ქუთაისში წითელ ხიდზე თუ დადგებით და მომწვანო რიონს ჩახედავთ, აუცილებლად დაინახავთ წყლის წრებრუნვას – მოვლენას, რომელსაც ტურბულენტობა ეწოდება. ეს სახელწოდება მაშინ აღმოვაჩინე, როცა ნიკო ლორთქიფანიძისა და იმპრესიონიზმის შესახებ ღია გაკვეთილის მომზადება გადავწყვიტე და მასალის ძიებისას ერთ კარგ ფილმს გადავეყარე. ამ ფილმს მოსწავლეებს ხშირად ვუზიარებ ხოლმე, გაგიზიარებთ თქვენც.
https://www.youtube.com/watch?v=PMerSm2ToFY
აღმოჩნდა, რომ ტურბულენტობა არის მოვლენა, რომელიც შეიმჩნევა სითხეებისა და აირების დინებისას. ტურბულენტურია ჰაერის მოძრაობა დედამიწის ატმოსფეროში, წყლისა მდინარეებსა და ზღვებში, აირებისა მზისა და ვარსკვლავთა ატმოსფეროში, სითხეებისა მილებში, არხებში, სასაზღვრო შრეში. ყვე-ლაზე ხშირად ტურბულენტობა ღრუბლებში შეინიშნება, სადაც ჰაერის აღმავალი და დაღმავალი დინებაა. ტალ-ღის ტურბულენტობაა, როდესაც ჰაერის ნაკადები ეჯახე-ბა დაბრკოლებას, მაგალითად, მთის ქედს, რაც ქმნის ზღვის ტალღების მსგავს ჰაერის ნაკადებს. თურმე „მოწმენდილი ცის ტურბულენტობაც“ კი არსებობს და ზემოთ დასახელებულ ფილმში ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამის“ შესახებაც საუბრობენ, მაგრამ ეს წერილი ატენის სიონის ბჭის ბარელიეფზე გამოსახულმა წრეში ჩახატული წყაროების წყლის ტურბულენტობამ შთამაგონა.
მეხუთე-მეშვიდე საუკუნეების რელიეფზე გამოსახული ტურბულენტობა ყველა სხვა ნანახ მაგალითზე უფრო ძველია და ძვირფასმა მკითხველმაც უნდა მომიტევოს ატენის სიონის ბარელიეფის უკვე მერამდენედ ხსენება, მაგრამ წყალსა და „ღვთაებრივ საყოფელს“, ზეცას, შორის ისეთი ნათელი კავშირი, როგორიც ამ ძველისძველი თაღის თვალში ჩაბუდებულა, განა სადმე გინახავთ?! აქაც ხომ გარდუვალია ქართულ მითოსთან ალუზიების პოვნა. გველნაჭამი ირმები (ვაჟას „მინდია“ გავიხსენოთ) წმინდა წყაროთა წყლით განიღმრთობიან, მათ თითქოს თავებით უჭირავთ სამყარო, როგორც მარადიული წრებრუნვა, რქებით – ზეცა. ეს ხომ შეუქცევადი მითოლოგემაა?! მაცოცხლებელ, განმწმენდ, განმაღმრთობელ წრეში კი ჩნდება დროით-სივრცითი არაერთი წერტილი, რომლებიც სადღაც გარკვეული პერიოდულობით უერთდება რიგს და ნაკვალევს იმეორებს როგორც „გზავნითი მოქცევა“ – περ-οδος, πρ-οδος – ან „გზავნითი უკუქცევა“ – περ-οδος[1];
სხვათა შორის, გზავნა–ჲ ნეოპლატონიკური არსის სტრუქტურის წარმომქმნელ მექანიზმად მოიაზრება. პროკლე დიადოხოსის „კავშირთა“ თანახმად, „ემანაცია“, არის რიგების (სერიების) წარმოება უდარესობისაგან – [არს] ყოველი გზავნაჲ საკუთართა განარსებითთა მიზეზთაჲსა;
წრებრუნვაა περιδους – ყოველი სული აღმკულის შორისი ნამრგულივთა გზავნათა (περδοις) იჴმარებს თჳსისა ცხოველობისათა და სადაჲთ იწყო, მუნვე [ქმნის] კუალად-უკუნქცევათა;
გზავნაჲ (საღმრთოთა მოქცევათაჲ) τηςθε-αςπρ-δος -ღმრთაებრივი ემანაციის გამომავლობაა: თუ ჯერ არს, რაჲცა განუკუეთელ იყოს გზავნაჲ საღმრთოთა მოქცევთაჲ და თითოეულსა წესსა შორის თითოეული თანშეკრულ თჳსთა საშუალთა მიმართ, საჭირვო არს, რაჲთა უმწუერვალესნი შემდგომთანი თან–აღეკვროდინ მისასრულსა პირველთასა;
გზავნითი მოქცევნი – οδον – პერიოდული ციკლური ბრუნვა, თვითკმართა გამომავლობის, წარმოობის ციკლია [მელიქიშვილი, 2010, 94-5][2].
ამ ბარელიეფში კი ნათელია, რომ ყოველივე ცენტრული წერტილიდან იწყება და ასე მიმოიქცევა წრეებად, რიგებად, „ნამრგულივებად“, როგორც ნამდვილი ტურბულენტობა.
აკი ჟან ბოდრიართანაც ისტორიის გზის სპირალი ისტორიის ტურბულენტურ ბზრიალად მოდიფიცირდება, ისტორიის გზის დასასრული -ისტორიის სივრცის რეტროსპექტულ გამრუდებად ან ჰიპერრეალურ სამყაროში ისტორიის გაქრობად, ხოლო ისტორიის გზის დაუსრულებელი განვითარება ისტორიული ფარსების დაუსრულებელ პროცესად გარდაიქმნება. „თანამედროვეობის, ტექნიკური განვითარების და ყველა, აქამდეარსებული ლინეარული სტრუქტურის გაზრდილი სიჩქარე ქმნის ტურბულენტობას და საგანთა წრიულ დაბრუნებას, რომელიც იმას ცხადყოფს, რომ დღეს აღარაფერია შეუქცევადი”, – წერს ბოდრიარი ესეში „ათასწლეულების ჩრდილში, ანუ 2000 წლის შეჩერება“.
როდესაც ისტორია გადადის „ტურბულენტურ ბზრიალში“, იგი განვლილი ეპოქების „შესრუტვის“, „შეწოვის“ გზით წარსულიდან პერიოდულად აბრუნებს ყველაფერს. „ყველაფერი, რაზეც ვფიქრობდით, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია, დასრულებულია, დამარხულია უნივერსალური პროგრესის აუწერელი სიმძიმის ქვეშ, ბრუნდება“. ლეონარდოსეული დაბრკოლების ირგვლივ წყლის მორევის ტრიალი, გნებავთ, აჟიოტაჟი თუ არეულობაც, როგორც turbolenza-ც, აქვეა.
სურ. 2.
გერმანელი მეცნიერის ვერნერ კარლ ჰაიზენბერგის[3] ორივე შეკითხვაზე: რატომ ფარდობითობა და რატომ ტურბულენტობა? – პასუხიც, უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ განღმრთობილმა ირემმა უწყის.
[1]იხ. სიმონ ყაუხჩიშვილი, ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, VI ტომი, 2007.
[2]დამანა მელიქიშვილი, ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი, დამანა მელიქიშვილის საერთო რედაქციით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ტ. I-II, თბ., 2010.
[3] კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელის




