კვირა, თებერვალი 23, 2025
23 თებერვალი, კვირა, 2025

გამოცდილების გაზიარების ძალა

ერთი ძალიან დიდი, ძალიან ძველი და კარგი ქართული წიგნის პერსონაჟი, დიდი ქართველი გრიგოლ ხანძთელი, სანამ საკუთარ მონასტერს დააარსებდა, ოპიზაში გამოცდილ მამებთან ცხოვრობდა ორი წელი და პარალელურად ხშირად გადიოდა უდაბნოში, რათა განდეგილი ბერებისგან სხვადასხვა სათნოება აეთვისებინა, ესწავლა… როცა მონასტერი ააშენა, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა და იქაურ სასულიერო პირთა ცხოვრების წესებს გაეცნო, პარალელურად კი იერუსალიმში მიმავალ მეგობარს საბაწმინდის მონასტრის წეს-განგების ჩამოტანა სთხოვა, რათა ყველა ეს ცოდნა, ინფორმაცია გამოეყენებინა და საკუთარი საძმოსთვის იდეალური, ქართულ სინამდვილეზე ადაპტირებული სამონასტრო კანონები შეეთავაზებინა… ასე იყო მეცხრე საუკუნის საქართველოში…

ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ… და აქ უამრავი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ. იმ უნარ-ჩვევების გარდა, რომლებიც ინსტინქტურად ან გენეტიკურად გვეძლევა, ყველა სხვა ჩვევას დასწავლა სჭირდება. დასწავლა კი ცოდნის გაზიარების გარეშე ძალიან რთულია, ხშირ შემთხვევაში – შეუძლებელიც კი.

გამოცდილების გაზიარება ბევრი მიზეზითაა ღირებული: პირადი ისტორიების თხრობით ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, ერთმანეთის ნდობას მოიპოვებენ, ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ… გამოცდილების გაზიარება სხვისი წარმატებისა და შეცდომის მაგალითებს გაწვდის, კრიტიკულ აზროვნებას გაჩვევს, გხდის უფრო გულახდილს; გეხმარება, გააგებინო სხვებს და გაიგო სხვების… სკოლაში გუნდურ მუშაობას გაჩვევს, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში. რაც მთავარია, თანამოაზრეების პოვნის საშუალებას გვაძლევს, პიროვნულ ზრდაში გეხმარება…

ასეთი გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგი მაგალითია სხვადასხვა სასწავლო პროექტით გამგზავრება უცხო ქვეყანაში. საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებმაც მსგავსი პროგრამა სასწავლო პროექტის დაფინანსების ფარგლებში გაიარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით. ამ ადამიანებმა მიიღეს ცოდნა, გამოცდილება, და მას საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. მსგავსი პროექტები მასწავლებლებისთვისაც ხორციელდება, და ისინიც ამ კამპანიების ფარგლებში მრავალფეროვან გამოცდილებას იძენენ. იძენენ და უზიარებენ გარშემომყოფებს, ნერგავენ საკუთარ საგაკვეთილო პრაქტიკაში. ნათქვამია, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. ისინიც ნახულობენ, ეცნობიან და გვიზიარებენ.

მსგავს პროექტებს აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანა თუ ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში, ევროკავშირი… მიღებული ცოდნის გამოყენება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე ჩვენს განათლების სისტემას ეხმარება განვითარებაში. და თუ როგორ, ამის შესახებ თავად მასწავლებლების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია: ნანა მარღანია, სსიპ-ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის მონაწილე Erasmus+-ის დაფინანსებით: „პროექტების ფარგლებში ევროპულმა სკოლებმა გაგვიზიარეს გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლების თანამშრომლობის პრინციპებზე, არაფორმალური განათლების მიმართულებით სწავლების მეთოდებსა და მიდგომებზე… ეს დამეხმარა, გამეძლიერებინა ჩემი სკოლა არაფორმალური განათლების მიმართულებით, გამეძლიერებინა თანამშრომლობა სკოლას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბიზნესსექტორს შორის და, შესაბამისად, სკოლა გახდა ლიდერი რეგიონში“.

ამ გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარა, გაგვეაზრებინა, როგორ არის შესაძლებელი ფორმალურ განათლებაში არაფორმალური მიდგომების ინტეგრირება, კლუბების გაძლიერება და სათემო პროექტების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ამ ყველაფერს ნამდვილად შეუძლია არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა.

გარდა ამისა, ყოველი წლის ბოლოს, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში საერთაშორისო ფორუმზე იკრიბებიან. ფორუმი არის საშუალება წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობის შეჯამების, გამოცდილების გაზიარებისა და უამრავი ახალი ინფორმაციის მიღების. რაც მთავარია, ახალი ხალხის გაცნობისა და მათთან ერთად სამომავლო პროექტების დაგეგმვის. ილიაუნი, როგორც ცენტრის პარტნიორი და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ხელმძღვანელი საქართველოში, კლუბის წევრ მასწავლებლებთან/კოორდინატორებთან ერთად ჩართულია ამ ღონისძიებაში და ყოველ წელს მიწვეულია ვარშავაში (პოლონეთი).

2023 წლის 23-26 ნოემბერს სასწავლო ვიზიტით კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაემგზავრა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრის ორი მასწავლებელი: ელისო აბრამიშვილი და ინგა მოსიაშვილი. როგორც თავად ამბობენ, ფორუმმა მათ მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ თავიანთი პრაქტიკული კვლევები სხვა მასწავლებლებთან, მოესმინათ კოლეგების ინოვაციური იდეები და დაენახათ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებს. „ამ გამოცდილებამ, გარდა პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა, ახალი ხედვაც მოგვცა, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ სასწავლო პროცესში კვლევითი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს არამხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ უვითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით უნარებს“ (ინგა მოსიაშვილი).

ნინო შუხოშვილი, ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია: „მიღებულმა საერთაშორისო გამოცდილებამ (საგანმანათლებლო ტრენინგ კურსი პროექტისათვის Events for Future მდგრადი ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა. დორტმუნდის საგანმანათლებლო ცენტრი; Erasmus+ პროგრამები: ტრენინგ კურსი „Outdoors and Digital Tools in Youth Work“ – ციფრული ტექნოლოგიებისა და გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, კუუსამო, ფინეთი; სასწავლო მობილობის პროექტი „RESTART THE GAME“ – თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში, პიარნუ, ესტონეთი; ტრენინგკურსი „AD VENTYURE“ – სოციალური მეწარმეობა) უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. აქტიურად დავნერგე პედაგოგიურ პრაქტიკაში მეთოდები, რომელთა გამოყენებამ სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო, ხალისიანი, შედეგიანი გახადა“.

ნათია ნარსავიძე, სსიპ ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი: „2023 წელს ვიმყოფებოდი პოლონეთში eTwinning-ის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა mindfulness-ისა და იოგის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. სემინარი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, გავიაზრე, რომ თუ მოსწავლე ჰარმონიაში არ არის საკუთარ თავთან, ძალიან უჭირს კონცენტრირება. მას შემდეგ აქტიურად ვიყენებ 5-წუთიან შესვენებებს გაკვეთილებზე mindfulness-ის მარტივი აქტივობებისა და იოგას ვარჯიშებისთვის, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მკვეთრად გაიზარდა მათი სწავლის მოტივაცია, ერთმანეთის მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ, შფოთვაც მოეხსნათ და აკეთებენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ. ეს აკადემიურ შედეგებზეც აისახა“.

ანა კინწურაშვილი, სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი: „საგაკვეთილო პროცესსა თუ საკლუბო საქმიანობაში მრავალფეროვანი აქტივობების წყალობით მოსწავლეების დამოკიდებულება ჩემი საგნის, მათემატიკის, მიმართ შეიცვალა, ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა. ძნელია, როდესაც ბავშვები ვერ იგებენ კონკრეტული მასალის სწავლის საჭიროებას, ვერ აკავშირებენ მიღებულ ცოდნას რეალურ ყოფასთან, და პირიქით, პრაქტიკული მაგალითების თეორიულ ახსნას ვერ პოულობენ. გამოსავალი ორ რამეშია: მუდმივად ვიზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე და გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ. ვფიქრობ, ჩემს საქმიანობაში ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა ფინეთში ტრენინგ კურსის გავლა აღმოჩნდა, რომელმაც საშუალება მომცა, კლუბების საქმიანობა მეტად მიზანმიმართული, ინოვაციური და სინთეზური გამეხადა, ხოლო ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების ელემენტები დამენერგა. აღნიშნული გამოცდილება 2022 წელს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრის, პავლე თვალიაშვილის მხარდაჭერით მივიღე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ორგანიზაცია „სიქას“. მიღებული ცოდნა და გამოცდილება უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში კონფერენციებსა და ტრენინგებზე 400-ზე მეტ მასწავლებელს ბანაკებსა და სხვადასხვა აქტივობაში 1000-ზე მეტ მოსწავლეს პირადად გავუზიარე“.

ჩვენ ვსწავლობთ სხვებისგან, ვიღებთ ემოციურ მხარდაჭერას, ვივითარებთ სხვადასხვა უნარს, ვქმნით პოზიტიურ სასწავლო გარემოს, ვსწავლობთ თანამშრომლობას, გუნდურად მუშაობას…

რატომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე? დღეს, კომუნიკაციის ეპოქაში, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალი გამოცდილების მიღება, ახალი სივრცეების გაცნობა, ათვისება, შეცნობა, გამოგონილი ველოსიპედის თავიდან არგამოგონება, დროის, ენერგიის დაზოგვა, სწავლა და სწავლება. ეს გაცილებით მარტივია მაშინ, როცა სხვებს ვუსმენთ, როცა არ ვიკეტებით, როცა სხვების მიღება და მათი ამბების გაზიარება შეგვიძლია.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის შესაძლებელია. მთავარია მონდომება, განვითარების სურვილი და…

ეს სტატია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთი ეპიზოდით დავიწყე. ჰოდა, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“