შაბათი, ივლისი 20, 2024
20 ივლისი, შაბათი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი   სწავლების დაწყებით საფეხურზე

ინტეგრირებული გაკვეთილი უკვე აღარ წარმოადგენს სიახლეს. ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმოს. საგანთა ინტეგრაცია ხელს უწყობს ნასწავლის გამთლიანებას და შეძენილი ცოდნის ერთი სფეროდან მეორეში გადატანას-ტრანსფერს. იმისთვის , რომ ტრანსფერი წარმატებით განხორციელდეს, მიღებული ცოდნა მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს სწავლის დროს შეძენილი გამოცდილების სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება, პრობლემის დაძლვის ძირითადი პრინციპების აღმოჩენა.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. ინტეგრირებული გაკვეთილი დავგეგმე და ჩავატარე მე-4 კლასში.

საგნები: ბუნებისმეტყველება-ქართული ენა

თემა: „ ცეცხლი-მტერი, თუ მეგობარი? “

მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ცეცხლის მნიშვნელობის გააზრება;

ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზების დასახელება და მათი თავიდან აცილების ღონისძიებების განსაზღვრა;

ლეგენდის „როგორ მოიპოვა ადამიანმა ცეცხლი“კითხვა და დამუშავება;

სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გაკეთება.

გაკვეთილი დავიწყე თემის და მიზნის გაცნობით. მოსწავლეთა გააქტიურების და შესასწავლი თემისადმი ინტერესის გამძაფრების მიზნით, დავსვი მაპროვოცირებელი შეკითხვები:

1)როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ადამიანს ცეცხლი?

2)როგორი იქნებოდა ცხოვრება ცეცხლის გარეშე უძველეს დროს?

მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში, შეავსეს Tდიაგრამა,ჩამოწერეს ცეცხლის სასარგებლო და საზიანო თვისებები, გაუზიარეს ერთმანეთს.

ვთხოვე, გამოეთქვათ ვარაუდები-როგორ შეძლო ადამიანმა ცეცხლის მოპოვება და გამოყენება. მათი მოსაზრებები  ჩამოვწერე ფლიფჩარტზე. ამ აქტივობით ბავშვებს გავუაქტიურე წარმოსახვის, ფანტაზიის, აზრის გამოხატვის უნარები.

შემდეგ ეტაპზე დავიწყეთ ტექსტის-  „როგორ მოიპოვა ადამიანმა ცეცხლი?“ ბუშმენური ლეგენდა ( საბავშვო გაზეთი „კითხვის დრო“ USAID G-PRIED )კითხვა და დამუშავება.

ტექსტს კითხულობდა კითხვაში გაწაფული მოსწავლე, ეტაპობრივად განვმარტავდით უცხო ლექსიკურ ერთეულებს:

 

ბუშმენები სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი.

 

კალაჰარი – უდაბნო აფრიკის სამხრეთ ნაწილში.

 

ბარხანები -უდაბნოს რელიეფი, ქარით მოტანილი და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვი.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ დავსვი შეკითხვები, ეს დამეხმარა გამეგო, რამდენად კარგად შეძლეს მოსწავლეებმა წაკითხულის გაგება-გააზრება. მათ  დაასკვნეს, რომ ცეცხლს, სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია. უპასუხეს შეკითხვას- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობას?

განვმარტეთ, რა არის ხანძარი-გაუკონტროლებელი ცეცხლი,რომელიც სწრაფად ვრცელდება. ვუამბე, რომ კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ფაქტები ხანძრების შესახებ, როდესაც მთლიანად განადგურდა ქალაქები. მაგალითად, რომაული ქალაქი პომპეი ვულკანის ცეცხლსა და ფერფლში დაიწვა.

ტექსტის დამუშავების შემდეგ , ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფებში. დავალებები ისე იყო შეჩეული და განაწილებული, რომ ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით ემუშავა. პირველი ჯგუფის წევრებს ვთხოვე დაეწერათ სამი ფაქტორი, რაც შეიძლება ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდეს; მეორეს-სამი წესი, რომელიც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ხნძარი; მესამე ჯგუფს კი-სამი რამ, რასაც გააკეთებ, თუ ცეცხლმოდებულ შენობაში აღმოჩნდებით.

გაკვეთილის მომდევნო ეტაპზე ვუჩვენე სასწავლო ანიმაციური ფილმი „ხანძარი“

 

ფილმი ვუჩვენე პაუზებით, რადგან ყველა ეპიზოდის აღქმა, გააზრება და დამახსოვრება არ გაჭირვებოდათ .  ეტაპობრივად დამაზუსტებელი შეკითხვებით ვარკვევდი რამდენად კარგად იგებდნენ ნანახს.  ბოლოს დავსვი კითხვები:  დაემთხვა თუ არა მათი მოსაზრებები ანიმაციურ ფილმში ნანახს?    შევძელით მთავარ კითხვაზე „ცეცხლი- მტერი, თუ მეგობარი?“

შეჯამების ეტაპზე მოსწავლეებმა უპასუხეს მთავარ კითხვას, გააკეთეს დასკვნა,მოიყვანეს არგუმენტები. სახლში დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები „როგორ დავიცვათ სახანძრო უსაფრთხოების წესები“.

 

დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ეფექტური იყო და დამეხმარა საგაკვეთილო მიზნის მიღწევაში. მოსწავლეებმა შეძლეს უკვე არსებული ცოდნის და სხვადასხვა წყაროდან მიწოდებული ინფორმაციის გამთლიანება, გამოცდილების სხვა სიტუაციაში გამოყენება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მასწავლებელთის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი ნაწილი II

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“