პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

რა მოსწონთ მოსწავლეებს

0

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანთა სწავლა-სწავლების მიზანია მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური პიროვნების ფორმირების ხელშეწყობა. მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები: პასუხისმგებლობა, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები, ეთიკური ნორმების დაცვა, მეწარმეობის, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, დროსა და სივრცეში ორიენტირება, სწავლის სწავლა – დამოუკიდებლად საქმიანობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. მეტად მნიშვნელოვანია კვლევითი უნარების განვითარება.

ამ მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მასწავლებელი უნდა იკვლევდეს საკუთარი მოსწავლეების შესაძლებლობებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს.

გასული სასწავლო წლის გაზაფხულზე ჩავატარე სკოლის საჭიროების კვლევა. კვლევის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება სასწავლო პროცესში დასაგეგმი აქტივობების გასათვალისწინებლად. მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით. ჩემი კვლევის მიზანი გახლდათ, გამერკვია, რა მოსწონთ მოზარდებს, სწავლების რომელ ფორმაზე გავამახვილო ყურადღება მომავალში თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის და სურვილის გათვალისწინებით.

კვლევის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გახლდათ:

რომელ აქტივობას ანიჭებთ უპირატესობას საკუთარი შეხედულების გათვალისწინებით?

ა) კომპლექსური დავალებები

ბ) STEM პროექტი „ჩხირკედელა“

გ) ინტეგრირებული გაკვეთილები

დ) პროექტებით სწავლება

ე) მოსწავლეთა კონფერენციები

ვ) საწრეო -საკლუბო მუშაობა

ზ) სახალისო კონკურსი „მოაზროვნე“

 

წარმოგიდგენთ გამოკითხვის შედეგებს წრიული დიაგრამის საშუალებით:

 

სურათზე ხედავთ პროცენტულად როგორ გადანაწილდა მოსწავლეთა მიერ შერჩეული პრიორიტეტული სწავლების ფორმები. ამ შედეგებით ბევრი მიმართულებით შეიძლება ანალიზის გაკეთება. პირველი და უმნიშვნელოვანესი გახლავთ მოსწავლეთა ინკლუზიური შესაძლებლობები. მოზარდი სწავლების იმ ფორმას ანიჭებს უპირატესობას, რაც მის ინტერესებს ყველაზე მეტად ესადაგება.

კვლევაში მონაწილეობდა 63 მოზარდი.

მოსწავლეთა 22%- ყველაზე მეტად მოსწონს კომპლექსური დავალებებით მუშაობა. ეს შედეგი არ გახლავთ შემთხვევითი. ეროვნული სასწავლო გეგმაში განისაზღვრა პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო კონცეფცია, სწავლა-სწავლების 5 პრინციპი. კომპლექსური დავალება გახლავთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალება. მოსწავლეებს ეძლევათ შემოქმედებითი უნარების გამოხატვის თავისუფლება. სწორედ ამით არის ორიგინალური და განსაკუთრებული მოსწავლეზე ორიენტირებული – ახალი სკოლის მოდელი. ეს სწორედ ის პრინციპებია, რომელთა სასწავლო პროცესში განხორციელების გარეშეც წარმოუდგენელია გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მიღწევა. სწავლა-სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. შემეცნების პროცესში უმნიშვნელოვანესია მოდალობების გათვალისწინება. არსებობს მოდალობის ოთხი ძირითადი ტიპი: ვიზუალური, სმენითი, კინესთეტური და ციფრული. განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ინკლუზიური საჭიროებების სრულყოფილად გათვალისწინება, რაც დაკავშირებულია უამრავ, მათ შორის ფინანსურ პრობლემებთან.

ჩვენს რეალობაში კომპლექსური დავალებები გახლავთ ყველაზე მოსახერხებელი ფორმა დიფერენცირებული მიდგომების გასათვალისწინებლად. მრავალფეროვანი დავალებებიდან მოსწავლე აუცილებლად პოულობს აქტივობის ფორმას, რაც მას მოსწონს და შეუძლია. შესაბამისად, არცერთი მოზარდი არ რჩება სასწავლო პროცესის მიღმა. სწორედ ამიტომ მოსწონთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით მუშაობა.

მომავალში პედაგოგებს გვმართებს მეტი ძალისხმევა სწავლების პროცესში კომპლექსური დავალებების უფრო აქტიურად დასანერგად.

მოსწავლეთა 18% უპირატესობას ანიჭებს საწრეო და საკლუბო მუშაობას. სასკოლო კლუბებისა და წრეების ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. არაფორმალური განათლების მიწოდების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უშუალო გარემოს შექმნას, მონაწილეთა დაახლოებასა და უკეთ გაცნობას, მათი ძლიერი მხარეების, მისწრაფებების გამოკვეთას. ამ კუთხით დიდ როლს თამაშობს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სასკოლო წრეები და კლუბები.

არაფორმალური გარემო მეტად უწყობს ხელს მოსწავლეთა დამეგობრებას, საერთო ინტერესების გამოკვეთას, რაც ეხმარებათ მათ ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მიზანმიმართული და პროდუქტიული საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, თავად მოიძიონ და დაახარისხონ საჭირო ინფორმაცია. მოზარდს შეუძლია თავად აირჩიოს საგანი, რომელშიც არაფორმალურ გარემოში მეტად გაიღრმავებს ცოდნას. არასაგაკვეთილო პროცესში მას შეუძლია მეტი დრო დაუთმოს მისთვის პრიორიტეტულ და საინტერესო საკითხების დასწავლას.

გამოკითხულ მოსწავლეთა ასევე 18%-სთვის პრიორიტეტულია სკოლაში STEM კლუბების მუშაობა. განათლების სისტემას უწევს ადაპტირება საზოგადოების ახალ ტენდენციებსა და საჭიროებებთან. ინოვაციური ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად აუცილებელი ხდება მომავალმა თაობამ ისწავლოს ციფრული ტექნოლოგიებით გარშემორტყმულ საგანმანათლებლო გარემოში. STEM განათლება ეს არის ახალი თაობების მომზადება, რათა მათ შეძლონ ივარჯიშონ ისეთ სამუშაოებზე, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ იმ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტირებაში, რასაც ძალიან სწრაფად გვთავაზობს ჩვენი საუკუნე. STEM განათლება არის ბავშვების მომავლის გასაღები – მოზარდები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ერთობლივად გადაწყვეტილებების მიღებას, უვითარდებათ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის და გამომგონებლობის უნარები.

STEM სწავლება ასტიმულირებს მოსწავლის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას, ასევე ემოციების უკეთ მართვას. ის აძლიერებს ლოგიკურ აზროვნებას, კრეატიულობას და წარმოსახვას. ავითარებს მოტორულ უნარებს. სულ უფრო პოპულარული ხდება განათლებაში რობოტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანსა და აუცილებელს ხდის მოსწავლემ შეისწავლოს ელექტრონიკა, პროგრამირება, მექანიკა. კვლევებით დადგენილია, რომ მომავალი თაობის 65% სამომავლოდ განიხილავს პროფესიებს, რომლებიც ჯერ არ არსებობს და რომლებიც წარმოიქმნება მზარდი ტექნოლოგიური საჭიროებების გამო.

STEM სწავლებას აქვს განვითარების კოგნიტიური უპირატესობები, უბიძგებს მოსწავლეებს, იფიქრონ ჩარჩოს მიღმა და მოისაზრონ პრობლემების კრეატიული გადაწყვეტილებები. მარტივად პასუხობენ კითხვებს „რატომ“ და „როგორ“. მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაჩენა გულისხმობს, რომ სამომავლოდ ისინი უფრო მოწადინებულნი იქნებიან ექსპერიმენტებისა და ახალი აღმოჩენებისათვის. მეტ დროს და ენერგიას დახარჯავენ საკუთარი განათლებისათვის.

STEM-ის საშუალებით მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ უფრო ეფექტურია ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარების გამოვლენა საერთო მიზნების უფრო სწრაფად მისაღწევად. როდესაც ბავშვები მუშაობენ გუნდზე ორიენტირებულ გარემოში, სწავლობენ, როგორ იმუშაონ თანატოლებთან, მზად არიან კავშირების დასამყარებლად მომავალ კარიერასთან დაკავშირებულ და ქსელურ საინტერესო ღონისძიებებში.

სახალისო კონკურსი მოაზროვნემნიშვნელოვანი მოსწავლეთა 17%-ისთვის. კონკურსი „მოაზროვნე“ გახლავთ ჩემი ავტორობით შექმნილი პროექტი. მოსწავლეები სახალისო, ლოგიკაზე დაფუძნებული კითხვებით იღრმავებენ ცოდნას ფიზიკასა და მათემატიკაში. „მოაზროვნე“ დაფუძნებულია კონკურენტული სწავლების ფორმაზე. კონკურენცია ხომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სწრაფად მიაღწიონ შედეგს. ხელს უწყობს მოსწავლეებში სწრაფი აზროვნების განვითარებას. სტიმულს აძლევს მათ წინსვლას, პროგრესს. მოსწავლეებს უჩნდებათ ლიდერობის სურვილი.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა დამოუკიდებლად და სწრაფად აზროვნების უნარების განვითარებას; ისინი ერკვევიან საკუთარ შესაძლებლობებში. ასევე, ხელს უწყობს მოზარდის მიზანდასახულობას და მოტივაციის ამაღლებას, სხვისი ცოდნისა და ერუდიციის პატივისცემას.

მსგავსი კონკურსები შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერი საგანში ან საგნობრივი მიმართულების გათვალისწინებით.

კონფერენციებს უპირატესობას ანიჭებს მოსწავლეთა 8%. სასწავლო კონფერენცია ხელს უწყობს, მოსწავლეს განუვითარდეს დამოუკიდებლად მუშაობისა და ნაშრომის საჯაროდ პრეზენტაციის უნარი. არჩეული თემის ირგვლივ იძენენ ღრმა თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას. ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს უნდა გავითვალისწინოთ მოზარდთა ინტერესები, ამიტომ სასურველია კონფერენციის იდეა მოიცავდეს ყველა საგნობრივ მიმართულებას. თავად აარჩიონ, საგანი, თემა, ხელმძღვანელი. ასეთ პირობებში ისინი უფრო თავისუფალი და ლაღი ხდებიან – სიხარულით ამზადებენ პრეზენტაციებს და ასევე სიხარულით ელოდებიან კონფერენციის ჩატარებასა და იმ პრიზებს, რომლებსაც დამსახურებულად მოიპოვებენ.

 მოსწავლეთა 8%-სთვის ყველაზე მისაღებია პროექტებით სწავლება. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტით სწავლება იძლევა აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, რისი ცოდნაა საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას.

21-ე საუკუნის მოსწავლისათვის ცოდნის დაგროვებასთან ერთად მნიშვნელოვანია იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო, რომლის დროსაც ვითარდება შემოქმედებითი, თანამშრომლობის, საკომუნიკაციო და კვლევითი უნარები.

პროექტებით სწავლება ასევე ხელს უწყობს საგანთაშორის კავშირებს და სწავლების ინტეგრაციას. საინტერესოა მოსწავლეებმა იმუშაონ როგორც სასწავლო კვლევით, ასევე სოციალური ხასიათის პროექტებზე. სწორედ ამ კონტექსტების გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

მოსწავლეთა 5%-სთვის ყველაზე საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილებია. სამეცნიერო დარგების მრავალფეროვნების მიუხედავად, სამყარო ერთიანია და საერთო კანონზომიერებებს ემორჩილება. სხვადასხვა საგნად დანაწევრებული სამყაროს აღქმა და სწავლა მოზარდისთვის არ არის მარტივი. ჩვენი მიზანი არ არის ახალგაზრდებს მხოლოდ ცალკეული საგნები ვასწავლოთ, არამედ ჩვენ ისინი უნდა მოვამზადოთ და აღვზარდოთ საღად მოაზროვნე ადამიანებად. მოზარდს უნდა განვუვითაროთ სააზროვნო უნარები, რათა მათ შეძლონ ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი.

სკოლაში ბავშვები ბევრ ისეთ საგანს სწავლობენ, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად არის დაკავშირებული. განათლების მიზანია, მოსწავლეებს სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი ფრაგმენტებისგან სამყაროს მთლიანობის წარმოდგენა შეექმნათ. სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია, პედაგოგები პერიოდულად ახორციელებდნენ ინტეგრირებულ აქტივობებს. ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი და დანიშნულებაა, მოსწავლეებს ვაჩვენოთ, ავუხსნათ და დავაფიქროთ იმაზე, რომ მეცნიერების ყველა დარგი ემსახურება კაცობრიობის განვითარებას და ადამიანს, რათა მან სამყარო აღიქვას როგორც მთლიანობა.

ვფიქრობ, კვლევაში დაბალი პროცენტული მაჩვენებლის (5%) გაზრდა შესაძლებელია მეტი ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებით.

შესაძლებელია, ჩემს კვლევაში განხორციელებული და განხილული აქტივობების გარდა, ზოგიერთი მოსწავლისთვის სხვა რამ იყოს პრიორიტეტული. ამიტომ მასწავლებელი განუწყვეტლივ უნდა აკვირდებოდეს საკუთარ მოსწავლეებს და მათ მისწრაფებებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობაში.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შეიძლება, ერთ კონკრეტულ მასწავლებელს გაუჭირდეს ყველა ამ მიმართულების დაფარვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ამიტომ, სასურველია, წლის დასაწყისში პედსაბჭოსა და კათედრის სხდომებზე მოხდეს პედაგოგთა ერთიანი სამუშაო გეგმის შედგენა, აქტივობების გადანაწილება. მთავარია, ასეთი ან სხვა უკეთესი და საინტერესო აქტივობები აუცილებლად შევთავაზოთ მოსწავლეებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა;

https://rb.gy/lqf70t

https://rb.gy/pd9jrc

https://rb.gy/dyitjr

https://rb.gy/pmjgr3

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს მოთმინების უნარი

0

მოუთმენლობა, მოთმენის უუნარობა, ბავშვის იმ თვისებათაგანია, რომლებიც მშობლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. პატარა ბავშვები ბუნებით მოუთმენლები არიან. მათ უნდათ ყველაფერი, ამასთან, დაუყოვნებლივ, სწორედ ახლა და აქ, და თუ სასურველი მყისვე ვერ მიიღეს, ისტერიკას მართავენ.

პატარების მოუთმენლობა არ არის მანკიერება და ცუდი აღზრდის შედეგი. ის განპირობებულია ადრეული ასაკის ბავშვის ნერვული სისტემის თავისებურებებით. როგორ მოვიქცეთ: დაველოდოთ, სანამ პატარა გაიზრდება თუ ამთავითვე ვიზრუნოთ მისი მოთმინების გავარჯიშებაზე?

უნდა ითქვას, რომ ეს არც ისე ადვილია, თუმცა შესაძლებელი.

მოთმინება მოიაზრებს თვითკონტროლს, შეუპოვრობას, საკუთარი ემოციების მართვას, ასევე – რაიმე მნიშვნელოვანზე ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრირებას, საკუთარ თავზე, საკუთარ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას. ალბათ დამეთანხმებით,, რომ ჩამონათვალი იმდენად სერიოზულია, არათუ ბავშვი, არამედ ბევრი ზრდასრული ადამიანიც ვერ მოიწონებს თავს მისი შესრულებით, ამიტომ ბავშვს თანდათან, თანმიმდევრულად უნდა გამოვუმუშაოთ ყველა ზემოაღნიშნული უნარი, რასაც წლები დასჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის მოთმინების გამომჟღავნებას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადრეული ასაკიდანვე არ ვიზრუნოთ ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამომუშავებაზე. პირიქით, ამ მიმართულებით მუშაობა რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.

 

რეკომენდაციები ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად:

  • მივცეთ მაგალითი – მოვიკრიბოთ მოთმინება. პატარასთან ურთიერთობისას მთავარი პირადი მაგალითია. მართალია, ეს რეკომენდაცია სამართლიანია ბავშვის აღზრდის მთელი პროცესისთვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიყოთ მომთმენი ყოველთვის, როცა ბავშვი გვხედავს ან შეიძლება დაგვინახოს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი, პირველ რიგში, ითვისებს მასთან ურთიერთობაში მყოფი უფროსების ჩვევებს, მათი ქცევის პრინციპებს. ის იღებს იმ ქცევას, რომელსაც ოჯახში ხედავს. თუ მშობლები მოუთმენლობას იჩენენ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას, ნერვიულობენ წვრილმანებზე, ბავშვიც გადაიღებს, აითვისებს ქცევის ამ მოდელს და ასევე მოიქცევა. ბავშვისთვის არაფერია ისე ადვილი, როგორც მშობლის ქცევის კოპირება. თუ დედა და მამა ასე აკეთებენ, ე.ი. ასეა საჭირო, ასე მოქცევა შეიძლება. ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამომუშავების პროცესში უფროსები გამძლეობის, შეუდრეკელობის გარანტები და მოთმინების მაგალითები უნდა გავხდეთ. თუ თავად საკმარისად მომთმენები ვართ, ამ უნარის გამომუშავება ბავშვისთვისაც არ იქნება რთული. ასეთი მუშაობის პროცესში პატარა თავს დამოუკიდებლად, ზრდასრულად იგრძნობს და ეს შეგრძნებები შესანიშნავად დაგვეხმარება მისთვის მოთმინების უნარის გამომუშავებაში.
  • ვერიდოთ ბავშვის მოთხოვნების მეყსეულად შესრულებას. თუ მის მიმართ უზომო ყურადღებას გამოვიჩენთ, ყველა სურვილს დაუყოვნებლივ შევუსრულებთ, საეჭვოა, ოდესმე ის მომთმენი გახდეს. ჰიპერმზრუნველობა მოთმინების უნარის გამომუშავების პროცესში დამაბრკოლებელია. ვისწავლოთ ბავშვისთვის „არას“ თქმა.
  • შევაქოთ ბავშვი წარმატებისთვის. პატარებს ძალიან უყვართ ქება, თანაც ეს უკანასკნელი მათზე დადებითად მოქმედებს. თუ ბავშვი მოთმინებით ელოდება რამეს და კითხვებით არ გვაწუხებს, ამისთვის აუცილებლად შევაქოთ. გავაგებინოთ, რომ მის უმცირეს წარმატებასაც კი ვამჩნევთ, ვაფასებთ, როგორ აკონტროლებს ის თავის ემოციებს.
  • ყოველთვის შევასრულოთ ბავშვისთვის მიცემული პირობა. თუ დავპირდით, რომ მასთან ერთად წავიდოდით სასეირნოდ, სხვა საქმეზე ნუ გადავერთვებით. თუ უეცრად სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა, რომელიც „არ ითმენს“, მშვიდად ავუხსნათ პატარას, რომ ცოტა ხანს უნდა დაგველოდოს და დავპირდეთ, რომ სასეირნოდ მალე წავალთ. შეგვიძლია, მივცეთ საათი და ვაჩვენოთ, როდის დამთავრდება ლოდინის დრო.
  • ვუთხრათ ბავშვს სათქმელი ნათლად და გასაგებად. მასთან ურთიერთობისას მოვერიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა: „საათი“, „წუთი“, „წამი“. პატარებს არ ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა, რადგან ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დროში ორიენტირება. ფრაზა „10-20 წუთი“ გასაგებია ზრდასრულისთვის, მაგრამ არა ბავშვისთვის. შეგვიძლია, ლოდინის დრო თამაშად ვაქციოთ, მაგალითად, ვუთხრათ: „პარკში სასეირნოდ წავალთ, როცა ოთახი დალაგებული გვექნება. თუ დამეხმარები, სათამაშოებიც მალე მოგროვდება“. ურთიერთობისას ვიყოთ მშვიდი და გაწონასწორებული. მოვერიდოთ ხმის აწევას და ჩხუბს. ამით მხოლოდ აგრესიას გამოვიწვევთ და სასურველ შედეგსაც ვერ მივიღებთ.
  • მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად ბავშვთან მუშაობის პროცესში გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები – თუ მოუთმენლობას შევატყობთ, ხელთ გვქონდეს ფანქრები, წიგნი, რვეული ჩანახატების გასაკეთებლად. ეს დაგვეხმარება, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ დროის გარკვეული მონაკვეთი, რომ ლოდინი ასეთი ძნელი აღარ იყოს. თუ ხელთ არაფერი გვაქვს, მოვიფიქროთ სიტყვებით თამაში ან ნებისმიერი სხვა გასართობი. ყურადღებას ლოდინიდან გასართობზე გადაიტანს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის ნერვული სისტემა, თავის ტვინი უფრო რთულად და კოორდინირებულად იმუშავებს. ამგვარად, ბავშვს თანდათან ჩამოუყალიბდება საკუთარი ემოციების კონტროლისა და მოთმინების უნარი. მანამდე კი, სანამ პატარები თავისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მოუსვენრები არიან, უჭირთ ლოდინი და მოთმენა, უფროსები უნდა დავეხმაროთ მათ ამ პერიოდის გადატანაში, შეძლებისდაგვარად განვუვითაროთ და აღვზარდოთ მათში მონდომება, მიზანსწრაფულობა, საკუთარი ქცევის, ემოციების კონტროლისა და მართვის უნარი.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მოთმინების უნარის გამომუშავებას დრო სჭირდება, ეს უცებ არ მოხდება. ვიყოთ მომთმენი, თანმიმდევრული, შემწყნარებელი შეცდომების მიმართ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

სმენა იყოს და გაგონება!

0

მშობლების უმეტესობას, ჩემი ჩათვლით, სადღაც გულის სიღრმეში ურჩევნია მათი შვილები ახალდალაგებულ სახლს თავდაყირა არ აყენებდნენ, საყვარელი ფილმის ყურებისას არ ხმაურობდნენ, ყოველ დილით სკოლაში წასვლისას შეხსენება არ სჭირდებოდეთ, რომ არ დაიგვიანონ, საკუთარი დღის წესრიგი სამხედრო ოფიცერივით გაწერონ და ნიავივით იქროლონ სახლში, როდესაც ჩვენ უხასიათოდ ვართ ან რაიმე მნიშვნელოვანზე ვფიქრობთ.

კარგი ვარიანტია, თუ რობოტი შვილების შექმნა მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება და ჩვენ მათ შევიძენთ.

ეს, რასაკვირველია, ხუმრობანარევი ირონიით, რადგან ალბათ ყველა ჩვენგანს მოუსმენია ან ერთხელ მაინც უთქვამს ფრაზა შვილებისთვის: „ახლა შეწყვიტეთ ეს ღრიანცელი და რამე საინტერესო გააკეთეთ, მაგალითად, ამბები მოჰყევით ან წიგნი წაიკითხეთ“.

ეს ყველაზე სასაცილო მოწოდებაა მსოფლიოში, იმაზე უფრო სასაცილო, ვიდრე: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“, ან „გაქრეს ბოროტება!“, ან „შეწყდეს ომები!“ და ასე შემდეგ.

ჩვენ მშობლობისას და ჩვენ ბავშვობისას სხვადასხვანაირი ვართ – ბავშვობაში ვცელქობდით, ვაფუჭებდით ნივთებს, თავდაყირა ვდგებოდით და ასე შევიმეცნებდით სამყაროსაც და თავსაც; მეგობრებთან ერთად წიგნის ერთობლივი კითხვა კი არა, ხეტიალი, მუხლების გადატყავება და ომობანა ან ოჯახობანა გვერჩივნა. ეს ბუნებრივია, ასე იზრდება და ყალიბდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ ვიზრდებით, ყოველდღიური რუტინა გვღლის, ნერვულ სისტემას გვიფუჭებს და ახლა ჩვენ ვხდებით ისინი, ვინც შვილისგან მკაცრ დისციპლინასა და ხშირად მორჩილებასაც კი ითხოვს.

ცხადია, ადამიანი ბავშვობიდან დაისწავლის ხოლმე რაღაცებს და სწორედ პატარაობიდან დასწავლილი ჩვევებითა და წესებით ხელმძღვანელობს ცხოვრების განმავლობაში.

ბავშვი ვალდებულებების შესრულებას უნდა სწავლობდეს. მაგრამ უნდა სწავლობდეს ფრთხილად, აღმზრდელის ზედამხედველობითა და მის მიერ დანერგილი მეთოდით. იმგვარად, რომ უარი არ ეთქვას ბავშვობას და ბავშვი არ იქცეს უბედურ, უსიხარულო ადამიანად, როდესაც გაიზრდება.

როგორ ვასწავლოთ შვილებს გარკვეული ვალდებულებების შესრულება? ამაზე ბევრი მშობელი, ფსიქოლოგი, პედაგოგი ფიქრობს და მუშაობს. ყველას თავისი სტილი და მიდგომა აქვს და ალბათ, ყველა მშობელმა თავად უნდა განსაზღვროს, რომელი მეთოდი მიუსადაგოს პირმშოს. ჩემი მხრივ, შემიძლია, ყველაზე გავრცელებულ ვერსიებზე მოგითხროთ და შესაძლოა, ეს ვინმეს დაეხმაროს.

ზემო აჭარაში სტუმრობისას ერთ შესანიშნავ მრავალშვილიან ოჯახში გავჩერდი, სადაც ოჯახის ყველა წევრი ფუტკარივით ფუსფუსებდა. მაშინ პირველად დავაკვირდი ერთ, ჩემთვის საინტერესო აღმოჩენას, რომელიც, ცხადია, მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ასე ღრმად კი არასოდეს გამიაზრებია. აღმოჩენა კი გავაკეთე მას შემდეგ, რაც ბაბუამ შვილიშვილი შეშის მოსატანად გააგზავნა და ასე უთხრა: დავავალებდი ამ საპასუხისმგებლო საქმეს რომელიმე უფროსს, მაგრამ ჩემი ზურიკო ყველაზე საუკეთესოდ შეასრულებს და მას მინდა ვთხოვო, მოიტანოს რამდენიმე ნაჭერი შეშაო. ბავშვმა თამაში მიატოვა და სიხარულით გავარდა იმ დავალების შესასრულებლად, რომელსაც, სხვა შემთხვევაში, ალბათ ბუზღუნით გააკეთებდა.

როდესაც გვსურს, ბავშვს რაიმე დამოუკიდებელი მოქმედებები ვასწავლოთ (მაგალითად, საკუთარი ტუალეტის მოწესრიგება, კბილების გახეხვა, დამოუკიდებლად ჩაცმა ან სხვა), ამას პირდაპირი დავალებითა და ბრძანების გაცემის ფორმით თუ გავაკეთებთ, შედეგი იქნება ის, რომ შესაძლოა მიზანს მივაღწიოთ, თუმცა სიხარული გაქრება. მაგრამ როგორც კი ბავშვს თავს უფროსად ვაგრძნობინებთ და ავუხსნით, რომ ის უკვე მზადაა ისეთი საპასუხისმგებლო საქმეც კი გააკეთოს, როგორიც კბილების დამოუკიდებლად გამოხეხვაა, ჯერ ერთი, აუცილებლად სიხარულით მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს და თავს ძლევამოსილ ადამიანად იგრძნობს და ეს ზრდასრულობაშიც ძალიან გამოადგება.

ბავშვებს მოსწონთ, როდესაც უფროსები მათ ასაქმებენ. მამაჩემი ამ მეთოდს ისე ოსტატურად და მშვიდი ნერვებით აკეთებს, მშურს ხოლმე. დაიყენებს რომელიმე შვილიშვილს გვერდით და გამოაცხადებს, რომ მისი დახმარების გარეშე მე ეს საქმე არ გამოუვა, ამიტომ სხვები ხელს ნუ შეუშლიან. მერე კი გრძელდება: „ქანჩი მომაწოდე, ბიბი!“, „აბა, ნახე კარგადაა გადაჭერილი ონკანი?“, „ხელსაწყოები შენებურად კოხტად ჩაალაგე“ და ასე შემდეგ.

ბავშვისთვის დირექტივების მიცემა, როგორც წესი, უხასიათობის დროს გამოგვდის: „აბა, ახლა დროზე მიალაგე, რაც აურიე!“ და პატარა ამას სასჯელად აღიქვამს. ამიტომ, აუცილებლად აპროტესტებს. ბოლოს ეს ამბავი ჩემს უმცროს შვილთან მოვსინჯე და ისეთი ამბავი დამატეხა თავს, მივხვდი, ისევ ძველ მეთოდს უნდა დავბრუნებოდი. ძველი მეთოდი კი ასეთია: მართა, თქვენთან გამომაგზავნეს, რომ სამსახურს ეძებთ, მართალია? (მართა ალღოს უღებს თამაშს და იფერებს, „დიახ, გისმენთ!“), დამლაგებელს ვეძებ. ერთი ცელქი გოგოს მიყრილ-მოყრილი ნივთების მისალაგებლად. „დიახ, დიახ! მე ვმუშაობ დამლაგებლად!“ (უკვე მზადაა ყველაფერი მოაწესრიგოს). მაშინ, ხელფასზეც მოვილაპარაკოთ? რამდენი ეღირება ეს საქმე? (მართა, სანამ პატარა იყო, გაუგებარ რიცხვებს ამბობდა, ვთქვათ, ერთი მილიონი ან სამი თეთრი, მე ვთანხმდებოდი), „ხუთი ლარი!“ (მტკიცედ ამბობს ის). კარგი, იყოს ხუთი ლარი, ვეუბნები მე, ვიღებ ფურცელს, ზედ ვაწერ „ხუთი ლარი!“ და ვთავაზობ წაიკითხოს, შეცდომით ხომ არ დამიწერია.

თხუთმეტ წუთში ვაღწევ იმ მიზანს, რომელსაც ჩემს ჯიუტ გოგონასთან ორსაათიანი კამათის შემდეგაც ვერ მივაღწევდი.

მინახავს მშობლები, რომლებიც წუწუნებენ, რომ მათი შვილები ექვსი წლისები არიან და დამოუკიდებლად ჩაცმა ჯერ კიდევ არ იციან.

როდის და როგორ უნდა ესწავლათ, თუ მათ ნაცვლად ყოველთვის ჩვენ აკეთებდნენ ამას?

პატარებს ყველაფერი პატარა ასაკიდან უნდა დავასწავლოთ (არ ვგულისხმობ ასაკთან შეუფერებელ საქმეებს). პირობითად, ვთხოვოთ, გაიხადოს ტანსაცმელი ან ჩაიცვას, როგორც მოახერხებს, ამის შემდეგ კი დავეხმარებით. ეს მარტივი მოქმედებები ორ მნიშვნელოვან ამბავს შეიცავს – ისინი ივითარებენ ინიციატივიანობას და თან გრძნობენ, რომ მათზე მზრუნველი ადამიანი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს. მშობელი თუ სწორად განსაზღვრავს, რის ჩაცმა შეუძლია მის შვილს და ყოველთვის მისცემს ამის საშუალებას (მაგალითად, ტრუსების, მაისურის) და სწორად ჩაცმისას შექებას და ტაშსაც არ დაიშურებს, პატარა უფრო რთულ დავალებებსაც ხალისით შეასრულებს. ეს რჩევა უფრო დედებს ეხებათ, ორი მიზეზის გამო, ისინი მეტ დროს ატარებენ შვილებთან და ბუნებრივად უფრო მეტად მზრუნველი არიან, ვიდრე მამები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში ვერ ითავისებენ, რომ მათი როლი შვილის აღზრდაში ზუსტად ისეთივეა, როგორიც დედისა.

ახლა ზოზინა ბავშვებზეც უნდა ვთქვათ.

სტატისტიკა არ მიწარმოებია, მაგრამ გუმანი მეუბნება, რომ ამ ტექსტის მკითხველი მშობლიდან ყოველი მესამე მაინც დამეთანხმება, რომ ბავშვებს დილით ადგომა, მოწესრიგება, საუზმე და სკოლაში წასვლა ესიკვდილებათ. მშობელმა უნდა უჩიჩინოს, ეწუწუნოს, ეჩხუბოს, რომ მიზანს მიაღწიოს და ეს მეორდება ყოველდღე, დაუსრულებლად. სულ ვფიქრობდი ხოლმე, როგორ ახერხებენ ბავშვები, რომლებიც სკოლის წინ ცხოვრობენ, მუდმივად დაიგვიანონ სკოლაში, ხოლო ისინი, ვისაც ფეხით 3-4 კილომეტრის გავლა უწევთ, მუდამ დროულად მოდიან? მიზეზი რამდენიმეა. მათზე არ შევჩერდები, არც იმ მიზეზზე, ცალკე დასაწერი ამბავი რომაა და სკოლის დაწყების საათს ეხება, მთავარ სათქმელს გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩიჩინითა და შეგონებით მიზანს ვერ მივაღწევთ. ჩვენ დილიდან გაღიზიანებულები ვიქნებით, შვილები კი უფრო და უფრო გაჯიუტდებიან ან საბოლოოდ დაკარგავენ ინიციატივიანობას და მიეჩვევიან იმას, რომ ისინი ვიღაცის ბრძანებას უნდა დაემორჩილონ.

ხშირად, მშობლები საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების მიზნით, პატარებზე მუდმივ კონტროლს ვამყარებთ და ამ ჩიჩინით „ეს გააკეთე, ის გააკეთე, ეს რანაირად გააკეთე!“ პატარებს ვთრგუნავთ და ვაჩვევთ სრულ მორჩილებას. ამას, ვერც ჩვენ ვაცნობიერებთ და ვერც ისინი. ვერ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩიჩინისა და მუდმივი მითითებების უკან სხვა ფაქტორები მოქმედებს – სამსახურში ვიღაც მჩაგრავს და „ჯავრს სუსტზე ვიყრი“, ძალაუფლების მოყვარული კაცი ან ქალი ვარ და მიყვარს მბრძანებლობა (განსაკუთრებით ყურადსაღებია ეს მომენტი დედებისთვის, რათა ვაჟებში სრულად არ ჩაკლან ინიციატივა და ძლიერი ხასიათი), სულსწრაფი ვარ და ყველაფერი მაშინვე მინდა ან სულაც, ჩემი ნარცისული წარმოსახული საკუთარი თავის ანარეკლს ვხედავ შვილში და ვთხოვ ისეთი იყოს, როგორი იდეალურიც წარმომიდგენია.

სამხედრო წესრიგით გაზრდილი ბავშვი იქნება დათრგუნული, შეშინებული და სხვის აზრზე დამოკიდებული, ვისაც დღეს თქვენ მართავთ საკუთარი ძალაუფლებით და ხვალ ვინმე ძალაუფლებადელეგირებული დაუპირებს მართოს (ამ შედეგს ხშირად მშობლები საკუთარ სიცოცხლეშივე ხედავენ). ბავშვი ზოზინა არ იბადება, ეს მისი რეაქციაა რაღაც გამაღიზიანებელზე. ეს რომ გავაცნობიეროთ, დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი ჩვენთან, ზრდასრულებთან: სადაც გვაქებენ, გვაგულიანებენ, მხარს გვიჭერენ, შეცდომებზე მიგვითითებენ, მაგრამ გვერდშიც გვიდგანან, როგორი ანთებული ვართ და სადაც მუდმივი კონტროლი, უჟმურობა, ინიციატივების ჩახშობა და გამუდმებული ჩიჩინია, ხშირად პროტესტის ნიშნადაც კი ვაშავებთ.

ადამიანი თავისუფალი სულით იბადება. დრო, გარემო, აღზრდის სტილი აყალიბებს მას ისეთად, როგორიცაა. ცხადია, პიროვნული ფაქტორებიც მუშაობს, ერთს რომ უფრო დაუმორჩილებელი ხასიათი აქვს, მეორე ბევრად დამყოლია ხოლმე; ერთი რომ ბრძოლისუნარიანია, მეორე ადვილად ნებდება და ასე შემდეგ. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხანდახან შვილს უბრალოდ უნდა მისცეს ნება, შეცდომა დაუშვას. ტალახშიც უნდა ამოიგანგლოს პატარა და მუხლებიც გადაიტყავოს, მეგობარშიც შეცდეს და სათამაშოც შეიძლება წაართვას თანატოლმა, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. მთავარი მომხდარის სწორად გადახარშვა და მონელებაა.

მშობელი ხშირად წუხს, რომ მისი შვილი უცხვირპიროდ ელაპარაკება სტუმარს, არ უღიმის და არ ესალმება. ამის გამო უყვირის და ათასგვარ შემაგონებელ/შემაღონებელ რამეს ეუბნება ხოლმე. კარგ მანერებს ადამიანს გამოცდილება ისედაც გამოუმუშავებს. თუ ჩვენ სიყვარულს ვასწავლით პატარას, ის გამარჯობის თქმასაც ისწავლის და არც ვინმეს დაუშავებს რამეს. ის, რომ პატარა ვიღაცას შეიძლება არ მიესალმოს და თქვენ ზურგს უკან დაიმალოს, მისი კი არა, შესაძლოა თქვენი ბრალია, რადგან ოდესღაც ნამეტანი დემონსტრაციულად წარუდგინეთ საზოგადოებას და ახლა უბრალოდ მორცხვობს. მშობელმა თუ შვილი, როგორც რაღაც იშვიათი ყვავილივით არ წარმოიდგინა, რომელსაც დიდი დაკვირვება და სიბრძნე სჭირდება, რომ გაიხაროს, შორს ვერ წავა. ის, რომ ვარდი ადვილად ხარობს ერთგან, არ ნიშნავს, რომ უდაბურ მიწაზეც ადვილად გაიხარებს და არც ბევრი წყლის დასხმაა საჭირო, რადგან „ასეა დადგენილი“.

მშობლობასაც დასწავლა სჭირდება. სულ მეფიქრება, აი, შევქმნით ხოლმე ოჯახებს და გვგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, კარგია, „განა ჩემს მშობელსაც თავისმა მშობელმა არ ასწავლა?“. მაგრამ არის კი ასე? იქნებ ჩემი ოჯახური წესები მოძველდა და რაღაც გადასახედია, იქნებ უკეთესი რამ შემიძლია ვისწავლო? იქნებ ჩემი შეცდომების გამო თავის დასჯას უნდა შევეშვა და უბრალოდ ვთქვა, რომ აი, დღეიდან რაღაცას შევცვლი და ახლებურად მივუდგები შვილთან ურთიერთობებს?

მთავარი და ყველაზე რთული წესი მაინც ის მგონია, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთი უბრალოდ და უპირობოდ უნდა უყვარდეთ. მოსიყვარულე ოჯახში გაზრდილ შვილს სამხედრო წესრიგი არაფერში სჭირდება. ვინც გიყვარს, მისი დაფასება ისედაც ჰაერივით გჭირდება და დღეს თუ არა ხვალ მიხვდები, რომ დედა რომ ნაკლებად დაიღალოს, ამისთვის შესაძლოა შენც უფრო მეტად უნდა გაისარჯო.

თუ პატარა ხედავს, რომ რომელიმე მშობელი ტანსაცმელს არ ალაგებს, არასოდეს რეცხავს ჭურჭელს, არასოდეს ამზადებს საჭმელს და ყველაფერი ეს ერთი ადამიანის გასაკეთებელია, ბუნებრივია, თავადაც გაუჩნდება აზრი, რომ ეს არც მას ევალება.

მშობელს არ უნდა შეეშინდეს შვილის ქცევის და არ უნდა ჩათვალოს, რომ დედამიწა დაიქცა, თუ რაღაც ისე არაა, როგორც წარმოედგინა. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი დასწავლადია და ხანდახან წვრთნაც საკმარისია, თუ ადამიანს კომპლექსურად განვიხილავთ და გავიაზრებთ, რომ ჩვენი შვილის შეცდომებში ლომის წილი ჩვენ გვეკუთვნის.

 

 

თანამედროვე სკოლა და კონკურენცია

0

ჩემი მოსწავლეობისას სკოლას კონკურენციას მხოლოდ ქუჩა უწევდა. უკვე დამამთავრებელ კლასებში სწავლისას სოფელში პირველი სათამაშო ზონები გაიხსნა. ქალაქებში ეს პროცესი უფრო ადრე, XXI საუკუნის დადგომისთანავე დაიწყო. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიგვიწევდა გული ვიდეოთამაშებისკენ. ყველაფერს ვაკეთებდით სკოლიდან დროზე ადრე გასასვლელად.

დღეს სკოლას უფრო მეტ აქტორთან უწევს კონკურენციაში ყოფნა. არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიათეკები და ბიბლიოთეკები, ამერიკული კუთხეები, სპორტული თუ სახელოვნებო წრეები ხარისხიან ტრენინგებს, სასწავლო კურსებს, პროგრამებს, პიროვნული განვითარებაზე ორიენტირებულ სერვისებსა და მომსახურებას სთავაზობენ ახალგაზრდებს. ამას ემატება ქუჩა, ვიდეოთამაშები, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და მოწყობილობა, რომლითაც ახლა ამ სტატიას ვწერ.

ხშირად მიწევს ტრენინგისა და სემინარების ჩატარება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან. არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდები უფრო გახსნილები ხდებიან. არ გაურბიან პრობლემებზე საუბარს. სწორედ ამიტომ შესვენებაზე თუ რომელიმე აქტივობის დროს მუდმივად ვეკითხები აზრს თანამედროვე სკოლაზე, მის როლზე. ბავშვების უმეტესობა უკმაყოფილოა, წუხან, რომ მათი ყოველი დღე წინას ჰგავს, არაფერი ხდება ახალი და ა.შ. უმეტესობას მოსწონს ტრენინგებზე დასწრება. ამბობენ, რომ ასეთ გარემოში უფრო ბევრს სწავლობენ, თავისუფალი გარემო მეტ პროდუქტიულობას უზრუნველყოფს.

თანამედროვე სკოლას ნამდვილად ბევრი ღირსეული კონკურენტი ჰყავს. ახლა დავსვათ კითხვა – რატომ უნდა მიუწევდეს ახალგაზრდას სკოლისკენ გული, ან პირიქით – რატომ არ უნდა ეჭიროს თვალი სკოლიდან გაქცევაზე, თუ სკოლაში მისთვის საინტერესო არაფერი ხდება?

ზოგადი განათლების სისტემამ უნდა მოახერხოს და გარდაქმნას სკოლა მოსწავლეებისთვის მიმზიდველ, საინტერესო ადგილად. დამეთანხმებით, რომ ამის მიღწევა მხოლოდ არაფორმალური განათლების ელემენტების შემოტანითაა შეუძლებელი. გადასახედია ჩვეულებრივი მიმდინარე გაკვეთილების ფორმატები, საჭიროა მეტი საგანთაშორისი ინტეგრაცია და რაც მთავარია – შესწავლილი საკითხების, მოვლენების, პროცედურების ცხოვრებისეულთან დაკავშირება.

ღრმად მწამს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია სკოლაში ფორმალური და არაფორმალური განათლების სწორი კვეთით. დავნერგოთ სიახლეები, შემოვიტანოთ არაფორმალური განათლების ელემენტები ფორმალურ გაკვეთილზე, გავამრავალფეროვნოთ სასკოლო ცხოვრება და გავხადოთ იგი საინტერესო ახალგაზრდისთვის.

საბოლოოდ ყველაფერი კონკრეტული სკოლისა და მასწავლებლის მოტივაციაზე გადის. შეიძლება მასწავლებელს ძალიანაც კი უნდა, დარჩეს სკოლაში, მოსწავლეებთან ერთად განახორციელოს პროექტები, ჩაატაროს აქტივობები საკლუბო საქმიანობის ფარგლებში, შექმნას რესურსები და რაც მთავარია, დაგეგმოს მომდევნო დღისთვის შემოქმედებითი გაკვეთილები… სამწუხაროდ, ჩვენი არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, სკოლის გარეთ დამატებით შრომას, ძალისხმევას მოითხოვს. მასწავლებელს კი ბევრი საზრუნავი აქვს.

ამავდროულად ვხედავთ, რომ თანამედროვე სკოლისადმი მოთხოვნები შეცვლილია. ადრე ძირითადი დაკვეთა იყო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეგროვებინა და დაემახსოვრებინა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. დღეს სრულიად სხვა მოცემულობა გვაქვს. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ მოსწავლე, რომელსაც გააზრებული აქვს, რა არის მისი ღირებულებები, მისი სახელმწიფოს ადგილი მსოფლიოში. ვასწავლოთ, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და როგორ ადაპტირდეს (მოქნილობა) რეალობაში.

27 დეკემბერს, მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში შემაჯამებელი ღონისძიება გვქონდა. შეხვედრაზე კლუბის საქმიანობა შევაფასეთ. მოსწავლეებმა გააზიარეს კლუბის მიღწევები, შედეგები და ა.შ. ჩვენ მცირე დროში სასკოლო ცხოვრება გავამრავალფეროვნეთ. სამოქალაქო და ეკოკლუბის ეგიდით, არასრულ სამ თვეში 40 ღონისძიება გავმართეთ. სკოლაში ერთდროულად რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, სკოლა ჩაერთო ნიკო კეცხოველის პრემიის მომზადებაში, შედეგად მოსწავლეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ.

ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა, მეტად საინტერესო და მიმზიდველს ხდის სასკოლო სივრცეს. მოსწავლეს აღარ უწევს მისთვის საინტერესო აქტივობების სკოლის გარეთ მოძიება და ეზრდება მიკუთვნებულობის განცდა სკოლისადმი.

გაზაფხული ვერცხლის ქუჩაზე

0

„წინ, ხუთივე ჩემო გრძნობავ,

თვალ-ყურო და ცხვირ-პირ-კანო!“

ფრანსუა ვიიონი

 

თვალი

 

გაზაფხულია, გული გულს ეძებს, მე კი ზურგშექცეულ მეგობრებს ვხედავ. მართალია, ისინიც ნელა მისეირნობენ, მაგრამ ჩემი სიარულის ტემპი კიდევ სხვაა, საგანგებოდ უნდა მოინდომო მხარდამხარ გაყოლა. კოტე აფხაზის ქუჩაზე ტურისტებისთვის გამოფენილ ფარდაგებს, თიხის ნაკეთობებს და ნუგბარს გვერდს გულგრილად ვუვლით. პატარა სანაყინე  კი ყველა უბანს უხდება, ნაყინი სულ რომ არ გიყვარდეს მაინც. არასოდეს მინახავს მოწყენილი იყოს ადამიანი, რომელსაც ვაფლის სამკუთხა ჭიქა უჭირავს ხელში და ფერადი ბურთულების შესათვალიერებლად თავს გვერდულად ხრის. მერე ძველი ამბავი მახსენდება. სტატიის მასალისთვის მოხეტიალე ჟურნალისტებს ერთხელ ისე მოგვშივდა, ამ უბნელმა ქალმა უთქმელად შეგვატყო და ცხელი თონის პური გვიწილადა. იმ ქალის სახე არ მახსოვს, მხოლოდ ხალათი – ხელგაუყრელად, მხრებზე მოხურული და პურზე შემოხვეული გაზეთი, რომლისთვისაც დღედაღამ ვშრომობდით.

ყური

თავისუფლების მოედნისკენ მიმავლები ლაპარაკში ვერთობით და გზიდან მოულოდნელად ვუხვევთ. სახლში არავის გვეჩქარება, თორემ შეცვლილ მარშრუტს ასე ადვილად არ მივენდობოდით. კაფე-ბარების მუსიკა, მანქანების ხმაური და მოსეირნეთა მხიარულება თანდათან შორს გვრჩება. ახლა ჩვენი ხმები უკეთ გვესმის. ხან ძველ ამბებს ვიხსენებთ, ისეთებს, ყველამ კარგად რომ ვიცით, მაგრამ ხელახლა წარმოსახვა და განცდა გვაბედნიერებს. ხანაც ახალს ვიტყვით, ამ ქალაქის გადასხვაფერებისას და ისევ ძველი დროის სურათებს ავედევნებით. დროდადრო კიბის მოაჯირი, აივნის რიკული ან ჭიშკრის ორნამენტი გვტაცებს თვალს და ვდუმდებით. მერე ისევ ერთმანეთის გამოჯავრებით ვერთობით და ხმამაღლა ვიცინით. გასეირნებას ლაიტმოტივად გასდევს ღია ფანჯრიდან გამომავალი პიანინოს ხმა, ნაცნობი მელოდიით მუსიკალური შვიდწლედის რეპერტუარიდან. შესაძლოა, ლისტიც იყოს.

ცხვირი

ვერცხლის ქუჩაზე გაზაფხულის სუნია და კიდევ ცხოვრების. აქაურები ახლომდებარე რესტორნებში არ ვახშმობენ, ამიტომაც ღია ფანჯრებიდან შინაურული კერძების სურნელი იფრქვევა. შეიძლება, ერთ სუფრაზე სულაც არ იდოს შებრაწული სოსისი, ტაფამწვარი და ახალი კარტოფილი მწვანე ტყემლით, მაგრამ ქუჩაში გამვლელისთვის ეს ერთი დიდი ტრაპეზია, რომელსაც მთელი უბანი შემოსხდომია. მართალია, ეს ყველაფერი ბარიდან დაუნაყრებლად გამობრუნებულის მცდარი აღქმაა, მაგრამ წარმოსხვაც დიდებული თავშესაქცევია. ატელიეს აბრის დანახვაზე უნებლიედ ძველი „პარტნოი“ მახსენდება, რომელიც ამ ქუჩის ერთ-ერთ ეზოში იჯდა და ჯინსებს კერავდა, მონტანას მარკებით. ახალი, მოუთელავი ჯინსის, მკერავის ცარციანი თითების და მუშამბის სანტიმეტრის სუნი ერთმანეთში ირევა, მაგრამ მალევე ქრება. ყნოსვას ვერ მიენდობა მეხსიერება, როცა აკაციის ყვავილობის დროა.

პირი

მენიუდან მწვანე კოქტეილის არჩევა ვერ გავრისკე. როგორც ყოველთვის, ახალ ადგილებს, უცნობ ადამიანებს და უცხო გემოებს ვუფრთხი. რადგან იმ საღამოს სამეგობროს ყოველკვირეულმა „პარასკეობამ“ ჩვენი ბინიდან შარდენზე, ახლადგახსნილ ბარში გადაინაცვლა, კიტრისა და ნიახურის ნაზავი ჩემთვის მეტისმეტი იქნებოდა. ასეთ დროს ჩემი სასმელი კაპუჩინოა, შავი შოკოლადის და დარიჩინის მოსალოდნელი სიმწარით. ისე კი, გირჩის მურაბა ჩვენი შეკრებების ყველზე უჩვეულო გემო იყო. ბორჯომის ხეობაში ვინც კი მოხვდებოდა, თითო ქილას მაინც გამოიყოლებდა ხოლმე და დიდ ჩაის სმას გავმართავდით. ახლა, ბევრი წლის მერე, ალბათ ყველას სხვადასხვას იტყვის, რა ატკბობდა იმ საღამოებს, მაგრამ უგემური და წყალწყალა არცერთი შეკრება არ ყოფილა. ჯერ კიდევ გოგო-ბიჭები გვეთქმოდა და ცხოვრებას სხვა გემოს ვატანდით.

კანი

კანით ვგრძნობ, რომ საუკეთესო დროა, არც ცივა და არც ცხელა. გაზაფხულის თბილისი კიდევ სხვა ქალაქია, რომელსაც ვერცერთ რუკაზე ვერ იპოვი.  სულ ასე უნდა იყოს, ვფიქრობ და ვიცი, რომ სულ ასე არ იქნება. დროდადრო შარვლის ჯიბეში ხელს ვაცურებ და პრიალა სარჩულთან შეხება მსიამოვნებს. სიარულის ეს უდარდელი მანერა თითქოს უფრო ხელშესახებს ხდის  წუთიერ განცდას იმისა, რომ სანუკვარ მომენტს განსაკუთრებული მონდომების გარეშე ჩავავლე – აქ ვარ და ამჟამად… ხელკავით მოსეირნეები ბარათაშვილზე, კონკასთან ვიკრიბებით, მომდევნო შეხვედრას ვგეგმავთ და ქალაქის სხვადასხვა უბნისკენ მივემგზავრებით. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი: არასოდეს უნდა შეგეშინდეს გზიდან გადახვევის, რადგან ხანმოკლე გასეირნებაცა და ხანგრძლივი ხეტიალიც ბოლოს მაინც მთავარ ქუჩაზე გაგიყვანს.

ხანდახან გაზაფხული ვერცხლის ქუჩით მოდის.

 

 

 

 

 

ალფონს დოდე: წარმოსახვის დიდებულება  

0

მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი კლასიკოსის, ალფონს დოდეს „წერილები ჩემი წისქვილიდან“ მესამეკლასელმა წავიკითხე და რასაკვირველია, ბევრი ვერაფერი გავიგე. პატარა, მწვანეყდიანი წიგნი იყო, მრავალ ხელში გამოვლილი. ალბათ უცხო სახელმა და გვარმაც მომხიბლა და იქვე დახატულმა წისქვილმაც, რომელიც სწორედ შესანიშნავი ადგილი უნდა ყოფილიყო იდუმალი ამბებისათვის. სათაურში ნახსენები „წერილებიც“ ცნობისმოყვარეობას გამიღიზიანებდა – ვის სწერდნენ? რაზე?

ასე დავიწყე ფრანგული ლიტერატურის კითხვა – ნაადრევი ნახტომით, სულსწრაფობით.

ალფონს დოდეს წიგნს, რა თქმა უნდა, არაერთხელ მივუბრუნდი – მეხსიერებაში ჩარჩენილი ხატების გასაცოცხლებლად, სიამოვნების სრულყოფილად მისაღებად. ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მიყვარდა მისი მოყვითალო გვერდები და ძველი თარგმანის მომნუსხველი სიტყვები თუ გამოთქმები, რომლებსაც თითქმის ვეღარსად გადააწყდები. გრძელ-გრძელი აღწერები მაბრუებდა, უცხო მიწაზე ფეხის დადგმას მანდომებდა.

„წარმოიდგინეთ მოწითალო ფერის, ველური შესახედაობის კუნძული. ერთ კლდეზე შუქურაა აღმართული, მეორეზე – გენუელების ძველი კოშკი, სადაც ჩემი იქ ყოფნის დროს არწივს ჰქონდა ბუდე. ქვემოთ, ზღვის ნაპირას, დანგრეული ლაზარეთი მოჩანდა, რომელსაც ყოველი მხრიდან ბალახი მორეოდა, შემდეგ – ღარტაფები, ტევრები, უზარმაზარი კლდეები, სხვადასხვა გარეული თხა, პატარა კორსიკული ცხენები, რომელნიც ფაფარაშლილი დანავარდობდნენ; ბოლოს მაღლა, ზღვის ფრინველების გრიგალში – შუქურას კოშკი თავისი თეთრი ქვის ბაქნით, სადაც გუშაგები დადიან, თაღიანი მწვანე კარით, პატარა თუჯის სვეტით, ხოლო სულ ზემოთ დიდი წახნაგოვანი ფარნით, რომელიც მზეზე ლაპლაპებს და სინათლეს დღისითაც კი იძლევა…“ („სანგინერის შუქურა“).

როგორია? დაგახვიათ თავბრუ?

ეს ნაწყვეტი ალფონს დოდეს წიგნის ახალი გამოცემიდან ამოვწერე, რომელიც დანახვისთანავე ვიყიდე და ვინ იტყვის, მერამდენედ წავიკითხე. მესამეკლასელებს არა, მაგრამ ცოტა უფროსებს გულმშვიდად ვურჩევდი – რა მხარეს აღარ მოივლიან, რა სულის შემძვრელ ამბავს აღარ მოისმენენ… თავშესაქცევ მონათხრობს ძველი თქმულება ცვლის, სევდიან სანახაობას – ისეთი სილამაზის სურათი, რომ ამოსუნთქვას დაგავიწყებს. უგონოდ მთვრალი ღირსი მამა გოშე მღვდელმსახურების დროს სიმღერას შემოსძახებს, უბადრუკი სასტუმროს დიასახლისი გაქცეული ქმრის ქებას მოჰყვება – ღმერთო, რა ხმა აქვსო, ფორთოხლის ხეებს კი სადაფის მტვერივით დაეფინება თოვლი იმ მხარეში, სადაც ეს ბუნებრივი მოვლენა დიდი იშვიათობაა.

„სემილანტის“ სულთმობრძაობა“, „ბებრები“, „არლელი ქალი“, „ორი სასტუმრო“, „ფორთოხლები“ – ჩემი რჩეული მოთხრობებია. ცხადია, დანარჩენ ნაწარმოებებშიც კარგად იგრძნობა მწერლის წარმოსახვის ძალა. გმირების სამოქმედო არე მეტად ფართოა – პარიზიდან კორსიკამდე, თუმცა პროვანსის სურათები მაინც განსაკუთრებულად ცოცხალი და მომნუსხველია. თუნდაც პროვანსული დილის ეს დასაწყისი: „მონმაჟურის სააბატოს ნაპრალებში ჯერ კიდევ ძილით დამძიმებული ძელქორები ფრთას ფრთას უფართხუნებენ ნანგრევებს შორის, გზაზე კი უკვე ხნიერი გლეხის დედაკაცები გვხვდებიან, რომელნიც თხრილების გასწვრივ თავიანთ ჩოჩრებს ბაზრისკენ მიაჩიქჩიქებენ. ისინი ვალდებოდან მოდიან და კარგა ექვს ლიეს აკეთებენ, სანამ ერთი საათით წმინდა ტროფიმეს ეკლესიის საფეხურებზე დასხდებოდნენ და მთებში შეგროვილი სამკურნალო ბალახების პატარა კონებს გაყიდდნენ“.

გულმოდგინედ შეკონილი სამკურნალო მცენარეები. მოხუცი ქალის დაშაშრულ-დალაქავებული ხელი. ხედავთ, არა?

ასეთია ალფონს დოდეს თვალში არეკლილი ქვეყნიერება და ასეთია ენა, რომლითაც მასზე მოგვითხრობს. გაუმართლებს იმ მკითხველს – მოზარდს თუ ზრდასრულს – რომელიც მისი მოთხრობების წიგნს გადააწყდება, ერთხანს პროვანსის სოფლის წისქვილში დასახლდება, წარმოსახვას ფრთას გააშლევინებს, დაუვიწყარ სურათებს შეაგროვებინებს.

წარმატების სივრცე

0

ამ სტატიის სათაურზე ბევრი ვიფიქრე. კვლავ „გეოგრაფიის როლი“ არ მომეწონა, „გეოგრაფიის სწავლის საჭიროებაც“ უარვყავი. ბოლოს მაინც „წარმატების სივრცე“ დავტოვე.

რატომ „წარმატების სივრცე“? ვეცდები, ავხსნა.

მეცნიერების შესწავლასთან ერთად, მინდა, მოსწავლემ წარმატების სურვილი და გამარჯვებით მოპოვებული სიხარულის განცდაც იგემოს, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგება. მინდა, იმასაც შეეჩვიოს, რომ ყოველთვის მწვერვალზე ვერ იქნება, ყველას მოსაწონს ვერ შექმნის. ამიტომაც ვასწავლი ერთმანეთის შეფასებას და რეკომენდაციების მიცემას.

მოკლედ, მივყვეთ წარმატების სივრცეს მოსწავლეებთან ერთად და გავიგოთ, რა როლს ასრულებს ამაში გეოგრაფია.

გეოგრაფია ხშირად განიხილება როგორც მეცნიერება ზოგადი განათლებისთვის, რაც ჩემში ყოველთვის პროტესტს იწვევდა. ჩვენს დროში, როდესაც სახელმწიფოთა საზღვრები გამუდმებით იცვლება, ქვეყნები იყოფა და ერთიანდება, იცვლება მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონე, საერთაშორისო ორგანიზაციები და ასოციაციები, გეოგრაფიის  გაკვეთილები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება.

მოქალაქეების აღზრდაში გეოგრაფიული განათლების წვლილი უნიკალურია. გეოგრაფია არის პიროვნების ინტელექტუალური და სულიერი კულტურის ის ელემენტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ გააცნობიეროს ცვალებადი სამყაროს მრავალი პრობლემა, არამედ მონაწილეობა მიიღოს მათ მოგვარებაში, პატივი სცეს კულტურას, ხელი შეუწყოს მშობლიური ქვეყნის განვითარებას.

გეოგრაფიის ფუნქციები იცვლება. გეოგრაფია რჩება ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბების მთავარ ობიექტად, მაგრამ, ამავე დროს, ის მოსწავლეთა განვითარების საშუალება ხდება.

ჩემი აზრით, სწავლაში წარმატება დიდწილად განისაზღვრება სწავლის მოტივით, რომლის საფუძველია მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები.

გეოგრაფიის საგნის შემეცნებითი ინტერესის ფორმირებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მაგრამ მასწავლებელმა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გამოავლინოს. გადამწყვეტია საგნის შინაარსი, სტრუქტურა, სწავლების მეთოდები, მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი უნარები.

გეოგრაფიას მჭიდრო კავშირი აქვს მრავალ მეცნიერებასთან, მაგრამ კვლევა უნდა ემყარებოდეს გეოგრაფიულ ცოდნას, გეოგრაფიულ კონცეფციებს, რომლებიც ხელს უწყობს გეოგრაფიული ენის განვითარებას, გეოგრაფიულ წარმოსახვას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ინტერესს გეოგრაფიის შესწავლის მიმართ.

თანამედროვე გაკვეთილს შეიძლება ჰქონდეს ინტერდისციპლინარული ხასიათიც, რაც დაკავშირებულია ჩატარებულ კვლევასა და პრაქტიკულ მუშაობასთან.

გეოგრაფიის გაკვეთილის ჩატარებისას არ უნდა დაგვავიწყდეს მხარეთმცოდნეობის მიმართულება, ცოდნა რეგიონის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობა მაგალითებად და ილუსტრაციებად უნდა იქნეს გამოყენებული საკლასო ოთახში. რეგიონში არსებობს უამრავი შესაძლებლობა შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ეს შესაძლებლობები ადგილობრივი ტერიტორიის შესწავლას გულისხმობს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს გეოგრაფიის სწავლებას კონკრეტულ ცხოვრებისეულ მაგალითებზე.

ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მასალების გამოყენება ხელს უწყობს გეოგრაფიული ცოდნის სისტემის ფორმირებას, რეგიონში არსებული ეკოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებას და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების გზების ძიება კი საფუძვლად უდევს ამ მიმართულებით კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მაგალითად, ამ კვლევის ნაყოფი შეიძლება იყოს ისეთი ნაშრომები, როგორიცაა „ოქროს მოპოვების ინდუსტრიის გავლენა გარემოზე“, „ტერიტორიის ეკოლოგიური პასპორტი“, „ტერიტორიის რელიეფის ცვლილებები“, „ფარული საფრთხე“, „ბუნების დასაცავად“ და სხვა.

საგნისადმი ინტერესის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის მეთოდებიც. ჩემი დაკვირვებით, არ არის სასურველი რომელიმე წმინდა ტექნოლოგიის გამოყენება პირდაპირ, სხვა მეთოდების ჩანაცვლების ან დამატების გარეშე. ეს მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული, ისეთებზე, როგორიცაა კლასში მოსწავლეთა შემადგენლობა, მათი მომზადების დონე, მასალის აღქმისა და ათვისებისათვის მზაობის ფსიქოლოგიური მახასიათებლები და სხვ., ამიტომ გაკვეთილზე ყველაზე ხშირად ვიყენებ მეთოდების სისტემას (კომბინირებული გაკვეთილი).

თანამედროვე მეთოდოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციაა მოსწავლის შინაგანი პირადი საგანმანათლებლო და შემეცნებითი მოტივების ფორმირების აუცილებლობა, რაც ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნების თვითგანვითარებას. მოტივები მიზნად უნდა ისახავდეს არა მხოლოდ ახალი მასალის ათვისებას, არამედ შემოქმედებითი უნარების ფორმირებასაც.

უნარ-ჩვევებს მოსწავლეები მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძენენ. ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო აქტივობაა.

სასწავლო აქტივობა რთული პროცესია. ის არის საფუძველი გაკვეთილისა, რომელიც შინაარსობრივი და პროცედურული კომპონენტების მჭიდრო ერთიანობას წარმოადგენს. თანამედროვე გეოგრაფიის გაკვეთილის შინაარსი გაჟღენთილი უნდა იყოს სხვადასხვა მოქმედებით (შემეცნებითი, მარეგულირებელი, კომუნიკაციური და ა.შ.).

ახალი პედაგოგიური აზროვნებისა და სასწავლო პროცესის ახალი მიმოხილვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია მოსწავლის შეხედულების შეცვლა. მოსწავლე საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში უნდა განთავსდეს, რაც მასწავლებლისგან მოითხოვს გაკვეთილის მიზნების გადახედვას მოსწავლის პოზიციიდან. საჭიროა მოსწავლის მკვლევრად ჩამოყალიბება: მან უნდა შეძლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება, მათი გაანალიზება და დასკვნების დასაბუთება.

მაგალითად, ბუნებრივი ტერიტორიების შესწავლისას მოსწავლე ადგენს ადგილმდებარეობას რუკაზე, განსაზღვრავს ბუნებრივ პირობებს, ახდენს მახასიათებლების იდენტიფიცირებას, მსჯელობს მსგავსებასა და განსხვავებაზე, განსაზღვრავს საცხოვრებელ პირობებსა და ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას, ადგენს პრობლემას, ასაბუთებს და სახავს გადაჭრის გზებს, გამოთქვამს ვარაუდებს. მომავალში ყველა ეს ქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ სიტუაციაში. ყოველივე ეს ემყარება მოსწავლის გონებრივ საქმიანობას. მოსწავლის სააზროვნო აქტივობა გამოიხატება ანალიზის, განზოგადების უნარით, რაც ხელს უწყობს მოსწავლის კოგნიტიურ განვითარებას: დაკვირვებას, აზროვნებას, წარმოსახვას.

დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო პროცესში ახალი ტექნოლოგიური სწავლების საშუალებების, კერძოდ, კომპიუტერების გამოყენების დანერგვას, რაც აფართოებს მასწავლებლის შესაძლებლობებს უფრო ეფექტური სასწავლო პროცესის ორგანიზების კუთხით, მოსწავლეებს კი აძლევს ახალ შესაძლებლობებს ცოდნის ათვისების პროცესში.

მასწავლებელი მოსწავლეებს თვალწინ უშლის გეოგრაფიის საოცარ სამყაროს და მისი შესწავლით მოსწავლეები მიიკვალავენ თვითგანათლების გზას, აქტიურად იძენენ ცოდნას, ივითარებენ შემეცნებით ინტერესს.

გაკვეთილი იძენს დროისთვის დამახასიათებელ ახალ მახასიათებლებს – იგი აზროვნების, კომუნიკაციის, შემოქმედების უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.

თითოეული მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს თავისი მიღწევები, აფასებდეს საკუთარ საქმიანობას, ითვალისწინებდეს შესაძლებლობებს და ცდილობდეს განათლების პროცესში იმ მეთოდებისა და გზების პოვნას, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მოსწავლის ინტერესი იზრდება, როცა კონკრეტული საკითხის შესწავლის პროცესი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას ემყარება. გაცილებით იზრდება მოტივაცია და ჩართულობა, როცა რეალურ სიტუაციებს განიხილავენ. საქართველოში არაერთი ასეთი პრობლემური საკითხია მოსაგვარებელი. მსჯელობენ, კამათობენ, ერთმანეთისგან არგუმენტებს ითხოვენ.

მინდა, ერთი საკითხის განხილვის შედეგად მეცხრეკლასელების მიერ შექმნილი პროდუქტი გაგიზიაროთ. საკითხია ჰიდროენერგეტიკა, ხოლო საკვლევი კითხვა – უნდა აშენდეს თუ არა ნენსკრა ჰესი. მოსწავლეებმა არაერთი რესურსი განიხილეს, გაეცნენ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციებს, გააანალიზეს რეგიონში მიმდინარე გეოგრაფიული პროცესები და მოვლენები და ინდივიდუალურად შეასრულეს დავალება, თუმცა შემდეგ თანამოაზრეები გაერთიანდნენ, იმსჯელეს, იკამათეს და მაინკრაფტის პროგრამაში შექმნეს საბოლოო პროდუქტი. ამ კლასზე შარშანაც გიყვებოდით. გამორჩეულები არიან, შეცდომებიც და წარმატებებიც მძაფრად გამოხატული აქვთ, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ მაქვს, იციან. არ სარგებლობენ, თუმცა გაბრაზებაც ყოფილა და წყენაც. ყველა შეცდომას ერთად განვიხილავთ, ვებრძვით საკუთარ თავს, ჩვენს სუსტ მხარეებს. მინდა, მათი წარმატების სივრცე გასცდეს გეოგრაფიის გაკვეთილებს, სკოლის კედლებს… მშრალი მასალის მიმართ ინტერესს არ იჩენენ, მაგრამ როგორც კი საკითხი სიმძაფრეს შეიძენს, უცებ ენთებიან და ცოცხლდებიან. უყვართ საკუთარი პოზიციის გამოხატვა. ეს საკითხიც ხმაურით განიხილეს. არაერთი პრობლემა წამოუჭრიათ თავადაც. მომწონს მათი მსჯელობა და დასკვნების გამოტანის უნარი. მათ შემხედვარეს, მომავალი მეიმედება. ამ იდეას ოთხი ავტორი ჰყავს: მესტვირა, ქობულა, კობერა და ნიკო. სხვადასხვა ტემპერამენტის პიროვნებები, თავიანთი შეცდომებითა და პრობლემებით. ნაშრომიც არ არის უცებ მისაღები, საკამათოა, თუმცა ავტორებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. ამჯერად გთავაზობთ პროექტის (კომპლექსური დავალების პროდუქტის) მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც წარმატებით დაიცვეს:

https://www.youtube.com/watch?v=XHqItak-jxE

ეს ჩვენი წარმატების სივრცეა.

 

 

 

 

 

 

 საბჭოური ეპოქის ჩრდილები ოთარ ჩხეიძის რომან „კვერნაქში“

0

ოთარ ჩხეიძის განსხვავებული სტილი და ესთეტიკური მრწამსი რომან `კვერნაქშიც~ სრული სისავსით წარმოჩნდება. ის ოსტატურად, ვარიაციულად იყენებს კლასიკურ თხრობით სტრატეგიებს პერსონაჟთა ხასიათების დასახატავად, ეპოქის სულის გამოსაკვეთად, მორალურ-ზნეობრივი პრობლემების გასააზრებლად. მისი ნაწარმოებების დრამატული კოლიზიები მკითხველს ფიქრისთვის აღვიძებენ. იგი ქმნის სრულიად ახალი ტიპის მხატვრულ მოდელებსა და სტრუქტურებს, რომლებიც მას სჭირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში მიმდინარე მოვლენების წარმოსაჩენად. მისი მხატვრული კონცეფცია ემყარება ადამიანს, როგორც უნივერსალურ არსებას, რომელიც თანაბრად ირეკლავს მიკრო- თუ მაკროკოსმოსების ქაოსსაც და წესრიგსაც.

რომან „კვერნაქში“ ბუტაფორიული სახე იხატება საბჭოთა რეჟიმისა, რომელიც ადამიანის სულიერ სამყაროს შლიდა, ანადგურებდა, ყოფითი რეალობიდან მთლიანად დევნიდა მისტიკურს, ირაციონალურს. ერთგანზომილებიანი მატერიალური სივრცე ადამიანის აზროვნების მასშტაბსაც ამცირებდა. რომანში გამოიკვეთება ზოგადი მახასიათებლები ტოტალიტარული სახელმწიფოების მართვის სტილისა. გარეგნული სიმშვიდე, მოწესრიგებულობა ფარავდა შინაგან დემონურ ქაოსსა და უწესრიგობას. როგორც ვიცით, საბჭოთა იმპერიამ ფორმალურად აღიარებული დემოკრატიის ნიღბით დათრგუნა ადამიანური სულის უპირველესი ნება _ თავისუფლება _ ღვთის საჩუქარი. გრიგოლ რობაქიძემ ამ მოჩვენებით დემოკრატიულ სისტემას სწორედ ამიტომ უწოდა `დემონოკრატია~ და ამგვარად შესანიშნავად გამოხატა მისი ნამდვილი შინაარსი.

რომანის მხატვრული ქარგა კვერნაქის მთის კალთებზე და მის ძირას გაშენებულ ქალაქშია გაშლილი. მთა ღვთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილია, სულიერი სწრაფვის სიმბოლო, თუმცა ამ რომანში ადამიანებს დაუკარგავთ ღვთის რწმენა, ღვთაებრივი სამყარო სადღაც გამქრალა და მხოლოდ მიწას მიჯაჭვულან, ამიტომაც, შესაბამისად, მიწიერია მათი ფიქრები და განზრახვები. საბჭოთა ადამიანისთვის აღარაფერი დარჩა წმინდა და შეულახავი, ცხოვრებიდან განდევნილ ღმერთს მიაყოლეს წეს-ჩვეულებებიც, რომლებიც ზნეობრივ ღირებულებებს ინახავდნენ. ამიტომაც მარტო დარჩენილა სულიერად დაცარიელებული ადამიანი და გზა ვეღარ გაუკვალავს, ვეღარ მიმხვდარა სიკეთისა და ბოროტების განსხვავებულობას. წინაპართა საფლავების, მათი ხსოვნის უარყოფით მოუჭრია მაცოცხლებელი ფესვები, რომელთაც მისი სულიერი სიცოცხლე უნდა ესაზრდოებინათ. მხოლოდ ხორციელი, მატერიალური სამყაროს ანაბარა დარჩენილ ადამიანს კი თავგზა აქვს აბნეული, ცხოველურ, მხოლოდ ინსტინქტებით სავსე სამყაროში გამომწყვდეულა, ამიტომაც ქცეულა უსულგულო, სასტიკ არსებად.

მწერალი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ხატავს ადამიანის გაცნობიერებულ თუ ქვეცნობიერ ზრახვებს, იმას, რაც მის სულიერ-მატერიალურ ყოფას განაპირობებს, მის ბედისწერას, ჩვეულსა თუ უჩვეულო გარემოში არჩევანის გაკეთებისა თუ გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებს. რომანის მთავარი გმირი სანდროა, საბჭოთა სახელმწიფოს ექსპერიმენტის შედეგი, ერთგვარი ჰომო სოვეტიკუსი, მშენებლობის ტრესტის მუშაკი, რომელიც დროდადრო მწვავე საკითხებზე წერილებს აქვეყნებს. ისიც აჰყოლია სახელმწიფოს ნაქადაგევ პოლიტიკას, რომლის ათეისტური ლოგიკის მიხედვითაც, არანაირი სხვა განზომილება, გარდა მატერიალურისა, არ არსებობს. არადა, წეს-ჩვეულებები, კულტურა, ადამიანის კოლექტიური მეხსიერების ნაწილია. ისინი ადამიანს დროის მთლიან აღქმაში, იდენტობის გარკვევაში ეხმარებიან და განაპირობებენ ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის კავშირს. ისინი უბიძგებენ ადამიანს, გადალახოს მოკვდაობის განცდა და სჯეროდეს, რომ არასოდეს ამოვარდება იმ ერთიანი ჯაჭვიდან, რომელიც ერის მეტაფიზიკურ ფენომენს ქმნის.

რომანის ეპიგრაფი, დავით აღმაშენებლის `გალობანი სინანულისანის~ სტრიქონები, სრულად ხსნის მწერლის მთავარ სათქმელს. ადამიანის მთელი ცხოვრება ჭიდილია ბნელსა და ნათელს, სიყვარულსა და სიძულვილს, დემონურსა და ანგელოზურს შორის. ამ ბრძოლაში ხშირად ეცემა ადამიანი. სწორედ ამ დაცემას მეტაფორულად წარმოაჩენს მეფე-პოეტი: `ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი, / რამეთუ რომლისაგანაც ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ~. იქნებ სწორედ ეს არის ბედისწერა, ვნებათაგან გასათავისუფლებელი ბრძოლის დაუსრულებლობა. ამიტომაც ერთი ყველაზე ძველი და მაინც უცვეთელი თემა, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურა დღემდე ერთგულებს, ბედისწერის თემაა. უძველესი დროიდან დღემდე მწერლები ჩხრეკენ და ეძიებენ ამ ამოუხსნელი ფენომენის რაობას.

ქართულ მწერლობაში ბედისწერასთან რთული ურთიერთდამოკიდებულების თემა ყველაზე მძაფრად მიხეილ ჯავახიშვილმა წარმოაჩინა თავის მოთხრობებსა და რომანებში. ჰენრიკ იბსენისადმი მიძღვნილ წერილში ჯავახიშვილი საგანგებოდ ჩაუღრმავდა ამ საკითხს. მან გაიხსენა კლასიკური ხანის ბერძნული მწერლობა, როდესაც ადამიანი ყველა მოვლენას უცნობ, უხილავ, ყოვლისშემძლე ფატუმს მიაწერდა, რომელიც წინდაწინვე უნიშნავდა ადამიანებს ბედსა და უბედობას, სახელ-დიდებას, სიმდიდრესა და სიღატაკეს, ბედნიერებისა და სიკვდილის დღეს. მწერლის დაკვირვებით, ბერძნული ტრაგედიის შინაარსს შეადგენდა ადამიანის ბრძოლა ბედისწერასთან. ამ ბრძოლაზე იყო აგებული ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები. მისი აზრით, აღორძინებისა და რეფორმაციის ხანამ შექსპირის წყალობით ახალ ტრაგედიას ფატუმის საძირკველი გამოაცალა და მის მაგივრად რეალური ნიადაგი მიუსადაგა. წინათ თუ ფატუმი ციდან იძლეოდა ბრძანებას, ახლა მბრძანებლად იქცა `ადამიანის სურვილი, მისწრაფება და ქრისტიანული ელფერით შეღებილი სინდისი, რომელიც დასაწყისი და დასასრულია ადამიანის ცხოვრებისა. შექსპირის გმირებს ამოძრავებს მხოლოდ სინდისი და თუმცა ისინი ებრძვიან ამ ძალას, მაგრამ ბოლოს მაინც იღუპებიან თავიანთი სურვილებისგან, როგორც იღუპებოდნენ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმისაგან~.

მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, შემდეგი დროის მწერლობამ, განსაკუთრებით, გოეთემ და შილერმა, მოიწადინეს ფატუმის იდეის გაცოცხლება, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს. ჯავახიშვილი თვალს მიადევნებს ამ თემის შემდგომ განვითარებას. მისი აზრით, მეცნიერებამ ახალი სული შთაბერა ბედისწერის იდეას: `კანტმა, ლაპლასმა, ლამარკმა და ჰეგელმა მოამზადეს ის საძირკველი, რომელზეც დარვინმა ააშენა თავისი დიდებული კანონები შთამომავლობისა. შთამომავლობის თეორიას კი მხატვრულად ხორცი შეასხა ემილ ზოლამ, თუმცა ვერ გასცდა თეორიულ ქადაგებას~. ამ თვალსაზრისით, მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, ყველასგან გამოირჩევა ჰენრიკ იბსენი, რომელმაც ბედისწერის თემა ახალი კუთხით წარმოაჩინა: `თუ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმის მსხვერპლნი იყვნენ, შექსპირის გმირები თავიანთი ვნებათაღელვითა და სინდისით მარცხდებოდნენ. იბსენის აზრით, უფრო რეალური, სასტიკი, საშინელი და უსამართლო მიზეზი გვმუსრავს, ეს არის შთამომავლობითი სენი~. მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში კი ბედისწერა კანონზომიერებაა, რომელიც განხორციელებულ საქმეთა, ფიქრთა და ზრახვათა ლოგიკური გამოძახილია. პერსონაჟები ცოდვის ქმნით თვითონვე `წერენ~ საკუთარ ბედისწერას. მსხვერპლი კი ყოველთვის უდანაშაულოა, რათა უფრო ცხადად წარმოჩნდეს ცხოვრების აბსურდულობა და სისასტიკე.

ოთარ ჩხეიძე, რომელიც, რეალიზმის ახალი შტრიხებით გამდიდრების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, მიხეილ ჯავახიშვილის „სკოლის“ წარმომადგენელია, „იზიარებს“ მის თვალსაზრისს _ ადამიანის ცხოვრება წარიმართება სწორედ მისივე სულიერი სამყაროს „კანონებით“, თავისივე ნებითი თუ უნებური ცოდვა წინ ეღობება კაცს და აუბედურებს, მადლი კი სანთელივით მიუძღვის და აბედნიერებს. ამგვარი აღქმა, რა თქმა უნდა, ქრისტიანული მორალის კონტექსტში ექცევა. რომანის მთავარმა პერსონაჟმა, სანდრო ბონიძემ, 35 წლის კაცმა, ამაოდ ეძება ბედნიერება, მაგრამ ვერ მიაგნო, რადგან ვერ გააცნობიერა, რა შეაგრძნობინებდა ნამდვილ სიხარულს. ამისთვის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ აღმოჩნდა საკმარისი. მან დაივიწყა, რომ: `არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმრთისა~ (მათე, 4, 4).

სანდრო ბონიძემ ოჯახის შექმნის მცდელობაში, ქალების ჩხრეკა-ძიებაში სამი ცოლი შეირთო, მაგრამ სამივე გააუბედურა და თვითონაც დაიკარგა გამოუსავლობის წყვდიადში. მან ვერ გაიაზრა, რომ მისი უბედურების სათავე სულ სხვაგან იყო. საქმე კი ისაა, რომ, როცა კვერნაქის განაშენიანება დაიწყო, მთის სასაფლაო მოშალეს, ზოგი გადაიტანეს, ზოგი მშენებლობებმა შეიწირა, სანდროს სახლის საძირკველში კი საფლავის მარმარილოს ჯვარი ჩაეკირა. მან ეს არაფრად მიიჩნია და ამგვარად, ჯვრის შეურაცხყოფით სატანის საკურთხევლად აქცია საკუთარი სახლის საძირკველი. ისინი კი, წარსულის მოწმენი, როგორც მწერალი წერს: `ძეგლები ინახავენ ჩონჩხთა ანაბეჭდებსა, მიცვალებულთა სითბოს ინახავენ ქვები საფლავისა, ის სითბო მოდის, ის რაღაც მძაფრი, შემაზრზენი სითბო. მოედება სიბნელესა და შიგნით მოიწევს. შუქს უფრთხის, მაგრამ მაინც მოიწევს, საწოლთა ქვეშ, კარადების უკან ბნელი კუნჭულები ეგულება, იმ კუნჭულებს ეტანება, ეუფლება, ემკვიდრება. ფარდებს აკალთავებს, კარადებს გამოსწევს, ყველგან შეიჭრება შუქი, ლანდებს გამოდევნის, ჩონჩხებს გამოაძევებს. სხვენი მაინც ჩონჩხებს დარჩებოდათ, იქ დაისადგურებდნენ, დადარაჯდებოდნენ, ამათს დაძინებას დაელოდებოდნენ, მერე ჩამოვიდოდნენ, გალაღდებოდნენ, შენობას მოედებოდნენ, სასთუმალთან ჩამოსხდებოდნენ, სხვას რასაც ჩაიდენდნენ, თვითონ იცოდნენ~.

რომანის სტრუქტურა შეკრულ ფაბულასა და საინტერესოდ მიმდინარე სიუჟეტურ პერიპეტიებს ეყრდნობა. სანდრო პირველად ბაღის მასწავლებელ მაგდას მოიყვანს ცოლად. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მალე დაიწყება კინკლაობა, უთანხმოების მთავარ მიზეზად კი მაგდას უშვილობა იქცევა. სანდრო ჩქარობს, რომ შვილი მალე ეყოლოთ, თუმცა მის ნებას თითქოს იდუმალი ძალები ეწინააღმდეგებიან. მაგდა იმასაც ამჩნევს, რომ მათს ლამაზსა და დიდ სახლში სითბო ვერ ტრიალდება. ქალს ელანდება, რომ სხვენზე ჩონჩხები დადიან. სანდროც გულს აიყრის ცოლზე. მაგდას სჯერა ძველი წეს-ჩვეულებებისა, სანდროს – არა, ეს იწვევს მათ შორის გაუცხოებას. მათ ხელიც არა აქვთ მოწერილი, სანდრომ თავიდანვე გადაწყვიტა პირველი შვილი, უსათუოდ, ვაჟი რომ ეყოლებოდათ, ხელსაც მაშინ მოაწერდნენ. მაგდა ეუბნება ქმარს მორიგი ჩხუბის შემდეგ: `ეგებ მე არ მეყო ძალა, ეგება შენი ბრალია. ახლა ვერას ვიტყვი, ოღონდ ის მაინც ცხადია, ვერ ვიგრძენით სულიერი ნათესაობა, არა და არ მოხერხდა ჩვენს სულთა კავშირი, უამისოდ კი ერთად ცხოვრებას აზრი არა აქვს. უამისოდ არც ახალი სიცოცხლე იჩენს თავს. სულთა კავშირი…~ სანდრო ურწმუნოა, საბჭოური ეპოქის შვილი, მაგდა კი მორწმუნეა და სჯერა: `არც ყველა ზღაპარია დაუჯერებელი~.

სანდროს, დონ ჟუანის მაძიებელი სულისკვეთებით, მეორე დღესვე მოჰყავს ცოლად სხვა ქალი, მეგობრის მეზობელი ლალი, თუმცა მალე შეამჩნევს, რომ ქალს ოფლიანობა სჭირს და საზიზღარი სუნი აქვს, რაც ვერცერთმა სუნამომ ვერ გააქრო. სანდრომ მალე იმდენად შეიძულა ქალი, რომ ვერც მისი ფეხმძიმობამ გაახარა, პირიქით, შემთხვევას ეძებდა, რომ სახლიდან გაეშვა. მართლაც, ქალი სანდროსვე დაგებულ მახეში გაებმება, მუცელი მოეშლება და სახლიდან წავა. მკითხველი გრძნობს, რომ ამ დაწყევლილ კერაზე ოჯახი ვერ გაბედნიერდება.

სანდროს ჟურნალისტური საქმიანობა, თემები, რომლებზედაც წერს, კარგად წარმოაჩენს საბჭოთა იდეოლოგიის სტრატეგიას, ადამიანი არ ყოფილიყო თავისუფალი, ინდივიდუალური, არამედ კოლექტივის წევრი, კოლექტიური ქონების მონაწილე. მაგალითად, მომჭირნეობასა და სახელმწიფო სახსრების დაზოგვაზე მსჯელობისას, სანდრო დაასკვნის, რომ საერთო სააბაზანოები და საპირფარეშოებო უნდა ჰქონდეთ სახლებსო. როცა ამის გაგონებაზე ერთმა მოხუცმა თანამშრომელმა იხუმრა, საერთოდ არ ავაშენოთ, ტყეში ვირბინოთო, გაწყრა და ახლა იმაზე დაწერა წერილი, რომ საპენსიო ასაკის ხალხი გაეშვათ სამსახურიდან. შემდეგ `არაშრომით შემოსავლებზე~ უნდოდა დაეწერა წერილი. ესეც გადმონაშთად მიიჩნია, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან საკუთარი სახლი სწორედ ამგვარი შემოსავლით ჰქონდა აშენებული. თავგზააბნეული სანდრო შემდეგ გურანდას შეირთავს, რომელთანაც ეყოლება ვაჟი, მაგრამ ისევ უბედურია. მხოლოდ სხვის ხასა დიანასთან გრძნობს ერთობას, თითქოს სწორედ ეს ქალია მისი ტოლი და სწორი, მაგრამ ბედნიერება არ უწერია. ბავშვიანი გურანდა დაადგება თავზე დიანას, რომელმაც არც კი იცოდა სანდროს ოჯახის შესახებ. ერთ საუბარში დიანა აღნიშნავს, რომ სანდრო მაცდური კი არა, მსხვერპლია. მართლაც, ის მსხვერპლია საბჭოური ათეისტური იდეოლოგიისა და საკუთარი უნებობისა.

რომანს დასაწყისი და დასასრული ერთი აქვს _ თანამეინახენი სუფრას უსხედან და თამადა სადღეგრძელოებს იგონებს, ხანდახან ისეთსაც, როგორსაც შეუძლია მსმენელის მონუსხვა და მის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა, ამიტომ ამბობს მწერალი: `ეგება პირველი პოეტი თამადა იყო~. სანდროც ხომ თამადის სიტყვებმა ჩააფიქრა, 36 წლამდე აუცილებლად უნდა მოასწროს კაცმა რაიმე ღირებულის შექმნაო. სათვალავში დანტე და ბაირონი ჰყავდა, უპირველესად. სანდრო ამ შეძახილს აჰყვა და რაც დათესა, ის მოიმკო. მის `მონაპოვრად~ იქცა ოჯახი, რომელსაც მისთვის ბედნიერება არ მოაქვს. მისი გვარიც, ბონიძე, შეიძლება სიმბოლურად გავიაზროთ. ბონი ფულის ერთეულია. სანდროს მთავარი საფიქრალიც მხოლოდ მატერიალური ქონების, კეთილდღეობის მოპოვების ცდაა. საბჭოთა ადამიანს ხომ მტკიცედ უნდა ერწმუნა, კომუნიზმს აშენებდა და სიცოცხლეშივე მიწიერ სამოთხეს ეზიარებოდა. სულის რწმენა და საიქიოზე საუბარი მისთვის მხოლოდ მონაჭორი და ზედმეტი სააზროვნო ტვირთი იყო, ამიტომაც იოლად იცილებდა და ივიწყებდა.

ამ თემას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. ტექნიკის პროგრესი, უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, თანამედროვე თავბრუდამხვევი ცხოვრების რიტმი თითქოს დროს აღარ ტოვებს სულსა და ცოდვა-მადლზე ფიქრისთვის. ფუფუნების საგნებმა მთლიანად დაიპყრეს ადამიანის გონება და ერთადერთ საზრუნავად ხორციელ ყოფაზე ზრუნვა იქცა. სანდრო ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელიც ცოდვის ტყვეობაშია, არ იცის, როგორ დაიხსნას თავი. მას ჰგონია, რომ თავისუფალია, სინამდვილეში, გარემოებათა და საბჭოური იდეოლოგიის ტყვეა. ის ვერ აცნობიერებს, რომ მხოლოდ რწმენა აპოვნინებს გამოსავალს, როგორც სახარებაშია: `სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ~ (იოანე).

რომანში პერსონაჟებს უჭირთ კოლექტიურ გარემოში ინდივიდუალურობის, პიროვნულობის შენარჩუნება, შესაბამისად, ნებისყოფა არ ჰყოფნით, რომ კონფორმიზმი გადალახონ, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. მკითხველი გრძნობს, რომ მწერლის მთავარი სათქმელი ესაა: სანდრომ სასაფლაოს ჯვარზე აშენებული სახლი უნდა დაანგრიოს და ახალი ააშენოს, სიმბოლურად, საბჭოთა იმპერია უნდა დაინგრეს და საქართველომ ახალი ცხოვრება დაიწყოს, როგორც დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ქვეყანამ, რომლის იდეალები წარსულის გამოცდილებით იქნება ნასაზრდოები. მხოლოდ წმინდა საძირკველზე აშენებული შენობა, ოჯახი, სახელმწიფო გაუძლებს ეპოქის ქარტეხილებს, როგორც სახარებაშია: `ყოველმან, რომელმან ისმინეს სიტყუანი ესე ჩემნი. და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი კლდესა ზედა. და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი. და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. და ყოველმან. რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა. და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაი იგი მისი დიდ ფრიად~ (მათეს სახარება, 7, 25-27).

რომანის პერსონაჟთა მრავალფეროვანი სიღრმისეული ხასიათები, სიუჟეტური ხლართები, მწერლის ორიგინალური სტილური ვარიაციები, ლექსიკური სიმდიდრე, ირონიული ინტონაციები, ცოცხალი დიალოგები და მთელი მხატვრული არსენალი ხელს უწყობს ოთარ ჩხეიძისა და თანამედროვე მკითხველის უშუალო, გულწრფელ დიალოგს.

საბჭოთა კრიტიკოსები ოთარ ჩხეიძეს არ ჰპატიობდნენ სოციალიზმის იდეოლოგიური კლიშეებისა და სტერეოტიპების უარყოფას, უსამართლოდ აკრიტიკებდნენ, ხელს უშლიდნენ მისი რომანების გამოცემას, მაგრამ მწერალი არ ნებდებოდა. ერთი მხატვრული სახეც არ მიუტანია მსხვერპლად, რომ უფრო მისაღები ყოფილიყო კომუნისტური რეჟიმისთვის. იგი ყოველთვის ახერხებდა გამჭვირვალე ქვეტექსტებსა და სიმბოლურ-ალეგორიულ მხატვრულ სივრცეში გამოეხატა ეპოქის სულისკვეთება, ადამიანური სატკივარი. 1964 წელს დაწერილმა ამ რომანმაც გაიკვალა გზა მკითხველის გულამდე. იგი დღესაც აღელვებს, აფხიზლებს მკითხველს და უმეცრების, სიბნელის „გამოქვაბულიდან“ გამოსვლაში ეხმარება.

 

 

მიხა

0

*

ეროვნულ მოძრაობას ყოველთვის სჭირდება მორალური ავტორიტეტები – ცოცხლებიც და რეჟიმს (რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული ეს მოძრაობა) შეწირულებიც. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთვის ერთ-ერთი ასეთი მორალური ავტორიტეტი იყო მიხა ხელაშვილი. მახსოვს, ამ თორმეტი თუ ცამეტი წლის წინ ჩემმა კლასელმა და ძმაკაცმა ირაკლი ყალიჩავამ მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამო გამართა. საღამოს საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდა: შემოსული თანხა მიხა ხელაშვილის ქალიშვილისთვის უნდა ჩაგვეტანა. ხალხი ბლომად მოვიდა და ფულიც საკმაოდ მოგროვდა. ნახევარი თანხით პროდუქტები ვიყიდეთ, მეორე ნახევარი კი ისე ჩავუტანეთ ქალბატონ თამარს დედოფლისწყაროში. მახსოვს, რაღაც ვაგონისმაგვარ ნაგებობაში ცხოვრობდა, საწოლში იწვა. ჩვენ ოთხნი თუ ხუთნი ვიყავით და ძლივს ვეტეოდით იქ. როცა გაიგო, რომ მე და ირაკლი მეგრელები ვიყავით, ცრემლები წამოუვიდა და თქვა, რა უქნეს იმ საწყალ კაცსო. თავიდან ვერ მივხვდით, ვისზე ამბობდა. თურმე ზვიად გამსახურდია იგულისხმებოდა გულისტკივილით ნათქვამ მის ამ სიტყვებში…

დიდხანს არ დავრჩენილვართ, მაგრამ საკმაოდ ბევრ რამეს მოგვიყვა მიხაზე (გადავიღეთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩანაწერები დაიკარგა). ეს ამბები ისედაც ვიცოდით, მაგრამ მისგან მოსმენილი სულ სხვანაირად ჟღერდა… მისი საცხოვრებელი პირობების ნახვით და მისი მონაყოლით გულდამძიმებულები წამოვედით.

*

ეს ამბავი კი უკვე ამ ექვსიოდე წლის წინ მოხდა: ისევ მე და ირაკლი ყალიჩავა, სხვა მეგობრებთან ერთად, 25 იანვარს, მიხაობაზე წავედით ჩარგალში. ზამთარში მთაში პირველად ვიყავი. თავი ზღაპარში მეგონა. გადაუღებლად თოვდა. ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ნელა და ფრთხილად მიდიოდნენ მანქანები. გზადაგზა ნიჩბიანი ტრაქტორები გვხვდებოდა, რომლებიც გზას ასუფთავებდნენ. “მიხაობის” სტუმრებს მანქანები გზის პირას გაეჩერებინათ და წასახემსებლად სახელდახელოდ გაშლილ სუფრებთან ამბობდნენ ხელაშვილის შესანდობარს. ჩვენც გვაჩერებდნენ და გვიწევდა თითო ჭიქის დალევა, ასე რომ, როცა ჩარგლის სოფლის ეკლესიამდე და სასაფლაომდე ავაღწიეთ, საკმაოდ შემთვრალები გახლდით. მაშინ ვაჟას სახლიც პირველად ვნახე და მიხა ხელაშვილის საფლავიც.

 

*
ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ყველა პოეტის შემოქმედებაში არსებობს ერთგვარი ტექსტუალურ-ვერბალური იკონი – ეფექტური ტროპული ერთეული, აფორისტული ტაეპი თუ მთლიანი ლექსი ან სტროფი, რომელიც მკითხველის ცნობიერებაში ავტორთან იგივდება. მიხა ხელაშვილის შემთხვევაში იკონური სტროფი ესაა:

“დედას ვუყვარვართ შვილები,

დედა არ გვახსოვს შვილებსა,

იმითა გვტანჯავს გამჩენი,

სულ მუდამ გვაცოდვილებსა”.

მიხა ხელაშვილი კიდევ რამდენიმე ლირიკული შედევრის ავტორია: “დედის სიკვდილზედ”, “ფიქრები ცივ-გომბორის მთაზედ”, “ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ”… მან ვაჟას გენიალურ ეპიკურ პოეზიას ამაყად ამოუყენა გვერდით ბრწყინვალე ლირიკული ნაკადი. მთის დაბალი შაირით ლირიკას ბევრი წერდა, მაგრამ ხელაშვილის ავტობიოგრაფიზმით და მიმეტურობით ნაკვებ პირქუშ ლირიკასთან ყველა მათგანი იჩრდილება. ხელაშვილთანაც არის “მსუბუქი” თემები, მაგრამ ის მაინც, ტრაგიკული ცხოვრებისეული ემპირიიდან გამომდინარე, ონტოლოგიური რეფლექსიების პოეტია. დაბალი და მაღალი შაირი იმთავითვე გულისხმობს მელოსურ შემადგენელს და ხელაშვილის ლექსებიც მშვენივრადაა ამღერებულ-დამღერებული, მაგრამ ის მაინც უფრო წასაკითხი და გასააზრებელი პოეტია, ვიდრე – მოსასმენი.

ბლოგს კი დავამთავრებ ლექსით, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ ხოლმე მე და ჩემი მეგობრები სუფრაზე, როცა მიხა ხელაშვილს ვიგონებთ:

ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ

ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,

შემოგვხვდებიან წვერზედა, მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,

დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,

ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.

ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ, გულდინჯო, მოკლედღიანო,
იფიქრე, გამომიშვებენ, დამკითხვენ, გამომცდიანო,

დახვრეტას გადაგიწყვეტენ, რა დიდხანს დაგაცდიანო;

ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,

შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.

ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში, დეკანო, ღვიანო,

ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე, იანო,

ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,

შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,

ლაშარ-ღელესა ფშავლები თავით თავს მოიყრიანო,

სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,

შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,

შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,

დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!

შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,

გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,

ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,

მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!

„მეორე ქართლის“ შექმნა – საზოგადოებრივი მოძრაობა თუ კერძო ინიციატივა?“

0

ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი

მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის ინტეგრაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც იმით აიხსნება, რომ თანამედროვე მეცნიერებაში ძლიერდება ცოდნის სინთეზის, შემეცნებისა და შემეცნების ობიექტის ერთობის გამჟღავნების ტენდენცია. შესაბამისად, სასწავლო პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა სისტემური აზროვნების განვითარებას, საკუთარი ცოდნის შევსების უნარს, რომლითაც იხელმძღვანელებს მოსწავლე სირთულის, ენობრივი და სოციალურ-კულტურული ორიენტაციის სხვადასხვა დონის ინფორმაციის ნაკადში.

ცოდნის ტრანსფერის საუკეთესო საშუალება ინტეგრირებული გაკვეთილია. ამ დროს მოსწავლე ერთი საგნის წინარე ცოდნას მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად იყენებს. ინტეგრაციისა და სისტემური აზროვნების გამოყენებისას მოსწავლე თავად იწყებს ფიქრს, გაცილებით ფართოდ ხედავს შესასწავლ საკითხს, სწორად აღიქვამს კონტექსტს, სიღრმისეულად აანალიზებს მოვლენებს, აკვირდება, აყალიბებს ჰიპოთეზას, ადარებს ფაქტებს ერთი და იმავე ფენომენების, მოვლენების შესახებ, ხედავს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, მოჰყავს მტკიცებულებები და გამოაქვს დასკვნები, იყენებს ურთიერთთანამშრომლობით გამომუშავებულ დასწავლის უნარს.

ტრანსფერული ცოდნისა და უნარების გააქტიურებას ხელს უწყობს სამიზნე ცნებებსა და მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებაც და, საზოგადოდ, კომპლექსური ხასიათის დავალებები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, თავისი ხასიათით ინტეგრირებული დავალებებია.

აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული აქტივობების ისე დაგეგმვა და განხორციელება (სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინის მიმართულებით), მათ შორის – კომპლექსური დავალების შესრულებაც, რომ მოსწავლემ თვალსაჩინოდ დაინახოს ტრანსფერული ცოდნისა და უნარების მნიშვნელობა და გააუმჯობესოს კიდეც ეს ცოდნა და უნარები.

ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ფორმებიდან უმთავრესად გავრცელებულია ინტრადისციპლინური მოდელი (კავშირები ერთ დისციპლინაში შემავალ საგნებს შორის). შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ინტერდისციპლინურ ინტეგრაციას (ის ერთგვარად თავს უყრის ცალკეულ დისციპლინებს საერთო თემის, საკითხის ან პრობლემის შესწავლის მიზნით), რომელიც ძალიან საინტერესო და საჭიროა როგორც მოსწავლეთათვის, ისე პედაგოგებისთვისაც.

ინტერდისციპლინურ ინტეგრაცია გულისხმობს სწავლებაში მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებას, თემატურ კავშირს ისეთ საგნებს შორის, რომლებსაც აერთიანებს საერთო თემა, უნარები ან დამოკიდებულებები. შესაბამისად, პრაქტიკული თვალსაზრისით, თემატური და პრობლემური ინტეგრაცია ინტეგრაციის ძალიან საინტერესო ტიპებია. მათ ეფექტურობას განაპირობებს ისიც, რომ:

  • თემატური ინტეგრაციის დროს ორი ან მეტი საგანი ერთ საერთო საკითხს/თემას განიხილავს. ამ დროს ხდება ერთგვარი „ალტერნატიული დახასიათება“, რომელიც ინტეგრაციის ამ ფორმას განსაზღვრავს როგორც ილუსტრაციულ-აღწერილობით დონეს;
  • პრობლემური ინტეგრაციის დროს კი სხვადასხვა საგანს ვიყენებთ ერთი საერთო პრობლემის შესწავლის მიზნით. ამ დროს მოსწავლეები მნიშვნელოვან შედეგებზე გადიან.

ამ გზით ოსწავლეებშეიმეცნებენ, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზ.

განვიხილოთ კონკრეტული ნიმუში ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის სწავლების მაგალითზე, სადაც პირველ ეტაპზე, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის შესწავლისას, მოსწავლეები წამოჭრიან პრობლემას, რომლის გადაჭრისა და შესრულების გზებს ძირითადად აგნებენ ისტორიის საგნობრივი დისციპლინიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე, მერე კი, მეორე ეტაპზე, საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის ისტორიული პერიპეტიების შესასწავლად იყენებენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიდან და საკუთარი პროდუქტის შექმნისას მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

I ეტაპი

კლასი: მე-10

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა / საქართველოს ისტორია

თემა: „მეორე ქართლის“ შექმნა – საზოგადოებრივი მოძრაობა თუ კერძო ინიციატივა საქართველოს გაერთიანებისათვის?“

ქართული ენა და ლიტერატურა: სამიზნე ცნება – ჟანრი, კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, კონტექსტი

შედეგი (1, 4, 6, 7; 1, 3, 4, 6, 7, 4, 6, 7, 2, 5); მუშაობისას მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: კომპოზიცია/ შინაარსობრივ მხარეს ქმნის სხვადასხვა ელემენტის (თემის, იდეის, ხედვის კუთხის, პერსონაჟთა სახეების) ერთობლიობა; ტექსტთან დაკავშირებული იდეები და ტექსტის წარმოჩენა ახალი კუთხით/ფორმით; ტექსტებს შორის არსებულ მიმართებებზე დაკვირვება; შესასწავლი ტექსტის მნიშვნელობის გააზრება და ინტერპრეტირება; მიზნის შესაბამისი ტექსტების შედგენა; ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნა მნიშვნელოვანია მწერლის ენის, გრძნობების, გამოცდილების, დამოკიდებულებების, განწყობისა და მოსაზრებების ამოცნობისთვის; კონტექსტის წაკითხვა გარემოს, ფონის (სოციალური წრე, შეხედულებები; ადგილი, ეპოქა ან კულტურული არეალი, რომელშიც თხზულება შეიქმნა) დასადგენად, ტექსტის მნიშვნელობის, აქტუალობის გასააზრებლად, ეფექტიანი ტექსტების შესადგენად.

 ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლების აქტივობები:

 

გონებრივი იერიში შესასწავლი თემის ირგვლივ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (პასუხი კითხვებზე – „რა იცით…“ „საიდან იცით…“ „როგორ მოხდა…“ „რა პრობლემები (სტრატეგიული, ეკონომიკური, კულტურული) წარმოშვა…“ „აღნიშნული საზოგადოების ძირითადი მახასიათებლებია…“ „რა მივიღეთ შედეგად…“ „როგორ მოიქცეოდი…“ და ა.შ.)

პასუხების მიხედვით მოსწავლეები ავსებენ სქემას „რა ვიცი?“ (იხ. სქემა 1)

 სქემა 1.

  1. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების – „აბოს წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – გაცნობა (იხ. სახელმძღვანელო)

ა) ტექსტების დამუშავება კოგნიტიური სქემებით – პერსონაჟის რუკის, აღწერითი, დროითი, ეპიზოდის და პროცესის/მიზეზშედეგობრიობის პარადიგმების გამოყენებით (იხ. სქემა 2)

 

სქემა 2.

 

ბ) მუშაობა ისტორიულ რუკებზე და სქემა 2-ის შევსება დამატებითი ინფორმაციით:

  • რუკების გასიტყვება – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები“ (https://saunje.ge/index.php?id=109), „ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“ (https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/1/1f/Arhitectural_monuments_of_Tao-Klarjeti_map.png), ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში“ (https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98);
  • ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიდან მიღებული ინფორმაციის დაკავშირება რუკებიდან მიღებულ ინფორმაციასთან (ისტორიული მხარეები; ისტორიული ძეგლები; გზათა სისტემა; ადმინისტრაციული ცენტრები; ტერიტორიული ერთეულები);

გ) დასკვნების გამოტანა თემაზე: „მეორე ქართლის“ შექმნა – საზოგადოებრივი მოძრაობა თუ კერძო ინიციატივა?“ – რუკების, ისტორიული და ჰაგიოგრაფიული ტექსტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და პირადი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება

დ) მოსწავლეთა მუშაობა კოგნიტიურ სქემაზე „რა მინდა ვიცოდე“ (სქემა 3)

სქემა 2.  სქემა 3.

  1. გაწეული სამუშაოების შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ კომპლექსური ხასიათის შემაჯამებელ დავალებას.

დავალებაზე მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური/წყვილებში/ჯგუფებში

შეფასების სისტემა: Solo ტაქსონომია

დავალების მიზანი: მოსწავლემ გამოკვეთოს მნიშვნელოვანი ცნობები ისტორიულ პირთა შესახებ; გაიაზროს VIII-IX საუკუნეების საქართველოს ისტორიული ვითარება და ამ რეალობაში გრიგოლ ხანძთელის (და მასთან დაკავშირებული სხვა პირების) მოღვაწეობის მნიშვნელობა; გამოკვეთოს მოსწავლეთა დამოკიდებულება ტექსტში წარმოჩენილი იმ მარადიული ფასეულობებისადმი, რომლებიც დღესაც აქტუალურია.

კომპლექსური დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები:

  1. გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. თბ., 1963 წ. 2. სუმბატ დავითის ძე, „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. თბ., 1955 წ. (www.amsi.ge/istoria/qc/)
  2. უცნობი ავტორი, „მატიანე ქართლისა“, თბ., 1955 წ. (www.amsi.ge/istoria/qc/ )
  3. კ. კეკელიძე, „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა“. „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები (V-X ს.ს.)“, წიგნი I, თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963 წ., გვ. 46-81
  4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II (https://javakhishviliinstitute.files.wordpress.com/2009/04/2tomi.pdf)
  5. რევაზ ბარამიძე, ეროვნული ცნობიერების საკითხი გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. „ლიტერატურული ძიებანი“ („Literary Researches“), ტ. XX, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 1999 (https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH8dc292d6faea5679f9ecae;jsessionid=D86771D1D01A00AA3DA6DCA9A7E48722?ed=1)
  6. პავლე ინგოროყვა, „გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა: ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან“. თბილისი, საბჭ. მწერალი, 1954
  7. საქართველოს ისტორია, მე-10 კლასი. მასწავლებლის წიგნი (ავტორი: ნიკოლოზ გურგენიძე). გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2022 წელს
  8. ქართული ენა და ლიტერატურა, X კლასი. ავტორები: ვ. როდონაია, მ. გიგინეიშვილი, ლ. გრიგალაშვილი, ა. არაბული. გამომცემლობა „სწავლანი“, 2022
  9. ქართული ენა და ლიტერატურა, ძველი ქართული მწერლობა, მასწავლებლის წიგნი, I ნაწილი. ავტორები: მარინე ხუციშვილი, ნინო ნაკუდაშვილი. გამომცემლობა „სწავლანი“, 2022

 კომპლექსური დავალების პირობა:

 

საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი ქართლი მე-7 საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს. მეფობამოშლილ და განადგურებულ ქვეყანაში არაბებმა თბილისის საამირო დააარსეს. ქართლმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ხოლო მთელმა ქვეყანამ – უმნიშვნელოვანესი ცენტრი.

თუ ქართველობას სურდა თავისი კულტურული სახის შენარჩუნება, უნდა შეექმნა ქართლის ნაცვალი ანუ ცენტრი, რომელიც ქართლის მაგივრობას იკისრებდა.

წარმოიდგინეთ, რომ შუა საუკუნების ქრონიკიერი ხართ და „მეორე ქართლის“ ანუ ქართლის ნაცვალის შექმნის ისტორიისთვის მასალებს აგროვებთ. წიგნსაცავში მუშაობისას გაგიჩნდათ კითხვა: ეს მოძრაობა ოთხი კაცის (გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი, თეოდორე და ქრისტეფორე) მიერ იყო წამოწყებული თუ არსებობდა ცენტრი/სკოლა/საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელთან შეთანხმებითაც მოქმედებდა ყველა ღირსეული მამულიშვილი?

ამ მიზნით ვირტუალურ მაგიდასთან მოიწვიეთ არაბთა საფრთხით შეშფოთებული ქართველები (ნერსე ერისთავი, იოვანე საბანისძე, აბო თბილელი, აშოტ კურაპალატი, გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი, თეოდორე, ქრისტეფორე, აფხაზთა მეფე დემეტრე, გაბრიელ დაფანჩული) და შეეცადეთ, მათი მონათხრობის მიხედვით თვალი მიადევნოთ, როგორ და რატომ იქმნებოდა „მეორე ქართლი“.

მოგონებების საფუძველზე შეადგინეთ კრებული „მეორე ქართლის შემქმნელთა ნაკვალევზე”.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრეთ:

ა) რა მოგცათ ამ მასალაზე მუშაობამ?

ბ) თავიდან რომ აკეთებდეთ, რას შეცვლიდით?

 

მოსწავლეებმა შეასრულეს დავალებები და შექმნეს საინტერესო პროდუქტები – „მოგონებების კრებული „მეორე ქართლის შემქმნელთა ნაკვალევზე“.

 

ინტეგრირებული გაკვეთილის ამ ფორმით ჩატარებამ დაადასტურა, რომ ისტორიასა და ლიტერატურაში შესასწავლი თემის მიმართ ინტეგრირებული მიდგომა და საერთო/მომიჯნავე საკითხების ფრაგმენტული დანაწევრება ამცირებს დისციპლინის შესწავლისთვის განსაზღვრულ დროს, ხელს უწყობს მოსწავლეებში საქართველოს ისტორიის როგორც მთლიანობის აღქმის ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა ცნობიერების განვითარებას და ცოდნის ტრანსფერს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...