სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

პალესტინელ ჰანა ალ ჰროუბს წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა

პალესტინელმა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, რომელიც ლტოლვილთა თავშესაფარში გაიზარდა და ამჯერად მოსწავლეებს ტოლერანტობასა და არა-ძალადობას ასწავლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა და შესაბამისად, 1,000,000 აშშ დოლარი მოიგო. მან 8,000 კონკურენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გასულ კვირას, 13 მარტს სძლია.

ჰანა ალ ჰროუბს, რომელიც დასავლეთ ალ-ბირეჰში ასწავლის, Global Teacher Prize (გლობალური პრიზი მასწავლებლებისათვის) დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პატარების განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომის პაპმა ფრანცისკემ გამარჯვებულად სწორედ ჰანას სახელი გამოაცხადა. პალესტინელ  მასწავლებელს ჯილდო დუბაის მმართველმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ მაქტუმმა გადასცა.

  • თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ პაპმა ჩემი სახელი წარმოთქვა. ის რომ დღეს პალესტინელმა მასწავლებელმა მსოფლიოს ხმა მიაწვდინა და სწავლების უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, სხვა დანარჩენი წარმომავლობის მასწავლებლებისთვის შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს – ამბობს გამარჯვებული ჰანა ალ ჰროუბი. ის აღნიშნავს, რომ მოპოვებულ თანხას სკოლასა და მოსწავლეებს მოახმარს, კონკრეტულად, ჰანა გეგმავს მოსწავლეებს სტიპენდიები გადასცეს, რათა მათი სწავლის მოტივაცია გაუმჯობესდეს და მომავალ პროფესიად მათაც მასწავლებლობა აირჩიონ.

ჰანას გამარჯვება ისრაელისა და პალესტინას შორის კონფლიქტის პიკს დაემთხვა. უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე პალესტინელების სროლებსა და სატრანსპორტო თავდასხმებს ისრაელის 28 მოქალაქე და ორი ამერიკელი ემსხვერპლა. საპასუხოდ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, თავდასხმებში მონაწილეობის ბრალდებით, პალესტინას  სულ მცირე 179 მოქალაქე დაუხოცა.

მიმდინარე მოვლენებში ისრაელის ოფიციალური პირები ბრალს პალესტინის ლიდერებს სდებენ და სოციალურ მედიას ძალადობისა და აგრესიის გაღვივებაში ადანაშაულებენ. პალესტინის ლიდერები კი აცხადებენ, რომ სავალალო მდგომარეობა ნახევარსაუკუნოვანი ოკუპაციის მიერ გამოწვეული სასოწარკვეთისა და იმედგაცრუების შედეგია.

ჰანას გამარჯვებით გახარებულმა, ცერემონიაზე მყოფმა თანამემამულეებმა, პალესტინის დროშები ააფრიალეს და ხმამაღლა ამბობდნენ – „ჩვენი სულებით, ჩვენი სისხლით, სიცოცხლეს დავთმობთ შენთვის, პალესტინა“.

თავის გამოსასვლელ სიტყვაში ჰანამ კიდევ ერთხელ ისაუბრა არაძალადობრივი ნაბიჯების საჭიროებებზე და ქვეყნებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე:

  • ვინაიდან მე, პალესტინელ მასწავლებელს საშუალება მომეცა მსოფლიოს მივმართო, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თუ ერთმანეთს ხელს გავუწოდებთ, შევძლებთ გავავრცელოთ მშვიდობა, თანასწორობა და განათლება.

ჰანა ალ ჰროუბის გარდა, ცერემონიაზე მიწვეული იყო ცხრა ფინალისტი მასწავლებელი ავსტრალიიდან, ფინეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, კენიიდან, პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, ჰანამ ყველა ფინალისტი სცენაზე მიიწვია და მადლობა გადაუხადა.

მასწავლებელთა გლობალური პრიზი ორი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ყოველწლიურად მსოფლიოში ერთი მასწავლებელი აღმოაჩინოს, რომელიც განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, მოტივაციით გამოირჩევა და მოწადინებულია საკლასო ოთახში მოსწავლეებთან ინოვაციური მიდგომებით იხელმძღვანელოს. ასევე, მოტივაციას აძლევს სხვებსაც, რომ ასწავლონ, ან აირჩიონ მასწავლებლის პროფესია.

ალ ჰროუბი პალესტინაში, ლტოლვილთა ბანაკში გაიზარდა, სადაც ძალადობრივი ფაქტები ძალიან ხშირი იყო. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ მასწავლებლობა იმ ფაქტის შემდეგ დაიწყო, რაც მის შვილებს სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. ინცინდენტის შემდეგ ჰანა ბავშვებს სკოლაში თავად დაჰყვებოდა და გაიზარა, თუ როგორი მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში არსებული გარემო ტრამვირებული პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გახდა, ჰანამ გამოსცა წიგნი სახელად „ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ“. ავტორი ამბობს, რომ სახელმძღვანელოში წარმოჩენილია თამაშის, ნდობის, პატივისცემის, პატიოსნებისა და განათლების მნიშვნელობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი