ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
7 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ცხოვრებისეული კონტექსტი აქტივობაში

0

გაყოფა, რომ გამრავლების შებრუნებული მოქმედებაა ვიცით, მაგალითებსაც ვხსნით, ამოცანებსაც, მაგრამ მაინც რა არის გაყოფა? რაში გვჭირდება ის  ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა ღირებულება აქვს გაყოფის ცოდნას? იქნებ არაფერი შავდება თუ არ მეცოდინება.

–  რას ფიქრობთ, რაში გვჭირდება გაყოფის, როგორც მოქმედების ცოდნა? -ეს იყო შეკითხვა, რომელიც მეოთხე კლასელებს მას შემდეგ დავუსვი, რაც ოთხივე მოქმედებაზე უკვე არაერთი საგაკვეთილო საათის განმავლობაში, არაერთი მაგალითი თუ ამოცანა სწორად შევასრულეთ.

ბავშვებს უყვართ ასეთი შეკითხვები და ასეთ დროს ყველა ცდილობს საკუთარი ვერსია თქვას.  აქ მთავარია არ გამოგვრჩეს იმ გაუბედავი მოსწავლის ჩუმად ნათქვამი რეპლიკა, რომელიც დიდად დარწმუნებული არაა თავისი პასუხის მართებულობაში და ან წავახალისოთ მისი პასუხი, ან დავარწმუნოთ თავადვე საწინააღმდეგო აზრში.

მოგეხსენებათ, მათემატიკური საკითხების განხილვისას ნებისმიერი აზრი მისაღები არაა. ყველა მოსაზრება მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებულია. ჰოდა როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ წარმოთქვა აზრი, რომ გაყოფა არის ტოლ რიცხვებად დაშლა, მაგრამ ხანდახან გაყოფა ნაშთიანიაო, უკვე გასაგები გახდა რა მიმართულება მიეცემოდა იმ დღეს გაკვეთილს.

ძალიან საინტერესოა ხოლმე კითხვა-პასუხით, დიახ, მხოლოდ კითხვა-პასუხით რეფლექსური აზროვნების განვითარება, რაც საშუალებას მოგვცემს მოსწავლეებს დავანახოთ ამა თუ იმ საკითხის არსი და ღირებულება.

დავიწყეთ შეკითხვით:

  • გაყოფა ტოლ ნაწილებად დაშლაა თუ უბრალოდ დაშლა?
  • რომელია გაყოფის კერძო შემთხვევა ნაშთიანი გაყოფა თუ შემთხვევა, როცა გამყოფი სრულად თავსდება გასაყოფში?
  • როგორ ფიქრობთ, როცა გამყოფი ზუსტად თავსდება გასაყოფში, გვაქვს თუ არა ნაშთი?

მოკლედ დიდი ფიქრის, ვარაუდების გამოთქმისა და გადამოწმებების შემდეგ (კვლევითი უნარები) მივედით დასკვნამდე, რომ ე.წ. უნაშთო გაყოფა გაყოფის კერძო შემთხვევაა და ნაშთი შესაძლებელია იყოს მაგალითად 0.

ჰოდა, რაკი სიტყვა ნაშთზეც ჩამოვარდა (ვერც ავცდებოდით) მაშინ იმის გარკვევაც საინტერესოა რის ტოლი შეიძლება იყოს ნაშთი. ამის გასარკვევად წყვილებმა წინასწარ გამზადებულ ბარათებზე შეასრულეს 8-ზე გაყოფის მაგალითები. ამ დროში კი ასევე წინასწარ გამზადებული ცხრილი გავაკარი დაფაზე

გასაყოფი გამყოფი არასრული განაყოფი ნაშთი
8 8 1 0
9 8 1 1
10 8 1 2
11 8 1 3
12 8 1 4
13 8 1 5
14 8 1 6
15 8 1 7
16 8 2 0

 

წყვილებს კი ვთხოვე, მათი შედეგები გადაეტანათ ცხრილის შესაბამის უჯრებში. სრულად შევსების მერე კი დავსვი კითხვა. ხომ არ ხედავდნენ რაიმე კანონზომიერებას ცხრილში? ცხადია მეოთხე კლასელებისთვის ამდენ რიცხვებში ასე ერთი შეხედვით რთულია კანონზომიერების პოვნა. ამიტომ კიდევ უფრო დასაზუსტებლად ვიკითხე რაიმე კანონზომიერება ხომ არ იყო გამყოფისა და ნაშთან დამოკიდებულებაში. კიდევ უფრო დასაზუსტებლადაც მზად ვიყავი. მაგალითად თითოეული სტრიქონის შემთხვევაში მეკითხა რომელია მეტი ნაშთი თუ გამყოფი, მაგრამ ამდენი აღარ დამჭირდა და რამდენიმე ბავშვი მეორე კითხვაზევე მიხვდა, რომ ნაშთი ყოველთვის ნაკლებია გამყოფზე. ტოლიც კი არ შეიძლება იყოს. ყველას რომ დაენახა კანონზომიერება სათითაოდაც დავაკვირდით თითოეული გაყოფისას რა დამოკიდებულება იყო გამყოფსა და ნაშთს შორის. გადასამოწმებლად სხვა რიცხვზე გაყოფაც შევასრულეთ (რომ არ ეფიქრათ, რომ მხოლოდ 8-ზე გაყოფისას ხდება ასე)

ამის შემდეგ ვიკითხე რაში გამოვიყენო ეს ცოდნა გაკვეთილის გარეთ? აი, სად მჭირდება ამის ცოდნა. სხვადასხვა პასუხები მოვისმინე მაგალითად დედა რომ გაგვიყოფს მე და ჩემ ძმას ნამცხვარს, მარკეტში რამის ყიდვა რომ გვინდა და ა. შ.

შემდეგ კლასს ვთხოვე მოეფიქრებინათ ისეთი სიტუაცია, როცა მარკეტში რაიმეს ყიდვისას გვჭირდება გაყოფის ცოდნა. თან დავპირდი, რომ გავითამაშებდით ამ სიტუაციას. ერთობლივად მოვიფიქრეთ ასეთი სიტუაცია: ქეთიმ იყიდა 2 ცალი 4 ლარიანი წვენი და გამყიდველს მიაწოდა 10 ლარიანი. რამდენი უნდა დაუბრუნოს გამყიდველმა ხურდა ქეთის?

გავითამაშეთ სცენა, „გამყიდველმა“ სწორად დაუბრუნა ქეთის ხურდა და დავწერეთ შესაბამისი მაგალითიც დაფაზე. 10 : 4 = 2 (ნაშთი 2) ყველაფერი სწორია! ნაშთი 2 ნაკლებია გამყოფ 4-ზე. ყველაფერი გასაგებია. მაგრამ უცებ ვცვლი სიტუაციას და ვკითხულობ: ქეთის რომ 20 ლარიანი ჰქონოდა, და ისევ 2 ცალი ოთხ ლარიანი წვენი ეყიდა, რამდენს დაუბრუნებდა გამყიდველი? დავწერეთ შესაბამისი გამოსახულება 20 : 4 = 2 (ნაშთი 12) ყველაფერი დაიშალა.

  1. სწორია ეს გამოსახულება?
  2. რატომ დაირღვა კანონზომიერება?
  3. რატომაა ნაშთი მეტი გამყოფზე?
  4. ასეთი სიტუაციისას მოქმედება გაყოფა გამოგვადგება?

აი, შეკითხვები, რომლებზეც დაფიქრება სახლში მოუწევთ ბავშვებს და მომავალი გაკვეთილიც სწორედ ამ სიტუაციით დაიწყება.

რა მინდა და რას ვცდილობ ასეთი გაკვეთილებით? მინდა დაინახონ ბავშვებმა საკითხის არსი მთლიანად. მხოლოდ დანაწევრებული მაგალითებისა და ამოცანების გაკეთებით ხშირად არ ხერხდება ამა თუ იმ საკითხის არსში გარკვევა. მარტივია ამ თემის შეჯამებისას იკითხო რა არის გაყოფა, გააკეთო მაგალითები გაყოფის რამდენიმე შემთხვევაზე, ნაშთიანიც, უნაშთოც, ამოცანაც და ჩათვალო, რომ გაყოფა მოსწავლეებმა იციან. მაგრამ როდესაც ყველა მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებ, როდესაც ყველა აზრის გადამოწმებას ასწავლი და დასკვნის გამოსატანად საჭირო ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ, გაცილებით ეფექტურია გაკვეთილი და გაცილებით დიდია საბოლოო შედეგი, არ მოვიყვან აქ ახლა პერკინსის და რომელიმე თეორეტიკოსის დასკვნებს, ეს ისედაც ვიცით მასწავლებლებმა, მაგრამ ის, რასაც საკლასო ოთახში ვხედავთ, ყველა თეორიაზე მაღლა დგას. ანთებული თვალები, მოსაზრებები, გადამოწმება, კამათი ერთმანეთში. თითქოს ჯიბრით ნათქვამი „აბა მიდი მანახე მაგალითი“ და ა. შ. რაც გაკვეთილს ხდის საინტერესოს და სახალისოს. სასწაულია ხედავდე მოსწავლეს, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს, თავისსავე ნათქვამი დასადასტურებლად ეძებს მაგალითებს, ხანდახან ვერ პოულობს, მაინც არ ეშვება, ცდილობს იპოვოს ის ერთადერთი ვერსია, რომელიც მის მოსაზრებას გაამყარებს და სასწაულია პოვნის მერე მისი თვალების ნახვა. მისი ემოციის დანახვა.

პროფესია მართლა სწორად ავირჩიე!

ჩვენი ორგანიზმის კარკასი

0

ერთხელ სკოლიდან დაბრუნებული, ისე, რომ ჩანთაც კი არ დავდე თავის ადგილას, ბებიას მივეხალისე და მოვახსენე:

-ბებია, ბებია („იმერული ექსკიზების“ ტონზე), ანეგდოტი ვისწავლე და უნდა მოგიყვე თქო.

ბებო არც კი დაინტერესებულა ანეგდოტის შინაარსით, მაშინვე გამკიცხა:

-რას მეუბნები, ბებო, ასეთი ხუთოსანი გოგო ხარ, თან ჩემი შვილიშვილი, შენთვის ანეგდოტები არ შეიძლებაო.

დავიმორცხვე… არადა, თანაკლასელებისგან მოსმენისას და შემდეგ გამეორების მცდელობისას, არც კი დავფიქრებულვარ, ჩემთვის რა შეიძლებოდა და რა არა.

ბებია, ორმოცი წლის სტაჟის მქონე დამსახურებული პედაგოგი გახლდათ და „ჩემი შვილიშვილისთვის არ შეიძლებაო“, ეგ თუ იგულისხმა, ალბათ.

ახლა, სავარაუდოდ, ჩემვის ანეგდოტების მოყოლა „უფრო არ შეიძლება“, თანაც აქ, ამ გაზეთში, მაგრამ ერთი უნდა მოგახსენოთ და მომიტევეთ.

სამი ოსტატი სახლს აშენებს. ერთი რკინის არმატურაზეა პასუხისმგებელი, მეორე  ბლოკებზე, მესამე კიდევ ბეტონზე. ააშენებენ და ერთი-ორ დღეში ჩამოინგრევა.  აფსუს, ჩემო ბლოკებო, ამბობს ერთი, რამდენი ბეტონი ტყუილად წავიდა, წუხს მეორე. მესამე კიდევ გახარებულია, ვაჰ, კაცო, კიდევ კარგი რკინის არმატურა არ ჩავდე, ისიც ხომ ტყულად დაიხარჯებოდაო.

მიხვდით ხომ?

ჰოდა, დღეს იმ არმატურაზე მინდა დავწერო, ჩვენს ორგანიზმს, რომ ამაგრებს.

პირველი თავად რკინაა და მასზე ადრე უამრავჯერ დავწერე. შესადარებლად გალას სახუმარო ლექსიც კი გამოვიყენე, „მომკლავს მე უშენობა“-თქო. რადგან, დიახ რკინის დეფიციტით ანემია განვითარდება და თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, ბოლოს უეჭველად  სიკვდილი იქნება.

რკინის უმეტესი ნაწილი ერითროციტებშია კონცენტრირებული. პლაზმაში მისი რაოდენობა უმნიშვნელოა, სულ 0,02მმოლ/ლ. ყოველდღიურად ერითროციტების დაშლის შედეგად 25მგ რკინა გამონთავისუფლდება. საკვებთან ერთად ამდენივე რკინა უნდა მიიღოს ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში.  სისხლმბად ორგანოებში, როგორიცაა, ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი, ყოველთვის გვხვდება რკინის მარაგი ადვილად მობილიზებადი კომპლექსის-ფერიტინის სახით.ორგანიზმიდან რკინა ნაღველით, განავლით და სისხლდენების დროს გამოიყოფა.

ჰემოგლობინის გარდა, რკინა შედის მიოგლობინის და ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში. რკინით მდიდარი პროდუქტებია ღვიძლი, ელენთა, კვერცხის ყვითრი, თევზი, ისპანახი, სატაცური და ა.შ.

სინამდვილეში ჩვენი ორგანიზმის კარკასს რკინის გარდა, უამრავი ნივთიერება წარმოადგენს.

დავიწყოთ ნათელი გონებით.

სხარტი აზროვნების გარეშე ცხოვრება მართლაც წარმოუდგენლად მძიმე გახდება. მიკროელემენტი იოდი გონების სისხარტეს არა მხოლოდ დახვეწს, მოხუცობაშიც შეგვინარჩუნებს. უფრო მეტიც, ბავშვობის ასაკის  იოდის დეფიციტმა შესაძლოა მოაგვიანებით შეგვახსენოს თავი და გონების სისხარტე მთელი 13 პუნქტით დაწიოს.

გარდა ამისა, იოდის უკმარისობისას შენიშნავთ:

თმის ცვენას და ფერმრკრთალ კანს;

წონის მკვეთრ მატებას და სხეულში სითხის დაგროვებას;

მეხსიერების დაქვეითებას;

იმუნიტეტის დაქვეითებას;

ქრონიკულ დაღლილობას;

იოდი ჰიპოკამპის ფორმირებაში ღებულობს მონაწილეობას.  ეს უკანასკნელი  თავის ტვინის იმ სტრუქტურის ნაწილია, რომელიც აკონტროლებს მოტივირებულ ქცევას, ემოციურ მდგომარეობას და მეხსიერებას და მას ლიმბურ ნაწილის სტრუქტურას უწოდებენ.

გარდა ამისა, ორგანიზმში არსებული იოდის დიდი ნაწილი ფარისებრ ჯირკვალშია კონცენტრირებული. იოდზე სადღეღამისო მოთხოვნა 0,2მგ-ს შეადგენს. მასზე მოთხოვნილება მოზარდებში, ორსულებსა და ჩიყვის არსებობისას ძლიერდება.

 

შემდეგი მიკროელემენტი თუთიაა. ის მეტალდამოკიდებული ფერმენტების შემადგენლობაშია და უამრავ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. მათ შორის ნეირომედიატორების სიგნალების გადაცემასა და იმავე ჰიპოკამპის აქტიური ფორმის შენარჩუნებაში.  თუთიის ნაკლებობა ასევე მეხსიერების დაკლებას გამოიწვევს.

მისი რაოდენობა დღე-ღამურ საკვებში უნდა შეადგენდეს 15მგ-ს. ჰორმონი ინსულინი პანკრეასის უჯრედებში გროვდება თუთიასთან წარმოქმნილი კომპლექსის სახით.

თუთიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მისი მონაწილეობა ენისა და ცხვირის ღრუს რეცეპტორების მიერ გემოსა და სუნის შეგრძნების აღქმაში.

ვინ იცის, შესაძლოა კოვიდის დროს გამოწვეული ყნოსვის და გემოს დაკარგვა თუთიის შეწოვის შეფერხების და მისი დეფიციტის გამო ხდება?

თუთია სპილენძთან ერთად წყვილად მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია მათი სწორი პროპორცია. აღმოჩნდა, რომ ალცჰეიმერის დიაგნოზის  მქონე ადამიანებს თითქმის ყოველთვის ან თუთიის, ან სპილენძის, ან ორივეს ნაკლებობა აღენიშნებათ.

სპილენძი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. მონაწილეობს ჰემოგლობინის, მიოგლობინის, ციტოქრომების და რკინის შემცველი სხვა ორგანული ნაერთების სინთეზში.

არა, უშუალოდ კი არ არის ჩართული, რკინის ჩართვას  უწყობს ხელს ორგანულ ნივთიერებათა შემადგენლობაში. გარდა ამისა, სპილენძი თავადაც შედის ზოგიერთი ორგანული ნივთიერების შემადგენლობაში. მაგ. სისხლის პლაზმაში სპილენძის იონი ძირითადად დაკავშირებულია ცილა ცერულეოპლაზმინთან. ამ უკანასკნელს სუსტად გამოხატული ფერმენტული თვისება გააჩნია. ეს იმაში გამოიხატება, რომ ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას, ადრენალინის და სხვა ნივთიერებათა დაჟანგვას.  სპილენძის იონი მონაწილეობს ფოტოსინთეზის რეაქციებში, როგორც ელექტრონების გადამტანი. ამ შემთხვევაში ის შედის მცენარეული ცილის პლასტოციანინის შემადგენლობაში. ამ ცილას „ლურჯ ცილასაც“ უწოდებენ.

სპილენძი ასევე შედის ფერმენტ ლიზინოქსიდაზას აქტიურ ცენტრში, რომელიც კოლაგენის და ელასტინის პოლიპეპტიდური ჯაჭვების ბიოსინთეზში მონაწილეობს.

სპილენძის უკმარისობა ანემიას იწვევს, რომელიც რკინადეფიციტურ ანემიაზე გაცილებით რთულად მიმდინარებს. სპილენძის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს ციტოქრომული სისტემის ფუნქცია ირღვევა.

კიდევ ერთი აუცილებელი ნაწილი, ჩვენი ორგანიზმის კარკასისთვის მაგნიუმია. მისი გარკვეული რაოდენობა დაკავშირებულია კალციუმთან და ფოსფორთან. ქმნის კომპლექსურ ნაერთებს ძვლებში. გვხვდება ექსტრაცელულარულ სითხეშიც. მაგნიუმის იონი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვაში და იმ მრავალი  ფერმენტის აქტივატორია, რომლებიც ჩვენი ენერგიის, ანუ  ATP-ის სინთეზში ღებულობს მონაწილეობას. არ არის მაგნიუმი, არ არის ენერგია.

და ფოსფორი? ნაკლებად მნიშვნელოვანი გგონიათ?

მისი უდიდესი რაოდენობა ძვლებშია ლოკალიზებული მარილების სახით. ორგანიზმში არსებული ფოსფორის 10% ისეთ ორგანულ ნივთიერებებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. ორგანიზმში ფოსფორის ცვლაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს არაორგანული ფოსფორი.ამიტომ, კლინიკაში სისხლის შრატში არაორგანულ ფოსფორს საზღვრავენ.

მოზრდილებისათვის საკვებ რაციონში ფოსფორისა და კალციუმის ოპტიმალური შეფარდება არის 1:1, ბავშვებისთვის 1:2 (სწორედ ასეთი შეფარდებაა დედის რძეში).

სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს ფოსფორის რაოდენობა სისხლში კლებულობს.

სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობა 2,5-2,8 მმოლ/ლ-ია ()9-11მგ%. ერითროციტებში კვალის სახით შედის. ყველაზე მეტი რაოდენობით კალციუმი შედის ძვლებში და კბილებში. ორგანიზმში გვხვდება, როგორც იონიზირებული, ასევე არაიონიზირებული სახით.

კალციუმი მართლაც შეუცვლელია ჩვენი კარკასისთვის. მონაწილეობას ღებულობს კუნთის შეკუმშვაში, როგორც კალიუმის ანტაგონისტი. ასევე, სისხლის შედედებაში, ძვლების შენებაში, უჯრედის მემბრანის განვლადობის პროცესებში, ფერმენტების აქტივობის რეგულაციაში.

კარკასის კიდევ ერთი რგოლი მინერალური მარილებია, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, როგორიცაა ოსმოსური წნევის შექმნა და მისი რეგულაცია; მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება და ა.შ.

 

გუშინ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივდიოდი. ტაქსი გავაჩერე, ფასზე მოვურიგდი და ჩავჯექი. მძღოლი საუბრის მოყვარული აღმოჩნდა და მაშინვე პროფესიით ვინ ხარო, მკითხა. ჩემს ქიმიკოსობაზე გაიხარა და ორი წლის წინანდელი სიზმარი გამანდო…

დიდ და ტრიალ მინდორში ვიყავიო. უცებ ზემოთ ავიხედე და მთელი ცა ქიმიური ფორმულებით იყო სავსეო. მინდოდა მეკითხა, ორგანულით თუ არაორგანულით თქო, მაგრამ ისეთი გატაცებით ყვებოდა, ხელი აღარ შევუშალე.

ჰოდაო, გააგრძელა, ამ სიზმრიდან ერთ თვეში პანდემია გამოაცხადესო.

აი, მითხარით, ქალბატონო, რას ნიშნავდა ჩემი სიზმარიო?

რა ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს?

ალბათ იმას, რომ პანდემიის შემდეგ უეჭველი ჩვენი ორგანიზმის კარკასის გამაგრებაა საჭირო!

როგორ ვასწავლოთ ბავშვს წესების დაცვა

0

რამდენად საჭიროა მოვითხოვოთ ბავშვისგან გარკვეული წესების დაცვა. როცა სასკოლო ასაკზეა საუბარი, ვფიქრობ საკამათო არაფერია და ყველა დამეთანხმება, რომ დადგენილი წესების დაცვის გარეშე ძნელი იქნება წარმატებებზე  საუბარი. მაგრამ განვითარების ადრეული პერიოდი ბევრისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება და ამ შემთხვევაში წესების დაცვაზე საუბარი მათ შეიძლება ზედმეტადაც კი მიიჩნიონ. წესების დაცვის მოთხოვნა, მათი აზრით, ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას და აფერხებს მის განვითარებას. თავისუფლება ხომ მათი აზრით ბავშვის წარმატებული განვითარების გასაღებია. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვებიც. აკრძალვები საჭიროა არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ბავშვმა გაიგოს, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო, სადაც ის იმყოფება და როგორ უნდა ურთიერთობდეს ამ სამყაროსთან. წარმატებული აღზრდა აუცილებლად მოიაზრებს ბალანსის დაცვას თავისუფლებასა და აკრძალვებს, შეზღუდვებს შორის. ეს კი გარკვეული წესების დაცვის გარეშე არ მიიღწევა. კარგი იქნება, თუ უმარტივესი წესების დაცვის უნარს ბავშვს ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში მოსულს მას ძალიან გაუჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტირება და სკოლა მისთვის საყვარელ ადგილად ნამდვილად არ იქცევა გამომდინარე იქიდან, რომ აქ მას უამრავი წესის დაცვას მოსთხოვენ.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს წესების დაცვა:  

  • ჩვენ მიერ შეთავაზებული წესები ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს. დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი გვისმენს და გავაცნოთ შეთავაზებული წესი მისთვის გასაგებ ენაზე. გვახსოვდეს, რომ პატარას გარკვეული დრო სჭირდება ახალი წესის გასაცნობიერებლად და ასათვისებლად, ამიტომ ნუ მოველით სწრაფ ეფექტებს;
  • ნუ დავუდგენთ ბავშვს ძალიან ბევრ წესს. პატარას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმის მოთხოვნებისა და შეზღუდვების მნიშვნელობა; ამიტომ, თავდაპირველად მან უნდა ისწავლოს მცირე რაოდენობის წესების დაცვა;
  • უმჯობესია წესები ეტაპობრივად შემოვიტანოთ. ბავშვს ახალი წესები მხოლოდ მას შემდეგ უნდა შევთავაზოთ, რაც ადრე მიწოდებული წესები დაუფლებული ექნება. ასე მას გაუადვილდება დაიმახსოვროს ყველაფერი და არ დაიბნეს;
  • ბავშვისთვის შეთავაზებული წესების ფორმულირებისას ნაკლებად გამოვიყენოთ ფრაზა „არ შეიძლება“. რაც უფრო იშვიათად ვიყენებთ სიტყვას „არა“, მით მეტი წონა ექნება მას საჭირო დროს წარმოთქმისას. თუ ბავშვს დედასთან ერთად სეირნობისას მუდმივად ესმის ფრაზები: „ნუ დარბიხარ – წაიქცევი“; „ძაღლს ხელი არ ახლო – რწყილები ეყოლება“; „გუბეში ნუ დგები – მოითხუპნები“; – ბუნებრივად მას უჩნდება კითხვა – „და, რა შეიძლება?!“. ძნელია წარმოვიდგინოთ სამი წლის პატარა მშვიდად მოსეირნე პარკში. თუ აკრძალვების ტოტალური სისტემა სახლშიც არ ასვენებს ბავშვს, ყველანაირი სურვილის მიუხედავად მას ძალიან გაუჭირდება შეასრულოს უფროსების მოთხოვნები. და რადგან „მისია შეუსრულებელია“, მცდელობაც არ ღირს. შედეგად ბავშვი ხდება უკონტროლო;
  • წესების ფორმულირებისას გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. უფროსების მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს პატარას შესაძლებლობებს, ადვილად აღქმადი და გასაგები იყოს მისთვის; მაგ. 4-5 წლის ბავშვს არ შეუძლია იჯდეს მშვიდად თუნდაც 15 წუთის განმავლობაში ექიმთან შეხვედრის მოლოდინში. ამიტომ, უსამართლობა იქნება მისი გაკიცხვა აღნიშნულ სიტუაციაში მოუსვენრობის გამო;
  • ერთი წლის ასაკიდან ბავშვს შეუძლია მარტივი ინსტრუქციების გაგება, მაგრამ მისი მეხსიერება ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. მას არ შეუძლია დაიცვას წესები, რომლებიც თითქოს უკვე კარგად ჰქონდა ათვისებული. იმპულსურობა, თავშეუკავებლობა სერიოზული ხელისშემშლელია მისთვის. ცნობისმოყვარეობა, ახლის წყურვილი იზიდავს პატარას, სუსტად განვითარებული ნებელობა კი საშუალებას არ აძლევს თავი შეიკავოს აკრძალული ქმედებებისაგან. ამიტომ, სკოლამდელი ასაკის ბავშვს პერიოდულად უნდა შევახსენოთ, თუ რა შეიძლება და რა არა;
  • ვიყოთ გულწრფელი, მტკიცე და თავდაჯერებული ბავშვთან ურთიერთობისას. თუ ის იგრძნობს ჩვენს სიყალბეს და მერყეობას, ყველანაირად შეეცდება იმის გაკეთებას, რაც სურს და როგორც სურს, სანამ არ „დავნებდებით“. ბავშვთან ჩვენი ამგვარი ურთიერთობა მიგვიყვანს იქამდე, რომ შემდგომ ჯერზე ის კვლავ და კვლავ „შეგვამოწმებს“ სიმტკიცეზე. ამიტომ, უარის თქმისას ვიყოთ თავდაჯერებული, მტკიცე, მოვერიდოთ ღიმილს, რადგან ღიმილიანი მზერა ასეთ დროს ბავშვისთვის გულისხმობს შემდეგს: „ჩემო საყვარელო, მე გეუბნები „არა“, მაგრამ ჩემი გადარწმუნება ყოველთვის შეიძლება“. აღმზრდელის მერყეობა და დაურწმუნებლობა უარყოფითად აისახება ბავშვზე. მას ესაჭიროება საკუთარ თავში დარწმუნებული უფროსი, რომელმაც იცის, თუ რას აკეთებს და რატომ აკეთებს;
  • იმისათვის, რომ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და წესები ქმედითი აღმოჩნდეს, საჭიროა პატარასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების შეთანხმებული მოქმედება; მოთხოვნები უნდა დაიცვას ოჯახის ყველა წევრმა – თუ დედა ბავშვს რაიმეს უკრძალავს, მამა კი ამას ყურადღებას არ აქცევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატარა დაიცავს ასეთ მოთხოვნებს;
  • ოჯახის წევრების შეთანხმებულ მოქმედებასთან ერთად აუცილებელია თანმიმდევრულობაც. თუ ვიქნებით თანმიმდევრული ჩვენს მოთხოვნებში, ბავშვი დაცულად იგრძნობს თავს და გააცნობიერებს არჩევანის შედეგებს. ადრე თუ გვიან ბავშვი ისწავლის წესების დაცვას; ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვისთვის ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ;
  • მნიშვნელობა არა აქვს ბავშვი ერთი წლისაა, სამის თუ ხუთის, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მას რაიმეს ვუკრძალავთ, ან მორჩილებას მოვითხოვთ, დავჯდეთ მის წინ და ჩავხედოთ თვალებში – ეს ჩვენს სიტყვებს უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს. გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ არ ვუყურებთ, ჩვენ არ გვისმენენ. ნამდვილად არ არის ადვილი საუბრის წარმართვა ადამიანთან, რომელიც არ გვიყურებს; გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ალბათ ვიფიქრებთ, რომ ის უბრალოდ თავის პრობლემებშია ჩაძირული, ან ღრუბლებში დაფრინავს და საერთოდ არ გვისმენს. ამასთან ერთად, ბავშვის „თვალების დონეზე დაშვებით“ ჩვენ ვეხმარებით მას ფოკუსირება მოახდინოს ჩვენს სიტყვებზე. ამ წესიდან გამომდინარე უაზრობაა მეზობელი ოთახიდან ბავშვისთვის განკარგულებების გაცემა. ასეთ დროს პატარამ ყოველთვის შეიძლება მოგვაჩვენოს, რომ არ ესმის ჩვენი ნათქვამი;
  • როცა ბავშვი ბრაზდება, აბობოქრებულია და მზად არის ასაფეთქებლად, ვუთხრათ, რომ დავითვლით ათამდე იმისათვის, რომ მივცეთ დრო დასამშვიდებლად. თუ ჩვენ დავითვლით ბოლომდე, მაგრამ ის კვლავ აგრძელებს ბობოქრობას, შეგვიძლია გარკვეული აკრძალვები დავუწესოთ. ეს ხერხი ეფექტურია ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის;
  • როდესაც ჩვენი საყვარელი პატარა თავისი ქცევით მართლაც აუტანელი ხდება, საუკეთესო გამოსავალი იქნება მისი ცოტა ხნით მარტო დატოვება. ასეთი იძულებითი ტაიმ-აუტი სერიოზული სასჯელია ბავშვისთვის. თამაშის აკრძალვა და უბრალოდ ერთ ადგილას ჯდომა მოსაწყენია მისთვის. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გავარკვიოთ ბავშვთან გააცნობიერა თუ არა რისთვის დაისაჯა;
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გონივრული და შეზღუდული. მკაცრი წესები, პირველ რიგში, ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა გავრცელდეს. ისეთ სფეროებში კი, რომლებიც არც ისე არსებითია მივცეთ ბავშვს თავისუფლება თავად გააკეთოს არჩევანი. მაგ. საბავშვო ბაღისთვის ჩაცმისას დავუსვათ შეკითხვა: „ლურჯი შარვალი გინდა ჩაიცვა, თუ წითელი კომბინიზონი?“. ბავშვი იგრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია,რომ მას უსმენენ. ამასთან ერთად არჩევანი არ უნდა აიყოს ძალიან ფართო, უკეთესი იქნება, თუ მას რამდენიმე ალტერნატივამდე  შევამცირებთ. თუ პატარას ასეთ შეკითხვას დავუსვამთ: „რისი ჩაცმა გსურს ამ დილით?“ – სრულიად შესაძლებელია ჩვენი პატარა შუა ზამთარში ზაფხულის შორტებში გამოწყობილი აღმოვაჩინოთ. რა თქმა უნდა გაზრდასთან, ასაკის მატებასთან ერთად არჩევანის თავისუფლება უნდა გაიზარდოს;
  • დავიცვათ დღის რეჟიმი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დღის რუტინა და მისი დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ კომპეტენტური აღმზრდელი მეცადინეობების ორგანიზების დროს მიყვება, მკაცრად იცავს ერთხელ შემოღებულ განრიგს, დღის რეჟიმს. მაგ. მეცადინეობა იწყება სამაგიდო თამაშით, ამას მოყვება მოძრავი თამაში, შემდეგ ზღაპრების კითხვა და ა.შ. მშობლები ხშირად გაოცებულები კითხულობენ – „ნუთუ არ სწყინდებათ ეს ყოველივე პატარებს?“ – სრულიადაც არა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უფროსები მიჩვეულები ვართ სირბილში ცხოვრებას, სწრაფად ცვალებად შთაბეჭდილებებსა და მოვლენებს. ამიტომ, არ გვესმის, რომ ბავშვებს სჭირდებათ კანონზომიერება და რიტმულობა. ეს აძლევს მათ ცხოვრებისეულ საყრდენს, ათავისუფლებს შფოთვისა და ნერვიულობისაგან. საწინააღმდეგო შემთხვევაში ბავშვს უჩნდება ქაოსის შეგრძნება და როგორც წესი გაუგონრობა  და დაუმორჩილებელობა: პატარას არ ესმის რა წესები უნდა დაიცვას და არის თუ არა ეს საერთოდ საჭირო. თუ ზრდასრულ ადამიანს ცხოვრების არაპროგნოზირებადობა აღიზიანებს, პატარას ეს ღლის და აბნევს. ყოველდღიური რუტინა ბავშვისთვის გამოხატულია რეჟიმში. როდესაც მან წინასწარ იცის დღის „პროგრამა“, ესმის, ხვდება, რომ ყოველ მეცადინეობას თავისი დრო აქვს, ის უფრო ადვილად იღებს საინტერესო თამაშის დატოვების და დასაძინებლად ან სადილად წასვლის გადაწყვეტილებას. ბავშვი სწავლობს „დროსთან მეგობრობას“. მან იცის, რომ თუ მაგიდასთან დიდხანს არ დაჯდება, თამაშსაც მოასწრებს. რა თქმა უნდა, საჭიროა შევარჩიოთ ისეთი რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტულ ბავშვს და მკაცრად დავიცვათ ის გარკვეული დროის განმავლობაში;
  • შევაქოთ ბავშვი სწორი ქცევისთვის, თუნდაც კარგად მოქცევის მცდელობისთვის. შექების დროს ნუ დავიშურებთ კეთილ სიტყვებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს მოუნდება კვლავ და კვლავ გაგვახაროს. ამისათვის კი მოუწევს შეასრულოს დადგენილი წესები და იყოს დამჯერი;
  • როდესაც ბავშვს წესებისადმი მორჩილებას, წესების დაცვას ვასწავლით, ჩვენ, უფროსები უნდა გავხდეთ მისთვის მაგალითი. თუ ჩვენ თავად ვარღვევთ ამა თუ იმ წესს, ძნელი იქნება მისი დაცვა მოვთხოვოთ ბავშვს. აღზრდის საფუძველი ხომ პირადი მაგალითია.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჟანდარმები კი არა, მოსიყვარულე აღმზრდელები ვართ. მოვძებნოთ პრობლემური სიტუაციის გადაჭრის გზები. შევეცადოთ ვიყოთ ბავშვთან უფრო ახლოს, გავატაროთ მეტი დრო ერთად და ალბათ ძალიან ცოტა აკრძალვები და წესები იქნება საჭირო და ყველა საკამათო საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული.

 

 

მითი უდარდელ ბავშვობაზე

0

გუშინ კლუბში ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს 11 წლის გოგონაზე, რომელმაც თავისი ნებით აირჩია მონაზვნობა. ოჯახი მშვიდად შეხვდა მის არჩევანს. ღიმილითა და ლოტოსის ყვავილებით მიაცილეს ბუდისტურ ტაძრამდე კლასელებმაც. უზარმაზარ, თეთრ, დამთრგუნველად ლამაზ პაგოდაში გოგონა უსიტყვოდ შეელევა თავის შავსა და პრიალა თმას, შეიმოსება ვარდისფერი და ნარინჯისფერი ტრადიციული სამოსით თავის ტოლებთან ერთად, მაგრამ მალევე ხვდება, რომ მისი ადგილი აქ, ამ აუმღვრეველ სიმშვიდეში, არ არის. თამაში ენატრება, სიმღერა, სახლი, მშობლები…

ბავშვები დაძაბული, გაფაციცებული უყურებდნენ, რას იზამდა გოგონა – გაბედავდა თუ არა თქმას, გაუშვებდნენ თუ არა მონასტრიდან, დააბრუნებდნენ თუ არა მონატრებულ სახლში … გაუშვეს. თან თავისი წილი სიყვარული და სიმშვიდე გაატანეს. ვიგრძენი, როგორ ამოისუნთქეს თანატოლებმა ან ოდნავ დიდებმა აქ, ჩემ გვერდით, გრძელსა და ვიწრო, კომპიუტერებჩამწკრივებულ  საკლასო ოთახში.

ცოტა მოგვიანებით ვიდექით უკვე სახლებში წასასვლელად გამზადებულები, ჩანთებაკიდებულები და მიყვებოდნენ, რა რთული და დატვირთულია მათი დღის რეჟიმი. როგორ უწევთ 7 გაკვეთილის შემდეგ მომდევნო 7 გაკვეთილის მომზადება თავაუღებლად და შეუსვენებლად დაძინებამდე, მიხსნიდნენ, რომ იმიტომ დადიან მასწავლებლებთან ახლა, რათა მერე ისედაც სტრესული აბიტურიენტობა შეიმსუბუქონ; პარალელურად როგორ არიან მასწავლებლების ხათრით „გახლართულები“ რამდენიმე პროექტში და როგორ ესმით მასწავლებლებისაგან მუდმივი წუწუნი მოუცლელობასა და გადატვირთულ რეჟიმზე. მე ვუსმენდი შეშფოთებული და შერცხვენილი ერთდროულად – შიშით  ვიხსენებდი, დამიწუწუნია თუ არა ჩემს უთავბოლო დღეებზე მოსწავლეებთან- მეთქი. თან მანამდეც და შემდეგაც ვმოძღვრავდი, რამდენად მნიშვნელოვანია, კვირაში ერთხელ მაინც ადამიანმა გადადოს გვერდით ყველაფერი და საკუთარ თავს დაუთმოს დრო… ესენი კი გამწარებით მიხსნიდნენ, რომ საკუთარი თავისთვის დასათმობი დრო არა აქვთ, არა აქვთ, არა აქვთ და მორჩა! ჩვენ, მასწავლებლები და მშობლები, არ ვუტოვებთ.

სახლში მოსულს მთელი ქვეყნისთვის საზარელი ამბავი დამხვდა: ჩვენს ქვეყანაში არც ახალი პარკი, არც ლამაზი შადრევანი, არც ბურთით თამაში ყოფილა თურმე უსაფრთხო ბავშვებისთვის… მარიტა დაიღუპა.

თავისით ამოაგდო გონებამ სახურავიდან გადმოფრენილი ლუკა სირაძის სახე, შაქარას სახე მისი საყვარელი მელოდიის ფონზე, დათო სალარიძისა და მამამისის სახეები ერთდროულად, ძალადობის მსხვერპლი 14 წლის თვითმკვლელი გოგონას ამბავი სახის გარეშე… ამ ბავშვების უკან მათი განცდები, დიდი ვნებათაღელვა, გაუსაძლისი ტკივილები დგას და მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ, ზრდასრულები, მათ წინაშე ჩადენილი შეცდომებით, ან გულგრილობით, ან ვერდათმობილი დროით, რადგან არ გვქონდა მათთვის საკმარისი დრო, სიყვარული და სიფრთხილე… არ გვქონდა, არ გვქონდა, არ გვქონდა და მორჩა!

ცნობილი ფრანგი რეჟისორი, ფრანსუა ტრიუფო, რომელსაც არაერთი ძალიან საინტერესო ფილმი აქვს ბავშვებსა და მათ პრობლემებზე გადაღებული, თავის ერთ-ერთ წერილში წერს: „ცამეტი წლისა მოუთმენლად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ყველანაირი ცუდი საქციელი დაუსჯელად ჩამედინა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, მოზარდის ცხოვრება- დანაშაულებისაგან, უფროსისა კი შემთხვევითობებისგან შედგებოდა. თუ ჭურჭლის რეცხვისას თეფში გამიტყდებოდა, ნამსხვრევები მაშინვე უჩუმრად გამქონდა ქუჩაში გადასაყრელად, რომ ამ დანაშაულზე არავის შეეტყო. და იმავე საღამოს მესმოდა ჩემი მშობლების მეგობრების ხალისიანი მონაყოლი იმის შესახებ, როგორ დაეჯახნენ ხეს და მანქანა დაამტვრიეს.  აზრი არც წლების მერე შემიცვლია და როდესაც მესმის, ზრდასრულ ადამიანს როგორ ენატრება ბავშვობა, მგონია, რომ მას, უბრალოდ, ცუდი მეხსიერება აქვს.“  ამ თემას ის არაერთხელ უბრუნდება, რადგან ბავშვებს უტრიალებდა ხშირად, ძალიან ბევრს და სიამოვნებით მუშაობდა მათთან. წერილში „ ფიქრები ბავშვებზე და კინოზე“ უფრო სიღრმისეულად მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არის თავის მოტყუება ბავშვობისთვის ე. წ. ვარდისფერი სათვალეებით ყურება: „ბავშვის გაღიმება ეკრანზე და თამაში მოგებულია. მაგრამ როდესაც ცხოვრებას ვაკვირდებით, უპირველესად თვალში გვხვდება ბავშვის არსების სიმძიმე და სიმძაფრე ზრდასრულთა ცხოვრების ამაოებასთან შედარებით. ვფიქრობ, სიმართლის უფრო მაღალ საფეხურს მივაღწევთ, თუ გადავიღებთ არა მარტო ბავშვების თამაშს, არამედ მათ უსაზღვრო განცდებსაც, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ უფროსების კონფლიქტებთან.“

იმ პრობლემაზე, რომელზეც დიდი ფრანგი რეჟისორი საუბრობს, გენიალურად წერს ჩვენი რეზო ინანიშვილი თავის არაჩვეულებრივ ნოველაში, სათაურით – „განგაში“. ვერცერთი უფროსი ვერ ხვდება, რატომ იქცევა გოგი უცნაურად, რატომ ყვირის ხოლმე გაკვეთილზე, რატომ აღარ სწავლობს… ბოლოს კი თვითონვე უხსნის დედას:

„ -აი, მე ვზივარ მაგიდასთან. ჩემთვის ვარ, ჩემთვის ვდარდობ. ავიხედავ უცებ და მასწავლებლის თვალებშიც სწორედ იმ დარდს დავინახავ, მე რომ მაწვალებს იმ წამს; მასწავლებლის თვალებში უფრო დიდ დარდს, უზარმაზარს, რომელიც ცასაც კი დაფარავს ჩემს წინ… და მევე ვისჯი საკუთარ თავს, ასე რომ ვხედავ რაღაცეებს…

– როგორ ისჯი, რა დარდისთვის?

-კარგი დედა, რა!..ფიქრებში…მივაგორებ დიდ, ჩემზე მაღალ, გუნდასავით რაღაცას, ავხედავ, წინ მიდგას სწორედ ისეთივე მთელი მთა, მთლიანად დაუფარავს ცა, ვდგავარ, აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორც სიზმარში, და … მერე ჩემს თავს მე ვისჯი, რა გინდათ?!“ – ამ სიტყვებში ატევს ბიჭი თავის სადარდებელს, თავის მშფოთვარე დღეებს, ბავშვურ მოუსვენრობას. რეზო ინანიშვილიც, ფრანგი რეჟისორის მსგავსად, არაერთ ნოველაში აკვირდება ბავშვებს, მათ ყოველდღიურობას, პრობლემებს, საფიქრალს და როგორც ჭაში, ისე გვახედებს მკითხველებს სიღრმეში და ცდილობს, სიკამკამესთან ერთად, ბავშვობის სირთულე და სიმძიმეც დაგვანახოს.

აუცილებლად უნდა გავიხსენო არჩილ ქიქოძის რომანიდან „სამხრეთული სპილო“ მონაკვეთი, როცა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, თაზო, მიწისქვეშაში დაინახავს, როგორ მიჰყავთ პატარა ბიჭი უფროს ბიჭებს, სავარაუდოდ, ე.წ. „ ქუჩური გარჩევისთვის“. შეამჩნევს ამას, არ ჩაერევა და  ეს არჩარევა საბედისწერო აღმოჩნდება, რადგან სახლში მისული ტელევიზორიდან იგებს, რომ სწორედ იქ და იმ დროს, როცა თვითონ გულგრილად ჩაუარა მოზარდებს, მოკლეს 15 წლის ლევანი. თამაზი გრძნობს უდიდეს ტკივილს, სინანულსა და სინდისის ქენჯნას თავისი უმოქმედობის გამო და ისჯის თავს: ზურგს აქცევს საზოგადოებას, საკუთარ საქმეს და ლამის განდეგილის ცხოვრებას არჩევს.

ბავშვებთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მახსენდება კიდევ ერთი წიგნი „კოსმოსი“, რომელიც დიახ, კოსმოსს ეხება და არა ბავშვებისა და ზრდასრულების ურთიერთობებს. მაგრამ კარლ სეიგანი – ამერიკელი მეცნიერი, კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი – ამ ძალიან საინტერესო წიგნში ერთ თავში ბირთვულ საფრთხეებსა და მსოფლიო ომებზე საუბრობს. მოსალოდნელი ომების თემასა და მათი თავიდან აცილების გზებსაც განიხილავს. წერს, რომ აუცილებელია მთავრობები გავანათლოთ, შევისწავლოთ მეცნიერებები და ტექნოლოგიები, რომლებიც კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს შეგვძენს, გაბედულად უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ დოგმებს… ბოლოს კი საუბრობს ერთ-ერთი მეცნიერის კვლევების შესახებ: „ნეიროფსიქოლოგმა ჯეიმს უ. პრესკოტმა ჩაატარა 400 სხვადასხვა პრეინდუსტრიული საზოგადოების საუცხოო ზოგადკულტურული  სტატისტიკური ანალიზი და აღმოაჩინა, რომ ის სოციუმები, რომლებიც ჩვილი ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ძალადობისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან. იქაც კი, სადაც ჩვილებისადმი შედარებით მშვიდ ემოციებს გამოხატავენ, არამოძალადე ადამიანები იზრდებიან, თუ ახალგაზრდების სექსუალური აქტივობა არ იზღუდება.“ პრესკოტს მიაჩნია, რომ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოებები შედგება ინდივიდებისგან, რომლებსაც ამ ორ კრიტიკულ ასაკში, ჩვილობასა და სიყმაწვილეში, აკლდათ სიყვარული. ასეთ საზოგადოებაში მძლავრობს ძალადობა, ქალების დამცირება, კრიმინალი. კარლ სეიგანი ამ მეცნიერის მოსაზრებას არ იღებს როგორც აქსიომას, მაგრამ აშკარად მიანიშნებს მკითხველს, რომ ომის არიდების ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვებისა და მოზარდების უპირობო სიყვარულით სიყვარულისთვის აღზრდაა.

ამ წერილით მხოლოდ ის მინდოდა შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის და სხვა ზრდასრულთათვის, რომ ბავშვობა სულაც არ არის მარტივი, ვარდისფერი და საოცნებო ხანა. საზარელი ამბით მოცულ გონებაში კიდევ უამრავი ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მაგალითი მიტრიალებს, რომლებიც მიმტკიცებს, რომ „დიდობაზე“ ნაკლებად რთული, გასაძლები, მყიფე არც ბავშვად ყოფნაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გაუძლებენ ამ სიმყიფეს, რამდენად შევაშველებთ  ლამაზ, ფერად  და სიყვარულით სავსე დღეებს.

მართალია, ჩვენთვის ძალიან დიდი ტვირთია გასათავისებლად, მაგრამ უნდა დავიჯეროთ, რომ საბედისწერო „შემთხვევითობას“ შეწირულ, თვითმკვლელ,  ძალადობის მსხვერპლ- თუ მოძალადე ბავშვების გზები მაინც ჩვენამდე მოდის. სანამ საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან, მანამ სჭირდებათ დიდი სიყვარული, უსაფრთხო ფიზიკური თუ სულიერი გარემო, ჩვენი ნდობა და აღიარება, თორემ მერე, უფსკრულის პირას, ყველანი ვერ გავხდებით დამჭერები, ვერ გადავარჩენთ. გადარჩენა ხომ გმირობაა და (დევ)გმირები კი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან, ცოტანი არიან, ცოტანი არიან და მორჩა!

ცნობისმოყვარეობა – სიყვარულის ენა

0

„რატომ ვიქცევი ასე?,“ „რისთვის ვიქცევი ასე?,“ „რატომ ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ?,“ „რისთვის ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ?,“ „რატომ ვფიქრობ, რასაც ვფიქრობ?,“ „რისთვის ვფიქრობ, რასაც ვფიქრობ?,“ „რას შეიგრძნობს ჩემი სხეული?,“ „რისთვის შეიგრძნობს ჩემი სხეული, რასაც შეიგრძნობს?“

ბოლოს როდის დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები? გაიხსენეთ, ბოლოს როგორ დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები? იქნებ, ბრაზით და სულსწრაფად, გაღიზიანებითაც კი იმისათვის, რომ სასწრაფოდ დაბრუნებოდით ყოველდღიურობას, რომელიც პირობებითაა სავსე. იქნებ, აფორიაქებითაც კი, რადგან დრო არ გქონდათ ამ კითხვებისათვის.

ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია პირობებით, რომელთაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ამაში უჩვეულო ან მიუღებელი არაფერია. თუმცა, დროთა მანძილზე, სხვადასხვა მოთხოვნასა თუ მოლოდინთან გამოხმაურებას შეჩვეულებს, შესაძლოა, დაგვავიწყდეს, საკუთარ თავს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვათ იმაზე, თუ რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ და როგორ ვიქცევით. ეს ყველაფერი რატომ და რისთვის ხდება.

რადგან შეყოვნების ბედნიერება ჩამორთმეული გვაქვს, რადგან, მართლაც, თუნდაც, ჩვენივე ნებით და სურვილით, უამრავ ისეთ პირობას ვპასუხობთ, რომელიც გარემოსთან ჩვენი შეგუებისთვისაა საჭირო, დროთა მანძილზე, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ვერ ვპასუხობთ მარტივ კითხვებს: „რა მინდა?,“ „რა მჭირდება?,“ „რატომ მინდა ის, რაც მინდა?,“ „რატომ მჭირდება ის, რაც მჭირდება?,“ „რისკენ ვილტვი? რატომ და რისთვის?“

ჩვენს კულტურაში დამკვიდრებულია საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილებისადმი განმდევნი, ჩამხშობი და მიმჩქმალავი დამოკიდებულება. ადამიანები, რომლებიც აღვიზარდეთ იმაზე დაყრდნობით, რომ ჩვენი მოთხოვნილებები და სურვილები მეტისმეტია, ხშირად, ვატარებთ მუდმივი არასრულფასოვნების, ტვირთად ყოფნის განცდას, იმის განცდას, რომ დადგენილი წესრიგისათვის ჩვენი არსებობა ზედმეტია, რწმენას, რომ ჩვენს მოთხოვნილებებს ჯეროვნად არასდროს არ გამოეხმაურებიან, ამდენად, არც მათი გახმოვანება ღირს და, რაც მთავარია, არც მათი მიღება და აღიარება, თუნდაც, ჩვენივე მხრიდან.

 რატომაა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების მნიშვნელოვნების აღიარება განათლების სისტემაში?

ნებისმიერი ქცევა კონკრეტული მოთხოვნილების ან სურვილში თუ ლტოლვაში ასახული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვცემთ პასუხს კითხვას – „რას ისახავს მიზნად ქცევა?,“ „რისთვის იქცევა მოსწავლე ისე, როგორც იქცევა?,“ „რატომ ვიქცევი მე ასე, როგორც ვიქცევი?,“ „რომელ ემოციებსა და განცდებს აღძრავს ჩემში მოსწავლის ქცევა?,“ ან „რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას უშლის ხელს ჩემი მოსწავლის ქცევა?,“ გაგვიჭირდება, სწორად განვსაზღვროთ, როგორც მოსწავლისადმი, ასევე – საკუთარი თავისადმი მიდგომები, გაგვიჭირდება, გავიაზროთ, რისთვისაა განსაზღვრული მიდგომა საჭირო ან რთული იქნება, საკუთარი თავის დამშვიდებაც, თუ როგორც სხვებისადმი, ასევე საკუთარი თავისადმი ცნობისმოყვარეობის განცდა და გამოხატვა გვირთულდება.

 რატომ არის ცნობისმოყვარეობა სიყვარულის ერთ – ერთი ენა?

ცნობისმოყვარეობა წარმოადგენს გულდასმით მიყურადების, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავშეკავების და გულისხმიერების ნაზავს, რომელიც როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე სხვებისადმი განუყოფელი ყურადღების გულუხვად გაცემისკენ გვიბიძგებს.

როგორც წესი, ცნობისმოყვარეობა, ამავდროულად, დამზოგავია: ის გვიცავს მცდარი დასკვნების ნაჩქარევად გამოტანისა და მათზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებისგან.

ცნობისმოყვარე დამოკიდებულება ქმნის შემეცნების სივრცეს და, ასევე, წარმოადგენს უსაფრთხოების განცდის ერთ – ერთ გამოხატულებას: მე მზად ვარ, გადავაწყდე სიახლეს, მე მზად ვარ, გამიცრუვდეს იმედები, მზად ვარ, ჩემი საწყისი შეფასებები მიკერძოებული აღმოჩნდეს, დავიტიო იმედგაცრუება და შევძლო, ჩემი სავარაუდო, საწყისი დასკვნების დათმობა, მათზე უარის თქმა.

ცნობისმოყვარე დამოკიდებულება ნებისმიერი მეცნიერული კვლევის საფუძველია და, სინამდვილეში, ის საკუთარი თავისადმი ცნობისმოყვარეობით იწყება.

როგორ გავხდეთ ცნობისმოყვარეები?

ადამიანების ნაწილს გაუმართლა და ცნობისმოყვარე, გულისხმიერი და მზრუნველი მშობლები ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გულისყურით შეიმეცნებენ, რას გრძნობენ, რას შეიგრძნობენ, რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან მათი შვილები. როგორც წესი, ასეთი ადამიანები გაცილებით მეტად ისწრაფვიან შემეცნებისკენ, რადგან მათ ახსოვთ, უშუალოდ, მათკენ ცნობისმოყვარე, თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებით განწყობილი მშობლები. მათ ახსოვთ უსაფრთხოების განცდა, რომელიც მათი მშობლის დამოკიდებულების ანარეკლია.

ცნობისმოყვარეობის უნარის განვითარება, პირველ რიგში, ამ უნარის საკუთარი თავისკენ მიმართვით შეიძლება. მასწავლებლის, როგორც აღმზრდელის საქმიანობა, გაჯერებულია უსუსურობისა და უუნარობის განცდით, რაც ამ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეუძლებელია წარმატებით გამიჯნოთ თქვენი პასუხისმგებლობა სხვისი პასუხისმგებლობისგან, ზედმიწევნით წარმატებით შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ კონკრეტული ბავშვის ქცევა უამრავი, სხვადასხვა ცვლადის ზემოქმედების შედეგია და მხოლოდ თქვენი ცოდნის დანაკლისს არ შეიძლება მიეწეროს და, ამავდროულად, ყოველთვის შეუძლებელია, საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა აიღოთ, რომელიც ჩვენი ქცევების შედეგებზე სხვების წინაშე ანგარიშვალდებულებას მოიცავს. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი თავისადმი და მოსწავლეებისადმი ცნობისმოყვარე დამოკიდებულების უნარის განვითარებაში.

ა) როგორ მოქმედებს ჩემზე განსაზღვრული მოვლენა? რას ვგრძნობ, რას ვფიქრობ, როგორ ვიქცევი და რას შევიგრძნობ ამ მოვლენის პასუხად? – მაგალითად, თქვენში ერთ – ერთი მოსწავლის ქცევამ აღძრა ბრაზი, გაღიზიანება ან, თუნდაც, რისხვა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა გეფიქრათ ამ მოსწავლის ქცევის პასუხად? რას შეიგრძნობდა თქვენი სხეული, როდესაც ბრაზი, გაღიზიანება ან რისხვა დაგეუფლათ? როგორ მოიქეცით? რა შედეგი მოჰყვა თქვენს ქცევას და ამ შედეგების პასუხად რა განიცადეთ?

გ) როგორია თქვენი შინაგანი მეტყველება? – დააკვირდით, როგორია თქვენი შინაგანი მეტყველება? რისადმია შემწყნარებელი და რისადმი – დაუნდობელი? დააკვირდით, რომელი ემოციებისა და მდგომარეობების განცდას უკრძალავთ საკუთარ თავს და რომელი მდგომარეობებია მისაღები?

დ) სცადეთ, სულ რამდენიმე, მოკლე ჩანაწერი გააკეთოთ იმაზე, დღის მანძილზე, რა იყო თქვენთვის უსიამოვნო განცდების აღმძვრელი და რა – სასიამოვნო განცდების. – სცადეთ, სულ რამდენიმე სიტყვით მაინც აღწეროთ მოვლენები, რომლებმაც თქვენში სასიამოვნო განცდები აღძრა და მოკლედ უპასუხოთ, რატომ შეიძლებოდა ამ მოვლენებს სასიამოვნო განცდები აღეძრა. შეგიძლიათ, იგივე მიდგომა უსიამოვნო განცდებისადმი გამოიყენოთ.

ე) რა მამშვიდებს და რა უძღვის წინ ჩემს აღელვებას? რა მჭირდება იმისათვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნო და რა მჭირდება იმისათვის, რომ ღელვის მართვა შევძლო? – ეს მნიშვნელოვანი კითხვები მოიცავს პასუხის ძიების მცდელობას იმისათვის, რომ თქვენს თავს საჭიროებისამებრ გამოეხმაუროთ, სცადოთ, განსაზღვროთ, რა დაგეხმარებოდათ, ან რა შეგიშლიდათ ხელს საკუთარი ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანია, კითხვის დასმა იმაზეც, თუ ვის შეიძლება მიმართოთ მტანჯველი, დამთრგუნველი განცდების შემსუბუქებისთვის.

თუ საკუთარი თავისადმი გულისყურით განეწყობით, გაგიადვილდებათ შესატყვისი კითხვები დასვათ მოსწავლის ქცევების გაგებისთვის: მათკენ მიმართოთ სიყვარულის − გულისყურის − ენა.

 

 

 

ათას ერთი დილის ქრონიკები

0

რატომ ქრება იდეალები სამყაროდან? რა ამძაფრებს ჰუმანიზმის კრიზისს? რა უჩლუნგებს ადამიანს სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების, ჭეშმარიტ და ყალბ ღირებულებათა გარჩევის უნარს? სად ქრება სიყვარული და რატომ უცხოვდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან? კითხვათა ეს დაუსრულებელი ნაკადები დიდი ხანია აწვალებს ადამიანს. ეს, რა თქმა უნდა, ტანჯვის წყაროა, თანვე მცირე და დიდი აღმოჩენებით სავსე გზაა, რადგან პასუხების ძიებაში შეიმეცნებს ადამიანი საკუთარ თავსა და სამყაროს. მართალია, ამგვარი ფიქრებისაგან, „ჩავარდების კაცი ჭირსა“, როგორც რუსთველი ამბობს, თანვე, შეიგრძნობს ეგზისტენციალური „შეწუხებისგან“ მოგვრილ ბედნიერებას (ვაჟა-ფშაველა).

მაია ციციშვილიც თავისი საფიქრალით ეხმიანება თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემებს. მის კრებულში „ათას ერთი დილიდან“, რომელიც სითბოსა და სიყვარულის ჩუმ ნაკვალევს ტოვებს მკითხველში,  2014-2020 წლებში დაწერილი მოთხრობებია გაერთიანებული. ავტორი ცდილობს და ახერხებს კიდევაც იმგვარი პოლიტიკურ-სოციალური თუ კულტურული კონტექსტების შექმნას, რომელშიც ყოველდღიურობის პრიზმაში გადატეხილი ზოგადსაკაცობრიო სატკივარი ირეკლება. ავტორი ქმნის პერსონაჟთა ცოცხალ ხასიათებს, ცდილობს, რომ თხრობა იყოს მიმზიდველი, ექსპრესიული. მკითხველის თვალწინ ცოცხლდება კალეიდოსკოპური ყოველდღიურობა რუტინული საზრუნავებით, რომლებიც მთლიანად ნთქავენ ადამიანის გონებას და მატერიალურ სამყაროს აჯაჭვავენ. იხატება მეგაპოლისის ხმაურიანი ქუჩები, მარტოსული და გაუცხოებული ადამიანებით, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობას ათასი მიზეზით უფრთხიან. ბოლო დროის პანდემიამ მთელი მსოფლიო შეაშინა და ფიზიკურად თუ სულიერად გამოკეტა, გამოამწყვდია საკუთარი სახლისა თუ ეგოს ჩარჩოებში. მწერალი ხედავს, რომ ადამიანის გულში არსებულ სიყვარულის ცეცხლის ნაპერწკალს ვერაფერი ჩააქრობს, ამიტომაც გრძელდება სიცოცხლე თავისი ტკივილითა და სიხარულით. თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა ათას მეერთე დილა.

აღმოსავლური ზღაპრით შთაგონებული მოთხრობის სათაური მეტყველებს მწერლის სურვილზე, რომ ვერანაირმა განსაცდელმა ვერ ჩაკლას ერთმანეთთან სიახლოვის წყურვილი. შაჰრაზადა გადარჩა იმით, რომ ცხოვრება დაუსრულებელ ზღაპრად აქცია. ადამიანმა უნდა გაიღვიძოს ყოველ დილას იმ იმედით, რომ ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის თვითონაც საჭიროა, როგორც ერთი უნიკალური ფერი, რომლის გარეშეც სამყაროს რაღაც მოაკლდება. კრებულის ბოლო მოთხრობა სწორედ ამ ცინცხალ ფერადოვნებას წარმოაჩენს, რომელიც ყოველდღე ახლდება. მთავარი პერსონაჟი  ტაქსით მგზავრობს და სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მძღოლებს ხვდება, ზოგს ჩუმსა და ჩაკეტილს, ზოგს გულღიასა და მოლაპარაკეს. მათ მოყოლილ ამბებში ჩანს სხვადასხვა კულტურის თავისთავადობა. მწერლის მრავალფეროვან თემებს შორის ემიგრანტების თემაცაა. უცხო გარემოში მოხვედრილ ადამიანები უამრავ დაბრკოლებას გადალახავენ, რათა ახალ სივრცეში მშობლიურად იგრძნონ თავი. ნოსტალგია მაინც მათი მუდმივ თანამდევად რჩება.

ამბების მოზაიკური ნატეხებით, რომლებსაც მწერალი დეტალების გულდასმით დამუშავებით ქმნის, თვალწინ გვეშლება თანამედროვეობის მფეთქავი პანორამა. ავტორი მცირე დიალოგების საშუალებით კარგად გამოკვეთს ადამიანთა ინდივიდუალურობას. საინტერესოა ერთი მძღოლის მოყოლილი ამბავი შხამიან ყვავილზე, რომელიც სურნელითა და სილამაზით იზიდავს ადამიანს, ათრობს და კლავს. ამბის განზოგადება კი ასეთია: „სამყარო ასეა შექმნილი, ყველა ცოცხალ ორგანიზმში, ლამაზ ყვავილებშიც კი, შხამია, ზოგში ცოტა, ზოგში _მომწამვლელი“. ამგვარი ფრაზები მოთხრობის ქვეტექსტურობას აღრმავებენ და მოთხრობილ ამბებსაც სიმბოლურ მნიშვნელობებს ანიჭებენ. რა თქმა უნდა, მკითხველზეა დამოკიდებული, რა გამოძახილს პოვებს ესა თუ ის ამბავი მის სულსა, გულსა და გონებაში.

მთხრობელს, რომელიც ქართულ ენას ასწავლის უცხოელებს, ერთი მძღოლი საიდუმლოს უმხელს, ურჩევს, გამოცდის წინ ჩაეხუტოს სტუდენტებს, რათა მათ მღელვარება მოეხსნათ, უსაბუთებს, როგორ აქტიურდება ტვინი ჩახუტებისას, როგორ იოლდება მეხსიერებიდან სათანადო ცოდნის გახმობა. ერთმანეთისთვის სითბოს გადაცემის ამ უბრალო უძველეს მეთოდზე აქცენტირება მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებმა უნდა გადალახონ ბარიერები, საგნებით, წეს-კანონებით, შეხედულებებით, უცხო კულტურის შიშით, მცდარი წარმოდგენებით ჩახერგილი ერთმანეთისკენ მიმავალი გზები. „ჩახუტება“ რა თქმა უნდა, ერთმანეთთან დიალოგის აუცილებლობას გულისხმობს. სწორედ ამ საუბრის შემდეგ გადაიწმინდება ცა, ეს მინიშნებაა პერსონაჟის გულში შიშსის დაძლევისა, სხვაში საკუთარი თავის დანახვისა. გაღებული ფანჯრიდან, რომელიც, სიმბოლურად, გახსნილ გულზე მიანიშნებს, სამყარო იჭრება „დილის სიგრილით, სუფთა ჰაერითა და ხმაურით“. ამიტომაც ფიქრობს მთხრობელი: „ქუჩის პოლიფონიით“ სიცოცხლის მარადისობა შეიგრძნობა“. სწორედ ეს არის მთავარი: მარადისობის შეგრძნება და ამ გადასახედიდან ყოველდღიური ყოფის დანახვა. ამიტომაც არის ათას ერთი დილა დაუსაზღვრავი დილების დღიურის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი.

მოთხრობაში „ეპიკურეს ბაღები“ კარგად წარმოჩნდება ქართველის ლაღი, უდარდელი ხასიათი, რომელიც უცხო გარემოში უფრო გამოიკვეთება. ქართველთა დამახასიათებელი ხმაური, გაწევ-გამოწევა გადახდაზე პერსონაჟისთვის კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელია, ამიტომ წუხს, როცა წარმოიდგენს შემდეგი თაობები ამას დაკარგავენ და კაფეში შესულებზე აღარავინ იკითხავს, თუ რომელი ქვეყნიდან არიან, იმდენად დაემსგავსებიან სხვებს.

ადამიანები ათასი გზით ილამაზებენ ყოფას. დღესასწაულები, კარნავალები, რიტუალები მოწმობენ, როგორი თავგამეტებით ცდილობს ადამიანი წლების სიმრავლით მოგვრილი სევდასა და მოწყენილობასთან გამკლავებას. ამ დროს ეკლესიასტეს ამაოების ნოტები უფრო მახლობელი ხდება. მოთხრობაში „სადღესასწაულო დეკორაციები“ ავტორი მოხუცი ამერიკელი ცოლ-ქმრის ცხოვრებისეული ეპიზოდების გაცოცხლებით კარგად წარმოაჩენს, რომ „გული არა ბერდება“. თავიდან დეკორაციებით მორთვა ოთახისა თუ კარისა და ამგვარად სიბერისა თუ მარტოობის მოგერიება უაზროდ ეჩვენება და სიბრალულით იმსჭვალება მოხუცი ცოლ-ქმრის მიმართ, მაგრამ მერე მათი ოპტიმიზმი გადაედება. ადამიანი არ უნდა დანებდეს დროის დინებას და ხვალინდელი დღის იმედი არ უნდა დაკარგოს, ამიტომაცაა, რომ მისი ნაღვლიანი განწყობილებაც ამგვარი საახალწლო საზეიმო ფიქრებით გადაიფარება: „ახლის მოლოდინს და მიღებას თუკი შეძლებ, სიბერე ვეღარ მოგამწყვდევს წარსულის ცხრაკლიტულში“. ამიტომაც „გაცრეცილი მოსართავები“ „წლებთან დაუმორჩილებლობის სიმბოლოებად“ იქცევიან და ბადებენ რწმენას, რომ ყოველი ახალი წელი „უკეთესი იქნება ჩემთვის, შენთვის და საერთოდ ყველა ადამიანისათვის ამქვეყნად“.

მწერალი სხვადასხვა მოთხრობაში მრავალფეროვნებისთვის კარგად ჩართავს მოარულ მახვილგონივრულ ამბებსა და ანეკდოტებს. მაგალითად, ასეთია ამბავი, ნილს ბორმა ნალი რომ ჩამოკიდა კარზე, არ მწამს, მაგრამ თურმე ბედნიერება იმათთვისაც მოაქვს, ვისაც არ სჯერაო („ათას ერთი დილიდან“). ან ამბავი მეთევზის შესახებ, რომელმაც ჰენრი ფორდს მილიონებზე უარი უთხრა, ისედაც იმას ვაკეთებ, რაც მინდა და ბედნიერი ვარო („აი ია“).

ამერიკაში ხანგრძლივმა ცხოვრებამ ავტორს ამ მულტიკულტურული ქვეყნის შესახებ დიდი გამოცდილება დაუგროვა, ამიტომაც ნიუანსირებულად ხატავს, როგორ თანაარსებობს აქ სხვადასხვა ტრადიცია და წეს-ჩვეულება: „ყველა სტუდენტი განსხვავებულია: სამხრეთელს თავისი კოლორიტი აქვს. აღმოსავლეთ, დასავლეთ სანაპიროდან- თავისი, მაგრამ საქმისადმი მიდგომა, შრომის დისციპლინა კი ყველას ერთმანეთის მსგავსი აქვს. ამ მოთხრობაში („აი ია“) კარგად წარმოჩნდება ის სიხარული, რომელსაც მთხრობელი განიცდის, როდესაც უცხოელებს ქართული ანბანის სილამაზეს, ქართული კულტურის უნიკალურობას შეაგრძნობინებს.

დაკარგული დროის ძიება მსოფლიო ლიტერატურისთვის ნაცნობი თემაა. უპირველესად, მარსელ პრუსტის რომანები გაგვახსენდება. სად ქრება წარსული? მარსელ პრუსტისთვის წარსული საგნებსა და მოვლენებს შეეფარება, ამიტომაც დავიწყებული ბავშვობის ნახატები მის წარმოსახვაში ჩაიში ჩამბალი ნამცხვარ „მადლენის“ სურნელიდან გადმოიღვარა. დღეს მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის საშუალებით უამრავი ოცნება რეალობად იქცა. მოთხრობაში „მეხსიერების არქივიდან“ აღწერილია, „ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის“ დროს როგორ წამოუტივტივდა მთხრობელს ბავშვობის დავიწყებული მოგონება. ამან გაუჩინა ფიქრი „ხელოვნური აპარატის“ შესახებ, რომლის საშუალებითაც ადამიანი ნებისმიერ თავისთვის სასურველ დროს „წარსულს დააბრუნებდა“. ამგვარ ოცნებას თან სდევს ეთიკური ხასიათის პრობლემების გაჩენა, მათ შორის, იმის შიშიც, რომ „ხელოვნური ინტელექტის“ შექმნამ შეიძლება კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნას. ამ საფრთხეთა რეალობა კარგად წარმოჩნდება ფანტასტიკური თუ ანტიუტოპიური ჟანრის ნაწარმოებებსა და ფილმებში. ამ მოთხრობით („მეხსიერების არქივიდან“) ავტორი კიდევ ერთხელ დააფიქრებს მკითხველს ამ დილემაზე.

ხელოვნური “ბედნიერების“ თემაზეა მოთხრობა „სიცილის განრიგი“. ავტორი კარგად იყენებს ირონიას იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ცხოვრების სხვადასხვა სიყალბე. პერსონაჟი ესწრება პროგრამას, რომლის მიზანია, ადამიანი უმიზეზო სიცილის ტექნიკას დაეუფლოს და ამგვარად გამხიარულდეს, როცა მოუნდება. თავდაპირველად ეს მიმზიდველი აღმოჩნდება მთხრობლისთვის, მაგრამ მალე მიხვდება, რომ სტრესის განმუხტვის ამგვარი გზა მას ვერ გააბედნიერებს. ბავშვი თავისი პირდაპირობით აუხელს თვალს, როდესაც მასთან ასეთ დიალოგს გამართავს:

„ვის უცინი? _ მეკითხება გაკვირვებული.

_არავის. უნდა ვიცინო, სასარგებლოა, შენც გაიცინე!

_არ მეცინება!-აიჩეჩა მხრები ბიჭმა“. მერე კი დედამისს უთხრა: „ეს ქალი სულელია“. მთხრობელი ფიქრობს, რომ ხელოვნური სიცილი და ყველაფერი ყალბი ჯანსაღი სიცოცხლისთვის მავნეა. მთხრობელი შერლოკ ჰოლმსის ფრაზებს იხსენებს: „მუშაობა, საქმიანობა უგუნებობის საუკეთესო ანტიდოტია, ჩემო უოთსონ“. მოთხრობა ქუჩაში მოხუცის მიერ დაკრული ფლამენკოს აკომპანემენტით სრულდება, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს მკითხველს, რომ ბუნებრივი გზით აღძრული სევდაცა და სიხარულიც თანაბრად მშვენიერია.

თუ როგორ არის სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული და არაფერი არ არის შემთხვევით, ეს პრობლემა კარგად წარმოჩნდება მოთხრობაში „მარფის კანონით“. ცოცხალი ცხოვრებისეული ამბების დახატვით, ავტორი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, რომ ყველამ თავისი საქმე პირნათლად, პატიოსნად უნდა შეასრულოს და არანაირი მიზეზით არ გაამართლოს თუნდაც უნებური უპასუხისმგებლობა. ამავე მოთხრობაში ჩანს დიდი წუხილი იმის გამო, რომ ადამიანები ნაბეჭდი წიგნის მიმართ ინტერესს კარგავენ. წიგნის მაღაზია „ადამს ბუქსი“ ნაღვლიანი პერსონაჟივით იხატება, რომელიც პატრონებმა გასაუქმებლად გაიმეტეს, რადგან შემოსავალი არ მოაქვს და ბიზნესისთვის აღარ გამოდგება. მკითხველიც გრძნობს, როგორ დაიკარგება ის მოგონებები, არომატები, რომლებიც ამ წიგნის მაღაზიაში შესვლისას ცოცხლდებოდა.

უცხო კულტურასთან შეხვედრას ახლავს ერთგვარი შოკიც. სწორედ ამ თემაზეა მოთხრობები „მწვანე ქამარი“ და „რიზორიუსი“, რომლებშიც სხვადასხვა რაკურსით წარმოჩენილია ამერიკული საგანმანათლებლო სისტემისა თუ საზოგადოებაში არსებული „წეს-კანონების“ უცნაურობა თუ თავისებურებანი.

ადამიანის სული რომ სიბნელით სავსე, საიდუმლოებით სავსე უფსკრულია, ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, როცა ვკითხულობთ ფსიქოლოგიური ნიუანსებით გამოკვეთილ ამბებს მოთხრობაში „ნიუ-ორლეანი, ნიღბების ქალაქი“. როდის არის ადამიანი ნამდვილი? ცხოვრება ხომ მას ნიღბების ტარებას აჩვევს. სიცოცხლის ამ კარნავალში შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი საერთოდ დაკარგოს. ჰერმან ჰესე „ტრამალის მგელში“ ხატავს ადამიანის უამრავ მეს, რომლებსაც ჰარი ჰალერი „მაგიურ თეატრში ხვდება“ და საკუთარი თავს ამგვარად შეიმეცნებს. მოთხრობა „ნიუ-ორლეანი, ნიღბების ქალაქი“ კარგად წარმოაჩენს ალექსის შინაგან სიმხდალეს, რომელმაც ვერ გაბედა სტიქიის დროს საყვარელი ქალის დასახმარებლად წასვლა. მიძინებულმა სინდისმა მოულოდნელად გაიღვიძა და მიხვდა, სილაჩრის ამ „ლაქას“ სულიდან ვერასოდეს მოიშორებდა. „ნიუ ორლეანის ორმაგი სახე და ამბივალენტურობა“ ალექსის შინაგანი გახლეჩილობის სიმბოლური ხატებასავითაა.

ნიღბების თემის პოლიტიკურ ჭრილში საინტერესო ვარიაციებია წარმოჩენილი მოთხრობაში „ფრთხილი ოპტიმიზმით“. ორი მეგობრის დიალოგში კარგად წარმოჩნდება მედიის დახმარებით, პოლიტტექნოლოგიებით, იმიჯმეიკერების საშუალებით პოლიტიკოსები როგორ ახერხებენ სიყალბეთა იმგვარად შეფუთვას, რომ ამომრჩეველს კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარს უქვეითებენ, მათ ფიქრს ზედაპირზე ატივტივებენ და საკუთარი არჩევანის ყალბ ილუზიას უქმნიან. მოთხრობაში წარმოჩნდება, როგორ დაიხვეწა ამომრჩეველზე ზემოქმედების მეთოდები, მათი მოხიბვლის სიტყვიერი და არავერბალური ტექნიკები. სოფისტური მსჯელობები, შენიღბული და პირველხარისხოვნად გასაღებული არააქტუალური თემები, კარნავალური შეხვედრები, შოუები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გაიმარჯვოს იმან, ვისაც უფრო მეტად შეუძლია სიყალბის ჭეშმარიტებად გასაღება. მოთხრობას ეპიგრაფად ჯოან როულინგის მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა აქვს წამძღვარებული: „ჰარი, ჩვენს შესაძლებლობებზე უკეთ ჩვენი არჩევანი წარმოაჩენს, რანი ვართ სინამდვილეში“. მკითხველიც კიდევ ერთხელ გრძნობს, როგორი საჭიროა სიფხიზლე და მღვიძარე გონება იმისთვის, რომ ერთხელ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანი წლების განმავლობაში სანანებელი არ გახდეს.

ავტორი კარგად ახერხებს მოთხრობებში სხვადასხვა პირით თხრობის მონაცვლეობას ისე, რომ გულწრფელობისა და დამაჯერებლობის განცდას ტოვებს, როდესაც პირველ პირში ჰყვება ამბავს, აქ მკითხველს განცდა აქვს, რომ მთხრობელი ავტორის ალტერ ეგოა და რასაც გვიამბობს, ნამდვილად გადახდა თავს და სუბიექტურ პრიზმაში გარდატეხილ ადამიანურ ხასიათებს გვიხატავს. მესამე პირში როდესაც მოგვითხრობს, აქაც კარგად წარმოჩნდება „ყოვლისმცოდნე ავტორი“, რომელმაც ყველა პერსონაჟის შესახებ ყველაფერი იცის და მკითხველებსაც გამოცდილი მეგზურებივით მიუძღვება ყოველი მათგანის სულის ლაბირინთებში.

ვფიქრობთ, მაია ციციშვილის მოთხრობათა ეს პატარა, მშვენიერი კრებული მკითხველისთვის დაუვიწყარი მოგზაურობა იქნება, რადგან ბევრ რამეს შეიტყობს საკუთარი თავისა თუ უცხო ადამიანების, განსხვავებული კულტურის შესახებ. მოთხრობები რეალისტურ-რომანტიკული სულისკვეთებითაა გამსჭვალული.

მაია ციციშვილის მოთხრობათა მთავარი გმირები ქალაქის რეალურსა თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში „მოძრაობენ“ და ქუჩებში გაბნეული სითბოს ნატეხებით სულის მყუდრო თავშესაფარს აგებენ. მშობლების – ნათელა ღამბაშიძისა და გიორგი ციციშვილის _ ნათელი ხსოვნისთვის მიძღვნილი წიგნი ყველა იმ ადამიანის მიძღვნადაც აღიქმება, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ მიუყვებიან ცხოვრების გზას და სიკეთისა და სიყვარულის ნაკვალევს ტოვებენ. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა (2021 წ.). მანანა ღარიბაშვილისა და ზვიად კვარაცხელიას მცირე გამოხმაურებანიც ნათელყოფენ, თუ რა გამოძახილი მოჰყვა ამ მოთხრობებს მკითხველის გულში.

კრეატიულობა – კავშირი განსხვავებულებს შორის

0

ტექნიკა – შემთხვევითი სიტყვები

კრეატიულობა არის ორ განსხვავებულ საგანს/ცნებას/მოვლენას  შორის კავშირის პოვნის უნარი. რაც უფრო განსხვავებულები არიან ისინი ერთმანეთისგან,  მით უფრო შემოქმედებითი ხდება აზროვნება და, შესაბამისად, მეტყველება.

შეარჩიეთ ორი შემთხვევითი სიტყვა/ცნება.  შეუთავსეთ ისინი ერთმანეთს, ეცადეთ იპოვოთ მათ შორის რაიმე საერთო. მოიფიქრეთ არარეალური ისტორია, რომელიც იქნება ამ სიტყვებთან კავშირში…

როცა ხვდებით ადამიანს, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ „ზუსტად თქვენნაირია“, „უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის“, „ერთნაირი ღირებულებები გაქვთ“ და ასე შემდეგ… ასეთ ადამიანთან ურთიერთობა მხოლოდ გარკვეული დროით არის კომფორტული, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ თქვენ სულაც არ გჭირდებათ მეორე „თქვენნაირი“, სულაც არ გჭირდებათ მკვდარი სიმშვიდე და ის, რომ წინასწარ ყველაფერი ზუსტად იცოდეთ, მეორე ადამიანი რაზე ბრაზობს, რა უხარია ან რა სიამოვნებს…

როგორც აკაკი წერეთლის ერთ ლექსშია: „ზღვაო, აღელდი, აღელდი…“, ზუსტად ისეა ცხოვრებაშიც. მშვიდმა წყალმა არ იცის ფსკერი, არ იცის, რა სიმდიდრეს ინახავს მისი სიღრმე, მხოლოდ მაშინ, როცა აღელდება, ხდება სასწაული: მარგალიტები ამოიყრება ზღვის გულიდან, პოეტის გულიდან და ნებისმიერი ადამიანის გულიდანაც.

მარგალიტების სალარო

შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი

ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,

გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი

შენ შემკვრელს არემარესა.

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ განრისხებული წყალი გულიდან მარგალიტებს შობდა. ადამიანებსაც ხშირად არყევთ ცხოვრებისეული მოვლენები და აგერ, თუ პოეტს დავუჯერებთ, ეს საშიში სულაც არ არის. ბუნების კატაკლიზმებიც არ ყოფილა დამღუპველი, ისინი განაახლებენ სამყაროს. მართალია, ჩვენთვის სტიქიები საშიში და დამაზიანებელია, მაგრამ აბა, სამყაროს ჰკითხეთ: ყველაფერი განახლებისთვისაა!

ამასობაში, აკაკის ამ ლექსით, ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი სრულიად განსხვავებულებს შორის: ერთი მხრივ, ადამიანი და, მეორე მხრივ, ბუნება…  თურმე ორივესთვის ზომიერი რყევები სასარგებლო ყოფილა.

პოეზია ხშირად მიმართავს მეტაფორას, მეტაფორა – გადატანაა ორ საგანსა და მოვლენას შორის ხდება, რომლებსაც ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, არაფერი აკავშირებთ.  მეტაფორების გაშიფვრით კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდებით კრეატიულობის არსსაც.

იცით, რა აკავშირებს მყინვარს და გალაკტიონს? აბა, მოუსმინეთ:

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,

ლამაზი ცეცხლთა მარადი ნთებით:

მე – მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,

მყინვარს – უმძიმეს იაგუნდებით!

რატომ არის ტიციანისთვის თამუნია წერეთელი: „ხარ დანგრეული შენ მოდი-ნახე, ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი“.

რატომ დაუკავშირა ერთმანეთს ნიკოლოზ ბარათაშვილმა წუთისოფელი და აღუვსებელი საწყაული?

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

პოეზიაში უამრავ მსგავს დაკავშირებას ნახავთ, ამიტომაც არის ის პოეზია – განსხვავებულად გამოთქმა, მეტაფორებით მეტყველება, რიტმი და რითმა… მაგრამ ეს მხოლოდ სანიმუშოდ მოვიტანეთ და სავარჯიშოდაც გამოდგება.

ახლა კი კრეატიულობის სხვა სავარჯიშოზე გადავიდეთ. უფრო სწორად, იმ სავარჯიშოზე, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ.

ამ ტექნიკას ჰქვია: შემთხვევითი სიტყვები; ავიღოთ ნებისმიერად ორი სიტყვა (ჩამოვწეროთ უამრავი სიტყვა და ავირჩიოთ იქიდან, ან დავასახელებინოთ ბავშვებს, ან ავარჩიოთ ლექსიკონებიდან შემთხვევითობის პრინციპით).

მაგალითად ჩემმა მსმენელებმა შემთხვევით სიტყვებზე ზოგმა ლექსი დაწერა, ზოგმა – ფენტეზის ჟანრის მინიატურა და სხვადასხვა;

 

საქანელა და ჭიანჭველა 

ერთი მხრიდან მეორისკენ

მიაქანებ საქმეს ნელა,

ეს მას შემდეგ გაზარმაცდი,

რაც გაჩუქეს საქანელა…

ყველას ადრე პირს ეკერა:

ტვირთი მასზე მძიმე აწევს,

მაინც ნახეთ, როგორ მიდის,

აიიი… არც კი მიბარბაცებს…

ახლა ხალხი დაგცინის და

ამბობს ჩვენი გაუგია,

ჭიანჭველას ეს ცხოვრება

საქა-ნელად აუგია….    /ანი სალდაძე/

მაია გელაშვილს შეხვდა სიტყვათა წყვილი (ცოცხი – პოეზია). კითხვა: დაამყარე კავშირი პოეზიასა და ცოცხს შორის. რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს?

პასუხი: ზოგი პოეზიით დაფრინავს, ზოგიც – ცოცხით.

რა არის ტექსტი?

ტექსტი უბრალოდ სიტყვათა მნიშვნელობების ჯამი კი არა, „კავშირის დამყარებაა“ – სიტყვებს, ცნებებს, ფაქტებს, მოვლენებს, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს, მეცნიერებებს შორის…

ჩვენ ვწერთ იმიტომ რომ, დავამყაროთ  კავშირი. უფრო გლობალური კავშირებიც არსებობს: ჩვენსა და სამყაროს შორის, განსხვავებულ კულტურებს შორის, განსხვავებულ საქმიანობებს შორის; ვინ იცის, იქნებ უცხოპლანეტელებსაც მივწვდეთ და მათთანაც აუცილებლად მოვძებნით საერთოს.

სამყარო ერთიანი და განუყოფელია. ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია, ერთმანეთთან რიზომატული ქსელით დაკავშირებული. ამიტომ არ არსებობს ამ და სხვა სამყაროებშიც ისეთი რამ, როცა კავშირს ვერ აღმოაჩენ. განსხვავებულებს შორის კავშირის აღმოჩენა სრულიად შეცვლის თქვენს სამყაროსეულ ხედვებს, იდეებს, ღირებულებებს და ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება თქვენს ცხოვრებაში!

ასე რომ, სცადეთ და სამყაროს მთლიანი სურათის აღდგენა განსხვავებულ სიტყვებს შორის კავშირის აღმოჩენით დაიწყეთ!

მანგროს ტყეების გადასარჩენად

0

მანგროს ტყეები ერთერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია. ჩემი ბოლო წლების საქმიანობა მთლიანად გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული, ამიტომაც ბევრ საკითხს სხვა კონტექსტით შევხედე და გავითავისე. როგორც ხუმრობით ვამბობ  „ავიკვიატებ“ მეთქი. „აკვიატებულ“ საკითხს განსაკუთრებით ვამუშავებ ხოლმე: ვეძებ რესურსებს და მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ აქტივობებს. მანგროს ტყეებიც ჩემი ერთერთი „აკვიატებაა“.

მანგროს ტყეებზე და მის მნიშვნელობაზე არაფერს დავწერ, რადგან ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ  მაია ბლიაძის სტატიაში -„ ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები“. მე მხოლოდ დამატებით რესურსს შემოგთავაზებთ ამ საკითხის დასამუშავებლად, როგორ იბრძვიან მანგროს ტყეების გადასარჩენად სხვადასხვა ქვეყანაში. რატომ ავიკვიატე? იმიტომ, რომ მანგროს ტყეები გვხვდება იქ, სადაც სხვა მცენარეები ვერ ხარობს. ის ადაპტირებულია მარილიან წყალთან და ტროპიკულ სიცხესთან. მსოფლიოს 120 ქვეყანაში, თითქმის 14 მილიონი ჰექტარი მანგროს ტყეებია, როგორც ბუნებრივი სანაპირო მცენარეულობის ნაწილი. მანგროს უმეტესობა აზიაშია, შემდეგ მოდის აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა და ოკეანეთი.

ხელუხლებელი და დაცული მანგროს ტყეები შეუცვლელ გავლენას ახდენენ გლობალურ კლიმატზე. მანგროს ფოთლები, რომლებიც წყალში ვარდება, გაცილებით ნელა ლპება, ვიდრე ხმელეთზე. სქელი „საბადოები“ წარმოიქმნა ათასობით წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგროებს შეუძლიათ ჰექტარზე 3-დან 5-ჯერ მეტი ნახშირორჟანგის შენახვა, ვიდრე ტროპიკულ ტყეებს. მანგროს ტყეების განადგურება გამოყოფს ათასობით წლის განმავლობაში შენახულ ნახშირორჟანგს და აქცევს “მანგროს კლიმატის სასწაულს” “კლიმატის მკვლელად”.

იუნესკოს გენერალურმა კომისიამ  2016 წელს 26 ივლისი მანგროს მსოფლიო დღედ  გამოაცხადა – ოფიციალურად: „მანგროს ეკოსისტემის დაცვის საერთაშორისო დღედ“, რათა მეტი ყურადღება მივაქციოთ მანგროს ტყის მწვავე საფრთხეს და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ეკოსისტემის უზარმაზარ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

“გადავარჩინოთ ჩვენი მანგროები ახლა!” არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს მანგროს ტყეების განადგურების შეაჩერებას. ინიციატივას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), WWF და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ხელმძღვანელობენ. ისინი მანგროს კონსერვაციის საკითხებზე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, რათა ბუნებისა და ხალხის საჭიროებები შეაჯერონ; ხმას აძლევენ  მიმდინარე ეკოლოგიურ გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებს, რადგანაც მანგროს ტყეების შენარჩუნება მთლიანი ეკოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მანგროს ტყეების მესამედზე მეტი განადგურდა, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას. მანგროს ხეებს ჩეხავენ და იყენებენ მშენებლობისთვის, შეშისთვის. გათავისუფლებულ ადგილებზე შენდება ბრინჯის, სოიოს და პალმის პლანტაციები, ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ერთი-ერთი საინტერესო პროექტი არის მანგროს ტყეები Etihad-გან, რომლის მთავარი მიზანია „მანგროს ტყეების შენარჩუნება კლიმატის კრიზისის დასაძლევად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“. პროექტი შემუშავდა აბუ დაბის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ერთად და დაიწყო თებერვალში.

Etihad Airways არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია 2003 წლის ივლისში დაარსდა სამეფო (ემირ) შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაიანის ბრძანებულებით .

Etihad Mangrove Forest აბუ დაბიში ჯუბაილის კუნძულზე მდებარეობს.

ამ ფართომასშტაბიან ბუნებრივ ტყეში მანგროს დარგვით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად შევძლოთ CO² -ის შემცირება – თუნდაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მკაცრი კლიმატის პირობებში. ჩვენ გვინდა გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

Etihad Airways-მა პროექტ Abu Dhabi Mangrove Initiative-ს ფარგლებში ახალი ინიციატვის შესახებ განაცხადა: ამიერიდან მგზავრის მიერ დაჯავშნილი ეკონომ კლასის თითოეული ადგილისთვის მანგროს ხე დაირგვება, ეს შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში – განმარტავენ Etihad-ში. გამოდის, რომ ერთი მანგრო თავის სიცოცხლეში შთანთქავს იმდენ CO2-ს, რამდენსაც წარმოქმნის თვითმფრინავი 7 საათიანი ფრენის დროს. შედეგად, გადამზიდავის ეკონომ კლასში ადგილები ნახშირბად-ნეიტრალური იქნება.

მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ეკონომ კლასის ადგილები, გამგზავრებიდან 10 დღის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტას მიიღებენ, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ მიიღეს საჩუქრად მანგროს ხე Etihad-ის ტყეში. ელ.ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით ისინი შეძლებენ ვირტუალურად დააკვირდნენ თავიანთ მცენარეს.

“მანგროს ტყეები Etihad-გან“ არის მთავარი ინიციატივა ჩვენი მდგრადობის ძიებაში. ჩვენ გვინდა გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

2005 წლის ივლისში ქარიშხალმა მუმბაი გაანადგურა, რასაც 24 საათიანი წვიმის რეკორდული მაჩვენებელიც დაერთო. წყალდიდობას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანდაკუმარ პავარი, ადგილობრივი მეთევზე და აქტივისტი, როგორღაც გადაურჩა ნგრევას.

პავარი იხსენებს: მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ გაანადგურა ქალაქის უმეტესი ნაწილი და ხალხის საცხოვრებელი, ნგრევას  გადაურჩა მისი მეთევზეთა სოფელი ბჰანდუპი, ძირითადად ძირძველთა გარეუბანი, რომელსაც გარს აკრავს მანგროს ტყეები და იცავს მას წყალდიდობისგან.

პავარმა გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა ქალაქში მანგროს საფარის დასაცავად. მან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად ჩამოაყალიბა Shree Ekvira Aai Pratishthan, ინიციატივა ქალაქის ჭაობების შესანარჩუნებლად.

მას შემდეგ ისინი ასუფთავებენ ნარჩენებისგან, რომლებიც გროვდება მანგროში. ასევე ფხიზლად ეკიდებიან მანგროს ტყეში განხორციელებულ აქტივობებს, რადგან ცდილობენ ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის გადარჩენას.

მათ შეძლეს მანგროებისა და სანაპირო ზოლის 65 კვ.კმ -ზე გაშლილი ეკოსისტემის გადარჩენა.

შემდეგ სტატიაში სხვა ქვეყნების მაგალითებს გაგიზიარებთ.

რესურსები და გამოყენებული ვებგვერდები:

იფრინეთ უფრო მწვანე Economy Space-ით – https://www.youtube.com/watch?v=CuQ-Corgz_s&t=24s

https://www.oneearth.org/category/mangroves/; ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები – https://mastsavlebeli.ge/?p=31318

ათი საუკეთესო მოთხრობა – “ვწერ მასწავლებლისთვის” – ჟურნალ “მასწავლებლის” სპეციალური ნომერი

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ,  ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქართველი მწერლებისთვის  გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსის  –  „ვწერ მასწავლებლისთვის“,  სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელი ბმულიდან: 

ათი საუკეთესო მოთხრობა

ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებული მოთხრობები და სხვა პრიზები

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“  მიერ , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსი- „ვწერ მასწავლებლისთვის“-  დასრულდასაუკეთესო მოთხრობის ავტორები ცნობილია.  ავტორების  დაჯილდოება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   გაიმართა

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ,  რომლის შემადგენლობაში იყვნენ : ზაალ ჩხეიძე გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ნატო ინგოროყვა,ალექსანდრე ლორთქიფანიძე   შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთ ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ:

I ადგილი-  იუნონა გურული „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“ – 1000 ლარი;

II ადგილი –„უახლესი ისტორია “ – ცოტნე ავსაჯანიშვილი – 700 ლარი;

III ადგილი – „მშვიდობიანთკარი“- მიშა ბახსოლიანი–  500 ლარი.

კონკურსის პარტნიორმა,  ლიბერთი ბანკმა მათი რჩეული ავტორიგიორგი შერვაშიძე  მოთხრობისთვის – „ჰეი, ფიზკულტურა“,  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკმა ასევე სპეციალური საჩუქრები გადასცა საუკეთესო მოთხრობის ათივე ავტორს .

მასწავლებლის სახლის რჩეული მოთხრობები და ავტორები გახდნენ:

ფიქრია ყუშიტაშვილი – არჩევანი.  გურო დავითლიძე -სომეხა, მარიამ კაშია სკოლის დღე

“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის” სპეციალური პრიზი სოფო გოგალაძეს გადაეცა მოთხრობისთვის  დილა მშვიდობისა მეგობრებო ანუ guten morgen freunde“

გამომცემლობა “ინტელექტმა” თავის რჩეულ ავტორებ – გიორგი შერვაშიძე „ჰეი, ფიზკულტურა“ ლევან ლორია  „პირველყოფილი“  , სპეციალური პრიზები გადასცა.

გამომცემლობა “სულაკაურმა და მისმა წარმომადგენელმა ნათია ნაფეტვარიძემ ათივე კონკურსანტს საჩუქრები გადასცა და გამომცემლობის რჩეული ავტორებიირმა კახურაშვილი  მოთხრობისთვის  „რატომ არ მოვკალი მიშო“ და ლევან ლორია მოთხრობისთვის „პირველყოფილი“  სპეციალური პრიზებით   დააჯილდოვა.

კონკურსის სიმბოლო გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს – იუნონა გურულს.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი, რომელშიც კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მოთხრობა შევიდა, გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „„mastsavlebeli.ge-ზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...