სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პედაგოგიური ოსტატობის უნივერსალური კანონი

პედაგოგიც ისევე დაოსტატებული უნდა იყოს თავის საქმეში, როგორც ნებისმიერი სხვა სპეციალობის ადამიანი: ექიმი, მფრინავი, მეზღვაური, პროგრამისტი, მარკეტოლოგი… ოსტატობა გულისხმობს, იყო მაღალი ხარისხის სპეციალისტი, რომელმაც სიღრმისეულად იცის თავისი სფერო და კარგად იცნობს მეცნიერებისა და ხელოვნების მომიჯნავე დარგებს. მასწავლებელი თუ ოსტატია თავისი საქმისა, უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ფსიქოლოგიის საკითხებში, დაინტერესებული იყოს ამ სფეროში ახალი კვლევებით და, რასაკვირველია, სრულყოფილად ფლობდეს სწავლა-აღზრდის მეთოდებსაც. პედაგოგს უნდა ჰქონდეს მაღალი სტანდარტი თუ თამასა. მაშინ მისი პედაგოგიური საქმიანობა იქნება განვითარების დაუსრულებელი და აღმოჩენებით სავსე, სასიამოვნოდ ამაღელვებელი გზა. სწორედ ეს არის პედაგოგიური ოსტატობის უნივერსალური კანონი – არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით. როგორც ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის „მარადიული მასწავლებელი“ ამბობს: „კმაყოფილება მომაკვდინებელი სენია“.

„პედაგოგიური ოსტატობა“ გულისხმობს ზოგადი ერუდიციის მაღალ კულტურას; არა მხოლოდ საგნის ფუნდამენტურ, სრულყოფილ ცოდნას, არამედ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ცოდნასაც; თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს, რაც, მეცნიერთა აზრით, იმით გამოიხატება, რომ მასწავლებელს კარგად აქვს გააზრებული, როგორ ასწავლოს და აღზარდოს მოსწავლე.

პედაგოგიური ოსტატობის მიღწევა შესაძლებელია ყველასთვის, ვინც პროფესიად პედაგოგობა აირჩია, იმიტომ რომ მოწოდება თუ მიდრეკილება იგრძნო. თუ ეს არჩევანი შემთხვევითია და არ ეთანხმება გულს, სულსა და გონებას, მაშინ სკოლა გამუდმებული ტანჯვისა და წამების ადგილად იქცევა.

საგნის ფლობა, მისი მეთოდიკის ინსტრუმენტად გამოყენება პედაგოგს საშუალებას აძლევს, არა ემოციურად, არამედ გააზრებულად, მეცნიერულ საფუძველზე გადაწყვიტოს სწავლის პროცესში თავჩენილი პრობლემები. ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხებში გარკვეულობა პედაგოგს საშუალებას აძლევს, ჩაუღრმავდეს მოსწავლის ქცევის ნიუანსებს, გააანალიზოს დეტალები, ერთმანეთს დაუკავშიროს, ერთი შეხედვით, არასაჭირო ფაქტები და მოვლენები, გამოკვეთოს შინაგანი და გარეგანი მოტივაციები და მოიხელთოს კანონზომიერება, რომელიც მოსწავლის სიტყვიერ თუ ფიზიკურ რეაქციებს განაპირობებს.

თუ მასწავლებელი სათანადოდ არ აფასებს პედაგოგიკის მომიჯნავე სფეროებს და ზედმეტად მიიჩნევს მათ ცოდნას, მაშინ სწავლება არ იქნება ეფექტური და სასურველი შედეგის მომცემი. ამ შემთხვევაში პედაგოგი იოლად შეიძლება მოექცეს სტერეოტიპების, შტამპების, პრიმიტიული წარმოდგენების ტყვეობაში.

მასწავლებლის ცოდნა უნდა იყოს კომპლექსური. ყოველდღიური სწავლების პროცესში მან უნდა გამოიყენოს ე.წ. კომპლექსური მიდგომები. ნებისმიერი საგნის თანამედროვე მასწავლებელს, სხვა ტიპის წერით თუ ზეპირ სავარჯიშოებსა და აქტივობებთან ერთად, სჭირდება მრავალფეროვანი კომპლექსური დავალებების მოფიქრებაც.

პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ უნარებს შორის გამოყოფენ დიდაქტიკურ უნარსაც, რომელიც გულისხმობს შემდეგს: მასწავლებელს შეუძლია, სათანადოდ, ნათლად, ზუსტად, საინტერესოდ მიაწოდოს მოსწავლეებს ასახსნელი მასალა. თუ ამ უნარს ფლობს, მაშინ პედაგოგს შეუძლია გამოამჟღავნოს შემოქმედებითობა, რათა გამოიწვიოს მოსწავლეთა წარმოსახვისა და აზროვნების გააქტიურება; სწავლების პროცესში შემოიტანოს რამე ახალი, უჩვეულო, რაც შეძრავს არა მხოლოდ გონებას, არამედ გულსაც. ამ შემთხვევაში მოსწავლეს შესასწავლი მასალის მიმართ ემოციური დამოკიდებულებაც გაუჩნდება, რაც არა მხოლოდ მასალის ათვისებას შეუწყობს ხელს, არამედ უფრო მეტის მოძიების, აღმოჩენის სურვილსაც გაუღვიძებს მოსწავლეს. ერთი სიტყვით, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ სწავლის პროცესი სახალისო, დაბრკოლებებით სავსე თავგადასავალია, რომელიც მას სამყაროსა და და საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში ეხმარება, ეს კი მის მომავალ ცხოვრებასაც განსაზღვრავს – შემატებს რწმენას, რომ საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს, მიაღწევს წარმატებას, აისრულებს ოცნებას. ოღონდ ამისთვის ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის ორგანიზატორული უნარიც. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია დასახული ამოცანების, დავალებების შესრულება, რომ მას ენდობიან, პატივს სცემენ და აღიარებენ. გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, ბავშვის ბუნებრივი მონაცემები და მიდრეკილებებიც, ზოგიერთის სიმორცხვის დაძლევა და გადალახვა, ზოგიერთის, პირიქით, სითამამისა და გაბედულების მოთოკვა, თავხედობის ალაგმვა. ინდივიდუალიზმის განვითარებასთან ერთად, მასწავლებელი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს, დაძლიოს ეგოიზმიც და მეწყვილესთან ან ჯგუფთან ერთად შეასრულოს დავალება. ამ შემთხვევაში მასწავლებელზეა დამოკიდებული, როგორ შეაჩვევს მოსწავლეს ხან მთავარი და ხან მეორეხარისხოვანი როლის შესრულებას. გაკვეთილიც ხომ მინისპექტაკლივით არის. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ გაკვეთილზე შესრულებული ნებისმიერი როლი, ჩუმად ყოფნა, მოქმედება თუ ლაპარაკი უმნიშვნელოვანესია.

საგაკვეთილო დისციპლინა მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სათანადო მენეჯერული უნარებით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვევს სიზუსტეს, წესრიგს. საკომუნიკაციო უნარები მასწავლებელს ეხმარება, ბავშვებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ. გამოცდილება პედაგოგს თანდათან გამოუმუშავებს უნარს, თვალის ერთი შევლებით შეატყოს მოსწავლეს, რა უჭირს თუ უხარია და ამის გათვალისწინებით გადაანაწილოს თავისი ყურადღება, რათა არავის არაფერი მოაკლოს, ყველამ იგრძნოს მზრუნველობა და თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.

მასწავლებლის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ისიც, რამდენად შეუძლია, იყოს მოსწავლის შთამაგონებელი, როგორ ახერხებს ენთუზიაზმის გამოწვევას ისე, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ განცდა საკუთარი ინიციატივების ღირებულებისა. პედაგოგი ისე ფაქიზად უნდა ახერხებდეს იდეების მიწოდებას, რომ მოსწავლემ თანამონაწილედ იგრძნოს თავი და არა უბრალოდ ბრძანების შემსრულებლად. ოთარ ჭილაძე წერილების წიგნში „ბედნიერი ტანჯული“ აღნიშნავს: „კარგი სკოლა თუ გვინდა, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მასწავლებელს. მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელი განსაზღვრავს სკოლის ხარისხსაც და ხასიათსაც. მასწავლებლის სახე (თუნდაც მოღუშული) ერთ-ერთი უსპეტაკესი და უკეთილშობილესი სახეა (უნდა იყოს!), ბავშვობიდან გამოყოლილი. ღვთის წყალობით, მეც მოვესწარი ძველი ყაიდის მასწავლებლებს, რომელთა მიმართ აქამდე არ გამნელებია პატივისცემისა და მოკრძალების გრძნობა. ისინი რაიმე კონკრეტულ ცოდნაზე მეტად, ზოგადად, ადამიანობის მაგალითებს გვაძლევდნენ“.

მასწავლებლის ორიგინალურმა ახსნამ შეიძლება ბავშვებში დიდი გამოძახილი პოვოს და გასაქანი მისცეს ფანტაზიას, რაც მათ შემოქმედებით უნარებს განუვითარებს. ცნობილი ფრანგი მწერალი დანიელ პენაკი წიგნში „სიზმრის მხილველის კანონი“ იხსენებს, როგორ აუხსნა მასწავლებელმა ელექტრობა. მან მოსწავლეებს უთხრა, რომ სინათლე წყალია; კაშხლების წყალობით ტბებად ქცეულ მდინარეს სპეციალურ სადგურებში ათვინიერებენ; მოთვინიერებული წყალი მთელი ძალით მიედინება ელექტროსადენებში, დიდი სისწრაფით ტრიალებს ნათურების ვარვარა მავთულებში და მათი გაცხელებით კაშკაშა სინათლე წარმოიშობა. ამ სიტყვებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა პატარა გმირზე, რომ ღამით ესიზმრა, გამსკდარი ნათურიდან როგორ წამოვიდა ყვითელი მდინარე და ოთახში „შუქის წყალდიდობა“ მოხდა, სინათლე კი დაღვრილ თაფლად გადაიქცა. მერე მეორე ნათურაც „გადასკდა მწიფე ხილივით. ყვითლად აფეთქდა. ყვითელი ფერი უფრო მუქი ყვითელი იყო, ვიდრე პატარა ნათურის თაფლი. უფრო ბლანტად მოედინებოდა. ოქროსავით. ყოველ შემთხვევაში, მინდვრის ყვითელი ყვავილივით, დედა რომ ბაიას ეძახდა. ზუსტად ესაა. ბაიას ოქროს ნამცვრევები კედელზე, იატაკზე“.

ასეთი ბავშვები შემდეგ გამომგონებლები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები ხდებიან. თუმცა ამგვარი ხატოვანი ახსნა-განმარტებები მხოლოდ ხელოვნებისკენ მიდრეკილი ბავშვებისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ნებისმიერი მოსწავლისთვის, რომელიც სამყაროს არა ვიწრო ჭუჭრუტანიდან, არამედ ფართოდ გაშლილი სივრციდან დაუწყებს ყურებას, შესაბამისად, მრავალგანზომილებიანი გახდება მისი აღქმისა და გააზრების უნარები.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასწავლებლის პროფესიონალიზმს ხანდახან ბევრი ისეთი ვინმე აკრიტიკებს, ვისაც არაფერი გაეგება პედაგოგიკის მეცნიერებისა. საზოგადოებას, რატომღაც, ეს საქმე იოლად მიაჩნია, ამიტომაც არის, რომ მშობლები ხშირად საკუთარ შვილებში კი არ ეძებენ უცოდინარობის მიზეზებს, არამედ იოლ გზას პოულობენ და მასწავლებელს ადანაშაულებენ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი და მიუღებელია. აკაკი ბაქრაძე თავის წიგნს („აკაკი წერეთელი“) ერთი გონებამახვილური იგავით იწყებს, რომელიც უსამართლოდ გაკრიტიკებულ პედაგოგებს აბეზარ გამკრიტიკებელთა წინააღმდეგ ძლიერ არგუმენტად დღესაც გამოადგებათ: „მეფემ შვილი აღსაზრდელად ბრძენს მიაბარა. ყმაწვილი უგუნური აღმოჩნდა. სწავლულის შრომა-გარჯამ ამაოდ ჩაიარა. ის დღეც მოვიდა, როცა უფლისწული სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო. უკანასკნელად ექვსი დარიგება მისცა მზრდელმა მეფის ძეს:

. დაუჯერებელს ნუ დაიჯერებ;

. სადაც ვერ მიწვდები, იქით ხელს ნუ გაიშვერ;

. წარსულ საქმეს ნუ ინანებ;

. გზაზე რომ მიდიოდე, განზე ყურებას ნუ დაიწყებ, წინ დაიხედე;

. ბრიყვისაგან ნურა გეწყინება რა;

. ავზე ნუ აჩქარდები და კარგზე ნუ დაიგვიანებ.

არც ამან უშველა. ბატონიშვილმა ვერცერთი დარიგება ვერ აითვისა და ვერ გამოიყენა.

შვილი რომ გაუწვრთნელი ნახა, ხელმწიფე განრისხდა, ბრძენი დაადანაშაულა. მაშინ ეს უთხრა მზრდელმა მეფეს: ერთი კაცი მომგვარეს სტუმრად სახლში. მე ვერ მივიღე, რომ უნდოდა, ისე, რადგანაც ბინა არა მქონდა. მწყრალადაც დავუხვდი. სტუმარიც გაჯავრდა და წავიდა. აღარ დადგა ჩემს სახლში… და მიმყვანს ბრალი რამ აქვს თუ არა?

მეფემ ბრძანა: მიმყვანს რა ექნა, ეგ მასპინძლის ბრალია, რომ კარგად ვერ მიუღია და ბინა არ ჰქონია.

– მაშ, მე რაღად მიწყრებით, დიდებულო მეფეო! – მიუგო ბრძენმა. – სწავლა და მეცნიერება სტუმარია, ჭკუა კი – მასპინძელი და თუ თავში ჭკუა მწყრალად არის, აღარც ისინი მოიცდიან. მე ისინი მივგვარე ამ თქვენს შვილს, მაგრამ მაგას რომ ბინა არ ჰქონდეს მათთვის და ვერ მიიღოს, ჩემი რა ბრალია?“

ამ იგავის სიბრძნე, რა თქმა უნდა, მარადიული და უნივერსალურია. ის დაეხმარება მასწავლებელს, თავი არ დაიდანაშაულოს, როცა დიდ ძალისხმევას შედეგი არ მოჰყვება. თუმცა ყოველდღიური ცხოვრება ცოცხალი, მფეთქავი პროცესია, რომელიც მოულოდნელობებით არის აღსავსე. ხელჩაქნეული ბავშვის გონების „ყამირი მიწიდან“ ერთ დღეს შეიძლება მშვენიერმა უცხო ყვავილებმა ამოხეთქოს, ოღონდ ამისთვის ისეთი რთული და იმავდროულად მარტივი რამის შეგრძნებაა საჭირო, როგორიც იმედია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“