შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

რონალდ დევისი „დისლექსიის ნიჭი“ 

(წერილი პირველი, თეზისები და ჩანაწერები წიგნიდან „დისლექსიის ნიჭი“)

რონალდ დევისი დისლექსიის მქონე მკვლევარია. მან შეიმუშავა სპეციალური მეთოდი დისლექსიის თანმდევი სირთულეების გადასალახავად და დააფუძნა კალიფორნიის დისლექსიის კორექციული ცენტრი.

წიგნში „დისლექსიის ნიჭი“ ავტორი საკუთარ მაგალითზე ხსნის, რას გრძნობენ და რა დაბრკოლებებს აწყდებიან კითხვისას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები.

მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ როგორია კითხვის პროცესი დისლექსიის მქონე მოსწავლისთვის. დევისი წიგნში შესანიშნავად, თვალსაჩინოდ ხსნის ამას.

რამდენიმე საგულისხმო დაკვირვებას ამ და ამის მომდევნო წერილში გაგიზიარებთ.

აზროვნების პროცესი

ადამიანი აზროვნებისას მეტწილად ვერბალურ კონცეპტუალიზაციას მიმართავს – ანუ ფიქრთა მდინარება ენობრივ-სამეტყველო სტრუქტურას იმეორებს – აზრობრივი წინადადებებიც სიტყვებისგან იქმნება, აზრი წინადადებებში ყალიბდება.

არავერბალური კონცეპტუალიზაციისას კი აზრი სურათხატებად ფორმირდება. არავერბალური აზროვნება რთული აღსაქმელია, ის სწრაფია და გაუცნობიერებელი რჩება ხშირად – ანუ როდის, რა მომენტში მივმართავთ არავერბალურს, რთული ჩასაჭერია (დეტალურად იხილეთ მეორე წერილში. ნ.ლ).

როგორც წესი, აზროვნება, ფიქრი – ორივე მეთოდს მოიცავს. დისლექსიის მქონეთა უმრავლესობისთვის კი არავერბალური აზროვნებაა წამყვანი. ანუ სურათხატებით აზროვნება და ფიქრი მათთვის მეტად ბუნებრივია.

რა ხდება ვერბალური კონცეპტუალიზაციისას – ჩვენ ვფიქრობთ ბგერების, ოღონდ, წარმოუთქმელი ბგერების გამოყენებით. აი, დაახლოებით ისე, როგორც „შენთვის წაიკითხე“ – როცა ვთხოვთ ბავშვს და გვინდა, რომ კი არ გაახმოვანოს წაკითხული, არამედ შიგნით, საკუთარ თავში წარმოთქვას.

ფიქრი ერთგვარი შინაგანი მონოლოგია.

რა ხდება არავერბალური კონცეპტუალიზაციისას – ფორმირდება აზრობრივი სურათხატები, არა მხოლოდ მხედველობითი, ისინი უფრო სამგანზომილებიან მულტისენსორულ გამოსახულებებს ემსგავსება.

დისლექსიის მქონეს შინაგანი მონოლოგის წარმოება არ გამოსდის, უფრო სურათხატოვანია მათი აზროვნება. სიტყვის მიღმა მათ სურათხატის წარმოდგენა სჭირდებათ.

პრობლემური ასეთ დროს ის სიტყვებია, რომლებსაც კონკრეტული აღმნიშვნელი არ გააჩნიათ. მაგალითად, კავშირები, თანდებულები, ნაწილაკები.

მოვიშველიოთ მაგალითი: სახლი – ადვილი წარმოსადგენია. თითოეული წარმოიდგენს სხვადასხვა ფორმის, ფერის, ზომის სახლს.

იმ სახლში“?

იმ სახლში“ – ეს სიტყვათშეთანხმება კი უფრო რთული აღსაქმელია, რადგან იმმარცვალი არანაირ სურათს არ წარმოქმნის.

ჩვეულებრივ, „იმ სახლში“ – არ იწვევს ჩვენს დაბნეულობას, რადგან ჩვენ ვასრულებთ წინადადებას და მერე კონტექსტის მიხედვით ვხვდებით, რა და როგორ. დასრულებული წინადადებიდან აზრის გამოტანა ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს – ვხვდებით, ვიგებთ, წარმოვიდგენთ.

დისლექსიის მქონე ადამიანისთვის კი „იმ“ და მსგავსი სიტყვები ერთგვარი მუხრუჭებია, (შესაძლოა, სპეციალურ ლიტერატურაში არის სხვა შესატყვისი ამ ცნებისთვის, მაგრამ ამ წერილისთვის შესატყვისად მუხრუჭი ვარჩიე. მეტაფორა კარგად ასახავს პროცესს, რომელიც დისლექსიის მქონეს ეწყება მსგავსი სიტყვების ამოკითხვისას. ნ.ლ.) რადგან ამ სიტყვა-მუხრუჭების შემდეგ რთულია სურათხატების აგება.

არავერბალური კონცეპტუალიზაციისას, როდესაც წამყვანი ფორმა აზროვნებისა სწორედ ესაა, წინადადებაში მუხრუჭი სიტყვების სიჭარბისას ადამიანს „გონება ებმება“. ენა ებმისო, ამბობენ, როდესაც ვიღაც საუბრისას ჩაიხლართება სინტაქსში, ვერ გამოთქვამს ცალკეულ სიტყვას ან წინადადების ნაცვლად აბდაუბდას იმეორებს. იგივე აზრობრივ პროცესს ჩაუშვებენ ხოლმე მუხრუჭი სიტყვები და რაც უფრო მეტს წაიკითხავ, მით მეტად აიბურდები ტექსტის, მარცვლების, ასოების ორომტრიალში.

ეს გახდება გაუვალი ტევრი.

ეს პროცესი სრულდება იმით, რასაც ავტორი დეზორიენტაციას უწოდებს.

დეზორიენტაცია

ტექსტში დეზორიენტაციისას ადამიანი იმავეს გრძნობს, რასაც იგრძნობს მოგზაური უცხო ადგილას უკომპასოდ, სიბნელეში, როდესაც მხარეების განსაზღვრაც შეუძლებელია და არც რაიმე ორიენტირია გზის გასაგნებად.

დისლექსიის დროს, დევისის რწმენით, დეზორიენტაცია გადაქცეულია ფუნქციად, რომელიც რთავს აზროვნების განსხვავებულ პროცესს.

რონალდ დევისი, რომელსაც თავად აქვს დისლექსია, ამ თავისებურებას მიიჩნევს ტალანტად. დასწავლის თავისებურებად.

ძალიან საინტერესოდ ხსნის საკუთარ მაგალითზე იმას, თუ რა ძალისხმევად უჯდება დისლექსიის მქონეს ამოკითხვა+გაგება+გააზრება.

განიხილავს წინადადებას:

ეს ყავისფერი ცხენი ქვის ღობეს გადაახტა და მდელოზე გაქუსლა.

პირველივე სიტყვა – ეს – მუხრუჭია.

სურათხატი ამ სიტყვისთვის არ არსებობს.

ეს სიტყვა არის დამაბნეველი, ამოუხსნელი. მკითხველი ცდილობს, გადალახოს წინაღობა.

შემდეგი სიტყვაა ყავისფერი. ამ სიტყვას აქვს ფერის მნიშვნელობა, მაგრამ არ აქვს კონკრეტული ფორმა, საჭიროა კონცენტრირება მის წარმოსათქმელად და აღსაქმელად.

შემდეგ მოდის სიტყვა ცხე. ის წინა სიტყვას, ყავისფერ ფონს, ასხვაფერებს, აძლევს ფორმას. საჭიროა კონცენტრირება, დაძაბვა, რომ ორი სიტყვა შეერთდეს და მივიღოთ სურათხატი – ყავისფერი ცხენი.

ქვის – გარკვეულ სურათხატსა და შინაარსს მოიცავს, მაგრამ ფორმა არაა დაკონკრეტებული. წარმოსათქმელად და გასააზრებლად დაძაბვაა საჭირო. სიტყვა ღობე ქვის ბუნდოვანებას ფორმას აძლევს, ბუნდოვანება იკლებს, გაორმაგებული კონცენტრაციისა და დაძაბვის შედეგად ქვის ღობის სურათხატი იკვრება.

ზმნა გადაახტა ყავისფერი ცხენის წინა ნაწილს ჰაერში სწევს. კონცენტრაცია და დაძაბულობა იმატებს, ამის ხარჯზე ცხენი ჰაერში აიწევა.

და – მუხრუჭია. სიცარიელე. გონებაში არეულ-დარეულობაა. დეზორიენტაციის განცდა მძლავრობს. კონცენტრაციისა და დაძაბულობის მდგომარეობას ემატება დეზორიენტაცია. ერთადერთი გზა გასაგრძელებლად არის – კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება დეზორიენტაცია და საქმეში ერთვება დისლექსიის სიმპტომები –

და-ს ნაცვლად რაღაც გაუგებარი ასოთწყობა ხტის ფურცელზე, შემდეგი სიტყვა მდელოზე იკითხება, როგორც მედელეზე, თავში საკუთარი მორბენალი თავის სურათხატები ირევა, სიტყვა გაქუსლა კი ამოუცნობ და ამოუკითხველ ობიექტად რჩება.

მეტი ძალისხმევა, მეტი დაძაბულობა და… რესურსი იწურება.

კითხვაზე – რა ამოიკითხე? პასუხი შეიძლება იყოს – ქვები რომ ყრია, იმ ადგილზე.

შედეგად:

მკითხველის თავში არის სურათხატი ჰაერში გამოკიდებული ცხენის, ქვათა გროვის, საკუთარი მორბენალი თავის… მაგრამ ამ ყველაფრის ერთ მნიშვნელობის მქონე წინადადებაში მოქცევა და დასრულებული აზრის მქონე სიტყვების ნაკრებად ქცევა შეუსრულებელი მისიაა.

მკითხველს კი შვებას ჰგვრის ის, რომ სატანჯველი მორჩა.

კონცენტრაციის ის დოზა, რომელსაც დისლექსიის მქონე

ადამიანი იყენებს ამოკითხვისას, ენერგიის უზარმაზარ რესურსს საჭიროებს. ინტენსიური კონცენტრაციისას, როდესაც მოსწავლე ცდილობს, ამოიკითხოს და გაიგოს, ის ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც ჰიპნოზურს უტოლდება.

თავის ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობით (სუსტიდან – ძლიერამდე), გულისრევის შეგრძნება, სისუსტე, უხასიათობა, იმედგაცრუებისა და უსუსურობის განცდა – ყველა ეს გვერდითი მოვლენა ბუნებრივი და მოსალოდნელია მაშინ, როცა დისლექსიის მქონე ამხელა ძალისხმევას მიმართავს კითხვის მექანიკური პროცესის განსახორციელებლად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“