ორშაბათი, აპრილი 22, 2024
22 აპრილი, ორშაბათი, 2024

ბერტილიონაჟი და დაქტილოსკოპია

1903 წლის 1 მაისს კანზასის შტატის ქალაქ ლივენვორტის ციხეში პატიმარი მიიყვანეს, ვინმე უილიამ ვესტი. გადაუღეს პროფილის და პირდაპირი სურათები, გაუზომეს ყველაფერი, ცხვირი, ყურები, გაშლილი ხელების სიგრძე, მხრები და რა ვიცი კიდევ, რა აღარ. მის საბუთებში სულ 14 მაჩვენებელი იყო შეტანილი. ამ პროცედურას ფრანგი გამომძიებლის ფრანსუა ბერტილიონის პატივსაცემად, ბერტილიონაჟი ეწოდებოდა. სწორედ მან შემოიღო მსოფლიოში პირველი ანთროპომეტრული სისტემა. ბერტილიონი ძირითადად პრეფექტურაში აკეთებდა ჩანაწერებს. სწორედ იქ მიაქცია ყურადღება, რომ სავარაუდო დამნაშავეების აღწერა მოწმეების მხრიდან ძალიან ბუნდოვანი იყო და ამ მონაცემებით, ფაქტობრივად მათი დაჭერა შეუძლებელი ხდებოდა. მით უმეტეს, თუ დამნაშავე, მაგ. სახელს შეიცვლიდა, მისთვის ჩადენილი დანაშაულის დამტკიცება შეუძლებელი იყო. პოლიციელები იმ ძველ დროს მისტიროდნენ, როცა დამნაშავეებს დაღს ასვამდნენ, რათა ყველას სცოდნოდა მათი ავკაცობის შესახებ. ჰოდა, ბერტილიონმა მთელი რიგი პარამეტრების გაზომვა შესთავაზა კოლეგებს. კარგი, ვთქვათ სიმაღლე და ფეხის ზომა დაემთხვა, შეუძლებელი იქნებოდა 14-ვე პარამეტრის დამთხვევა და დამნაშავე გამომჟღავნდებოდა, თუნდაც ახალი სახელით და მიწებებული ულვაშებით. ეს გამართლებული იყო მხოლოდ ზრდასრული ადამიანისთვის. ანუ, მისთვის, ვინც უკვე გაიზარდა და სხეულის ზომები აღარ შეიცვლებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ბერტილიონაჟი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა.

როდესაც უილიამ ვესტი გაზომეს, აღმოჩნდა, რომ ის ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი, სხვა სახელით და თანაც მკვლელობის საქმეზე. ვესტმა „ქოში უკუღმა ყარა“, რა მკვლელობაო, რას ამბობთო, პირველად დავარღვიე კანონი, პატარა ვიქურდეო. ადგნენ და ადრე აღებული პარამეტრები აჩვენეს, რომლებიც ზუსტად ემთხვეოდა ახლად აღებულ გაზომვებს, მაგრამ ერთი რამე იყო გაუგებარი – კარტოთეკიდან აღებულ ბარათზე ეწერა, რომ ის სხვა კაცი უკვე იჯდა გასული წლის სექტემბრიდან, თანაც უვადო სასჯელი ჰქონდა მისჯილი. გამოიყვანეს და ამ ახლად გამომცხვარ ქურდს დაატოლეს. წლოვანების ჩათვლით თოთხმეტივე პარამეტრი ერთი-ერთზე დაემთხვა.

სწორედ ამ დროს ციხის უფროსს, ბატონ მაკლაფის წამოუძახია:

  • აი, ბატონო, ბერტილიანაჟის დასასრულიც დადგაო. არაა სანდო და ეგ არისო.

ბერტილიონის გაზომვები კიდევ დიდხანს იყო აქტუალური. თუმცა, პარალელურ რეჟიმში დაქტილოსკოპიაც შემოიღეს. ეს ორი მეთოდი ერთმანეთს ავსებდა.

დაქტილოსკოპია, ანუ თითის ანაბეჭდების აღება ორი პრინციპით იყო გამართლებული: პირველი, ის რომ თითის მიერ დატოვებული კვალი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება. მეორე კი ის, რომ ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი არ არსებობს. თუმცა, ეს უკანასკნელი ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

თითის ანაბეჭდებს ადრე ხელმოწერის ნაცვლად იყენებდნენ. ასე მაგალითად, თითის ანაბეჭდები ბაბილონში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზეა აღმოჩენილი, ასევე ძველი ეგვიპტის პაპირუსებსა და ძველი ჩინეთის საბუთებზე.

მეცხრე საუკუნეში, არაბმა ვაჭარმა აბუ ზეით ჰასანმა აღწერა ჩინელი ვაჭრები, რომლებიც ვექსილების სისწორეს თითის ანაბეჭდებით ამოწმებდნენ. ასევე, პატიმრების თითის ანაბეჭდებს ჯერ კიდევ ჰამურაბის ეპოქაში იღებდნენ და იყენებდნენ.

არსებობს ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადება-ადერმატოგლიფია, როდესაც თითის ანაბეჭდები ადამიანს საერთოდ არ აქვს. სიმართლე გითხრათ, მიზეზის ძალიან ჩაძიება და მოძებნა დამეზარა, რომელიღაც სპეციფიკური ცილის სინთეზის არარსებობის გამო, ასეთ ადამიანებს ხელის და ფეხის მთლიანად გლუვი ზედაპირი ჰქონიათ.

მოკლედ, თითების ანაბეჭდები ევროპაში იცოდნენ. თუმცა, აქტიურად მხოლოდ 1858 წლიდან დაიწყეს გამოყენება და ისიც ბრიტანელებმა. სერ უილიამ ჰერშელმა ინდოეთში თავისი მუშების ხელის გულის ანაბეჭდების შეგროვება დაიწყო. ამ მუშებმა ინგლისური არ იცოდნენ და ანაბეჭდები ხელმოწერას ცვლიდა. ასევე იღებდა პენსიაში გასული იმ ადამიანების თითების ანაბეჭდებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან სარგო ეკუთვნოდა. ასე არეგულირებდა იმას, რომ პენსიონერის გარდაცვალების შემდეგ მის ნათესავებს ფულის აღება არ გაეგრძელებინათ. ასევე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავადაც მუდმივად იღებდა თავისივე ხელის ანაბეჭდებს და ამით ამტკიცებდა, რომ ისინი არ იცვლებოდა. მოგვიანებით ჰერშელს კამათი მოუვიდა და მტკიცებულებები დასჭირდა ვინმე ექიმ ჰენრი ფოლდთან, რომ სწორედ მან, პირველმა დაიწყო ანაბეჭდების დანერგვის პრაქტიკა. ექიმმა ფოლდმა 1874 წელს იაპონიაში პირველი ინგლისურენოვანი მისია გახსნა. აქვე ჰქონდა საავადმყოფოც. ერთხელ, იაპონიის არქეოლოგიური გათხრების დროს, რაღაც ქოთანზე ვიღაც ძველი იაპონელის თითის ანაბეჭედები შენიშნეს. მიიტანეს ფოლდთან შესასწავლად. მანაც ადგა და თავის და თავისი მეგობრების თითის ანაბეჭდებს შეადარა. მივიდა დასკვნამდე, რომ ანაბეჭდები თითოეული ადამიანისთვის უნიკალურია. ამის შემდეგ გაიქურდა მისი საავადმყოფო. პოლიციამ ეჭვების საფუძველზე ერთი მომსახურე პერსონალი დააპატიმრა. თუმცა, ფოლდსი დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში. ამიტომ, ანაბეჭდების მეთოდი გამოიყენა. დაპატიმრებულის ანაბეჭდი შეადარა დანაშაულის ადგილზე დატოვებულ ანაბეჭდებს. ისინი განსხვავებული აღმოჩნდნენ. ამის საფუძველზე ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს. ანუ, ანაბეჭდები პირველად იქნა ადამიანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოყენებული. ამის შესახებ ფოლდმა 1885 წელს სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში შემოთავაზებული იყო იდეა, რომ გაკეთებულიყო ყველა ადამიანის ანაბეჭდის ბაზა, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ. სტატიის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ჟურნალს აღშფოთებულმა ჰერშელმა მისწერა. ის წერდა, რომ ინდოეთში მუშებისთვის გაცილებით ადრე იყენებდა ანაბეჭდების მეთოდს. ამის შემდეგ ამ ორ ბატონს შორის კინკლაობა და სალანძღავი მიმოწერა დაიწყო, მაგრამ ეს დაახლოებით შეელე-პრისტლის მიერ ჟანგბადის აღმოჩენის ამბავს ჰგავს. ორივე აღმომჩენად ითვლება და ორივეს დამსახურებაა.

ამ იდეით მაშინვე არცერთი ქვეყნის პოლიცია არ აღფრთოვანებულა. მხოლოდ 1892 წელს არგენტინის პოლიციის ოფიცერმა ხუან ვუჩტიჩმა შექმნა მსოფლიოში პირველი ანაბეჭდების კარტოთეკა და უკვე იმავე წელს დაქტილოსკოპიის მეთოდით ნაპოვნი იქნა დამნაშავე, ვინმე ფრანჩესკა როხასის საქმეში. ფრანჩესკა სახლში ყელზე ჭრილობებით, მისი შვილები კი მოკლულები იპოვეს. როდესაც ქალი აზრზე მოვიდა, შვილების მკვლელობა და თავდასხმა მეზობლის კაცს დააბრალა. ის საბრალოც სასტიკი წესებით დაჰკითხეს, მაგრამ ყველაფერი იუარა. ბოლოს რა მოხდა, იცით? სახლში ანაბეჭდები იპოვეს. მეზობლის კაცის ხელებს არცერთი არ დაემთხვა. საერთოდაც, სახლში უცხო ანაბეჭდი არ აღმოჩნდა, ყველა ფრანჩესკას ეკუთვნოდა, რომელმაც მოგვიანებით შვილების მკვლელობა და საკუთარი თავის განზრახ დაზიანება აღიარა.

დღეს თითის ანაბეჭდებს სპეციალური ფხვნილით ამჟღავნებენ. აი, ადრე, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ამ მეთოდის მასობრივი გამოყენება დაიწყეს, მათ იოდის ორთქლით ხდიდნენ ხილულს. მეთოდის ავტორი პოლ ჟან კულიე გახლდათ. შემდეგ გადავიდნენ ლიკოპოდიუმის ფხვნილზე, რომელიც მცენარის, გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენლის მტვერს შეიცავდა.

ლაბორატორიაში იოდის გარდა, სხვა რამდენიმე მეთოდიც შეიძლება გამოვიყენოთ.

ნიმუშზე დავასხუროთ ან ფუნჯით დავატანოთ ვერცხლის ნიტრატის 3%-იანი ხსნარი. რეაგენტი ურთიერთქმედებს ანაბეჭდში არსებულ ოფლით გამოსულ მარილთან და ვერცხლის ქლორიდის სახით თეთრი ნაფიფქი წარმოიქმნება.

NaCl+AgNO3=AgCl+NaNO3.

ზოგჯერ ნიმუშს გამოხდილი წყლით გადარეცხავდნენ, რომ ჭარბი ნიტრატი მოეცილებინათ და შემდეგ მზის შუქით ან ულტრაიისფერი ლამფით გააშუქებდნენ. ულტრაიისფერი გამოსხივების შემდეგ ანაბეჭდის ადგილი მოშავო ხდება. ეს მეთოდი იოდთან შედარებით უფრო იშვიათად გამოიყენება, რადგან ვერცხლის ნიტრატი უფრო ძვირი და სახიფათოა.

თითის ანაბეჭდის გამოვლენის კიდევ ერთი მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თითების კვალში რჩება ამინომჟავების ნარჩენები. ნინჰიდრინი (ტრიკეტოჰიდრიდენ ჰიდრატი C9H6O4) რეაგირებს ამინომჟავებთან და წარმოქმნის მუქ ლურჯ ან მოლურჯო-ალისფერ საღებავს, რომელსაც რუჰემანის მეწამული ეწოდება. ნიმუშს ასხურებენ 0,5% ან 1%-იან ნინჰიდრინის სპირტხსნარს (აცეტონშიც შეიძლება გაიხსნას). ოთახის ტემპერატურაზე ანაბეჭდზე ფერის ცვლილება ნელა გამჟღავნდება და სრული გამოვლინებისთვის ერთი ან ორი საათი დასჭირდება. თუ ნიმუშს გავაცხელებთ, პროცესიც დაჩქარდება.

განათავსეთ ნიმუში რაიმე ზედაპირზე და მიასხით ნინჰიდრინის ხსნარი. ოთახის ტემპერატურაზე ნინჰიდრინს მოქმედებისთვის 24 საათი სჭირდება, თუმცა, ზოგიერთი ნიმუში უფრო მალე მჟღავნდება. ანაბეჭდი ვარდისფერ შეფერილობას იღებს.

სხვა, დამატებითი ნიმუში შეგიძლიათ ასევე ნინჰიდრინით დაამუშაოთ და გაათბოთ, რათა გამჟღავნების პროცესი დაჩქარდეს.

დღეს, 21-ე საუკუნეში ისევ იგივე მდგომარეობა გვაქვს და აღიარებულია, რომ თითოეულ ადამიანს ხელისა და თითების უნიკალური ანაბეჭდები აქვს. თუმცა, თუ მაინც საოცრება მოხდა, თქვენი ანაბეჭდი ვინმე ცუდი კაცის ანაბეჭდებს დაემთხვა (როგორც, უილიამ ვესტს დაემართა ბერტილიონაჟის დროს) და დანაშაულში ეჭვმიტანილი გახდით, გული არ გაიტეხოთ, რადგან უკვე გენეტიკური ანალიზიც ხელმისაწვდომია.

ამ ამბებზე სხვა დროს ვისაუბროთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი