზრზენად?“. ესენი არიან ჰიპები, მოუსვენარი დედები, დოყლაპიები და ზარმაცები. პირველები თვლიან, რომ ბავშვებმა თავისუფლად უნდა იმოძრაონ მთელ მსოფლიოში. მეორე კატეგორიას ბავშვის თვითშეფასება აწუხებს. მესამეს მიაჩნია, რომ ბავშვის თვითონ მეგობარი უნდა იყო და არა მშობელი. მეოთხე კი ფიქრობს, რომ უფრო ადვილია არაფრის კეთება და ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

თუმცა ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები. სწორედ მათში გრძნობენ თავს მშვიდად და დაცულად.

„ბავშვის ბუნებაა წინსვლა, სანამ რაიმე სახის დაბრკოლებას არ გადაეყრება. ზოგიერთმა ბავშვმა უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაბრკოლება, ზოგმა რამდენჯერმე მთელი ძალით უნდა დაიმტვრიოს თავი, მაგრამ საზღვრები ყველას სჭირდება. საზღვრების გარეშე პატარა ადამიანისთვის სამყარო ძალიან სახიფათო და შემაშინებელია“.

წესი მეხუთე – იყავით თანმიმდევრული!

არ ინერვიულოთ, თუ ეს ყოველთვის არ გამოგივათ. ეს ნორმალურია. დიახ, თქვენ მშობლები გახდით და ახლა გადაწყვეტილებების უმეტესობას იღებთ მშვიდად. თქვენ ყოველთვის არ მოქმედებთ ლოგიკურად. ესეც არაუშავს.

„ჩემთვის თანმიმდევრულობა იმაში გამოიხატება, რომ მე მუდმივად თავს ვარიდებ სურვილს მოვისროლო ჩემი შვილები ფანჯრიდან, თანაც მაშინ, როდესაც შედარებით კარგ ხასიათზე ვარ. სხვა დანარჩენი შედარებითია. თუნდაც თანმიმდევრულობა – განსაკუთრებით თანმიმდევრულობა“.

წესი მეექვსე – სერიოზულად მოეკიდეთ კაპრიზებს!

ცუდი საქციელიც კი აზრის გამოთქმის საშუალებაა. ბავშვებს ჯერ არ აქვთ საკმარისი ლექსიკა, რომ ახსნან ყველაფერი, რასაც გრძნობენ. ამიტომ მათთვის მოქმედებებიც სიტყვებია. ძალიან ხშირად ცუდი ქცევა არის ყურადღების მოთხოვნა, დახმარების თხოვნა, დაღლილობის გამოხატულება. მშობლების მოვალეობაა, გაარკვიონ რის თქმა სურდა ბავშვს თავისი საქციელით.

„ქცევა მხოლოდ ურთიერთობის ფორმაა. ღამით ფანჯრიდან გადაძრომა და სახლიდან გაქცევა ერთგვარი სათქმელია. ბავშვები ქცევით უფრო კარგად გამოხატავენ თავიანთ აზრებსა და გრძნობებს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჯერ სიტყვების მარაგიც არ აქვთ. მათ ბევრი გრძნობა აქვთ, მაგრამ არ იციან, როგორ აირჩიონ სწორი სიტყვები და გამოთქმები ამ გრძნობების გამოსახატად“.

წესი მეშვიდე – ნება მიეცით თქვენს შვილს გეკამათოს!

ბავშვს უნდა შეეძლოს კამათი. და ოჯახური კამათი ნორმალურია. ფაქტობრივად, კამათის უნარი გამოადგება ბავშვს, როცა საბოლოოდ გაიზრდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ კამათში უნდა არსებობდეს ზღვარი საკუთარი აზრის დაცვასა და უხეშობას შორის. პირველი შესაძლებელია, მეორე კატეგორიულად დაუშვებელი.

„ამავდროულად, არ არის საჭირო, იყოთ დიქტატორი, რომელიც თრგუნავს უთანხმოების მცირედ ნიშანს. უთანხმოება და კამათი ბუნებრივია, უპატივცემულობა კი სხვა საქმეა. კამათი ადასტურებს, რომ თქვენ, როგორც მშობელი, აკეთებთ თქვენს საქმეს. კამათი მოწმობს, რომ ბავშვები იზრდებიან და ყველაფერზე საკუთარი აზრი უჩნდებათ“.

წესი მერვე – იმოქმედეთ გააზრებულად!

ამისათვის დაგჭირდებათ აღზრდის გარკვეული გეგმა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა მკაფიოდ ჩაიწერება რომელიმე სქელ რვეულში, სადაც ჩამოაწიკწიკებთ ანგარიშებს მიღწევებისა და წარუმატებლობის შესახებ. არა, უბრალოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მოიქცევით გარკვეულ სიტუაციებში და უნდა იაზრებდეთ, რატომ არის სწორი ქცევა სწორედ ეს.

„ერთადერთი, რაც მოულოდნელად ხდება, მოულოდნელობებია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შვილების აღზრდაში შემთხვევითობის იმედი გქონდეთ. მინახავს, როგორ ეყრდნობოდნენ მშობლები შემთხვევითობას – სჯობს, ეს არ გაიმეოროთ. გაცილებით უკეთესია აღზრდას მიზანმიმართულად მივუდგეთ, ვიქონიოთ გარკვეული სამოქმედო გეგმა“.

წესი მეცხრე – ისწავლეთ ბავშვის მოსმენა (ეს აუცილებელია)!

„ჯერ პატარა ხარ, არაფერი გესმის“. ეს ფრაზა ერთხელ მაინც ნებისმიერს სმენია და ეს ცუდია. ბავშვი არ არის უაზრო არსება. მას, როგორც ნებისმიერ ზრდასრულს, სჭირდება სრულყოფილი კომუნიკაცია და პატივისცემა. მას სჭირდება მოსმენა. ამიტომ ბავშვთან ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული, თქვენ კი ყოველთვის მზად უნდა იყოთ ბავშვის მოსასმენად, რის თქმაც არ სურდეს მას თქვენთვის.

„ურთიერთობა ან მისი ნაკლებობა ოჯახურ კონფლიქტთა უმეტესობის საფუძველია. ჩემს კაბინეტში მინახავს ბევრი ადამიანი, რომელიც საათობით უყვირის ერთმანეთს, თუმცა არცერთ მათგანი არ ცდილობს რაიმეს მოსმენას, საკუთარი ხმის გარდა. თუ თქვენ ვერ ახერხებთ შვილებთან სათანადო კომუნიკაციას, მაშინ იცოდეთ, რომ ოჯახში უბედურებაც არ დააყოვნებს“.

მეათე წესი შექმენით ოჯახში თამაშის ატმოსფერო!

ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლების გულწრფელობა. ლატა საუბრობს არა მშობლის სიყვარულზე, არამედ ერთმანეთის მიმართ სიმპათიასა და ინტერესზე, ოჯახის თითოეული წევრის ცხოვრებაში. ასეთი სიმპათია მაშინ ჩნდება, როცა თანამოსაუბრეს გულწრფელად აინტერესებს თქვენი მოსმენა და მის გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ. ოჯახში ატმოსფერო უნდა იყოს მშვიდი, რადგან ბავშვები კარგად გრძნობენ დაძაბულობასა და ფარულ აგრესიას. და ეს მათთვის ყოველთვის სტრესის ფაქტორი ხდება.

„სიმპათიაზე, ისევე როგორც ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის ზოგად ტონზე, შეიძლება ვიმსჯელოთ სახლში არსებული „თამაშის“ სულისკვეთებითა და ხალისით. სიმარტივე და ერთმანეთთან „შეხუმრება“, „შეთამაშება“ არის ოჯახური ცხოვრების ერთგვარი ზეთი, რომლის გარეშეც მისი ბორბლები და გადაცემათა კოლოფი ვერ იმუშავებს. როცა ვხედავ, რომ ოჯახის წევრებს შორის მკაცრი, დაძაბული ურთიერთობაა, მაშინვე ვიწყებ ნერვიულობას“.

 

 სასწავლო პროცესის მოდელირება კომპლექსურ  დავალებებსა და პროექტულ სწავლებაში

0

სასწავლო პროცესის დირიჟორი მასწავლებელია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საგნის მასწავლებელი დგას ორკესტრის პირისპირ. მნიშვნელოვანია ის, რამდენად მზადაა მასწავლებელი წარდგეს ორკესტრის წინაშე, დეტალურად იცნობდეს პარტიტურას და თითოეული შემსრულებლის/მონაწილის შესაძლებლობებს, ზუსტად გრძნობდეს ამოცანის სირთულეს და ნაპოვნი ჰქონდეს დილემებიდან ალტერნატიული გამოსვლის გზა. თუ ორკესტრი თანამედროვე პოსტმოდერნისტულ თუ პოსტმინიმალისტურ ნაწარმოებს ასრულებს, დირიჟორს/მასწავლებელს გათვლილი უნდა ჰქონდეს შემსრულებლებში იმპროვიზაციის/თავისუფლების ხარისხისა და უნარების მასშტაბი.

ჩვენ, პედაგოგები – ყველანი სადირიჟორო პულტთან ვდგავართ. ეს შედარება შემთხვევით არ გამიკეთებია – ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. თუ თანამედროვე გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიკვლევთ, მაშინ თანამედროვე სწავლა-სწავლების ფორმებს, სტრატეგიებს, პრობლემის გადაჭრის უნარებსაც უნდა ვფლობდეთ და ადაპტირებული სახით ვთავაზობდეთ მოსწავლეს ისე, რომ მუდამ კეთილ მრჩევლად ვრჩებოდეთ მისთვის.

თანამედროვე სასწავლო პროცესის პულტზე ხან კომპლექსური დავალების, ხანაც პროექტული სწავლების პარტიტურა დევს. ჯერ ჩვენ ვემზადებით პარტიტურის მართლწერის შესაცნობად, ვუღრმავდებით მის დრამატურგიას, ვსწავლობთ დეტალურად, ვითვალისწინებთ საორკესტრო შემადგენლობას/კლასს და გამოვკვეთთ საკვანძო კითხვას: რა როგორ შეუძლია მოსწავლეს? შემდეგ კი ვიწყებთ მუშაობას სამიზნე ცნებებზე როგორც კომპლექსურ დავალებაში, ასევე პროექტულ სწავლებაში.

თითქოს ყველამ ვიცით სამიზნე ცნების შესახებ, მაგრამ მაინც ჩავუღრმავდეთ მას. რომ არა სამიზნე ცნება, შეძლებდა კი მოსწავლე მყარი ცოდნის მიღებას? მყარ ცოდნას მოსწავლე იღებს მაშინ, როცა უღრმავდება ეპოქას, სტილს, მიმდინარეობას. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი მუშაობს ელექტრონულ მუსიკაზე, მან უპირობოდ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი აქტივობები ბგერის ფენომენის გასააზრებლად:

  • აამაღლოს მოსწავლეებში კონკრეტული ეპოქის მოვლენების ცოდნის დონე;
  • გააცნოს მოსწავლეებს XX საუკუნის გარდამტეხი პერიოდები, რომლებიც გავლენას ახდენს ელექტრონული მუსიკის ენის შეცვლაზე და ეფუძნება შინაარსს, რომელსაც სჭირდება ახალი ფონემური, ლინგვისტური და სონორისტული ,,თხრობითი’’ ტექნიკა;
  • სონორისტული ტექნიკა თხრობის, იმპროვიზაციის ის ხერხია, რომელიც მთლიანად შემსრულებლის ოსტატობაზე, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

როგორც ვხედავთ, ამ კონკრეტული პერიოდის შესასწავლად უამრავი აქტივობაა ჩასატარებელი, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლემდე საინტერესო რესურსების შერჩევის გზით უნდა მივიდეს. ამ კონკრეტული მიმართულების კომპლექსურ დავალებაში პედაგოგი მიჰყვება ბგერის ტრანსფორმაციის ფორმებს. ბგერის გარდასახვა, ბგერათა პატერნების ხარჯზე ჟღერადობის გახანგრძლივება და შემცირება – Reproduction of sound & Abbreviation of sound, სონორისტული თხრობის ტექნიკური საშუალებაა, რომლის საფუძველზე ვიღებთ მითოლოგიის, კატაკლიზმების, კატასტროფების აუდიო/სივრცით ილუსტრაციებს.

ასეთ დროს ცხადი ხდება საგანთაშორისი კავშირები. ხმოვანების გაზრდა/გაფართოება/შემცირება უშუალო კავშირშია ფიზიკასთან, კერძოდ, ბგერის სპექტრულობის შესწავლასთან. თუ ბგერის სპექტრულობას არ განვიხილავთ ფიზიკასთან კავშირში, ჩვენ ვერ შევძლებთ, დავეხმაროთ მოსწავლეს XX-XXI საუკუნის მუსიკაში დოდეკაფონიისა და სონორისტიკის სტილურ თავისებურებების გააზრებაში. შესაბამისად, თუ არ დავამუშავებთ აკუსტიკური და სინთეზური ბგერის თვისებებს, მეხსიერებაში ვერ დარჩება მყარი ცოდნა კონკრეტული მიმართულების ირგვლივ. ამიტომაც, სამიზნე ცნება/ცნებები წარმოადგენს კომპასს მკვიდრი წარმოდგენებისაკენ, მყარი ცოდნისაკენ. მაშასადამე, ვიკვლევთ კონკრეტულ საგანს, რომელიც ეფუძნება სამიზნე ცნებებს, რათა მოსწავლემ შეძლოს ნაწარმოების მხატვრული შინაარსის ამოკითხვა, მისი გათავისება და საბოლოო პროდუქტის სახით პრეზენტირება.

სწორედ საკვლევი თემის საფუძველზე მოდელირდება დავალების სტრუქტურა, რომელიც თავისთავად აგებულია მიზანსა და ამოცანებზე. მიზნისკენ მიმავალ კვლევებს შეგვიძლია ვუწოდოთ დაკვირვება, სამიზნე ცნებებზე ,,შეჩერება’’, რომელსაც ლოგიკურად მივყავართ პირობისეულ ცოდნასთან. ეს ცოდნა კი იძლევა ინტერპრეტაციის, ვარიაციის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

სასწავლო პროცესის მოდელირება, როგორც ზევით აღვნიშნე, ეფუძნება სამიზნე ცნებებს, საკვანძო კითხვებსა და მკვიდრ წარმოდგენებს. ის გახლავთ სწავლა-სწავლების ერთგვარი კომპასი. იმისათვის, რომ ვმართოთ რთული ქცევები, საგაკვეთილო პროცესში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მოდელი, განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე. საგაკვეთილო პროცესის სწორი მენეჯმენტი კი ნებისმიერი სირთულის დაძლევის გარანტიაა. მაშ ასე:

  1. მოსწავლეს ვაცნობთ ახალ თემას;
  2. კოგნიტური მაორგანიზებლის დახმარებით ვაკეთებთ წინარე ცოდნის ანალიზს;
  3. ახალი თემისთვის წინარე ცოდნიდან ვიღებთ იმ საკვანძო საკითხს, რომელიც ახალ მასალაში იმპლემენტირდება;
  4. რესურსი ზუსტად უნდა მოვარგოთ ახალი თემის იდეას, რომლის დახმარებით შევძლებთ შინაარსის განზოგადებას;
  5. მაგალითისათვის, თუ ვსაუბრობთ Underground-ის ფენომენზე პროექტულ სწავლებაში, მიზანშეწონილია, კლასს ვაჩვენოთ ვიდეო ვიეტნამის ომის ან კარიბის ზღვის აუზის კრიზისზე, 60-იანი წლების სოციო-კულტურულ მოძრაობებზე, პაციფისტურ და ფემინისტურ დეკლარაციებზე.
  6. ამ ყოველივეს გათვალისწინებით შევძლებთ მოსწავლეთა დაინტერესებას ასაკობრივი კონტექსტით განპირობებული საკითხებით, რომელთა ინტეგრირება შეგვიძლია სამოქალაქო განათლებასთან, ისტორიასთან, ლიტერატურასთან, უცხო ენებთან…

 

მასწავლებელი, როგორც დირიჟორი აყალიბებს დამოკიდებულებებს თანამედროვე სწავლების ახლებური მიდგომების მიმართ. მას ხელეწიფება სტანდარტული, ყავლგასული სასწავლო პროცესის გაჯანსაღება, გაცოცხლება და ახალი ინსტრუმენტების – კომპლექსური დავალებისა და პროექტული სწავლების დანერგვა, მოდელირება საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე.

მეთოდოლოგიასა და პრაქტიკაში ცვლილებების შეტანა, სტრატეგიების გრადაცია, მათი მორგება მოსწავლეების შესაძლებლობაზე, მიზნობრივი უკუკავშირი და მეგობრის როლი – თანამედროვე ჯანსაღი საკლასო სივრცის ნაწილია.

ზოგადად, მოდელირება სოციალური დასწავლის თეორიაში მხოლოდ მიბაძვას არ გულისხმობს. სოციალური დასწავლის გზა არის მიღწეულ შედეგთა ერთობლიობის გათვალისწინება, რომელიც პროცესის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, უფრო მეტიც, დასწავლის თეორიაში მოდელირება მოსწავლეს ეხმარება სოციალიზაციაში, ცხოვრებისეული მოთხოვნების, სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში. მოდელირება კომპლექსური ფენომენია და ეხება როგორც საკლასო სივრცეს, ასევე სასკოლო კულტურის განვითარებას, მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული მახასიათებლის – დემოკრატიული კულტურის განვითარების ძირითადი ნაწილია.

როგორც ვიცით, სოციალური სწავლების თეორია – ,,ვიკარი სწავლა’’ – ამტკიცებს, რომ შემეცნებითი პროცესები, რომლებიც ყალიბდება ახალი ცოდნის ან უნარის შეძენისას, უნდა იქნას გაგებული იმ კონტექსტის საფუძველზე, რომელშიც ისინი ადაპტირდებიან.

სოციალური სწავლების თეორიაში კომპლექსური დავალება და პროექტული სწავლება ითვალისწინებს თითოეულ მოსწავლეში ახალი წარმოდგენის, ახალი ცოდნის ჩამოყალიბებას ისე, რომ არ დაიკარგოს მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები. მაგალითად, მუსიკათერაპიაში სოციალური დასწავლა თავისთავად იქცევა თერაპიული სწავლების ფორმად. მოსწავლის დონის გათვალისწინებით ვაკეთებთ მისთვის მორგებულ, მოდელირებულ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეგვიწყობს დავუახლოვდეთ მოსწავლეს და გავიგოთ მისი პრობლემების სირთულის ხარისხი. ჩვენ უნდა მოვერგოთ მის შესაძლებლობებს, რათა მოსწავლემ შეძლოს სოციალიზაცია თანამედროვე სამყაროში. მუსიკათერაპია ხომ პრობლემისადმი მეცნიერული მიდგომაა, სადაც მუსიკა გამოყენებულია პიროვნების ბუნებრივი განწყობის ასამაღლებლად, ეხმარება ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ეს არის მიზანზე ორიენტირებული ჩარევა, რომელიც თავისთავად შემოქმედებითი პროცესია მუსიკათერაპევტსა და მიმღებს შორის.

დასკვნის სახით, მინდა მოვიყვანო ამონარიდი დიმიტრი უზნაძის მოხსენებიდან ,,სკოლის მართვა’’, რომელიც ზუსტად პასუხობს დღევანდელ კონტექსტურ და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს:
,,სკოლამ ფართოდ უნდა გააღოს ცხოვრების, მრავალმხრივი საქმიანობის კარი; სკოლაში უნდა ინერგებოდეს არა პასიური მოსმენისა და მომწიფების პროცესი, არამედ აქტიური შემოქმედება და შრომა, მაგრამ არა შემთხვევითი შრომა, არამედ ისეთი, რომელიც გამსჭვალულია და წარმართული მეცნიერული ცოდნის საფუძვლებით’’.

დიმიტრი უზნაძე,
ლადო გუდიაშვილი.1945ლადო გუდიაშვილი, 19

 

როგორი დროულია ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის მიერ 1917 წელს დაწერილი ეს მოსაზრება, რამდენი რამ უნდა ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ მისი ,,სინათლის’’ სკოლის პრაქტიკული გამოცდილებიდან. დიდი მეცნიერის მოსაზრებები სასკოლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, უაღრესად თანამედროვე და აქტუალურია დღესაც. უმაღლესი განათლებისაკენ მიმავალი გზა სწორედ სასკოლო პროცესში მოდელირებულ კომპლექსურ დავალებებსა და პროექტულ სწავლებაზე გადის. კვლევითი სამუშაოს ეს ორივე ფორმა კი პედაგოგის მუშაობის ახალი ინსტრუმენტებია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამბებით თერაპია – სიტყვებით ჯადოსნობის შესახებ

0

ამბების სიყვარული და მისით ტკბობა ბებიამ მასწავლა, როდესაც აღტაცებით და ინტერესით ვუსმენდი მის საუბრებს, შელოცვებს თუ ფანდურზე დამღერებულ შაირებს – ჩვენი სახლის წინკარში, ჭიშკართან ხის ძელსკამზე, ბუხრის პირას თუ საძინებელ ოთახში, სადაც მის საწოლს მეც ვინაწილებდი. ამბების გახსენებით მოგვრილ სიხარულს და რაღაცნაირი მადლიანი კმაყოფილების განცდასაც ბებიას ვუმადლი. ამ განცდების შესაგრძნობად ისევ ვისურვებდი ბავშვობაში დაბრუნებას, მის გვერდით ჩამოჯდომას, რომ მისთვის მომესმინა.

 

ბებიას თხრობის გასაოცარი ნიჭი ჰქონდა და სიამოვნებით გვიყვებოდა უამრავ ამბავს. აქედან ზოგი რეალური იყო, ზოგიც არარეალური. წლების შემდეგ მივხვდი, რომ მას შეეძლო, ყველაფერი საკუთარ გამოცდილებასთან დაეკავშირებინა, ჩვენთვის საინტერესო გაეხადა მონათხრობი და დაგვემახსოვრებინა ხალასი იუმორით შეზავებული თუ უკიდურესად ნაღვლიანი ამბები.

 

როდესაც ბუხარში ნაკვერჩხლები მიინავლებოდა, ჭრაქის ლამფაც ისე კარგად ვეღარ ანათებდა და გარეთ ძილისწინა სიჩუმე ისადგურებდა, ვტოვებდით ბუხრის ოთახს და ბებიას ოთახში გადავინაცვლებდით. ეს ის დრო იყო, როდესაც ელექტროენერგია იშვიათად ან საერთოდ არ მოგვეწოდებოდა. იმ სიჩუმის გახსენება, რომელიც სოფელში ძილის წინ ჩამოდგება, ახლაც კი სიმშვიდეს მგვრის.

 

„- ღმერთო, დალოცე, ჩემი შვილები, შვილიშვილები. შვიდობიანი დღე გაგვითენე – დაილოცებოდა ბებია და უბრალო, შინაურული სიტყვებით დაელაპარაკებოდა ღმერთს ყვავილებიან ჩითის პერანგში დასაძინებლად გამზადებული. მას არასოდეს მოუყოლია ტრადიციული ზღაპრები შვილიშვილებისთვის, სადაც პროტაგონისტი მიდის სახლიდან და თავგადასავლებში ეხვევა; ისეთი ზღაპრები, როგორსაც სხვა ბებიები უყვებიან შვილიშვილებს. მისი ამბების მთავარი პერსონაჟი თავად იყო და ამბებიც გაჯერებული იყო ყოველდღიურობის, ცხოვრებისეული გამოცდილების, გადატანილი სიძნელეების, დამარცხებების და გამარჯვებების გაზიარების სურვილით. ბავშვობის დროინდელ რთულ ყოფაზე, ომში წასულ მამაზე, ყოჩაღ დედაზე და თავის 6 და-ძმაზე, შემდეგ სახლის დატოვების და ჩემს ბაბუასთან ახალი ცხოვრების დაწყებაზე როდესაც გვიყვებოდა, ეს ამბები, ყველა იმ ზღაპარს მერჩივნა, რომლებსაც ვკითხულობდი. ბებიას რთულ დროს მოუწია ცხოვრება, სიდუხჭირემ მის ცხოვრებას დაღი დაასვა, საკუთარი ოცნებების ახდენის საშუალება არ მისცა, განათლების მიღება ვერ შეძლო და ამას ძალიან განიცდიდა. 50 კაპიკი არ მქონდა, სკოლაში, რომ მიმეტანა. დედაჩემს ვერ ვუთხარი. საიდან ექნებოდა. ემრცხვა და მეორე დღეს აღარ წავედი სკოლაში, გვიამბობდა ბებია. როდესაც დაქორწინებას, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს იხსენებდა, სიამაყით ამბობდა:გაკერილი თეფში დამხვდა, როცა ბაბუაშენს გავყევი ცოლად და ეს ყველაფერი (სახლი, კარმიდამო) დიდი შრომით მოვიანეთ აქამდეო. ბებია მართლაც ძალიან ბევრს შრომობდა, სულ გვეუბნებოდა ადამიანმა მზის ამოსვლას უნდა დაასწროს ადგომაო და ყოველთვის ასე იქცეოდა. ჩვენს გაღვიძებამდე დილის საქმე უკვე მოთავებული ჰქონდა – ძროხა მოწველილი, ყველი ამოყვანილი, ჭურჭელი დარეცხილი და საუზმე მომზადებული.

 

დღეს ყველაზე რთულ მომენტებში, ზუსტად ვიცი, რა მიშველის – გარინდება და იმ დროში გადანაცვლება, როდესაც ყველაფერს სიმსუბუქის განცდა დაჰკრავდა, დაცულობის, უპირობო ნდობისა და სიყვარულის ატმოსფეროში.

 

ამბის ჯადოსნურობისა და მაკურნებელი თვისების რწმენაც ღრმა ბავშვობიდან მომყვება და დღესაც გულწრფელად მჯერა, როდესაც ბუხრის პირას მჯდარი ბებია კალთაში ჩამისვამდა, „შიშზე” და „ნათვალევზე” შემილოცავდა, „იყო და არა იყო რა”-სავით ჯადოსნურ სიტყვებს „ალისასა, მალისასა” წარმოთქვამდა, ვიცოდი, რომ სიტყვის მაგია ამოქმედებას იწყებდა. ავი თვალი მშორდებოდა, საშიშროება ჩავლილი იყო და ვერავინ ვერაფერს დამაკლებდა, როდესაც ბებიას შეეძლო სიტყვებით ეჯადოსნა.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...