კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

გაკვეთილის სათაური – სკოლაში ვბრუნდები!

სკოლის პირველი დღეებს განსაკუთრებული მღელვარებით უმცროსკლასელები და მათი მასწავლებლები ველოდებით. გვინდა, პირველი შეხვედრა დაუვიწყარი იყოს, პირველი გაკვეთილები კი – მხიარული, დაუძაბავი, სიხარულითა და ბრჭყვიალა განწყობით სავსე.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტექსტსა და აქტივობას, რომელიც სკოლის პირველ დღეებში გამოგადგებათ.

ტექსტი 1

მართას დღიური    

31 აგვისტო

სწავლა იწყება. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი სკოლა მომენატრა. მიხარია, რომ კლასელებსა და მასწავლებლებს ვნახავ. კარგი იყო ზაფხული, ბევრი ვითამაშე, გავირუჯე, ვიცურავე, ვიმოგზაურე. ერთი წიგნიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა. წიგნები და რვეულები  უკვე მოვიმზადე, ჩანთაც ჩავილაგე. ახალი ჩანთა აღარ ვიყიდე, რადგან შარშანდელიც ძალიან მომწონს. არც გაკვეთილების ცხრილი მიყიდია, მე თვითონ დავხატავ.

დღეს  ადრე უნდა დავიძინო, თორემ დილით გაღვიძება გამიჭირდება.

რა კარგია, უკვე მეორეკლასელი ვარ!

 

მოდი, ვილაპარაკოთ:

 

  • შენ როგორ ემზადები სკოლისთვის ?
  • დღიური მართამ 31 აგვისტოს დაწერა, როგორ ფიქრობ, რომელი თვე იქნება, როცა ის სკოლაში წავა?
  • რატომ აპირებს მართა ადრე დაძინებას?
  • შენ როდის იძინებ?
  • თავად მიდიხარ დასაძინებლად თუ მშობლები გახსენებენ, რომ ძილის დროა?
  • მართას შარშანდელი ზურგჩანთა მიაქვს სკოლაში, შენ როგორ ფიქრობ, აუცილებელია, ახალი ზურგჩანთა?

 

ტექსტი 2

სკოლისაკენ!

 

მართა  მთელი დღეა ცქმუტავს, ადგილს ვერ პოულობს, ფაციფუცობს. ხუმრობა ხომ არაა, ხვალ  სკოლა იწყება.   სკამზე მისი სამოსი ჰკიდია, ჩანთაში საყვარელი ფანქრები და კალამი უწყვია.

მაინც როდის გათენდება!

-დაიძინე, დაიძინე – ეუბნება თავის თავს- თორემ ხვალ მთქნარებას ვერაფერს მოუხერხებ.

მართას ძილი ძალიან უყვარს, თუმცა საღამოობით მაინც წუწუნებს. ზოგჯერ მშობლებთან ერთად ჯდომა და ტელევიზორის ყურება უნდა. ხანდახან გვიან დაძინების უფლებასაც რთავენ. ეს მაშინ ხდება,  როცა ვინმეს დაბადების დღეა, ან ახალი წელია და  მონატრებული ბებია ჩამოდის-ხოლმე.

ხვალ სკოლა იწყება, ამიტომ  ადრე უნდა დაიძინოს. დილით მომზადება ხომ უნდა მოასწროს? სკოლაში ხომ არ  დააგვიანებს?

ჩანთას და სამოსს წინა საღამოს იმზადებს.

დილით დრო სწრაფად გარბის და ჰაიდა, სკოლაში წასვლის დროა!

  • მოდი, ერთად ვითამაშოთ:

ორი ჩანთა

 

დავალება:

 

მართას  ორი ზურგჩანთა აქვს, ერთს-არდადეგებზე, სამოგზაუროდ იყენებს, მეორეს კი -სკოლაში. დააკვირდი ორივე ზურგჩანთას და მიპასუხე ( ზეპირად):

 

  1. რომელი ზურგჩანთაა სამოგზაურო? რომელია სკოლისთვის განკუთვნილი ზურგჩანთა?
  2. რომელი ნივთები უნდა ჩააწყო პირველ ზურგჩანთაში?
  3. რომელი ნივთები დაგჭირდება სკოლის ზურგჩანთაში ჩასალაგებლად?
  4. რომელია ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება ორივე ზურგჩანთაში ჩადო?
  5. კიდევ რა ნივთებს ჩაალაგებდი სკოლის ზურგჩანთაში?
  6. გახსენი შენი ზურგჩანთა და ჩამოთვალე, რომელი სასკოლო ნივთები წამოიღე სკოლაში?

 

 

ტექსტი 3

თინიკო და მზე

კომენტარი მასწავლებლებისათვის:

გაბრიელ ჯაბუშანურის ეს საბავშვო ლექსი ძალიან კარგი რესურსია ბავშვებისათვის დილის რუტინის, დამოუკიდებლად მომზადების  სასწავლებლად, ერთგვარი დილის განრიგია, რომელიც მრავალ სავარჯიშოდ შეგიძლიათ აქციოთ. მაგალითად:

  1. შეცვალოთ მთავარი პერსონაჟის სახელი მოსწავლის სახელით, ან თავად ჩაანაცვლონ, აქვე, ზოგიერთი, უფრო მცირე ან უფრო მეტმარცვლიანი საკუთარი სახელის ლექსში ჩასმისას ლექსის მნიშვნელოვან მახასიათებელს, რიტმს შეეხებით და იმსჯელებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ლექსის რიტმი არ დაირღვეს.
  2. ეს ლექსი შეგიძლიათ ე.წ. სმაილების, ხატულების ენაზე თარგმნოთ, მზის, გოგონას, ღიმილისა და მოქმედებების სახელების გამეორება მეტყველების შესანიშნავი საშუალება იქნება.

 

გაბრიელ ჯაბუშანური

 

* თინიკო და მზე

 

დილით ადრე იღვიძებენ

თინიკო და მზე

 

თინიკო რომ ხელ–პირს იბანს,

ხელ–პირს იბანს მზეც.

 

თინიკო რომ თმას ივარცხნის,

თმას ივარცხნის მზეც .

 

თინიკო რომ ისაუზმებს,

ისაუზმებს მზეც.

 

სკოლაში რომ მიდის თინა,

მზეც უმშვენებს გვერდს.

 

მაგრამ აი, დედაენა

ჯერ არა აქვს მზეს.

 

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • როგორ ემზადები სკოლისთვის? ჩამოთვალე მოქმედებები დაწვრილებით;
  • მარტო გამოდიხარ სახლიდან თუ ოჯახის წევრებთან ერთად?
  • დიდი დრო გჭირდება სკოლაში მისასვლელად?

 

 

 

 

 

ტექსტი 4 გაცნობა

 

 

მადსის ახალი სკოლა

 

ანე-კატარინე ვესტლის საბავშვო წიგნის „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ მიხედვით

 

 

ზარი დაირეკა და მადსი კლასში შევიდა.

-ბავშვებო, ახალი ბიჭი გვყავს კლასში, გაიცანით, მას მადსი ჰქვია – თქვა მასწავლებელმა. – აი, აქ შეგიძლია დაჯდე- უთხრა ბიჭს.-ახლა ის გვითხარი, მადს, სად ცხოვრობ?

-ტყეში- იყო პასუხი.

ამის თქმაზე ბავშვებს ერთხმად გაეცინათ.

-მაშ, არ იცი მისამართი? – ისევ ჰკითხა მასწავლებელმა.

-ჩვენი მისამართია ტყე- უპასუხა ბიჭმა-ტყეშია ჩვენი სახლი.

ძალიან კარგი -თქვა მასწავლებელმა, რამდენიმე ბიჭმა კი ჩაიცინა.

შესვენებაზე მადსი ეზოში გავიდა და სკოლის შორეულ კუთხეში დაიმალა. ეწყინა, რომ დასცინეს, თანაც ახალ სკოლაში მოიწყინა. ზარი როცა დაირეკა, ისევ კლასში ავიდა.

-სად იყავი, ბევრი გეძებეთ, შენთან თამაში გვინდოდა-უთხრა ერთმა ბიჭმა.  სხვებმაც გაუღიმეს. მადსმა შვება იგრძნო, აქაც ისეთივე ბავშვები იყვნენ, როგორიც ძველ სკოლაში.   მადსი გამხიარულდა, გახალისდა, დასვენებაზე თანაკლასელებთან ერთად  ბევრი ითამაშა.

 

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • რატომ გაიცინეს ბავშვებმა?
  • რა ეწყინა მადსს?
  • რა მოხდა მერე?
  • თქვენს კლასში არის ახალი მოსწავლე?
  • როგორ უნდა გაიცნოთ ადამიანი?
  • რა სიტყვებს ვიყენებთ ადამიანის გაცნობისას?
  • რაზე შეიძლება ვესაუბროთ ახალგაცნობილ ადამიანს?

 

ტექსტი 5

დიალოგი

 

მართა- გამარჯობა, მე მართა  ვარ, ეს ელენეა.

დიმიტრი-მე დიმიტრი მქვია.

ელენე-რა ლამაზი სახელია!

დიმიტრი-მადლობა, ელენეც ლამაზია.

მართა- რომელი სკოლიდან გადმოხვედი?

დიმიტრი- ბათუმის მეორე საჯარო სკოლიდან.

მართა-ბათუმელი ხარ?  როგორ მიყვარს ბათუმი, ხშირად ჩავდივართ-ხოლმე.

დიმიტრი-მეც მიყვარს და უკვე  ძალიან მენატრება!

ელენე-ყველაზე მეტად რა გენატრება?

-დიმიტრი-ყველაზე მეტად  ჩემი მეგობრები, ზღვა და თოლიები.

მართა-არ მოიწყინო, თოლიები მტკვრის სანაპიროზეც დაფრინავენ

-დიმიტრი-მართლა?არ ვიცოდი, თბილისშიც თუ იყვნენ.

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • როგორ დაიწყო საუბარი მართამ?
  • რომელი ქალაქიდანაა დიმიტრი?
  • რა ენატრება ყველაზე ძალიან დიმიტრის?
  • როგორ ამშვიდებს მართა?
  • გაინაწილეთ როლები და ისე წაიკითხეთ ბავშვების საუბარი.

 

დავალება

 

როგორ გავიცნოთ ერთმანეთი

 

ახალი ადამიანის გაცნობა თან მარტივია, თან რთული. მარტივი იმიტომ, რომ სულ ერთი სიტყვა გჭირდება, რთული კი იმიტომ-რომ ამ ერთი სიტყვის მოძებნა ძნელია.

 

გვასწავლე, შენ როგორ პოულობ ხოლმე საჭირო სიტყვას?

  • როგორ იწყებ საუბარს?
  • როგორ ეცნობი მეორე ადამიანს?
  • რომელ სიტყვებს იყენებ ადამიანის გაცნობისას?
  • რაზე ესაუბრები?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“