სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

არ მომწონს…

არ მომწონს, როდესაც  ადამიანები მიმავალს თვალს მარიდებენ და ნაგვის ურნებში რაღაცის პოვნას ცდილობენ. მეც ვარიდებ თვალს, მრცხვენია, რადგან მათი დახმარება არ შემიძლია.
არ მომწონს, როდესაც დედა წინასწარ შვილს უთანხმდება, რომ მაღაზიაში მხოლოდ იმ პირობით შევლენ, თუ პატარა რამის ყიდვას არ მოითხოვს. დედას ზედმეტი ფული არ აქვს…
არ მომწონს, როდესაც ღირსეული ადამიანები უმუშევრები არიან და თვითრეალიზებას ვერ ახერხებენ.
არ მომწონს, როცა პენსიონერს  გროშები აქვს პენსია.
არ მომწონს, როცა ადამიანები ბანკის ვალის გამო ქუჩაში რჩებიან და მათი გასახლება ბარბაროსული მეთოდით ხდება.
არ მომწონს, როცა  ახალგაზრდების ნაწილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლს ეძალება. სხვები კი თვითმკვლელობით ასრულებენ  სიცოცხლეს.
არ მომწონს, როცა საკუთარი ხელმოცარულობით გაავებული კაცები ცოლებს ხოცავენ.
არ მომწონს, როცა ქუჩაში ამდენი უპატრონო ცხოველია.
არ მომწონს, როცა პატარა ბავშვები მათხოვრობენ.
არ მომწონს, როცა მიუსაფარი მოხუცები თვალცრემლიანი და ხელგამოწვდილები დგანან.
არ მომწონს, როცა შვილები მოხუც მშობლებს კათარზისში აბარებენ.
არ მომწონს, როცა ტერიტორიები დაკარგულია და ქუჩაში გამოფენილი ლოზუნგების ამარა ვართ, გვახსოვდესო…
არ მომწონს, როცა სტუდენტი ლექციას მიცდენს, რადგან მუშაობს და ვერ მოდის. ის კი მომწონს, რომ მუშაობის და გარჯის სურვილი აქვს, მაგრამ აქ სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იძულებულია იმუშაოს და ლექციაც აცდინოს.
მავანი მეტყვის, არ მოგწონს და შეცვალეო. მე არ შემიძლია ამის შეცვლა. ამის აღიარებაც არ მომწონს, მაგრამ ფაქტია.
ჰოდა, როცა გარშემო ამდენი „არ მომწონს” არის, ახლა სულ მცირე ხნით იმ სამყაროში შევეცდები შესვლას, სადაც სხვა ფერები და განცდებია.  პირდაპირ ჩემი ოთახის კედლიდანვე  შევალ. აი, იმ სურათიდან, რაღაც უცნაური ტყე რომ არის გამოსახული და მთელი კედელი  დაპყრობილი აქვს. იქ ტყეა, დაბურული და უცნაური, ოღონდ მე არ შემეშინდება, სინამდვილეში აქ ვარ კომპიუტერთან და ვბეჭდავ. იქ, ტყეში წარმოსახვით გახლავართ. თქვენც ზუსტად ჩემსავით იქნებით, კომპიუტერთან წერილის კითხვის პროცესში და წარმოსახვით ტყეში. გამოდის ერთად ვყოფილვართ… მაშ,  ასე…
ტყე დაბურულია–მეთქი, ვთქვი, მზის სხივი ვერ აღწევს. სადღაც სიღრმეში თუ აღწევს სინათლე, იმის იქეთ ოაზისი სივაა, სადაც აქლემის ექსკრემენტებს ამიაკური წყლის მისაღებად იყენებენ. ამინი, ამიაკი, ამონიუმი მზის ღვთაების ამონის სადიდებლად ეწოდა. ეს ღვთაებაც სადღაც მანდ დაეხეტება, ხელთ მზის დისკი უპყრია და გრძელ ბუმბულებს აფრიალებს. თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის ერთდროულად ორი ქვეყნის ღვთაება  იყოს – საბერძნეთის და ეგვიპტის. 
მზის ღვთაება სხვაც არის და მას ჰელიოსი ქვია. ამ ტყეში სულაც არ მინდა შემხვდეს. უცნაური კაცია, იმის მიხედვით, რა თვალზე შემოგხედავს, ან უსასრულო სიცოცხლეს მოგანიჭებს, ან დაგაბრმავებს. უსასრულოს არაფერს გემო არ აქვს, სიცოცხლეც იმით არის ასე სათუთი, რომ ერთ დღესაც დასრულდება, თვალის ჩინზე ხომ აღარაფერს ვამბობ. თუმცა, მეეჭვება ახლა აქ იყოს. დღისით ცეცხლოვანი ცხენებით ცაში ნავარდობს, ღამით კი ზღვებს აკონტროლებს. ტყეში უყვარდეს სიარულიო, არ გამიგია. მის სადიდებლად ჰელიუმს უბოძეს სახელი. სპექტრული მეთოდით ჯერ მზეზე აღმოაჩინეს, მოგვიანებით მიწაზე.  
კამკამა მდინარესთან  ახალგაზრდა ყმაწვილი ზის, ჩემკენ არც იყურება, წყლის ზედაპირს ჩასცქერის და თავისივე გამოსახულებით ტკბება. ნარცისია, მდინარის ღვთაების და ნიმფის შვილი. აქვე გარდაიცვლება, თავისი თავით ტკბობაში, ამიტომ ხელს ნუ შევუშლით და იმ აღმართს შევუყვეთ.  
თუმცა, არა, ვშიშობ ნარცისის სიმყუდროვის დარღვევა კვლავ მოგვიწევს, რადგან ზემოთ კადმოსი  დაეხეტება და თან მგონი უხასიათოდაც გახლავთ. ვინმე უბრალო არ გეგონოთ, ფინიკიის მეფის აგენორის ვაჟია და მამის დავალებით ზევსის მიერ მოტაცემულ დას – ევროპას დაეძებს. მეტალი კადმიუმი თავის სახელს სწორედ მას უმადლის. ახლა დრაკონის კბილებს თესავს, საიდანაც ჯარი გაიზრდება და ერთმანეთს ამოჟლეტენ. ამიტომ ამ გაუგებრობაში რომ არ მოვყვეთ, სწრაფად გავიქცეთ საპირისპირო მხარეს. 
რაც შეეხება ევროპას, ის კუნძულ კრეტაზე უნდა ეძებოს და არა აქ, ჩემი ოთახის კედლიდან გადასასვლელ ტყეში. გახსოვთ ზევსმა ოქროს წვიმის სახე რომ მიიღო და დანაე მოინახულა? დიდი ოხუნჯი გახლდათ ზევსი, ევროპას გატაცებისას თეთრ ხარად იქცა, მეფის ასული ზედ შემოისვა და გაფრინდა. ლანთანოიდების ოჯახის ელემენტი ევროპიუმი მოტაცებული ევროპის სახელს ატარებს. 
ნარცისს გამოვცდებით თუ არა, ცოტა სიღრმეში წითელ ბაფთებზე ჩამობმული საქანელაა. არა, ჩვენ მასზე ბზრიალის უფლებას არავინ მოგვცემს, პატრონი ყავს, ალისფერ ჰაეროვან კაბაში გამოწყობილი ეოსი, გარიჟრაჟის ქალღმერთი, ჰელიოსის და სელენას და. სწორედ ეოსის პატივსაცემად ეწოდა წითელ საღებავს ეოზინი (2,4,5,7-ტეტრაბრომფლუორესცეინი).
საქანელას თავზე ცისარტყელაა, ირისი დაფარფატებს ზედ და ფუნჯით ფერებს ასწორებს. არც გაემტყუნება, პატარა ბერნული ღვთაებაა და ცისარტყელას შეფერადება ევალება. ფერადი სპექტრის მქონე ნაერთების  წარმომქნელი ირიდიუმი  ირისის სახელს უკავშირდება. 
ირიდიუმის მსგავსი  მეტალი პალადიუმია. ძველ საბერძნეთში პალადიუსს  ქანდაკებას ეძახდნენ, რომელიც სახელმწიფოს თილისმად იყო ცნობილი. ერთნი ამტკიცებენ ოლიმპოს მთიდან ღმერთებმა ისროლესო, მეორენი ამბობდნენ ღვთაება აფინამ დაამზადებინაო. 
საქანელას გვერდით უცნაური მცენარეებია. ამ მცენარეებისგან მორფინი და მისი მსგავსი ალკალოიდები გამოიყოფა. მათ მედიცინა სამკურნალო მიზნებისთვის იყენებს, თუმცა თავისივე თავის მტრებს რა გამოლევს, მათ მორფინიზმით დაავადებულები  ქვიათ. 
თუმცა აქ ჩვენ პრეფიქსი „მორფო” ან დაბოლოება „მორფიზმი” უფრო გვაინტერესებს. მორფეუსი ფრთიანი ღვთაება გახლდათ, ჰიპნოზის ერთ-ერთი ვაჟი. ადამიანებს სიზმრად ევლინებოდა და სხვადასხვა ფორმას იღებდა. ბერძნული სიტყვა „მორფე” ითარგმნება, როგორც „ფორმა”, ამიტომაც სწავლებას ფორმის (მაგ. კრისტალების ფორმა) შესახებ – მორფოლოგიას უწოდებენ. ქიმიური შემადგენლობის ცვლილების შედეგად კრისტალების სტრუქტურის და თვისებების შეცვლას მორფოტროპია ეწოდება. ტერმინებით „პოლიმორფული”, „იზომორფული”, მოიხსენიებენ ნივთიერებებს, რომლებიც ან სხვადასხვა ტიპის კრისტალური ფორმით არსებობენ, ან ერთნაირი ფორმა აქვთ. 
აქვე ალკალოიდი ატროპინიც შეიძლება მოიძებნოს. უფრო სწორად, მისი შემცველი მცენარეები. მას ბედის სამსახოვანი  ქალღმერთის ატროპოსის  სახელს უკავშირებენ. ის ღამით ფხიზლობს და ძაფს ართავს, ლეგენდის მიხედვით, ამ დროს ვიღაცის ბედი ირთვება. ვაი, თუ ატროპოსმა ძაფი გაწყვიტა, ხვდებით ალბათ რაც მოხდება. მედიცინაში ატროპინი სუნთქვის სტიმულირებისთვის, თვალის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დროს გუგების გასაფართოებლად და აქტიურობის მომატებისთვის გამოიყენება. 
ალკალოიდებით სავსე მცენარეებიდან ოდნავ სიღრმისკენ თუ გავიხედავთ, ვიღაც ახალგაზრდა ბრგე აღნაგობის კაცს ნამდვილი სპორტდარბაზი მოუწყვია. ისეთი დაკუნთულია, ეს ნამდვილად ცილების იგივე პროტეინების სმითაც არის გართული. ეს პოსეიდონის ვაჟი პროთეუსია და პროტეინების სახელწოდების ლეგენდისმაგვარი ფესვებიც მასთან უნდა ვეძებოთ.  
ამასობაში მოსაღამოვდა, მთვარის შუქი აღწევს დაბურულ ტყეში. მთვარიდან ჰელიოსის და სელენა იმზირება. არ გაიოცოთ, მთვარეზე რა უნდაო, მისი ღვთაებაა. ქიმიაში კი ელემენტი სელენი გვაქვს…
ტყიდან გასვლის დროა უკვე. თუმცა იქიდან რა ხმაური ისმის? ეს ეჭვიანობისგან გაგიჟებული ჰერაკლეა. თორმეტი გმირობა აქვს ჩადენილი. ერთ-ერთი  წყლის გველის, ტიფონის და ექიდნას შვილი ჰიდრას მოკვლაა. ჰიდრას ცხრა თავი ჰქონდა, აქედან ერთი უკვდავი იყო. ჰერაკლემ კიდევ ისე გააკეთა, რომ ჰიდრას გაუვნებელყოფა შესაძლებელი გახდა. ჰიდრატაცია, ჰიდრატები, ჰიდროლიზი ლეგენდების დონეზე „ჰიდრას” სახელიდანაა აღებული.
 ჰერაკლე უდავოდ გმირი იყო, მაგრამ აგერ ახლა თავის ცოლს ისარს უმიზნებს, დარწმუნებულია, რომ სამი ასული მისი საკუთარი კი არ არის, ევრისთევსის შვილები ჰგონია. ჰერას მიერაა წაქეზებული და რას სჩადის, თავადაც არ იცის. ისარი მოზიდა და… ჰო, ესროლა, მოკლა თავისი ცოლი…  
თუმცა, ჰერაკლეს რა ველაპარაკო, 21-ე საუკუნეში, საქართველოში, სადაც ყოველთვის ქალის კულტი იყო, დღეს კაცები საკუთარ ცოლებს ხოცავენ.
ჰოდა, იმას ვამბობდი… არ მომწონს-მეთქი და მრცხვენია -მეთქი… 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“