კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა

როგორ მივაღწიოთ, რომ ბავშვი იქ სიხარულით დადიოდეს და არა ძალდატანებით. სწორად რომ აირჩიოთ ბავშვისთვის სპორტის სახეობა, რამდენიმე მთავარი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ?

ექიმების თქმით, პრაქტიკა უჩვენებს, რომ წონიან ბავშვებს განსაკუთრებით აქტიურად ექაჩებიან სპორტულ სექციებში. ამაში არაფერია უჩვეულო. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტანსრულ ბავშვებს ყველა სახეობის სპორტი არ შეეფერებათ – რასაკვირველია, თუ კარგი შედეგების მიღწევა გინდათ და არა უბრალოდ გართობა. მაგალითად, მშობლები პუტკუნა ბავშვს საფეხბურთო სექციაში წერენ. ჰგონიათ, რომ იქ გუნდურ მუშაობას მიეჩვევა და თან გახდება. მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა: არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთში, პირველ რიგში, მთავარია სისწრაფე და მოხერხება. უეჭველია, რომ ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა დაუსრულებელ დამცირებად გადაიქცევა. პუტკუნა ბავშვებისთვის საუკეთესოა ცურვა, საბრძოლო ხელოვნება, მძლეოსნობა, რაგბი.
მაღალი ბავშვები სპორტის ბევრ გუნდურ სახეობაში უყვართ – კალათბურთში, ფრენბურთში. ბევრი მწვრთნელი თვალებს ხუჭავს იმაზეც, თუ ბავშვი ნელია და მოძრაობის კოორდინაციაც საშუალო აქვს, თუ თავით წვდება კალათას. ტანვარჯიშზე კი აწოწილი ბავშვები ნაკლებ მოსწონთ, უპერსპექტივოებად მიიჩნევენ. მათ არტისტული მოქნილი და ნაზი ბავშვები მოსწონთ. ასევე მნიშვნელოვანია სისწრაფე – თვისება, რომლის განვითარებაც არ შეიძლება, თუ გენებში არ არის ჩადებული. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სისწრაფის მომატება ვარჯიშების მეშვეობით მხოლოდ 10%-ით შეიძლება. სპორტის იმ სახეობებში, სადაც სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს (ფეხბურთი, ჰოკეი), არ ღირს ნელი ბავშვის მიყვანა. ვინ იცის, იქნებ ის ჭადრაკშია მომავალი ჩემპიონი.
ექიმები გვირჩევენ, სანამ ბავშვს სპორტის რომელიმე სახეობაზე მიიყვანთ, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და აუცილებლად აიღოთ ჯანმრთელობის ცნობა. აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, რამდენად გამძლე აქვს გული, ძვლები, მყესები, სახსრები, სისხლის მიმოქცევა. ხომ არ აქვს ბრტყელტერფიანობა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა ვერ უძლებს დიდ დატვირთვებს. ხანდახან სპორტულ სექციაზე შეყვანის შემდეგ იჩენს ხოლმე პრობლემები თავს და დაავადების პროვოცირებაც ხდება. ამიტომ ჯობს, მშობელმა მანამდე იზრუნოს ამაზე და ზუსტად იცოდეს, სამედიცინო თვალსაზრისით შეეფერება თუ არა მის შვილს ესა თუ ის სპორტის სახეობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციურობა და ენერგიულობა. ხშირად მშობლები ცდილობენ ბავშვის სპორტზე შეყვანას, რომ მისი ენერგია სწორი კურსით მიმართონ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გახსოვდეთ: ემოციური, კონტაქტური ბავშვები ძალიან ძნელად ეგუებიან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს, იმას, რასაც სჭირდება ბევრი ფიქრი, კონცენტრირება. ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, მონოტონური მოსაწყენი ფიზიკური ვარჯიშები მათთვის ნამდვილი კოშმარია. გუნდურ თამაშებთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. კონტაქტური და ენერგიული ბავშვები იქ ნამდვილად მოახდენენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დრო, რომელსაც ხარჯავთ სექციამდე მისასვლელად, ერთ-ერთი საკვანძო მომენტია. დიდხანს თუ მგზავრობთ, ამ დროს ჯერ თვითონ იღლებით, მერე – ბავშვიც. დაღლილობა მასაც შეაძულებს სპორტს და თქვენც. ამის გამო ბევრი ტოვებს სპორტს და მშობელიც, დაღლილი აქეთ-იქით სიარულით, მარტივად ეთანხმება. არადა, ძალიან ცუდია, როცა ვარჯიში წყდება, ბავშვს უმყარდება რწმენა, რომ “სპორტი არ არის მნიშვნელოვანი, მის გარეშეც იცხოვრებს”. ეს მერე მარტო სპორტს კი არ შეეხება, სხვა რამეებსაც, რომლებსაც იოლად მიატოვებს, თუ დაიღლება. სექციამდე მისვლას 40-50 წუთზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს.
სპორტის ზამთრის სახეობათაგან თხილამურებზე არანაკლებ პოპულარულია ფიგურული სრიალი. ამ ულამაზესი სახეობით განსაკუთრებით გოგონები ინტერესდებიან. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ყინულზე შესრულებული დახვეწილი პირუეტების მიღმა მუხლჩაუხრელი შრომა დგას. თუ ბავშვის ფიგურულ სრიალზე მიყვანას განიზრახავთ, მზად უნდა იყოთ მოტეხილობებისთვის, წონის მუდმივი კონტროლისთვის და ა.შ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ფიგურულ სრიალს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია: ყინულზე დგომა ავითარებს კოორდინაციის უნარს, ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის განვითარებას, ძალიან უხდება სუსტ ბრონქებს. ამიტომ არის, რომ ასთმისადმი მიდრეკილი ბავშვების მშობლებს ექიმები შვილის ფიგურულ სრიალზე მიყვანას ურჩევენ. ციგურებით სრიალის შესწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება, მაგრამ თუ გსურთ, თქვენი პატარა სპორტის ამ სახეობას პროფესიონალურად დაეუფლოს, ამაზე 4-5 წლიდან უნდა იზრუნოთ.
სპორტის ექსპერტების აზრით, სწორად ასეთია ცურვა, რომლის შესწავლა სიცოცხლის პირველივე თვეებიდან შეიძლება. შეგიძლიათ, პირველი გაკვეთილები პატარას თავად ჩაუტაროთ. ცურვა განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს უხდება. ის ავითარებს კუნთებს და ხელს უწყობს ჩონჩხის სწორ ჩამოყალიბებას. ცურვა ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაც სასარგებლოა, რადგან წყალში ზარმაცი პატარებიც კი სიამოვნებით ჭყუმპალაობენ.
აუზზე ერთი-ორი თვე სიარული საკმარისია, რომ ბავშვს ტანადობა შეეცვალოს და კუნთები გაუმაგრდეს. ცურვასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ წყალბურთიც. მას ყველა ის ღირსება აქვს, რაც ცურვას და ამასთან ერთად – რამდენიმე სხვაც. ვინაიდან იგი გუნდური სპორტია, ბავშვებს ერთმანეთის გატანას ასწავლის და კომუნიკაბელურობას უვითარებს. წყალბურთზე ბავშვის მიყვანა 8-9 წლის ასაკიდან შეიძლება. ვიდრე ბავშვს წყლის სტიქიას აზიარებდეთ, გაარკვიეთ, როგორ იცავენ ჰიგიენის ნორმებს თქვენ მიერ შერჩეულ აუზზე.
თუ გინდათ, რომ ბავშვი სპორტული, მხიარული, დაკავებული და მოტივირებული იყოს, სწორად შეარჩიეთ სპორტის სახეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი