(ეფუძნება პირად პრაქტიკულ გამოცდილებას სსიპ ქალაქ ქუთაისის #23 საჯარო სკოლასა და აწსუ-ს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტებთან თანამშრომლობას)
სტატია განიხილავს სასწავლო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესწავლას სამი საგნის (სამოქალაქო განათლება, ქართული ენა/ლიტერატურა და ხელოვნება) ინტეგრაციით.
სტატიაში აღწერილია მოსწავლეთა მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი „სამაგიდო თამაში“, რომელიც ეფუძნება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზს.
საბაზო საფეხურზე, მეშვიდე კლასში, საგან მოქალაქეობის გაკვეთილებზე სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლა იწყება ბავშვის უფლებათა კონვენციით. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს მოსწავლეებს, რომ თითოეული სამართლებრივი მუხლი გაიაზრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ შეძლოს კონკრეტული მუხლის ამოცნობა სხვადასხვა შემთხვევის განხილვის დროს და გააცნობიეროს, როგორ ვლინდება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაფიქრდეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.
თამაშზე დაფუძნებული სწავლება პირობისეული ცოდნის შეძენის საუკეთესო გზაა. როცა მოსწავლე რეალურ ან ლიტერატურულ სიტუაციას ჰოლისტურად, თამაშის ფორმატში განიხილავს, ის არა მხოლოდ იმახსოვრებს კონკრეტულ მუხლს, არამედ სიღრმისეულად იაზრებს მის მნიშვნელობას, იძენს ტრანსფერულ უნარებს და იწყებს ცოდნის გამოყენებას ცხოვრებაში, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე.
სამაგიდო თამაშის შექმნა მიმდინარეობს ოთხ ძირითად ეტაპად:
- პირველი ეტაპი – ჯგუფების შექმნა
ლიტერატორები – აგროვებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებიდან ნასწავლ ეპიზოდებს ბავშვის უფლებების დარღვევაზე.
მედია–მკვლევრები – მოიკვლევენ და აგროვებენ მაგალითებს სოციალური ქსელებიდან;
სკოლის დამკვირვებლები – მოიკვლევენ და სწავლობენ სასკოლო გარემოში არსებულ შემთხვევებს;
თემის მკვლევრები – მოიკვლევენ თემში და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ რეალურ ამბებს.
- მეორე ეტაპი – მასალების შეგროვება და დახარისხება
მასწავლებლის ან უფროსკლასელი მოსწავლეების ფასილიტაციით ხდება თითოეული ჯგუფის მიერ შეგროვებული მასალის დახარისხება, ანალიზი და კონვენციის მუხლებთან დაკავშირება.
| ქეისბარათი
ერთ-ერთ სკოლაში გადაწყდა ახალი მულტიფუნქციური სათამაშო მოედნის აშენება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სთხოვეს საკუთარი იდეების წარმოდგენა და მოედნის დიზაინის დახაზვა. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, წარმოადგინეს სხვადასხვა ხედვა და საკუთარი საჭიროებები. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ნამუშევრები განიხილა. დაგეგმა დასკვნითი შეხვედრა და მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი და დამტკიცებული დიზაინის გეგმა გააცნეს.
|
მესამე ეტაპი – რესურსის შექმნა
შეგროვებული მასალების საფუძველზე იქმნება ქეისბარათები კონკრეტული სიტუაციებით. ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეები მოხატავენ ქეისბარათებს, ასევე თემატურად მოიხატება გასაშლელი მთავარი დაფა-პოსტერი სამაგიდო თამაშისთვის.
ქეისბარათების შექმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკის ნორმებს: აუცილებელია, დავიცვათ რესპონდენტთა კონფიდენციალურობა და ღირსების ხელშეუხებლობის პრინციპი. ამ მიზნით უმნიშვნელოვანესია სახელების ანონიმიზაცია და ამბების ისე ტრანსფორმირება, რომ არ მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება.
მეოთხე ეტაპი – თამაშის პროცესი, დემონსტრირება
ამ ეტაპზე მოსწავლეები რეალურ პრაქტიკაში გამოცდიან სასკოლო საზოგადოების წინაშე სამაგიდო თამაშს.
კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან:
მოქალაქეობა – საზოგადოება (მოქ.საბ.1,2); დემოკრატია (მოქ.საბ.1,2,3,4); მონაწილეობა (მოქ.საბ.2,4) მდგრადი განვითარება (მოქ.საბ.3)
საკვანძო კითხვები:
- რატომ არის ოჯახი და საზოგადოება ბავშვის განვითარების საუკეთესო გარემო და როგორ იცავს კონვენცია ჩვენს იდენტობას?
- როგორ უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპები ყველა ბავშვის თანასწორობას და რატომ არის დაუშვებელი დისკრიმინაცია?
- როგორ გვეხმარება საკუთარი უფლებების ცოდნა და გამოხატვის თავისუფლება, რომ შევცვალოთ ლოკალური და გლობალური სამყარო უკეთესობისკენ?
- რატომ არის ჩვენს უფლებებზე ზრუნვა (ჯანსაღი გარემო, განათლება) სახელმწიფოს პრიორიტეტი და მდგრადი მომავლის გარანტი?
ქართული – ჟანრი (შედეგები: 3, 6, 8, 11, 12); კონტექსტი (შედეგები: 4, 6, 11, 12)
საკვანძო კითხვები:
- როგორ გამოვიყენო ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა?
- რა შეიცვლება ან არ შეიცვლება ნაწარმოების ჟანრის შეცვლის შედეგად?
- რატომ არის მნიშვნელოვანი კონტექსტის ცოდნა?
- რა გავლენას ახდენს კონტექსტი ნაწარმოებზე?
ხელოვნება – სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები) (ს.გ.საბ.1,2,3,4)
სხვადასხვა ეპოქის/კულტურის/მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები (ს.გ.საბ.1,2,3,4)
საკვანძო კითხვა:
- როგორ გავლენას ახდენს ხელოვნებაზე საზოგადოების მოთხოვნები და ინტერესები?
- რა შეგვიძლია გადმოვცეთ და გავიგოთ ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით?
- რისთვის და როგორ ვიყენებ სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, ტექნიკას, მასალას და იარაღს?
გრძელვადიანი შედეგები:
სამართლებრივი წიგნიერება – კონვენციის მუხლების პრაქტიკული აღმოჩენა და გამოყენება. რთული სამართლებრივი მუხლები გარდაიქმნება გასაგებ, ყოველდღიურ სიტუაციებად და საინტერესო ლიტერატურულ კაზუსებად.
მოსწავლეები სწავლობენ მხატვრული ტექსტის კითხვას უფლებრივ ჭრილში, პოულობენ კავშირს ავტორის სათქმელსა და ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს შორის.
ანალიტიკური უნარები – პრობლემის გადაჭრის გზების ძიება ლიტერატურულ და რეალურ ამბებზე დაფუძნებით. ვითარდება წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც მოსწავლე არგუმენტირებულად ამტკიცებს თავის პოზიციას უფლებების დარღვევის შესახებ.
თამაშის დასრულების შემდეგ აუცილებელია რეფლექსიის ეტაპი, სადაც მოსწავლეებთან ერთად განიხილავთ, რომელ ქეისში იყო ყველაზე რთული პრობლემის ამოცნობა? როგორ დაგვეხმარა ლიტერატურული პერსონაჟის ემოციების გაგება კანონის აქტუალურობის აღქმაში? როგორ დაგვეხმარა ლიტერატურული პერსონაჟის ემოციების გაგება იმ ფერებისა და სიმბოლოების შერჩევაში, რომლებითაც ქეისბარათები და პოსტერი გავაფორმეთ?
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ შემოთავაზებული სამაგიდო თამაში ლიტერატურის კონტექსტში აყალიბებს ემოციების გააზრებისა და ემპათიის უნარს; მოქალაქეობა გვთავაზობს რეალური მოქმედების მექანიზმს პრობლემის აღმოსაჩენად და გადასაჭრელად; ხელოვნება გვაძლევს ფერებისა და ფორმების გამოყენებით პრობლემის ვიზუალიზაციის და გრძნობების გადმოცემის საშუალებას.
თამაშის წესები და რესურსები:
სათამაშო დაფა-პოსტერი, ეს არის ქაღალდის დიდი ფორმატი მოსწავლეების მიერ მოხატული ლაბირინთით, სადაც დატანილია 42 უჯრა. რიცხვი 42 შემთხვევითი არ არის. ის ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის 42-ე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ბავშვებმა და უფროსებმა იცოდნენ ამ კონვენციის შესახებ.
ლაბირინთის გავლა ნიშნავს გზას დაბადებიდან სრულწლოვანებამდე, სტარტი – ფინიში.
ქეისბარათები – ოთხი ფერის ბარათები – ოთხი ჯგუფის მიხედვით: ლიტერატურული, სასკოლო, მედია და თემის ქეისებისათვის;
კონვენციის გზამკვლევი – ამონარიდები ბავშვის უფლებათა კონვენციიდან (დამხმარე რესურსი);
ფიგურები და კამათელი – სასურველია, ხელით იყოს შექმნილი, მეორადი ქაღალდის გამოყენებით.
თამაშის მსვლელობა
- მოთამაშეები იყოფიან გუნდებად. თითოეული გუნდი ირჩევს ფიგურას და ათავსებს სტარტზე. თამაშს იწყებს ის, ვინც კამათელზე ყველაზე მაღალ ციფრს დასვამს.
- სვლები და ქეისების ამოხსნა
მოთამაშე აგორებს კამათელს და გადაადგილდება იმდენი უჯრით წინ, რამდენსაც აჩვენებს კამათელი.
თუ ფიგურა გაჩერდება ფერად უჯრაზე, გუნდი იღებს შესაბამისი ფერის ქეისბარათს. გუნდმა უნდა წაიკითხოს ბარათზე დატანილი ამბავი და დაასახელოს, კონვენციის რომელი მუხლი ირღვევა და მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის გზა.
უჯრებზე, ოთხ ადგილას, არის პასუხისმგებლობის ზონა. ეს ოთხი ზონა პირდაპირ კავშირშია კონვენციის ოთხ პრინციპთან, ოთხ მუხლთან: მუხლი 2 – დისკრიმინაცია; მუხლი 3 – ბავშვის საუკეთესო ინტერესები; მუხლი 6 – სიცოცხლე და განვითარება; მუხლი 12 – მონაწილეობა. თუ მოსწავლე მოხვდება პასუხისმგებლობის რომელიმე ზონაში, მან უნდა გაიხსენოს პირადი მაგალითი, როცა გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
მაგალითად: მოსწავლე მოხვდა პასუხისმგებლობის ზონაში – მუხლი 2. ის იხსენებს დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევას, რომლის მომსწრეც თავად გახდა, და აღწერს საკუთარ პასუხისმგებლობიან ქმედებას.
- შეფასება და დაწინაურება
თუ გუნდი სწორად დაასახელებს მუხლს და კონვენციაზე დაყრდნობით მოიფიქრებს ეთიკურ გამოსავალს, ის აგრძელებს თამაშს წინსვლით.
თუ გუნდი ასახელებს შესაბამის მუხლს, მაგრამ ვერ მოიფიქრებს ეთიკურ გამოსავალს, იგი ბრუნდება ერთი უჯრით უკან.
თუ გუნდი ვერ ასახელებს შესაბამის მუხლს და ვერც გამოსავალს გვთავაზობს, იგი ბრუნდება ორი უჯრით.
- 4. ფინიში და გამარჯვება – გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელიც პირველი მიაღწევს ლაბირინთის ბოლოს.
მოსწავლეთა რეპორტაჟი https://shorturl.at/ElhKu
გამოყენებული ლიტერატურა:
- გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია. (1989).
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018-2019). III მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი სტანდარტები (მოქალაქეობა, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება).
- საქართველოს პარლამენტი. (2019). ბავშვის უფლებათა კოდექსი. თბილისი.




