სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წვეთ-წვეთი ექსპანსია და ქართულ პრესაში დამალული საიდუმლო

მიგრაციის საშუალებით ადამიანის ცხოვრებისა და ბედის ცვლილება ხშირად არა სუბიექტური არჩევანი, არამედ ობიექტური პირობების ზეგავლენაა, ზოგჯერ კი  საშიში პოლიტიკური იარაღიც. ის განსაკუთრებით საშიში იმპერიალისტური და ტოტალიტარული რეჟიმების მართვისა და ძალაუფლების იარაღია, რომლის შედეგიც, საქართველომაც არაერთხელ იწვნია.

ახლაც, ისევე, როგორც პრინციპში ყოველთვის, საქართველოს წინაშე მრავალი საშიშროება დგას, მათ შორის, დემოგრაფიული ცვლილების რისკი, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსულმა მიგრანტთა დიდმა რაოდენობამ შეიძლება განაპირობოს.

მიგრაცია და დემოგრაფიული „თამაშები“ დიდი იმპერიებისთვის ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური იარაღი. მაგალითების მოყვანაც არ გახდება საჭირო, ყველას უცებ გაგვახსენდება ახლო თუ შორი წარსულის ამბები. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და ძლიერი ძალაა, რომ სპეციალური, კარგად გაწერილ-დაგეგმილი პროგრამა-პროექტების შესაქმნელად იმპერიალისტური რეჟიმების დღის წესრიგს სპეციალური ორგანიზაციები თუ სამინისტროები ახორციელებდნენ.  რასაკვირველია, ასე იყო რუსეთის იმპერიის თუ მისი ადგილმონაცვლე, საბჭოთა კავშირის დროსაც.

თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს მოვიშველიებთ და, ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე განთავსებულ მეცხრამეტე საუკუნის პრესას გადავავლებთ თვალს, ხილული და აშკარა გახდება მცირე თუ მსხვილი მიგრაციული პროცესები, რომელთა დახმარებითაც იმპერია დაპყრობილი ქვეყნების მართვას,  მათი წინააღმდეგობის შესუსტებას, განიარაღებას თუ სულაც, საჭირო ადგილას ნაღმებისა და საფრთხეების დამალვას ახერხებდა.

ისტორიის გადაკითხვა და გათვალისწინება აწმყოსა და მომავლის საფრთხეებისგან თავის დაცვაში უნდა გვეხმარებოდეს. გვიცავს თუ არა ჩვენი ისტორიული მეხსიერება,ზუსტად არ ვიცი,დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და ვერ ჩამოვყალიბდი. თუ არ გვიცავს, სიფრთხილე მაინც გვასწავლოს, რადგან, როგორც ეკლესიასტესთან წერია და პრინციპში, ყველა ისტორიული თუ ლიტერატურული ტექსტთაც დამოწმებულია, არაფერია ახალი ამ სამყაროში, ყველაფერი უკვე იყო და ალბათ იქნება, თუმცა, მაინც შეგვიძლია მომავლის საფრთხეს მომზადებულები დავხვდეთ.

მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესა, როგორიცაა, „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „ისარი“, მომავალი“  და სხვა  ხშირად მიმოიხილავს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზოგჯერ ფრთხილად, მხოლოდ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ზოგჯერ კი საკმაოდ მწვავე კრიტიკასაც იმეტებს-ხოლმე. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა რუსული მიგრაციის დიდ თუ მცირე ნაკადებს. როგორც ჩანს, სისტემურ მიგრაციას ისე შეუშფოთებია ზოგიერთი ქართველი მოღვაწე, რომ 1902 წლის ივერიაში ვკითხულობთ ინფორმაციას, თუ როგორ გადაწყვიტეს ქუთაისში დააარსონ საგვარეულო მამულების დამცველი საზოგადოება იმისთვის, რომ მიწები უცხოთა ხელში არ აღმოჩნდეს.

ზოგიერთი წელი და ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთი განსაკუთრებით გამოირჩევა ამბების მძაფრი აღწერით, მაგალითად, 1906 წლის „ცნობის ფურცელი“, რომელიც სისტემურად, რამდენიმე ნომრის განმავლობაში მიმოიხილავს იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას რუსმა მიგრანტებმა თუ რუსულმა ჯარმა გაუჩინა. ამ წლის ნომრები სავსეა სახლების დაწვის, ქალთა გაუპატიურების, ძარცვისა და სხვა დანაშაულის აღწერით.

როგორც ჩანს, ასეთივე მძაფრი იყო 1909 წელიც, რადგან გაზეთი „მომავალი“, რომელიც სწორედ ამ წელს დაარსდა და მხოლოდ ერთ წელს იარსება, რამდენიმე ნომრის განმავლობაში აღწერს და მიმოიხილავს რუსული მიგრაციის კიდევ ერთ ტალღას.

1909 წლის 51-ე ნომერში ვკითხულობთ:

„გადმოსახლების მთავარ სამმართველომ სახელმწიფო სათათბიროს სურვილისამებრ შეიმუშავა და განსახილველად ნამესტნიკს გადასცა კავკასიაში მიწების დანაწილების წესდება. ეს წესდება შეეხება მიწების დარიგებას ყველა რუსთათვის, მიუხედავად მათი წინანდელ-საცხოვრებელ ადგილ-ბინებისა“.

ამ პუბლიკაციას მოჰყვება მცირე საგაზეთო სვეტების სერია რუსეთიდან გადმოსახლებულთა შესახებ.

იმავე, 1909 წლის ერთ-ერთი ნომერი:

„რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მრავალი გადმოსახლებულები ჩამოდიან ბალაჯარაში. მათი მდგომარეობა აუტანელია, ხშირად ნახავთ რომ სადგურის წინ მთელ ღამეს ათენებენ. მათი უმეტესობა ტფილისის გუბერნიაში მიემგზავრება.“

მერე მიჰყვება და მიჰყვება, თითქმის ყველა ნომერში ერთი აბზაცი მაინც ეთმობა ამ საკითხს, თითქოს რაღაც უცნობი ფაზლის ნაწილებია:

გაზეთი „მომავალი“, 1909 წლის კიდევ ერთი ნომერი:

„გარეთ კახეთი გაიყიდა, გარეთ კახეთში, ივლის ხეობაზე, რუსის გლეხები ბევრ ადგილებს იძენენ. ახლა უკვე დასრულდა იქ ადგილების  გაყიდვა და თავისუფალი მიწა თითქმის აღარ მოიპოვება. ეჭვი არ არის, რუსის გლეხებს ვიღაცები ეხმარებიან მამულის შეძენაში და ფულს აძლევენ. რუსებმა ხელში ჩაიგდეს ის ადგილები, რომელსაც კახეთის მომავალი რკინის გზა გადასჭრის, სულ მცირე ხნის განმავლობაში ნავთლუღის სადგურის მახლობლადაც იყიდეს რუსებმა მამული და დასახლდნენ. სადგურ  კაკაბეთთან 2500 დესეტინა მიწა გაჰყიდა ამას წინად სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა მარშალმა. ესეც რუსებმა შეიძინეს და მალე იქ დიდი სოფელი გაიშლება. “

ამავე წლის კიდევ ერთი  ნომერი:

„გადმოსახლებულთათვის  მიწების დათვალიერება. ამას წინათ აქ ჩამოვიდნენ ყუბანის ოლქის ხოდოკები,რომელთაც მინდობილი აქვთ გადმოსახლებულთათვის ადგილ-მდებარეობის დათვალიერება. მათ უკვე შემოიარეს კახეთი და ბორჩალოს მაზრა. ნახეს თავისუფალი ადგილები ყარაიაში, სადაც განზახვა აქვთ გადმოსახლდეს 100 კომლი“.

„მამული რუსებს. თავად მალხაზ ანდრონიკაშვილმა მოლაპარაკება  გამართა რუსის გლეხებთან გარეთ-კახეთში მათ დასახლების შესახებ. ამ ადგილების შეძენის სურვილი რუსეთიდგან 100 კომლმა გლეხმა განაცხადა. სულ რუსებს შეუძენიათ თავ. ანდრონიკაშვილისგან 2000 დეს. მიწა“.

„დღე არ  ისე არ გაივლის, რომ რამოდენიმე ასმა სულმა „პერესელენცმა“ არ გამოიაროს აქ შიდა რუსეთიდან, რომლებიც მიემგზავრებიან თფილისის გუბერნიაში დასასახლებლად“.

„კურსკის გუბერნიის რამდენიმე რუს გლეხის ოჯახმა საგლეხო ბანკის დახმარებით თ. ანდრონიკოვებისგან 1100  დეს. მიწა იყიდეს სიღნაღის მაზრაში.“

რამდენიმე ნომრის შემდეგ   გაზეთში უკვე რუკა იბეჭდება, რომელზეც სპეციალური მანიშნებითაა აღნიშნული ადგილები, სადაც რუსეთიდან ემიგრირებული მოსახლეობა განსახლდა.  რუკაზე საკმაოდ  ბევრი რუსული ახალშენია დადასტურებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“