კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის პირველი ნომერი გამოიცა!

0

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას ერთმა კოლეგამ იკითხა, შეუძლია თუ არა მას, შეცვალოს მასწავლებელი საკლასო ოთახში.

მომავლის პროფესიებზე ფიქრის დროს ეს კითხვა მეც გამჩენია. ხშირად მეფიქრება იმაზე, რა ტიპისა და შინაარსის საგანმანათლებლო რესურსები დასჭირდება მასწავლებელს თუნდაც სამი ან ოთხი წლის შემდეგ.

რა უნდა შევთავაზოთ პედაგოგებმა მოსწავლეებს დღეს, როდესაც მათ ინტერნეტის საშუალებით თითქმის ყველაფრის გაგება შეუძლიათ?  რატომ უნდა ისხდნენ მთელი დღე საკლასო ოთახში, როდესაც შეუძლიათ, თვალის დახამხამებაში იპოვონ პასუხი თითქმის ყველა კითხვაზე?

ხომ არ ვაძალებთ იმას, რაც შესაძლოა ისედაც ჰქონდეთ?

მას შემდეგ, რაც ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა, „მომენტალურმა ცოდნამ“ სწავლის პროცესიც შეცვალა. კითხვები, რომლებზეც პასუხები არ ვიცით და გვაინტერესებს, ჩვენგან რამდენიმე დაწკაპუნების მანძილზეა. ეს კი დამატებით კითხვებს აჩენს: შეიძლება, ვენდოთ ამ პასუხებს? როგორ გადავამოწმოთ მათი სისწორე?

ინფორმაციის სისწრაფე და რაოდენობა ყოველთვის უქმნის საფრთხეს მის სანდოობასა და ვალიდურობას.

ასეთი რეალობა ცვლის ჩვენს ლექსიკონსაც, რომელსაც საკლასო ოთახში ვიყენებთ.

ჩვენს მოსწავლეებს სჭირდებათ  არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა, არამედ იმის გააზრებაც, რომ ეს ცოდნა აუცილებელია, რათა შექმნან, გადაწყვიტონ, აღმოაჩინონ… სწავლებისას გაწეული ძალისხმევის  მიზანი კი სასწავლო გარემოს შექმნა გახდა. გარემოსი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ხორცი შეასხას თავის „უნდა ვიცოდეს“.

დღეს, როდესაც საკლასო ოთახებსა თუ მოსწავლეთა ჯიბეებში გაცილებით მეტი ტექნოლოგიაა, ადვილი შესაძლებელია, მასწავლებელმა თანდათან დაკარგოს ადგილი ბავშვის ცხოვრებაში. ასე რომ არ მოხდეს, რა როლი უნდა შეასრულოს მან?

სავარაუდო პასუხი  ასეთია: ჩვენ მუდამ დაგვჭირდება მასწავლებლები. მასწავლებლის მთავარი დანიშნულება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.  მან უნდა მიმართოს ინტერესები იქით, საითაც მოსწავლეების   მისწრაფებებია და  გაუკვალოს გზა ცოდნისკენ. ოღონდ ამისთვის ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე: „რატომ მჭირდება ამის ცოდნა?“

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, ეკა ჭკუასელი,   ლელა კოტორაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ქეთევან კობალაძე, ქეთევან ოსიაშვილი,  ნინო ლომიძე, ინა იმედაშვილი,  თინათინ ზარდიაშილი, სოფიო კუბლაშვილი, მეგი კავთიაშვილი, მანანა სეხნიაშვილი, ცირა ბარბაქაძე, დავით ბოლქვაძე, ლელა მანგოშვილი, მარიამ გოდუაძე, ქრისტინა სურგულაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ცისია გურაბანიძე, ნათელა ბაღათრიშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #1 2023

პირველი EdCump საქართველოში

0

მასწავლებლისთვის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გამოცდილების გამდიდრებისა თუ გაზიარების მიზნით, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა თემატიკის კონფერენციაში, სემინარსა და მასტერ-კლასში.

კონფერენციის თანმიმდევრობა, უმეტეს შემთხვევაში, ყველგან ერთნაირია. არიან მომხსენებლები და მსმენელები. მომხსენებლები, წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით წარმოადგენენ თემებს, რის შემდეგაც იწყება კითხვა-პასუხის რეჟიმი.

ამ სტატიაში მოგიყვებით გამოცდილების გაზიარებისა თუ გამდიდრების უნიკალურ პლატფორმაზე, რომელიც საქართველოში გასული წლის ნოემბერში პირველად ჩატარდა. განსხვავებული შინაარსის კონფერენციას (სინამდვილეში ის კონფერენცია არ ყოფილა), 26-27 ნოემბერს, ბათუმმა უმასპინძლა სახელწოდებით „ედკამპ-საქართველო“ – EdCamp Georgia.

რა არის EdCamp და რაზეა დაფუძნებული მისი კონცეფცია?

პირველად მასწავლებლები განსხვავებული შინაარსის კონფერენციის ირგვლივ 2010 წელს, აშშ-ში გაერთიანდნენ[i]. ამერიკელმა მასწავლებლებმა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალური განვითარებისა და დახელოვნების მიზნით, ალტერნატიული კონფერენციის მოწყობა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, „ედკემპის“ მოძრაობა 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის უკვე საქართველოშიც.

EdCamp-ის კონცეფცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს[ii]:

  • უანგარობას – მონაწილეებისთვის პროექტში ჩართულობა და თანამონაწილეობა სრულიად უფასოა;
  • დამოუკიდებლობას – საკუთარი შეხედულებისა და პოზიციის თავისუფლად გამოხატვის, დაცვის საშუალება;
  • ინიციატივის თავისუფლებას – ყველას ეძლევა საშუალება იყოს EdCamp-ის მასპინძელი. იქნება ეს სკოლა, პედაგოგთა თანასაზოგადოება, თუ ნებისმიერი საგანმანათლებლო სივრცე;
  • მუდმივ ცვალებადობას – EdCamp-ის პროგრამა ცვალებადია, განრიგის საბოლოო ფორმირება შესაძლოა ღონისძიების ჩატარების დღეს მოხდეს. თითოეული ცვლილება თემის თუ ორგანიზების ნაწილში თანხმდება მონაწილეებთან;
  • გააზიარე ცოდნა და გამოცდილება – ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (იქნება ეს მასწავლებელი თუ განათლების სფეროთი დაინტერესებული პირი) აქვს შესაძლებლობა მსმენელების წინაშე, სპიკერის ამპლუაში წარდგეს;
  • „ორი ფეხის“ პრინციპი – მონაწილეები თავად წყვეტენ, რომელ სესიაზე სურთ დასწრება. თქვენ შეგეძლებათ ერთი პარალელის ფარგლებში ორ სხვადასხვა მოხსენებას დაესწროთ იმის მიხედვით, თუ რომელი თემაა ყველაზე აქტუალური თქვენთვის.
  • EdCamp ეფუძნება სრულ თავისუფლებას – თქვენ წყვეტთ, როგორ გაატაროთ დღე ღონისძიების ფარგლებში. იქნება ეს სესიაში მონაწილეობის მიღება, პროფესიული კონსულტაციების გავლა თუ ახალი, საინტერესო კონტაქტების შეძენა.

EdCamp-ის საერთაშორისო ლოგო ცეცხლოვანი ვაშლია, რაც ცოდნის წყურვილთან ასოცირდება. თითოეულ ქვეყანას, ღონისძიებას, შეუძლია საკუთარი, ინდივიდუალური ლოგო ჰქონდეს. ლოგოს ერთიან სიმბოლოდ რჩება ვაშლი, რომელსაც ყველა ორგანიზატორი, საკუთარ ფერებში წარმოაჩენს.

 

„ედკამპ-საქართველო“ და მისი მიმდინარეობა – რა მომეწონა ყველაზე მეტად?

რეგისტრაციის დროს, ყველა მონაწილეს/მსმენელსა თუ სპიკერის/მომხსენებელს შესაბამისი ნომერი ენიჭება. ღონისძიების ოფიციალური გახსნითი ცერემონიალის შემდეგ, ყველა მონაწილე დიდ დარბაზში იყრის თავს. დარბაზში სპიკერები ჩერდებიან შესაბამის ნომრებთან. ზარის დარეკვის შემდეგ, მსმენელთა მცირე ჯგუფები, წრიულად იწყებენ მოძრაობას და ჩერდებიან მომხსენებლებთან. თითოეულ მომხსენებელს აქვს ზუსტად ერთი წუთი, რათა გააცნოს თავისი მოხსენების თემა და მნიშვნელობა და მსმენელი მოიწვიოს აუდიტორიაში (Speed Geeking). ეს რიტუალი სრულდება იმდენჯერ, რამდენი მცირე ჯგუფიც გაჩერდება თქვენთან. თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო.

ზემოთ აღწერილი აქტივობის შემდეგ იწყება პარალელური სესიები. მომხსენებლები წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, სხვადასხვა აუდიტორიაში ნაწილდებიან და ელოდებიან მსმენელებს. სესია შეიძლება იყოს 30-წუთიანი ან ერთსაათიანი.

მონაწილეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ აუდიტორია, შეუერთდნენ სხვა სესიას და ა.შ. ეს ფაქტი არ აღიქმება, როგორც უპატივცემულობა. ეს დეტალი სწორედ ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია. ღონისძიების მეორე დღეს მეც ჩვეულებრივი მონაწილის რანგში ვესწრებოდი კოლეგების სესიებს იმისდა მიხედვით, ვინ როგორ წარმოაჩინა თავი ჩქარი საუბრის (Speed Geeking) დროს.

ორგანიზატორები

პროექტის „ედკამპ-საქართველოს“ იდეა ეკუთვნის ქალბატონ ირინა ცისკარიძეს. ორგანიზატორებმა საჯარო და კერძო უწყებებთან თანამშრომლობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 200-მდე მასწავლებელს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა „ედკამპ-საქართველო“ არ იქნება ერთჯერადი. ორგანიზატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმავენ მსგავს ღონისძიებებს.

შეჯამება

მე, როგორც მასწავლებელმა, ასეთ რადიკალურად განსხვავებული შინაარსის ღონისძიებაში პირველად მივიღე მონაწილეობა. უნდა აღვნიშნო, რომ ამდენი ბედნიერი სახის მქონე პედაგოგი ერთად კარგა ხანია არ მინახავს. რატომ? – იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს მიერ თავსმოხვეული ტრენინგი ან კონფერენცია. ნებაყოფლობითობის პრინციპმა, უანგარობამ და კვალიფიციური მომხსენებლების დიდმა არჩევანმა განაპირობა პირველი „ედკამპის“ წარმატებით დასრულება.

 

[i] https://www.edutopia.org/blog/about-edcamp-unconference-history

 

[ii] https://www.facebook.com/EdCampGeorgia/posts/pfbid0U2oXPaUxaZtANzZj6HFo1TgEhJHA6LCk3hFiWQ7bmvdoH85dN661XWCE41EYUDz2l

ნიუტონის ვაშლი

0

წიგნში „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“ ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: მოლამ თანასოფლელების გაბრიყვება გადაწყვიტა, მიადგა საფიხვნოს და ხმამაღლა გამოაცხადა: სოფლის ბოლოს ფლავს არიგებენო. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – ტკბილი ფლავი, თანაც უფასოდ! სოფლელებმაც დაჰკრეს ფეხი და ქალიან-კაციანად, დიდ-პატარიანად, თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ ფლავის საბადოსკენ. მოლა იდგა და გულიანად ხითხითებდა. უცბად ღიმილი სახეზე შეეყინა, მიიხედ-მოიხედა და თავადაც იქით გაქუსლა, საითაც დანარჩენები გარბოდნენ – ეტყობა, მართლა არიგებენ ფლავს, თორემ მთელი სოფელი როგორ გაგიჟდებოდაო.

მოლასა და მისი თანასოფლელების გულუბრყვილობაზე ჩვენც გულიანად ვიცინით, მაგრამ თუ გარშემო ყურადღებით მიმოვიხედავთ, არაერთ ასეთ მაგალითს ვიპოვით. მაგალითად, ოდესღაც ვიღაცამ მოიგონა, ნიუტონს თავზე ვაშლი დაეცა და ამის წყალობით აღმოაჩინა მეცნიერების ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონიო. მოლას ამბისა არ იყოს, ეს ლეგენდაც იმდენმა დაიჯერა, ნიუტონის ვაშლი სამოთხის ვაშლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაყოფად იქცა.

ვაშლი სერ ისააკ ნიუტონსა და გრავიტაციის კანონთან ერთად პირველად ნიუტონის მეგობარმა და ბიოგრაფმა უილიამ სტიუკლიმ ახსენა 1752 წელს გამოცემულ ბიოგრაფიულ ნაშრომში. ეს წიგნი საუკუნეების განმავლობაში საგულდაგულოდ იყო გადანახული საცავში და მხოლოდ ბრიტანეთის სამეფო აკადემიის 350-ე წლისთავზე, როგორც იტყვიან, ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გამო გამოამზეურეს.

მისი მკვლევრები ამბობენ, რომ ნიუტონი სტიუკლისთან ერთად ხშირად განიხილავდა სხვადასხვა სამეცნიერო თეორიას. ერთხელ მეგობრები ბაღში, ვაშლის ხის ქვეშ ისვენებდნენ და, ტრადიციულად, მეცნიერებაზე საუბრობდნენ. იმ დროისთვის ნიუტონი უკვე იყო დაინტერესებული მსოფლიო მიზიდულობის ფენომენით და აქტიურადაც სწავლობდა მას. სწორედ ამ საუბრის დროს ჩამოვარდა ვაშლი ხიდან, რაც ნიუტონმა გრავიტაციის ილუსტრაციად გამოიყენა და მეგობარს ამ მარტივ მაგალითზე აუხსნა, „რატომ ეშვება ვაშლი ყოველთვის პერპენდიკულარულად დედამიწაზე“. დიახ, სულ ეს იყო და არავითარი „ვაშლის ევრიკა“.

სერ ისააკ ნიუტონმა უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა მეცნიერებას. მისი აღმოჩენილი ფუნდამენტური კანონები დღემდე „ცოცხლობს“. მეტიც: არა მარტო ხილული სხეულებისთვის, არამედ ატომებისა და მოლეკულებისთვისაც სამართლიანია. ძნელად მოიძებნება ადამიანი, ნიუტონის კანონები რომ არ გაეგონოს, მაგრამ უმეტესობა მას მხოლოდ „ფიზიკის კანონებად“ აღიქვამს და ამის იქით არ მიდის. არადა ისინი სამყაროს კანონებია და მათი ცოდნით მარტივად დავადგენთ, „ერთი ტანკი ჯობია თუ ორი“.

ნიუტონის მეორე კანონი მარტივი ფორმულით გამოისახება: F=ma, სიტყვიერად კი ვამბობთ, რომ ძალა მასისა და აჩქარების ნამრავლია. უფრო მარტივად კი, თუ გინდა, შნო (ძალა) გქონდეს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ზორბა ხარ თუ ტანმორჩილი, მთავარია, ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინაზე სწრაფად გადადგა.

ენა მდაბალი და დაწუნებული

0

იმას, რაზეც ამ წერილში მექნება მსჯელობა, წინ სამი ამბავი უძღოდა. პირველი ამბავი საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ეს ღონისძიება იაპონელი პროფესორის ლექცია იყო იაპონური ლიტერატურის შესახებ, უფრო კი – მისი თარგმანების შესახებ.

მახსოვს, პროფესორმა ჯერ ინგლისური ტექსტები გვაჩვენა, სამი თუ ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. ვიფიქრე, ალბათ, რამდენიმე იაპონური ლექსის თარგმანებია-მეთქი, ერთ თემაზე დაწერილი ლექსების.

შევცდი – ერთი და იმავე ლექსის თარგმანები აღმოჩნდა. პროფეროსმა კი განმარტა, რომ იაპონურ ენაში ხშირად სუბიექტი საერთოდ არ არის, ზმნა კი მოქმედ პირთა რიცხვს არ გამოხატავს. ამიტომაა, რომ თარგმანების ერთ ნაწილში ლირიკული გმირი მღვდელია, მეორეში – პოეტი და მესამეში – „ის“. ამიტომაა, რომ თარგმანების ერთ ნაწილში ჩიტი მიფრინავს, სხვაგან კი ჩიტები მიფრინავენ. შემდეგ პროფესორმა ფრანგული თარგმანი გვაჩვენა, რომელშიც ლირიკული გმირი, აგრეთვე, მღვდელი იყო. თქვა, ეს, როგორც ჩანს, ინგლისურიდან ითარგმნა ფრანგულადო. მერე დასძინა, მცირერიცხოვანი ენების (Minority languages) პრობლემაც ეგაა, ამ ენებზე დაწერილი ტექსტები, უმეტესად, შუალედური ენიდან ითარგმნება და არა – დედნიდანო.

მე ამ დროს გამახსენდა, ჩემი საყვარელი აკუტაგავა რუსულიდან ნათარგმნ ქართულ თარგმანში რომ წამიკითხავს. რაღა გამოდის? აკუტაგავა არ წამიკითხავს და მწერალი, რომელიც მიყვარს, ვინაა, კაცმა არ იცის.

ამ ყველაფერმა ცოტა ხნით შემაწუხა, მაგრამ მალევე მიმავიწყდა. არც მაშინ გამხსენებია, მეორე ამბავი რომ შემემთხვა.

მეორე ამბავი კი ის იყო, რომ საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორი, კრისტოფერ მერილი, სამ მწერალთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ელჩის რეზიდენციაში სადილზე მიმიწვიეს (მე, როგორც პროგრამის მომავალი მონაწილე). სადილზე მწერალთაგან ერთ-ერთი, აიანა მათისი, ჩემ პირისპირ იჯდა და ცოტა საუბარი რომ გავაბით, მკითხა, ინგლისურად წერაზე თუ გიფიქრიაო.

ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, არა, ჩემი ტექსტები ქართული ენიდან იბადება და მეეჭვება, ინგლისურთან ამგვარი კავშირი ვიგრძნო ოდესმე-მეთქი. ის აღარ დავაყოლე, რომ ენის გამოცვლა ნამდვილ ტრაგედიად მიმაჩნდა მწერლისათვის, შენი ვინაობის ნაწილობრივ გაწირვად.

მესამე ამბავი უკვე ამერიკაში მოხდა:

პირველ კვირას ჩვენი განრიგი პროგრამის რედაქტორთან (ყველა ჩვენმა ტექსტმა მის ხელში გაიარა), ნატაშა დუროვიჩოვასთან, უნდა გაგვევლო. ნატაშა თავად მთარგმნელი და პროფესორია, მთარგმნელთა ვორკშოპს უძღვება და ბაკალავრებსაც ასწავლის. მეც დრო ვიხელთე და გავუმხილე, დოქტორანტურაზე ვფიქრობ-მეთქი. ავუხსენი, რაზე მინდა მუშაობა. ნატაშამ ყურადღებით მომისმინა და მომიგო, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრები (Comparative Literature Departments) ერთმანეთის მიყოლებით იხურება ამერიკაში, რადგან ინგლისური გლობალური ენა ხდებაო. ამიტომ თუ მაგ მიმართულებით გინდა მუშაობა, აიოვა სამაგისო ადგილი არაა, რომელიმე დიდ სკოლაზე იფიქრე, მიჩიგანზე ან იელზეო. მერე დაძებნა და აღმოჩნდა, რომ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამა აიოვის უნივერსიტეტსაც ჰქონია და გაუუქმებიათ.

როგორც გითხარით, ეს პირველ კვირაში იყო, ახალი ჩასული ვიყავი და ამიტომ კარგად ვერ გავიგე, რას ნიშნავს „გლობალური ენა“ და ასეთი რა გასჭირვებია შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას ამერიკაში.

მაგრამ დრო გავიდა, მულტიკულტურულ და მრავალენოვან გარემოში აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე ის, რაზეც ჩემამდე და ჩემზე უკეთ ამავე პროგრამის მონაწილე იაპონელ მწერალს მინაე მიზუმურას უფიქრია: ენებს შორის იერარქიაა.

ქართველი იქ არავინ იყო, საქართველოს შესახებ არაფერი სმენოდათ, ქართული არავინ იცოდა. სამაგიეროდ, ესპანურენოვანი შემოქმედებითი წერის პროგრამაც კი აქვთ, არის იაპონური კულტურისა და ენის შემსწავლელი ცენტრი, აგრეთვე – არაბული ენის. ესპანურენოვანმა, გერმანულენოვანმა და არაბულენოვანმა მწერლებმა მთარგმნელთა ვორკშოპზე სულ ადვილად იპოვეს ამ ენების მცოდნე სტუდენტები, რომლებმაც მათი ტექსტების ნაწილი ინგლისურად გადათარგმნეს. მეტიც, აიოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თაროები ეთმობა ამ ენებზე დაწერილ წიგნებს; იქვეა შედარებით მოკრძალებული ჩეხური და პოლონური კოლექციაც.

დღე დღეს მისდევდა, კვირა – კვირას და მე კი მტკივნეულად გავაცნობიერე: საქართველო და ქართული ენა ამ მრავალეროვან და მრავალენოვან კონტექსტში ა რ  ა რ ს ე ბ ო ბ დ ა.

და ამას ვაცნობიერებდი ყოველ ჯერზე, როცა საჯარო გამოსვლის შემდეგ (რომელზეც, რასაკვირველია, ვცდილობდი ჩემს კულტურაზე უფრო მეტი მელაპარაკა, ვიდრე – ჩემს თავსა და ნაწერებზე) აღფრთოვანებული მსმენელები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: „შენი წიგნები ნათარგმნია ინგლისურად? სად ვნახოთ? წაკითხვა გვინდა.“

მე კი მათ ერთი და იმავე გულდაწყვეტილი „არა-თი“ ვისტუმრებდი.

მინაე მიზუმურა, რომელიც ზემოთ ვახსენე, თორმეტი წლიდან ნიუ იორკში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ამერიკული კულტურა მისთვის ბოლომდე უცხოდ დარჩა. თანაც, თინეიჯერობისას იაპონურმა მოდერნიზმმა გაიტაცა. ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სამშობლოში დაბრუნდა, რათა იაპონურ ენაზე ეწერა. მისი რომანები ექსპერიმენტულია და მშობლიური ლიტერატურისა და ენის გადახალისების სურვილით სუნთქავს.

მიზუმურას მაინც მოუხდა ამერიკაში დაბრუნება, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ფარგლებში. და თუმცა აიოვაში მან მხოლოდ ერთი თვე დაყო, ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ახალი წიგნი დაეწერა: „იაპონური ენის დაცემა ინგლისურის ეპოქაში“ ან როგორც ინგლისურ თარგმანში ჰქვია „ენის დაცემა ინგლისურის ეპოქაში“ (“The Fall of Language in the Age of English”). ამ წიგნში მიზუმურა ინგლისურს „უნივერსალურ ენას“ უწოდებს და წერს, რომ ვერც ჩინური და ვერც ესპანური მას კონკურენციას ვერ გაუწევს – ენის უნივერსალურობას განსაზღვრავს არა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთათვისაც ეს ენა მშობლიურია, არამედ მათი რიცხოვნობა, ვისთვისაც ეს ენა მეორე, უცხო ენაა. ცხადია, ინგლისური, როგორც უცხო ენა, გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე – ესპანური ან ჩინური. მეტიც, ინგლისური ის ენაა, რომელზეც ცოდნა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ა.შ.) იქმნება და ვრცელდება – არ იცი ინგლისური? ესე იგი, მსოფლიოში ახლად შექმნილ ცოდნასაც მოკლებული ხარ.

რას უქადის ინგლისურის ამგვარი დომინანტურობა სხვა ენებს? ძალზე მცირერიცხოვანთ, მიზუმურას აზრით, – გაქრობას (ჩვენში ამ საფრთხის ქვეშაა წოვა-თუშური, მეგრული და სვანური, აგრეთვე, აფხაზური ენაც), ეროვნულ ენებს, რომლებიც სამწერლობო ენებია (ასეთია ქართულიც და იაპონურიც) – დაცემას ანუ შეზღუდვას უნარისა, გამოხატონ, ასახონ ცხოვრება თავიანთი, უნიკალური გზით. ენის დაცემა კი, თავის მხრივ, ლიტერატურის დაცემას ნიშნავს, რომლის მატარებელიც არის ყოველი მწერალი, ამ ენაზე რომ წერს. ამიტომაც ეს უბედურება არ შეეხება იმ მწერლებს, რომლებიც მშობლიურ ენაზე არ წერენ, მაგალითად, რომელიმე ინგლისურენოვან აფრიკელ მწერალს. ამ ფენომენზე მინაე მიზუმურა შენიშნავს, ის, რომ მწერალი აუცილებლად მშობლიურ ენაზე უნდა წერდეს, ბუნებრივი მოცემულობა კი არა, მოდერნული ეპოქის მონაპოვარიაო (მართლაც, გაიხსენეთ შუა საუკუნეები – თომა აქვინელი იტალიელი იყო, პიტერ აბელარი – ფრანგი, მაგრამ ორივე ლათინურად წერდა).

ჩემი ამერიკაში ყოფნის პირველი თვე რომ მიიწურა, შევნიშნე, ტექსტზე მუშაობა მიძნელდებოდა. ყოველ ფრაზას, ყოველ სიტყვას ვეჯაჯგურებოდი. ერთხელაც ინსტინქტურად ჩავკეცე ფაილი და ახალი გავხსენი. ასე დავწერე პირველი ინგლისური ტექსტი, რომელსაც მეორე მოჰყვა, მეორეს – რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ორი ლექსი. და ეს თავისთავად მოხდა – არავითარი ტრაგედია, არავითარი დანაკარგი, სხვაენოვან გარემოში აღმოვჩნდი და ამ ენამ მთლიანად მოგვიცვა მეც და ჩემი ნაწერიც. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემს მშობლიურ ენას დავუბრუნდებოდი.

მანამდე კი პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, ავსტრალიელი მწერლის, ჯეიმი მარინა ლაუს, წიგნები მომივიდა. ვუყურებდი სქელყდიან, შემოსაკრავიან გამოცემას, უკან ცნობილი ხალხის რეცენზიებიდან ამონარიდები რომ ერთოდა, წინ კი – ავტორისეული მადლობა სხვადასხვა ფონდების მიმართ, სტიპენდიით ან სამუშაო სივრცით რომ უზრუნველეყოთ. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ტოლები ვართ და მე რომ ინგლისურენოვან გარემოში დავბადებულიყავი… „ახალი აღქმა“ ინგლისურად რომ დამეწერა… ამერიკაში ლიტერატურული კონტაქტები ჩვენ არა გვაქვს, მთარგმნელის მონახვა ძნელი საქმეა, ჩემს ენაზე კი ჩემი ქვეყნის გარდა, არსად ლაპარაკობენ. სტიპენდიებსა და ფონდებზე აღარაფერს ვიტყვი…

ასეა: ენებს შორის იერარქია აყალიბებს ლიტერატურებს შორის იერარქიას, ესე იგი, იერარქიას მწერლებს შორის. მე ქართველი მწერალი ვარ. იმისათვის, რომ ამ იერარქიაში ადგილი ვიპოვო, თავი აუცილებლად მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში უნდა მოვიაზრო. საამისოდ კი ერთი უცხო ენა მაინც სრულყოფილად უნდა ვიცოდე, სასურველია – ორი და თუ სამი ვიცი – მთლად შესანიშნავია. ჯერ ერთი, ჩვენი თარგმანების მიღმა ლიტერატურა ძალიან დიდია, ლიტერატურის ისტორიასა და თეორიის ფუძემდებლური ნაშრომები კი თითქმის საერთოდ არაა თარგმნილი ქართულად (მაშინ, როცა ამ ნაშრომების დიდი ნაწილი შეიქმნა, ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით, სრულიად მოწყვეტილი დასავლურ სამეცნიერო სივრცეს). ამ ცოდნის გარეშე მწერალს ძალიან გაუჭირდება. ეგეც რომ არა, ფესტივალები? სარეზიდენციო პროგრამები? რა უნდა მექნა ამერიკაში, ინგლისური რომ არ მცოდნოდა? რას მოვყვებოდი ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ლიტერატურაზე? დღეს მწერალს უწევს, იყოს არტისტი, რომელსაც საჯარო გამოსვლებიც ისევე ემარჯვება, როგორც ოთახში გამოკეტვა და მუშაობა. კომუნიკაციის ინსტრუმენტი კი ენაა, ენის არცოდნამ არ უნდა შეგაფერხოს. ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ასევე თითქმის ყველა საჯარო გამოსვლის შემდეგ მისვამდნენ, იყო: საიდან ვიცი ასე კარგად ინგლისური? ამერიკაში მანამდეც ვყოფილვარ? მეც ვუხსნიდი, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და იძულებული ვართ, ვიცოდეთ უცხო ენები, რადგან ჩვენი ენა, ჩვენ გარდა, სხვამ არავინ იცის.

ადრე, როცა ინგლისურის ცოდნას შემიქებდნენ, მეამაყებოდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს, გარკვეულწილად, ტრაგიკული რამ არის – აკი დიდი ენების წარმომადგენლებს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები საერთოდ არ უდგათ: ამერიკელმა მწერალმა შეიძლება, არცერთი უცხო ენა არ იცოდეს; ასევე – ფრანგმა და გერმანელმაც – მათ სულ ადვილად მოუნახავენ თარჯიმანს ნებისმიერ უცხო ქვეყანაში. არც მათ ლიტერატურათმცოდნეობაში ყოფილა საბჭოეთის მიერ ნაძალადევად თავსმოხვეული წყვეტა და თარგმანებიც ბევრი აქვთ და ხარისხიანი.

მეორე, რაზეც ქართველ მწერალს ფიქრი უწევს, არის ინგლისურის ძლიერი ზეგავლენა სხვა ენებზე. დააკვირდით, როგორ მოეძალა ქართულს არამხოლოდ ინგლისური სიტყვები, არამედ – სინტაქსური კონსტრუქციებიც. რას დავუპირისპირებთ ამ ზეგავლენას? როგორ ამოვუდგებით ქართულს მხარში, რომ არ დაეცეს? – ეს უნდა იყოს ქართველი მწერლების, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მატარებლების, ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი.

 

თოვლი და შეჩვეული დარდები

0

(რეზო ინანიშვილის „თოვლი“ და არჩილ სულაკაურის „დიდთოვლობისას“)

 რა არქაული და რა ნორჩია ყოველთვის თოვლის სილამაზე…ზამთრის პალიტრაში ერთი ფერი დომინირებს, მაგრამ ის ყველა დანარჩენის ნაკრებია და წუთისოფლის მთელი ფილოსოფიის დამტევ-მტვირთველი. ლიტერატურასა და პოეზიაში თოვლი ხან სიწმინდისა და შეუბღალაობის სიმბოლოა, ხანაც „იისფერია“, როგორც საყვარელი ქალის ხმაში უცხო სიმად გაჟღერებული „ფარული დარდი”. ზოგადად, ძალიან ძნელია მარტივსა და გენიალურზე წერა, როგორც თუნდაც საბავშვო ლიტერატურის შექმნა, რადგან ასტრიდ ლინდგრენის უბრალოება დიდი ღვთითბოძებული ნიჭია და უნივერსალურთან „მეგობრობა“…

რეზო ინანიშვილით, ამ დიდი ადამიანური ბუნებისა და შემოქმედებითობის მწერლით დავიწყოთ. მის მოთხრობაში „თოვლი“ ავტორი-მთხრობელი ბავშვია, რაც ასევე არაა მარტივი ხერხი სამყაროს განსაკუთრებული შეგრძნებების გადმოსაცემად. გარშემო იქნებ ამიტომაცაა ყველაფერი ჰარმონიული? თუნდაც ბოჩოლა ჭუჭნია, ჭუჭყიანს რომ ჰგავს, არადა, სული ალბათ ყველაზე სუფთა და შეურყვნელი აქვს ამქვეყნად, თოვლივით…„გომური გადავრაზეთ, მამამ ხელში ამიყვანა – ფეხები გაშალე, შარვალზე ტალახი არ წამისვაო, – გადააჭყაპუნა თავისი დიდი ჩექმებით აწუნწუხებული ეზო და მარნის დერეფანში დამსვა. დერეფანში აფუყული ქათმები შეგროვილიყვნენ. მე გავქანდი და შევვარდი შიგ შუაში და დავაწიოკე (379)“. ყველაფერი სიმშვიდით და სიკეთით „ყვავის“ ზამთარშიც, სამყარო სავსეა და მსუყე თვის ბოლო დღეების მთავრესავით. თან რაღაცა პასტორალური მისტიკაა თუ მითოსური მისტერია ეს პატარა (წუთი)სოფელი: „მერე ვენახის მხრიდან ფრთების წყვეტილ-წყვეტილი ქნევით სკვინჩა ჩიტები წამოვიდნენ და ბებერი კაკლის კენწეროზე დასხდნენ. კაკლის კენწეროები ნისლში ძლივს ჩანდა, ჩიტები და ჭიანი კაკლები თითქოს ჰაერში იყვნენ გაჩერებული (380)“. ყველაფერი ისეთი ცხადიცააა და იდუმალიც, როგორც ალბათ შესაქმის დასაწისში.

პატარა, ცელქი ბიჭისთვის რა უნდა იყოს იმაზე მაცდური, როცა მამა შეჰპირდება, შურდულს ზამთარში გაგიკეთებო და იმაზე სასიამოვნო, როგორიც ღუმელის გვერდით დაფენილ ხალიჩაზე კოტრიალია. მოკლედ,  ნეტარებები ბავშვისა, რომელიც არასდროს  „აჭირდიდებს“ რაიმეს (ეს მწერლის შეთხზული სიტყვაა), მის გულში კი ჭეშმარიტების გასაღებია. დიდი და სრულყოფილი ჰარმონიაა თხრობაშიცა და სიუჟეტურ აღწერილობებშიც (პატარას – პურჩაყრილი რძე, მამას – ლობიო და ღვინო), ოჯახის არქაიკა. თუნდაც ხედი სხვენიდან და მასში ჩატეული ჰორიზონტდაუდებელი სამყარო: „ოო, მიდიან შორს სახლების სახურავები და ნისლში იკარგებიან. ნისლში იკარგებიან კაკლისა და ალვისხეების კენწეროებიც. მთები არ ჩანს, მაგრამ ვიცი, რომ იქ ახლა სველ, გამხმარ ბალახებში გაზუნზლული მელიები და ტურები დაყუნყულებენ და თვალებდაჭყეტილი იყურებიან ჩვენკენ. წმიმა კი მოდის და მოდის (382)”. ადამიანსაც, ყოველივე ამის შემხედვარეს, აღარაფერი დარჩენია, რომ ბატიბუტს დაემსგავსოს: „ბრტყელი სიმინდი ცხიმწასმულ ქვაბში ხტის, ფხაკუნობს, ბათქაბუთქაობს, წკაპუნობს, დედა იღიმება, „შეჩვენდით თქვენო“…„თუ გინდა, ბატიბუტს გაჭმევთო“, მამამ. მუჭა-მუჭა ჭამენ და როგორც დედა ამბობს, თვითონვე ჰგვანან ბატიბუტებს (382)“. როგორც ცხოვრების გზა, სიზმარს დამსგავსებული დიდ პოეტთან, ისეთი რეალობაა: კოკით წყალზე წასული და შეგვიანებული მამა; თურმე დევი კი არ დაჰპატრონებია წყაროს, შალიკო იღებდა ღვინოს და დაუძახია; ასე ჩაუცვამთ „მაიმუნის პერანგები“ და დაულევიათ ორ-ორი ჭიქა. ესაა კეთილი და ნამდვილი ზღაპრები ცხოვრებაზე. აი, ისეთები, აუცილებლად რომ უნდა დაუჯერო, რათა გადარჩე უიმედობას, ურწმუნობას, შინაგან დაცლასა და გაუხეშებას, – კეთილი, საყვარელი კახელები და მათი სახით მთელი კაცობრიობა იდეაში. ყველა ერთმანეთს უფრთხილდება, როგორც ორი ძმის და ხორბლის არაკშია: არ შეგცივდეთო – ერთნი, ხოლო მერენი – ნუ დააქცევთ ახლა ოჯახს ჩვენი გულისთვისო. იუმორს არ იკითხავთ?! „კეთილი გულით მოტანილი მწნილი დასაყვედრებელ ზაქს არა სჯობსო?! თანაც მწნილი და რა მწნილი!…აქ რომ ჩაკბეჩ, მოსკოვში ნერწყვი მოუვათო (385)“.

ყველაფერი ლამაზიცაა და მშვენიერიც, როგორც პეპელა ძალოს ნამღერი:

„გაფრინდი, შავი მერცხალო,

გაჰყევ ალაზმის პირსაო…“

თან ეს ყველაფერი თითქოს დაბადებამდე ვიცოდით და ვიხსენებთ, როგორც სიტყვებს: „რაც უნდა ბევრი მაწამოთ, მაინც ვიქნები ქართველიო“ და ამ სიტყვებზე ჩაძინებული პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც გაღვიძებისთანავე თოვლს დაინახავს ფანჯრიდან, როგორც პირველყოფილ, ადამიანისგან ჯერ არ „შეურაცხყოფილ“ უმანკოებას. თოვლი კი ლამაზია და ძალიან ფილოსოფიური, როგორც თეთრად დაბერება. მოთხრობის ფინალი თავად მიწიერი სამყაროს სრულყოფილი სურათია, ისეთისა, როგორიც დასაწყისში ღმერთმა ჩაიფიქრა ალბათ: „მაინც კმაყოფილი ვიყავი. კმაყოფილები იყვნენ დედაცა და მამაც. მამა ღონივრად მიაბიჯებდა, თან ღიღინებდა, და რომ უფრო ღონივრად გადაებიჯებინა, კისერზე შემისვა. დედაც ცდილობდა, არ ჩამოგვრჩენოდა. მარცხენა მკლავზე ეხუტებოდა მამას, დაბლიდან შემოგვხაროდა და მისი კარგი, კეთილი თვალები ახლა უკვე თმაში გაბნეულ ფიფქებშორის ბრწყინავდა.

ძმებო, რა იყო ესოდენ მტკიცე მაშინ – მამაჩემის მხრები თუ თვითონ დედამიწა?! (387)“

ბავშვობის სულში შემონახულ, დიდი გაჭირვებისას მშველელ და გადამრჩენ იდილიას ქვეცნობიერი ცვლის არჩილ სულაკაურის მოთხრობაში „დიდთოვლობისას“ ანუ ის სფერო, რომელიც სოციალურ ცხოვრებაში თუ უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისასაც უჩინარი და გასაიდუმლოებულია. ამიტომ ნაწარმოებში მრავლადაა ნახევარტონებისა და ასოციაციების  მწერლური „პუანტილიზმი“. ჩვენ თვალწინ ცნაურდება მთავარი პერსონაჟის სულიერი რეფლექსიები და აღვიძებს ცნობიერ-ქვეცნობიერის მიჯნაზე მთვლემარე შთაბეჭდილებებს, განცდებს.

თოვლი აქაც ახლადშობილი „მოხუცია“: „იბარდნება სახურავები, ხეები, ქუჩა და ხალხი. ახლახან დაიწყო ბარდნა…ჰაერში პეპლის ფრთისოდენა ფთილები დაუსრულებლად ირევა და ეფინება ყველაფერს, რაც კი გარეთაა (184)“. ნახატს დამსგავსებია ქალაქი: თბილადშეფუთნული, ლოყებაწითლებული ბავშვები, ფიფქების კორიანტელის იდუმალებით, რუხი ბოლი შემჭვარტლული საკვამურებიდან…

ფიქრი სწრაფზე უსწრაფესია და გაკრთება ბაკურიანიც: ტყე, იისფერი ჩრდილები, რომლებიც იზრდებიან და ერთმანეთში იხლართებიან. კოდალა არღვევს ტყის დუმილს. თხილამურები და უკან დარჩენილი თოვლით ტოტებდამძიმებული ფიჭვები. ხეებს შორის სივრცეს იპყრობს საღამოს გამჭვირვალე ბინდი, რომელიც შეუბრალებლად მოდის თოვლზე მოსრიალეებისკენ, უფრო სწრაფად, ვიდრე ისინი მიქრიან…

ცოლს სხვა რამ ახსენდება, ქმარს – სხვა. ამ უკანასკნელს სიამოვნებს ცოლის ნაღვლიანი ხმა, მაგრამ ბაკურიანი და ფეხნატკენი ლელა უჩნდება თვალწინ, იმის შიში, რომ ღამე გარეთ არ დარჩნენ და სადგურამდე მიასწრონ. თითქმის გარბოდა და ლელასაც აჩქარებდა, რომელსაც სიარულიც კი უჭირდა ნაღრძობი ფეხით…ცოლი (თითქოს, მისი ქვეცნობიერიც მიხვდება) ეუბნება:

„– ასე მგონია, სხვისთვის თოვს.“

ქმრის ნაგვიანევი მწარე სინანული კი: „მაინც რატომ მეშინოდა, მატარებელს არ გაესწრო…რა ლაჩრულად გავურბოდი ღამეს (191)“.

ზღაპრებში ყოველთვის ვირჩევთ ისევე, როგორც ცხოვრებაში: „აქეთ წახვალ, ინანებ…იქით წახვალ, გაგიხარდება“. იქნებ ჩვენი ქვეცნობიერი ირჩევს სწორედ, რომელშიც რაღაცა ეზოთერული ცოდნაა ჩვენი მომავლისა ჩადებული დასაბამიდან? ჩვენ კი ამას საბედისწერო შემთხვევითობებს ვეძახით. იქნებ ის, რომ ადამიანს საკუთარი თუ სხვათა ბედის წინასწარმეტყველება შეუძლია, ჩვენი ქვეცნობიერისვე „ბრალია“, რომელიც წუთისოფელში ბოლომდე შეუცნობელ წიაღთანაა მიერთებული? იმ წიაღში კი ზუსტად „იციან“, ერთს რატომ ჰყვარობენ და მეორე რატომ მოჰყავთ ცოლად; რატომ და რისთვის თოვს; ტრიალებს დედამიწა, პლანეტები, მოძრაობს გალაქტიკები; რომ სიბერე იმიტომაა თეთრი, თოვლივით, რომ ის სისუფთავეში, ბავშვობაში დაბრუნებაა და გაძვირფასება-გაერთიანება ყველა იმ მნიშვნელოვნისა, რაც არც ამაოა და არც დროში მოკვდავი…

ბოლოს სრულად გთავაზობთ სამყაროს ბუნების საუკეთესოდ შემცნობი, პოეტი-„ქურუმის“ ლექსს, რომელიც წყურვილის მოკვლაა, როგორც ზამთარში „უბინაოს ყოფნა ბინაში“ და როგორც სიცოცხლის სიყვარულის უღონობა „თოვლთა დაფნაში“. ცოდვა იქნებოდა მისი შემოკლება:

„ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ,

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ისევ და ისევ…

როცა უეცრად დაინახე

ამ დილის თოვლი,

მიხვდი,

რომ იმან რაღაცის თქმა

ისევ დაგასწრო,

როგორც წვიმა გასწრებდა ხოლმე…

კვირტის გაფურჩქვნა…

მაგრამ იმათ რომ

თავის თავის წაშლაც იციან!

აბა, შენ სცადე,

სულ ყველაზე უმნიშვნელოდ

ნათქვამ სიტყვის გადავიწყება.

ყველა სიტყვა,

ყველა ცრემლი

აწონილია.

ამიტომაც გშურს _ ბავშვის,

თოვლის,

წვიმის,

კვირტების,

რადგან ისინი რაღაცის თქმას

მუდამ გასწრებენ.

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ.

თუმც ყველაფერი

მილიონჯერ დაწერილია,

ჰაერშია ყველა ნამყოფი _

ჩიტის ფრთაც

და ფოთლის სიმწვანეც

და ყველა სიტყვაც…

და რაც ძველია _

მით უფრო მეტად ლამაზია,

მართალია

და სარწმუნოა.

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ…

თუმც თოვლი,

წვიმა,

ჩიტის ფრთა და

ბავშვის ტირილი

ისევ და ისევ შეგახსენებს,

ისევ და ისევ _

რომ ყოველ დილით ადგები და

გარეთ გამოხვალ,

ბავშვს გაუცინებ,

წვიმას სადმე გადაიწვიმებ

და უცაბედად,

და, ცხადია,

შენს უნებურად,

ძველ თოვლზე და

ძველ ბალახზე,

ძველ წვიმაზე,

ძველ გაზაფხულზე

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ილაპარაკებ,

ისევ და ისევ,

რა თქმა უნდა,

ისევ და ისევ.“

(ბესიკ ხარანაული, „ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ილაპარაკებ…“)

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, 2007 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიის ამოკითხვა, როგორც სასარგებლო აქტივობა

0

სიის ამოკითხვა გაკვეთილის სცენარის აუცილებელ ნაწილს შეადგენს, თუმცა ხშირად დროის დაკარგვად, მოსაბეზრებელ რუტინად გვეჩვენება, მით უფრო მოსწავლეებს. თუმცა ცხადია, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა აუცილებელია. როგორ ვაქციოთ გაკვეთილის ეს ნაწილი უფრო საინტერესო, მხიარულ, განსხვავებულ აქტივობად? რამდენიმე ვერსიას ამ სტატიაში შემოგთავაზებთ :

1. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წებოვან ფურცლებს, მოსწავლეები წერენ თავიანთ სახელებსა და გვარებს და მასწავლებელი აკრავს წინასწარ მომზადებულ ფორმატზე ან ამაგრებს მაგნიტების საშუალებით;

2. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფერადი ფურცლის ზოლებს, რომელზეც მოსწავლეები წერენ თავიანთ სახელებსა და გვარებს, მერე ყველანი ერთად, ქაღალდის წებოს დახმარებით ამზადებენ ქაღალდის გირლანდა/ჯაჭვს.

3. დანიელ პენაკის მეთოდი: „ერთხელ სიის ამოკითხვა თამაშსაც დაემსგავსა. მასწავლებელი ყოველი ბავშვის „ვარ“-ს იმავე ინტონაციით ჰბაძავდა და ხმადაბლა იმეორებდა ექოსავით. ზოგის ხმა თავშეკავებული იყო, ზოგისა – ხმამაღალი და კამკამა, ზოგისა – როხროხა. ზოგი ცდილობდა, მასწავლებლისთვის გზა-კვალი აებნია და რაც შეიძლება გაურკვევლად ეპასუხა, ზოგი მის დასაბნევად ინტონაციას იცვლიდა, ზოგი საერთოდ განსხვავებულად უპასუხებდა, უბრალოდ, „ვარ“-ს კი არ ამბობდა, არამედ: „დიახ, აქ ვარ, მასწ“, „ეს მე ვარ ნამდვილად“. მასწავლებელი ამაზე გაკვირვებას არ გამოხატავდა, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას პასუხთა ამ ვარიაციებს: „ეს იყო თანამონაწილეობისა და ერთსულოვნების საოცარი მომენტი, მისალმება გუნდისა, რომელსაც დილიდანვე ერთად მუშაობა გადაეწყვიტა“”

4. პირველი შეხვედრის სტატისტიკური მეთოდი – მოსწავლეებთან ერთად ვატარებთ მცირე სტატისტიკურ კვლევას, რომელი სახელია ყველაზე ხშირი და პოპულარული ჩვენს კლასში, რომელია ყველაზე იშვიათი სახელი და ა.შ.

5. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს მოსწავლეების სახელებითა და გვარებით, ამ ბარათებს კეცავს და ყრის ფერად ტომსიკაში, საიდანაც მერე ამოიღებს, ამოიკითხავს არა სიის, არამედ შემთხვევითობის პრინციპით. ამ აქტივობის მეორე ნაწილი სახელებისა და გვარების ანბანის მიხედვით დალაგება იქნება.

6. თამაში: გაცვალე სახელი: კლასი იყოფა წყვილებად, ყოველი წყვილიდან ერთი ასახელებს მეორეს სახელს, ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. შესაძლებელია, აქტივობა გავაფართოოთ და სახელისა და გვარის დასახელებასთან ერთად ერთი თვისება, შთაბეჭდილება, ემოცია დავასახელოთ.

7. მასწავლებელი მოსწავლეებთან მიდის ჟურნალით ხელში და თითო მოსწავლეს თითო სახელისა და გვარის ამოკითხვას სთხოვს, დაწყებით კლასში ბევრი მეთოდით შეიძლება ჟურნალი და სიის ამოკითხვა კითხვის განმავითარებელ აქტივობად ვაქციოთ.

8. მასწავლებელი მოსწავლეებთან მიდის და სთხოვს, თავიანთი სახელი და გვარი მოძებნონ ჟურნალში, შემდეგ მოსწავლე ასახელებს რიგით მერამდენეა სიაში, რომელი მოსწავლეა მის წინ, რომელი მოსწავლის სახელი და გვარია მის შემდეგ.

9. მასწავლებელი სახელებსა და გვარებს კითხულობს შეცდომით და ბავშვები უსწორებენ.

10. უკუღმა კითხვის თამაში – მასწავლებელი მოსწავლეების სახელებსა და გვარებს უკუღმა, მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობს, ხოლო მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, ვისი სახელი და გვარი ამოიკითხა მასწავლებელმა.

11. ასოციაციური თამაში – სახელებისა და გვარების მიხედვით გავიხსენოთ მწერლები, ისტორიული პირები, ლიტერატურული პერსონაჟები, რომელთაც ისეთივე სახელები და გვარები ჰქონდათ, როგორიც მოსწავლეებს.

12. ვითამაშოთ ქალაქობანა, სახელისა და გვარის ამოკითხვისას მოსწავლეს ევალება იმ ასოზე თქვას ქალაქი, სოფელი, ცხოველი, ფრინველი და ა.შ.

13. გამოვყოთ ყველაზე მეტი ასოსგან შედგენილი სახელები და გვარები, ასევე ყველაზე მოკლე სახელები და გვარები.

14. შეგვიძლია საინტერესო აქტივობა მოვიფიქროთ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნის, „რა გქვია შენ“ მიხედვით, ვისაუბროთ სახელების წარმოშობასა და შინაარსზე. აქტივობების ჩამონათვალს თქვენი ვერსიები მიუმატეთ და გახადეთ სიის ამოკითხვა უფრო საინტერესო, ფუნქციური და შინაარსიანი.

ამიაკური საგა

0

 ძველ ალქიმიურ დოქტრინებში სულ ქარაგმებით საუბრობენ.  ქიმიის განვითარების ამ პერიოდით ძალიან დაინტერესებული ვარ და კვლევას სულ ვაგრძელებ. თუმცა, მხოლოდ ადაპტირებული ტექსტებით ვხელმძღვანელობ, რადგან პირველ წყაროებთან მუშაობისთვის ლათინურის ან არაბულის ცოდნაა საჭირო, რაც სამწუხაროდ არ ვიცი.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ადაპტირებულ ტექსტებში პირველადი ქარაგმული ჩანაწერებიც არის და მათი გაშიფრული ვერსიაც. მაგალითად, ვერცხლისწყალი ვერცხლისწყალს აღნიშნავს… აი, „ფილოსოფიური ვერცხლისწყალი“ რა არის თქვენი აზრით? ტყვია ყოფილა, არც მეტი, არც ნაკლები.

„სული“ რაღა არის? ადვილად აქროლადი მძაფრი სუნის მქონე ნაერთები, რომელთა სურნელი დიდ მანძილზე ვრცელდება. „სულების“ რამდენიმე გილდია არსებობდა, პირველი რიგის „სულები“  სწორედ მძაფრსურნელიანი ნივთიერებები იყო. მაგ. სპირტი, ეთერები, აცეტონი, ამიაკი და ა.შ.  მეორე რიგის „სულებში“ აქროლადი უსუნო ან ნაკლებად  სუნიანი  ნივთიერებებია, მაგ. იგივე ვერცხლისწყალი. შემდეგი რიგის „სულები“ რა თვისებებს ფლობენ, არ ვიცი, მაგრამ მაგ. დარიშხანი მეხუთე რიგის სულებს ეკუთვნის.

გამოდის, რომ ნებისმიერი პარფიუმერიის მაღაზია, „სულების“ მაღაზიაა და არა სუნამოების. „სულის“  ყიდვა აფთიაქშიც შეგიძლიათ. წაბრძანდით და ქაფურის სპირტი შეიძინეთ. შემდეგ, ბოთლს კარგად დააკვირდით, რა აწერია ლათინურად-„spiritus camphorus“, რაც ქართულად „ქაფურის სულს“ ნიშნავს.

ასეთი ქარაგმები ალბათ ორ საქმეს ემსახურებოდა: 1) ნაწერი სხვას ვერ გაეგო და დევიზი “Aluminibus et Salibus” გამართლებულიყო. ეს უკანასკნელი ნიშნავს, არაფერი გაამხილოთ და ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთო. 2) შესაძლოა წერის სტილი იყო ასეთი, რას გაუგებ კაცი. აი, ჩვენ როდესაც სამეცნიერო სტატიას ვწერთ, მას თავისი სტრუქტურა და წერის წესები გააჩნია.  ალბათ,  მაშინდელ სტილსაც თავისი კანონები ჰქონდა.

ასეა თუ ისეა, ერთ ჩანაწერში ორი „სული“ მხედრის ბრძოლაა აღწერილი. ერთმანეთთან მიახლოებისას, მათი „სული“ აბჯრიდან გამოდის და შერკინებაც იწყება. ჰაერში  იღვრება თეთრი სისხლი. აბსურდულია არა?

ახლა ერთი ექსპერიმენტი გავაკეთოთ. ავიღოთ ორი ქიმიური ჭიქა. ერთში კონცენტრირებული მარილმჟავა იყოს, მეორეში 25% -იანი ამიაკის წყალხსნარი.

ჭიქები ერთმანეთს მივუახლოვოთ, მათ შორის თეთრი კვამლი წარმოიქმნება. ეს თეთრი კვამლი, სწორედ ის თეთრი სისხლია, რაზეც ალქიმიკოსები წერდნენ.  ქლორწყალბადმჟავაც გახსნილი ქლორია წყალში. რეაქციის ტოლობა ასე ჩაიწერება:

NH3+HCl=NH4Cl

        შესაბამისად, ეს ორი ნივთიერება სხვადასხვა ამწოვში უნდა შევინახოთ, რადგან თუ ერთ სივრცეში მოხვდნენ და  გარეთ „გამოიპარნენ“, იქაურობა ამონიუმის ქლორიდის კრისტალებით დაიფარება. დადექი მერე და წმინდე.

ქიმიკოსები ამიაკის წყალხსნართან მუშაობენ, ამისთვის გაზისებრი ამიაკი უნდა გავხსნათ წყალში. ჩვ. პირობებში 1 მლ წყალს 1 ლ გაზისებრი ამიაკის შთანთქმა შეუძლია. ლაბორატორიაში ამიაკის წყალხსნარის  შემცველი ჭურჭლის წარწერას რამდენიმენაირად ნახავთ-NH4OH ან NH3·H2O, რომელია სწორია?  ადრე ამიაკის წყალხსნარის ფორმულას პირველი ფორმულის მსგავსად წერდნენ, შემდეგ  გაიგეს, რომ ამიაკი წყლის მოლეკულებთან წყალბადურ ბმებს წარმოქმნის, ანუ მეორე ფორმა ამიაკის ჰიდრატია. ეს უკანასკნელი ძალიან არამდგრადი ნაერთია  და საკმაოდ ინტენსიურად ორთქლდება.

მრეწველობაში აზოტის წყალბადნაერთებიდან ამიაკი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას განსაკუთრებულ პირობებში იღებენ. კატალიზატორია Fe+(K2O, Al2O3), t=400-550 ცელსიუსი , P=15-30მპა, აზოტი ურთიერთქმედებს წყალბადთან, რეაქციის ტოლობა ასე ჩაიწერება N(გ)+3H2(გ)=2NH3 (გ). აღნიშნულ პროცესს ჰაბერ -ბოშის ტოლობა ეწოდება. რეაქცია თქვენთვისაც ნაცნობი იქნება, რადგან ჰაბერ-ბოშის პროცესი თითქმის ყოველთვის მაგალითად არის მოყვანილი ქიმიური წონასწორობის მათემატიკური საფუძვლებისა და ლე-შატელიეს პრინციპის სწავლებისას. ჰაბერ-ბოშის რეაქციაზე იმასაც წერდნენ, რომ ის იყო „პური ჰაერიდან“, რადგან სწორედ მიღებული ამიაკიდან ხდებოდა სასუქების წარმოება. ზედმეტი სასუქი, რომ მავნეა, ახლა უკვე ვიცით, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ეს ფრთიანი ფრაზა დაიბადა, სასუქი მართლაც ჰაერიდან მიღებული პურის ტოლფასი იყო, რადგან კაცობრიობას მძიმე წლები ედგა.

ლაბორატორიაში ამიაკის მიღება შეიძლება ამომიუმის ქლორიდზე ჩამქრალი კირის მოქმედებით:

2NH4Cl+Ca(OH)2=2NH3+CaCl2+2H2O

როგორც უკვე დავწერე, წყალში გახსნით ამიაკის წყალხსნარი, იგივე ამონიუმის ჰიდროქსიდი, იგივე  ნიშადურის სპირტი მიიღება.

ამონიუმის ჰიდროქსიდი არამდგრადი ნაერთია, არსებობს მხოლოდ წყალხსნარში და სუსტი ტუტე რეაქციით ხასიათდება, ლაკმუსს ლურჯ შეფერილობას სძენს, ფენოლფთალეინს კი ჟოლოსფერს.

რეაგირებს მჟავებთან და ამონიუმის მარილებს წარმოქმნის. მარილმჟავასთან რეაგირებაზე ზემოთ უკვე დავწერე, გოგირდმჟავასთან კი შემდეგი რეაქციით წარიმართება პროცესი:

2NH3+H2SO4=(NH4)2SO4

ამიაკი ჩვენს ორგანიზმშიც წარმოიქმნება და ეს ამინომჟავების, ბიოგენური ამინების და ნუკლეოტიდების დაშლის შედეგად ხდება. ამიაკი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და მისდამი განსაკუთრებით მგრძნობიარე თავის ტვინია. ამიტომ, ამიაკის კონცენტრაციის მომატება კომის განვითარებას და სიკვდილს იწვევს. ორგანიზმში წარმოქმნილი, თუ დაუდევრობით მოხვედრილი ამიაკის განეიტრალების რამდენიმე გზა არსებობს და ამ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა ღვიძლს და თირკმელებს ენიჭებათ.

ამიაკით სხვადასხვა  ქიმიური ექსპერიმენტები შეიძლება ჩავატაროთ.

ამიაკის მეშვეობით ხელოვნური აბრეშუმის ბოჭკოს მიღება შეგვიძლია.  ამ ექსპერიმენტის მსვლელობას ჩემივე შესრულებით, აგერ ამ მისამართზე უყურეთ

ახლა შემდეგი.

ბოთლში ჩაასხით გარკვეული რაოდენობის სარეცხი სოდის წამოდუღებული ნაჯერი ხსნარი, შემდეგ დაუმატეთ ნიშადურის სპირტი. ბოთლს საცობი გაუკეთეთ დრეკადი აირსადინარი მილით და მისი მეორე ბოლო ჩამოაცვით გადმოპირქვავებულ სინჯარას. შეათბეთ ბოთლი თბილ წყალში. ამიაკის ორთქლი ჰაერზე მსუბუქია და მალე ის შეავსებს გადმოპირქვავებულ სინჯარას.  ეს სინჯარა ჩაუშვით წყლიან ჭიქაში. წყალი მაშინვე მაღლა აიწევს, რადგან ამიაკი წყალში კარგად იხსნება და ათავისუფლებს სინჯარაში მისთვის ადგილს.

ამიაკზე თვისებითი რეაქციაც შეგვიძლია ჩავატაროთ. სინჯარაში ჩაასხით შაბიამნის სუსტი ხსნარი და მასში აირსადინარი მილი ჩაუშვით. თუ მიწოდებული აირი ამიაკია, მაშინ მილის ბოლოსთან სპილენძის სულფატის, ანუ შაბიამნის ხსნარი კრიალა ლურჯი გახდება. სპილენძის სულფატთან ამიაკი წარმოქმნის კაშკაშა შეფერილობის კომპლექსურ ნაერთს [Cu(NH3)4]SO4.

ამიაკი ადვილად იჟანგება კატალიზატორის თანაობისას. კოლბაში, სადაც ამიაკის კონცენტრირებული ხსნარია შევიტანოთ წინასწარ გახურებული ქრომის ოქსიდი, რომლის ნაწილაკები კოლბაში მიმოიფანტება. ამ დროს წარმოიქმნება აზოტის დიოქსიდი. რეაქციის შედეგად ხდება აზოტის დაჟანგვა.

4NH3+5O2=4NO+6H2O

2NO+O2=2NO2

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ალბერ დიდმა თავის „ალქიმიის დიად წიგნში“ თქვა, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ლაბორატორიაში მუშაობისას, უყურადღებობას სიკვდილი მოსდევსო.

დიახ! სულ წამის ამბავია და შემდეგ რამდენიც გინდა იძახე, ნეტავ ასე ყოფილიყო, ნეტავ ისე მოვქცეულიყავი.

ერთხელ, ასპირანტობისას, სწორედ, ზემოთ აღწერილ ქრომის ოქსიდიან ცდას ვაკეთებდი და ის ის იყო კოლბაში ამიაკი ჩავასხი, საცობი მოვარგე, კარგად შევანჯღრიე, რომ აორთქლებაში მივხმარებოდი და კოლბის კედლები „თეთრი რაინდით“ გამეჯერებინა, რომ…. საცობი მოვხსენი თუ არა კოლბას, ამოასხა ამიაკმა და შიგ თვალებში შემესხა. დიახ, არ მოგესმათ, თვალებში შემესხა კონცენტრირებული ამიაკი…

რატომ? სათვალე არ მეკეთა და იმიტომ.

რატომ? კოლბა ამწოვს აქეთ გამოვიტანე და იმიტომ.

რატომ? უყურადღებოდ მოვიქეცი და იმიტომ.

რა გავაკეთე? ვეცი თვალის საშხაპეს და ორივე თვალი საგულდაგულოდ ამოვიბანე. შემდეგ ჩანთიდან ხელოვნური ცრემლის სულ ახალი, გაუხსნელი ფლაკონი ამოვიღე და 100 მლ ცრემლი ორივე თვალში ჩავიცალე.

შემდეგ? ყველაფერი მივატოვე და თვალის ექიმთან გავიქეცი, სადაც ცოცხალი რიგი დამხვდა, მაგრამ ყველას მივაკივლე, ამიაკი შემესხა თვალებში და უნდა რიგი დამითმოთ თქო.

ექიმმა შემაქო, ყოჩაღად მოქცეულხარ, შენს თვალებს ამიაკის არაფერი ეტყობათო. მაინც რაღაცები გამომიწერა და კონტროლზე ორ დღეში დამიბარე. კონტროლის დროსაც იგივე გამიმეორა, რომ ორივე თვალი საღ-სალამათი დარჩა.

თუმცა… ეს უზარმაზარი გაკვეთილი იყო და მას შემდეგ დამცავ სათვალეს არავითარ შემთხვევაში აღარ ვიხსნი!

დღის სიტყვა

0

საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ კითხვას: რა მინდა ვასწავლო ბავშვებს? რა არის მთავარი? თავბრუდამხვევია პასუხისმგებლობათა ნუსხა, რომელსაც პასუხების ძიებისას გონებაში თუ ჩემს პირად დღიურში ჩამოვწერ. დაწყებით საფეხურზე გაწაფული კითხვა ისევ დიდ პრობლემად რჩება, კითხვის გაუმართავობას კი მწირი ლექსიკა განაპირობებს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დაწყებითი საფეხურიდან უნდა დაიწყოს და შემდეგაც გაგრძელდეს სიტყვების აქტიური სწავლება. მაინც როგორ? თითქოს სქემებიც (სიტყვის რუკა, სიტყვის პირამიდა) აღარ არის საკმარისი.

სემესტრის დასაწყისში მოსწავლეების სიტყვათა მარაგის გამდიდრება დავისახე მიზნად. ყოველდღიური მეტყველებიდან, დროის აჩქარებისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ქრება სიტყვები… ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი „დღის სიტყვა“ აღმოჩნდა. ყოველდღიურად კლასს ვთავაზობდი ერთ სიტყვას, თაბახის ფურცელზე ვწერდი, დაფის კუთხეში ვამაგრებდი და მის მნიშვნელობაზე ვფიქრობდით, სიტყვის რუკას ვავსებდით და მომდევნო გაკვეთილამდე ვტოვებდით. მეორე დღეს ახალ სიტყვას ვეცნობოდით. ზოგჯერ თავად მახსენებდნენ ხოლმე და მეკითხებოდნენ, რა იყო იმ დღის სიტყვა. თაბახის ფურცელსა და მარკერსაც მახვედრებდნენ მასწავლებლის მაგიდაზე. მოსწავლეთა ამგვარი ინტერესი ჩემთვისაც დიდი სტიმული აღმოჩნდა. ვიგონებდი პატარ-პატარა ხრიკებს ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად, მაგალითად, დღის სიტყვას მოსწავლის ნაჩუქარ გულსაკიდ ქისაში ვდებდი და სახლიდან სკოლამდე ასე მიმქონდა. სიტყვებს ზოგჯერ სპონტანურად ვარჩევდი, ზოგჯერ თავად გაკვეთილის თემა მკარნახობდა. მაგალითად, „ქვის დედაენას“ რომ ვკითხულობდით, შეგვხვდა უცნობი სიტყვა – „ჩამოშვავებული“. შვავი კლდის ნაშალს ნიშნავს. იმ პერიოდში ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემ წუთისოფელს“ ვკითხულობდი. ერთგან „შვავი“ ამოვიკითხე. მეორე დღეს სქელტანიანი წიგნით გამოვცხადდი მეექვსეკლასელებთან და ის ფრაზა წავუკითხე, სადაც სიტყვა „შვავი“ იყო გამოყენებული. დღის სიტყვა ზოგჯერ მართლწერის საკითხებს ეხმიანებოდა და რვეულში ჩნდებოდა ნაცნობი, მაგრამ უმეტესად არასწორად დამახსოვრებული სიტყვები (კომბინეზონი, შლაპა…). ზოგჯერ კი პირადი გამოცდილებიდან ვიხსენებდი სიტყვებს და ამბის თხრობას ვუკავშირებდი. „დღის სიტყვამ“ ნელ-ნელა განწყობის შექმნა იტვირთა და ყველას თავი შეგვაყვარა.

დღის სიტყვას შეიძლება დროდადრო მთელი გაკვეთილიც დაუთმოთ.

ქარავანი, ფირსაკრავი, თვითმფრინავი – ამ სამი სიტყვის შესახებ აკინძული გაკვეთილის შესახებ გიამბობთ.

 ქარავანი

ერთ დღეს მეექვსეკლასელებმა სიტყვა „ქარავანის“ განმარტება ვერ შეძლეს. გამოთქვეს ვარაუდები, რა შეიძლება ყოფილიყო. დაფაზე დავხატე პატარ-პატარა თევზები, ზღვის ტალღები და ამ თევზებისკენ მოცურავე ორი ფიგურა. მერე ვუამბე ჩემი ზაფხულის დაუვიწყარი დღის შესახებ. ერთ დილას ზღვაში თვალგახელილი ვცურავდი და უეცრად ჩემ წინ თევზების ქარავანმა ჩაიქროლა. შთამბეჭდავი სანახავი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ გონიოდან ბათუმში მეგობარს შევხვდი. ეს ამბავი რომ გავუზიარე, მითხრა, იცი, დილას ზღვაში ცურვისას მეც დავინახე თევზების ქარავანიო. ბევრ რამეზე დამაფიქრა მოვლენათა თანხვედრამ. დაფაზე ვიზუალურად გაცოცხლებული ამბის გვერდით სამი სიტყვა ჩამოვწერე: „შემჩნევა, დაფასება, გაზიარება“. ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ამგვარი ამბებით, მთავარია, გონება მივაჩვიოთ და შემჩნევა ვასწავლოთ, მერე კი გავიაზროთ, რითაა ჩვენთვის გამორჩეული ესა თუ ის ამბავი, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც სამყარო გვთავაზობს და ბოლოს გავუზიაროთ სხვას.

შევავსეთ სიტყვის რუკა, ვისაუბრეთ კრებით სახელზე. გაკვეთილის ბოლო ეტაპზე ვთხოვე, გაეხსენებინათ ერთი სიტყვა, რომლითაც რამე ამბავს მოგვითხობდნენ. ერთ აბზაცად დაწერეს და ერთმანეთს წაუკითხეს.

ფირსაკრავი

საოცნებო ფირსაკრავი ვიყიდე. მქრქალი იასამნისფერი ჩემოდანი მსუბუქი და მოხერხებულია. ერთ დილას სკოლაში წავიღე და მეოთხეკლასელებს ვკითხე, რა შეიძლება ყოფილიყო ჩემოდანში. ათასი რამ თქვეს, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. მერე თვალები დავახუჭვინე, ჩემი ლამაზი ფირსაკრავი გავმართე, ფირფიტა დავდე და ჩავრთე. არასდროს დამავიწყდება ბავშვების გაოცებული, სიხარულით სავსე თვალები. მერე ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდი“ გავიხსენეთ. ბოლო თავში მუმინების ხეობაში წვეულებას მართავენ. მამა მუმინს ფირსაკრავი ეზოში გამოაქვს და რთავს. ბავშვებს ხმამაღლა წავუკითხე ეს პატარა ეპიზოდი. მერე სიტყვის რუკა შევავსეთ და მესამე გრაფაში, სადაც სიტყვის გამოყენებით წინადადებებს ვწერთ ხოლმე, შევთავაზე, სიტყვა „ფირსაკრავის“ გამოყენებით დღის ჩანაწერი დაეწერათ.

ბავშვები ულამაზეს წინადადებებად კინძავდნენ იმ დღის ამბებს, ფირსაკრავიდან ისმოდა ჩემთვის უცნობი სიმღერა ნაცნობი სიტყვებით „დენს… დენს…“. გაკვეთილის ბოლოს ყველამ ერთად ვიცეკვეთ.

თვითმფრინავი

ღამდებოდა, დედას რომ ვესტუმრე. წამოდი, ნამცხვრები ვიყიდოთ-მეთქი და დედაც, როგორც ყოველთვის, ბავშვური ხალისით გამომყვა. დრო გადის. ყველაფერი იცვლება. ჩემი ქუჩაც სხვანაირია. პატარა მაღაზიაში ვანილის თავბრუდამხვევი სურნელი იდგა. სამუშაო დღე მთავრდებოდა. მოლარე გოგოს სახეზე დაღლილობა ეტყობოდა. სასურველი ნამცხვრები რომ შევარჩიეთ, მოგვიახლოვდა და სახე გაუცისკროვნდა, დედას გამოელაპარაკა, მარიცა მასწავლებელო, როგორ ხართო. დედაც აჰყვა საუბარში. მოლარე გოგო ჩემი კლასელის და აღმოჩნდა. ვიყიდეთ ნამცხვრები, გადავიხადეთ ფული, მაგრამ იმ პატარა მაღაზიიდან გამოსვლა აღარ გვინდოდა.

წარსულიდან გამოხმობილი მოგონებები ნამცხვრებთან ერთად გამოვიყოლეთ და ქუჩაში გამოვედით. უცბად ძირს დაგდებული ქაღალდის თვითმფრინავი შევნიშნე. ხელი დავავლე და სახლში წამოვიღე. დედაჩემს გაუკვირდა, რაში გჭირდება, გადააგდეო. ამ საღამოს სიმბოლოდ შევინახავ-მეთქი და სახლში დაბრუნებულმა საყვარელ ნივთებთან მივუჩინე ბინა.

აუცილებლად ვუამბობ ამ ამბავს ბავშვებს და დღის სიტყვად „თვითმფრინავს“ შევთავაზებ. ვისაუბრებთ წარმოქმნილ სიტყვებზე, ნეოლოგიზმებზე, გავიხსენებთ ამელია ერჰარტს და ფადიმე გოგიტიძეს, რომელთა ბიოგრაფიები ურთიერთსწავლების მეთოდით დავამუშავეთ. ვუყურებთ ჰაიაო მიაძაკის ანიმეს, რომლის მთავარი პერსონაჟი ავიატორი ბიჭია და ალექსანდრე ქართველიშვილის ბიოგრაფიასაც გავაცნობ.

სასურველია, წინასწარ მოიფიქროთ ერთი კითხვის სიტყვები. წლის ბოლოს შეიძლება დღის სიტყვების მარაგიდან კლასებს შორის ვიქტორინაც გავმართოთ. დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის კითხვებიც მოვიფიქროთ.

ხშირად ვფიქრობ, რატომ შეუყვარდათ ბავშვებს ასე ძალიან „დღის სიტყვა“. ალბათ, სიტყვების გაცოცხლება, პირად ამბებთან დაკავშირება უხარიათ. ჩვენ ერთად ვქმნით კლასის ისტორიას, ერთობლივ მოგონებებს და გამქრალი სიტყვების გაცოცხლებას მთელი გულით ვცდილობთ.

მეექვსეკლასელებს პატარა ბარათებზე „დღის სიტყვის“ შესახებ აზრის გამოხატვა ვთხოვე. აი, რამდენიმე მათგანის პასუხი:

„ჩემი აზრით, დღის სიტყვა ძალიან მაგარი რამეა. ცოტა ძნელია ერთი დღიდან სიტყვის ამორჩევა. ამას ადასტურებს ის, რომ როდესაც მუზეუმიდან მოვდიოდით, ბავშვებს დღის სიტყვის არჩევა ძალიან გაუჭირდათ. მე ამაზე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე“  /ნინი/.

„ჩემთვის დღის სიტყვა ნიშნავს ახალი სიტყვების და ამბების აღმოჩენას. განსაკუთრებით დამამახსოვრდა სიტყვა „ქარავანი“. ჩვენ ამ გაკვეთილზე „სული-ჩიტის“ ავტორიც კი დავხატეთ. ლელა მას, გირჩევთ, დღის სიტყვებად ისეთი სიტყვები შეარჩიოთ, რომლებსაც ზღვა ამბების მოყოლა შეუძლიათ“ /მარიამი/.

„ჩემი აზრით, დღის სიტყვა მაგარია. დღის სიტყვას რვეულში რომ ვიწერთ, მაგაზე იმ დღის მოგონებები ამომიტივტივდება ხოლმე“ /ელენე/.

„ჩემთვის დღის სიტყვა ძალიან სახალისოა და ძალიან მიყვარს, როცა დღის სიტყვას ვწერ“ /ბარბარე/

საინტერესო იქნებოდა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა ერთმანეთს დღის სიტყვა რომ გავუზიაროთ და მოსწავლეებს სიტყვების შესახებ აკინძული პირადი წერილები მივაწერინოთ.

სასწავლო გაჩერებები გაკვეთილზე

0

სასწავლო გაჩერებები – ეს არის სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ერთობლიობა, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და მიაღწიონ დასახულ მიზანს.

სასწავლო გაჩერებების მოწყობა შეიძლება  საკლასო ოთახში არსებული სივრცის, რესურსების და  გაკვეთილის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროცესი შემდეგნაირად შეგვიძლია წარმართოთ:

  1. მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს თითოეულ გაჩერებაზე ხვდებათ შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია.
  2. მოსწავლეები ერთ კონკრეტულ „გაჩერებასთან“ ატარებენ მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს.
  3. ასრულებენ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სამუშაოს.
  4. დროის ამოწურვის შემდეგაც გადაადგილდებიან შემდეგ გაჩერებაზე.

ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ მოსწავლეთა ყველა ჯგუფი არ შეასრულებს თითოეულ გაჩერებაზე მოცემულ დავალებას.

სასწავლო გაჩერებების მოსამზადებლად მასწავლებელს საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გაწერილი ამგვარი გაკვეთილის გეგმა და აქტივობების ინსტრუქციები. ასევე, მომზადებული უნდა იყოს ყველა საჭირო რესურსი თუ სამუშაო ფურცელი.

განვიხილოთ როგორ შეიძლება ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეები ამ მეთოდის გამოყენებით ამუშაოს თემაზე – მიტოზი

პირველი  გაჩერება – უპასუხეთ შეკითხვას, რა არის ციტოკინეზი?

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ კითხვაზე პასუხად  შეიძლება ამდაგვარი ტექტი შექმნან – უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია ანუ დნმ ინახება ბირთვში.  მიტოზის დროს უნდა ჩამოყალიბდეს ორი ბირთვი. თითოეული ბირთვი გადადის ახალ უჯრედებში.  ორი ბირთვი იქმნება ორი მემკვიდრული ინფორმაციის შესანახად. ე.ი. ბირთვის შიგნით დნმ უნდა გაორმაგდეს ანუ წარმოიქმნას მისი ზუსტი ასლი.  ეს ხდება უჯრედული ციკლის  S ფაზაში. მიტოზის დროს დნმ ნაწილდება ორ შვილეულ უჯრედში. ციტოპლაზმის გაყოფას ეწოდება  ციტოკინეზი.   

მეორე გაჩერება – მოამზადეთ მასალა მიტოზი და ქრომოსომები

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ თემაზე მუშაობის შედეგად   შეიძლება ამდაგვარი ტექტი შექმნან- მიტოზის დასაწყისში უჯრედის ბირთვში არსებული დნმ იწყებს ცილების გარშემო დახვევას და წარმოქმნის   ქრომოსომებს. ყოველ ორგანიზმს აქვს მისთვის დამახასიათებელი (უნიკალური) ქრომოსომების რაოდენობა. ადამიანის უჯრედში დნმ დაყოფილია ქრომოსომების  23 წყვილად.  გაორმაგებული დნმ წარმოქმნის ქრომოსომებს, რომელთაგან თითოეული შედგება ე.წ. შვილეული ქრომოსომებისგან (sister chromatids), ანუ ქრომატიდებისგან. ქრომოსომას აქვს   “X”-ის ფორმა. ორი ქრომატიდი ერთმანეთს უკავშირდება  ცენტრომერით.  მიტოზის დროს გამყოფი თითისტარას ძაფებიც ცენტრომერებს უკავშირდება.  გამყოფი თითისტარა ერთმანეთს აცილებს შვილეულ ქრომატიდებს.

მესამე გაჩერება – აღწერეთ, რა პროცესია გამოსახული ამ  ვიზუალურ მასალაზე?

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ ვიზუალურ მასალაზე შესაძლოა ამდაგვარი ტექსტი შექმნან – ფოტომასალაზე კარგად ჩანს  დნმ-ის ორმაგი სპირალი რამდენჯერმე მჭიდროდ ეხვევა ცილას (2) და ქმნის ქრომოსომას (5). სურათზე გამოსახულია დახვევის პროცესის სირთულე. წითელი წერტილი მიუთითებს ცენტრომერის მდებარეობას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შვილეულ ქრომოსომებს. ასევე ცენტრომერი ის ადგილია, სადაც გამყოფი თითისტარას ძაფები ემაგრებიან ქრომოსომებს. შეგახსენებ, რომ ქრომოსომას აქვს  X ფორმა.

მეოთხე გაჩერება – აღწერეთ მიტოზის ოთხი ფაზა

მოსწავლეთა ჯგუფმა ამ საკითხზე შესაძლოა ასეთი ტექსტი შექმნან – მიტოზი ოთხ ფაზას მოიცავს: პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა.

  1. პროფაზა:  ქრომატინი, რომელიც გაუხნელ დნმ-ს წარმოადგენს, წარმოქმნის ქრომოსომებს. დნმ მჭიდროდ ეკვრის ცილებს. ასეთი სტრუქტურების სინათლის მიკროსკოპით დანახვა უკვე შესაძლებელია. ბირთვის გარსი იწყებს დაშლას და პროფაზის დასრულებამდე სულ ქრება. წარმოიქმნება გამყოფი თითისტარას ძაფები და ემაგრება ცენტრომერებს. ის შედგება პოლიმერიზებადი/დეპოლიმერიზებადი ცილისგან და ქრომოსომებს ეხმარება მოძრაობაში.
  2. მეტაფაზა:  ქრომოსომები ლაგდება უჯრედის ცენტრალურ სიბრტყეში, ეკვატორზე.  ქრომოსომები ერთ სწორ ხაზზე არიან განლაგებული, ერთმანეთის გვერდით.
  3. ანაფაზა:  ყოველი ქრომოსომის შვილეული ქრომატიდები ერთმანეთს შორდება გამყოფი თითისტარას ძაფის დამოკლების გამო. ქრომოსომები უჯრედის საპირისპირო პოლუსებისკენ გადაადგილდებიან.
  4. ტელოფაზა: გამყოფი თითისტარას ძაფები იშლება და ქრომოსომების გარშემო ბირთვის გარსი წარმოიქმნება (უჯრედში უკვე ორი ბირთვია).

უჯრედული ციკლის და მიტოზის ვიზუალური მიმოხილვა

ტელოფაზის შემდეგ ორივე ახალი ბირთვი შეიცავს იმდენივე ქრომოსომას, რამდენსაც შეიცავდა საწყისი უჯრედის ბირთვი. ახლა უჯრედი უკვე მზადაა ციტოკინეზისთვის, რაც სიტყვა-სიტყვით  ნიშნავს ,,უჯრედის მოძრაობას”.

ციტოკინეზის დროს ციტოპლაზმა იყოფა და საბოლოოდ მიიღება ორი იდენტური უჯრედი საკუთარი ბირთვით. ფორმირდება ახალი მემბრანა. მცენარეულ უჯრედში ასევე წარმოიქმნება ახალი უჯრედის კედელი.

მეხუთე გაჩერება –  დააკვირდით მასალას და დაასაბუთეთ  ის მცენარეულია თუ ცხოველური?

მოსწავლეთა ჯგუფმა  შესაძლოა ასეთი ტექსტით  დაასაბუთონ პასუხი – სურათზე წარმოდგენილია მცენარის უფრედების დაყოფა. მცენარის უჯრედის დაყოფა განსხვავდება ცხოველის უჯრედის დაყოფისაგან. სურათზე ჩანს, რომ უჯრედების უმრავლესობა ინტერფაზაშია.  სურათზე   კარგად ჩანს  მიტოზის სხვადასხვა ფაზაში მყოფი უჯრედები.

  გაკვეთილის მოკლე შეჯამება

მოსწავლეთა ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს უყურონ 6 წუთიან ანიმაციას და შეავსონ სქემა:

ანიმაცია – მიტოზი    https://www.youtube.com/watch?v=C6hn3sA0ip0

კითხვა პასუხი
როდის აქვს ქრომოსომას ,,კლასიკური” სახე?
შენი აზრით რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, თუ მეტაფაზის დროს ქრომოსომები არ გასწორდება?
როდის წარმოიქმნება ბირთვის გარსი? რა სირთულეები შეექმნება უჯრედს, თუ ბირთვის გარსის წარმოქმნა ადრე დაიწყება?
როგორ მდგომარეობაში ატარებს უჯრედის ,,ცხოვრების” უმეტეს ნაწილს?
საშუალოდ როგორია ეუკარიოტულ უჯრედში მიტოზის ხანგრძლივობა?

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf
  2. ბიოლოგია, ა.შათირიშვილი 2020.
  3. https://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/ბიოლოგია-8-კლასი/section/4.4/primary/lesson/მიტოზი-9577730/.

სამაგიდო თამაშები გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

სასწავლო სამაგიდო თამაშების გამოყენება სწავლის პროცესში  მეტად პოპულარულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ისინი დაფუძნებულია იმ მცირე რაოდენობის ნივთებით  მანიპულაციაზე, რომლებიც განლგაბულია მაგიდაზე ან მოთამაშეს  უჭირავს ხელში. სამაგიდო თამაშებს მიეკუთვნება თამაშები სპეციალური სათამაშო  მინდვრის/დაფის გამოყენებით, თამაშები ბანქოთი, კამათლებით, ჯარისკაცებით, ლოტო (ბინგო) და სხვ.  ეს თამაშები სპორტული და ვიდეოთამაშებისგან განსხვავებით არ საჭიროებენ მოთამაშეთა აქტიურ გადაადგილებას, დამატებით რთულ ტექნიურ ინვენტარს ან სპეციალურ მოწყობილობებსმ სათამაშო მოედნებს, მინდვრებს და სხვ.

სასწავლო სამაგიდო თამაშები  საუკეთესო საშუალებაა სასარგებლო სასიამოვნოსთან  იქნეს შერწყმული. ისინი  ხელს უწყობენ მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზაციას.

სასწავლო სამაგიდო თამაშების სტრუქტურის ძირითადი კომპონენეტებია:

  • მოქმედი პირები ანუ თამაშის მონაწილეები;
  • თამაშის წესები, რომლებიც მოთამაშეთა საქმიანობის დიაპაზონს განსაზღვრავს;
  • სიუჟეტი, რომელიც სასწავლო საქმიანობის შინაარსის განსაზღვრავს;
  • სასწავლო დავალება, რომლის მიღწევასაც ცდილობს მოსწავლე თამაშის პროცესში.

გეოგრაფიის სწავლებისას მეტად ეფექტიანი და, ამავე დროს სახალისოა, სხვადასხვა სამაგიდო თამაშის გამოყენება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

გეოგრაფიული ლოტო  „მოგზურობა დედამიწის გარშემო“.

ეს არის  ილუსტრირებული  ლოტო, რომელიც ორი ტიპის  – პატარა და დიდი ბარათებისგან შედგება. დიდი ბარათების რაოდენობა შესაძლებელია იყო 20 ცალი, ხოლო  ტექსტიანი  პატარა ბარათების –  120 ცალი.   ნახატები მოცემულია მხოლოდ დიდ  ბარათებზე, რომლებსაც ვურიგებთ მოთამაშეებს.  პატარა ბარათებზე  მოცემულია მხოლოდ ტექსტი, რომელიც  დიდ ბარათზე გამოსახული ობიექტს ეხება და მის დახასიათებას ან მნიშვნელოვან თვისებას  წარმოადგენს. ბარათები შესაძლებელია  ერთხელ დაამზადოს მასწავლებელმა და  სხვადასხვა კლასში  გამოიყენოს.  ასევე  შესაძლებელია  ბარათებზე გამოსახული კითხვები და  ნახატების მასწავლებელმა თემატიკიდან გამომდინარე შეადგინოს.

თამაშის წესები:   მოთამაშეებს   თანაბარი რაოდენობით ურიგდებათ დიდი ბარათები. წამყავნი (მასწავლებელი, რომელიმე მოსწავლე)   ყუთიდან მორიგეობით იღებს პატარა ბარათებს  და კითხულობს  ტექსტს. ის მოთამაშე, რომლის ბარათზეც მოცემულია ტექსტის შესაბამისი ნახატი, ამბობს რა არის ეს და  თუ მისი პასუხი სწორეა წამყვანისგან იღებს პატარა ბარათს და მას თავის დიდ ბარათზე აფარებს შებამის ნახატს. მაგ; წამყვანი ამბობს“ ყველაზე გრძელი პარალელი“.  ის მოთამაშე, რომლის ბარათზეც გამოსახულია  ეკვატორი, ამობს „ ეკვატორი“ და წამყვანისგან იღებს პატარა ბარათს. შემოწმების გასაადვილებლად  საჭიროა, რომ  პატარა ბარათებისა და დიდ ბარათებზე გამოსახული ნახატების ნომრები ერთმანეთს  ემთხვეოდეს.  თამაშის  გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც  ყველაზე სწრაფად დაფარავს  დიდ ბარათებზე გამოსახულ ნახატებს. მაგალითი:  დიდი ბარათის  და დასაჭრელი პატარა ბარათების ნიმუშები:

კლიმატმეგობრული ადამიანი

თამაშის მიზანია მოსწავლეებს ავუმაღლოთ ცნობიერება კლიმატმეგობრული გარემოს შესახებ.

თამაშისთვის დაგვჭირდება: წინასწარ ამობეჭდილი  სათამაშო დაფის სურათი A3 ფორმატის ქაღალდზე,  კამათელი და 3-6 პატარა  განსხვავებული ფერის ფიგურები.

სათამაშო დაფის ნიმუში

რეკომენდაცია მასწავლებელს: სათამაშო დაფა თავად მოსწავლეებსაც შეუძლიათ შექმნან  ქართულ ენაზე  მოცემული მინიშნებების გამოყენებით. ასევე მათ შეუძლიათ დაფა სხვანაირად გააფორმონ სურათებით.

 თანაშის მსვლელობა:

თამაშში მონაწილეობას ღებულობს 3-6 მოსწავლე ან ჯგუფი. მოთამაშეებმა სათამაშო დაფაზე უნდა გაიარონ 35 ნაბიჯი. მათ თამაშის მსვლელობისას ბევრი საინტერესო დაბრკოლების გადალახვა (მინიშნებების სახით), გააანალიზება და მათი ცხოვრებაში გათვალისწინება  მოუწევთ. თამაში იწყება  ნიშნული start-იდან და კამათლის გაგორების შემდეგ მოთამაშეები  გადაადგილდებიან კამათელზე ამოსული რიცხვის მიხედვით. თუ სათამაშო დაფაზე შესაბამის რიცხვზე წერია მინიშნება (მაგალითად 1, 3, 6 და ა.შ ), ვჩერდებით, ვიაზრებთ და ჯგუფთან ვმართავთ დისკუსიას, თუ რატომ არის  აუცილებელი მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინება, რომ ეს  დაგვეხმარება ჩვენი ცხოვრება მაქსიმალურად მდგრადი და ეკომეგობრული გახდეს. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ხვდება რაიმე დაბრკოლება იგი გამოტოვებს სვლას. მაგ. პირველ რიცხვზე  (1) მითითებულია შემდეგი ფრაზა: „You forgot to switch off the lights. Miss a turn” (თქვენ დაგავიწყდათ  სინათლის ჩაქრობა. გამოტოვეთ სვლა), ეს მინიშნება მიგვითითებს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით, გამოვრთოთ ნათურები და შესაბამისად დავზოგოთ ელექტროენერგია.

სათამაშო დაფაზე მოცემული  მინიშნებების თარგმანი:

  • 1.თქვენ გავიწყდებათ სინათლის ჩაქრობა. გამოტოვეთ სვლა.
  • 3.თქვენ მიირთმევთ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულს. გადადით წინ 2 ბიჯით. (თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ადგილობრივ პროდუქტს და არ მიირთმევთ იმპორტირებულს, შესაბამისად თქვენ ხელს უწყობთ ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას).
  • 6.თქვენ რგავთ ხეებს! შეიმოკლეთ გზა და გადადით მე-14 ველზე. (ჩვენ ვზრუნავთ ატმოსფეროს დაბინძურების შემცირებაზე და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ჟანგბადით მომარაგებაში).
  • 9.ქარის ენერგია გაძლევთ ძალას! გადადით წინ 2 ბიჯით. (ალტერანტიული ენერგიის გამოყენება ყოველთვის მდგრადია და ეკოლოგიურად მეგობრული).
  • 12.თქვენ დაგრჩათ თქვენი დამტენი ქსელში შეერთებული. დაბრუნდით უკან 2 ბიჯით. (არ დატოვოთ ელექტრომოწყობილობები ჩართული, როცა გადიხართ შენობიდან. ამით ჩვენ ვზოგავთ ელექტროენერგიას);
  • 16.თქვენ სკოლაში მანქანის მაგივრად მიდიხართ ველოსიპედით. გადადით წინ მე-19 ველზე. (ალტერნატიული ტრანსპორტის გამოყენებით ჩვენ ვზოგავთ ნახშიროჟანგის ემისიების გაფრქვევას ატმოსფეროში).
  • 21.თქვენ იღებთ შხაპს აბაზანის მაგივრად. გადადით წინ 1 ბიჯით. (თქვენ ზოგავთ მტკნარი წყლის მოხმარებას, შესაბამისად ზრუნავთ მის ეკონომიურად გამოყენებაზე).
  • 23.გარეთ ცივა. თქვენ ჩართეთ გათბობა სვიტერის ჩაცმის მაგივრად. გადადით უკან 3 ბიჯით. (ნუ ჩავრთვავთ გამათბობლებს საჭიროების გარეშე, ამით ჩვენ ვზოგავთ ელექტროენერგიას).
  • 25.თქვენ იყენებთ განახლებად ენერგიას სახლის ენერგიით მომარაგებისთვის. გადადით წინ 2 ბიჯით. (განახლებად ენერგიას პრიორიტეტული ადგილი უჭირავს 21-ე საუკუნეში, რადგან მისი გამოყენება გვეხმარება ტრადიციული ენერგიის წყაროების დაზოგვაში, რომლებიც ამოწურვადი და აღუდგენელი რესურსია და თანდათან ილევა).
  • 26.თვითმფრინავის მაგივრად გადაადგილდებით მატარებლით. გააგორეთ კამათელი თავიდან. (მატარებლით მოგზაურობისას ვზოგავთ ნახშიროჟანგის ემისიების გაფრქვევას).
  • 29.თქვენ იყენებთ პოლიეთილენის ჩანთას საყიდლების დროს. უკან გადადით 2 ბიჯით. (გამოვიყენოთ ეკოლოგიურად ბიო გადამუშავებადი პროტუქტები, რადგან პოლიეთილენი ეკოლოგიურად არამდგრად პროდუქტია, რომელსაც მრავალი წელი სჭირდება გახრწნისთვის).
  • 31.თქვენი სახლი არ არის საგულდაგულად თბოდაცული. გამოტოვეთ სვლა. (შეეცადეთ სახლის გასათბობად გამოიყენოთ მზის პანელებით მიღებული ენერგია).
  • 32.თქვენ გადაამუშავებთ თქვენსავე ნარჩენებს. გააგორეთ კამათელი თავიდან. (თუ თქვენ შესაბამისად ახარისხებთ ნარჩენებს (ქაღალდი, პლასტმასი, მინა), თქვენ ნამდვილად ეკომეგობრული პიროვნება ხართ და ზრუნავთ გარემოზე).

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...