თამაშით სწავლება მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიაა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის და არაერთი ფსიქოლოგი უწევს რეკომენდაციას ამ მეთოდს. თამაშით სწავლება დადებით გავლენას ახდენს მოზარდებზე, უადვილდებათ საკითხის შესწავლა და დამახსოვრება.
წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ მეხუთე კლასში ჩემ მიერ გამოყენებულ აქტივობებს – საკითხის თამაშის დახმარებით შესწავლაზე. ვიმედოვნებ ,ბევრი თქვენგანი გამოიყენებს პრაქტიკაში.
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
თემა: წილადები
საკითხი : ტოლი წილადები
თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით; მოსწავლემ უნდა შეძლოს – შეადაროს ორი წილადი, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;
მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება. ვიხსენებთ წილადის ძირითად თვისებას, მოსწავლეები იმეორებენ, რომ ტოლი წილადის მიღება შეიძლება როგორც წილადების მრიცხველისა და მნიშვნელის ნატურალურ რიცხვზე გამრავლებით, ისე გაყოფით. ვურიგებ ინდივიდუალურ ბარათებს, რომელზეც გამოსახულია წილადი და მოსწავლემ უნდა მიუწეროს მისი ტოლი წილადი. ამის შემდეგ 2-3 მოსავლის ბარათს ვარჩევთ და ვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის.
აქტივობა 2. ვაცნობ მოსწავლეებს თამაშის წესებს:
თქვენ უნდა დააწყვილოთ ბარათები ტოლი წილადებით ( ბარათებზე ამობეჭდილია წინასწარ შერჩეული სხვადასხვა ფერად-ფერადი წილადი)
აქტივობა 3. თამაშის დაწყება
წინასწარ, სკოლის ეზოში, შენობის კედლებზე არეულად მაქვს გაკრული 100 მდე(ან მეტი) წყვილი ტოლი წილადების აღმნიშვნელი ბარათები. მოსწავლეებმა უნდა დააწყვილონ ტოლი წილადების მქონე ბარათები.
ისინი მირბიან კედელთან, ხსნიან ბარათს და მერე ეძებენ მის ტოლ წილადს. როცა იპოვიან წილადის მეწყვილეს, ბარათი მიაქვთ მასწავლებელთან.
გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ბევრ წყვილს დააგროვებს.
მასწავლებელი ინიშნავს მოტანილი წყვილი ბარათების სისწორეს და მოსწავლის გვარს.
ჩემ მიერ V კლასში ჩატარებულმა ამ გაკვეთილმა ისეთი მოსწავლეებიც გააქტიურა, რომლებიც სტანდარტულ გაკვეთილზე არ გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით. ასეთი აქტიურობისთვის მათ სიგელები დაიმსახურეს.
გაკვეთილის ბოლოს ყველა მოსწავლეს გადაეცა სიგელი.
ძალიან სახალისოდ და ნაყოფიერად წარიმართა ეს გაკვეთილი.
მიზნის მიღწევა ასეთი სახალისო აქტივობით უფრო მარტივადაა შესაძლებელი.
თამაშით სწავლება ხელს უწყობს:
- შემოქმედებით უნარის განვითარებას
- გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას
- ლოგიკური კავშირის დამყარებას
- უკეთ დამახსოვრებას
- ყურადღების განვითარებას
გამოყენებული ლიტერატურა
- ეროვნული სასწავლო გეგმა
https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;
- მათემატიკის გზამკვლევი დაწყებითი საფეხურის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების
დეპარტამენტი.