სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩემი „მზე“

სულ ახლახან, „ერასმუს+“ პროგრამით კვლავ თურქეთს ვსტუმრობდი. ერთ დღესაც ტრადიციული თურქული ტექნიკით ებრუს ანუ წყალზე ხატვის შესწავლა შემომთავაზეს. დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, ჩემს სამხატვრო შესაძლებლობებს ეჭვით შევხედე, თუმცა უარი არ მითქვამს. მით უმეტეს, გამახსენდა, რომ დიდი ხანია მზის დახატვა მსურდა… („როგორ დავხატო მზე“ https://mastsavlebeli.ge/?p=20935).

რაც გამომივიდა, აგერ ახლავე გაჩვენებთ. მზე ასიმეტრიულია, რადგან სახატავი წკირი გვერდზე გამექცა, მაგრამ მთავარია, რომ ჩემი „მზეა“, რომელიც წარმოსახვაში ყოველთვის მხოლოდ ჩემთვის ანათებს.

ერთი რამ კი ფაქტია, რომ ნებისმიერი მხატვრობა, მათ შორის ებრუც ქიმიასთან არის დაკავშირებული. ახალი საღებავების შექმნა კი  ფერწერის განვითარებას უწყობს ხელს.  ნივთიერების ფერი  განპირობებულია არეკლილი უბნის სპექტრის ფერით.  ამ საქმეზე პასუხისმგებლები არიან საღებავები ან პიგმენტები. ხშირად, მათ  ერთმანეთში ურევენ და სიტყვებიც სინონიმები ჰგონიათ. თუმცა, არასწორია. საღებავები ხსნადია, აქვთ უნარი შეაღწიონ მასალის შიგნით და ასე თუ ისე, მდგრადი ნაერთი წარმოქმნან მასთან.  პიგმენტები უხსნადები არიან, მასალის ზედაპირზე დამატებითი დამაფიქსირებლის მეშვეობით ჩერდებიან. საღებავები უფრო მეტად ორგანული ნივთიერებებია, პიგმენტები კი მინერალური წარმოშობის არიან.

2021 წელს არქეოლოგებმა ინდონეზიაში ერთ-ერთ კუნძულზე ყველაზე ძველ გამოქვაბულში შესრულებული ნახატი აღმოაჩინეს. ეს კედელზე დახატული უშველებელი ტახის სურათი გახლდათ. ნახატი 45000 წლისაა. სურათი ჰემატიტითაა დახატული. ჰემატიტის ქიმიური შედგენილობა Fe2O3 არის. თუ მას დააქუცმაცებთ, მიიღებთ ძალიან ცნობილ პიგმენტს, რომელსაც მხატვრები მუქ წითელ ოხრას უწოდებენ. ჰოდა, ჯერ კიდევ აი ამ გამოქვაბულის მხატვრებს მოუფიქრებიათ და ჰემატიტის ფხვნილი ცოტაოდენ ცხიმში გაუხსნიათ. მერე ამდგარან და ტახი დაუხატავთ. დღეს მუქი წითელი ოხრისგან ზეთის საღებავს ამზადებენ.

ჩვენც ვცადოთ ლაბორატორიაში. ავიღოთ დაფა, ზედ ცოტაოდენი ზეთი დავაწვეთოთ. რომელი ზეთიც ხელთ მოგხვდებათ, ის გამოიყენეთ. პროტოკოლში სელის ზეთია მითითებული. ამ ზეთს რკინის (III) ოქსიდი შევაზილოთ და … ტახი დავხატოთ?  მოდი, ეგ თავისუფალი არჩევანი იყოს.

კიდევ უფრო ძველი სახატავი საშუალებაც იოლი მისაღებია. ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება ხის შამფურის ჩხირები, რომლებიც მართლაც მინი შამფურად ან კანაპეს დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჰოდა, ავიღოთ ასეთი ჩხირი და დავწვათ. სანახევროდ, რომ დაიწვება, ქაღალდზე გავუსვათ, შეგვიძლია რამეც დავხატოთ. ასეთი ამორფული ნახშირბადით, ასევე ხატავდნენ ძველი მხატვრები. დღესაც იყენებენ.

პრინტერების ტონერები ხომ გინახავთ. ჰოდა, მათ დასატენად ძირითადად  მაგნეტიტს იყენებენ-FeO·Fe2O3 ან  Fe3O4. თუმცა, უფრო ხშირად სწორედ ჭვარტლს ნახავთ მათ შემადგენლობაში.  იმავე ჭვარტლით წარბების შეიძლება. 1913 წელს ნიუიორკელმა ფარმაცევტმა თომას უილიამსმა თავის დას წარბები ვაზელინში აზელილი ნახშირის მტვრით  შეუღება. ჰო, გოგო სადღაც გასაპრანჭად მიდიოდა და ძმა წაეხმარა.  ასე შეიქმნა პირველი ტუში, შემდეგ კი მათი შედგენილობა დაიხვეწა.  იგივე ჭვარტლი პასუხისმგებელია ბორბლების შავ ფერზე.

თეთრი ფერის მისაღებად საჭიროა ნივთიერება, რომელიც მთელ გამოსხივებას აირეკლავს. ამ ამოცანას კარგად ასრულებს ცარცი, იგივე კალციუმის კარბონატი. თუმცა, ძველი დროის ალქიმიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ კირისგან მიღებული პიგმენტი  ზედაპირზე უფრო კარგად ჯდებოდა.

ავიღოთ ქიმიური ჭიქა და შიგნით კირის გარკვეული რაოდენობა მოვათავსოთ. დავამატოთ წყალი, ანუ „ჩავაქროთ“. რეაქცია ძალიან ეგზოთერმულია და შედეგად „ჩამქრალი“ კირი, ანუ კალციუმის ჰიდროქსიდი მიიღება. CaO+H2O=Ca(OH)2

მიღებული ჰიდროქსიდი გავფილტროთ, მოვაცილოთ წყალი და ჰაერზე გავაშროთ.  გაშრობის პროცესში ის ჰაერში არსებულ ნახშირორჟანგთან შევა რეაქციაში და მიიღება კალციუმის კარბონატი, ანუ ცარცი. Ca(OH)2+CO2=CaCO3+H2O

თანამედროვე მხატვრები მას აღარ იყენებენ, ცუდი დაფარვა აქვსო და ზეთთან შერევისას საერთოდაც რუხ ფერს იღებს, ძნელად შრებაო. მშენებლობაში, ჭერის შეთეთრებისას კი იცოცხლე, გამოყენებადია.

ჩვ.ერამდე მეოთხე საუკუნეში ძველ რომში ტყვიის თეთრას მიაგნეს.  ტყვიის თეთრა ჯაბირ იბნ ჰაიამსაც აქვს აღწერილი და კანის მათეთრებლის შემადგენლობაშიც ამატებდა, რამაც ბევრი ლამაზმანის სიცოცხლე შეიწირა.

1774 წელს ტორბერნ ბერგმანმა დაადგინა , რომ ტყვიის ჰიდროკარბონატს უფრო კარგი მათეთრებელი თვისებები ჰქონდა Pb3(OH)2(CO3)2. თიხის ჭურჭელში ასხამდნენ ძმარს და ტყვიის ნაჭერს დებდნენ. ჭურჭელს ჩაფლავდნენ ცხენის ექსკრემენტებში, რომლის ხრწნის შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფოდა. ტყვიის ზედაპირზე თეთრი ნაფიფქი წარმოიქმნებოდა. სწორედ ამ ნაფიფქს ანაწევრებდნენ და ინახავდნენ.

ლაბორატორიაში ტყვიის კარბონატს შემდეგნაირად მივიღებთ. წყალში გავხსნათ ტყვიის აცეტატი და დავამატოთ ნატრიუმის კარბონატი. გამოყოფილი ნალექი ტყვიის თეთრაა.

3Pb(CH3COO)2+3Na2CO3+H2O=Pb3(OH)2(CO3)2+6CH3COONa+CO2

მიღებულ ტყვიის თეთრას საფუძველზე საღებავებსაც ამზადებდნენ და კოსმეტიკაშიც იყენებდნენ. ზემოთაც აღვნიშნე, რომ მრავალი ქალბატონის ახალგაზრდობა, სილამაზე და სიცოცხლე შეეწირა ტყვიის თეთრით გალამაზებას.

აი, ხელოვნებათმცოდნეებისთვის კი პირიქით, კარგია, რომ ტყვიის შემცველ საღებავებს შუა საუკუნეების მხატვრობაში დიდი გასავალი ჰქონდა. ტყვიის დიდი ზომის ბირთვი ძალიან კარგად შთანთქავს რენტგენის სხივებს. ეს კი სამხატვრო ტილოს ჭეშმარიტების ან სიყალბის დამადასტურებლად გამოდგება.

ტყვიის თეთრათი დამზადებული საღებავები დროთა განმავლობაში მუქდება და მათი გამოყენებით შექმნილი ტილოებიც ელფერს კარგავს. მიზეზი გოგირდწყალბადია. თუ რკინის სულფიდს დავამატებთ მარილმჟავას, გოგირდწყალბადმჟავა და რკინის ქლორიდი წარმოიქმნება.

FeS+2HCl=H2S+FeCl2

სინჯარას მოვარგოთ გაზგამყვანი მილი და ჩავუშვათ ტყვიის თეთრას ხსნარში. თეთრი ფერის პიგმენტი გამუქებას დაიწყებს, რადგან ტყვიის სულფიდი წარმოიქმნება.

Pb3(OH)2(CO3)2+3H2S=3PbS+4H2O+2CO2

იგივე მიზეზის გამო მუქდება ნახატიც.  გამუქების კვლავ გაღიავება წყალბადის პეროქსიდის დამატებით არის შესაძლებელი. თუმცა, ამ დროს ჰიდროქსო კარბონატის ნაცვლად ტყვიის სულფატი მიიღება.

PbS+4H2O2=PbSO4+4H2O

თანამედროვეობაში თეთრი პიგმენტის როლს უფრო თუთიის ან ტიტანის ოქსიდები ასრულებენ.

ტყვიის აცეტატს დავამატოთ კალიუმის ქრომატი, წარმოიქმნება ტყვიის ქრომატის ყვითელი ნალექი.

Pb3(OH)2(CO3)2+K2CrO4=PbCrO4+2CH3COOk

სწორედ ამ ნაერთის საფუძველზე შექმნილი საღებავით ღებავენ ლინოლეუმს, პოლიმერულ მასალებს, ხელოვნურ ტყავს. სხვათა შორის, ვან გოგის „მზესუმზირებში“, ფოთლები ტყვიის ქრომატით არის დახატული. თუ ტყვიის ქრომატის ხსნარს დავამატებთ მჟავას, მაშინ კაშკაშა ყვითელი ფერი წარმოიქმნება. ტუტე პირიქით, სტაფილოსფრისკენ წაიყვანს.  თუმცა, საბოლოოდ მაინც მომწვანო ფერისკენ მოხდება ცვლილება.

CrO42—Cr3+

ვან გოგიც სწორედ ტყვიის შემცველი საღებავებით მოიწამლა და ამის შესახებ ადრეც დავწერე.

ქრომის მწვანეში მისი დაჟანგვის ხარისხი მდგრადია +3, შესაბამისად საღებავიც მდგრადია. ამიტომ, მას გარე შესაღები სამუშაოებისთვის იყენებენ.

ლურჯი პიგმენტი ლაპის ლაზურისგან მზადდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა. ლაპის ლაზურს ადრე სპეციალური სტატიაც მივუძღვენი, ამიტომ აქ უბრალოდ, იმ სტატიის ბმულს დავურთავ და არაფერს დავწერ.

ქიმიური ზღაპარი

 

უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ლაპის ლაზურს სიძვირის გამო, მხოლოდ რჩეულნი იყენებდნენ.

აი, აზურიტი, იგივე სპილენძის ლაჟვარდი,  იაფი საღებავი იყო Cu2(OH)2CO3. მართალია დროთა განმავლობაში ხუნდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ.

მოგვიანებით, მხატვრებს სინთეზურად მიღებული ლურჯი საღებავები შეეშველათ. მაგ. ამონიუმის სულფატი და კობალტის ნიტრატი ერთმანეთში კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ტიგელში და ცეცხლი მოვუკიდოთ. წარმოიქმნება „ტენარის ლურჯი“  2Al2(SO4)3+2Co(NO3)2=2Co(AlO2)2+6SO3+4NO3+O2

ლუი ჟაკ ტენარი ამ პიგმენტის აღმომჩენი იყო.  ის აკვარელის და ზეთის საღებავების შემადგენლობაშია.

ვან გოგის „ვარსკვლავებით მოჭედილი ცა“ გახსოვთ? მეტაალუმინატ კობალტატია…

მხატვრების განკარგულებაში ასევე აღმოჩნდა ბერლინის ლაჟვარდი. ავიღოთ სისხლის წითელი მარილი, გავხსნათ წყალში და დავამატოთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარის რამდენიმე წვეთი. K4[Fe(CN)6]+FeCl3=KFe[Fe(CN)6]+3KCl

თუ ნახატს ბერლინის ლაჟვარდით შეასრულებთ, ტუტე გარემოს უნდა მოარიდოთ, რადგან ტუტის გავლენით ფერი ღიავდება.

სხვათა შორის, იგივე მითხრა ებრუს ჰოჯამაც (მასწავლებელმა). ებრუს ტექნიკაში მხოლოდ ბუნებრივ  ორგანულ საღებავებს იყენებენ, თუმცა, ნახატი  pH-ზე მაინც რეაგირებს და სათუთად მოფრთხილება სჭირდება.

ჰოდა, შევეცდები,  ჩემს დახატულ მზეს კარგად გავუფრთხილდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“