სამშაბათი, ივლისი 23, 2024
23 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბედნიერების ტერიტორია ჰიმალაიში-ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

ბუტანის სამეფო: ბედნიერების ტერიტორია ჰიმალაიში

რატომ მიიჩნევენ ჰიმალაის მთებში მდებარე მცირე სახელმწიფოს, ბუტანს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადგილად?

„მოგზაურობა ჯერ დაგამუნჯებს, შემდეგ კი მთხრობლად გაქცევს“.

აბუ აბდულლაჰ მოჰამმად იბნ-ბატუტა,

XIV ს. არაბი ვაჭარი, გეოგრაფი, მოგზაური და მასწავლებელი მაღრიბიდან

დღეს ყველა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ინტერნეტით, ტელევიზიით თუ ბეჭდური მედიით გაეცნოს მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგებს, შეფასებებსა და რანჟირებებს, ათასობით მონაცემისა და მახასიათებლის მიხედვით. ქვეყნების შეფასებისა და შედარებისას თქვენ წააწყდებით უამრავ, მეტ-ნაკლებად სანდო (ან არასანდო) მონაცემს მსოფლიოს ქვეყნების სამრეწველო განვითარებაზე, ხელფასების საშუალო დონეზე, უმუშევრობაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ნახშირბადოვან ემისიებზე, ტრანსპორტზე, ნარკომანიაზე, დანაშაულისა და ავადმყოფობების გავრცელებაზე, „ბედნიერებისა“ და „თავისუფლების“ ინდექსებზე, ქვეყნების მიმზიდველობაზე, სიმდიდრე-სიღარიბეზე, ტურისტულ პოპულარობაზე, პრესისა და სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიის გავრცელება-განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე და ასე დაუსრულებლად.

ასეთი ტიპის ინფორმაცია – რეიტინგები, შეფასებები, რანგები – ბოლო ხანს პოპულარობით სარგებლობს და თითქოს საშუალებას იძლევა უცხო ქვეყანაში მოხვედრის გარეშე შევიქმნათ წარმოდგენა ამა თუ იმ ქვეყანაზე, იქ მცხოვრებ ხალხებზე, მათ პრობლემებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ესა თუ ის ინფორმაცია, რამდენად სწორად ჩატარდა გამოკითხვა თუ ანალიზი, რამდენად შეიძლება დავუჯეროთ მედიაში განთავსებულ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხის, ქვეყნისა თუ იქ არსებული პოლიტიკის შესახებ. სამწუხაროდ, ელექტრონული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, ინფორმაციის მიღებისა და განთავსების საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, სიკეთეებთან ერთად წარმოშვა ცრუ და გადაუმოწმებელი საინფორმაციო ნაკადები, რომელში გარკვევაც სულ უფრო რთული ხდება თვით საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვისაც კი. დღევანდელი საინფორმაციო სივრცე, საუბედუროდ, ისეთივე უღრანი ტყეა, როგორც ამაზონიისა თუ კონგო-ზაირის ეკვატორული ჯუნგლები, თუმცა ტყეები პლანეტა დედამიწაზე ადამიანისთვის ფასდაუდებელ სამუშაოს ეწევიან და ინარჩუნებენ ბიოლოგიურ, კლიმატურ, ჰიდროლოგიურ და ატმოსფერულ წონასწორობას. საინფორმაციო და ციფრული ნაკადების „ჯუნგლები“ კი იმ შიშებისა და ხიფათის წყაროა, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს ბრაზილიურ სელვაში ღამით.

დღევანდელი წერილში შევეცდებით, ვისაუბროთ ჰიმალაების მთაგრეხილში მდებარე სამეფო ბუტანზე (სხვაგვარად ამ სამეფოს ბუტანი და დრუკ-იული ეწოდება), რომელსაც ზოგი „დედამიწის ყველაზე ბედნიერ“ ადგილად მიიჩნევს, ზოგისთვის კი პლანეტაზე არსებული აბსურდი და გაუგებრობაა!

და მაინც, როგორია ცხოვრება ბუტანში? რატომ არის ბუტანის მაგალითი ასე „მიჩქმალული“, თუ იქ ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ? რატომ არ საუბრობენ ამ ჰიმალაურ სახელმწიფოზე საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებზე?

მოკლე ცნობა ბუტანის სამეფოს შესახებ. საერთაშორისო სახელები: ბჰუტანი/Bhutan (ბჰოტ-ანტ – „ტიბეტის კიდე“); აუტონიმი: დრუკ-იული („მგრგვინავი დრაკონის ქვეყანა).

ბუტანი (მთლიანი ფართობი: 47,000 კვ. კმ), აღმოსავლეთ ჰიმალაებში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი ქვეყანა გახლავთ. ბუტანის ოფიციალური ენები: ძონგჰა (სინო-ტიბეტური ენა, ტიბეტური დამწერლობით); ბუტანის სამეფო მოქცეულია ორ გიგანტს, ჩინეთსა და ინდოეთს შორის და სხვა ქვეყნებთან მას საზღვარი არ აქვს. ბუტანთან ახლოს მდებარეობენ ნეპალი და ბანგლადეში, თუმცა ისინი ბუტანს უშუალოდ არ ესაზღვრებიან. ბუტანში მრავალფეროვანი ბუნებაა და მისი ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 160-დან 7 500 მეტრამდე იცვლება. ქვეყნის უმაღლესი წერტილია მთა განგჰარ-პუენსუმი/Gangkhar Puensum (7 538 მ), რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს. ბუტანში ცხრამეტი მწვერვალის სიმაღლე აჭარბებს 7 000 მეტრს და მათი უმეტესობა ჰიმალაების მაღალმთიან ნაწილში, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთთან მოსაზღვრე რაიონებში მდებარეობს. აქ მთელი წლის განმავლობაში მაღალი მთის არქტიკული ჰავა არის გაბატონებული და ბუტანის ჰიმალაები მყინვარებისა და მარადი თოვლის სამყაროა. ბუტანის სამხრეთში, ქვეყნის ტერიტორია მდინარე ბრაჰმაპუტრას ხეობას ესაზღვრება და ინდოეთის შტატის, ასამის ტერიტორიის მახლობლად გადის. აქ თბილი, ტენიანი სუბტროპიკული ჰავაა და ტემპერატურა არასდროს ჩამოდის ნულოვან ნიშნულზე ქვევით, ქვეყნის ცენტრალური ნაწილში ზომიერი ჰავაა, ზამთრის ყინვებით, ხოლო ჩრდილოეთი მთიანეთი ცივი, პოლარული ტიპის ამინდით გამოირჩევა.

ბუტანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჰიმლაებისათვის, რადგან მასზე გადის რამდენიმე მთავარი გზა, რომელიც სამხრეთ-ჩრდილოეთსა (ინდოეთი-ტიბები-ჩინეთის მიმართულება) და აღმოსავლეთ-დასავლეთ ჰიმალაებს აკავშირებს ერთმანეთთან. ბუტანში კონსტიტუციური მონარქიაა და ქვეყნის უზენაესი ხელისუფალი მეფეა. აღმასრულებელი ხელისუფლება მინისტრთა კაბინეტსა და პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ბუტანის მოსახლეობა დაახლოებით 750 000 ადამიანს ითვლის და ქვეყანა ბუდისტურ სამეფოს წარმოადგენს. ქალაქებში მოსახლეობის დაახლოებით 30% ცხოვრობს, სოფელში კი – 70%.

შენიშვნა: ბუტანის სამეფოს1949 და 2007 წლებში ინდოეთთან დადებული აქვს მეგობრობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბუტანის ეროვნული არმიის სწავლება-შეიარაღებაში მონაწილეობენ ინდოეთის შეიარაღებული ძალები. ინდოეთი ბუტანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და პოლიტიკური პარტნიორია და საჭიროების შემთხვევაში, დაიცავს ბუტანის ტერიტორიას, თუმცა ქვეყანა არ წარმოადგენს ინდოეთის პროტექტორატს.

ბუტანის დედაქალაქია თჰიმფჰუ (ცხოვრობს 115, 000 ადამიანი, მდებარეობს 2,400 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან). ბუტანის მოსახლეობა შედგება რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისგან: ბჰოტია/ნგალოპები (ტიბეტური ხალხი) – მთელი მოსახლეობის 54%-ია (განსახლებულნი დასავლეთსა და ჩრდილოეთში) და დრუკპა (სინო-ტებეტური ხალხი) – დაახლოებით 3 500 მ-ის სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში მცხოვრები იაკების მესაქონლეები. მოსახლეობის თითქმის 85% ვაჯრაიანას მიმართულების ბუდისტია, 11% – ინდუისტი (ძირითადად ნეპალური წარმოშობის მოქალაქეები), 3.2% – ადგილობრივი რელიგიის, ბონის მიმდევრები (ანიმისტური რელიგია, შამანიზმის ელემენტებით); ქვეყანაში ცხოვრობენ უმნიშვნელო რაოდენობის ქრისტიანები და მაჰმადიანები. ბუტანის ოფიციალური ენა გახლავთ სინო-ტიბეტური ენა ძონგკჰა, საკუთარი დამწერლობით. ასევე ფართოდ არის გავრცელებული ჩანგლა, ლეპჩა (ტიბეტური ენები) ინდოევრუპული ოჯახის ენა, ნეპალური (სამხრეთსა და სახრეთ-დასავლეთში). ასევე აღსანიშნავია კლასიკური ტიბეტური ძველი ენა ჩოკე (Chöke), რომელსაც ბუტანის ბუდისტურ მონასტრებში სწავლების ძირითადი ენა გახლავთ.

…და მაინც, რით გამოირჩევა ბუტანი? რატომ არის ბუტანი ცნობილი (აზიაში განსაკუთრებით) როგორც „ბედნიერი ქვეყანა“? რა განაპირობებს ბუტანის განსხვავებულ სტატუსს? როგორ მოახერხა ბუტანმა ინდოეთისა და ჩინეთისგან საკუთარი ტერიტორიის დაცვა და შენარჩუნება? შეიძლება ყველა ამ კითხვაზე ვერ გავცეთ პასუხი, მაგრამ შევეცდებით გაგაცნოთ ბუტანი, დაახლოებით დღევანდელი საქართველოს ზომის ქვეყანა შორეულ ჰიმალაებში, მდებარე ტიბეტის ზეგანსა და ჰინდუსტანის ნახევარკუნძულს შორის.

 

  1. 1. განსაკუთრებული, მსოფლიო კლასის არქიტექტურა

ჰუტანში, ნებისმიერ დასახლებაში, ყოველ კუთხეში დაინახავთ ნატიფ, ლამაზ არქიტექტურას – საცხოვრებელი სახლები, მონასტრები და უძველესი ციხე-სიმაგრეები, ყველა ტრადიციულ, ტიბეტურ სტილშია შესრულებული. ტრადიციული არქიტექტურა იმდენად დახვეწილია, რომ შენობები მკაცრად ინარჩუნებს ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს. მრავალფეროვანი ხის მასალა, მცირე ზომის (მკაცრი კლიმატის გამო, ლ.ა.) თაღოვანი ფანჯრები და სარკმელები და დახრილი, მრავალშრიანი სახურავები ბუტანის არქიტექტურის მკაფიო განმასხვავებელი ნიშნებია. ფაქტობრივად, ქვეყნის რელიგიური და საკულტო შენობების დიდებულმა სტილმა შვა ყველა სხვა შენობის დიზაინი, მიუხედავად მათი ფუნქციური დანიშნულებისა, და სახელი გაუთქვა „ტიბეტურ დიზაინს“ მთელს მსოფლიოში.

  1. 2. ბედნიერი და კმაყოფილი ხალხი

ბუტანის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნიკალურობა, ბუტანში მცხოვრები ხალხია. შესაძლოა, სამეფოში გავრცელებული „ბედნიერების“ კონცეფცია მომდინარეობდეს იმ ერთსულოვნებისა თუ შეთანხმებისგან, რომელსაც ბუტანელები ცხოვრებისგან განიცდიან. ეს, რა თქმა უნდა, მომდინარეობს იმ ბუდისტური ღირებულებებისგან, რომლებიც უბრალოებასა და თანაგრძნობას გულისხმობენ. ბუტანელები არასდროს ერიდებიან ღიმილსა თუ სიცილს და ქვეყანაში ძალიან ფასობს იუმორის გრძნობა. ქვეყანაში მოგზაურობისას, ყველგან იგრძნობთ ბუტანელების გულღიაობასა და გახსნილობას. ბევრი მოგზაურისთვის, ბუტანი აღიქმება, როგორც „ყველაზე ბედნიერი ადგილი დედამიწაზე“. ეს შემთხვევითი არ არის, ბუტანში გავრცელებულია „დიდი ეროვნული ბედნიერების ფილოსოფია“ – ნაცვლად ეკონომიკური მონაცემებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის რიცხვების თვლისა, ქვეყნის მთავრობა მთავარ ყურადღებას მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ბედნიერებას უთმობს და მიდგომა ამ კატეგორიებისადმი ჰოლისტურია. ქვეყნის განვითარების წესები, რეგულაციები და კანონები უნდა ეთანხმებოდეს „დიდი ეროვნული ბედნიერების“ კონცეფციის ღირებულებებს.

  1. 3. ეროვნული იდენტობა და კულტურა

ბუტანის სამეფოში მოგზაურობისას, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ბუტანელების უმრავლესობას, ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობისას, ეროვნული სამოსი აცვია. მამაკაცები იცვამენ „გჰოს“, ხოლო ქალები – „კირას“. მიუხედავად იმისა, თუ საით მიემართებიან, ბაზარში, ტაძარში, სახალხო შეკრებაზე თუ სასკოლო კრებაზე, ფორმალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებებზე, ბუტანელების უმეტესობა ეროვნულ ტანსაცმელს ამჯობინებს. ეროვნული სამოსის ტარება აუცილებელი და მიღებულია ფორმალურ ღონისძიებებზე, თუმცა ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობისთვის, „გჰოს“ და „კირას“ ტარება, როგორც ჩანს, უფრო მოხერხებულია და ყველგან იცვამენ. ეროვნული, მრავალფეროვანი და მრავალფერიანი ბუტანური სამოსლის ყურება (ბუდიზმისთვის ტრადიციულ ყვითელ-ნარინჯისფერ-წითელ ფერებში) მართლაც სასიამოვნოა და ბუტანელებს ნამდვილად გამოარჩევს სხვებისგან, განსაკუთრებით დღევანდელ, გლობალიზებულ და მეტწილად ფორმალიზებულ ან ხშირად, უნიფორმირებულ სამყაროში.

  1. 4. ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც ნახშირბადის ემისიის უარყოფითი ბალანსი აქვს!

ბუტანი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ნახშირბადოვანი ემისიებით ნეგატიურია – ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უფრო მეტ ნახშირბადს ითვისებს ჰაერიდან (ნახშირბადის სეკვესტრაცია), ვიდრე გაისვრის/გამოყოფს ატმოსფეროში ემისიის სახით! ხაზგასასმელია, რომ ბუტანის კონსტიტუცია ქვეყნის მთავრობას ავალდებულებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის სულ მცირე 60% სავალდებულოა, რომ ტყით იყოს დაფარული! დღევანდელი მონაცემებით, ტყეებს ბუტანის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 70% უკავია. შესაბამისად, ჰიმალაური სამეფო მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყანას წარმოადგენს და მისი მცენარეული საფარველი უფრო მეტ გაზებს შთანთქავს, ვიდრე მისი წარმოება და ენერგოსისტემა გაისვრის ატმოსფეროში. ბუტანი ამ კუთხით მსოფლიოს სამოდელო ქვეყანას წარმოადგენს მსოფლიოს კონსერვაციონისტებისა და გარემოსდაცვითი აქტივისტებისათვის.

  1. 5. ქვეყანა, სადაც არა არის შუქნიშნები

ბუტანში ვერ შეხვდებით შუქნიშნებს. ქ. თჰიმფჰუ (დედაქალაქი) ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მოძრაობა შუქნიშნების გარეშე წესრიგდება. ამას ადგილობრივი საგზაო პოლიცია აგვარებს – საავტომობილო მოძრაობის მოსაწესრიგებლად, ქალაქებში, ქუჩების გადაკვეთებზე, შემაღლებულზე მდგარ პოლიციელს დაინახავთ, რომელიც თვითონ აგვარებს ნაკადების მოძრაობას. აქ პრაქტიკულად შეუძლებელია „საცობში“ დგომა – ბუტანში საგზაო საცობები არ არის.

  1. 6. ჰიმალაის მთაგრეხილის ქვეყანა

მსოფლიოს ბევრი მშვენიერი მწვერვალი ბუტანში მდებარეობს. ქვეყანაში ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა – სამთო სამოგზაურო ტურიზმი. ბუტანის ყველაზე პოპულარული მთის მარშრუტებია ჯომოლჰარის, დაგალას ათასი ტბის, დრუკპატის და ლაია-გასას მარშრუტები. მათ გარდა, ბუტანში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რთულად გასავლელი მარშრუტი „თოვლის კაცის გზა“. აღსანიშნავია, რომ ბუტანის უმაღლესი მთა, განგკარ-პუნსუმი (7 570 მ), გარდა იმისა, რომ ქვეყნის უმაღლესი წერტილია, ამავე დროს მსოფლიოს უმაღლესი მთაა, რომელზეც ადამიანი არასდროს ასულა – 1994 წელს ქვეყნის მთავრობამ, ადგილობრივი რწმენის პატივსაცემად აკრძალა 6 000 მ-ზე მაღალ მწვერვალებზე ასვლა, ხოლო 2003 წელს ქვეყანაში სრულად აიკრძალა მთებზე ალპინისტური ასვლები. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ახალი, ტრანს-ბუტანური პროექტი, რომელიც აღადგენს ძველ, წინაპრების მიერ გაყვანილ ტრადიციულ გზას, რომელიც ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.

  1. 7. უსაფრთხო ქვეყანა დანაშაულით დაბალი მაჩვენებლით

დანაშაულის მაჩვენებლები ბუტანში მსოფლიოს უმრავლესობასთან შედარებით დაბალია. ზოგადად, ქვეყანაში დანაშაული იშვიათად ხდება. ასევე იშვიათია ძალადობრივი დანაშაული. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ყველა ტურისტული მარშრუტი კვალიფიციური გიდის თანხლებით მიმდინარეობს, ყველა ტურისტს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს ქვეყანაში უსაფრთხო მოგზაურობა. ბუტანელები, როგორც ამას ყველა აღიარებს და ადასტურებს, განსაკუთრებით მეგობრული და თბილი ხალხია. ისინი განსაკუთრებულად სტუმართმოყვარენი არიან.

 

  1. 8. ახალგაზრდა დემოკრატია ჰიმალაებში

ბუტანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა. ქვეყანა მხოლოდ 2008 წელს გადავიდა აბსოლუტური მონარქიიდან საპარლამენტო მართვაზე (დღეს ქვეყანაში საპარლამენტო მონარქიაა). ქვეყნის მეოთხე მეფე, ჯიგმე სინგიე ვანგჩუკი, აცნობიერებდა სამეფოს დემოკრატიულად მართვის საჭიროებას და მისი შთამომავალი, მეხუთე მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი ის მონარქია, რომელმაც შეძლო ბუტანის მშვიდობიანი გადაყვანა საპარლამენტო მონარქიის გზაზე. მეფე ჯიგმე, დედოფალ იეტსუნ პემასთან ერთად, ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს ქვეყნებში მსოფლიოსთვის ბუტანის უკეთ გასაცნობად.

 

  1. 9. სამთავრობო პოლიტიკა ტურიზმისთვის

ბუტანში ტურიზმისთვის მკაცრად განსაზღვრული წესები მოქმედებს და მათი სიმკაცრე ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ბუტანის ტურისტული პოლიტიკის მთავარი მიდგომა ასე ჟღერს: „მაღალი ღირებულება, მცირე მოცულობა“ – ეს ნიშნავს, რომ ტურიზმის პოლიტიკა ცდილობს, შეზღუდოს, ე.წ. „მასს-ტურიზმი“, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მცირე ზომისა და ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყანას. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ამ ქვეყნის მონახულების მსურველ ყველა ტურისტს მოეთხოვება, წინასწარ დაჯავშნოს მოგზაურობა, ლიცენზირებული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით და გადაიხადოს ფიქსირებული დღიური ტარიფი. ასეთი ტიპის, პრივატული ტურები, უცხოეთიდან ჩამოსულ მოგზაურებს საშუალებას აძლევს, სრულად ნახონ ბუტანის ხელუხლებელი ბუნება და ბუნებრივი ლანდშაფტები.

 

  1. 10. „ვეფხვის ბუდე“ – ტაკწანგ-ძონგი, ბუდისტების წმინდა ადგილი პაროს ხეობაში

ბუტანის ტაკწანგის მონასტერი, რომელიც ცნობილია როგორც „ვეფხვის ბუდე“, ალბათ ბუტანისა და ბუტანელების სახეს წარმოადგენს, ისევე როგორც, ეიფელის კოშკია პარიზის სახე, და თავისუფლების ქანდაკება – ნიუ-იორკის. ეს ალბათ ისეთი ადგილია, რომელიც ფენტეზის მოთხრობაში გაგრძნობინებთ თავს. 3119 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ბუდისტური მონასტერი, რომელზე ასვლას სულ მცირე 3-5 საათი სჭირდება (ამსვლელის ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე), ამაყად გადაჰყურებს პაროს ველს და შავი მთების ენდემური ტყეებით დაფარულ ფერდობებს. მონასტერზე ასვლისას, აუცილებლად დაინახავთ ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილ ადგილობრივებს, რომლებიც ჩვეულებრივ, წელიწადში რამდენიმეჯერ ასრულებენ ბუდისტი მლოცველების (პილიგრიმების) გზას წმინდა მონასტრისკენ.

  1. 11. ბოლო ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტელევიზია და ინტერნეტი შევიდა

ბუტანი ბოლო ქვეყანა იყო დედამიწაზე, სადაც ინტერნეტი და ტელევიზია შევიდა – ეს 1999 წელს მოხდა და მეფემ დართო მთავრობას ნება, ახალი ტექნოლოგიები შესულიყო ქვეყანაში. დღეს ბუტანელების 87% თავისუფლად სარგებლობს მობილური ტელეფონებითა და ინტერნეტით. ქვეყნის მმართველები, მიუხედავად მათი სათუთი დამოკიდებულებისა ქვეყნისადმი, აცნობიერებენ, რომ მსოფლიო ტენდენციების წინააღმდეგ წასვლას ქვეყნისთვის მეტი ზიანი მოტანა შეუძლია. ტელევიზიამ ხელი შეუწყო ნოვატორული, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ახალი იდეების გავრცელებას მანამდე ტელევიზიის გარეშე მცხოვრებ ქვეყანაში.

 

  1. 12. განსაკუთრებული ბუტანური სამზარეულო, წიწაკა და ადგილობრივი სურნელი

ბუტანში უყვართ ყველაფერი, რაც ცხარეა! ჩილი-წიწაკა, ბუტანური კერძების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. მეტიც, როგორც ჩანს, ბუტანელები წიწაკას განიხილავენ, როგორც უბრალო ბოსტნეულს და არა როგორც ცხარე სანელებელს! ყველაზე ცნობილი ეროვნული კერძია ემა დატში. ამ კერძს „წიწაკიანი ყველის შეჭამანდსაც“ ეძახიან. მისი მთავარი ინგრედიენტებია, წიწაკა, იაკის ან თხის ყველი, კარაქი და პომიდვრის პატაწა ნაჭერი. ცხელ ემას დიტშის, თეთრ ან წითელ ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. ბუტანური სამზარეულოს საიდუმლო ალბათ მის სიმარტივეშია – აქ საჭმელში იყენებენ იმას, რაც მათ მიწაზე მოდის. ადგილობრივების საყვარელი სასმელია კარაქიანი ჩაი, სუჯა, რომელიც მწვანე ჩაისა და იაკის რძის კარაქის შერევით მზადდება. ეს ტიბეტელებისთვის ჩვეულებრივი სასმელია და ადგილისა და კლიმატის გათვალისწინებით, საჭირო ენერგეტიკული სასმელიცაა.

  1. 13. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო აეროპორტი

ბუტანის სამეფოში ჩაფრენა არ გეგონოთ ადვილი საქმე! პაროს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქ. თჰიმფჰუდან 55 კმ-ის მანძილზე, 2 235 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ აეროპორტად ითვლება და მხოლოდ დღის საათებში მუშაობს. აეროპორტის გარშემო მდებარე მაღალი მთები და მაღალი მთის ცვალებადი ამინდი მფრინავებისთვის სულაც არ არის სახარბიელო. შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, პაროს აეროპორტში დაჯდომისა და ფრენის ლიცენზია დღეს სულ რამდენიმე პილოტსა და ორ საავიაციო კომპანიას აქვს, რომლებიც ემსახურებიან ფრენებს დელის, კალკუტის, კატმანდუს, დაკკასა და რამდენიმე სხვა მიმართულებით.

ბოლოს, ალბათ აუცილებელია იმის თქმაც, რომ არსებობს მკვეთრად კრიტიკული მოსაზრებები და მსჯელობები ბუტანის ეკონომიკაზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, მედია და გენდერულ პოლიტიკაზე. ბევრს მსჯელობენ ბუტანში მმართველობის არაორდინარულ, ან უფრო რბილად, „მზარდი დემოკრატიისათვის“ არარეგულარულ სტილზეც, თუმცა ეს დღევანდელი სტატიის თემა არ არის და ბუტანის სამეფოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების კრიტიკულ ანალიზს სხვა დროს შემოგთავაზებთ.

 

სტატია მოამზადა ლევან  ალფაიძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“