პარასკევი, ივლისი 31, 2026
31 ივლისი, პარასკევი, 2026

სახალისო დავალებები არდადეგებზე

როგორ ვაქციოთ ზაფხული შემოქმედებით თავგადასავლად

შესავალი: დასვენებისა და მზრუნველობის ბალანსი

სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ: გაკვეთილები, საშინაო დავალებები, პასუხისმგებლობები, ადრე ადგომა და სასკოლო რეჟიმი მათგან უამრავ ენერგიას მოითხოვს, – ამიტომ ზაფხულის არდადეგები ბავშვისთვის მხოლოდ სასწავლო პროცესის შეჩერების კი არა, ძალების აღდგენის, თავისუფლად თამაშის, ახალი შთაბეჭდილებებისა და აღმოჩენების პერიოდიც არის.

ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს შეუძლიათ, აკეთონ ის, რისთვისაც სასწავლო წლის განმავლობაში დრო თითქმის არ რჩებოდათ: იქროლონ ველოსიპედითა თუ გორგოლაჭებით, ითამაშონ მეგობრებთან ერთად, იმოგზაურონ, დააკვირდნენ ბუნებას, იცურონ, მეტი დრო გაატარონ ოჯახის წევრებთან, იოცნებონ და უბრალოდ დატკბნენ ბავშვობით.

თუმცა დასვენება სწავლისგან სრულიად მოწყვეტას არ ნიშნავს. სწავლა ხომ მხოლოდ საკლასო ოთახში არ მიმდინარეობს – ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განუწყვეტლივ აღმოაჩენს, იკვლევს და სწავლობს.

ასე რომ, მასწავლებელს შეუძლია, შესთავაზოს მოსწავლეებს სახალისო არაფორმალური აქტივობები, რომლებიც დამატებით სასწავლო ტვირთად კი არა, არამედ საინტერესო თავგადასავლად იქცევა. ბავშვი იგრძნობს, რომ მასწავლებლის მზრუნველობა საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება, რომ მისი განვითარება, ინტერესები და კეთილდღეობა წლის ყოველ დროს მნიშვნელოვანია.

მთავარია, საზაფხულო აქტივობები ეფუძნებოდეს არჩევანის თავისუფლებას, თამაშს, აღმოჩენას და შემოქმედებას. როდესაც ბავშვი თავად ირჩევს, იკვლევს და ქმნის, სწავლა მისთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.

  1. კითხვისა და წერის სახალისო აქტივობები (წიგნიერება)

იმისთვის, რომ კითხვის უნარი არდადეგებზეც ბუნებრივად განვითარდეს, ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, რომ წიგნიერება ჩვენ გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაშია. განსაკუთრებული თავგადასავალია საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნა და წიგნის სამყაროში მოგზაურობა.

  • წიგნების შერჩევა და კუთხის მოწყობა:  წაიყვანეთ ბავშვი წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში და მიეცით სრული თავისუფლება, ნება დართეთ, თავად აირჩიოს წიგნი, რომლის ილუსტრაციებიც მოეწონება. საკუთარი წიგნის არჩევა პასუხისმგებლობასა და ინტერესს ზრდის. შინ კი მოუწყვეთ მყუდრო კუთხე, სადაც წიგნებს ლამაზად დაალაგებთ.
  • „წიგნის კითხვის საათი“ და მინი-დებატები: მოაწყვეთ მყუდრო ადგილი, სადაც ერთად იკითხავთ (საწოლი, ჰამაკი ან კარავი). კითხვის პარალელურად ან მისი დასრულების შემდეგ გამართეთ დებატები და ემოციების გაცვლა–გამოცვლა: მოეწონა თუ არა ბავშვს პერსონაჟის საქციელი? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? რამ გაამხიარულა ყველაზე მეტად? რამ დააფიქრა?
  • პერსონაჟის გაცოცხლება: წიგნის დასრულების შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, დახატოს ან გამოძერწოს თავისი საყვარელი პერსონაჟი.
  • ეტიკეტების დეტექტივი: მაღაზიაში თუ სამზარეულოში წააკითხეთ ბავშვს სურსათის (ჩაის, ფქვილის, კარაქის) შეფუთვაზე არსებული ქართული წარწერები. შეგიძლიათ, ეთამაშოთ „იპოვე სიტყვა…“ ან, მას შემდეგ, რაც ხმამაღლა წაიკითხავს ეტიკეტს, ერთად იმსჯელოთ, რისთვის გამოიყენება ეს პროდუქტი.
  • „მოძებნე ასო“: მიეცით ბავშვს ძველი ჟურნალიდან ან გაზეთიდან ამოღებული მცირე ამონარიდი და სთხოვეთ, მაგალითად, გადახაზოს ყველა „ა“, ხოლო „პ“-ს ქვეშ ხაზი გაუსვას.
  • ერთობლივი კითხვა საღამოობით: მშობელთან ერთად ხმამაღლა კითხვა საუკეთესო რიტუალია. იკითხეთ როლების მიხედვით, დააკვირდით ილუსტრაციებს და ივარაუდეთ სიუჟეტის გაგრძელება.

 

საოჯახო „მკითხველის დღიური“ (შესავსები ცხრილი)

შესთავაზეთ ბავშვს, ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ ერთად შეავსოთ ეს სახალისო ცხრილი, რომელიც მის პირად შთაბეჭდილებებს შეინახავს:

კითხვები და სამახსოვრო დეტალები ჩემი ჩანაწერები და პასუხები
როდის დაიწყე და  დაასრულე კითხვა?  
ვინ არიან მთავარი პერსონაჟები?  
რა მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?  
რომელმა ეპიზოდმა გაგამხიარულა ყველაზე მეტად?  
რამ დაგაფიქრა ყველაზე მეტად?  
რას შეცვლიდი წიგნის სიუჟეტში ან ფინალში?  
რომელ გმირთან მსგავსებას  ისურვებდი და რატომ?  
დახატე შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი.  

 

 

 

დამატებითი შემოქმედებითი აქტივობები წიგნიერებისთვის

  • „წიგნის კულინარიული საღამო“: თუ წიგნში რომელიმე კერძია მოხსენიებული (მაგალითად, თაფლაკვერი ან გოგრის წვენი), სცადეთ, ერთად მოამზადოთ. ეს კითხვას გემრიელ და დასამახსოვრებელ ემოციას დაუკავშირებს.
  • „პერსონაჟის ფოსტა“: შესთავაზეთ ბავშვს, მისწეროს წერილი წიგნის მთავარ გმირს. სთხოვოს რჩევა, გაუზიაროს აზრი ან უბრალოდ უთხრას, რომ ძალიან მოეწონა მისი საქციელი. შეგიძლიათ, წერილი წიგნშივე ჩადოთ სამახსოვროდ.
  • „წიგნის რეკლამა“ :  სთხოვეთ ბავშვს, წიგნი „გაყიდოს“, რეკლამა გაუკეთოს – ისე მოუყვეს მეგობრებს ან ნათესავებს მის შესახებ, რომ მათაც მოანდომოს წაკითხვა.
  1. მათემატიკა ყოველ ნაბიჯზე
  • მონეტებით თამაში: მიეცით ბავშვს სხვადასხვა ღირებულების რამდენიმე მონეტა და ამოცანა: „შენ გაქვს 35 თეთრი, რომელიც სულ 3 მონეტისგან შედგება. გამოიცანი, რა მონეტებია?“
  • მაღაზიობანა: მოაწყვეთ იმპროვიზებული მაღაზია, სადაც ბავშვი გამყიდველის როლს შეითავსებს და ფასს დაადებს სათამაშოებსა თუ პროდუქტებს, თქვენ კი „შეიძენთ“ მათ. ეს შესანიშნავი გზაა შეკრება-გამოკლებასა და ანგარიშში სავარჯიშოდ.
  • კენტი და ლუწი მარცვლებით: მიეცით ბავშვს ლობიოს ან სხვა პარკოსნის მარცვლები და სთხოვეთ, ორ-ორად დააწყოს. თუ ერთი ზედმეტი მარცვალი დარჩა – საერთო რაოდენობა კენტია, თუ ყველა დაწყვილდა – ლუწი.
  1. მშობელთა ჩართულობა: პარტნიორობა ბავშვის განვითარებისთვის

მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა ბავშვს უსაფრთხოების განცდას უქმნის და მოტივაციას მატებს.

  • მშობელი როგორც მეგზური: როდესაც მშობელი აქტიურად მონაწილეობს ამ სახალისო დავალებების შესრულებაში, მას უკეთ ესმის შვილს, ნაკლებად მკაცრია და ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაში ეხმარება.
  • საყიდლების სია: შეიძლება, მაღაზიაში წასვლის წინ მშობელმა და ბავშვმა ერთად ჩამოწერონ საყიდლების სია, მაღაზიაში კი ბავშვმა ეს სია დაიჭიროს და მშობელს პროდუქტების პოვნაში დაეხმაროს.
  • საუზმის ინსტრუქცია: შეიძლება, ბავშვმა უკარნახოს მშობელს, მაგალითად, ბუტერბროდის მომზადების წესი. თუ რომელიმე დეტალი გამოტოვა (მაგ., არ თქვა, რომ კარაქი დანით უნდა წაესვას), მშობელმა ხუმრობით უთხრას: „მოდი, თითით წავუსვამ“. ეს ბავშვს ზუსტი ინსტრუქციების მნიშვნელობას ასწავლის.
  1. ბუნებაში შესასრულებელი დავალებები

ბუნება საუკეთესო „საკლასო ოთახია“, სადაც ყველგან თვალსაჩინოებაა.

  • „ვითვლით ხეებს“: პარკში ან ტყეში სეირნობისას სთხოვეთ ბავშვს, დაითვალოს ხეები და უპასუხოს კითხვებს: რამდენი ხეა სულ? რამდენი მათგანია მაღალი და რამდენი – დაბალი?
  • სიგრძის გაზომვა: აიღეთ საზომი ლენტი ან ჩვეულებრივი სახაზავი და გაზომეთ ბუნებაში სეირნობისას ნაპოვნი საინტერესო საგნები (ტოტები, ფოთლები) ან თუნდაც ოჯახის წევრების ფეხსაცმელები და გაარკვიეთ, რამდენი სანტიმეტრია მათ შორის სხვაობა.
  • გეომეტრიული ფიგურების ძიება: ბავშვებისთვის გეომეტრია ხშირად აბსტრაქტულ ცნებებთან ასოცირდება, მაგრამ ბუნებაში გვხვდება უამრავი მაგალითი, რომლებიც მათ გეომეტრიული ცნებების უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

შეიძლება, სეირნობის დროს ბავშვს პატარა „ფორმებზე ნადირობა“ შესთავაზოთ:

  • იპოვოს წრის ფორმის ფიგურები (მაგალითად, მრგვალი კენჭი, ყვავილის გული, ხის რგოლები);
  • იპოვოს სამკუთხა ფიგურები;
  • დააკვირდეს ოთხკუთხედებს შენობებში, ღობეებში, გარშემო მდებარე სხვა ობიექტებში.

შეგიძლიათ, შექმნათ პატარა ფოტოალბომი ან ნახატების კოლექცია სახელწოდებით „გეომეტრია ჩემ გარშემო“.

ასეთი აქტივობა ბავშვს დაანახებს კავშირს სასკოლო ცოდნასა და რეალურ სამყაროს შორის, უვითარებს სივრცით აზროვნებასა და დაკვირვების უნარს.

 

  1. ზაფხულის დღიური: ჩემი საუკეთესო დღეები

ეს არის განსაკუთრებული შემოქმედებითი დავალება, რომელიც ბავშვს წერისა და ემოციების გამოხატვის უნარს განუვითარებს.

  • რვეულის შერჩევა და გაფორმება: ბავშვმა თავად შეარჩიოს ლამაზი რვეული, რომელსაც გარედან დააწერს: „ჩემი ზაფხულის თავგადასავალი“, – და თავისი გემოვნებით გააფორმებს ნახატებით ან სტიკერებით.
  • მნიშვნელოვანი დღეების შერჩევა: არ არის საჭირო ყოველდღე წერა. ბავშვმა შეიძლება აარჩიოს კვირაში 1 ან 2 განსაკუთრებული დღე (მაგალითად, როდესაც მდინარეზე იყო, ახალი მეგობარი შეიძინა ან ველოსიპედით ისეირნა).
  • ჩაწერა და ფოტოები/ილუსტრაციები: ბავშვმა მოკლედ აღწეროს ეს დღე (რა მოხდა, რატომ იყო ეს დღე განსაკუთრებული და რა იგრძნო). ტექსტის გვერდით აუცილებლად ჩააწებოს გადაღებული ფოტო ან თავად დახატოს შესაბამისი სურათი, ჩააკრას ბილეთი, გამხმარი ყვავილი და ა.შ.
  • თანაკლასელებისთვის გაზიარება: შემოდგომაზე, როდესაც სწავლა განახლდება, თითოეული მოსწავლე კლასის წინაშე წაიკითხავს თავისი დღიურიდან ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდს და თანაკლასელებს ფოტოებს დაათვალიერებინებს. ეს ხელს შეუწყობს კლასში თბილი, მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას და პრეზენტაციის უნარების განმტკიცებას.

 

  1. სამაგიდო თამაშები – გონებრივი ვარჯიში და მხიარულება

სამაგიდო თამაშები იდეალური საშუალებაა როგორც ლოგიკური აზროვნების, ისე სოციალური უნარების განსავითარებლად.

  • დომინო: ეთამაშეთ ბავშვს დომინო. სთხოვეთ, დაითვალოს წერტილები ქვის ჯერ ერთ, მერე მეორე ნახევარზე, ბოლოს კი იპოვოს მათი ჯამი (მაგ., 6+4) და შეადაროს მოწინააღმდეგის ქულას. ვინც მეტს დააგროვებს, ის იგებს.
  • სხვა სამაგიდო თამაშები: ჭადრაკი, შაში, მონოპოლია, თუნდაც მარტივი ბარათები ბავშვს ასწავლის წესების დაცვას, სტრატეგიულ აზროვნებას, გამარჯვების სიხარულს და წაგების ღირსეულად მიღებას.

 

შეჯამება

ზაფხული ბავშვებისთვის ოცნებების, აღმოჩენების, თამაშისა და დაუვიწყარი მოგონებების დროა. ჩვენი, პედაგოგებისა და მშობლების, მიზანი არ არის, ეს პერიოდი დამატებითი დავალებებითა და მკაცრი მოთხოვნებით დავტვირთოთ. პირიქით, გვინდა, შევთავაზოთ ბავშვებს სახალისო აქტივობები, რომლებიც მათ ინტერესს, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით ნიჭს გაუღვიძებს.

ბუნებაზე დაკვირვება, კითხვა, პატარ–პატარა კვლევები, წერითი და შემოქმედებითი დავალებები ბავშვს ეხმარება, ისე შეინარჩუნოს სასწავლო უნარები, რომ ზაფხულის სიხარული არ დაკარგოს. როდესაც სწავლა თამაშად და სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა, ბავშვი სკოლასაც უფრო დიდი ინტერესით უბრუნდება.

დაბოლოს, მთავარი: ბავშვს უნდა დარჩეს განცდა, რომ მასწავლებელი ცოდნის უბრალო გადამცემი კი არ არის, არამედ ადამიანია, რომელიც მის განვითარებაზე, ინტერესებსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაშინაც კი, როცა სკოლის კარი დროებით დახურულია.

 

გამოყენებული რესურსები:

http://kargiskola.ge/parental/parental_resursi_mshoblebistvis.php

http://kargiskola.ge/parent/pdf/Kviris%20Palitra_A3_FN.pdf

http://kargiskola.ge/parent/pdf/PECARD_I_2_Geoo.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

შინაგანი მეტოქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“