შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ფიქრები პოეზიაზე

 

*

რა არის პოეზია?! – პოეზიის უამრავი დეფინიცია მსმენია და წამიკითხავს – მახვილგონივრული, უტრირებულად ამაღლებული და ა. შ., მაგრამ ჩემი ფავორიტი გახლავთ შემდეგი: „პოეზია – ეს არის მანათობელი განავალი ბაყაყისა, რომელმაც ციცინათელა შეჭამა“. ეს განმარტება დიდი ჩილელი კინორეჟისორის ალეხანდრო ხოდოროვსკის ერთ გადასარევ ფილმში მოვისმინე და ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. ჩემი აზრით, ამ შედარების კომიკური ფრივოლურობა ზუსტად გადმოსცემს პოეზიის არსს თანამედროვე სამყაროში.

*

„ქართველი ხალხი იყო და რჩება პოეზიის დამფასებელ ხალხად, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არნახულია და საგულისხმო. როგორც ყოველდღიური მოთხოვნილების საგანს, როგორც პურს არსობისას, ასე უყურებს ჩვენი ხალხი დღეს პოეზიას. ასიათასობით მკითხველს დაჟინებით სურს, იქონიოს არათუ მსოფლიო და ეროვნული პოეზიის უჭკნობი ქმნილებები, არამედ თანამედროვე ნიჭიერი ავტორების, უფროსი თუ საშუალო თაობის ოსტატებისა და, მით უფრო, სიყვარულით გამორჩეულ პოეტთა თხზულებანი“, – წერს ელგუჯა მაღრაძე მურმან ლებანიძის 1979 წელს გამოცემული ერთტომეულის წინასიტყვაობაში. მკაფიოა საბჭოთა სიყალბე – პოეზიის ასიათასობით მკითხველი საქართველოში კი არა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძლივს იქნებოდა. მურმანის, ანას და მუხრანის კრებულები მართლა გამოდიოდა ორას- და სამასიათასიანი ტირაჟით (კი, სხვადასხვა მიზეზით შეძენის მსურველი ბევრი იყო და მათ შორის, უდავოა, პოეზიის ნამდვილი მკითხველებიც იყვნენ), მაგრამ ამ კრებულების სრული უმეტესობა ათობით ეგზემპლარად ნაწილდებოდა ბიბლიოთეკებში – მახსოვს, ჩემი სოფლის ბიბლიოთეკაში თითო წიგნის მინიმუმ ათი ეგზემპლარი იდო. პოეზია კამერულია და კამერული იყო ყოველთვის (მათ შორის – საბჭოთა პერიოდშიც). დღეს საქართველოში მაღალი ხარისხის პოეზიას ორი-სამი ათასი მკითხველი თუ ჰყავს (თვითონ ავტორებიანად), დიდი ამბავია.

*

არცთუ კეთილი შურით მშურს იმ პოეტების, რომლებსაც სჯერათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ემსახურებიან. ამ შეგრძნებისთვის (რომელიც ოცდაათი წლის ასაკამდე მოვიმწვანილე) ბევრ რამეს დავთმობდი. მეტ-ნაკლები სიმძაფრით არასოდეს მტოვებს განცდა, რომ პოეზია ადამიანის მიერ მოგონილ შემოქმედებითი თვითგამოხატვის ფორმებს შორის ყველაზე დიდი წყლის ნაყვაა. ახლა ოცდაცხრამეტი წლის ვარ და ზოგჯერ ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ ამ წყლის ნაყვას შევალიე მთელი ახალგაზრდობა, მთელი ჩემი ინტელექტუალური და სპირიტუალური რესურსი. ასე თუ ფიქრობ, რატომ წერო, მკითხავს მავანი. საქმე ის არის, რომ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ამ წყლის ნაყვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ეს მათი არსებობის ფორმაა, ამიტომ პოეტები უბედური ხალხი ვართ. ესეც არ იყოს, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ლიტერატურული წინაპრების ხსოვნის წინაშე.

*

პოეზია თუ პროზა? – მსოფლიო პროზის ორ უდიდეს წარმომადგენელს, დოსტოევსკის და ფოლკნერს, მიაჩნდა, რომ ლიტერატურის მთავარი ჟანრი პოეზიაა (ფოლკნერი შეუმდგარ პოეტად მიიჩნევდა თავს, დოსტოევსკი ლექსებსაც წერდა). დღესაც (თუნდაც – ჩვენში) ბევრი კარგი პროზაიკოსი ფიქრობს ასე. მოსასმენად, ცხადია, სასიამოვნოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ერთი საუკუნეა, ასე აღარ არის. მრავალი საუკუნის განმავლობაში პოეზია განუკითხავად ბატონობდა ყველა ლიტერატურულ ჟანრზე, გამოხატვის სრულყოფილ ფორმად ითვლებოდა და სავსებით პრაგმატულ და უტილიტარისტულ ტექსტებსაც ხშირად ლექსად წერდნენ, მაგრამ მოდერნიზმმა და პოსტმოდერნიზმმა მის დომინაციას ბოლო მოუღო. დღეს ლიტერატურის მთავარი ჟანრი რომანია, წარმოდგენა არ მაქვს, ხვალ როგორ იქნება.

*

„პოეზია კვდება იმით, რომ არ კვდება!“ – თუ არ ვცდები, პოლ ვალერის ეკუთვნის ეს სიტყვები. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, პოეზია არაერთხელ გამოიგლოვეს, პირადი შემოქმედებითი დეკადანსით შეძრწუნებულმა ზოგიერთმა ავტორმა პოეზიის ზოგადი დეკადანსი დააანონსა და, ცხადია, შეცდა. პოეზია ცოცხალია და სულ იცოცხლებს, როგორც, სინკრეტული საწყისებიდან მოყოლებული, თვითგამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ფორმა. პოეზიის ნარცისულ-ეგოისტური და თვითთერაპიული ბუნებიდან გამომდინარე, რეციპიენტი (მკითხველი) სულ რომ აღარ იყოს, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ლექსის დაწერის მოთხოვნილება ექნება.

  1. S. ზედმეტად პესიმისტურია ეს ფიქრები? – შესაძლოა, მაგრამ მე პოზია ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ყოველი ნერვით, ძარღვით და სისხლის ყოველი წვეთით ვარ დამოკიდებული მასზე, როგორც ნარკოტიკზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“