ჰარვარდის განათლების სამაგისტრო სკოლის ლექტორმა, დოქტორმა კარენ მაპმა, გამოიკვლია, რა უნდა შეიცვალოს სკოლისა და მშობლების ურთიერთობაში იმისთვის, რომ მათ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული თანაშრომლობა შეძლონ.
კარენ მაპის ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფმა გადაამუშავა უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები, შეისწავლა წარმატებული პრაქტიკები და გამოწვევები, ითანამშრომლა სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მასწავლებლებთან.
სწორედ ამ შრომის შედეგად შეიქმნა თანამშრომლობის ორმაგი შესაძლებლობების ჩარჩო, რომელიც ავტორებმა კვლევის ფარგლებშივე გამოსცადეს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიიღეს გამოხმაურება მშობლებისა და მასწავლებლებისგან, დახვეწეს, გააუმჯობესეს და მხოლოდ ამის შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა საგანმანათლებლო წრეებში.
ოჯახსა და სკოლას შორის პარტნიორობის ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩო (Dual Capacity-Building Framework, DCBF) სცდება ტრადიციულ მიდგომებს, რომლებიც ოჯახებს სკოლასთან ურთიერთობას ასწავლის. კარენ მაპის ნაშრომის მიხედვით, წარმატებული პარტნიორობისთვის საჭიროა, სკოლამ შესაძლებლობები განუვითაროს არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ მასწავლებლებსაც, რათა შეიქმნას თანამშრომლობითი გარემო, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეთა განვითარებას.
ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩო ეყრდნობა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს სკოლამ მშობელთა ჩართულობის სისტემური დაგეგმვისთვის.
პირველია გამოწვევების იდენტიფიცირება. გამოწვევების იდენტიფიცირება იმის გაგებაში გვეხმარება, რატომ არ აქვთ სკოლებს და ოჯახებს ერთმანეთის ნდობა და რატომ უჭირთ თანამშრომლობა.
შემდეგია საკვანძო პირობების დაცვა. პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სკოლამ შემდეგ ექვს მახასიათებელზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:
- პროცესები ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული – სკოლებში ნაკლები დრო ეთმობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასეთი ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში სკოლებში უფრო ხშირად იღებენ არასწორ, არაპრაქტიკულ და ზოგჯერ მავნე გადაწყვეტილებებს მოსწავლეების შესახებ.
- პროცესები მიმართული უნდა იყოს მოსწავლეების სწავლისა და განვითარებისკენ – კვლევები მოწმობს, რომ ოჯახებიც და სკოლებიც პროცესებში მონაწილეობით უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, როდესაც ღონისძიებები და პროგრამები ორიენტირებულია ბავშვების კოგნიტიური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობასა და სკოლის ზოგად გაუმჯობესებაზე. როცა პროცესები მოსწავლეზე ორიენტირებული არ არის, მშობელთა ჩართულობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
- პროცესები პოზიტივს უნდა ეფუძნებოდეს – სისუსტეებზე, ნაკლოვანებებზე, ნეგატივზე აქცენტების დასმა უარყოფითად აისახება ოჯახების ჩართულობაზე. ეს წააგავს წარსულის მიდგომებს, მაშინ როდესაც პოზიტივზე დაფუძნებული მიდგომა აღიარებს და აფასებს ბავშვისა და ოჯახის ძლიერ მხარეებს. ამგვარი მიდგომით სკოლა ადვილად იზიდავს მოსწავლეთა მშობლებს ორმხრივად სასარგებლო პროცესებში ჩასართავად.
- პროცესები კულტურულად მგრძნობიარე უნდა იყოს და პატივისცემას ეფუძნებოდეს – კულტურულად მგრძნობიარე ჩართულობის სტრატეგიები გულისხმობს, რომ სკოლა აცნობიერებს და აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას. კულტურათა შორის სხვაობა თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სულ უფრო ნაკლები რჩება ეთნიკურად, რელიგიურად, ენობრივად მონოკულტურული გარემო. სკოლებმა შეიძლება გამართონ კულტურული დღესასწაულები, სადაც ოჯახები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიებს. ეს არა მხოლოდ მასწავლებლებს ეხმარება მოსწავლეთა მრავალფეროვნების გაცნობიერებაში, არამედ აღიარებს და აფასებს ყველა ოჯახის კულტურულ იდენტობას. მრავალფეროვნების აღიარებისა და მასში ტოლერანტულად ცხოვრების მაგალითს სკოლა უნდა იძლეოდეს.
- პროცესები თანამშრომლობითი უნდა იყოს – ძალისხმევა უნდა მიიმართოს სკოლასა და ოჯახებს შორის თანამშრომლობითი პროექტებისკენ. საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობების დაგეგმვისას მასწავლებლები პერიოდულად მშობელთა ჩართულობაზეც უნდა სვამდნენ აქცენტს.
- პროცესები უნდა იყოს ინტერაქციული – ცალმხრივი და დახურული კომუნიკაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება. ოჯახებს სასკოლო სიახლეებზე წვდომა ექნებათ, მაგრამ მხოლოდ სასკოლო ბიულეტენის დაგზავნით მათი ჩართვა ვერ მოხერხდება. ამიტომ, გარდა ბიულეტენებისა, შეიძლება შეიქმნას ფორუმები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში, სადაც მეტი ინტერაქცია იქნება შესაძლებელი.
შემდეგი კომპონენტია ორგანიზაციული პირობების დაცვა, რასაც, თავის მხრივ, ეფექტური ლიდერობა სჭირდება. ორგანიზაციულ პირობებში 3 მახასიათებელი იკვეთება:
- ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა სისტემური უნდა იყოს – ოჯახების ჩართულობა უნდა იქცეს გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნად და მკაფიოდ გაიწეროს სასკოლო დოკუმენტებში.
- ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა ინტეგრირებული უნდა იყოს დანარჩენ სასკოლო ცხოვრებასთან – ოჯახის ჩართულობა „ჩაშენებული“ უნდა იყოს სკოლის ყოველდღიურ აქტივობებში. სტრატეგიული გეგმის კალენდარზე მშობელი არ უნდა გამოტოვონ.
- ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა მდგრადი უნდა იყოს – ოჯახის ჩართულობის პროგრამები უნდა გააანალიზდეს, ის, რაც კარგად მუშაობს, უნდა მეორდებოდეს, ის, რასაც შედეგი არ მოაქვს, უნდა უმჯობესდებოდეს. იმისთვის, რომ ხანგრძლივად შენარჩუნდეს მდგრადი, ეფექტიანი თანამშრომლობა, ეს პროცესები უნდა იყოს დაფინანსებული.
საბოლოოდ, იმისთვის, რომ სკოლაში მშობელთა ჩართულობის სისტემა ამოქმედდეს, საჭიროა:
- შესაძლებლობები (ადამიანური კაპიტალი – ცოდნა და უნარები) – სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი უნდა იცნობდნენ თავიანთ მოსწავლეებს და მათ ოჯახებს, მათ საჭიროებებსა და სირთულეებს. შესაბამისად, სკოლა უნდა ფლობდეს სტრატეგიებსა და ტექნიკებს ოჯახებთან საკომუნიკაციოდ, ხოლო ოჯახებს ჰქონდეთ სკოლის ფუნქციონირებისა და თავიანთი შვილების განათლების ხელშეწყობის უნარები.
- კავშირები (სოციალური კაპიტალი – ურთიერთობები და ქსელები) – ოჯახებსა და სასკოლო საზოგადოებას სჭირდებათ წვდომა სოციალურ კაპიტალზე ნდობასა და პატივისცემაზე აგებული ძლიერი ქსელების მეშვეობით. ამ ქსელებში შედის ოჯახისა და მასწავლებელის ურთიერთობები და კავშირები სათემო ორგანიზაციებთან.
- თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა – ნდობის ნაკლებობა ხშირად ხელს უშლის წარმატებულ პარტნიორობას. მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა განავითარონ თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა, რათა შეძლონ ურთიერთობის დამყარება და ეფექტურად მუშაობა. ეს კი შესაძლებელი ხდება პატარ-პატარა წარმატებული პროექტებით, რომლებიც მეტის მოსინჯვის სურვილს აჩენს.
- ვარაუდები, რწმენა-წარმოდგენები და მსოფლმხედველობა – შესაძლებლობების, კავშირებისა და ნდობის განვითარება მოითხოვს სწორი ვარაუდების, რწმენა-წარმოდგენებისა და პერსპექტივების არსებობას ან გარდაქმნას. მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შეცვალონ მავნე სტერეოტიპები და რწმენები პოზიტიური აზროვნებით.
კარენ მაპის ჩარჩო დოკუმენტი ადასტურებს, რომ მასწავლებლებისა და ოჯახების ურთიერთხელშემწყობ მუშაობას მოსწავლეების და მთლიანად სკოლის გაძლიერებისკენ მივყავართ.
ოჯახსა და სკოლას შორის პარტნიორობის ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩოს შედეგები კი ასე გამოიყურება:
პედაგოგები შეძლებენ, დააკავშირონ ოჯახის ჩართულობა სწავლასა და განვითარებასთან; ჩართონ ოჯახები როგორც თანაშემქმნელები; პატივი სცენ ოჯახის გამოცდილებას; პატივი სცენ კულტურულ მრავალფეროვნებას.
ოჯახები შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო პროცესებში როგორც თანაშემქმნელებმა, მხარდამჭერებმა, წამხალისებლებმა, მეთვალყურეებმა, ადვოკატებმა და როლურმა მოდელებმა.
სტატია დაიწერა სახელმძღვანელოს „მშობელთა ჩართულობა სკოლაში“ ერთ-ერთი თავის – „მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმვა სკოლაში“ – მიხედვით, რომლის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი.
https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2024/10/A5_2024.pdf